საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის საკითხზე
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N1797 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს პარლამენტის წევრები (ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე და სხვები, სულ 80 წევრი) |
თარიღი | 14 სექტემბერი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
კონსტიტუციური წარდგინება
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე
საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლის შესაბამისად მოგმართავთ კონსტიტუციური წარდგინებით, თქვენი დასკვნით დაადასტუროთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კერძოდ, მისი 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა.
საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს მთავრობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ანიჭებს, რაც სათანადო გამოხატულებას საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისა და საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების მომწესრიგებელ ნორმაშიც პოვებს:
- საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი იყო სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, რომელიც წარმართავდა და ახორციელებდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს მთავრობა მხოლოდ უზრუნველყოფდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილების 2013 წელს ამოქმედების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს აღარ აქვს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვისა და განხორციელების უფლებამოსილება. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელ ერთადერთ ორგანოდ 2013 წლიდან საქართველოს მთავრობა განისაზღვრება;
- საქართველოს პრეზიდენტს 2013 წლიდან აღარ აქვს საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლის სტატუსიც. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის დამდგენ კონსტიტუციურ ნორმაში მიეთითა, რომ „საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“, რაც საპარლამენტო რესპუბლიკისა და საპარლამენტო მონარქიის მინიმალური სტანდარტია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი ჩანაწერი, სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის შესახებ ჩანაწერების ანალოგიურად, განსაზღვრავს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის სტატუსს და არა მის უფლებამოსილებას. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის სამივე კომპონენტი მკაცრად შემოიფარგლება საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმებით, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს აწესრიგებს (მაგალითად, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს მართავს, უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსი არ ნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები საქართველოს პრეზიდენტს ექვემდებარება და ა. შ.);
- საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს მთავრობას ანიჭებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. ამ კონსტიტუციური ნორმის ლოგიკური დაკონკრეტებაა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება და სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული საგარეოპოლიტიკური ამოცანების შესრულებაში მონაწილეობაც საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ „თავისი უფლებამოსილების ფარგლებში“, ანუ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია.
საქართველოს პრეზიდენტის საგარეოპოლიტიკური უფლებამოსილებების შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერები 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში კიდევ უფრო დაზუსტდა, რაზედაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ფართო კონსენსუსი არსებობდა. კერძოდ: ა) სიტყვები „მთავრობასთან შეთანხმებით“ მეტი სიცხადისთვის შეიცვალა სიტყვებით „მთავრობის თანხმობით“; ბ) დაზუსტდა, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობის არსებობის აუცილებლობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ არა მხოლოდ საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებასა და საერთაშორისო ხელშეკრულების დადებაზე, არამედ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ ფორმაზედაც ვრცელდება. უფლებამოსილებების დაზუსტებას შემდეგი გამოცდილება და მოსაზრებები დაედო საფუძვლად:
- როგორც საქართველოს, ისე სხვა სახელმწიფოების პრაქტიკა იცნობს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის საგარეოპოლიტიკური უფლებამოსილებების გამიჯვნასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემურ შემთხვევას; მაგალითად, 2014 წელს საქართველოში პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირების საგანი ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხი გახდა; კონსტიტუციური ნორმების ბუნდოვანების გამო პოლონეთში დავის საგანი იყო ევროკავშირის სამიტში მონაწილეობის საკითხი, რამაც ფართო საერთაშორისო რეზონანსიც შეიძინა; არასაკმარისად ცხადი კონსტიტუციური ნორმები პრეზიდენტებსა და მთავრობებს შორის უთანხმოების მიზეზი სხვადასხვა დროს გახდა ავსტრიაში, ფინეთში, ბულგარეთში, მოლდოვასა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში;
- ამგვარი გამოცდილებისა და საქართველოს შედარებით მწირი დემოკრატიული ტრადიციების ფონზე საქართველოს კონსტიტუციას საქართველოს პრეზიდენტის საგარეოპოლიტიკური უფლებამოსილებების ყოველგვარი ორაზროვანი განმარტება უნდა გამოერიცხა. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის კომპეტენციებს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისა და საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების სფეროში აბსოლუტური სიცხადით მიჯნავს, რაც ორაზროვანი განმარტებისთვის არავითარ სივრცეს არ ტოვებს.
საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს კონსტიტუციის ნორმებისა და მოთხოვნების შესახებ სრულად იყო ინფორმირებული. ის წლების მანძილზე საქართველოს მთავრობისგან ითხოვდა შესაბამისი ვიზიტების განხორციელებაზე თანხმობას; მაგალითად, საპრეზიდენტო უფლებამოსილების პირველივე წელს მან მოითხოვა თანხმობა: ბელგიის სამეფოსა და საფრანგეთში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაზე ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით; საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის განხორციელებაზე ევროინტეგრაციის გზაზე ევროპასა და ევროკავშირთან დაახლოებისა და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით; უკრაინაში უკრაინის პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალში მონაწილეობის მიღების მიზნით; ბელარუსის რესპუბლიკაში მეორე ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიალზე დასწრების მიზნით; კალათბურთის ფედერაციის (FIBA) მიერ ორგანიზებულ „ევრობასკეტ 2021“ მასპინძელი ქვეყნების შერჩევის ცერემონიალზე დასწრებისა და ოფიციალური შეხვედრების გამართვის მიზნით; იაპონიაში პრინცის ტახტზე ამაღლების ცერემონიალზე დასწრების მიზნით; საფრანგეთში ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სამიტის ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობის მიზნით და ა. შ. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გასული ორი წლის მანძილზე მოითხოვა თანხმობა 38 ვიზიტზე, მათ შორის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, მოგვიანებით კი, მეფის კორონაციის ცერემონიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.[1]
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის აბსოლუტური სიცხადის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე სამი სამუშაო ვიზიტის განხორციელებითა და ამ ვიზიტების ფარგლებში სამუშაო შეხვედრების გამართვით დაარღვია. კერძოდ:
- საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტის განხორციელება და სხვა სახელმწიფოს თანამდებობის პირთან სამუშაო შეხვედრის გამართვა მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია. საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს კონსტიტუციის ამ მოთხოვნის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული, რასაც ის გარემოებაც ადასტურებს, რომ მან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის განსახორციელებლად და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან შესახვედრად თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას 2023 წლის 12 ივლისს წერილობით თავად მიმართა.[2] თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ამ მიმართვას წერილობითი უარით უპასუხა,[3] საქართველოს პრეზიდენტმა მაინც განახორციელა აღნიშნული სამუშაო ვიზიტი და 2023 წლის 31 აგვისტოს გამართა სამუშაო შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან. საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში და აწარმოვა საერთაშორისო მოლაპარაკებები, რასაც დამატებით ადასტურებს შემდეგი გარემოებები: ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის რანგში ეწვია; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწყო დახვედრა ოფიციალური პროტოკოლის ყველა წესის დაცვით; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან შედგა სამუშაო შეხვედრა, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.[4] ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განზრახ და უხეშად დაარღვია;
- რამდენიმე სამუშაო ვიზიტზე უარის მიღების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტს არ მიუმართავს საქართველოს მთავრობისთვის, რათა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიეღო თანხმობა ქ. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის განხორციელებასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრის გამართვაზე.[5] საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული აუცილებელი თანხმობის არარსებობის მიუხედავად, 2023 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ქ. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი განახორციელა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა ქ. ბრიუსელში განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში და აწარმოვა საერთაშორისო მოლაპარაკებები, რასაც დამატებით ადასტურებს შემდეგი გარემოებები: ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის რანგში გამართა სამუშაო შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პრეზიდენტის ოფისში; ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა ოფიციალური პროტოკოლის ყველა წესის დაცვით. კერძოდ, შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრა და ევროკავშირისა და საქართველოს დროშების ფონზე ფოტოგადაღება.[6] შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამ შემთხვევაშიც განზრახ და უხეშად დაარღვია;
- რამდენიმე სამუშაო ვიზიტზე უარის მიღების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტს ასევე არ მიუმართავს საქართველოს მთავრობისთვის, რათა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიეღო თანხმობა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის განხორციელებასა და საფრანგეთის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრის გამართვაზე.[7] საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული აუცილებელი თანხმობის არარსებობის მიუხედავად, 2023 წლის 6 სექტემბერს ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის რანგში საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი განახორციელა და საფრანგეთის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში და აწარმოვა საერთაშორისო მოლაპარაკებები, რასაც პრეზიდენტების მიერ სამუშაო შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ერთობლივი ვიდეომიმართვაც ადასტურებს.[8] შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამ შემთხვევაშიც განზრახ და უხეშად დაარღვია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ კონსტიტუციური წარდგინებით, თქვენი დასკვნით დაადასტუროთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კერძოდ, მისი 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა.
კონსტიტუციურ წარდგინებას ერთვის:
1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით; (N1) (388 ფ.)
2. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბრის N65-Iს დადგენილებით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომების აუდიოჩანაწერები; (N2) (2 ფ., 1 CD)
3. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; (N3) (23 ფ.)
4. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; (N4) (1 ფ.)
5. კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია. (N5) (1 CD)
[1] აღნიშნულ ვიზიტებთან დაკავშირებით იხ. დანართი N1.
[2] იხ. დანართი N1.
[3] იხ. დანართი N1.
[4] იხ. https://1tv.ge/video/prezidentis-viziti-17/
https://1tv.ge/video/prezidentis-viziti-18/
https://president.ge/index.php?m=209&news_id=1952&lng=geo
https://twitter.com/Zourabichvili_S/status/1697513856824684695
https://www.facebook.com/zourabichvilisalome/posts/pfbid02tpM8Ggr6WHhmHrmaSoRJvSwqcYCKBebCaodwdkzbrJP9p9BCaW7NccUjbcyepv14l
[5] იხ. დანართი N1.
[6] იხ. https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2023/09/01/read-out-of-meeting-between-president-michel-of-the-european-council-and-president-zourabichvili-of-georgia-1-september-2023/?fbclid=IwAR3KQATRJ8zIoVR_RTsh1PjxUI0fnXm0GPSpJwABzPKoa_WE-MuRk4fr2CM
https://newsroom.consilium.europa.eu/events/20230901-president-michel-meets-president-of-georgia
https://www.facebook.com/CharlesMichel/videos/801720708621244
[7] იხ. დანართი N1.
[8] იხ. https://1tv.ge/news/salome-zurabishvili-emanuel-makrons-shekhvda-2/
https://twitter.com/Zourabichvili_S/status/1699329587669279118?s=20