საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/576 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 12 ივნისი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №576) მიმართა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე სილაგაძემ. №576 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 17 თებერვალს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 12 ივნისს.
3. №576 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. მოსარჩელე ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681 და 1682 მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.
5. სადავო ნორმა მოქცეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გარდამავალ დებულებებში, აწესრიგებს მისი დროში მოქმედების საკითხს და ადგენს, რომ ახალი კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე ვრცელდება 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2004 წლის 2 დეკემბრიდან ალექსანდრე სილაგაძის მიმართ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 192-ე, 218-ე, 220-ე და 332-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ბრალდებით.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამის საპირისპიროდ კი სადავო ნორმა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ბრალდებულ პირებს. კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით, უთანასწორო მოპყრობას განაპირობებს ის გარემოება, რომ პირებს, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე, არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ახალი კანონით დადგენილი შეღავათებით, განსხვავებით იმ პირებისგან, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედების შემდეგ.
8. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პირის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის პერიოდი განისაზღვრებოდა 12 თვის ვადით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 12-თვიან ვადაში არ ითვლებოდა ის დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებული ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღნიშნული საკითხი განსხვავებულად წესრიგდება. კერძოდ, 169-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს არა უმეტეს 9 თვისა, ამასთან, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალდებულის ძებნის შემთხვევაში არ ითვალისწინებს აღნიშნული ვადის დენის შეჩერების შესაძლებლობას.
9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან შედარებით, 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ბრალდებულის პროცესუალური მდგომარეობის გაუმჯობესება გამოიხატა ასევე იმაში, რომ გათვალისწინებულია ბრალდებულის მიმართ მისი დასწრების გარეშე განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა და ბრალდებულს საშუალება ეძლევა, მის მოძებნამდე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით დაიცვას თავი. 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად კი, ანალოგიურ შემთხვევაში არ არსებობდა ამგვარი შესაძლებლობა, ვინაიდან პირის მიმალვისას სისხლისსამართლებრივი დევნა ჩერდებოდა.
10. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმადაც, „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით დაცულია კანონიერების ძირითადი პრინციპი და დადგენილია აბსოლუტური უფლება, რომლის შეზღუდვის საფუძვლები არ არსებობს.
11. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამსუბუქებს პირის პასუხისმგებლობას და, შესაბამისად, აუმჯობესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას სისხლის სამართლის პროცედურულ ნაწილში. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი ზღუდავს ამ შეღავათების იმ პირებზე გავრცელების შესაძლებლობას, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2010 წლის 1 ოქტომბრამდე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა აუარესებს მის მდგომარეობას, რითაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან.
12. მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილი, რომელიც, მისი აზრით, ადასტურებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მის მიმართ იყენებს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსს და არ ავრცელებს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ შეღავათებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც კრძალავს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების გამოყენების შესაძლებლობას, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, აუმჯობესებს მის მდგომარეობას. კერძოდ, მოსარჩელე ამ თვალსაზრისით მიუთითებს წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულად ყოფნის მაქსიმალური 9-თვიანი ვადის გამოყენებისა და ამ ვადაში ძებნილად ყოფნის პერიოდის ჩათვლის შეუძლებლობაზე (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-8 ნაწილი).
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ N576 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N576 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც კრძალავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულად ყოფნის მაქსიმალური 9-თვიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე.
2. გაერთიანდეს N557, N571 და N576 კონსტიტუციური სარჩელები, მათი ერთობლივად განხილვის მიზნით, ერთ საქმედ „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი