ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/5/1472 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 17 ივნისი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ივნისი 2022 15:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - ეკა ქობესაშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - რუსუდან მუმლაური და ლევან ღავთაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1472) მომართა ნიკოლოზ ლომიძემ. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 24 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1472 საოქმო ჩანაწერით №1472 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 8 აპრილს.
2. №1472 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მხარეთა შესაძლებლობას, დააყენონ შუამდგომლობა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმამ სასამართლოს საშუალება მისცა, გამოეყენებინა დაუშვებელი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე, შემდგომში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
5. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმათა ერთობლიობით განსაზღვრული წესით მტკიცებულებათა დასაშვებობის შემოწმება ხდება წინასასამართლო სხდომაზე, რა დროსაც სასამართლო არკვევს, დაცული იყო თუ არა კანონის მოთხოვნები მტკიცებულებათა მოპოვებისას, ხოლო მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. შესაბამისად, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ შესაძლოა, დასაშვებად ცნოს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების გამოყენებით, სასამართლოს საშუალება ეძლევა, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვეთილ საფუძვლებთან მიმართებით, უარი უთხრას მხარეს კონკრეტული მტკიცებულების დასაშვებობის და, შესაბამისად, კანონიერების შემოწმებაზე და მასზე დაყრდნობით გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.
6. კონსტიტუციურ სარჩელის ავტორის აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უშვებს შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე“. მართალია, ეს სადავო ნორმა ზოგადი და უფლებააღმჭურველი ხასიათისაა, თუმცა, იმავდროულად, იგი მიუთითებს საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებზე, რომლებიც ამომწურავად განსაზღვრავს შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობებს. შესაბამისად, ამ ნორმას ასევე აქვს ამკრძალავი შინაარსი და მხარეს არ აძლევს შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გაუთვალისწინებელ შემთხვევაში. ასევე, ვინაიდან იმავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, განიხილოს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით დაყენებული შუამდგომლობები, აღნიშნული სადავო ნორმა გამორიცხავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გაუთვალისწინებელ შემთხვევაში დაყენებული შუამდგომლობის განხილვის შესაძლებლობას.
7. №1472 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ამოცანებს წარმოადგენს წინასასამართლო სხდომაზე დაშვებული მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა, როგორც მათი რელევანტურობის, უტყუარობის, ასევე დასაშვებობის კუთხით. თუმცა გამოკვლევის ბოლო სტადიაზე მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო უარს აცხადებს დაუშვებელ მტკიცებულებად ან უკანონო მტკიცებულებად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მხოლოდ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე კი დასაშვებად ცნობილი მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას აქვს შემზღუდველი ხასიათი, რის გამოც პირი მოკლებულია შესაბამისი პროცესუალური გარანტიებით სარგებლობას და გაუმართლებლად ხდება მის უფლებებში ჩარევა.
8. ამდენად, მოსარჩელის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სასამართლო, აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს უკვე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, ხოლო სხვა შემთხვევაში საერთოდ არ აძლევს მხარეს იმის საშუალებას, რომ დააყენოს მსგავსი შუამდგომლობა და განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი შუამდგომლობის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ წინასასამართლო სხდომაზე და უთითებს სადავო ნორმას.
9. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის პოზიციით, სადავო ნორმა იძლევა იმის საფუძველს, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ, რომელიც, თავის მხრივ, მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით, მტკიცებულებათა დასაშვებობის განხილვის დროს ვერ მოახდინოს მტკიცებულებათა არსებითი გამოკვლევა მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და დასაშვებობის კუთხით. საქმის არსებითი განხილვისთვის დასაშვებად ცნობილი მტკიცებულება კი კრიტიკული შემოწმების გარეშე შესაძლოა საფუძვლად დაედოს პირის გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან წინასასამართლო სხდომაზე ხდება ამ მტკიცებულებების მხოლოდ ფორმალური შემოწმება.
10. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში ფორმალურად არსებობს იმის რისკი, რომ პირის მიმართ გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი იმ სახის მტკიცებულებებზე დაყრდონით, რომელთა უკანონობა და დაუშვებლად ცნობის საფუძვლები გამოიკვეთა უშუალოდ საქმის არსებითი განხილვისას, ვინაიდან ვერ იარსებებს იმ სახის სასამართლო განჩინება, რომლის არსებობაც სავალდებულოა დაუშვებელ მტკიცებულებათა შეფასებისთვის, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან. მოსარჩელის ზემოხსენებულ პოზიციას მიემართება მისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმის შინაარსის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მიღებული განჩინება მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ შესაძლებლობას აძლევს პირველი ინსტანციის სასამართლოს, საქმის არსებითი განხილვის დროს, უარი განაცხადოს საქმიდან მტკიცებულების ამორიცხვის ან დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე. მოსარჩელის წარმომადგენელი ამგვარ მსჯელობას ავითარებს იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ უკვე მიღებულია განჩინება მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ, ხოლო არსებითი განხილვის დროს დასაშვებად ცნობილი მტკიცებულების გამოკვლევამ შესაძლოა არ დააკმაყოფილოს საპროცესო კანონმდებლობით მოთხოვნილი სტანდარტები, რის გამოც არსებობს თეორიული რისკი, რომ პირის მიმართ მიღებულ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
11. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დროს ვერ ან არ გამოიკვლია დასაშვებად ცნობილი მტკიცებულება, რომელიც დაცვის მხარის მოსაზრებით, წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი მის კანონიერებასთან დაკავშირებით არსებული კითხვის ნიშნების გამო, პირის მიმართ მიიღება უკანონო გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც უხეშად არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და, შესაბამისად, ამ განაჩენის სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში გადასინჯვის შესაძლებლობა ვერ იქნება ისე ეფექტიანი, როგორც სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობის არსებობა.
12. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად უთითებს როგორც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შესაბამის დებულებებზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
13. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ არგუმენტაციათა გამო. მოპასუხე განმარტავს, რომ სადავო ნორმა აღმჭურველი ხასიათისაა და, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა.
14. მოპასუხის წარმომადგენელი აგრეთვე განმარტავს, რომ, მართალია, ხსენებული ნორმა, ერთი მხრივ, აღჭურავს მხარეებს კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში შუამდგომლობის დაყენების უფლებით, ხოლო, მეორე მხრივ, გამორიცხავს მხარეთა მიერ სხვა შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს არ შეუძლია საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე იმსჯელოს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე, იგი უფლებამოსილია, ესა თუ ის მტკიცებულება არ გაიზიაროს, რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაა მოსამართლისათვის, ვიდრე მტკიცებულების დასაშვებობაზე მსჯელობა. კერძოდ, მოსამართლეს შეუძლია არსებითი განხილვის ეტაპზე იმსჯელოს არა მხოლოდ მტკიცებულების წარმომავლობასთან დაკავშირებით, არამედ ყოველმხრივ შეისწავლოს, არსებითად გამოიკვლიოს კონკრეტული მტკიცებულება და, მათ შორის, იმსჯელოს საქმესთან მის რელევანტურობაზეც. წინასამართლო სხდომის მიზანს კი წარმოადგენს საპროცესო ეკონომიის დაცვა. კერძოდ, მოსამართლეს არსებითი განხილვის სხდომაზე აღარ უწევს ისეთი მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელთა დაუშვებლად ცნობა მათი წარმომავლობის გამო უკვე შესაძლებელი იყო წინასასამართლო სხდომაზე. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობა არ გამორიცხავს მოსამართლის უფლებამოსილებას, გადაწყვეტილების მიღებისას არ დაეყრდნოს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მას სარწმუნოდ არ მიაჩნია.
15. მოპასუხის წარმომადგენლის არგუმენტაციის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მხარეთა პროცესუალური თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვას. შესაბამისად, დაუშვებელია საკუთარი ინიციატივით სასამართლოს ჩარევა ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების შესახებ, ისევე, როგორც მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, დააყენონ თუ არა სასამართლოს წინაშე კონკრეტული შინაარსის შუამდგომლობები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ ეტაპზე.
16. ამასთანავე, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არსებითი განხილვის დროს მოსამართლე არ არის შეზღუდული, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დაშვებული მტკიცებულება გაითვალისწონოს ან არ გაითვალისწინოს, ვინაიდან ერთმანეთისგან განსხვავდება მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისა და მტკიცებულების არგაზიარების საკითხები. საქმის არსებითი განხილვის მოსამართლე არ არის შეზღუდული წინასასამართლო სხდომის მოსამართლის ამა თუ იმ მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინებით. მოსამართლე არსებითი განხილვის სხდომაზე აფასებს ყველა მტკიცებულებას, რომელიც მხარის მიერ არის წარდგენილი და წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დასაშვებად არის ცნობილი. მოსამართლე, თავის მხრივ, ვალდებულია, იმსჯელოს საქმესთან კავშირში მყოფ ყველა მტკიცებულებაზე, გაიზიაროს ან არ გაიზიაროს ისინი და, შესაბამისად, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, უნდა იყოს კანონიერი და სამართლიანი. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, თუკი არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარეს აღმოაჩნდა ისეთი ახალი მტკიცებულება, რომელიც წინასასამართლო სხდომაზე საერთოდ არ იყო განხილული, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, მხარე ისარგებლებს შესაძლებლობით, წარმოადგინოს ახალი მტკიცებულება, რომლის დასაშვებობის თაობაზე იმსჯელებს არსებითი განხილვის მოსამართლე.
17. №1472 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის განმარტების შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით სისხლის სამართლის პროცესი განხილული უნდა იყოს როგორც ერთი მთლიანი. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საკითხი ეხება საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობის არარსებობას. მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებით, მანამ, სანამ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მოხდება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასება, აუცილებელია სისხლის სამართლის პროცესის სისტემური გაანალიზება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომის გამართვის ვალდებულებას, რომლის ფარგლებში განისაზღვრება წინასასამართლო სხდომის თარიღი. წინასასამართლო სხდომის ჩანიშვნამდე არა უგვიანეს 5 დღისა კი, მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. მოპასუხის წარმომადგენელი უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ბოროტად იყენებს მის უფლებამოსილებას და არ ასრულებს განაჩენის გამოტანისა და ბრალდებულის კონსტიტუციური უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით კოდექსით დადგენილ სტანდარტებს, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებში განაჩენის გასაჩივრების მექანიზმი ყოველთვის უზრუნველყოფს პირის უფლებების დაცვას ზემდგომი სასამართლოს კონტროლის მეშვეობით.
18. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად უთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის რელევანტურობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების მიზნით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული სფეროს განმარტება.
სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული სფერო
2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და ამ უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულვებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
4. საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59). შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა.
5. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის, სასამართლოს პროცესის სრულყოფილად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურებით წარმართვის ან/და ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა.
7. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოსადმი ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, რაც პირის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა და იცავს მას უკანონო ან/და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად უფლების დარღვევისაგან.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წინამდებარე საქმის ფარგლებში დგას აუცილებლობის წინაშე, განმარტოს, არის თუ არა წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულების არსებითი განხილვის სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაყენება მხარის ძირითადი უფლება, რომელიც კონსტიტუციის მიზნებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი უფლებრივი კომპონენტიდან [სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება] უპირობოდ გამომდინარეობს.
სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობისა და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
9. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლიც ეხება სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის ნებისმიერ სტადიაზე შუამდგომლობის დაყენების ზოგად შესაძლებლობებს. გასაჩივრებული დებულების თანახმად, „მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე“.
10. აღნიშნული დებულება ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს მხარეებს (ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი, გამომძიებელი, პროკურორი) თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, მაგრამ, ცხადია, ეს უფლებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესითა და ფორმით, რის ერთ-ერთ და მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს შუამდგომლობა (მიმართვა უფლებამოსილი ორგანოსაგან გარკვეული ქმედებებისათვის ნებართვის გამოსათხოვად, ამა თუ იმ საპროცესო გადაწყვეტილების მისაღებად და სხვ.). კანონი ითვალისწინებს ამგვარი მოთხოვნის შესაძლებლობას სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, მათ შორის, ზოგიერთი სახის შუამდგომლობის რამდენჯერმე განხილვის შესაძლებლობასაც (მაგ., აღკვეთის ღონისძიების თაობაზე წინასასამართლოს სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც). შუამდგომლობა, ეს არის პროცესის მონაწილის ოფიციალური თხოვნა გამომძიებლის, სასამართლოს ან მოსამართლის წინაშე საპროცესო მოქმედების ჩატარების ან საპროცესო გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
11. მოსარჩელის განმარტებით, აღმჭურველ ხასიათთან ერთად, აღნიშნული ნორმა აწესებს გარკვეულ შებოჭვებს, მიუთითებს რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა მუხლებზე, მათთან ერთად ერთობლიობაში განსაზღვრავს კონკრეტულ ვითარებასა და მოცემულობას, როდესაც მხარეს ეძლევა საშუალება შუამდგომლობის დაყენების უფლების რეალიზებისათვის. ამდენად, მითითებული ნორმა, გარკვეულწილად, ამკრძალავ ხასიათსაც იძენს და მხარეებს, კოდექსის სხვა ნორმებზე მითითებით, განუსაზღვრავს კონკრეტულ მოცემულობას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებასა და განხილვაზე.
12. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის არგუმენტაციის თანახმად კი, მართალია, ხსენებული ნორმა, ერთი მხრივ, აღჭურავს მხარეებს კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში შუამდგომლობის დაყენების უფლებით, ხოლო, მეორე მხრივ, გამორიცხავს მხარეთა მიერ სხვა შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას და, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს არ შეუძლია საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე იმსჯელოს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე, იგი უფლებამოსილია, ესა თუ ის მტკიცებულება არ გაიზიაროს, რაც იმაზე მეტად მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაა მოსამართლისათვის, ვიდრე მტკიცებულების დასაშვებობაზე მსჯელობა.
13. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ არსებითი განხილვის დროს მოსამართლეს შეუძლია იმსჯელოს არა მხოლოდ მტკიცებულების წარმომავლობასთან დაკავშირებით, არამედ ყოველმხრივ შეისწავლოს კონკრეტული მტკიცებულება და, მათ შორის, იმსჯელოს მის რელევანტურობაზეც. წინასამართლო სხდომის მიზანს კი წარმოადგენს საპროცესო ეკონომიის უზრუნველყოფა. კერძოდ, მოსამართლეს არსებითი განხილვის სხდომაზე აღარ უწევს ისეთი მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელთა დაუშვებლად ცნობა მათი წარმომავლობის გამო, უკვე შესაძლებელი იყო წინასასამართლო სხდომაზე. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობა არ აბრკოლებს მოსამართლეს, გადაწყვეტილების მიღებისას არ დაეყრდნოს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მას სარწმუნოდ არ მიაჩნია.
14. ამასთანავე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის დროს მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ სამართლიანი სასამართლოს კერძოდ რომელ უფლებრივ კომპონენტს ეწინააღმდეგებოდა სადავო ნორმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1472 საოქმო ჩანაწერით, აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელისთვის კი უშუალოდ პრობლემატურია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულების არსებითი განხილვის სხდომაზე დაუშვებლად ცნობის შესახებ მხარის მიერ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამ შესაძლებლობის არარსებობა, თავის მხრივ, პირდაპირ დაკავშირებულია სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებრივ კომპონენტთან, წინამდებარე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ამ ჭრილში შეაფასებს სადავო ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას.
სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გაუთვალისწინებელი შუამდგომლობების დაყენებას გამორიცხავს ამავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1322 განჩინება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი შესაძლებლობის არარსებობა წარმოადგენს შემზღუდველი ხასიათის ნორმატიულ შინაარსს, რომელიც, თავის მხრივ, აღმჭურველი ხასიათის ნორმიდან გამომდინარეობს. ამდენად, სადავო ნორმის ზემოხსენებული შემზღუდველი ხასიათის ნორმატიული შინაარსის მოქმედებით ჩარევა ხორციელდება სამართლიანი სასამართლოს უფლების იმ უფლებრივ კომპონენტში, რომელსაც სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება წარმოადგენს.
16. თუმცა აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს იმაზე, უპირობოდ გამომდინარეობს თუ არა სისხლის სამართლის პროცესში კოდექსით პირდაპირ გაუთვალისწინებელი შუამდგომლობების დაყენების შესაძლებლობის არსებობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი კომპონენტიდან [სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება]. თავის მხრივ, ცალკე შეფასების საგანია, არის თუ არა ასეთი ჩარევა გამართლებული ღირებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
შეფასების ტესტი
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება ხდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
18. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო რეგულაცია და რამდენად შეესაბამება იგი თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
ლეგიტიმური მიზანი
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება.
20. სამართლებრივ სახელმწიფოში ცალკეული ინდივიდებისა და საყოველთაო სამართლებრივი სიკეთის დასაცავად სახელმწიფომ დანაშაულის დასჯის უფლებამოსილების რეალიზაცია უნდა მოახდინოს სამართლებრივად წინასწარ განსაზღვრული წესების დაცვით. სწორედ აღნიშნულ წესებს ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ზოგადად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი წარმოადგენს დოკუმენტს, სადაც დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებია მითითებული, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ახორციელებს დანაშაულისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის აღსრულების უფლებამოსილებას. ყველა შუამდგომლობა, რომლის დაყენების შესაძლებლობაც უნდა გააჩნდეთ სისხლის სამართლის პროცესის მხარეებს, აუცილებლად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით უნდა იყოს დადგენილი და პირდაპირ გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, მხარე ვერ დააყენებს ისეთი შინაარსის შუამდგომლობას, რომელიც აქამდე კანონმდებლის მიერ მოაზრებული არ ყოფილა. ყველა შესაძლო ტიპის შუამდგომლობა გათვალისწინებულია და გაწერილია დეტალურად სისხლის სამართლის პროცესში. საქმის განხილვის თითოეული ეტაპისათვის კი თემატურად და საპროცესო მოქმედებების მიზეზშედეგობრიობის გათვალისწინებით ხდება იმის გადანაწილება, რომელი საპროცესო მოქმედება უნდა განხორციელდეს სასამართლოში საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე. გასაჩივრებული ნორმა წარმოადგენს ერთ-ერთ რგოლს იმ პროცესუალური წესრიგისა, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და, რომელიც ემსახურება მართლმსაჯულების სამართლიან, ეფექტიან და ეკონომიურ განხორციელებას, ამავდროულად, მხარეებს გააჩნდეთ შესაძლებლობა, სამართლიანი კონკურენციის პირობებში დაიცვან ბრალდების ან ბრალდებულის ინტერესები.
21. №1472 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მიერ არ დასახელებულა სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი, რაც გამომდინარეობდა მათივე პოზიციიდან სადავო ნორმის აღმჭურველ ხასიათთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის აღმჭურველი ხასიათიდან გამომდინარე, ამ ნორმის ზოგადი ლეგიტიმური მიზანია მართლმსაჯულების ეფექტიანი აღსრულებისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველყოფა. თუმცა, როგორც აღინიშნა, სადავო ნორმას ასევე გააჩნია შემზღუდველი ნორმატიული შინაარსი. კერძოდ, მხარეს უფლება არ აქვს არსებითი განხილვის სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო რეგულირების ამგვარი შემზღუდველი შინაარსის ლეგიტიმური მიზანია სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარესამართალწარმოების ეკონომიურობისა და სისწრაფის უზრუნველყოფა.
გამოსადეგობა
22. თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შემზღუდველი რეგულაცია იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. იმისათვის, რომ გასაჩივრებული რეგულაცია პასუხობდეს გამოსადეგობის მოთხოვნას, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული დებულების დანაწესი - გაუთვალისწინებელი შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობის არარსებობა, ნამდვილად უზრუნველყოფს სამართალწარმოების ეკონომიურობასა და ეფექტიანობას და წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, რადგან სასამართლო განხილვა იქნება დროში მოქნილი, სწრაფი და დაიცავს მას გადატვირთვისაგან. ამავდროულად, თუ წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ ესა თუ ის მტკიცებულება დასაშვებად ცნო, მის წარმომდგენ მხარეს აქვს ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მას არსებითი განხილვის სხდომაზე აუცილებლად გამოიკვლევენ, ამ შემთხვევაში მხარეს აქვს შესაძლებლობა, წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, შეიმუშაოს დაცვის სტრატეგია, დაკითხოს მოწმეები და ა.შ., რაც, თავისთავად, უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს და პროცესს ერთ მთლიანობაში გახდის სამართლიანს.
24. ამდენად, გასაჩივრებული სადავო ნორმა წარმოადგენს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას, ვინაიდან კოდექსით წინასწარ განუსაზღვრელ შემთხვევაში შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობის არსებობისას მივიღებდით მოცემულობას, როდესაც ნებისმიერი სახის შუამდგომლობის დაყენება მხარეს შეეძლებოდა პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, რაც გამოიწვევდა პროცესის მიმდინარეობის გაჭიანურებას, საპროცესო ეტაპების ერთმანეთში გადაზრდასა და მათ შორის ზღვრების წაშლას. იმავდროულად, მხარეებს აღარ ექნებოდათ შესაძლებლობა, წინასწარ განესაზღვრათ მათი დაცვის სტრატეგია პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ნებისმიერი შინაარსის შუამდგომლობის დაყენებით. ასევე, გაჩნდებოდა რისკები იმისა, რომ მხარეებს ბოროტად ესარგებლათ მინიჭებული უსაზღვრო უფლებამოსილებებით.
აუცილებლობა
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის.
26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შუამდგომლობის გარდა, სხვა ნებისმიერი შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობის გამორიცხვა, ცხადია, ამცირებს სასამართლოს გადატვირთვას, ზრდის მართლმსაჯულების ეფექტიანობას და, იმავდროულად, არ ეწინააღმდეგება მხარეთა შეჯიბრებითობას. ამასთან, არ იკვეთება უფლების ნაკლებად მზღუდავი რომელიმე ალტერნატიული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტიანობით უზრუნველყოფდა სასამართლოს განტვირთვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო რეგულირება აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს.
27. ამასთანავე, საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის VI კარი, რომელიც შეეხება სასამართლოში წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომებს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ წინასასამართლო სხდომა ტარდება საქმის არსებით განხილვამდე. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე არკვევს, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და რა მოცულობით, ასევე საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე ა) განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე; ბ) ამ კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესითა და სტანდარტით განიხილავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას. თუ ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატივით ორ თვეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი; გ) განიხილავს შუამდგომლობას საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის მიზნით; დ) განიხილავს მხარეთა სხვა შუამდგომლობებს; ე) წყვეტს არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხს. არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემა კი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. მაშასადამე, საქმის არსებითი განხილვის სხდომისთვის მომზადება მხარეთა მონაწილეობით ხორციელდება წინასასამართლო სხდომაზე, რომლის დროსაც მოსამართლე: ა) განსაზღვრავს საქმის არსებითი განხილვის სხდომის დაწყების თარიღს; ბ) საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსაწვევ პირებს უგზავნის სასამართლო უწყებებს; გ) ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან; დ) ბრალდებულს, რომელიც პატიმარი არ არის, წერილობით განუმარტავს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებს; ე) იღებს სხვა ზომებს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად.
28. წინასასამართლო სხდომის მნიშვნელოვანი კომპონენტებია მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ მხარეთა შუამდგომლობის განხილვა და საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. შესაბამისად, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე არ შედის პირის ბრალეულობის შეფასებაში, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე აფასებს მტკიცებულების კანონიერებასა და მის რელევანტურობას. ამავე მუხლის თანახმად, მხარე ვალდებულია მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, ვალდებულია დაუშვებლად ცნოს მტკიცებულება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას.
29. დამატებით აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე არ აფასებს იმას, თუ რომელი მტკიცებულება უფრო მეტად ადასტურებს ან უარყოფს პირის ბრალეულობას. პროცესის ამ ეტაპზე მოსამართლე მოწოდებულია იმისკენ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი წარმომავლობიდან გამომდინარე ცნოს დასაშვებად ან დაუშვებლად (შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას) და ემსახურება სწორედ იმას, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე არ მოხვდეს სწორედ რომ უკანონო მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობით მოსამართლემ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება ბრალდებულის მსჯავრდების შესახებ.
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების [სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების] რეალიზაციის უზრუნველყოფას ემსახურება ის ფაქტი, რომ საქმის ვითარების ყოველმხრივი გამოკვლევისათვის არსებით განხილვაზე უნდა მოხვდეს ისეთი კანონიერი მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა ბრალდების ან დაცვის მხარეს არ მიაჩნდეს რელევანტურად ან/და კანონიერად. აქვე, ხაზგასასმელია, რომ სისხლის სამართლის პროცესში წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის, საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემისა და მხარეთა შუამდგომლობების განხილვის პროცედურული მექანიზმები უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურად და დაუბრკოლებლად წარმართვას, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვასა და, ზოგადად, მართლმსაჯულების ეფექტიანად აღსრულებას. წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა კი იმგვარად, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს მოხდეს დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა და, ამავდროულად, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე არ არსებობდეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განმეორებითი განხილვის მექანიზმი, ხელს უწყობს ზემოთ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების ყველაზე ნაკლებმზღუდავი საშუალებით უზრუნველყოფას.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. აუცილებელია, უფლებაშემზღუდველი ღონისძიების შემუშავებისას სახელმწიფომ დაადგინოს სამართლიანი ბალანსი იმგვარად, რომ სიკეთე, რომლის მიღწევასაც ემსახურება სადავო ნორმა, აღემატებოდეს შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს.
32. განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის პროცესში მხარის ინტერესი, რომ პროცესის ნებისმიერ ეტაპზე დააყენოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შუამდგომლობის გარდა კოდექსით პირდაპირ გაუთვალისწინებელი შუამდგომლობები, მეორე მხრივ კი, ეჭვქვეშ დგება სისხლის სამართალში პროცესუალური წესრიგი, რათა მართლმსაჯულების განხორციელება იყოს სამართლიანი, ეფექტიანი, სწრაფი და ეკონომიური, ამავდროულად, მხარეებს გააჩნდეთ შესაძლებლობა სამართლიანი კონკურენციის პირობებში დაიცვან როგორც ბრალდების, ისე ბრალდებულის ინტერესები.
33. დაპირისპირებულ სიკეთეთა შორის სამართლიანი ბალანსის დადგენა მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების მნიშვნელობის, სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის სიმძიმის ანალიზს და მის შეპირისპირებას სასამართლოს გადატვირთვის ინტერესებთან. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლი განამტკიცებს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. ასევე, ორივე მხარეს თანაბრად აქვს უფლება კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. როგორც უკვე აღინიშნა, პროცესში მხარეს გააჩნია შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გაუთვალისწინებელი შუამდგომლობების დაყენებას კი გამორიცხავს მხოლოდ ამავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი. თითოეული სახის შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა პროცესის კონკრეტულ სტადიაზე მხარეებს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გააჩნიათ. შესაბამისად, მხარისათვის სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა, მხარეთა საპროცესო შესაძლებლობის თვალსაზრისით, დისბალანსს არ იწვევს. პირიქით, როგორც კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა, ისე პირდაპირ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში ამგვარი შუამდგომლობის დაყენების შეუძლებლობა თანაბრად მიემართება სამართალწარმოების ორივე მხარეს და, იმავდროულად, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის, ეფექტიანი მართლმსაჯულების, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვას. აღნიშნული კი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური სიკეთეებია.
34. გასაზიარებელია საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის პოზიცია იმ ნაწილში, რომ სისხლის სამართლის პროცესი შუამდგომლობის დაყენების მექანიზმთან მიმართებით უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი მთლიანი და დაუშვებელია ამ სისხლისსამართლებრივი ინსტიტუტის, როგორც ცალკე აღებულის, კონსტიტუციურ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მსჯელობა. მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობის არარსებობას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასებას პროცესის ეკონომიურობისა და სისწრაფის უზრუნველყოფისთვის, რისთვისაც აუცილებელია სისხლის სამართლის პროცესის სისტემური გაანალიზება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომის გამართვის ვალდებულებას, რომლის ფარგლებში განისაზღვრება წინასასამართლო სხდომის თარიღი. წინასასამართლო სხდომის ჩანიშვნამდე არა უგვიანეს 5 დღისა კი, მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. ამდენად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე როგორც მხარეებს, ისე სასამართლოს აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება განხორციელდეს ბრალდება. შესაბამისად, მხარეებს აქვთ თანაბარი შესაძლებლობა, წინასასამართლო სხდომაზე ამტკიცონ კონკრეტული მტკიცებულების კანონიერება თუ უკანონობა და მოითხოვონ მათი დასაშვებად თუ დაუშვებლად ცნობა, ასევე, წარმოადგინონ შესაბამისად წონადი და ფაქტებზე დამყარებული არგუმენტები მათი პოზიციის გასამყარებლად.
35. აქვე, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ ერთჯერადად, 5 დღის ვადაში საჩივრდება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მეშვეობით, რომელიც საჩივარს, საქმის მასალებსა და წინასასამართლო სხდომის ოქმს დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე განიხილავს საჩივარს მისი შესვლიდან 5 დღის ვადაში. შესაბამისად, მხარეს, თუ იგი მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება დაუსაბუთებლად იქნა დაუშვებლად ცნობილი, აქვს შესაძლებლობა, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მეშვეობით მიაღწიოს სასურველ შედეგს, რათა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოხვდეს ყველა ისეთი მტკიცებულება, რომელიც მხარის მოსაზრებით, აკმაყოფილებს კანონით დადგენილ წინაპირობებს და მისი პოზიციის დასასაბუთებლად აუცილებლად საჭიროებს არსებითად გამოკვლევას.
36. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები წინამდებარე საქმეში არსებული სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი. კერძოდ, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულების არსებითი განხილვის სხდომაზე დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას. ზემოხსენებული მსჯელობის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართალწარმოებაში წინასასამართლო სხდომის დანიშნულებასა და მიზნებზე. რაც შეეხება არსებითი განხილვის სხდომას მტკიცებულებათა შეფასების კუთხით, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ სწორედ პროცესის ამ ეტაპზე ხდება დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევა ხორციელდება მხარეთა მიერ უშუალოდ და ზეპირად (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლი), ამასთანავე, მხარეებს უფლება აქვთ მოიწვიონ და პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაკითხონ მოწმეები (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 244-246-ე მუხლები), შეამოწმონ მათ მიერ გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებები, ექსპერტთა დასკვნები და ა.შ. სასამართლო კი, თავის მხრივ, ვალდებულია მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, რომელიც დაფუძნებული იქნება იმ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომლებიც შეფასებულია სასამართლოს მიერ საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმები როგორც მტკიცებულებათა დასაშვებობის, მათი რელევანტურობისა და უტყუარობის შეფასების, ისე საქმის არსებითი განხილვის დროს მათი ყოველმხრივი გამოკვლევის კუთხით, გონივრულად ადგენს, ზოგადად, მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებებს.
37. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ბოროტად იყენებს მის უფლებამოსილებას და არ ასრულებს განაჩენის გამოტანისა და ბრალდებულის კონსტიტუციური უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით კოდექსით დადგენილ სტანდარტებს, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებში განაჩენის გასაჩივრების მექანიზმი ყოველთვის უზრუნველყოფს პირის უფლებების დაცვას ზემდგომი სასამართლოს კონტროლის მეშვეობით. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან, რომლის თანახმად, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე.
38. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, უპირველესად, მხარეს აქვს შესაძლებლობა თანაბარ და შეჯიბრებით გარემოში წარადგინოს მტკიცებულებები, იმსჯელოს მათ დასაშვებობასა თუ დაუშვებლობაზე, დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებების შესახებ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ყოველმხრივ და სრულად გამოიკვლიოს დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებები, ამასთანავე, გამონაკლის შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას, წარადგინოს ახალი მტკიცებულება, რომლის წარდგენა წინასასამართლო სხდომაზე ობიექტურად შეუძლებელი იყო (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ბოლოს კი, სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში და დააყენოს შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონის არსებითი დარღვევით გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმები გონივრული ბალანსის დაცვით უზრუნველყოფს როგორც მხარეთა ქმედით უფლებას სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობაზე, ასევე იმ ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, რომელსაც გასაჩივრებული სადავო ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, სამართალწარმოების ეკონომიურობისა და სისწრაფის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
39. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, საქათველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ „საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე“. მოცემული სამართლებრივი ნორმა მხარეს აძლევს შესაძლებლობას, დააყენოს შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის დროს. ამ ნორმით ასევე მოცემულია შუამდგომლობის განხილვა/გადაწყვეტის წესიც. ზემოხსენებული ნორმა წარმოადგენს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში მათი დამატებითი სამართლებრივი მექანიზმით აღჭურვის მაგალითს, რომლის მეშვეობით მათ შეუძლიათ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მათი პოზიციის დაცვის მიზნით მიმართონ ყველა კანონიერ საშუალებას და განახორციელონ კონსტიტუციურ უფლებათა დაცვა.
40. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მხარე კანონმდებლობით აღჭურვილია ზემოხსენებული საპროცესო მექანიზმებით, უზრუნველყოს შეჯიბრებით პროცესში საკუთარი ინტერესების სრულყოფილი დაცვა და, მათ შორის, ასეთ ძირითად მექანიზმს წარმოადგენს კოდექსით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა, ამის საპირისპიროდ, კონსტიტუციის სულისკვეთებიდან გამომდინარე, არ შეიძლება წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულების არსებითი განხილვის სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაყენება მიჩნეულ იქნეს მხარის ძირითად უფლებად, რომელიც სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან და სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებიდან გამომდინარეობს. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს პროცესის ეფექტიანობის უზრუნველმყოფი ღონისძიებები, მათ შორის, ერთი მხრივ, საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა სავალდებულოდ შეფასებისა და შესაბამისი დასაბუთებული განაჩენის მიღების ვალდებულება, ხოლო, მეორე მხრივ, მხარის უფლება, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გასაჩივრების გზით დაიცვას მისი დარღვეულად ნაგულვები უფლება.
41. №1472 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობის არარსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს მისი მხრიდან უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებას. შესაბამისად, აპელირებდა სამართალწარმოებაში მოსამართლის თვითნებობის რისკის არსებობასთან დაკავშირებით, რაც იწვევდა ბრალდებულის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. წინამდებარე გადაწყვეტილებაში არაერთხელ აღინიშნა, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის პროცესი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში, რომელსაც თან სდევს ბრალდებულის გარანტია უდანაშაულობის პრეზუმფციის სახით.
42. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კანონმდებელს აკისრებს ვალდებულებას, შექმნას მართლმსაჯულების ისეთი სისტემა, რომელიც შეძლებს სისხლისსამართლებრივ პროცესს დაქვემდებარებული პირის ინტერესების ჯეროვან დაცვას, არ ჩააყენებს მას არათანაბარ (არასამართლიან) პირობებში და გამორიცხავს სახელწიფო ორგანოთა მიერ თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების რისკს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/7/636 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
43. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია მოსარჩელის აპელირება მოსამართლის მხრიდან თვითნებობის რისკის არსებობასთან დაკავშირებით, მით უფრო მაშინ, როდესაც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისას ჯერ კიდევ გაურკვეველია ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იქნება მიღებული თუ გამამტყუნებელი. გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად სავალდებულოდ შესასრულებელი სისხლისსამართლებრივი სტანდარტის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. უტყუარია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, იმავდროულად, უნდა იყოს კანონიერი და სამართლიანი. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელმა მხარეები ფაქტობრივად აღჭურვა ყველა იმ გარანტიით, რომელთა მეშვეობით ისინი თავად შეძლებენ უზრუნველყონ პროცესის სამართლიანობა, მათ შორის, ისარგებლონ ეფექტიანი საშუალებებითა და სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის ქმედითი უფლებით.
44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემური ანალიზიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა შეესაბამება კონსტიტუციურ სტანდარტებს და, შესაბამისად, №1472 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის, 45-ე მუხლისა და 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1472 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე