ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/1472 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 18:19 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის, 93-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-10 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1472) მომართა ნიკოლოზ ლომიძემ. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 24 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1472 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, განსჯადობის მიხედვით განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, შუამდგომლობა და საჩივარი“. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მხარეთა შესაძლებლობას, დააყენონ შუამდგომლობა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. დასახელებული მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, „იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოში აღარ განიხილება“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის უფლებამოსილებას, განიხილოს მხარეთა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებს, აგრეთვე მიუთითებს, რომ ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმამ სასამართლოს საშუალება მისცა, გამოეყენებინა დაუშვებელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შემდგომში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმათა ერთობლიობით განსაზღვრული წესით მტკიცებულებათა დასაშვებობის შემოწმება ხდება წინასასამართლო სხდომაზე, რა დროსაც სასამართლო არკვევს, დაცული იყო თუ არა კანონის მოთხოვნები მტკიცებულებათა მოპოვებისას, ხოლო მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. შესაბამისად, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ შესაძლოა, დასაშვებად ცნოს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების გამოყენებით, სასამართლოს საშუალება ეძლევა, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვეთილ საფუძვლებთან მიმართებით, უარი უთხრას მხარეს კონკრეტული მტკიცებულების დასაშვებობის და, შესაბამისად, კანონიერების შემოწმებაზე და მასზე დაყრდნობით გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უშვებს შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე“. მართალია, ეს სადავო ნორმა ზოგადი და უფლებააღმჭურველი ხასიათისაა, თუმცა, იმავდროულად, იგი მიუთითებს საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებზე და ამომწურავად განსაზღვრავს შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ ნორმას ასევე აქვს ამკრძალავი შინაარსი და მხარეს არ აძლევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გაუთვალისწინებელ შემთხვევაში შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას. ასევე, ვინაიდან იმავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, განიხილოს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით დაყენებული შუამდგომლობები, აღნიშნული სადავო ნორმა გამორიცხავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გაუთვალისწინებელ შემთხვევაში დაყენებული შუამდგომლობის განხილვის შესაძლებლობას.
8. მოსარჩელე მხარე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილთან მიმართებით აღნიშნავს, რომ ეს ნორმა კრძალავს იმავე სასამართლოში იმავე შინაარსის შუამდგომლობის განხილვას, რომელზეც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება. „იმავე სასამართლოს“ ტერმინში მოიაზრება როგორც სასამართლოების ერთიანი სისტემა, ისე კონკრეტული საქმის ფარგლებში მიმდინარე ესა თუ ის სამართალწარმოების ეტაპი (მაგ.: წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომა). იმავდროულად, საერთო სასამართლოების პრაქტიკიდან გამომდინარე, იმავე შინაარსის შუამდგომლობის შეფასება ხდება მხოლოდ ფორმალურად და ყურადღება არ ექცევა შუამდგომლობაში წარმოდგენილ არგუმენტაციას. შესაბამისად, ამგვარი პრაქტიკა შედეგად იწვევს ახალ გარემოებებზე დაფუძნებული, მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმას.
9. მოსარჩელის განმარტებით, აგრეთვე პრობლემურია საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დამატებით ახალი მტკიცებულებების წარდგენისა და მათი დასაშვებად ცნობის წესი. კერძოდ, მისი მითითებით, ახალი მტკიცებულების წარდგენისას სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმ მიზეზების გამორკვევით, თუ რატომ არ იქნა კონკრეტული მტკიცებულება წარმოდგენილი წინასასამართლო სხდომის ეტაპზე, ხოლო უშუალოდ მტკიცებულების კანონიერი გზით მოპოვებისა და ამ კუთხით მისი დასაშვებობის საკითხზე აღარ მსჯელობს.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისათვის აუცილებელია, არსებობდეს სასამართლოს შესაბამისი განჩინება. სადავო ნორმების ერთობლივი განმარტებით, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო კონკრეტული მტკიცებულებების კანონიერებისა და მათ დაუშვებლად ცნობის თაობაზე აღარ მსჯელობს, ვინაიდან საქმეში არსებობს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მის დასაშვებ მტკიცებულებად მიჩნევის შესახებ. მოსარჩელის მტკიცებით, ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებულ მტკიცებულებებს ემყარებოდეს და ლახავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლოზე.
11. მოსარჩელის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სათათბირო ოთახში გასვლის შემდგომ მოსამართლე ერთპიროვნულად შეაფასებს მტკიცებულებათა კანონიერი გზით მოპოვების საკითხს, ეს პროცესი სრულიად ხდება მოსამართლის კეთილსინდისიერებასა და მიუკერძოებლობაზე დამოკიდებული. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით პრობლემურია საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის პირობებში. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში არ არიან იურისტები. შესაბამისად, ნაფიცი მსაჯულები მოკლებული არიან შესაძლებლობას, თავად შეაფასონ მტკიცებულებათა კანონიერების საკითხი, რაც მომეტებულად ზრდის ვერდიქტის კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოტანის ალბათობას.
12. მოსარჩელე აგრეთვე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებიდან მომდინარე მის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა დგას არა მხოლოდ საქმის პირველი ინსტანციით განხილვის, არამედ - აგრეთვე ზედა ინსტანციის სასამართლოებში გადაწყვეტილების გასაჩივრების დროსაც. კერძოდ, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები ეყრდნობიან სადავო ნორმებს და განმარტავენ, რომ თავად არიან მოკლებული შესაძლებლობას, იმსჯელონ დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხზე. შესაბამისად, პირველი ინსტანციის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება ვერ ხერხდება ვერც ზემდგომ ინსტანციებში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ამგვარი პრაქტიკა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გარანტირებულ ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვის აკრძალვის პრინციპთან.
13. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად უთითებს როგორც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შესაბამის დებულებებზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე, სხვა ნორმებთან ერთად, ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-10 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, არსებითი განხილვის სხდომის მოსამართლეს არ გააჩნია შესაძლებლობა, იმსჯელოს ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე მაშინაც კი, თუ მისი დაუშვებლობის საფუძველი არსებითი სხდომის ეტაპზე გამოვლინდება. ამასთან, დაცვის მხარეს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე იშუამდგომლოს ამგვარი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის სადავოდ გამხდარი „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე“. დასახელებული ნორმა აწესრიგებს წინასასამართლო სხდომის ეტაპს და ადგენს აღნიშნულ ეტაპზე მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე შუამდგომლობების განხილვის უფლებამოსილებას. აღნიშნული ნორმა არ არეგულირებს სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის სხდომასთან დაკავშირებულ საკითხებს და, მით უმეტეს, არ შეიცავს რაიმე შეზღუდვას საქმის განხილვის აღნიშნულ ეტაპთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სადავო ნორმასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების განმარტება, რომელიც გაიზიარებდა, ნორმის შინაარსთან დაკავშირებით, მოსარჩელის პოზიციას და მიუთითებდა, რომ სწორედ სადავო ნორმა გამორიცხავს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვას საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
5. ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლი აწესრიგებს მხოლოდ წინასასამართლო სხდომასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ ადგენს შეზღუდვებს საქმის განხილვის შემდგომი სტადიებისათვის, ნათლად დასტურდება როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტრუქტურიდან, ასევე თავად ხსენებული მუხლის შინაარსიდან. აღნიშნული მუხლი მოთავსებულია კოდექსის XXII თავში („წინასასამართლო სხდომა“) ხოლო საქმის არსებით განხილვას აწესრიგებს XXIII თავი. ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლი მიუთითებს სასამართლოს მიერ ისეთი საკითხების გამოკვლევაზე, რომელიც საქმის განხილვის შემდგომ ეტაპზეც ხორციელდება. მაგალითად, ამ მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების არსებობის ფაქტის გამორკვევის ვალდებულებას, ხოლო მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი მიუთითებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვაზე. აღნიშნული დანაწესები, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ სასამართლოს არსებითი განხილვისას ეკრძალება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან, შეცვლასთან ან/და გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ან/და მხარეებს ეკრძალებათ საპროცესო შეთანხმების წინასასამართლო სხდომის ეტაპის შემდგომ გაფორმება. ამდენად, აშკარაა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მიზანია წინასასამართლო სხდომაზე განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრა და არა საქმის განხილვის შემდგომ ეტაპთან მიმართებით შეზღუდვების დადგენა.
6. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, თავისთავად, არ იწვევს ბრალდებულისთვის მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული უფლების შეზღუდვას. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მას უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა, მან უნდა მოითხოვოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ზღუდავს მსგავსი შუამდგომლობის დაყენების უფლებას. ასეთი ნორმის არარსებობის შემთხვევაში მოსარჩელემ შესაძლებელია, გაასაჩივროს თავად ის საპროცესო ნორმა (ინსტიტუტი), რომელიც, მისი აზრით, დაუშვებელი მტკიცებულებების გამოყენებით ზღუდავს მის უფლებებს. ამდენად, სადავო ნორმის შემზღუდველი ხასიათის წარმოსაჩენად მოსარჩელე მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ ნორმის საფუძველზე, მას ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული რომელიმე საპროცესო ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა ან/და უფლებაშემზღუდველი აქტი მის მიმართ მიიღება სათანადო პროცესუალური გარანტიების დაცვის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმასთან მიმართებით, არც ერთი ზემოთ ხსენებული გარემოება სახეზე არ არის.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, №1472 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-10 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. მოსარჩელე, დამატებით, სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-10 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოში აღარ განიხილება“. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა საქმის არსებითი განხილვის მოსამართლეს ანიჭებს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობის განხილვაზე იმ მოტივით, რომ ამგვარი შუამდგომლობა უკვე იქნა განხილული წინასასამართლო სხდომის ეტაპზე. ამდენად, მოსარჩელე უთითებს, რომ სადავო ნორმა გამორიცხავს არსებითი განხილვის ეტაპზე მხარის მიერ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობას, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველი წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გამოვლინდა. ამდენად, მოსარჩელე მიჩნევს, რომ სადავო ნორმა განაპირობებს საქმეში ისეთი მტკიცებულებების შენარჩუნებას, რომელიც არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნას. შედეგად, არსებობს იმის საფრთხე, რომ განაჩენი დაეყრდნოს იმგვარ მტკიცებულებას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ ხარისხობრივ მოთხოვნებს.
10. უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის პროცესში შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობის ზოგად რეგლამენტირებას ახდენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, „მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე“. ხსენებული ნორმა ერთი მხრივ, აღჭურავს მხარეებს კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში შუამდგომლობის დაყენების უფლებით, ხოლო, მეორე მხრივ, გამორიცხავს მხარეთა მიერ სხვა შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილი აწესრიგებს ერთი და იმავე შინაარსის შუამდგომლობების განმეორებით დაყენების წესს. ამდენად, ხსენებული სადავო ნორმა ზღუდავს იმ შუამდგომლობის განმეორებით დაყენების შესაძლებლობას, რომელთა დაყენების უფლებაც სისხლის სამართლის პროცესის შესაბამის სტადიაზე მხარეებს კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილს მხარის შემზღუდავი ეფექტი არ გააჩნია იმ შუამდგომლობების მიმართ, რომელთა დაყენების შესაძლებლობას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საერთოდ არ ითვალისწინებს.
12. თავად მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მხარეს არ ანიჭებს უფლებას, მტკიცებულებათა უტყუარობაზე მითითებით, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოითხოვოს მათი დაუშვებლად ცნობა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გაუთვალისწინებელი შუამდგომლობების დაყენებას გამორიცხავს ამავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შუამდგომლობის განმეორებით დაყენების აკრძალვას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების მზღუდავი ეფექტი, არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა ხსენებული სადავო ნორმიდან მომდინარეობს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1472 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-10 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
14. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-10 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, განსჯადობის მიხედვით განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, შუამდგომლობა და საჩივარი“. მოსარჩელის დასაბუთებით, აღნიშნული სადავო ნორმა სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას, არსებით სხდომაზე განიხილოს მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ დაყენებული შუამდგომლობა.
16. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმის პირველი წინადადება ადგენს მართლმსაჯულების განხორცილებაზე უარის თქმის დაუშვებლობის პრინციპს და არ არის კავშირში იმ შინაარსთან, რომელიც პრობლემურია მოსარჩელისთვის. სადავო ნორმას გააჩნია ზოგადი ხასიათი და ის მხოლოდ მიუთითებს სასამართლოს ვალდებულებაზე, შუამდგომლობა განიხილოს ამ კოდექსით დადგენილი წესით. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ზოგადი მითითება შუამდგომლობის ამ კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად განხილვაზე, თავისთავად, ვერ გამოიწვევს უფლების შეზღუდვას იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ დასახელებულ პრობლემას იწვევს ამ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული წესი. მოსარჩელისთვის პრობლემურია არსებით სხდომაზე მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობის დაყენების შეუძლებლობა, შესაბამისად, მან სადავოდ უნდა გახადოს ის კონკრეტული წესი, რომელიც მას უკრძალავს ასეთი უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა აღნიშნული სადავო ნორმიდან არ მომდინარეობს.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1472 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-10 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
18. მოსარჩელე, დამატებით, სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად: „მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე“. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმა მას ართმევს შესაძლებლობას, არსებითი განხილვის სხდომაზე იშუამდგომლოს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ, რაც წინააღმდეგობაში მოდის განაჩენის უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობისა და უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის პრინციპებთან.
19. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ხოლო ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად: „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მის საქმეში არსებობს კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს და არსებობს რისკი იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი სწორედ ამ მტკიცებულებებს დაეფუძნოს და ასევე ირღვევა კონსტიტუციის მოთხოვნა, ამგვარ მტკიცებულებათა იურიდიული ძალის არქონასთან დაკავშირებით.
20. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ მას ეჭვი ეპარება მტკიცებულების სანდოობაში და, ამავდროულად, არ აქვს შესაძლებლობა, მათი დასაშვებობის საკითხზე იდავოს არსებითი განხილვის სხდომაზე. შესაბამისად, მისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ შეზღუდული აქვს საპროცესო მექანიზმი - არსებითი განხილვის სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ, რომელთაც უკანონოდ მოპოვებულად და, შესაბამისად, არასანდოდ მიიჩნევს.
21. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტები გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნებას მტკიცებულებაზე, რომელიც არ არის უტყუარი, ასევე იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებულ კონსტიტუციურ დებულებებთან სადავო ნორმის მიმართების დასადგენად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა უშვებს კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების საქმეში დაშვებისა და განაჩენის მათზე დაფუძნების შესაძლებლობას. აღნიშნულის ნაცვლად, სადავო ნორმა მოსარჩელეს უზღუდავს არსებითი განხილვის ეტაპზე მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას და შემხებლობა არ აქვს უშუალოდ მტკიცებულების კანონიერების საკითხთან. შესაბამისად, არ არსებობს მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის ხსენებულ დებულებებს შორის.
22. ამდენად, №1472 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
23. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, „ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“. საქართველოს კონსტიტუციის ხსენებული დებულება ახდენს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის ზოგადი პრინციპის დეკლარირებას და იგი არ ადგენს ძირითად უფლებას. აღნიშნული გარანტია თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრული ცალკეული უფლებებიდანაც. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს სადავო ნორმას ძირითადი უფლების დამდგენ, კონსტიტუციის მეორე თავით განსაზღვრულ დებულებებთან მიმართებით, კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პრინციპის კონტექსტში.
24. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასახელებული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ ისეთ ნორმას, რომელიც ადგენს ზოგად პრინციპს და არა კონკრეტულ ძირითად უფლებას. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურ სამართლებრივი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით ვერ განხორციელდება განცალკევებულად (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
25. ამდენად, №1472 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1472 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1472 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1472 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის, 93-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-10 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებთან და 34-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი