მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/4/1464 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 17 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ივნისი 2022 15:09 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - თამარ სადრაძე, ნინო თედეშვილი და გიორგი ლაცაბიძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - რუსუდან მუმლაური და ლევან ღავთაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1464) მომართა მიხეილ ხაინდრავამ. №1464 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 6 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/3/1464 საოქმო ჩანაწერით №1464 კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნა არსებითად განსახილველად.კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 11 მარტს.
2. №1464 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ან თუ განიხილება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის საკითხი, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრდება“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საქმის არსებითი განხილვის დროს მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გასაჩივრების აკრძალვით, სადავო ნორმა გამორიცხავს მის შესაძლებლობას, იდავოს სასამართლოს მიერ დაკავების შესახებ განჩინებით დადგენილი ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებების კანონიერების შესახებ. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმით დაწესებულ შეზღუდვას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი.
6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაკავების შესახებ განჩინება ასევე გავლენას ახდენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე, ვინაიდან აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებების არსებობას, რაც საფუძვლად დაედო დაკავების განჩინებას. ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე კი დაცვის მხარეს არ აქვს შესაძლებლობა, დაკავების საფუძვლების კანონიერება დააყენოს ეჭვქვეშ.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად №1464 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
8. საქმის არსებითი განხილვის დროს მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა კონსტიტუციურ სარჩელს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სადავო ნორმა არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის დადგენის მიზნით, აუცილებელია სადავო ნორმის შინაარსის იდენტიფიცირება. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება არ გამორიცხავს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობას. შესაბამისად, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა.
9. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ინსტიტუტები არ უნდა იქნეს განხილული ერთმანეთისგან იზოლირებულად. კერძოდ, დაკავება და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ინსტიტუტებია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა. პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად. დაკავებაც და პირის ბრალდებულად ცნობაც, თავის მხრივ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველია. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვის სასამართლო პროცესზე (პირველი წარდგენის სხდომა) მოსამართლე, მათ შორის, ვალდებულია შეაფასოს არსებობდა თუ არა დასაბუთებული ვარაუდი პირის დაკავებისთვის. შესაბამისად, პირის მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიების კანონიერების შეფასება ისედაც ხორციელდება სასამართლოს მიერ. ამავდროულად, პირი თავისუფლების უკანონო შეზღუდვის შემთხვევაში სარგებლობს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული კომპენსაციის უფლებით. ასეთი უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილშია გათვალისწინებული.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და ამ უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის.
2. მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროზე მსჯელობას, აგრეთვე, წარმოადგენს თუ არა პირის დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრება სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელ უფლებრივ კომპონენტს, თუ პირიქით, ამგვარი განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა არის სახელმწიფოს ხელში არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომლის საშუალებით, სწორედ ბრალდებულის უფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს პროცესის მიმდინარეობის სამართლიანობას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული სფერო
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის, სასამართლოს პროცესის სრულყოფილად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურებით წარმართვის ან/და ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისთვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
5. საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59). შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა.
6. მაშასადამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დგას იმის შეფასების წინაშე, უზრუნველყო თუ არა სახელმწიფომ მისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება სამართლიანი სასამართლოს იმ უფლებრივი კომპონენტის შინაარსობრივი რეგულირების გზით, რომელსაც სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების პროცედურული უზრუნველყოფა წარმოადგენს.
სადავო ნორმით დადგენილი შინაარსის იდენტიფიცირება
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, „ეს განჩინება არ საჩივრდება“. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გასაჩივრების აკრძალვით სადავო ნორმა გამორიცხავს მის [მოსარჩელის] შესაძლებლობას, იდავოს სასამართლოს მიერ დაკავების შესახებ განჩინებით დადგენილი ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებების კანონიერების შესახებ. მოსარჩელე მხარის აზრით, მაშინ, როდესაც დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას სასამართლო ერთხელ უკვე მიიღებს განჩინებას დაკავების შესახებ და დაადგენს, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ავტომატურად იზიარებს დაკავების შესახებ განჩინებით დადგენილ ფორმალურ და ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ბრალდებულს არ ეძლევა შესაძლებლობა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ დაკავების შესახებ განჩინების კანონიერება. ამავდროულად, მოსარჩელემ განმარტა, რომ, თავის მხრივ, ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე მიღებული განჩინებით მოსამართლე შეზღუდულია შეაფასოს უკვე დადგენილი გარემოებები. სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა კი ბრალდებულს ართმევს შესაძლებლობას მოახდინოს ამ გარემოებების გადამოწმება.
8. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა არ გამორიცხავს პირის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, დაკავების შესახებ განჩინება ცალკე აღებული არ საჩივრდება, მოპასუხემ განმარტა, რომ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანი სასამართლოს უფლების პროცესუალურ კომპონენტებთან შესაბამისობის განხილვისას აუცილებელია, სისხლის სამართლის პროცესი მხედველობაში მივიღოთ, როგორც ერთი მთლიანი. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ პირის დაკავება, ბრალდებულად ცნობა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუადგომლობის განხილვა და სხვა მთელი რიგი საპროცესო ღონისძიებები სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან შესაბამისობის მიზნით არ შეიძლება ერთმანეთისგან განყენებულად შეფასდეს.
9. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი შინაარსი არ ახდენს სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას, ვინაიდან პირის დაკავების შესახებ განჩინების მიღებისას დადგენილი ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები კვლავ არის გადამოწმებადი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, იმისათვის, რომ პირს ჰქონდეს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის ქმედითი მექანიზმებით სარგებლობის შესაძლებლობა, არ არის აუცილებელი, ასეთი შესაძლებლობა კანონმდებლობით პირდაპირ იყოს გათვალისწინებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მთავარია, პირს არ ჰქონდეს მისი უფლების დარღვევის განცდა და რეალურად შეეძლოს მოსამართლის წინაშე მისი უფლების დარღვევის შესახებ აპელირება. მოპასუხის განცხადებით, ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე მოსამართლე ვალდებულია, გამოიკვლიოს და შეაფასოს, რამდენად არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგენილ ინფორმაციათა ერთობლიობა მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესთან დაკავშირებით. ასეთი საფრთხის არარსებობის პირობებში კი მოსამართლე, თავის მხრივ, ვალდებულია დაკავებული პირი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
10. საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვის ქმედით მექანიზმს. მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციით, სადავო ნორმიდან გამომდინარე, გასაჩივრების უფლებამ პირისთვის უნდა უზრუნველყოს უკანონო/თვითნებური დაკავების შესაძლებლობის პრევენცია. მოპასუხეს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე მოსამართლის მიერ შესაფასებელი მოცემულობა თავისთავად მოიცავს დაკავებული პირის მიმართ დაკავებისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის განმეორებით შეფასებას, ვინაიდან პირველი წარდგენის სხდომაზე განიხილება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა, რომლის საფუძველზე მიღებული განჩინება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. ამასთანავე, მოპასუხე მხარის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინების გასაჩივრების მექანიზმი რეალურად აძლევს ბრალდებულს შესაძლებლობას ისარგებლოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდება, რომ პირი იმყოფებოდა თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის პირობებში, იგი სარგებლობს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული კომპენსაციის მოთხოვნის უფლებით, რომელიც შემდგომ რეალიზდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ან თუ განიხილება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის საკითხი, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრდება“. მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს სიტყვების „ეს განჩინება არ გასაჩივრდება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან რამდენად გამომდინარეობს პირის დაკავების შემთხვევაში, აღჭუროს იგი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უპირობო უფლებით - დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების მეშვეობით; არის თუ არა საკმარისი დღეს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში არსებული სასამართლო კონტროლის განხორციელების საშუალებები პირის დაკავების პროცესში სახელმწიფოს თვითნებობის გამოსარიცხად და, აქედან გამომდინარე, აუცილებელია თუ არა დაკავების შესახებ განჩინების სასამართლოში გასაჩივრების უფლების დადგენა სახელისუფლო თვითნებობის წინააღმდეგ უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად.
უფლების შეზღუდვა
13. არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა შესაბამისი დასაბუთება, თუ რატომ ახდენს სადავო ნორმა სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას, მაშინ როდესაც, მოსარჩელემ ასევე ვერ წარმოადგინა ხელშესახები არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კონსტიტუციური უფლება დგას დარღვევის რისკის ქვეშ. მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე აპელირებით, რომ დაკავების შესახებ განჩინება ასევე გავლენას ახდენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე, ვინაიდან აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებების არსებობას, რაც საფუძვლად დაედო დაკავების განჩინებას. მოსარჩელეს არ გაუმახვილებია ყურადღება კონსტიტუციით გათვალისწინებული თავისუფლების უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული სფეროების გამიჯვნაზე და მათი დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებზე.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის, სასამართლიანი სასასამართლოს უფლების შემადგენელი უფლებრივი კომპონენტების სახელმწიფოს მიერ პროცედურული უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულების შეფასებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს კითხვას, არის თუ არა პირის დაკავება ისეთი საგამოძიებო ღონისძიება, რომელიც საჭიროებს სასამართლოს ორმაგ კონტროლს: პირველი - პროკურორის შუამდგომლობის თაობაზე სასამართლოს განჩინების მიღებით და მეორე - სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების, ცალკე აღებული, გასაჩივრების შესაძლებლობით ზემდგომ ან იმავე ინსტანციაში. ამასთანავე, აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებისა თუ სისხლისსამართლებრივი ინსტიტუტების სისტემური ანალიზი.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა. პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად. ხოლო ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ).
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაკავება არის საგამოძიებო მოქმედება, რომელსაც დაკავებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებისათვის სავალდებულო წესით უნდა მოჰყვეს პირისათვის ბრალდების წარდგენა. პირის დაკავება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, ასევე დევნის დაწყების შემდეგ. ამასთან, დაკავება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტების უფლებამოსილებაა. თავის მხრივ, სასამართლო ვალდებულია (და არა უფლებამოსილი) გამოიტანოს განჩინება დაკავების შესახებ, როდესაც სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები.
17. საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაკავების მიზანზე. დაკავების მიზანია დაკავებული ბრალდებულის დანაშაულებრივ ქმედებასთან შემხებლობისა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვა. თუმცა დაკავების საფუძველს, როგორც წესი, წარმოადგენს მტკიცებულებათა ერთობლიობა/საქმის გარემოებები, რომლებიც ემყარება ობიექტურ გარემოებებს, რომლებიც ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს დაკავებისათვის, რათა პირი არ მიიმალოს, არ გაანადგუროს მტკიცებულებები ან არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული. პირის დაკავების ფაქტობრივი საფუძველი შეიძლება დადგენილი იყოს სხვადასხვა სახის მტკიცებულებითი ინფორმაციით. მაგალითად, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ოქმები, დოკუმენტები და სხვა. პირის დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც წესი, ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის საფრთხის შექმნის პრევენციასა და პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს პროცესუალურ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაკავებისა და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკულად იდენტურ მიზნებს ადგენს მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დაკავების მიზანი არ არის მოწმეებზე ზემოქმედების პრევენცია. სადავო ნორმის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ან თუ განიხილება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის საკითხი, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირის დაკავება შესაძლებელია სასამართლოს განჩინების გარეშე. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ბრალდებულის დაკავების ორ წესს: სასამართლოს ნებართვით და გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან მოცემული კონსტიტუციური სარჩელიდან არ გამომდინარეობს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე განხორციელებული დაკავების კანონიერების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა, სასამართლო აღარ შეჩერდება ამ ნაწილის შესახებ მსჯელობაზე.
19. ამდენად, ზემოხსენებული ნორმების ანალიზის შედეგად, დგინდება, რომ დაკავების კანონიერებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს შემდეგი გარემოებები: ა) დაკავებული პირის მიერ ჩადენილი სავარაუდო ქმედება, რაც საფუძვლად დაედო მის დაკავებას, უნდა შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას (ეხება მხოლოდ სასამართლოს ნებართვის საფუძველზე განხორციელებულ დაკავებას); ბ) დაკავების მიზანი უნდა იყოს პირის სასამართლოსთვის წარდგენა; გ) ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და არსებობს მისი მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხე, უნდა იყოს დასაბუთებული; დ) აღნიშნული საფრთხის პრევენციის ერთადერთ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს დაკავება.
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის დაკავების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სრულად არ არის გამორიცხული სასამართლო კონტროლის სფეროდან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განხორციელებული დაკავების დროს იგი გაივლის სასამართლოს მიერ განჩინების მიღებით მნიშვნელოვან სასამართლო კონტროლს. ამავდროულად, ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. შესაბამისად, მაშინ, როდესაც პირველი წარდგენის სხდომაზე მოსამართლე გამოარკვევს ბრალდებულის ვინაობას, ესმის თუ არა ბრალდებულს სისხლის სამართლის პროცესის ენა, განუმარტავს მას ბრალდების არსსა და მის უფლებებს, მათ შორის, წამებისა და არაჰუმანური მოპყრობისათვის საჩივრის (სარჩელის) შეტანის უფლებას, აცნობებს ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის სახესა და ზომას, გამოარკვევს საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას და, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, იგი ასევე განიხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას და გამოარკვევს, ხომ არ აქვს ბრალდებულს რაიმე საჩივარი ან შუამდგომლობა მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე ზემოხსენებული საკითხების დადგენისას, თუ ბრალდებული განაცხადებს მისი დაკავებიდან გამომდინარე საჩივარს ან იშუამდგომლებს მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც სასამართლო დარწმუნდება, სასამართლოს შეუძლია ასეთი დაკავება მიიჩნიოს დაუსაბუთებლად ან/და უკანონოდ, ხოლო დაკავების საფუძველი არასაკმარისად და უარი განაცხადოს დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. ამ შემთხვევაში დაკავებული ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, რა დროსაც დგება სამართლებრივი მოცემულობა - ფაქტობრივად, პირველი წარდგენის სხდომაზე პირის მიმართ მიღებული დაკავების კანონიერება ხელახლა განიხილება. ამას ადასტურებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-5 ნაწილის მეორე წინადადება, რომლის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმების შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ნათლად განსაზღვრავს მოსამართლის ვალდებულებას, უზრუნველყოს დაკავებული ბრალდებულის თავისუფლების შეზღუდვის უფლების კანონიერების შემოწმება.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მსჯელობა ფაქტობრივად მიუთითებს სასამართლოს მიერ ერთი და იმავე კუმულაციური წინაპირობების ორჯერ შეფასების შესაძლებლობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, აღნიშნული გარემოება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის თვალსაზრისით, აბალანსებს გასაჩივრებული დებულების იმ ჩანაწერს, რომლის თანახმად, დაკავების თაობაზე განჩინება არ საჩივრდება. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ხაზი გაუსვას ზემოხსენებულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არის მოქალაქის ხელში არსებული მექანიზმი, რომლის საშუალებით სახელმწიფო მას აღჭურავს შესაძლებლობით, ობიექტური მსაჯულის წინაშე იდავოს მისი სავარაუდოდ დარღვეული უფლებების დაცვის მიზნით. შესაბამისად, სახელმწიფო ამგვარი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის აღებისას, კონსტიტუციური სულისკვეთებიდან გამომდინარე, ვალდებულია, შექმნას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც სრულად იქნება ორიენტირებული მოქალაქის სამართლებრივი ინტერესების დაცვაზე, მისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევის პრევენციაზე და, ამასთან, საკმარის პროცედურულ გარანტიებს შეუქმნის მას, გადაამოწმოს მისი სავარაუდოდ დარღვეული უფლებები. მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სადავო ნორმატიული შინაარსი კი მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფო, მართალია, არ უშვებს დაკავების შესახებ განჩინების დამოუკიდებლად/ინდივიდუალურად ცალკე გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა სხვა საკანონმდებლო მექანიზმების მეშვეობით უზრუნველყოფს მოქალაქის მიერ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობას, რა დროსაც მას [მოქალაქეს] რეალური და ქმედითი საშუალებების გამოყენებით შეუძლია მის მიერ ნაგულვები დარღვევების სამართლებრივი გადამოწმება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სადავო ნორმის მოქმედებით არ ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი სასამართლო კონტროლის საჭიროების შეფასება ადამიანის ფიზიკური თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის პრევენციის მიზანთან მიმართებით
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ სამართლებრივ მექანიზმებზე, რომლებიც დაკავშირებულია პირის დაკავების შედეგების კანონიერების გადამოწმებასთან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი. სწორედ კანონმდებლის ნების გამოვლინებაა, რომ პირის დაკავებისა თუ მის მიმართ ისეთი საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენებისას, როგორიცაა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, პირს ჰქონდეს იმის რეალური და ობიექტური შესაძლებლობა, დაიცვას მის მიერ დარღვეულად მიჩნეული უფლებები და სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო თვითნებობის თავიდან არიდების მიზნით მიმართოს ობიექტურ მსაჯულს. ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემური ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება, უზრუნველყოს სისხლისსამართლებრივი დევნის სუბიექტი შესაბამისი საპროცესო გარანტიების აღჭურვით, წარმოადგენს მის პროცედურულ ვალდებულებას, კონსტიტუციასთან შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობით დაიცვას იგი უფლების შესაძლო დარღვევისგან.
23. როგორც აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ). ხოლო პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. ამასთანავე, ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალის წაყენებისათვის საკმარისი საფუძვლის არსებობისას პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. ...ბრალი წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ [ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომა].
24. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გასაჩივრების მექანიზმზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვის სხდომაზე სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს, არსებობდა თუ არა პირის დაკავების შესაბამისი საფუძვლები. ამ დროს სასამართლო ამოწმებს სწორედ იმ იდენტურ სამართლებრივ საფუძვლებს, რომლებიც გათვალისწინებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაკავებიდან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. სხვა შემთხვევაში დაკავებული პირი, რომლის მიმართ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით, სარგებლობს უფლებით გაასაჩივროს მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, რომლის მეშვეობით მას კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა გადაამოწმოს დაკავებით და დაპატიმრებით მისთვის თავისუფლების შეზღუდვის მართლზომიერება.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული მექანიზმები სრულად უზრუნველყოფს პირის უფლებას მიმართოს სასამართლოს სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახელისუფლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა, თავისთავად, არ გულისხმობს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების უგულებელყოფას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს იმგვარი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მათ შორის, ეფექტიანი სასამართლო კონტროლის მეშვეობით. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არის პირის უფლების დაცვის ისეთი ქმედითი მექანიზმი, რომელიც პირს აძლევს შესაძლებლობას, თავისი დარღვეულად მიჩნეული ან საფრთხის ქვეშ მყოფი უფლებების დასაცავად მიმართოს ისეთ დემოკრატიულ ინსტიტუციას, რომელსაც წარმოადგენს სასამართლო.
26. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების უგულებელყოფა ხდება მაშინ, როდესაც არ არსებობს მექანიზმი, პროცესუალური საშუალება, რომლის მეშვეობით პირი თავისი უფლებების შესაძლო დარღვევას ეფექტიანი სასამართლო კონტროლის გზით გამოარკვევს და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კი მოითხოვს თავისი უფლებების სრულად აღდგენას. ასევე, უგულებელყოფილი იქნება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული პროცესუალური საშუალებები თეორიულად არსებობს, თუმცა ისინი არაეფექტიანია პრაქტიკაში.
27. მოცემული დავის ფარგლებში განვითარებული მსჯელობის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დაკავება არ არის ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც, ცალკე აღებული, საჭიროებს იმაზე მეტ სასამართლოს კონტროლს, ვიდრე ეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არის უზრუნველყოფილი. საქმე ისაა, რომ დაკავება ისედაც ხორციელდება სასამართლოს კონტროლის მეშვეობით იმდენად, რამდენადაც პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სწორედ სასამართლოს გამოაქვს განჩინება პირის დაკავების შესახებ. ხოლო შემდეგ ეტაპზე, ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე კვლავ სასამართლო განიხილავს პროკურორის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ამასთან, კანონიერების იგივე სტანდარტითა და კრიტერიუმების შემოწმებით, რომლებიც სავალდებულოდ აუცილებელი იყო პირის დაკავების შესახებ განჩინების მისაღებად. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება საჩივრდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ამგვარად, დაკავების შესახებ განჩინების მიღებისას და ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, რომელიც დროში მალევე მოსდევს დაკავებას, კანონმდებლობით უზრუნველყოფილია სასამართლოს სამჯერადი ჩართულობა, რა დროსაც მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება თავისუფლების შეზღუდვისა თუ შეზღუდული თავისუფლების კანონიერების თაობაზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაკავების შემდეგ პიროვნების ფიზიკური თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის პრევენციის მიზნით, დაკავების შესახებ სასამართლოს განჩინების ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობის დაშვებით კიდევ ერთი დამატებითი სასამართლო კონტროლის მექანიზმის დადგენის რაიმე საჭიროება არ არსებობს. უფრო მეტიც, ამგვარ პირობებში, დაკავების შესახებ განჩინების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების მოთხოვნა თვითმიზნურ ხასიათს შეიძენს. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის, მათ შორის, მისდამი ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უფლება, პროცედურული ხასითისაა და, საბოლოო ჯამში, ემსახურება იმ მატერიალურ უფლებათა დაცვას, რომელთა გამორკვევაც უნდა მოხდეს სასამართლოში (სისხლისსამართლებრივი ბრალდების, სამოქალაქო ხასიათის უფლებამოვალეობების განსაზღვრა). განსახილველ შემთხვევაში ამგვარ მატერიალურ უფლებას წარმოადგენს ფიზიკური თავისუფლება, რომლის გაუმართლებელი შეზღუდვის პრევენციას ემსახურება სწორედ ზემოთ აღწერილი სამმაგი სასამართლო კონტროლი შესაბამისი საკანონმდებლო პროცესუალური მექანიზმებით. ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების საჭიროება, მოცემულ შემთხვევაში, ვერ დაეფუძნება ადამიანის ფიზიკური თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის პრევენციის საჭიროებას და მხოლოდ თვითმიზნურ მოთხოვნას წარმოადგენს.
უზრუნველყოფილია თუ არა უკანონო დაკავებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების პროცესუალური მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობით
28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობისას სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობის წინაპირობებს სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის. კერძოდ, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
29. მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გამამართლებელი განაჩენი თავისთავად წარმოადგენს გადაწყვეტილებას პირის რეაბილიტაციის თაობაზე და შემდგომში ხდება მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მოცულობისა და ფორმის შესახებ საკითხის გადაწყვეტა. ამასთანავე, გამართლებულ პირს, რეაბილიტაციით გათვალისწინებული საკითხების გარდა, გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრების სხვა ინტერესი ვერ ექნება. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალტერნატიულ მექანიზმად, განსახილველ შემთხვევაში, შესაძლოა, განხილულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, უზრუნველყოფილია რეაბილიტირებული პირისთვის შესაბამისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. მოპასუხე მხარე დაკავების შესახებ განჩინების გაუქმების შედეგებს ასევე უკავშირებს პროცესის დასრულების შემდეგ გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე რეაბილიტაციასა და ზიანის ანაზღაურების მიღების უფლებას.
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რელევანტურად მიიჩნევს მსჯელობას მარეაბილიტირებელ გარემოებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაძლო უკანონო დაკავებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება როდი იღებს სათავეს მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული დებულება მიემართება სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს, ვინაიდან ამ კონკრეტული დებულების საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა პირს, რომლის მიმართაც განხორციელდა საპროცესო მოქმედება ან/და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. დაკავებული პირი კი ცალსახად წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს, რადგან, იმავდროულად, იგი არის ბრალდებული. შესაბამისად, დაკავებულს, რომელიც, დადგინდება, რომ არ უნდა დაეკავებინათ, აქვს ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
31. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ამავე კოდექსის 176-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს დაკავებულის გათავისუფლების საფუძვლებსა და წესს. აღნიშნული მიემართება მხოლოდ დაკავებულს. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, მათ შორის, ისეთ შემთხვევაში, თუ დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი. ამასთან, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული, მას უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით აუნაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
32. სხვა საკითხია, თუ რა სახის დოკუმენტით დადასტურდება პირის დაკავების უკანონობა, რომლის საფუძველზე პირს შესაძლებლობა მიეცემა, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 176-ე მუხლი ასევე განსაზღვრავს იმ დოკუმენტთა სახეებს, რომელთა საფუძველზე უფლებამოსილი პირი ათავისუფლებს დაკავებულს. კერძოდ, ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაკავებული თავისუფლდება პროკურორის ან მოსამართლის გადაწყვეტილებით. აღნიშნული დანაწესი მიემართება ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ საფუძვლებს, რომლის ფარგლებშიც გადაწყვეტილება მიიღება პროკურორის ან მოსამართლის მიერ. გარდა ამისა, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გათავისუფლებისას დაკავებულს გადაეცემა გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. ამგვარად, პირი, რომელიც პროკურორის ან მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებიდან, მას გადაეცემა გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, რომელიც მოიცავს მისი გათავისუფლების საფუძვლებსა და შესაბამის ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებს. მაშასადამე, დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ სწორედ გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილებაა ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განხორციელებული დაკავების უსაფუძვლობასა და ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს.ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მიუთითებს პირის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლებზე იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებული კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო დაკავებული.
33. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების აღდგენა შესაძლებელია როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით, ასევე უფლების სხვაგვარი რეალიზაციით, თუ პირველი, დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, შეუძლებელია. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსზე იმ კუთხით, რომ იგი მიუთითებს ზიანის ანაზღაურებისთვის შესაბამის სამოქალაქო/ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე. ასეთ წესს კი განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი. გარდა ზემოაღნიშნული საფუძვლებისა, კანონმდებლობა ითვალისწინებს უკანონო დაკავებისა თუ პატიმრობის შემთხვევაში, უფლების აღდგენის წესს კონკრეტული საშუალებით, კერძოდ, ფულადი კომპენსაციის სახით. ის, რომ უფლების რეალიზაციის დასახელებული საშუალება ქმედითია, დასტურდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, რაც ვლინდება საერთო სასამართლოების მიერ და საკუთრივ უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე. ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც უკავშირდება რეაბილიტირებული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემას, მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ვინაიდან არ დაიშვება ნორმის ისე განმარტება, რომ პირს არ მიეცეს უფლების აღდგენის ეფექტიანი, ქმედითი შესაძლებლობა (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-13 მუხლი), საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია არ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მისი უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან (პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. №ბს-485-474(2კ-14), 2015 წლის 4 ივნისი). ხაზგასასმელია, რომ მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, კერძოდ, პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაცია სისხლის სამართლის პროცესში არის იმ პირის უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებელად დაექვემდებარა სისხლისსამართლებრივ დევნასა თუ პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში კი, ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი პირის გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ადასტურებს პირის მიმართ განხორციელებული დაკავების უკანონობას.
34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს რა ზემოხსენებული მსჯელობის არსსა და მიზანს, დამატებით აღნიშნავს, რომ დაკავება ემსახურება ღირებულ საჯარო მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრების უსაფრთხოების დაცვას, რა დროსაც გამოძიების მწარმოებელ ორგანოს არ აქვს საქმის შედეგის წინასწარ უტყუარად განჭვრეტის შესაძლებლობა იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებათა არსებითი გამოკვლევა და გამატყუნებელი განჩენის დადგენისათვის მათი საკმარისობის შეფასებასასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის დაკავება უკანონია, თუკი ის, ფორმალური მართლზომიერების მიუხედავად, დაუსაბუთებლად არღვევს პირის კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება. ამავე სულისკვეთებას იზიარებს თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საწინააღმდეგოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დადგენილი კონსტიტუციური გარანტიები.
35. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდა სასამართლო კონტროლის იმ მექანიზმებისა, რომლებიც ხორციელდება როგორც დაკავების შესახებ განჩინების მიღების დროს, ისე პირველი წარდგენის სხდომაზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის ფარგლებში ყველა ფაქტობრივი და ფორმალური გარემოების შეფასებით და, მით უფრო, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებით, ასევე არსებობს დარღვეული უფლების აღდგენის დამატებითი ალტერნატიული მექანიზმიც. კერძოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი წარმოადგენს უფლების დარღვევის საპირწონედ ზიანის ანაზღაურების ისეთ ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც პირს აძლევს შესაძლებლობას, მოახდინოს მის მიმართ უკანონოდ განხორციელებული საპროცესო მოქმედებისა თუ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების შედეგად დარღვეული უფლებების კომპენსირება.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ დაკავების შესახებ განჩინების ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრების შეუძლებლობა, დაკავებისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვის საკითხში სასამართლო კონტროლის უზრუნველმყოფი, ისევე, როგორც უკანონო დაკავებით გამოწვეული ზიანის საკომპენსაციო საკანონმდებლო მექანიზმების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს რაიმე დაბრკოლებას პირის თავისუფლების შეზღუდვაზე ქმედითი სასამართლო კონტროლის განხორციელებისათვის და არ ამცირებს მის ეფექტიანობას.
37. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება „ეს განჩინება არ საჩივრდება“ არ ახდენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ სფეროში. ამავდროულად, წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის შედეგად, დადგინდა, რომ განხილული საკანონმდებლო მექანიზმებით უზრუნველყოფილია სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია. შესაბამისად, არ არსებობს №1464 კონსიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის, 45-ე მუხლისა და 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1464 კონსტიტუციური სარჩელი („მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე