საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do1/4/1394 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კვერენჩხილაძე |
თარიღი | 27 ივლისი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2023 18:54 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, იმავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ხსენებული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
I. შესავალი
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად არის მიჩნეული სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა, მათ შორის, მოსამართლის შეურაცხყოფით. გასაჩივრებული ნორმა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ითვალისწინებს სხვადასხვა სასჯელს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. №1394 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით მოითხოვდა სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადად აცხადებს მოსამართლის მიმართ იმგვარ შეურაცხმყოფელ გამოხატვას, რომელიც არ განხორციელებულა უშუალოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას და საფრთხე არ შეუქმნია მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელებისა და სამართალწარმოების პროცესის ჩვეული მიმდინარეობისათვის.
3. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, დაუშვებელია მხოლოდ მოსამართლის პატივისა და ღირსების დაცვის მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული რეგულაცია იძლევა პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას მოსამართლის მიმართ გამოხატული შეურაცხყოფისათვის, დანაშაულის ჩადენის ადგილისა და დროის მონაკვეთის იდენტიფიცირების საჭიროებაზე მითითების გარეშე. ამასთანავე, სადავო ნორმაში მოხსენიებული სიტყვები – „შეურაცხყოფა“ და „უპატივცემულობა“ აბსტრაქტული ცნებებია, რის გამოც იგი ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ხარისხის მიმართ წაყენებულ კონსტიტუციურ მოთხოვნებს. განუჭვრეტელი ნორმის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებას გააჩნია „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისათვის, რამდენადაც ასეთი პასუხისმგებლობის შიშით პირმა შესაძლოა თავი შეიკავოს იმგვარი გამოხატვისაგანაც კი, რომელიც სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვის მიღმაა და რომელიც გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროშია მოქცეული. ამგვარად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმა გადამეტებულად ფართოდ იძლევა იმ ნებისმიერი ქმედების სასამართლოს შეურაცხყოფად დაკვალიფიცირების შესაძლებლობას, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობად აღიქმება, რაც ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების უფლებას. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სისხლის სამართლის ნორმის საფუძველზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, როგორც აღინიშნა, არ დააკმაყოფილა №1394 კონსტიტუციური სარჩელი და გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან შესაბამისად მიიჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადად აცხადებს მოსამართლის მიმართ იმგვარ შეურაცხმყოფელ გამოხატვას, რომელიც არ განხორციელებულა უშუალოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას და საფრთხე არ შეუქმნია მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელებისა და სამართალწარმოების პროცესის ჩვეული მიმდინარეობისათვის.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მართალია, ზოგადად, მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი, არაეთიკური და უხამსი გამონათქვამები გამოხატვის თავისუფლებით დაცული უფლების შემადგენელ ნაწილად აღიარა და ამგვარი გამოხატვის განსაკუთრებული კონსტიტუციურსამართლებრივი დაცვის მნიშვნელობაზე არაერთხელ მიუთითა (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-4, მე-9 პარაგრაფები), თუმცა, მანვე მსგავსი ქმედებებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვისა და მისდამი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების, ისევე როგორც მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და ვიწროდ პროპორციულ საშუალებად მიიჩნია (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 30-ე, 36-ე, 37-ე–49-ე და 64-ე–65-ე პარაგრაფები). ამასთანავე, გადაწყვეტილების ლოგიკა ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანეთისაგან არ განასხვავა ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნები და მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების ინტერესი არამართებულად განიხილა სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის დაცვისა და მისდამი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების ლეგიტიმური მიზნის ნაწილად. გარდა ამისა, მანვე სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა – „უპატივემულობის“ და „შეურაცხყოფის“ ცნებების, თავად დანაშაულის ჩადენის დროისა და ადგილის თვალსაზრისით, საკმარისად განსაზღვრულად და არაორაზროვნად ფორმულირებულად ჩათვალა ისე, რომ არ შეუფასებია მისგან მომდინარე „მსუსხავი ეფექტის“ ზეგავლენა გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციის პროცესზე (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 74-ე–81-ე პარაგრაფები). გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე „მსუსხავი ეფექტის“ ჭრილში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედებისათვის დადგენილი თავისუფლების აღკვეთის სასჯელის კონსტიტუციურობის საკითხიც (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-16 პარაგრაფი).
6. წინამდებარე განსხვავებული აზრის ჩამოყალიბების საფუძველს სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით სადავო ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის პოზიცია წარმოადგენს.
7. მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმანეთისაგან უნდა განესხვავებინა მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები და სადავო ნორმის კონსტიტუციურობა თითოეულ მათგანთან განცალკევებით და განსხვავებული სტანდარტებით შეეფასებინა. კერძოდ, მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიება, თავისი ბლანკეტური ბუნების გათვალისწინებით, არ წარმოადგენდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვიწროდმიმართულ, აუცილებელ საშუალებას. სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვისა და მისდამი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით კი უნდა დაესკვნა, რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი ვერ გადაწონიდა მოსარჩელისა და მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ამ კონტექსტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებმა არასათანადოდ შეაფასეს, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვის მასშტაბი, შეზღუდვისგან მომდინარე რისკები, ხოლო, მეორე მხრივ, შეურაცხმყოფელი გამოხატვის ზეგავლენა სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტზე/რეპუტაციაზე და მისდამი საზოგადოების ნდობის ფაქტორზე, ისევე, როგორც ამგვარი გამოხატვით გამოწვეული საფრთხის ხელშესახებობა და რეალურობა.
8. ვთვლი, რომ ამავე გადაწყვეტილებით უნდა შეფასებულიყო სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის ზოგადაბსტრაქტული ბუნების გამო, რამდენად გააჩნდა სადავო ნორმას „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის პროცესზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის დანაშაულის ადგილად, უწინარესად, მოაზრებულია მთლიანად სასამართლოს შენობა და, სწორედ ამიტომ, არ შეაფასა სასამართლოს შენობის ფარგლებს გარეთ განხორციელებული სასამართლოს შეურაცხმყოფელი ქმედებების სისხლისსამართლებრივი დასჯადობის საკითხის კონსტიტუციურობა (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-20 პარაგრაფი), თუმცა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას სწორედ ის წარმოადგენდა, რომ შეფასებულიყო, რამდენად იძლეოდა სადავო ნორმა, თავისი ფორმულირებით, სხვადასხვა გარემოში, მათ შორის, სასამართლოს შენობის ფარგლებს გარეთ გამოყენების შესაძლებლობას. მაგალითად, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ „განუჭვრეტადობა ... არა მარტო ნორმის ტერმინებს უკავშირდება, ... არამედ უკავშირდება გამოხატვის ადგილსაც. ანუ ნორმა ამ შემთხვევაში განუჭვრეტადია იმ კუთხითაც, რომ არ გვეუბნება და ზუსტად არ გვაძლევს იმის აღქმის შესაძლებლობას თუ შეიძლება დაისაჯოს ადამიანი, მხოლოდ პროცესზე გამოხატული ასეთი შეურაცხყოფისთვის თუ პროცესს მიღმაც. ... დღეს თუ სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ სასამართლოს სასადილოში გამოთქმული შეურაცხყოფა არის სისხლის სამართლის დანაშაული, ხვალ რატომ არ შეიძლება სასამართლოს ეზოში ან ნებისმიერ სივრცეში გამოთქმული ეს შეურაცხყოფა იყოს სისხლის სამართლით დასჯადი ...“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2019 წლის პირველი აგვისტოს არსებითი სხდომის ოქმი №1394 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, გვ. 11).
9. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არასათანადოდ დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რამდენადაც, მართალია, მითითებული გადაწყვეტილებებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია სადავო ნორმის საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სასამართლოს შენობაში სასამართლოს მიმართ გამოხატული შეურაცხყოფის გამო, თუმცა არასდროს გამოურიცხავს სასამართლოს შენობის ფარგლებს მიღმა სადავო ნორმის გამოყენების შესაძლებლობა. ვფიქრობ, ჩემი კოლეგების მიერ განვითარებული მსჯელობა შესაძლოა რელევანტური იყოს გასაჩივრებული ნორმის ცალკეული ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის შეფასების ან/და სადავო ნორმის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განსაზღვრულობის კონსტიტუციურ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის ჭრილში, თუმცა ზეგავლენას ვერ მოახდენს მისგან მომდინარე „მსუსხავი ეფექტის“ არსებობის ფაქტის დადგენაზე გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. იმ პირობებშიც კი, თუ სადავო ნორმა აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილ სტანდარტებს, ვთვლი, რომ მას გააჩნია დამოუკიდებელი ზეგავლენა გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის პროცესზე. სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმიდან მომდინარე „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლებაზე, თავად სადავო ნორმის ბუნდოვანი და განუსაზღვრელი ხასიათის გამო, წარმოადგენს განცალკევებულ ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტის დაცულ სფეროში და წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილი სტანდარტებისაგან დამოუკიდებელი, განცალკევებული სტანდარტებით შეფასების საჭიროებას.
10. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებაზე „მსუსხავი ეფექტის“ ჭრილში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა თავისუფლების აღკვეთის სასჯელის კონსტიტუციურობაც. ამ კონტექსტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარისათვის პრობლემური იყო მხოლოდ სადავო ნორმით აკრძალული ქმედების სისხლისსამართლებრივი დასჯადობა, რამდენადაც სასჯელის პროპორციულობა შესაბამის კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით ცალკე სასარჩელო მოთხოვნად არ ჩამოუყალიბებია და არ წარმოუდგენია მსჯელობა სასჯელის არაპროპორციულობაზე (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-12–მე-13, მე-16 პარაგრაფები). ამავდროულად, ჩემმა კოლეგებმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინარე პრაქტიკაზე მითითებით, აღნიშნეს, რომ სასჯელების/სანქციების პროპორციულობა შეფასებადია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დადგენილ სპეციფიკურ სტანდარტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით კი, სადავო რეგულაციით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა შეფასებადი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ღონისძიება, თავისი ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ განეკუთვნება სადამსჯელო ღონისძიებას. მითითებულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მათ სასარჩელო მოთხოვნა შემოფარგლეს მხოლოდ დასკვნით სიტყვაში მოსარჩელე მხარის წარმომადგენლების შემაჯამებელი პოზიციით და თავი შეიკავეს სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის კონსტიტუციურობისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე მისი ზეგავლენის შეფასებისგან (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-14–მე-16 პარაგრაფები).
11. ამ კონტექსტში, მსურს მივუთითო, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებმა, ერთი მხრივ, დაავიწროვეს მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო, მეორე მხრივ, სასჯელის პროპორციულობასთან დაკავშირებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგადი სტანდარტები არასათანადოდ მიუსადაგეს განსახილველი საქმის ფარგლებში გადასწყვეტ სამართლებრივ მოცემულობას. უფრო კონკრეტულად, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დავის საგანთან დაკავშირებით მოსამართლის შეკითხვაზე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ედუარდ მარიკაშვილმა აღნიშნა, რომ სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული შინაარსი არ უნდა იწვევდეს პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გაიზიარებდა ამ არგუმენტაციას, მაშინ თავისუფლების ორი წლით აღკვეთის სასჯელი არაპროპორციულად უნდა გამოცხადებულიყო, ხოლო შემდგომში – მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა თეიმურაზ სვანიძემ დამატებით აღნიშნა: „თუ მიიჩნევს სასამართლო, რომ შეიძლება ამ მიზნით შეიზღუდოს გამოხატვა, მერე შეიძლება უკვე ვისაუბროთ პროპორციულობის ნაწილზე“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2019 წლის პირველი აგვისტოს არსებითი სხდომის ოქმი №1394 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, გვ. 35-36). უშუალოდ №1394 კონსტიტუციურ სარჩელშიც, მოსარჩელე მხარე არაერთხელ მიუთითებდა, რომ სისხლისსამართლებრივი ნორმის საფუძველზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვა არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და ვერ პასუხობდა აღნიშნული უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს. ამის დასტურად, №1394 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია: „მოსარჩელისათვის პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ამგვარი გამოხატვის შეზღუდვა ხდება ისეთი სისხლის სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, რის აუცილებლობასაც მოსარჩელე ვერ ხედავს“ (იხ., №1394 კონსტიტუციური სარჩელი, გვ. 20). შემდგომში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს: „მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ქმედებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის მწვავე სოციალური საჭიროება არ არსებობს. ქმედება, მისგან მომდინარე საფრთხეების ინტენსივობისა და პოტენციურად დაზარალებული სამართლებრივი სიკეთეების გათვალისწინებით არ არის ისეთი ბუნების, რომელიც საჭიროებს პირის თავისუფლებაში ამგვარ ჩარევას“ (იხ., №1394 კონსტიტუციური სარჩელი, გვ. 22). საბოლოო ჯამში, მოსარჩელე მხარე ასკვნის და აღნიშნავს: „მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შემოწმების ვერც ამ საფეხურს [მოსარჩელე გულისხმობს თავისუფლების აღკვეთის სასჯელის პროპორციულობას], რადგან არ არსებობს გამოყენებული მზღუდავი საშუალების აუცილებლობა და ეს უკანასკნელი არაპროპორციულია. შესაბამისად, სადავო ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებს“ (იხ., №1394 კონსტიტუციური სარჩელი, გვ. 23).
12. ვთვლი, რომ სწორედ მოსარჩელე მხარის ზემოხსენებული არგუმენტაცია წარმოადგენდა საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით არსებითად განსახილველად მიიღო როგორც ქმედების შემადგენლობის, აგრეთვე სასჯელის ნაწილში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №1/6/1394 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). იმავდროულად, მოსარჩელე მხარეს არც მოცემული საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე და არც შემდგომ, რაიმე ფორმით, ექსპლიციტურად, არც ერთხელ მიუთითებია იმის თაობაზე, რომ ამცირებდა სასარჩელო მოთხოვნას სადავო ნორმის იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც ადგენს სასამართლოს უპატივცემულობისათვის თავისუფლების აღკვეთის სასჯელს.
13. რაც შეეხება სასჯელების/სანქციების პროპორციულობის საკითხის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დადგენილ სპეციფიკურ სტანდარტებთან მიმართებით შეფასებასთან დაკავშირებულ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებას, მიმაჩნია, რომ ჩემმა კოლეგებმა ხსენებული სტანდარტები არასათანადოდ მიუსადაგეს განსახილველი საქმისა და, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების უფლების სპეციფიკას. მიმაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე საკითხი შეეხებოდა არა უშუალოდ სასჯელის პროპორციულობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით, არამედ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლისგან მომდინარე სხვა კონსტიტუციური სტანდარტის შეფასებას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, გულისხმობს სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაკისრების ზეგავლენის კონსტიტუციურობის შეფასებას გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის პროცესზე. ვთვლი, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე „მსუსხავი ეფექტის“ კონტექსტში, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი განსაზღვრავს დამოუკიდებელ მოთხოვნას სასჯელთან მიმართებით, რაც კონსტიტუციურსამართლებრივად არა სასჯელის/სანქციის პროპორციულობის, არამედ გამოხატვის თავისუფლების უფლების შინაარსობრივი სტანდარტია და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით მსჯელობის მიღმა არ უნდა დაეტოვებინა სადავო ნორმით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასება.
II. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გარანტირებული უფლების დაცული სფერო
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა თანმიმდევრულად მიუთითებს, რომ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, საფუძველს თითოეული ინდივიდისა და სრულიად საზოგადოების პროგრესული განვითარებისათვის. გამოხატვის თავისუფლების სულისკვეთება ისეთი იდეებისა თუ შეხედულებების გავრცელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომელიც არსებითად დაკავშირებულია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხედულებათა მრავალფეროვნებასთან, აზრთა ჭიდილთან და საჯარო და ინფორმირებული დებატების წახალისებასთან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). იმავდროულად, გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ იმგვარი იდეებისა და ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეესაბამება სოციუმში გაბატონებულ შეხედულებებს ან საზოგადოებისათვის სასარგებლოდ, მისაღებად ან/და უვნებლად მიიჩნევა და მიმართულია საზოგადოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე დებატების წახალისებისაკენ, არამედ, მათ შორის, განიხილება როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მიუღებელ, შეურაცხმყოფელ, შემაწუხებელ ან/და შოკისმომგვრელ ინფორმაციად. იდეათა თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ სისტემებში, საზოგადოების ფართო ფენებისათვის შესაძლოა, ყოველთვის არ იყოს მისაღები ცალკეული ინდივიდების გამოხატვა, თუმცა აღნიშნული გარემოება გამოხატვას კონსტიტუციურსამართლებრივი დაცვის მიღმა მყოფად არ გადააქცევს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
15. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული თავისუფლების უფლებრივი კომპონენტების განსაზღვრის პროცესში აუცილებლად მესახება, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მიუღებელ, შეურაცხმყოფელ, შემაწუხებელ ან/და შოკისმომგვრელ გამოხატვასთან დაკავშირებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებები არ გადაიქცეს მარტოოდენ თეორიულ, საგანმანათლებლო მასალად. სავსებით ბუნებრივია, რომ ადამიანებისათვის, ხშირ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობა მოიცავს მღელვარების, შფოთვის, უკმაყოფილების და შეურაცხმყოფელი სიტყვების ვერბალურად ან სხეულებრივი ენით გადმოცემას. აზრის გადმოცემისას ინდივიდები გამოხატვის ფორმებს, მათ შორის, სიტყვებსა თუ ჟესტიკულაციას არჩევენ არა მხოლოდ რაციონალური აზროვნების შედეგის გადმოსაცემად ან/და ინფორმირებული პოზიციის გამოსახატავად, არამედ საკუთარი ემოციების შესაბამისადაც. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის განმარტების, ისევე, როგორც მისით დადგენილი სტანდარტების საკანონმდებლო დონეზე ასახვისა და სასამართლოების, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრაქტიკაში აღსრულების პროცესი შეფასების მიღმა არ უნდა ტოვებდეს გამოხატვის თავისუფლების ემოციურ ფუნქციას, რომელიც, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა მეტად მნიშვნელოვანი ელემენტი იყოს კონკრეტული მესიჯის გადმოცემისათვის, ვიდრე სტერილური სიტყვები.
16. ამ მხრივ, შესაძლებელია, ხშირად გაჩნდეს შთაბეჭდილებები, რომ თანამედროვე პერიოდში საჯარო დებატები საზოგადოების წევრებისათვის მიუღებელი, არაეთიკური, უხამსი თუ შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და ჟესტიკულაციითაა სავსე. სავსებით გასაგებია, რომ ამგვარი მოცემულობა იწვევდეს საზოგადოების გაღიზიანებასა და შეშფოთებას. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ამგვარი გამოხატვისადმი ტოლერანტობა და შემწყნარებლობა არა საზოგადოების სისუსტის, არამედ სიძლიერის მანიშნებელია. გამოხატვის თავისუფლების უფლების ერთი შეხედვით ბოროტად გამოყენებაც კი, თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ მონაპოვარს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სრულიად ფუჭი, ყოვლად არასერიოზული ან/და შეურაცხმყოფელი გამოხატვაც კი დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით. ამასთანავე, მსგავსი პრივილეგია დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ ტექსტუალური თვალსაზრისით ნორმატიულ დონეზე – საკანონმდებლო აქტებით ან/და სასამართლო გადაწყვეტილებებით აბსტრაქტულად აღიარებით, არამედ, უმთავრესად, ყოველდღიურ საწყისებზე, პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტირებით. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციის გზები არის მშვიდობიანი, არ არის აუცილებელი რომ გამოხატვა საზოგადოებრივად მისაღები იყოს იმისათვის, რათა მან, ზოგადად, კონსტიტუციურსამართლებრივი თუ უპირატესი დაცვა მოიპოვოს ღირებულებით წესრიგში.
17. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლო ხელისუფლებისა თუ მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებულ, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხების თაობაზე ინდივიდებისა და საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ აზრის გამოხატვა განსაკუთრებული საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს. საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი, რომ ინფორმაცია და შეხედულებები იმ ორგანოების/თანამდებობის პირების შესახებ, ვინც მართავს ან სურს საზოგადოების/სახელმწიფოს მართვა, ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების თითოეული წევრისათვის, რათა გამოვლენილ იქნეს შეცდომები, ხარვეზები ან გადაცდომები სახელმწიფო ხელისუფლების, მათ შორის, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, თუნდაც იგი მოუზომელი, უხეში ან შეურაცხმყოფელი ფორმით იყოს გამოხატული. სწორედ ამიტომ, როდესაც საკითხი საჯარო თანამდებობის პირების, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების/მოსამართლეების წინააღმდეგ გამოხატვას შეეხება, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრულყოფილი და ეფექტიანი რეალიზაცია სახელმწიფოს მხრიდან დაცვის უმაღლესი გარანტიების შეთავაზებას მოითხოვს, რაც, პირდაპირპროპორციულად, ამცირებს საკანონმდებლო ორგანოსა და სამართალშემფარდებლის თავისუფალი შეფასების ფარგლებს. სწორედ მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების საქმიანობისადმი მომეტებული საჯარო ინტერესი, მათი საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის საჭიროება განაპირობებს იმას, რომ საჯარო თანამდებობის პირების, მათ შორის, მოსამართლეების მიმართ განცხადებები განსაკუთრებულადაა დაცული გამოხატვის თავისუფლებით. მსგავსი განცხადებების გაკეთებისას პირები სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლებით და, პირიქით, ამგვარი თანამდებობის პირებს, მათ შორის, მოსამართლეებს, საკუთარი თანამდებობიდან და ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, გააჩნიათ თმენის ვალდებულება. შესაბამისად, ის გარემოება, რომ შეურაცხმყოფელი გამოხატვა განხორციელებულია სასამართლო ხელისუფლების/მოსამართლის მიმართ, არ უნდა განაპირობებდეს სასამართლო ხელისუფლების/მოსამართლის მიმართ დასაშვები გამოხატვის ფარგლების შემცირებას. სახელმწიფო მხოლოდ უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში უნდა იყოს უფლებამოსილი დააწესოს გამოხატვის ამ ფორმაზე შეზღუდვები. ამრიგად, გამოხატვის თავისუფლების უფლების საგარანტიო ფუნქცია მოითხოვს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება ინდივიდის გამოხატვის თავისუფლებაში ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს საამისოდ აუცილებელი მწვავე, რეალური და მყისიერი საჭიროება და როდესაც ამგვარი ჩარევა განპირობებულია უაღრესად აღმატებული მიზნების მიღწევის ლეგიტიმური ინტერესით.
III. სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვისა და მისდამი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების მიზნით მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხატვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურობა
18. №1394 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელეს, ერთი მხრივ, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვისა და მისდამი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების, ხოლო, მეორე მხრივ, მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების ინტერესების უზრუნველყოფა. ამ მხრივ, უპირველესად, ყურადღებას გავამახვილებ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციისა და მისდამი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების ლეგიტიმური მიზნის უზრუნველყოფის მოტივით სასამართლოს მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხატვისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურობაზე.
19. ბუნებრივია, ვიზიარებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მსჯელობას და, ზოგადადაც, შეუძლებელია იმ გარემოების უარყოფა, რომ სასამართლო ხელისუფლების, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური განვითარების, სტაბილურობის და, ზოგადად, საზოგადოების ფუნქციონირების გარანტი სახელისუფლებო შტოს ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვა და მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველყოფა წარმოადგენს უაღრესად ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს. მართლმსაჯულების სისტემის რეგულარული და გამართული ფუნქციონირებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოების მხრიდან ნებაყოფლობითი თანამშრომლობისათვის, კრიტიკულად აუცილებელია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ააგოს და შეინარჩუნოს საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა. საზოგადოების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნდობის გარეშე იგი მოკლებული იქნება სათანადო საზოგადოებრივ ლეგიტიმაციას მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეების განხილვა-გადაწყვეტის პროცესში. სწორედ ამიტომ, აუცილებელია არა მხოლოდ ის, რომ სასამართლო ხელისუფლება, სამართლებრივი თვალსაზრისით, იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ან/და კომპეტენტური, არამედ vox populi აღიქმებოდეს ამგვარად. ამასთანავე, ხაზგასმით მსურს ყურადღების იმ გარემოებაზე გამახვილება, რომ სასამართლოს უპატივცემულობის დასჯადობის ლეგიტიმურ მიზანს, არც ერთ შემთხვევაში, არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამართლეების, როგორც ინდივიდების/პიროვნებების ან/და მათი ინდივიდუალური გრძნობების დაცვა, როგორც ამაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებმა არაერთხელ მიუთითეს (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 26-ე, 30-ე, 36-ე, 41-ე, 49-ე პარაგრაფები).
20. თავის მხრივ, არ გამოვრიცხავ იმას, რომ სასამართლო ხელისუფლების/მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს შესწევდეს უნარი, ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებისა თუ მოსამართლის საქმიანობის აღქმაზე და, გარკვეულ შემთხვევებში, ასუსტებდეს კიდეც მას.
21. მიუხედავად აღნიშნულისა, მიმაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის შენარჩუნება, საზოგადოების მხრიდან პატივისცემისა და ნდობის მოპოვება შეუძლებელია კრიტიკისაგან, თუნდაც უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისაგან სასამართლო ხელისუფლების/მოსამართლის დაცვით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების გზით საზოგადოებრივი აზრის ჩარჩოში მოქცევის მცდელობა, რაც ნაკარნახევია მარტოოდენ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვის მოტივით, მხოლოდ ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და უნდობლობის გაღვივებას სასამართლო ხელისუფლებისა თუ მოსამართლეების მიმართ. იმედოვნება, რომ პრინციპი – „შიში შეიქმს სიყვარულსა“ გამართლებული ან თუნდაც ეფექტიანი იქნება საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად, არის ილუზორული. შეუძლებელია შიშით სასამართლო ხელისუფლების საქმიანობისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი ნდობის, პატივისცემისა თუ ავტორიტეტის მოპოვება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მისწრაფება, რომ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვა და საზოგადოებრივი პატივისცემისა და ნდობის მოპოვება იძულებით, ინდივიდებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გზითაა შესაძლებელი, არის ფუჭი და საზოგადოების წევრების აზროვნების შესაძლებლობის არასწორი აღქმის შედეგი. საზოგადოება საკმარისად პასუხისმგებლიანი და გონიერია იმისათვის, რათა ცალკეული ინდივიდების მიერ სასამართლო ხელისუფლების ან მოსამართლეების მიმართ გამოთქმული, თუნდაც უკიდურესად ზღვარგადასული, შეურაცხმყოფელი ენით ან/და ჟესტიკულაციით გამოხატული პოზიციის, მათ შორის, პოპულისტური თუ malum in se გამონათქვამების, მიკერძოებული მოსაზრებების შინაარსი გაიაზროს და იდეათა თავისუფალ ბაზარზე არსებული განსხვავებული ინფორმაციის/მოსაზრებების ურთიერთშეჯერების შედეგად შეაფასოს გამოთქმული შეურაცხმყოფელი პოზიციის საფუძვლიანობა. სასამართლო ხელისუფლების/მოსამართლეების მიმართ გამოთქმული აზრის რეგულირების ნებისმიერი, მით უმეტეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის განსაზღვრის მცდელობა მხოლოდ აძლიერებს საზოგადოების ეჭვს, რომ ამგვარი პოზიციები სულაც არ არის უსაფუძვლო.
22. მსურს ყურადღება გავამახვილო აგრეთვე იმ უმთავრეს ფაქტორზე, რომელიც საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლების/მოსამართლეების მიმართ ნდობისა თუ სკეპტიციზმის ჩამოყალიბების/შენარჩუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად მესახება. ვიზიარებ მოსაზრებას, რომ სასამართლო ხელისუფლების სანდოობისადმი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ერთ-ერთი მთავარი, თუ არა გადამწყვეტი ფაქტორი თავად სასამართლოს მიერ საკუთარი კონსტიტუციური მანდატის სათანადოდ განხორციელებაა. სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბების/შენარჩუნების საფუძველს უშუალოდ სასამართლოს/მოსამართლის მიერ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება, კანონიერი გადაწყვეტილებების მიღების ფაქტი და სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთების სტანდარტები ქმნის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არგუმენტაცია, რომ თუ არ იარსებებს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვის სისხლისსამართლებრივი მექანიზმები, მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ინტერესი დაზარალდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო თავდასხმებით (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-40, 43-ე, მე-59 პარაგრაფები), არის საფუძველს მოკლებული. სასამართლო ხელისუფლების/მოსამართლის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი არ საჭიროებს საზოგადოებრივი განწყობების შექმნას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით, არამედ იგი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ ნდობას სწორედ ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებით, მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობით, სამართლიანობით და ობიექტურობით იძენს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ხელისუფლებისადმი/მოსამართლისადმი საზოგადოების სანდოობა იმდენად დაბალია, რომ ცალკეული ინდივიდების განცხადებებს, თავად სასამართლო ხელისუფლების/მოსამართლის საქმიანობის შინაარსისაგან დამოუკიდებლად, შეუძლია სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის სერიოზულად დაზიანება, ამგვარი შერყეული ნდობის აღდგენა მით უმეტეს შეუძლებელი იქნება იმ პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების გზით, რომლებმაც შეურაცხმყოფელი ლექსიკით, ჟესტიკულაციით ან/და ტონით დააფიქსირეს პოზიცია სასამართლო ხელისუფლების ან/და მოსამართლის საქმიანობის მიმართ.
23. ასევე, ყავლგასულად მიმაჩნია არგუმენტი იმის თაობაზეც, რომ მოსამართლეებს ეკისრებათ იმგვარი „თავშეკავების ვალდებულება“, რომელიც მათ უზღუდავს/ართმევს საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ გამოთქმულ, მათ შორის, შეურაცხმყოფელ თავდასხმებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 28-ე, 43-ე პარაგრაფები). თამამად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ შეიცვალა დამოკიდებულება მოსამართლეთა „თავშეკავების ვალდებულებასა“ და მის ფარგლებთან დაკავშირებით. თანამედროვე დემოკრატიებში მოსამართლეები სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით, ისინი არ საუბრობენ მხოლოდ სასამართლო დარბაზებში და მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებებით. მართალია შეზღუდულად, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, თუმცა მოსამართლეებს, სამოსამართლო ეთიკის ფარგლებში, შეუძლიათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება იმგვარად, რომ არ შეარყიონ მართლმსაჯულების ინტერესები, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.
24. პარალელურად, იმ დაშვებითაც კი, რომ მოსამართლეებს ეკისრებათ იმგვარი თავშეკავების ვალდებულება, რაც ზღუდავს/გამორიცხავს მოსამართლის მიერ მის მიმართ გამოხატულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე პასუხის გაცემის ნებისმიერ შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების გათვითცნობიერებულობისა და ნდობის გაუმჯობესება განიხილება. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკისრება ვალდებულება და ენიჭება შესაძლებლობა სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვისათვის. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს შესაძლებლობა, მოსამართლის ნაცვლად, სათანადო შემთხვევებში, დროულად და ეფექტიანად მოახდინოს რეაგირება სასამართლო ხელისუფლებისა თუ მოსამართლის წინააღმდეგ მიმართულ შეურაცხმყოფელ გამოხატვაზე, რათა საზოგადოების წინაშე დაიცვას სასამართლო ინსტიტუტის ავტორიტეტი/რეპუტაცია და გააქარწყლოს პირთა მხრიდან ისეთი შეურაცხმყოფელი გამოხატვები, რომელიც არსებითად აზიანებს და საფუძველს აცლის სასამართლო ხელისუფლებისა და მისი საქმიანობისადმი საზოგადოების ნდობას. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მოსამართლის „თავშეკავების ვალდებულებასთან“ დაკავშირებული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასამართლოს მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხატვით გამოწვეული ზიანის ხარისხის შესაფასებლად.
25. როგორც აღინიშნა, სასამართლო ხელისუფლებისადმი/მოსამართლისადმი შეურაცხმყოფელ გამოხატვას აქვს უნარი, გარკვეულწილად, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციაზე/ავტორიტეტზე და გააჩინოს კითხვები საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლებისა თუ მოსამართლის საქმიანობისადმი ნდობის თვალსაზრისით, თუმცა, მიმაჩნია, რომ მსგავსი ზიანი ვერ იქნება არსებითი. ვარაუდი, რომ მოსამართლისადმი შეურაცხმყოფელ გამოხატვას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი, საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, შეურაცხმყოფელი განცხადებები სასამართლოს რეპუტაციისთვის არც ერთადერთი და, მით უმეტეს, არც გადამწყვეტი წინაპირობაა. შესაბამისად, ვთვლი, რომ სასამართლო ხელისუფლების/მოსამართლის წინააღმდეგ გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამოხატვა, რამდენად ინტენსიური ფორმითაც არ უნდა იყოს იგი გამოხატული, ცალკე აღებული, ვერ იქნება თვითკმარი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლების რეპუტაცია მაღალი ხარისხით დაზიანდა.
26. საპირისპიროდ, ნებისმიერი სახის მორატორიუმი საჯარო დისკუსიაზე არის გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი ხელყოფა. სასამართლო ხელისუფლებისა თუ მოსამართლისადმი ამა თუ იმ მოსაზრების კორექტირება, როგორი შეზღუდული ფორმითაც არ უნდა განხორციელდეს, ყოველთვის წარმოშობს რისკებს იმისა, რომ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო ინდივიდებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა გადაიქცევა განსხვავებული, მიუღებელი და არაპოპულარული აზრების გავრცელების შეზღუდვის მექანიზმად სახელმწიფოს ხელში. მოსამართლის შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სახელმწიფოს, ფაქტობრივად, განუსაზღვრელ და უკონტროლო ძალაუფლებას ანიჭებს, რამდენადაც შეურაცხყოფის კონცეფცია წარმოადგენს აბსტრაქტულ ცნებას, ტოვებს სუბიექტივიზმისათვის გადაჭარბებულ სივრცეს და, ამასთანავე, არც არსებობს რაიმე მექანიზმი, რომელიც ობიექტურ, ცხად კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოხატვის შეურაცხყოფად კლასიფიცირებას შესაძლებელს გახდიდა. სულ მცირე, ზედაპირულია ვარაუდი, რომ შესაძლებელია ცალკეული შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიების სახელმწიფოს მიერ აკრძალვა ამ პროცესში შესაბამისი იდეების/მოსაზრებების შინაარსის შეზღუდვისათვის არსებითი რისკის შექმნის გარეშე. სწორედ ამიტომ, მივიჩნევ, რომ მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვის მიზნით შეურაცხმყოფელი გამოხატვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას გააჩნია „მსუსხავი ეფექტი“ და ყოველთვის იძლევა არაგონივრულად ფართო არეალს სუბიექტური შეფასებისათვის როგორც სამართალშემფარდებლის, აგრეთვე სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის ადრესატთა მხრიდან.
27. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ სასამართლო ხელისუფლებისა თუ მოსამართლის საქმიანობისადმი შეურაცხმყოფელი გამოხატვის მეშვეობით საზოგადოებრივი ნდობისთვის მიყენებული ზიანი არ არის იმ ხარისხის, რომ საჭიროებდეს მოსამართლის შეურაცხყოფისაგან სპეციალურ დაცვას, ვიდრე ეს ორდინალური პირებისათვისაა გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, საკანონმდებლო ორგანომ არ უნდა შექმნას დამატებითი არასაჭირო და საფრთხის შემცველი მექანიზმები სასამართლოს საქმიანობის, მოსამართლის ან მისი ცალკეული გადაწყვეტილების შესახებ მოსაზრებების ან კრიტიკის შეზღუდვისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი გადაწყვეტა შესაძლოა მნიშვნელოვან ტვირთს აკისრებდეს, ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებას თუ ინდივიდუალურ მოსამართლეს, ეს არის ფასი, რომელსაც მოსამართლეები იხდიან სამოსამართლო საქმიანობისათვის. შესაბამისად, ვთვლი, რომ მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვისა და საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნების ლეგიტიმური ინტერესი ვერ გადაწონის გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას.
IV. მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხატვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურობა
28. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დადგენის ერთადერთი სტანდარტი და კრიტერიუმი იმაში უნდა მდგომარეობდეს, თუ რამდენად უქმნის რეალურ და მყისიერ საფრთხეს მოსამართლის მიმართ გამოხატული შეურაცხმყოფელი მოსაზრება საქმეზე მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმურ ინტერესს. როგორც აღინიშნა, დასახელებული ლეგიტიმური მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვისა და მისდამი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების ლეგიტიმური მიზნის შემადგენელ ნაწილად იქნა განხილული, რასაც არ ვეთანხმები მისი არამართებულობის გამო.
29. საქმეზე მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმური მიზანი გულისხმობს სასამართლოს/მოსამართლის შესაძლებლობას, სათანადოდ განახორციელოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, შეუფერხებლად გაუძღვეს და წარმართოს პროცესი მთელი მისი მიმდინარეობისას, დაწყების მომენტიდან დასრულებამდე. თავის მხრივ, სასამართლოს სათანადოდ, შეუფერხებლად ფუნქციონირება არა თვითმიზანი, არამედ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. გამართულად ფუნქციონირებადი მართლმსაჯულების სისტემის გარეშე შეუძლებელი იქნება როგორც პირთა ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და სამართლიანობის უზრუნველყოფა, ასევე, ზოგადად, სახელმწიფოს დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. სწორედ ამიტომ, სასამართლო ხელისუფლება/მოსამართლე, როგორც საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი საჯარო სერვისის – მართლმსაჯულების მიწოდებაზე ექსკლუზიური კომპეტენციის მქონე სუბიექტი, აუცილებელია აღჭურვილი იყოს სათანადო მექანიზმებით იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოს/მოსამართლის განხილვაში არსებულ თითოეულ საქმეზე დროული, ჯეროვანი და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სასამართლო პროცესის/სხდომის ნორმალური მიმდინარეობის უზრუნველყოფა არის ის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი, რომლის მიღწევის მიზნითაც სახელმწიფო უფლებამოსილია, შეიმუშაოს სათანადო ღონისძიებები, მათ შორის, გაითვალისწინოს მსგავსი ინტერესის ხელყოფის საწინააღმდეგოდ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმი.
30. ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ სასამართლოს შეუფერხებელი ფუნქციონირების ინტერესი მოიცავს არაერთ კომპონენტს და არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოს დარბაზში პროცესის მიმდინარეობით. მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელება შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირი, რომელიც შეურაცხყოფს სასამართლოს, არ იმყოფება უშუალოდ სხდომის დარბაზში. სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება, სასამართლო პროცესის ბუნება და მიმდინარეობა შესაძლებელია შეაფერხოს, მათ შორის, ისეთმა შეურაცხმყოფელმა გამოხატვამ, რომელიც განხორციელდა არა მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში, არამედ სასამართლოს შენობაში ან მის ფარგლებს გარეთაც კი. ამასთანავე, ნებისმიერ შემთხვევაში, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს უნდა ქმნიდეს არა სასამართლოს/მოსამართლის შეურაცხყოფის თავისთავადი ფაქტი, არამედ მხოლოდ იმგვარი შეურაცხყოფა, რომელიც წარმოშობს სასამართლოს/მოსამართლის შეუფერხებელი საქმიანობის ხელყოფის რეალურ, ნამდვილ და მყისიერ საფრთხეს. ამდენად, ცალკე აღებული, გამოხატული აზრის სიმძაფრე და ფორმულირება არ უნდა იყოს განხილული როგორც თვითკმარი საფუძველი იმისათვის, რათა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. საპირისპიროდ, სასამართლოს/მოსამართლის შეუფერხებელი საქმიანობისათვის რეალურ და მყისიერ საფრთხეს შეიძლება წარმოშობდეს, მაგალითისათვის, პირის დაუმორჩილებლობა სასამართლოს ბრძანების მიმართ, მრავალგზის, ხმამაღლა, დესტრუქციულად შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების გამოვლენა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, რაც იწვევს კიდეც მართლმსაჯულების ჯეროვანი ადმინისტრირების ინტერესის ხელყოფას. ამგვარად, მიმაჩნია, რომ მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხატვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას საერთო სასამართლო არ უნდა მოქმედებდეს იმ დაშვებით, რომ სასამართლოს მიმართ გამოვლენილ უპატივცემულობას, რომელიც შეურაცხყოფით გამოიხატა, გააჩნია თანდაყოლილი ტენდენცია სამართლო ხელისუფლების საქმიანობის შეფერხებისა და მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების ინტერესის ხელყოფისათვის.
31. რაც შეეხება უშუალოდ სადავო ნორმის მოქმედების არეალს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გავრცელების აბსოლუტურ აკრძალვას სასამართლოს საქმიანობაზე, სასამართლოში საქმის მიმდინარეობის პროცესზე ზეგავლენის, ეფექტის, საფრთხის რეალურობისა და იმწუთიერების შეფასების გარეშე. ამდენად, ნათელია, რომ სადავო ნორმის მოქმედების სფეროში ექცევა, მათ შორის, იმგვარი გამონათქვამები, რომლებიც სასამართლოს საქმიანობას მხოლოდ უმნიშვნელოდ, არაარსებითად ან საერთოდ არ აფერხებს. როგორც აღინიშნა, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობას, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად შეიმუშაოს სათანადო ბერკეტები, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმები, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული ამგვარი რეგულაცია უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვიწროდმიმართული საშუალება. განსახილველ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ სადავო ნორმა, სასამართლოს შეურაცხყოფის სრული და ბლანკეტური აკრძალვით, იმაზე მეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმური ინტერესის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ვთვლი, რომ გასაჩივრებული რეგულირება არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და არაპროპორციულად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას.
V. მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხატვისათვის თავისუფლების აღკვეთის სასჯელის კონსტიტუციურობა
32. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი რეგულაციის მეშვეობით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გარანტირებულ უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შეფასებისათვის, ერთ-ერთ განმსაზღვრელ გარემოებას წარმოადგენს ის, თუ რამდენად სერიოზულ ზეგავლენას განიცდის ინდივიდის გამოხატვის თავისუფლება. თავის მხრივ, გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობისათვის დაწესებული სასჯელის ბუნება და სიმძიმე სწორედ ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც, მათ შორის, უნდა იქნეს გათვალისწინებული აღნიშნულ უფლებაში ჩარევის სიმძიმისა და პროპორციულობის შესაფასებლად. აშკარაა, და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც არაერთხელ დაუდასტურებია, რომ სასჯელის/სანქციის დაწესება წარმოშობს „მსუსხავ ეფექტს“ გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობაზე, რაც განაპირობებს ინდივიდების მხრიდან თვითცენზურისა და აღნიშნული უფლების სრულყოფილად განხორციელების თვითშეზღუდვის შეუქცევად რისკებს. ამდენად, სასჯელის/სანქციის „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასების კიდევ ერთი კრიტერიუმია.
33. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, რომელიც იწვევს ინდივიდის საზოგადოებისაგან იზოლირებას, რაც ზემოქმედებს არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებით, არამედ მთელი სპექტრი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობაზე. მაგალითისათვის, თავისუფლებააღკვეთილი პირი მოკლებულია შესაძლებლობას დაამყაროს სოციალური კავშირები, სრულფასოვნად ისარგებლოს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით, შეუფერხებლად განახორციელოს საგანმანათლებლო თუ პროფესიული საქმიანობა და სხვა. ამგვარად, თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენება, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ინტენსიურად ერევა ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ, პირად, სოციალურ თუ პროფესიულ სფეროებში. თავის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინტენსიური ფორმით რეაგირება და პირისათვის თავისუფლების აღკვეთის სასჯელის დაკისრება მარტოოდენ იმიტომ, რომ იგი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობს, მხოლოდ ცალსახად განსაკუთრებულ, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან შესაბამისად მიჩნეული. გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის გამო ინდივიდების წინააღმდეგ თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენება განხილულ უნდა იქნეს არა წესად, არამედ იშვიათ გამონაკლისად, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან, როგორც რეაქციული იძულებითი ზომა, გამოყენებულ იქნება მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს სხვა ფუნდამენტური უფლებების სერიოზულ დარღვევას და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი, თავისი მოცულობითა და სიმკაცრით, იქნება დანაშაულებრივი ქმედების ხასიათისა და იმ ლეგიტიმური მიზნის პროპორციული, რომლის მიღწევასაც ემსახურება სახელმწიფო ხელისუფლება.
34. სწორედ ამიტომ, იმის მიღმა, რომ მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვისა და საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნების ლეგიტიმური ინტერესი ვერ გადაწონის გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას, შეურაცხმყოფელი გამოხატვისაგან მომდინარე სასამართლო ხელისუფლებისათვის პოტენციურ ზიანთან მიმართებით, მით უმეტეს, განსაკუთრებით არაპროპორციულად მიმაჩნია ინდივიდების წინააღმდეგ თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გათვალისწინება. გარდა ამისა, თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენება უხეშად დისპროპორციულია სასამართლოს იმგვარი უპატივცემულობისთვის, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით, თუ ამ ქმედებას ხელი არ შეუშლია მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნისათვის.
35. ამდენად, მიმაჩნია, რომ იმ პირობებშიც კი, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მივიდა დასკვნამდე, რომ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვისა და მისდამი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების, ისევე, როგორც მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხატვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება პასუხობდა პროპორციულობის (stricto sensu) მოთხოვნებს, მას განცალკევებით უნდა შეეფასებინა აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის სასჯელის ზეგავლენა გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობაზე „მსუსხავი ეფექტის“ ჭრილში და, მკვეთრად დისპროპორციული ხასიათის გამო, არაკონსტიტუციურად ეცნო იგი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
VI. დასკვნა
36. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სასამართლოს უპატივცემულობისთვის, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით, თუ ამ ქმედებას ხელი არ შეუშლია მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად და ჯეროვნად განხორციელების უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნისათვის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
გიორგი კვერენჩხილაძე