საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/2/1797 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 სექტემბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 სექტემბერი 2023 18:13 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე.
განხილვის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1797) მომართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა (ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე და სხვები, სულ 80 წევრი). №1797 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2023 წლის 15 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 სექტემბერს.
2. №1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 178-ე მუხლი.
3. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, მათ შორის, „მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას“.
4. №1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელ ერთადერთ ორგანოდ საქართველოს მთავრობას განსაზღვრავს და პრეზიდენტს აღარ აქვს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვისა და განხორციელების უფლება. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის დამდგენ კონსტიტუციურ ნორმაში მიეთითა, რომ „საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“, რაც საპარლამენტო რესპუბლიკისა და საპარლამენტო მონარქიის მინიმალური სტანდარტია. კონსტიტუციური წარდგინების ავტორები უთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერი განსაზღვრავს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის სტატუსს და არა მის უფლებამოსილებას. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის სამივე კომპონენტი მკაცრად შემოიფარგლება საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმებით, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს აწესრიგებს.
5. კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს მთავრობას ანიჭებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება და სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია. წარდგინებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული საგარეო-პოლიტიკური ამოცანების შესრულებაში მონაწილეობაც საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც ყველა სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, მხოლოდ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ანუ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია.
6. კონსტიტუციური წარდგინების შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის კომპეტენციებს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისა და საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების საკითხებში აბსოლუტური სიცხადით მიჯნავს, რაც არ იძლევა ორაზროვანი განმარტების შესაძლებლობას. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის თანხმობა საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისთვის ესაჭიროება, არამედ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნებისმიერი ფორმით განხორციელებისათვის.
7. №1797 კონსტიტუციური წარდგინების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა სამი სამუშაო ვიზიტი (2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან) და ამ ვიზიტების ფარგლებში გამართა სამუშაო შეხვედრები, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა.
8. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის განსახორციელებლად და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან შესახვედრად თანხმობის მისაღებად, საქართველოს მთავრობას 2023 წლის 12 ივლისს წერილობით მიმართა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ამ მიმართვას წერილობითი უარით უპასუხა, საქართველოს პრეზიდენტმა მაინც განახორციელა აღნიშნული სამუშაო ვიზიტი და 2023 წლის 31 აგვისტოს გამართა სამუშაო შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან. საქართველოს პრეზიდენტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ეწვია. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მას მოუწყო დახვედრა ოფიციალური პროტოკოლის ყველა წესის დაცვით და მათ შორის შედგა სამუშაო შეხვედრა, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
9. კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, თანხმობის მისაღებად, არ მიუმართავს საქართველოს მთავრობისთვის ქალაქ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის განხორციელებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრის გამართვისათვის და აუცილებელი თანხმობის არარსებობის მიუხედავად, 2023 წლის 1 სექტემბერს იგი სამუშაო ვიზიტით ეწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და გამართა მასთან სამუშაო შეხვედრა პრეზიდენტის რანგში. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შედგა პრეზიდენტის ოფისში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს დახვდა ოფიციალური პროტოკოლის ყველა წესის დაცვით, კერძოდ, შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრა და ევროკავშირისა და საქართველოს დროშების ფონზე ფოტოგადაღება.
10. №1797 კონსტიტუციური წარდგინების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს თანხმობის მისაღებად ასევე არ მიუმართავს საქართველოს მთავრობისთვის საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის განხორციელებისა და საფრანგეთის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრის გამართვისათვის და აუცილებელი თანხმობის არარსებობის მიუხედავად, 2023 წლის 6 სექტემბერს, მან, საქართველოს პრეზიდენტის რანგში, განახორციელა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში. მან სამუშაო შეხვედრა გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან. სამუშაო შეხვედრის შემდეგ გავრცელდა მათი ერთობლივი ვიდეომიმართვა.
11. კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა განმარტებით, აღნიშნული ქმედებებით, საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები განახორციელა და საერთაშორისო მოლაპარაკებები აწარმოვა მთავრობის თანხმობის გარეშე. შესაბამისად, მან იმოქმედა კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ და სამივე ზემოხსენებულ შემთხვევაში, განზრახ და უხეშად დაარღვია ის.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები ითხოვენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნით დაადასტუროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა.
13. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტები და აუდიოჩანაწერები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა №1797 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 273 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 41-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად საქართველოს პარლამენტის წევრების №1797 კონსტიტუციური წარდგინება.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ზეპირი მოსმენით, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში