საქართველოს მოქალაქე ვალერიან გელბახიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/6/557 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 20 დეკემბერი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. მაია კოპალეიშვილი – წევრი;
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვალერიან გელბახიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველ წინადადებასთან, მე-14 მუხლთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისობა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპის კონვენციის მე-6 და მე-14 მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №557) მიმართა საქართველოს მოქალაქე ვალერიან გელბახიანმა. №557 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2013 წლის 21 ივნისს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2013 წლის 28 ნოემბერს.
3. №557 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10, მე-12, მე-15 და მე-16 მუხლები.
4. მოსარჩელე ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681 და 1682 მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმა განეკუთვნება გარდამავალ დებულებებს, აწესრიგებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დროში მოქმედების საკითხს და ადგენს, რომ ახალი კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე ვრცელდება 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2007 წლის 24 იანვრიდან მოსარჩელე ვალერიან გელბახიანის მიმართ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით.
6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. მოსარჩელის მითითებით, კანონმდებელმა მოახდინა პირთა დიფერენცირება. კერძოდ, პირებს, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე, არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ახალი კანონით დადგენილი შეღავათებით, განსხვავებით იმ პირებისგან, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედების შემდეგ.
7. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველ წინადადებასთან, 42-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებითაც.
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი ვრცელდება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე და ორგანულად მოიცავს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპის კონვენციით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
9. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცავს ნორმებს, რომელიც ზღუდავს პირის ბრალდებულად ყოფნის ვადას. სადავო ნორმის გათვალისწინებით კი, მის მიმართ არ ვრცელდება სამართალწარმოების გაუმჯობესებული წესები, პროცედურები არ არის დროული და, შესაბამისად, ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტითა და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპის კონვენციის მე-6 მუხლით.
10. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ იურისდიქცია მოქმედი კანონმდებლობის გამოყენებასა და მისი მოქმედების არეალს გულისხმობს. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გავრცელების პირობებში მასზე გავრცელდებოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა და ბრალდების ვადა შეზღუდული იქნებოდა 9 თვით. სადავო ნორმა კი გამორიცხავს მოსარჩელისთვის ასეთ შესაძლებლობას, რის გამოც, მისი აზრით, ირღვევა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.
11. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმადაც, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აუმჯობესებს ბრალდებულის მდგომარეობას და იწვევს პასუხისმგებლობის შემსუბუქებას. მისი განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნაა, რომ ყველა კანონს, რომელიც ამსუბუქებს პირის პასუხისმგებლობას, უნდა ჰქონდეს უკუძალა და, შესაბამისად, სადავო ნორმა, რომელიც კრძალავს ასეთი კანონის უკუძალით გამოყენების შესაძლებლობას, არაკონსტიტუციურია.
12. მოსარჩელე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმის - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საერთო სასამართლოში მიმდინარეობს მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვა და თუ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე მის მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვეღარ შესძლებს დარღვეული კონსტიტუციური უფლების აღდგენას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო „პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით“, ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. მაშასადამე, აღნიშნული ნორმების თანახმად, პირი უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველ წინადადებასთან მიმართებით, რომლის თანახმად: „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს“.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი არ არის მოთავსებული კონსტიტუციის მე-2 თავში, ამასთან, ის არ არის რომელიმე უფლების შინაარსის მარეგლამენტირებელი ნორმა. „ეს ჩანაწერი ძირითად უფლებებს ანიჭებს ხელისუფლების მბოჭავ ძალას, იცავს ადამიანს სახელისუფლებო თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“). ზოგადად, კონსტიტუციის მე-7 მუხლი წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს გარანტიას, რაზეც არაერთხელ მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლომ. „ეს არის ერთ-ერთი ფუძემდებლური ნორმა-პრინციპი, რომელიც იძლევა ადამიანის უფლებების მასშტაბისა და მნიშვნელობის შეგრძნების შესაძლებლობას, განაპირობებს მთლიანად კონსტიტუციის და, განსაკუთრებით, კონსტიტუციური უფლებების განმარტებისა და გამოყენების ფარგლებს“. მე-7 მუხლი ყურადღებას ამახვილებს „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დანიშნულებაზე, არსზე.“ ამასთან, ეს ნორმა ადგენს სახელმწიფოს ორ ვალდებულებას: „1) ცნოს და 2) დაიცვას ადამიანის უფლებები... სახელმწიფოს მიერ მათი ცნობა, პრიველ რიგში, გულისხმობს, მათი, როგორც ყოველი ადამიანის თანამდევი სიკეთის აღიარების ვალდებულებას. დაცვა კი გულისხმობს ამ უფლებებით სრულყოფილად სარგებლობით უზრუნველმყოფელი ყველა საჭირო ბერკეტის გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N1/466 გადაწყვეტილება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
4. იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის განსაკუთრებული მნიშვნელობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისას ვერ იმსჯელებს სადავო ნორმის შესაბამისობაზე კონსტიტუციის პრინციპებთან, მათ შორის მე-7 მუხლთან მიმართებით, რადგან „მე-7 მუხლი არ ითვალისწინებს კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმების მასშტაბებს, რამდენადაც ადგენს ხელისუფლების ბოჭვას და არა ძირითადი უფლების შინაარსს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“). კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების გამოყენების რესურსი კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში გამოიხატება საკონსტიტუციო სასამართლოს ვალდებულებით „როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა გააანალიზოს და შეაფასოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები, განმარტების შედეგად, არ დასცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მხოლოდ ასე მიიღწევა კონსტიტუციის ნორმის სრული განმარტება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს... სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის უდავოდ დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, უშუალოდ ამ ნორმასთან მიმართებით მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რაც, ბუნებრივია, არ გამორიცხავს კონსტიტუციის ამ ფუნდამენტური პრინციპის გამოყენების შესაძლებლობას წინამდებარე დავის გადაწყვეტისას.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N557 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველ წინადადებასთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6.„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს განსახილველად, თუ მასში მითითებული საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
7. მოსარჩელე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისობას “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპის კონვენციის მე-6 და მე-14 მუხლებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, „საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა მაქსიმალური რესპექტირებით, მდიდარი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის N2/6/465 საოქმო ჩანაწერი „საქართველოს მოქალაქე პაატა დობორჯგინიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), თუმცა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისობა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებით (გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 412 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა). შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. მოსარჩელე ასევე ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ, მეორე და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. ამასთან, მოსარჩელის არგუმენტაცია შეეხება 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც კრძალავს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების უკუძალით გამოყენების შესაძლებლობას, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ამსუბუქებს პასუხისმგებლობას. კერძოდ კი, მოსარჩელე ამ თვალსაზრისით მიუთითებს წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულად ყოფნის მაქსიმალური 9-თვიანი ვადის და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის უკუძალით გამოყენების შეუძლებლობაზე.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ N557 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
10. მოსარჩელე ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედების შეჩერებას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, „თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ–ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, მას შეუძლია შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა, ისევე, როგორც, რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს არ წარუდგინა სარწმუნო არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს. შესაბამისად, მოსარჩელის ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N557 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ვალერიან გელბახიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ, მეორე და მე-5 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც კრძალავს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულად ყოფნის მაქსიმალური 9-თვიანი ვადის და ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვის უკუძალით გამოყენების შესაძლებლობას.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N557 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ვალერიან გელბახიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველ წინადადებასთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისობას “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპის კონვენციის მე-6 და მე-14 მუხლებთან მიმართებით.
3.არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5.საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7.საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი