საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის №1/5/1472 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do1/5/1472 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კვერენჩხილაძე |
თარიღი | 17 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივნისი 2022 11:54 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის №1/5/1472 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის №1/5/1472 გადაწყვეტილებასთან (შემდგომში - გადაწყვეტილება) დაკავშირებით. დასახელებული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ნიკოლოზ ლომიძის მოთხოვნა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. მოსარჩელისთვის პრობლემური იყო ის გარემოება, რომ სადავო ნორმა ზღუდავდა მის მიერ სისხლის სამართლის პროცესში ერთ-ერთი საპროცესო მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობას. კერძოდ, სადავო ნორმა გამორიცხავდა არსებითი განხილვის სხდომაზე იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას, რომელთაც უკანონოდ მოპოვებულად და, შესაბამისად, არასანდოდ მიიჩნევდა. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ამგვარი შუამდგომლობების დაყენების შეზღუდვა ვერ პასუხობდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
3. წარმოდგენილი განსხვავებული აზრის ძირითად საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ ვერ გავიზიარებ სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებულ რიგ მსჯელობას და გადაწყვეტას. გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ არის შეფასებული სადავო ნორმის მოქმედება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ არქიტექტურაში და მის საფუძველზე სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების შეზღუდვა.
4. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა, გარდა კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, კრძალავს ნებისმიერი სხვა სახის შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას, ყოველგვარი გამონაკლისებისა და თავისებურებების გათვალისწინების გარეშე, იმისგან დამოუკიდებლად, რამდენად არსებითი და მნიშვნელოვანია მისი (შუამდგომლობის) შინაარსი ან ემსახურება თუ არა ის სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებას. რიგ შემთხვევებში, შუამდგომლობით დაყენებული მოთხოვნის შესრულება მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული ამა თუ იმ კომპონენტის ქმედითობასა და საპროცესო მექანიზმებით სარგებლობაზე. მხარეთა მიერ რელევანტური, საქმისათვის არსებითი შუამდგომლობის დაყენება ხელს უწყობს სისხლის სამართლის პროცესის ამოცანების განხორციელებას. მაგალითად, განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე აპელირებდა შუამდგომლობით არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საკითხის დასმის თაობაზე. ამგვარი შუამდგომლობის განხილვა და, შედეგად, მოთხოვნის შესრულება შესაძლოა პირდაპირ გავლენას ახდენდეს საბოლოოდ საკითხი გადაწყვეტაზე, პირის ბრალეულობაზე ან/და უდანაშაულობაზე. ამდენად, მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის დაყენება მნიშვნელოვან პროცესუალურ მექანიზმს წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს როგორც ბრალდებულის ინტერესების დაცვას, ასევე მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებას.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნებისმიერი სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ფართოა სასამართლო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. მთავარი მოთხოვნა, რომლითაც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხელისუფლებები მკაცრადაა შებოჭილი, არის ის, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანობაში პასუხობდეს მის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას – უზრუნველყოს სამართლიანი მართლმსაჯულება, რისთვისაც ის აღჭურვილი უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ყველა საჭირო, ადეკვატური და საკმარისი ბერკეტით. თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ არ არსებობს სასამართლო ხელისუფლების სისტემის ერთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ქმედით, ... მიუკერძოებელ ... და სამართლიან მართლმსაჯულებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-91).
6. ხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ხელისუფლებას აკისრებს სისხლის სამართლის პროცესის სისტემის იმგვარად ფორმირების ვალდებულებას, რომელშიც, ერთი მხრივ, მხარეთა საპროცესო უფლებები და ვალდებულებები სამართლიანად იქნება დაბალანსებული, ხოლო მეორე მხრივ, ბრალდებისა და დაცვის მხარის უფლებრივი სივრცის მხედველობაში მიღებით, სასამართლო აღჭურვილი იქნება სათანადო პროცესუალური მექანიზმებით, რაც, საბოლოოდ, უზრუნველყოფს როგორც ბრალდებულის ინტერესების დაცვას, აგრეთვე სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის №3/2/1478 გადაწყვეტილება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-32).
7. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული შეჯიბრებითობის პრინციპის მოთხოვნაა, რომ პირის მსჯავრდებულად ცნობა არ მოხდეს იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლიც ვერ პასუხობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით წაყენებულ ხარისხობრივ მოთხოვნებს. ამასთანავე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა, მათთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა და სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, როდესაც იმ მოსამართლის (ნაფიც მსაჯულთა) წინაშე ხდება მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებმაც უნდა მიიღონ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება (mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-82).
8. შესაბამისად, შუამდგომლობის დაყენების მექანიზმი, რომელიც სასამართლოს საშუალებას აძლევს განიხილოს მხარეთა მოთხოვნები, წარმოადგენს სიმართლის დადგენისკენ მიმართულ, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან საპროცესო გარანტიას. ამდენად, სისხლის სამართალწარმოების პროცესში მხარეების მიერ მოსამართლის (ნაფიც მსაჯულთა) წინაშე დაყენებული შუამდგომლობა მიზნად უნდა ისახავდეს და ხელს უწყობდეს სისხლის სამართლის საქმეზე სიმართლის დადგენას, ბრალდებულის დანაშაულობა/უდანაშაულობის გამორკვევას. თუმცა, იმავდროულად არაფერი გამორიცხავს იმას, რომ მხარეთა მიერ შუამდგომლობის მექანიზმი, განზრახ ან თუნდაც უნებლიეთ, გამოყენებული იქნეს პროცესის გაჭიანურების ან/და სხვა ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც არ ემსახურება სამართლიანი სასამართლოს აღსრულებას. სწორედ აღნიშნული შემთხვევებისაგან დასაცავად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოსამართლეს აღჭურავს უფლებამოსილებით, შუამდგომლობის მიზნობრიობის გათვალისწინებით, დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს იგი. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შუამდგომლობაში გადმოცემული მოთხოვნის შესრულება ხელს უწყობს სისხლის სამართლის პროცესის ამოცანების განხორციელებას, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თუ შუამდგომლობა მიმართულია სისხლის სამართლის პროცესის გაჭიანურებისაკენ ან მისთვის ხელის შეშლისაკენ – უარი უნდა ითქვას მის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ მხარეთა მიერ ბოროტად არ იქნეს გამოყენებული შუამდგომლობის მექანიზმი და არამიზნობრივმა, მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შემშლელმა, საფრთხის შემქმნელმა შუამდგომლობებმა არ დააზიანოს პროცესის ინტერესები. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ ემსახურება სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვას.
9. სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში იმ შუამდგომლობის დაყენების აუცილებლობა, რომელიც კანონით არ არის განსაზღვრული, მრავალფეროვან შემთხვევაში შეიძლება დადგეს. მაგალითად, რელევანტურ, სამართლიანობის გამორკვევისკენ მიმართულ შუამდგომლობად შეგვიძლია მივიჩნიოთ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული პრობლემური ნორმატიული შინაარსი, კერძოდ, მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების შეუძლებლობა. აღნიშნული შემთხვევის შეფასებისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოსამართლეს ისედაც აღჭურავს შესაძლებლობით, გადაწყვეტილების მიღებისას ამორიცხოს, არ დაეყრდნოს იმ მტკიცებულებას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებას, რომლის თანახმადაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. აღნიშნული საკანონმდებლო წესრიგის საფუძველს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით განმტკიცებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს.
10. ამდენად, ერთი მხრივ, მოსამართლე ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს, ხოლო, მეორე მხრივ, მხარეს ართმევს შესაძლებლობას სასამართლოს წინაშე დააყენოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი, იმ მიზნით, რომ სასამართლომ ცალკეული გარემოებებისა თუ ფაქტობრივი ინფორმაციის არცოდნის პირობებში არ დაუშვას შეცდომა და გადაწყვეტილება არ დაეფუძნოს იმ მტკიცებულებას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მოთხოვნებს. შედეგად, სადავო ნორმით იქმნება ხელოვნური ბარიერი, რისკის ქვეშ დგება სისხლის სამართლის საქმეზე სიმართლის დადგენა, იზრდება შეცდომის დაშვების ალბათობა და იზღუდება როგორც ბრალდებულის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ასევე სრულიად საზოგადოების ინტერესი სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში აღსრულდეს მართლმსაჯულება (mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის №3/2/1478 გადაწყვეტილება საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-51).
11. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, სადავო ნორმის ბლანკეტურობა საფრთხეს უქმნის შუამდგომლობათა იმ კატეგორიას, რომელიც მიმართულია ბრალდებულის ინტერესების დაცვისა და ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებისკენ. ამდენად, ვთვლი, რომ სადავო ნორმა თვითმიზნურად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო იგი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
გიორგი კვერენჩხილაძე