გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N3/1/740,764 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 7 ივნისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 ივნისი 2024 18:53 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (ა) №740 კონსტიტუციურ სარჩელზე: (ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 226-ე (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 332-ე (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და 333-ე (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; (ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; (ა.გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; (ა.დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
(ბ) №764 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – ბექა ბასილაია, ოთარ კახიძე, იოსებ ბარათაშვილი, ლევან სამუშია და ვახტანგ კვიჟინაძე. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – თამარ მესხია, ქრისტინე კუპრავა და ზვიად ბრეგაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №740) მომართა გიორგი უგულავამ. №740 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 29 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის №1/9/740 საოქმო ჩანაწერით, №740 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №764) მომართეს ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ, გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ და არჩილ ალავიძემ. №764 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 3 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის №1/10/764 საოქმო ჩანაწერით, №764 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. აღნიშნული საოქმო ჩანაწერით, №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ.
3. 2016 წლის 7 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრმა მერაბ ტურავამ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე, რომელმაც, თავის მხრივ, 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679, 720, 721, 740, 764 საოქმო ჩანაწერით, №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელები მიიღო პლენუმზე განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 22 და 23 ივლისსა და ამავე წლის 22 სექტემბერს.
4. №740 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
5. №764 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
6. განსახილველ საქმეებზე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 182-ე, 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლების 2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლები და 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმების მიხედვით, დანაშაულად არის მიჩნეული ისეთი ქმედებები, როგორებიცაა იძულება, მითვისება ან გაფლანგვა, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მასში მონაწილეობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება. იმავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული ნორმებით განსაზღვრულია პროკურორის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების დისკრეციული უფლებამოსილება, წინასასამართლო სხდომის ეტაპიდან არსებითი განხილვის სხდომის ეტაპზე საქმის გადასვლის მექანიზმი და შესაბამისი მტკიცებითი სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლებრივი დევნის ეტაპი.
7. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 18 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება, მე-18 მუხლი განსაზღვრავდა ადამიანის თავისუფლების უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები განამტკიცებდა, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას და კრძალავდა პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის უკუძალით გამოყენებასთან გამოყენების შესაძლებლობას.
8. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი დაცულად აცხადებს ადამიანის თავისუფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-9 პუნქტები, შესაბამისად, განსაზღვრავს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ამასთანავე, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
9. №740 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გიორგი უგულავას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამავე ნორმით ინკრიმინებული ერთ-ერთი ქმედების – გაფლანგვის ჩადენისათვის. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის სწორედ იმ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გაფლანგვისათვის. საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გიორგი უგულავას ბრალდება ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსს დაავალა შპს „თბილსერვისში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების შექმნა და აღნიშნულ განყოფილებაში პარტიული აქტივისტების დასაქმება. მოსარჩელის განმარტებით, დადგენილება შპს „თბილსერვისის“ საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ მიღებულ იქნა არა ინდივიდუალურად მოსარჩელის, არამედ ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ, რომელიც კოლეგიურ ორგანოს განეკუთვნება. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ 2009 წლის დეკემბრის მდგომარეობით, თბილისის მერის და თბილისის მერიის საქმიანობას არეგულირებდა ორი ნორმატიული აქტი – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და „საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც აწესრიგებდა თბილისის საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხს. დასახელებული აქტების საფუძველზე, გამორიცხული იყო მოსარჩელის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, რამდენადაც ქალაქ თბილისის ბიუჯეტი მტკიცდებოდა საამისოდ დადგენილი პროცედურებით, რომლის მიხედვითაც, ქალაქ თბილისის ბიუჯეტის წარდგენაზე და, შემდგომ, დამტკიცებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენდა, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მთავრობა და საკრებულო. ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვას კი, თავის მხრივ, გასწევდა ქალაქ თბილისის მთავრობა და მასში შემავალი უწყებები. ამრიგად, გამორიცხული იყო, უშუალოდ მოსარჩელის მიერ, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ამიტომ, ნორმატიული თვალსაზრისით, შეუძლებელი იყო, რომ მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში ან განკარგვაში ყოფილიყო ქალაქ თბილისის ის საბიუჯეტო სახსრები, რომელთა გაფლანგვაც ედებოდა ბრალად. შეუძლებელი იყო ისიც, რომ მის ქმედებას მოჰყოლოდა სხვა პირთა მხრიდან მსგავსი ხარჯის გაწევის ვალდებულება. იმავდროულად, მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ როგორც შპს „თბილსერვისის“ საშტატო ნუსხის დამტკიცებისას, აგრეთვე საბიუჯეტო ხარჯის გაწევისას, ადგილი არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი რომელიმე მოთხოვნის დარღვევას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, არაკონსტიტუციურია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს გაფლანგვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირობებში, როდესაც (ა) სხვისი ნივთი ან ქონებრივი უფლება არ იმყოფებოდა პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში; (ბ) სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვა განხორციელდა კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე; (გ) სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვისას პირი მოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; (დ) პირის ქმედება არ წარმოადგენდა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვას; (ე) პირის ქმედებას ვერ მოჰყვებოდა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვა.
11. მოსარჩელე მხარის მითითებით, არც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც გასაჩივრებული რეგულაცია არ ითვალისწინებს გაფლანგვის ცნების დეფინიციას, რაც სამართალშემფარდებელს – პროკურატურის ორგანოებსა და სასამართლოს, ანიჭებს სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობის განსაზღვრის უკონტროლო დისკრეციას. ამგვარი ზღვარდაუდებელი მოქმედების თავისუფლება კი, თავის მხრივ, წარმოშობს, მიზანშეწონილობის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და სამართალშემფარდებლის მხრიდან თვითნებობის რისკებს. მოსარჩელის განმარტებით, ბუნდოვანია სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის ისეთი ელემენტები, როგორებიც არის „გაფლანგვა“, „მართლზომიერი მფლობელობა ან განმგებლობა“ ან/და „მართლსაწინააღმდეგო მითვისება“. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის, საკმარისია მარტოოდენ საბიუჯეტო ხარჯვის ფაქტის არსებობა, იმისგან დამოუკიდებლად, რა მიზნით განხორციელდა იგი და როგორი სუბიექტური დამოკიდებულება გააჩნდა ამ ფაქტთან ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს. მოსარჩელის აზრით, გაფლანგვის დანაშაული სისხლის სამართლის კანონმდებლობაში იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ მოიცავდეს მისთვის მკაფიოდ დამახასიათებელ რამდენიმე ნიშანს, მაგალითისათვის, რა შეიძლება დაკვალიფიცირდეს არასწორ, არამიზნობრივ ხარჯვად და ა. შ.. ამგვარი მკაფიო ფორმულირების არარსებობის პირობებში, სადავო ნორმა იძლევა, სამართალშემფარდებლის მხრიდან, საბიუჯეტო ხარჯვის მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შემოწმების შესაძლებლობას. ამასთანავე, მოსარჩელის მოსაზრებით, სამართალთან წინააღმდეგობაში მყოფად არ უნდა იქნეს მიჩნეული ქმედება, რომელთან მიმართებითაც, პირი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესაბამისი თანამდებობის პირის მხრიდან ადგილი აქვს, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას, ამგვარი გადაწყვეტილებები, ავტომატურად, არ უნდა წარმოშობდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, არამედ შესაძლებელია, წარმოადგენდეს სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართლის ნაწილს.
12. იმავდროულად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისათვის, ეწინააღმდეგება პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპს, რამდენადაც შეუძლებელია იმის დადგენა, უშუალოდ, რომელი პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ წარმოშვა კონკრეტული ზიანის მომტანი შედეგი. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ შეესაბამება კანონიერების, ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა და კანონის განსაზღვრულობის პრინციპებს.
13. №740 კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლებს არ აქვს განჭვრეტადი შინაარსი და არ შეესაბამება პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის მიმართ საქართველოს კონსტიტუციით წაყენებულ ხარისხობრივ მოთხოვნებს. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაშიც, მოსარჩელე შესაძლებლად მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმებით დანაშაულად დაკვალიფიცირდეს ისეთი ქმედებები, რომლებიც, თავისი არსით, სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართლის ნაწილს განეკუთვნება.
14. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლში ორი რამ იწვევს ბუნდოვანებას. პირველ რიგში, უფლებამოსილების გადამეტებისაგან განსხვავებით, არ არის განმარტებული, რას შეიძლება გულისხმობდეს უფლებამოსილების „ბოროტად გამოყენება“. მეორე მხრივ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შერაცხვის წინაპირობაა, რომ ქმედება ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესებს, რომლის მნიშვნელობაც არც ერთ ნორმატიულ აქტში განსაზღვრული არაა. შესაბამისად, ქმედების შემადგენლობის ორივე ნიშანი ხდება არა ფაქტებით დადგენადი, არამედ შეფასებითი. აღნიშნული კი, გადაჭარბებული ბუნდოვანების გამო, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლების კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები პროკურორს ანიჭებს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შეუზღუდავ დისკრეციულ უფლებამოსილებას, რაც წარმოშობს სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრიმინაციულად განხორციელების რისკებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს გარანტიებს დისკრიმინაციული სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, რამდენადაც აღნიშნული კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი არ განსაზღვრავს მოსამართლის ვალდებულებას, შეამოწმოს სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლო დისკრიმინაციული ბუნება და ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით დაასაბუთოს, რომ ბრალდებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია პოლიტიკური შეხედულების გამო ან სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით სისხლისსამართლებრივ დევნას, როდესაც ასეთის თაობაზე დაცვის მხარე უთითებს კონკრეტულ არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემას, პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით.
16. №764 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის №1/1373-15 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც თითოეულ მსჯავრდებულს, სასჯელის სახით, განესაზღვრა 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთანავე, მოსარჩელეებს 2 წლის ვადით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. მოსარჩელეების მითითებით, სადავო ნორმის საფუძველზე, მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდა იმ პირობებში, როდესაც სამხრეთ საქართველოს მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის დამყარების საჭიროების უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ შესყიდვებში საუკეთესო წინადადების შერჩევის/ხელშეკრულების დადების, ისევე, როგორც შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფისა და გადარიცხვის პროცესში, არ მონაწილეობდნენ და გადაწყვეტილებას არ იღებდნენ უშუალოდ მოსარჩელეები. კერძოდ, საიდუმლო შესყიდვებში საუკეთესო წინადადება გამოავლინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტმა, რომელიც წარედგინა კავშირგაბმულობის დეპარტამენტს და შემდგომში – თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, რომელმაც ამ წინადადებასთან დაკავშირებით, დაადასტურა ხელშეკრულების პროექტის მომზადება. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანხის გამოყოფის თაობაზე, წინადადება გაუგზავნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს. აღნიშნული საკითხი აგრეთვე განხილულ და მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ თანხის გამოყოფის შესახებ. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, მოსარჩელეთა მხრიდან, არც შესაბამისი ბრძანების ხელმოწერა, არც აღნიშნული ბრძანების გამოცემა და არც გამოყოფილი ფინანსური რესურსების განკარგვა არ მომხდარა.
17. მაშასადამე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ არაკონსტიტუციურია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით პირისთვის გაფლანგვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ პირობებში, როდესაც: (ა) პირს არ მიუღია გადაწყვეტილება გაფლანგულად შერაცხული თანხის გამოყოფისა და გადარიცხვის შესახებ; (ბ) პირს (ბრალდებულს) არ ჰქონია მინდობილი გაფლანგულად შერაცხული თანხა; (გ) პირს (ბრალდებულს) არ მოუწერია ხელი იმ ხელშეკრულებისთვის, რომლის საფუძველზეც მოხდა ნივთის შესყიდვა და თანხის გადარიცხვა მყიდველისათვის; (დ) სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვა განხორციელდა კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე; (ე) ბრალდებულთა ქმედება არ წარმოადგენდა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვას; (ვ) პირის ქმედებას უშუალოდ არ მოჰყოლია სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვა; (ზ) არც ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი პირი და არც იმ კოლექტიური ორგანოს რომელიმე წარმომადგენელი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც მოხდა თანხის გამოყოფა და გადარიცხვა შესყიდვის მიზნით, არ ადასტურებს, რომ რომელიმე ბრალდებულმა ისინი შეცდომაში შეიყვანა; (თ) არ არის დადგენილი და არ არსებობს ანგარების მიზანი და მოტივი (გაფლანგვის სუბიექტური მხარე); (ი) რამდენიმე პირს ბრალდება წარდგენილი აქვს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი გაფლანგვისათვის ისე, რომ არც ის არის დადგენილი, როდის და ვის მიერ შეიქმნა გაფლანგვის ჩამდენი ჯგუფი, არც ის, რა ფუნქცია ეკისრებოდა თითოეულ ბრალდებულს და არც ბრალდებულთა პასუხისმგებლობა არის ინდივიდუალიზებული.
18. მოსარჩელეების პოზიციით, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ გაფლანგვად მიჩნევისათვის, აუცილებელია, არსებობდეს პირდაპირი განზრახვა და ანგარების მიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქმედების დაკვალიფიცირება გაფლანგვად არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთანავე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კონკრეტული თანამდებობის პირის მოქმედება გამორიცხავს მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედების შესაძლებლობას. ამრიგად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ანგარების მოტივის გარეშე შეუძლებელია გაფლანგვის დანაშაულის არსებობა. ანგარების მოტივის გარეშე ჩადენილი გაფლანგვა უნდა განიხილებოდეს, როგორც გაუფრთხილებელი დანაშაული, რაც გამორიცხავს პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
19. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის დისპოზიციიდან იკვეთება ის სპეციფიკური ნიშანი, რომელიც გაფლანგვის დანაშაულს განასხვავებს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისაგან. კერძოდ, ქმედების გაფლანგვად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ ნივთი დამნაშავის „მართლზომიერ“ მფლობელობაში იმყოფებოდეს. ამასთანავე, სადავო ნორმის მიზნებისათვის, მართლზომიერი მფლობელობა გულისხმობს პირის მიერ კონკრეტული ნივთის სამართლებრივ ან ფაქტობრივ ფლობას. სადავო ნორმის საფუძველზე პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ შემთხვევაში, თუ პირი მიისაკუთრებს ისეთ ნივთს ან ქონებრივ უფლებას, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობაში არ იმყოფებოდა, ცდება ნორმის ობიექტურ, გონივრულ განმარტებას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დიაპაზონი, ხერხები ან მეთოდი შეიძლება განსხვავდებოდეს, იყოს დიდი და წინასწარ განუჭვრეტელი, მთავარი კრიტერიუმი, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში, არის ის, ფლობდა ან განაგებდა თუ არა ბრალდებული/მსჯავრდებული ქონებას მართლზომიერად, სხვადასხვა საფუძვლით, იქნება ეს ხელშეკრულება, დავალება, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. იმავდროულად, მოპასუხე მხარის პოზიციით, იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლის მიზანს ქმედების შემადგენელ ელემენტად ანგარების მოტივის მოაზრება წარმოადგენს, იგი აღნიშნულის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ და სახელდებით უთითებს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოტივი ქმედების გაფლანგვად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანი კომპონენტი არ არის, არამედ მთავარია პირის განზრახვა, ზიანი მიაყენოს საკუთრებასა და მესაკუთრეს. ამასთანავე, მოპასუხე მხარე იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოირიცხება მართლწინააღმდეგობა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევებთან მიმართებით.
20. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები იმ გარემოებაზეც მიუთითებენ, რომ სამართლებრივი ურთიერთობების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შეუძლებელი, ხშირად კი, მიზანშეუწონელიცაა სადავო ნორმაში მართლზომიერი მფლობელობის ყველა სახისა და ფორმის სახელდებით, ამომწურავად გაწერა. მართლზომიერების შეფასება უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთო სასამართლოების მიერ. იმავდროულად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ქმედების გაფლანგვად შერაცხვისათვის, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია, საჭირო გახდეს, მათ შორის, იმაზე მსჯელობა, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა გარკვეული ფულადი სახსრები.
21. მოპასუხის განმარტებით, სისხლის სამართლის სფეროში მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი. დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული თითოეული თანამონაწილე პირი, სხვასთან თანაბრალეულობის მიუხედავად, პასუხს აგებს საკუთარი ბრალის ხარისხის მიხედვით. ამ პრინციპის დაცვით, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლებელია მაშინ, როდესაც, მართალია, გადაწყვეტილება კოლეგიური ორგანოს მიერ არის მიღებული, თუმცა არ მოიძებნება დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ერთი კონკრეტული პირის გარდა სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც კოლეგიური ორგანოს წევრები შეთანხმდნენ, გაეფლანგათ ან მიეთვისებინათ კოლეგიური ორგანოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონება და მიიღეს შესაბამისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. ბოლოს ხსენებულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს, საკუთარი ინდივიდუალური ბრალის შესაბამისად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, მოპასუხე მხარე არ იზიარებს მოსარჩელეების არგუმენტაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით.
22. მოპასუხე მხარემ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლებთან მიმართებით აღნიშნა, რომ სადავო ნორმების ნორმატიული შინაარსი, საკუთარ თავში არ მოიაზრებს პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით პირისათვის თავისუფლების შეზღუდვას. იძულებად ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად ქმედების დაკვალიფიცირება და თავისუფლების შეზღუდვა/აღკვეთა პოლიტიკური ნიშნით ან სხვა შეხედულების გამო გამოირიცხება. სადავო ნორმებით განსაზღვრულ ქმედებებს გააჩნია ნათლად ჩამოყალიბებული მახასიათებლები, რომელთა მისადაგება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოხდება კონკრეტული პირის მიმართ. გარდა ამისა, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები, რომლებიც სხვადასხვა ქმედების დანაშაულებრიობას ადგენს, საერთოდ არ შეეხება თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის შეფარდების პროცედურებს.
23. საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, შეესაბამება კანონის ხარისხის მოთხოვნებს და არ ტოვებს მათი არაკეთილსინდისიერად განმარტების ან არაერთგვაროვნად გამოყენების შესაძლებლობას. კერძოდ კი, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები გამორიცხავს პოლიტიკური ნიშნით პირის ქმედების დანაშაულად დაკვალიფიცირების შესაძლებლობას. იმავდროულად, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები გამოირჩევა განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მაღალი ხარისხით. შესაბამისად, ცალკეული ქმედებების დანაშაულად დაკვალიფიცირების პროცესში, თვითნებობა, თავისთავად, სწორედ აქედან გამომდინარე გამოირიცხება. ამასთან ერთად, მოპასუხე მიუთითებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სისხლის სამართლის, ეროვნული და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით მოსამართლის ბოჭვაზე, რაც, აგრეთვე გამორიცხავს პირისათვის პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. პოლიტიკური ნიშნით, არალეგიტიმურად სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების და პასუხისმგებლობის დაკისრების რისკებს აზღვევს, აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმიც.
24. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის განჭვრეტადობასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ განცალკევებით მიუთითა, რომ სადავო ნორმის დაცვის ობიექტს ადამიანის თავისუფლება წარმოადგენს, რათა მან, კანონის ფარგლებში, შეძლოს საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედება. ამ მხრივ, ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური იძულება საკმარისად ცხადი ცნებებია, რომლებიც ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში გამოიხატება, რათა შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ან/და საკუთარ თავზე განიცადოს საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. მოპასუხე მიიჩნევს, რომ წარმოუდგენელი და შეუძლებელია, საკანონმდებლო დონეზე იძულების ყველა კონკრეტული შემთხვევის/გამოვლინების დეტალურად და ამომწურავად განსაზღვრა.
25. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ამავე მუხლით ჩამოთვლილ ქმედებებში პირის აქტიურ მონაწილეობაში. ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც პირი შეკრებს ხალხს, მოუწოდებს მათ კონკრეტული ქმედებების ჩადენისაკენ და გასცემს მითითებებს. აუცილებელია, რომ ჯგუფური ქმედების ორგანიზებას შედეგად მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას შედეგად შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობა. პასუხისმგებლობის დადგომისთვის პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ისეთ ჯგუფურ მოქმედებას უწევს ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
26. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს, თუკი მოხელის ქმედება არ არის დაკავშირებული მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან. მსგავსი დანაშაულის შედეგი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კანონიერი უფლებების და ინტერესებისათვის ან საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის ფაქტობრივი მიყენება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი წარმოადგენს მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სახესხვაობას. იმისთვის, რომ დადგენილ იქნეს დანაშაულის ობიექტური მხარე, საჭიროა, მოხელის ქმედება აშკარად სცილდებოდეს მისი უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთანავე, მოხელის უფლებამოსილების ფარგლები დადგენილია ნორმატიული აქტით. შესაბამისად, სადავო ნორმები, მათი გამოყენებისას, ობიექტურად არ უნდა იწვევდეს ბუნდოვანებას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ თითოეული გასაჩივრებული ნორმა საკმარისი სიცხადით არის ფორმულირებული და, ამ მხრივ, ისინი აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ კრიტერიუმებს, ისევე, როგორც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პირის თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლებას.
28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლთან მიმართებით, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთანავე, გადაწყვეტილების მიღებისას, იგი ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით, ისევე, როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №181 ბრძანებით. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, დანაშაულთან ბრძოლა, საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, რომელიც, სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მოქმედების ფართო თავისუფლების ფარგლებს ანიჭებს. ამავდროულად, რამდენადაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მიზნად ისახავს თავისუფალი და დაცული ადამიანის იდეის რეალიზაციას, სახელმწიფო აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის საკმარისი და ეფექტიანი ბერკეტებით. ამ თვალსაზრისით, პროკურორის მიერ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს იმგვარად, რომ საფრთხის ქვეშ დადგეს სისხლისსამართლებრივი დევნის სისტემის მოქნილობა და ეფექტიანობა, ისევე, როგორც თითოეული საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომის გამოყენებისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, მოპასუხის პოზიციით, რამდენადაც, მოქმედი კანონმდებლობით, შეუძლებელია სისხლისსამართლებრივი დევნის თვითნებურად და უკონტროლოდ დაწყება ან არდაწყება, პოლიტიკური ან სხვა რაიმე ნიშნით მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება გამორიცხულია. ამასთანავე, კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლებამოსილ პირთა პასუხისმგებლობის მექანიზმს არამართლზომიერი მიზნით მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას. ამრიგად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმებთან ერთობლიობით, არ იძლევა სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმის დისკრიმინაციულად გამოყენების შესაძლებლობას.
29. მოპასუხე მხარის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, რამდენადაც ბრალდებულის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მცდელობის შემთხვევაშიც კი, აუცილებლად წარმოიშობა ეჭვი მტკიცებულებების უტყუარობის თაობაზე. აღნიშნული, თავის მხრივ, სისხლის სამართლის პროცესის მხარეს ანიჭებს შესაძლებლობას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მტკიცებულებათა დასაშვებობის განხილვისას, პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო, მტკიცებულებათა უტყუარობის პრინციპის დარღვევისთვის, ამგვარ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობა მოითხოვოს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბრალდების მხარე არ წარადგენს კონკრეტულად რომელიმე მტკიცებულებას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით, დაცვის მხარეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ართმევს მსგავსი მტკიცებულების თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლებას წინასასამართლო სხდომაზე. გარდა ამისა, მოპასუხე მხარე იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ, თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა დაუსაბუთებელია და №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
31. №764 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველმა. საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 07 მარტის №54 დადგენილების, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2176 განკარგულებისა და საქართველოს მთავრობის სხდომის ოქმების ანალიზის საფუძველზე, მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების (მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო სისტემების დეპარტამენტის უფროსების), დეპარტამენტების, სამმართველოების უფროსებისა და სპეციალისტების უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდში არსებული თანხის განკარგვა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ, რომლის აქტსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აწერდა, ხოლო უშუალოდ შესყიდვის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა „სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის №0548 ბრძანებით. ამდენად, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, მოსარჩელეებს არ გააჩნდათ ბრალად შერაცხული თანხების განკარგვის უფლებამოსილება და მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება განაპირობა სადავო ნორმის დისპოზიციის ბუნდოვანებამ.
32. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, სადავო ნორმის განუსაზღვრელი ხასიათის გამო, სამართალშემფარდებელს მიეცა, ფაქტობრივად, აკრძალული ქმედების ახალი შემადგენლობის შექმნის შესაძლებლობა. კერძოდ, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულს არ გააჩნია ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვის უფლებამოსილება, არ მიუღია გადაწყვეტილება მისი განკარგვის თაობაზე და, ამასთანავე, საკანონმდებლო აქტები პირდაპირ განსაზღვრავს ნივთის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს, ეწინააღმდეგება კანონიერებისა და სამართლის განსაზღვრულობის პრინციპებს. სასამართლო მეგობრის პოზიციით, სადავო ნორმის დეფინიციის გათვალისწინებით, მოსარჩელეთათვის წინასწარ შეუძლებელი იყო აკრძალული ქმედების შინაარსის განსაზღვრა. საქართველოს სახალხო დამცველის მითითებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული გამგებლობის ცნების ბუნდოვანებაზე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო პრაქტიკაც.
33. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლი, ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის დასადგენად, აუცილებელი ელემენტების საკმარისი სიზუსტით განუსაზღვრელობის გამო, იძლევა მისი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები
1. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, მე-18 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მითითებული დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი განსაზღვრავდა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი განამტკიცებდა ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებას, ადგენდა თავისუფლების აღკვეთის/შეზღუდვის საფუძვლებსა და საამისოდ აუცილებელ წესსა და პროცედურებს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული იყო, შესაბამისად, სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციური სტანდარტები. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის იდენტურ გარანტიას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, ადამიანის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით, ხოლო სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ისევე, როგორც პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობის სტანდარტები გათვალისწინებულია, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-9 პუნქტებით.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 182-ე, 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლების ძალადაკარგულობა
4. №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელებით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის, ხოლო №740 კონსტიტუციური სარჩელით, დამატებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლების კონსტიტუციურობა.
5. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის პირველი ივნისის №944-IIს საქართველოს კანონის პირველი მუხლის 32-ე, 46-ე, 73-ე, 101-ე და 102-ე პუნქტების საფუძველზე, ცვლილებები განხორციელდა, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილში, 182-ე მუხლის პირველ ნაწილში და 226-ე მუხლში, 332-ე მუხლის პირველ ნაწილში და 333-ე მუხლის პირველ ნაწილში. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კი, აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდა 2018 წლის პირველი იანვრიდან. ამრიგად, №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმების მითითებული ნაწილები ძალადაკარგულია. სადავო ნორმები ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოხსენებული კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვის დასრულების შემდგომ.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, სადავო ნორმის/მისი ცალკეული ნაწილის გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში, წარმოშობს განსხვავებულ შედეგებს, საქმის მიმდინარეობის შესაბამისი ეტაპის გათვალისწინებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/4/665,683 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-3). ამასთანავე, „როდესაც სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა/გაუქმება ხდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ (როდესაც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში), არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი საქმის შეწყვეტისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
7. ბუნებრივია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნითა და დავის საგნის ფარგლებით და, ამ მხრივ, მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სადავო ნორმის ახალ რედაქციაზე, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, გასაჩივრებული ნორმის ძალადაკარგულ რედაქციაზე მსჯელობა წარმოადგენს მოსარჩელის უფლების დაცვის ეფექტიან და პრევენციულ საშუალებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, მათ შორის, სადავოდ გამხდარი ძალადაკარგული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 182-ე 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლების 2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციების კონსტიტუციურობას.
3. სასარჩელო მოთხოვნისა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება
8. №740 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 182-ე, 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლების 2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციების (შემდგომში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 182-ე, 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლები) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან მიმართებით; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის 2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით; (გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; და (დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. №764 კონსტიტუციური სარჩელით კი, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის 2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 182-ე, 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლების 2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციები სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებად აცხადებს და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს იძულებისათვის, მითვისებისა და გაფლანგვისათვის, იმ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში აქტიური მონაწილეობისათვის, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ისევე, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. მოსარჩელე მხარე დასახელებული სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას ითხოვს თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც მიზნად ისახავს პირის თავისუფლების შეზღუდვას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე, დამატებით, მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი არის ბუნდოვანი და არ შეესაბამება პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობის კონსტიტუციურ სტანდარტებს.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლები განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციულობის პრინციპს და ადგენს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს სადავო ნორმების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ითვალისწინებს პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმებით პროკურორს ენიჭება სისხლისსამართლებრივი დევნის ინიცირებისა და განხორციელების შეუზღუდავი დისკრეციული უფლებამოსილება, რაც წარმოშობს პოლიტიკური ან/და სხვა დისკრიმინაციული ნიშნით ამგვარი უფლებამოსილების გამოყენების რისკებს.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი განსაზღვრავს სისხლის სამართლის პროცესში წინასასამართლო სხდომასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პროცედურულ ნიუანსს – კერძოდ, წინასასამართლო სხდომაზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ გარემოების გამო, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ითვალისწინებს წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემას პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით.
12. სადავო ნორმების შინაარსისა და მოსარჩელე მხარის არგუმენტაციის გათვალისწინებით, განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს: (ა) რამდენად ზღუდავს სადავო ნორმებით ცალკეული ქმედებების დანაშაულად გამოცხადება პირის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას; (ბ) შეესაბამება თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აკრძალული ერთ-ერთი ქმედებისათვის – გაფლანგვისათვის, პასუხისმგებლობის დაკისრება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტებს; (გ) რამდენად გააჩნია პროკურატურის ორგანოებს სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციული უფლებამოსილების დისკრიმინაციულად გამოყენების შესაძლებლობა; ან/და რამდენად უშვებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემას პოლიტიკური შეხედულების ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ განსახილველი კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს განსხვავებული სამართლებრივი პრობლემების გამოკვლევასა და სადავო ნორმების შესაბამისობის დადგენას თვისობრივად სხვადასხვა კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებით. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმებიდან მომდინარე თითოეული საკითხის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 182-ე, 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან მიმართებით
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული უფლების დაცული სფერო
14. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის თავისუფლება. აღნიშნული მუხლის მე-2–მე-6 პუნქტები ითვალისწინებს ადამიანის თავისუფლების დაცულობის უფლებაში ჩარევის, ადამიანის თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდების წესსა და ცალკეულ მატერიალურ-პროცესუალურ გარანტიებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი პირს აღჭურავს შესაძლებლობით, საკუთარი ნების შესაბამისად, ფიზიკურად თავისუფლად გადაადგილდებოდეს, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს კონკრეტულ ადგილას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ფიზიკური თავისუფლების დაცულობის გარანტია ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებებისათვის ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და, საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, საგანგებო დაცვას ექვემდებარება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
15. აღნიშნული კონსტიტუციური უფლების განსაკუთრებული დაცვის საჭიროებას განაპირობებს ის გარემოება, რომ ინდივიდის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა, მით უფრო, მისი ყველაზე ინტენსიური ფორმით – თავისუფლების აღკვეთის გზით, აფერხებს და, ზოგჯერ, სრულიად გამორიცხავს მის მიერ სხვა ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, ადამიანის ფიზიკური თავისუფლება იმდენად წონადი კონსტიტუციური უფლებაა, რომ მასში ჩარევა, სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან, განხილულ უნდა იქნეს, როგორც შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ultima ratio საშუალება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციამ სახელმწიფოს თავისუფალი მოქმედების არეალი მკაცრად შემოფარგლა და ინდივიდები ისეთი პროცესუალური გარანტიებით აღჭურა, რომლებიც სახელმწიფოს საპოლიციო ძალაუფლების საპირწონედ, ფიზიკური თავისუფლების უფლებას, თვითნებური, გადაჭარბებული და გაუმართლებელი შეზღუდვისაგან დაიცავს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღნიშნული, ბუნებრივად, განაპირობებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, თითოეული თავისუფლებაშემზღუდველი საკანონმდებლო რეგულაციის კონსტიტუციურსამართლებრივი შემოწმების მკაცრი სტანდარტების გამოყენებას.
16. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უნარიანი იქნება, ერთი მხრივ, გამორიცხოს პირის ფიზიკური თავისუფლების კონსტიტუციურად ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან, შეზღუდვა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს ამავე კონსტიტუციური დებულებით დადგენილი პროცესუალური უფლებების გარანტირება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
4.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვა
17. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციები ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას რიგი ქმედებების ჩადენისათვის. თითოეული გასაჩივრებული რეგულაცია, აგრეთვე განსაზღვრავს ცალკეულ მახასიათებლებსა და გარემოებებს, რომელთა ერთობლიობაც ქმნის კონკრეტული დანაშაულის ქმედების შემადგენლობას. ამასთან ერთად, სადავო ნორმები აწესებს ზემოხსენებული ქმედებების ჩადენისათვის სხვადასხვა, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთის სასჯელს. ამდენად, სადავო ნორმების მოწესრიგების საგნის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცული ფიზიკური თავისუფლების უფლების ან/და მისი რომელიმე პროცესუალური გარანტიის შეზღუდვას, ერთი მხრივ, ცალკეული ქმედებების სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადება, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთის სასჯელის დაწესება.
18. ზოგადად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პასუხისმგებლობის დამდგენმა ნორმამ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ამა თუ იმ ქმედების არასწორად კრიმინალიზების, აგრეთვე არასათანადო (აშკარად არაპროპორციული) სასჯელის განსაზღვრის გამო. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანმიმდევრული პრაქტიკით ისიც ნათლად არის დადგენილი, რომ, როგორც წესი, სისხლის სამართლის კანონით ამა თუ იმ ქმედების განხორციელების, კონკრეტული ქცევის აკრძალვა (დისპოზიცია) და სანქცია განსხვავებულ კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს.
19. უფრო კონკრეტულად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია შესაძლებელია, ზღუდავდეს იმ მატერიალურ უფლებას, რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული და რომლის რეალიზებასაც მოჰყვება პასუხისმგებლობა. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანას მოხმარების სისხლის სამართლის დანაშაულად/ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადება, ვინაიდან მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა დაცულია საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით (საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი), ხოლო მისი მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება ამ უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შეკრების უფლებასთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც აწესებდა პასუხისმგებლობას სასამართლო შენობიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებისათვის (მანიფესტაციისათვის) (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები − ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და ა. შ.. ამდენად, პასუხისმგებლობის დამდგენი სადავო ნორმების დისპოზიციის საფუძველზე, ამა თუ იმ უფლების შეზღუდვის დადგენისათვის, უნდა წარმოჩნდეს, რომ სადავო ნორმა კრძალავს საქართველოს კონსტიტუციის ცალკეული უფლებით დაცული რომელიმე ქმედების განხორციელების შესაძლებლობას.
20. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციები განსაზღვრავს ცალკეული დანაშაულების ქმედების შემადგენლობებსა და ამავე დანაშაულებისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით საკანონმდებლო ორგანოს მიერ, სისხლის სამართლის წესით, დასჯადად არის გამოცხადებული ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. დასახელებული კოდექსის 226-ე მუხლის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივ დანაშაულად მიიჩნევა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რამაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლები დასჯადად აცხადებს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
21. ამგვარად, მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები ზღუდავს პირის თავისუფალ ქმედებებს/გადაწყვეტილებებს ურთიერთობათა სხვადასხვა სფეროში. უფრო კონკრეტულად, სადავო ნორმების დისპოზიციებით აკრძალული რიგი ქმედებები ეკონომიკური, ქონებრივი ხასიათისაა (მაგ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი), რიგი ქმედებები კი, პოტენციურად, შესაძლოა, შეეხებოდეს გაერთიანების ან/და გამოხატვის თავისუფლებას (მაგ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი), საჯარო სამსახურში საქმიანობის თავისუფლად განხორციელების უფლებას (მაგ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლები) და სხვ.. იმავდროულად, აშკარაა, რომ სადავო რეგულირებებით გათვალისწინებული აკრძალვები არ შეეხება ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებით დაცულ რომელიმე სფეროს. სადავო ნორმები არ აწესებს სასჯელს ისეთი ქმედების განხორციელებისათვის, რომელიც, პოტენციურად, შესაძლოა, კავშირში იყოს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლების რეალიზებასთან. შესაბამისად, ნათელია, რომ სადავო ნორმების დისპოზიციები არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცულ უფლებას.
22. ერთადერთი თეორიული კავშირი, რომელიც სადავო ნორმებს შეიძლება გააჩნდეს ფიზიკური თავისუფლების უფლებასთან, არის სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის (შინაპატიმრობის) და თავისუფლების აღკვეთის დაწესების საკითხი. შესაბამისად, დავის გადაწყვეტის მოცემულ ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს კანონით განსაზღვრული სასჯელის/სანქციის კონსტიტუციურობა როდის და რა ფარგლებში შეიძლება იყოს შეფასებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან მიმართებით.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკაში არაერთხელ მიუთითა კონსტიტუციური უფლებების დაცული სფეროების ფარგლების სწორად იდენტიფიცირებისა და ერთმანეთისაგან გამიჯვნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის №2/11/663 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-15-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). აუცილებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის განმარტების პროცესში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თითოეული კონსტიტუციური უფლების შინაარსის განსაზღვრა მათი მიზანმიმართულებისა და ღირებულებების გათვალისწინებით უზრუნველყოს. ამავდროულად, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა, კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კონკრეტული სანქციის/სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტი გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი“ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი განსაზღვრავს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის სასჯელის/სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს. მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან შეაფასა იმ რეგულაციების კონსტიტუციურობა, რომლებიც ითვალისწინებდა ადმინისტრაციული პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის სხვადასხვა ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
25. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ, ზოგადად, სასჯელების/სანქციების პროპორციულობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და ამ მუხლით დადგენილ სპეციფიკურ სტანდარტებთან მიმართებით. შესაბამისად, თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების სასჯელად გამოყენებას არ გააჩნია თავისთავადი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან.
26. ბუნებრივია, თავისუფლების შეზღუდვისა და თავისუფლების აღკვეთის სასჯელები, გვერდითი ეფექტის სახით, შესაძლოა, ზემოქმედებას ახდენდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული უფლებით სარგებლობაზე, რამდენადაც თავისუფლების აღკვეთის სასჯელის შეფარდება გულისხმობს ადამიანისათვის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებას გარკვეული ვადით და შესაბამისი შეზღუდვების დადგენას, რაც გამომდინარეობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის თავისებურებიდან. მაგალითისთვის, პატიმრობის დაწესებულებაში განთავსებულ პირს ეზღუდება გადაადგილება, კონტაქტი გარესამყაროსთან, მათ შორის, ოჯახის წევრებთან, წვდომა გარკვეული ტიპის, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ საგნებზე და ა. შ., თუმცა აღნიშნული a priori არ ხდის სადავო ღონისძიებას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან შეფასებადს. ამასთანავე, ცხადია ისიც, რომ ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი სასჯელის ზომა, სხვადასხვა დოზით, ზეგავლენას ახდენს ინდივიდის მიერ ცალკეული კონსტიტუციური უფლებებითა თუ თავისუფლებებით სარგებლობაზე. მაგალითად, ჯარიმა შესაძლოა, ზემოქმედებდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებულ საკუთრების უფლებაზე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების შეზღუდვა, თავად თანამდებობის/საქმიანობის ბუნების გათვალისწინებით – საქართველოს კონსტიტუციის 24-ე ან 25-ე მუხლით განმტკიცებულ უფლებაზე და ა. შ., თუმცა თითოეული დასახელებული შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასების მასშტაბს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი ქმნის და არა ის კონსტიტუციური უფლება, რომლის შეზღუდვასაც უკავშირდება ესა თუ ის სადამსჯელო ღონისძიება. ამდენად, თუ კონკრეტული სასჯელის გამოყენება დასაშვებია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით, მისი სიმკაცრე, სათანადოობა, როგორც წესი, ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სხვა უფლებებთან შეფასების საგანი.
27. ბუნებრივია, ზემოხსენებული გარემოება არ გამორიცხავს, რომ ამა თუ იმ სასჯელის/სანქციის გამოყენება გასცდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის რეგულირების სფეროს და გამოიწვიოს საქართველოს კონსტიტუციის სხვა დებულებებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლი კრძალავს სიკვდილით დასჯას; საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია თავისუფლების აღკვეთა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ა. შ., თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, არც მოსარჩელე მხარე მიუთითებს და არც საქმის განხილვიდან გამოკვეთილა, რომ სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით განსაზღვრულ რომელიმე პროცესუალური გარანტიის დარღვევას განაპირობებს.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელები, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის 2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციის, ხოლო №740 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 226-ე, 332-ე და 333-ე მუხლების 2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან მიმართებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაცული სფერო
29. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. დასახელებული კონსტიტუციური დებულება, საკუთარ თავში აერთიანებს მრავალ უფლებრივ კომპონენტს, რომელთა ერთობლიობაც ქმნის პირის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურ საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). კონსტიტუციურსამართლებრივად პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული, თუ პირმა იცოდა ან შეეძლო წინასწარ განესაზღვრა კანონმდებლობით აკრძალული ქმედების არსი და მისგან მომდინარე შესაძლო შედეგები. პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა განსაზღვრულობის მოთხოვნის მთავარი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ ნორმის ადრესატმა შეძლოს მისი შინაარსის სწორად აღქმა, აკრძალვის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლებრივი უსაფრთხოების, კანონიერებისა და ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპებისაგან.
30. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განსაზღვრულობის მოთხოვნა მჭიდრო კავშირშია ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპთან. აღნიშნული პრინციპი მიმართულია სახელმწიფო ძალაუფლების კონცენტრაციისა და ბოროტად გამოყენების რისკების პრევენციისაკენ. კონსტიტუციური კომპეტენციების სათანადო ლეგიტიმაციის არმქონე სუბიექტის მიერ განხორციელება ქმნის როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის რისკებს, აგრეთვე საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ეფექტიან ფუნქციონირებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №3/4/641 გადაწყვეტილება საქმეზე „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-2-6).
31. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, რომ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები, როგორებიცაა ქმედების დასჯადად გამოცხადება და პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, მიღებულ იქნეს მხოლოდ საამისოდ სათანადო ლეგიტიმაციის მქონე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს – საქართველოს პარლამენტის მიერ. საქართველოს პარლამენტმა კანონშემოქმედებითი უფლებამოსილება „... ისე უნდა გამოიყენოს, რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლეო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). აღნიშნული გულისხმობს არა მხოლოდ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების, ფორმალურად, საკანონმდებლო ორგანოს მიერ შემუშავებას, არამედ იმასაც, რომ თავად ნორმათშემოქმედების პროცესის პროდუქტი იყოს საკმარისად განჭვრეტადი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
32. ყველაფერთან ერთად, პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნა ემსახურება პირთა მიმართ თვითნებური დევნისა და მსჯავრდების აღკვეთას. მხოლოდ საკმარისი სიცხადით ფორმულირებულ კანონმდებლობას შესწევს უნარი, შეამციროს, სამართალშემფარდებელთა მხრიდან, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-11).
33. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი სახელმწიფო ხელისუფლებას ავალდებულებს, შეიმუშაოს პასუხისმგებლობის დამდგენი იმგვარი ნორმატიული სივრცე, რომლის ფარგლებშიც, სამართლის ადრესატს ექნება შესაძლებლობა, მართებულად აღიქვას მისგან მომდინარე მოთხოვნები, აკრძალული ქმედების შინაარსი და ფარგლები, ისევე, როგორც შესაბამისი სამართალდარღვევისათვის მოსალოდნელი შედეგები.
5.2. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობის სტანდარტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში
34. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა არ გამორიცხავს საკანონმდებლო ორგანოს მიერ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ზოგადი და ინტერპრეტირებადი ან/და ტექნიკური ტერმინების, ისევე, როგორც კომპლექსური ფორმულირებების გზით ჩამოყალიბებას. საკანონმდებლო ორგანოს არ მოეთხოვება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების კონკრეტიკის აბსოლუტური ხარისხით შემუშავება. ამგვარი მიდგომა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები ურთიერთობათა საკმაოდ ფართო, წინასწარ არაიდენტიფიცირებადი, ცვალებადი და დინამიკური სპექტრის მიმართ ან/და ტექნიკურ და სპეციფიკურ სფეროში ურთიერთობების მოსაწესრიგებლად გამოიყენება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
35. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით per se არაკონსტიტუციურად არ მიიჩნევა აბსტრაჰირების გარკვეული ხარისხით შემუშავებული ნორმების პასუხისმგებლობის დამდგენ საკანონმდებლო სივრცეში არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლის ნორმა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერ შეასრულებს ურთიერთობათა მრავალფეროვანი და სწრაფად ცვალებადი სპექტრის მოწესრიგების მასზე დაკისრებულ ფუნქციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „კანონმდებლისთვის მაქსიმალურად დეტალიზებული, ხისტი მოწესრიგების შემოღების ვალდებულების დადგენა შეიცავს ამა თუ იმ საზოგადოებრივად საშიში ქმედების დაუსჯელად დატოვების საფრთხეს. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელს არ ექნება შესაძლებლობა, ესა თუ ის სამართლებრივი სიკეთე დაიცვას ზოგადი აკრძალვების დაწესებით, ყოველთვის იარსებებს საფრთხე, რომ ინდივიდები მოძებნიან გზას ხსენებული სამართლებრივი სიკეთის კანონით აუკრძალავი ფორმით დასაზიანებლად. ... არარეალისტური იქნება, კანონმდებელს მოეთხოვოს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების კონკრეტიზაციის ძალიან მაღალი ხარისხით ჩამოყალიბება. დასაშვებია, პასუხისმგებლობის დამდგენი ისეთი ზოგადი საკანონმდებლო ნორმის მიღება, რომელიც გონივრულობის ფარგლებში ექვემდებარება განმარტებას და, ამ გზით, უზრუნველყოფს მისი მოქმედების სფეროში მოქცეული დაცული სიკეთის ხელყოფის ყველა შესაძლო შემთხვევის დასჯადობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამდენად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამართლის ნორმის ადრესატს შეუძლია სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა, მათ შორის, იურისტებისა და დარგის სპეციალისტების დახმარებით.
36. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განმარტებისას სამართალშემფარდებლის თავისუფლების ხარისხი შეზღუდულია. მან ნორმა არ უნდა განმარტოს ისე, რომ მას არაგანჭვრეტადი შინაარსი მიანიჭოს. პირს ვერ ექნება მოლოდინი, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის რამდენიმე შესაძლო განმარტებისას, მის მიმართ გამოყენებული იქნება ის შინაარსი, რომელიც ყველაზე მძიმე შედეგს აყენებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21,22). შესაბამისად, ზოგადი ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას მოსარჩელის მითითება, რომ სადავო ნორმა მის მიმართ პოტენციურად შესაძლოა არაგანჭვრეტადი შინაარსით იყოს გამოყენებული, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ვერ იქნება რელევანტური არგუმენტი. აღნიშნულის საპირისპიროდ, ნორმის განჭვრეტადობის პრობლემის წარმოსაჩენად უნდა გამოიკვეთოს, რომ სახეზეა მისი არაგანჭვრეტადი შინაარსით ავტორიტეტული განმარტების/გამოყენების ფაქტი.
37. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განმარტების, სამართლის შეფარდების პროცესში განსაკუთრებული როლი საერთო სასამართლოებს ეკისრება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). სწორედ საერთო სასამართლოები განეკუთვნებიან სახელმწიფო ხელისუფლების იმ შტოს, რომლის ექსკლუზიური კონსტიტუციური კომპეტენცია სამართლის ნორმის ფაქტობრივი გარემოებისადმი მისადაგება და სამართლის პრაქტიკაში აღსრულებაა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). ამგვარად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი საერთო სასამართლოების ერთგვაროვანი პრაქტიკაა. თუ ნორმა სასამართლოს პრაქტიკაში ერთგვაროვნად განიმარტება და გამოიყენება, ბუნებრივია, ეს ნორმის შინაარსის განჭვრეტადობის უმთავრესი ინდიკატორია.
38. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ზოგადი ფორმულირებით შემუშავებას არაკონსტიტუციურად ისეთ შემთხვევაში მიიჩნევს, როდესაც მათ შინაარსთან და განმარტება-გამოყენებასთან დაკავშირებით: (ა) არსებობს საერთო სასამართლოების განსხვავებული/ურთიერთსაწინააღმდეგო პრაქტიკა; (ბ) საერთო სასამართლოების პრაქტიკის ცვლილების შედეგად, სამართლის ნორმის ახლადჩამოყალიბებული ნორმატიული შინაარსი გავრცელდება ამ განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე; ან/და (გ) პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება სადავო ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუსაზღვრელი განმარტების შედეგია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
5.3. სადავო ნორმის შესაბამისობა პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტებთან
39. №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინები – „მართლსაწინააღმდეგო მითვისება“, „გაფლანგვა“ და „მართლზომიერ მფლობელობაში ან განმგებლობაში“ განუსაზღვრელად ფართო შინაარსის ცნებებია და პროკურატურის ორგანოებსა და სასამართლო ხელისუფლებას აძლევს ცალკეული ქმედებების დასჯადად გამოცხადების შესაძლებლობას იმ პირობებში, როდესაც პირს არ ჰქონია მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში სხვისი ნივთი ან/და ქონებრივი უფლება, არ მიუღია გადაწყვეტილება მათი განკარგვის შესახებ, ან/და განკარგვა განხორციელდა კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო რეგულაცია იძლევა გაფლანგვად, მათ შორის, ისეთი ქმედების დაკვალიფიცირების შესაძლებლობას, სადაც საჯარო თანამდებობის პირის მხრიდან ადგილი აქვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ, მიზანშეუწონელ ან/და არაეფექტიან ხარჯვას, ანგარების მოტივის არარსებობის პირობებშიც კი.
40. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების განმარტებით, ქმედების სადავო ნორმით გათვალისწინებულ დანაშაულად კვალიფიკაციისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ნივთი ან ქონებრივი უფლება დამნაშავის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდეს ხელშეკრულების, დავალების, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე. აღნიშნული კი, გულისხმობს პირის მიერ კონკრეტული ნივთის ან ქონებრივი უფლების სამართლებრივ ან ფაქტობრივ ფლობას. მოპასუხე მხარე, მართალია, იზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევებთან მიმართებით გამოირიცხება მართლწინააღმდეგობის ელემენტის არსებობა, თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია, წარმოიშვას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე მსჯელობის საჭიროებაც. ამავე დროს, პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც, მართალია, გადაწყვეტილება კოლეგიური ორგანოს მიერ არის მიღებული, თუმცა არ მოიძებნება დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ერთი კონკრეტული პირის გარდა სხვა პირებიც მონაწილეობდნენ ან როდესაც კოლეგიური ორგანოს წევრები შეთანხმდნენ, გაეფლანგათ კოლეგიური ორგანოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონება და მიიღეს შესაბამისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება.
41. მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, დავის გადაწყვეტის მოცემულ ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმა პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს. აღნიშნული საჭიროებს, ერთი მხრივ, მოსარჩელეთა წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების, ხოლო, მეორე მხრივ, საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზს, რომელთა მიხედვითაც, შეფასდება, ხომ არ არსებობს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განჭვრეტადობის ზემოხსენებული კონსტიტუციური სტანდარტების საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმის გამოყენების ერთ-ერთი რომელიმე შემთხვევა.
42. აღსანიშნავია, რომ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, მოსარჩელე გიორგი უგულავას წინააღმდეგ, დროის სხვადასხვა პერიოდში, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა და, შემდგომში, მსჯავრდება განხორციელდა ორ სხვადასხვა ეპიზოდთან დაკავშირებით.
43. პირველ შემთხვევაში, მოსარჩელე გიორგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით). თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გიორგი უგულავას დანაშაული იმაში გამოიხატა, რომ მან ქალაქ თბილისის მერიის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ფულადი სახსრებით, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის დაფინანსების მიზნით, ქალაქ თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის მეშვეობით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს დაავალა ზემოხსენებული პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტების მოჩვენებითად დასაქმება. საბოლოო ჯამში, 712 პარტიულ აქტივისტზე, ხელფასის სახით, გაიცა 4 130 728 ლარი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი უგულავას ქმედება შეიცავდა არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, არამედ ამავე კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს პოზიცია და, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის №106აპ-17 განჩინებაში მითითებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად დააკვალიფიცირა მოსარჩელე გიორგი უგულავას ქმედება, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ქმედებაში არ იყო გაფლანგვის, როგორც დანაშაულის ძირითადი ნიშანი – სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებობა, ვინაიდან ყველა ძირეული საკითხი, რაც დაკავშირებული იყო ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტის დამტკიცებასთან, მასში ცვლილებების შეტანასთან, განეკუთვნებოდა კოლეგიური ორგანოს – საკრებულოს უფლებამოსილებას, ხოლო მერია, როგორც კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, აღასრულებდა საკრებულოს გადაწყვეტილებებს (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინება №106აპ-17 საქმეზე, პარ. 12, 13) ამდენად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა იმგვარი ქმედების გაფლანგვად დაკვალიფიცირებაზე, სადაც ბრალდებულს არ გააჩნდა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვის სამართლებრივი შესაძლებლობა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ქმედების შემადგენლობის ერთ-ერთი ელემენტის – კერძოდ კი, სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას.
45. მეორე შემთხვევაში, გიორგი უგულავას, სხვა პირებთან, მათ შორის, გიორგი საბანაძესთან, დავით ავალიანთან და დავით ალავიძესთან ერთად, ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (გაფლანგვა დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ). თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული იმაში გამოიხატა, რომ თბილისის მთავრობის დადგენილებით, თბილისის ტერიტორიაზე ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაცია-გამაგრების სტრატეგიის შემუშავების, მისი განხორციელების ხელშეწყობისა და შესრულებაზე კონტროლის მიზნით, ქალაქ თბილისის მერიის ერთპიროვნულად დაფუძნებული ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ დასაფინანსებლად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, მსჯავრდებულებმა, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, წინასწარი შეთანხმებით, ერთიანი მიზნით, ურთიერთშეთანხმებული მოქმედებებით, მართლსაწინააღმდეგოდ გახარჯეს, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო საჭიროებისთვის. 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით, მთლიანად, მართლსაწინააღმდეგოდ, გამოყენებულ იქნა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა – 48 180 960 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი უგულავასთვის (და ყველა ზემოთ მითითებული პირისათვის) წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადააკვალიფიცირა ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე და, შესაბამისად, ბრალდებულების მსჯავრდება მოხდა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულების ქმედების კვალიფიკაცია წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენი №57აპ.-19 საქმეზე).
46. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ფარგლებში, დანაშაულის ჩამდენ პირს, მასზე მინიჭებული უდავო უფლებამოსილებით „სხვისი ქონება“, რომლის გაფლანგვაც ბრალად აქვს შერაცხული, მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში უნდა გააჩნდეს. აღნიშნული უფლებამოსილება, კუმულატიურად, გულისხმობს დანაშაულის ჩამდენი პირის ფაქტობრივ შესაძლებლობას, სხვადასხვა მართლზომიერი ან არამართლზომიერი განზრახვით, განახორციელოს ქმედებები ამ ქონების განკარგვით, სარგებლობით, გასხვისებით ან სხვა მიზნობრივი ან არამიზნობრივი მოტივებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ მსჯავრდებულები, რომლებიც ქალაქ თბილისის მთავრობის წევრები და, იმავდროულად, ქალაქ თბილისის სხვადასხვა ორგანოს თანამდებობის პირები იყვნენ და რომლებსაც სხვადასხვა პოზიცია ეკავათ პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, საერთო განზრახვით მოქმედ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს წარმოადგენდა. გაფლანგული ქონება კი მსჯავრდებულთა მართლზომიერ მფლობელობაში მათივე სამსახურებრივი საქმიანობის გამო აღმოჩნდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ რამდენადაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა განეკუთვნებოდა კოლეგიური ორგანოს – საკრებულოს უფლებამოსილებას, ხოლო მერია, როგორც კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო ასრულებდა საკრებულოს გადაწყვეტილებებს, გამოირიცხებოდა მსჯავრდებულთა ქმედების გაფლანგვად მიჩნევის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მერიის საბიუჯეტო სახსრების კონკრეტული მიზნით დეტერმინებული ფონდის ანგარიშზე გადატანას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებები. თავის მხრივ, ქალაქ თბილისის მთავრობის შემადგენლობაში შედიოდნენ გიორგი უგულავა და ის სხვა პირები, რომლებიც, მოსარჩელესთან ერთად, იყვნენ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრები. საქართველოს უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომლის მიხედვითაც, „... აღნიშნული პირები იყვნენ მთავრობის ცალკეული წევრები და მხოლოდ მათი უფლებამოსილება არ ყოფილა ფონდის ანგარიშზე მერიის კუთვნილი თანხების გადატანა“, რამდენადაც, მიიჩნია, რომ ფონდის ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვა ხდებოდა წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, მსჯავრდებულებისაგან შემდგარი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელთა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იყო ქალაქ თბილისის მერიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვასთან. სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლომ უარყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება, რომ მოსარჩელისა და ქალაქ თბილისის მთავრობის ცალკეული წევრების უფლებამოსილებაში არ ყოფილა ქალაქ თბილისის მერიის კუთვნილი თანხების განკარგვა.
47. ამგვარად, მითითებულ საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად, მათ შორის, მოსარჩელის ქმედების დაკვალიფიცირება განპირობებული იყო იმით, რომ მსჯავრდებულები (ქალაქ თბილისის მერი და ქალაქ თბილისის მთავრობის წევრები) გაფლანგვის დანაშაულის ჩასადენად ერთიანი მიზნით, პირდაპირი განზრახვით მოქმედებდნენ, როგორც წინასწარ ორგანიზებული ჯგუფი და გააჩნდათ მათ მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების – მოცემულ შემთხვევაში, საბიუჯეტო სახსრების განკარგვის სამართლებრივი უფლებამოსილება და ფაქტობრივი შესაძლებლობა.
48. ზემოთ განხილული საქმეების ანალიზისა და ურთიერთშედარების საფუძველზე, ცხადი ხდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან თითოეული საქმის კვალიფიკაციის რაციონალი. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2017 წლის 17 ივლისის №106აპ-17 განჩინებაში მივიდა დასკვნამდე, რომ ქალაქ თბილისის ბიუჯეტის გაფლანგვის დანაშაულის ჩადენას გიორგი უგულავას მხრიდან ვერ ექნებოდა ადგილი, რამდენადაც ამავე ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებასთან, მასში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ყველა ძირეული საკითხის გადაწყვეტა კოლეგიური ორგანოს – საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, ხოლო მერია, როგორც კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, აღასრულებდა საკრებულოს გადაწყვეტილებებს. 2020 წლის 10 თებერვლის №57აპ.-19 განაჩენით კი, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებულების, როგორც წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მხრიდან, ადგილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რამდენადაც აღნიშნული სუბიექტები მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით, რომ გაეფლანგათ ქალაქ თბილისის მერიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები და როგორც ქალაქ თბილისის მერსა და ქალაქ თბილისის მთავრობის წევრებს, ერთობლივად, რომელთა გადაწყვეტილებასა და სამართლებრივ აქტებს ეფუძნებოდა ფონდის ანგარიშზე აღნიშნული თანხების გადატანა, გააჩნდათ კიდეც საამისოდ აუცილებელი სამართლებრივი უფლებამოსილება და ფაქტობრივი შესაძლებლობა.
49. საგულისხმოა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, უშუალოდ მოსარჩელე გიორგი უგულავას საქმეების მიღმა, გააანალიზა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში არსებული განაჩენები/განჩინებები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის განმარტებისა და აღნიშნული მუხლით ქმედების გაფლანგვად კვალიფიცირების შემთხვევებს შეეხება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აქტების ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია იმ ძირითადი ელემენტების გამოკვეთა, რომელთა არსებობის პირობებში არის დასაშვები ცალკეული ქმედების გაფლანგვის დანაშაულად მიჩნევა. უფრო კონკრეტულად, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით კვალიფიცირებისათვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენს ის, რომ (ა) დამნაშავეს გააჩნდეს უფლებამოსილება, ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში; (ბ) დამნაშავე ქონების მართლზომიერ მფლობელობას ახორციელებდეს ქონების მესაკუთრესთან სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი ისეთი გამოხატულებით, როგორიცაა სამსახურებრივი მოვალეობა; (გ) დამნაშავეს გააჩნდეს ფაქტობრივი შესაძლებლობა, განახორციელოს ამ ქონების განკარგვის უფლებამოსილება; და (დ) დამნაშავე ითვალისწინებდეს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურდეს ამ ზიანის დადგომა. აღნიშნული კრიტერიუმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქმედების გაფლანგვად მიჩნევისათვის განმსაზღვრელ ფაქტორს გაფლანგული სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების განკარგვის სამართლებრივი და ფაქტობრივი შესაძლებლობის ელემენტების თანაარსებობა წარმოადგენს. იმ შემთხვევაში კი, თუ არ არსებობს ზემოხსენებული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი, მათ შორის, არ დასტურდება სხვისი ნივთის ან ქონების განკარგვის სამართლებრივი უფლებამოსილების არსებობა, გამოირიცხება ქმედების გაფლანგვად კვალიფიცირება (იხ., მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №472აპ-18, 2021 წლის 7 სექტემბრის განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის №347აპ-17 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2017 წლის 16 ივნისის №739აპ-16 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის №339აპ-15 განაჩენი).
50. ამგვარად, მოსარჩელე გიორგი უგულავას საქმეების ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2017 წლის 17 ივლისის №106აპ-17 განჩინებაში, ისევე, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის №57აპ.-19 განაჩენში განვითარებული მსჯელობა, გაფლანგვის დანაშაულის ქმედების შემადგენლობის დამფუძნებელ ელემენტებთან მიმართებით, მათ შორის, მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში ქონების არსებობისა და არამართლზომიერი განკარგვის უფლებამოსილების ჭრილში, არის არა განსხვავებული ან/და ურთიერთსაპირისპირო, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს როგორც წინარე, აგრეთვე შემდგომი პრაქტიკის თანმიმდევრული და, იმავდროულად, თითოეული საქმის ინდივიდუალურ გარემოებებთან შესატყვისი.
51. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესწავლის შედეგად, ცხადი ხდება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია, გაფლანგვის დანაშაულის ამსრულებელს გაფლანგვას დაქვემდებარებულ სხვის ნივთთან/ქონებრივ უფლებასთან მიმართებით, გააჩნდეს ფორმალური უფლებამოსილება და ფაქტობრივი შესაძლებლობა, განახორციელოს აღნიშნული ნივთის/ქონებრივი უფლების განკარგვა, იქნება იგი ჩადენილი ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად. ამასთანავე, ერთგვაროვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები სხვისი ქონების ან ნივთის მართლსაწინააღმდეგო განკარგვის ცნების შინაარსთან დაკავშირებით. კერძოდ, გაფლანგვა გულისხმობს პირის მიერ, სხვადასხვა (მართლზომიერი ან არამართლზომიერი) განზრახვით, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სხვისი ნივთის/ქონებრივი უფლების ნებისმიერი არამართლზომიერი ფორმით გასხვისებას, მათ შორის, წინასწარი განზრახვით არამიზნობრივ განკარგვას (იხ., მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის №926აპ-22 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2020 წლის 10 თებერვლის №57აპ.-19 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის №347აპ-17 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის №332აპ-15 განაჩენი). შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ქმედების შემადგენლობის ყველა ის ელემენტი, რომლის ბუნდოვანებაზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს, ერთგვაროვნად არის განმარტებული/გამოყენებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში.
52. ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნა მიემართება ნორმაშემოქმედებით და კანონის ინტერპრეტირების და არა კანონის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ინდივიდუალური მისადაგების პროცესს. კანონშემოქმედებითი კომპეტენციით აღჭურვილი ორგანო ვალდებულია, სამართლის მოქნილობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე, შეიმუშაოს ცხადი ნორმატიული სივრცე, რომელიც მოაწესრიგებს პირთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ხოლო საერთო სასამართლოები, მათ შორის, უმაღლესი ინსტანციის საკასაციო სასამართლო, როგორც სამართალშეფარდებაზე, სამართალაღსრულებაზე მონოპოლიის მქონე სასამართლო ორგანო, ვალდებულია, უზრუნველყოს ერთგვაროვანი ვითარების მიმართ კანონის ერთგვაროვნად ინტერპრეტაცია და გამოყენება. მაშასადამე, სხვადასხვა სიტუაციებსა და სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით, ერთი და იგივე ნორმით განსხვავებული სამართლებრივი შედეგების დაყენება სამოსამართლო ფუნქციის არსისა და ინდივიდუალიზებული მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ჩვეული, თავისთავადი მახასიათებელია. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის არაერთგვაროვანი განმარტების შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მაშინ, როდესაც საერთო სასამართლოები განსხვავებულად განმარტავენ ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის საჭირო ელემენტებს. აღნიშნული გარემოების არსებობა კი სადავო ნორმასთან მიმართებით არ დგინდება. ბუნებრივია ასევე ისიც, რომ, რიგ შემთხვევებში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ შეიძლება დადგენილად მიიჩნიოს ან არ მიიჩნიოს კონკრეტულ საქმეზე ამა თუ იმ ელემენტის, მაგალითად, სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლზომიერი მფლობელობის ან გამგებლობის ფაქტის არსებობა. აღნიშნული, ცხადია, სადავო ნორმის შინაარსის არაერთგვაროვნად განმარტებასა და გამოყენებაზე არ მიუთითებს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმა აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტებს, საერთო სასამართლოს მხრიდან მისი განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებთან განსხვავებულად მისადაგება, ბუნდოვანებაზე მითითებით, ვერ გახდება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი. მაშასადამე, რამდენადაც, ქმედების გაფლანგვად კვალიფიცირებისათვის აუცილებელ ელემენტებთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, ლოგიკურია იმის მტკიცება, რომ არ მომხდარა საქართველოს საერთო სასამართლოს პრაქტიკის ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის განმარტება-გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გამოირიცხება სადავო ნორმის ახლად ჩამოყალიბებული ნორმატიული შინაარსის, მოსარჩელის მიერ ამ განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე გავრცელების რისკების არსებობა და, ამ მხრივ, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საჭიროება.
53. ამასთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ქმედების შემადგენლობის დამაფუძნებელ ელემენტებთან მიმართებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი და თანმიმდევრული პრაქტიკის არსებობის პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, განუჭვრეტელობაზე აპელირებით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის დასადასტურებლად არ გამოდგება არც გაფლანგვის ცნების ზოგად ბუნდოვანებაზე მითითება. ბუნებრივია, მოსარჩელე მხარეს გააჩნია უფლებამოსილება, გაასაჩივროს სახელმწიფოს მხრიდან ცალკეული ქმედებების კრიმინალიზების მართებულობა, მათ შორის, იდავოს იმაზე, პირის მიმართ უნდა დგებოდეს თუ არა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში/მიზანშეწონილობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების ან/და სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისათვის, ისევე, როგორც ანგარების მოტივის არარსებობის პირობებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს არა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით გადასაწყვეტ საკითხს, არამედ საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულების ფარგლებში შესაფასებელ მოცემულობას, რომლით დაცული ქმედების განხორციელებისთვისაც პირს, სადავო ნორმის საფუძველზე, ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
54. ზემოაღნიშნულის მიღმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, დამატებით, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც პირველ, აგრეთვე მეორე, ზემოთ განხილულ ეპიზოდში, მოსარჩელე გიორგი უგულავას მსჯავრდება მოხდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების კანონსაწინააღმდეგო ხარჯვაში (პირველ შემთხვევაში, პარტიულ აქტივისტებზე, ხელფასის სახით, გაიცა და, შესაბამისად, გაიფლანგა – 4 130 728 ლარი; ხოლო მეორე შემთხვევაში – არადანიშნულებისამებრ, აგრეთვე პარტიული ინტერესებისათვის, მთლიანად მართლსაწინააღმდეგოდ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიფლანგა 48 180 960 ლარი). ბუნებრივია, ამა თუ იმ პარტიის პარტიული ინტერესებისათვის სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის კანონსაწინააღმდეგო ხარჯვა, თითოეულ დემოკრატიულ და სამართლის უზენაესობის პრინციპით მართულ სახელმწიფოში, მათ შორის, საქართველოში, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას. მთლიანობაში, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულები ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტს, შეუქცევად ზიანს აყენებს მმართველობის პროცესში პატიოსნების, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს და ლახავს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობას, რომ აღარაფერი ითქვას ეკონომიკურ შედეგებზე სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის, შეუძლებელია, საჯარო თანამდებობის პირს გააჩნდეს გონივრული, რაციონალური მოლოდინი, რომ სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის არაკანონიერი ხარჯვა პასუხისმგებლობის სფეროს მიღმა და, შესაბამისად, დაუსჯელი დარჩება. სწორედ ამიტომ, ცხადია, მოცემულ შემთხვევაშიც, მოსარჩელეს, როგორც ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირსა და მთავრობის ხელმძღვანელს, გააზრებული უნდა ჰქონოდა, რომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ამავე ქალაქის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს.
55. განცალკევებით, №764 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელეების საქმესთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულად მიჩნეული ქმედება თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა) გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ). მოცემულ საქმეზე, მოსარჩელეთა ქმედებების სამართლებრივი შინაარსის განსაზღვრისას, მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხების გახარჯვას წინ მსჯავრდებულთა მხრიდან არაჯეროვნად განხორციელებული საიდუმლო შესყიდვის პროცედურა უძღოდა, თუმცა, ამავე დროს, განმარტა, რომ „გადაწყვეტილების მიმღები პირები ... [მსჯავრდებულები] ნამდვილად არ ყოფილან, მით უმეტეს, წარმოუდგენელია მათი მფლობელობის დაშვება საქართველოს სახელმწიფო ხაზინის სახსრებზე, რაც საერთოდ აბსურდამდე მიგვიყვანდა, რადგან გამოვიდოდა, რომ ნებისმიერი სამინისტროსა თუ სხვა საჯარო დაწესებულების შესყიდვების სამსახურს მფლობელობაში ექნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულებმა მოამზადეს შესყიდვის დოკუმენტაცია, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვა მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, ვერ გამოდგება მფლობელობის გასამართლებლად“. სააპელაციო სასამართლოს პოზიციით, მოსარჩელეთა ქმედება არც სადავო ნორმის დისპოზიციაში მოხსენიებულ გამგებლობის შინაარსს ეხმიანება, ვინაიდან „გამგებლობის დროს პირი არ ფლობს ნივთს ფაქტობრივად, თუმცა კონტროლი აქვს მასზე. მოცემულ შემთხვევაში კი ... [მსჯავრდებულებს] მსგავსი ხასიათისა და ხარისხის კონტროლი, რომელიც მფლობელობას უტოლდება, სახელმწიფო ხაზინის სახსრებზე არ გააჩნდათ. ვისაც ამგვარი კონტროლის – გამგებლობის – უფლებამოსილება გააჩნდა, იმ ორგანომ მიიღო კიდეც გადაწყვეტილება“.
56. ამრიგად, №764 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელეთა საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი ცხადყოფს, რომ ნუგზარ კაიშაურის, დავით წიფურიას, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძისა და არჩილ ალავიძის ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაცია მოხდა არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის, არამედ ამავე კოდექსის 332-ე მუხლის საფუძველზე. იმავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან, მოსარჩელეთა ქმედებების კვალიფიკაციის ცვლილების მიღმა არგუმენტაცია იმაში მდგომარეობდა, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნდათ სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვის უფლებამოსილება და, საბოლოოდ, არ ყოფილან გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტები, რაც გამორიცხავდა კიდეც სხვის ნივთზე მათ მფლობელობასა და გამგებლობას. ხსენებული ცხადყოფს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული გაფლანგვის დანაშაულის ქმედების შემადგენლობის მფლობელობის/გამგებლობის ელემენტთან მიმართებით საერთო სასამართლოების პრაქტიკა ერთგვაროვანია, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელეთა საქმეზე გაკეთებული განმარტება თანხვედრაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებთან. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმის შინაარსთან და განმარტება-გამოყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ სტანდარტებთან სადავო ნორმის შეუსაბამოდ მიჩნევის არც ერთი საფუძველი. ამგვარად, მოსარჩელეთა არგუმენტაცია, სადავო ნორმის განუჭვრეტელობის თაობაზე, №764 კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნის ფარგლებშიც დაუსაბუთებელია.
57. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებთან შეუსაბამობის მოტივით, არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 და 166-ე მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
58. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება „... წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი სახელმწიფო ხელისუფლებას აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ადამიანების მიმართ თანაბარი მოპყრობა, რაც, თავის მხრივ, შედარებადი პირების მიმართ, სამართლებრივ დონეზე, ერთნაირი მოთხოვნების დაწესებაში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ვალდებულებაში გამოიხატება.
59. ამდენად, სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტიდან „მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვას ადგილი ექნება იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმა შედარებად სუბიექტებს მიანიჭებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით.
60. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, რა დროსაც ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით. ამავე კოდექსის 166-ე მუხლი კი ადგენს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. ამდენად, სადავო ნორმები განამტკიცებს დისკრეციული სისხლისსამართლებრივი დევნის პრინციპს და განსაზღვრავს პროკურორის უფლებამოსილებას, საჯარო ინტერესის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების და განხორციელების თაობაზე.
61. №740 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელის პოზიციით, პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ერთადერთი კრიტერიუმი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლში მოხსენიებული „საჯარო ინტერესებია“. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პროკურორის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, განხორციელებისა თუ შეწყვეტის დისკრეციული უფლებამოსილების მარტოოდენ ისეთი არაცხადი, აბსტრაქტული მითითებით შეზღუდვა, როგორიცაა „საჯარო ინტერესები“, არ არის საკმარისი პოლიტიკურად მოტივირებული ან/და დისკრიმინაციული დევნის თავიდან ასაცილებლად.
62. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება, ბუნებრივია, კრძალავს დისკრიმინაციას სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას. სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი, სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელოს შერჩევითად, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებსა და სულისკვეთებასთან შეუსაბამო კრიტერიუმებზე დაყრდნობით.
63. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაციული სისხლისსამართლებრივი დევნის აკრძალვა არ გულისხმობს დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი ყველა პირის მიმართ დევნის ერთგვაროვნად განხორციელებას. ცხადია, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების გადაწყვეტილების მიღებისას, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანომ შესაძლოა, მხედველობაში მიიღოს პოტენციური ბრალდებულის პიროვნება, მის მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობის, გამოძიებისათვის დახმარების ფაქტი და ა. შ.. დისკრიმინაციული დევნის დასასაბუთებლად საჭიროა, წარმოჩნდეს, რომ მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ დევნის დაწყების შესახებ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღება, სისხლის სამართლის პროცესის მიზნების საწინააღმდეგო კრიტერიუმზე დაყრდნობით.
64. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გარკვეულ შემთხვევაში, ფართო დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებამ შესაძლებელია, დისკრეციული უფლებამოსილების დისკრიმინაციულად გამოყენების შესაძლებლობის გამო, შექმნას უფლების დარღვევის რისკები და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა განაპირობოს კიდეც (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35-59). შესაბამისად, სადავო ნორმა სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას შეიძლება არღვევდეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი პირდაპირ არ ადგენს, თუმცა, იმავდროულად, უშვებს აღმასრულებლის მიერ პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლებლობას.
65. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე დავის გადაწყვეტის შემდგომ ეტაპზე, უნდა განისაზღვროს სადავო ნორმების შინაარსი და დადგინდეს, რა გარემოებებზე დაყრდნობით უშვებს ისინი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას.
6.2. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები
66. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სისხლის სამართლის დევნის საფუძვლებსა და წინაპირობებს. კერძოდ, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საგამოძიებო ორგანოები ვალდებული არიან, დაიწყონ გამოძიება (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი), რომელიც მიმდინარეობს გონივრულ ვადებში (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი), სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების წინაპირობა არსებობს მაშინ, როდესაც გამოიკვეთება ბრალდების საფუძველი ანუ გამოძიება მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომლებიც, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე.
67. ამდენად, სადავო ნორმები მოქმედებას იწყებს საქმეზე პირის ბრალდების საფუძვლის გამოკვეთის შემდეგ და პროკურორს აღჭურავს დისკრეციული უფლებამოსილებით, გადაწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი. კერძოდ, პროკურორი ამ ეტაპზე წარადგენს ბრალდებას ან/და უარს ამბობს დევნის დაწყებაზე, რასაც აფორმებს შესაბამისი დადგენილებით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილი). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს სპეციალურ წესებსაც იმ მიზნით, რომ პროკურორმა ხსენებული გადაწყვეტილების მიღება არ გააჭიანუროს. კერძოდ, თუ პროკურორი გააჭიანურებს ბრალის წარდგენას, დევნის დაწყებისათვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მოპოვებული მტკიცებულებები დაცვის მხარის შუამდგომლობით, დაუშვებლად იცნობა (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-9 ნაწილი).
68. პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება, ბუნებრივია, არ მიემართება შემთხვევებს, როდესაც საქმეზე შეგროვილი არ არის დასაბუთებული ვარაუდისათვის საჭირო მტკიცებულებები ან არსებობს გამოძიების ან/და დევნის შეწყვეტის იმპერატიული საფუძვლები (მაგალითად, „ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას“, „კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი“ და ა.შ.). მსგავს შემთხვევაში, პროკურორი ვალდებულია, არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და ხსენებული გადაწყვეტილების მიღება დისკრეციის საგანს არ წარმოადგენს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად უშვებს მოქმედი კანონმდებლობა დისკრიმინაციულ მოპყრობას იმ პირებს შორის, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების წინაპირობები არსებობს.
69. ამ თვალსაზრისით, თავდაპირველად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ნათელია პროკურორისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პროცესში დისკრეციის მინიჭების მიზნები. ბუნებრივია, რთულია ყველა იმ გარემოების წინასწარ განსაზღვრა, რომელმაც შესაძლოა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მიზანშეუწონელი გახადოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პრაქტიკაში, არაერთხელ მიუთითა, რომ ქმედების კრიმინალიზება წარმოადგენს ადამიანის ძირითად უფლებებში და თავისუფლებებში ინტენსიურ ჩარევას და იგი გამოყენებული უნდა იქნეს როგორც ultima ratio ღონისძიება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ლეგიტიმურად მიიჩნევს კანონმდებლის მიდგომას, რომლის თანახმადაც, სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნების შემცველ ყველა ქმედებაზე დევნის განხორციელება შესაძლებელია, არ იყოს აუცილებელი, რაც, თავისთავად, აჩენს პროკურორისათვის გარკვეული დისკრეციის მინიჭების საჭიროებას.
70. რიგ შემთხვევებში, აღმასრულებელი ორგანოებისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების საჭიროების მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუცია, როგორც წესი, არ უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაურეგულირებელი, გაუმართლებლად ფართო და აბსოლუტური თავისუფლების მინიჭების ავტომატურ დასაშვებობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-54-55). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). ზღვარდაუდებელი დისკრეციული უფლებამოსილება წარმოშობს დისკრიმინაციული მოპყრობის რისკებს. სწორედ ამიტომ, სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს პროკურორისათვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლები და შეფასდეს, რამდენად ატარებს იგი საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულ ხასიათს.
6.3. სადავო ნორმების საფუძველზე პროკურორისათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები
71. სადავო ნორმების თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, პროკურორი ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით. ხსენებული ჩანაწერი თავისთავად მიუთითებს, რომ პროკურორის დისკრეცია, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არ არის თავად პროკურორის პირად სურვილებზე, პრეფერენციაზე მინდობილი. პროკურორის მიერ ხსენებული უფლებამოსილების გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს გონივრულ ახსნას იმისა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება/განუხორციელებლობა რატომ არის სისხლის სამართლის პროცესის მიზნებთან შესაბამისი.
72. იმავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების კონტექსტში, არაერთხელ მიუთითებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებზე. კერძოდ, ხსენებული კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა აგრეთვე არ დაიწყოს ან შეწყდეს, თუ ის ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს“, ამავე პრინციპებით ხელმძღვანელობს პროკურორი განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1682 მუხლის მე-6 ნაწილი). ამდენად, ცხადია, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს პროკურორისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
73. ხსენებული პრინციპები დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №181 ბრძანებით და ადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმებს, რომლებიც პროკურორმა უნდა გამოიყენოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საჯარო ინტერესის არსებობა-არარსებობის დასადგენად. აღნიშნული წესი არა ამომწურავად, თუმცა სახელდებით მიუთითებს გარემოებებზე, რომლებითაც პროკურორმა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას უნდა იხელმძღვანელოს. კერძოდ, „საჯარო ინტერესის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მრავალი სხვადასხვა გარემოება, მათ შორის: ა) სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები; ბ) დანაშაულის ბუნება და სიმძიმე; გ) სისხლისსამართლებრივი დევნის პრევენციული გავლენა; დ) პირის ბრალეულობის ხარისხი; ე) პირის კრიმინალური წარსული; ვ) გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი; ზ) პიროვნული მახასიათებლები; თ) მოსალოდნელი სასჯელი მსჯავრდების შემთხვევაში ან სხვა შედეგი“.
74. აღნიშნულის მიღმა, სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი ჩამოთვლის გარემოებებს, რომლებიც მიუთითებს სისხლისსამართლებრივი დევნის მიზანშეწონილობასა თუ მიზანშეუწონლობაზე. მაგალითად, დევნის მიზანშეწონილობაზე მიუთითებს შემდეგი გარემოებები: ჩადენილი დანაშაული გავრცელებულია კონკრეტულ რეგიონში და სისტემატურ ხასიათის ატარებს, სახეზეა განსაკუთრებით საშიში დანაშაული, სისხლისსამართლებრივ დევნას პოზიტიური გავლენა ექნება მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე; დანაშაული ჩადენილ იქნა საზოგადოების სამსახურში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად და ა.შ.. დევნის მიზანშეუწონლობაზე კი მიუთითებს შემდეგი გარემოებები: სასჯელის მიზნები შესაძლოა, მიღწეულ იქნეს სისხლისსამართლებრივი დევნის გარეშე; მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა; პირმა აუნაზღაურა დაზარალებულს დანაკარგი ან მიყენებული ზიანი; დანაშაულის ჩადენასა და სასამართლო განხილვას შორის არსებობს დროის ხანგრძლივი მონაკვეთი; პირს მიუძღვის უმნიშვნელო როლი დანაშაულის ჩადენაში.
75. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა არა მხოლოდ ადგენს, რომ სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული პროკურორის დისკრეციული გადაწყვეტილებები მიიღება საჯარო ინტერესზე დაყრდნობით, არამედ, აგრეთვე განსაზღვრავს ინსტრუქციებს, რომლებითაც პროკურორმა უნდა იხელმძღვანელოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე პროკურორის დისკრეციის გამოყენება ზღვარდადებულია და ეფუძნება პირთა წრესთან დაუკავშირებელ კრიტერიუმებს. თითოეული ზემოთ ხსენებული კრიტერიუმი ნეიტრალურია პირთა ნებისმიერი წრის მიმართ და შეიცავს საკმარის სახელმძღვანელო მითითებას იმისათვის, რათა კეთილსინდისიერმა, კვალიფიციურმა პროკურორმა სადავო ნორმებში მითითებულ საჯარო ინტერესად არ მიიჩნიოს რომელიმე პირის პოლიტიკური, ეთნიკური, რასობრივი ან/და სხვა, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებთან შეუსაბამო ნიშნით გამორჩევა და პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრიმინაციულად გამოყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების, დაზარალებულის მიერ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ პროკურორის გადაწყვეტილება ექვემდებარება კანონიერების კონტროლს, რაც, თავისთავად, მიანიშნებს ხსენებული გადაწყვეტილების პირად სურვილებზე დაყრდნობით, სისხლისსამართლებრივი პროცესის მიზნების საწინააღმდეგოდ მიღების დაუშვებლობას.
76. საქართველოს კანონმდებლობა არა მხოლოდ ადგენს პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების არადისკრიმინაციულად გამოყენების ვალდებულებას, ასევე ქმნის მექანიზმებს, პრაქტიკაში დისკრიმინაციული მოპყრობისაგან თავის დასაცავად. არასათანადო სისხლისსამართლებრივი დევნისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად, როგორც წესი, ყველაზე ეფექტიანი მექანიზმებია, ერთი მხრივ, კანონდამრღვევ პირებზე ზემოქმედების ღონისძიებებისა და მათი პასუხისმგებლობის განსაზღვრა, ხოლო, მეორე მხრივ, თავად უფლებაშელახული პირისათვის უფლებებში აღდგენის შესაძლებლობის მინიჭება. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობით შექმნილია ორივე მექანიზმი.
77. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ პროკურორი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობას საერთო წესით ექვემდებარება („პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტი). შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ იგი სისხლისსამართლებრივ დევნას საჯარო, მართლმსაჯულების ინტერესების საწინააღმდეგოდ, ცალკეულ პირთა მიმართ პოლიტიკურად ან/და სხვა დისკრიმინაციული საფუძვლით განახორციელებს, სახეზე გვექნება კანონთან შეუსაბამო დევნა. უკანონო დევნის განხორციელება კი სამოხელეო დანაშაულს წარმოადგენს და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამისი მუხლებით. საქართველოს კანონმდებლობით ასევე უზრუნველყოფილია სახელმწიფო მოხელეების უკანონო ქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება და მექანიზმები.
78. ამავე დროს, როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესაძლებლობას თუ დევნა ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ხსენებული პრინციპები კი არაორაზროვნად მიუთითებს დისკრიმინაციული დევნის დაუშვებლობაზე და გაწერს პროკურორის დისკრეციის გამოყენების კრიტერიუმებს. შესაბამისად, თუ პროკურორი დისკრეციის გამოყენების მიზნებისა და კრიტერიუმების საწინააღმდეგოდ განახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას, მოსამართლე უფლებამოსილია შეწყვიტოს იგი.
79. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარემ მიუთითა პროკურორისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების აბსოლუტური დისკრეციის მინიჭების გამო, პოლიტიკური ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციული დევნის შესაძლებლობაზე, თუმცა არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რატომ არ არის საკმარისი პროკურორის დისკრეციის ზემოხსენებული ფორმით განსაზღვრა და მოქმედი კანონმდებლობის დაურღვევლად, რამდენად შეუძლია პროკურორს, დევნოს გარკვეული პოლიტიკური შეხედულების მქონე პირები და არ დევნოს მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა პოლიტიკური შეხედულების მქონენი.
80. აღსანიშნავია, რომ №740 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, ე. წ. „თბილსერვის ჯგუფის“ ეპიზოდთან დაკავშირებით, მიუთითებდა, რომ მასთან ერთად, ანალოგიურ ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, პასუხისგებაში არ მიუციათ ქალაქ თბილისის მთავრობის არც ერთი წევრი და შპს „თბილსერვისის“ ჯგუფში დასაქმებული არც ერთი თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ გაფლანგვას დაქვემდებარებული თანხის ხარჯვას ახორციელებდა და რომლებმაც, მოსარჩელის მოსაზრებით, აგრეთვე ჩაიდინეს დანაშაული. ამ კონტექსტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვის დროს არ გამოკვეთილა, რომ პროკურორმა გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და შეწყვიტა დევნა რომელიმე ზემოთ ხსენებული პირის მიმართ. ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა ვერ იქნება, რომ დანაშაულის ფაქტის ყველა ფიგურანტი ერთი და იმავე საქმის ფარგლებში გასამართლდეს.
81. ამავე დროს, საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც წარმოაჩენდა, რომ, ზოგადად, მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულის მსგავსი დანაშაულის ჩადენისათვის პროკურატურა, როგორც წესი, სისხლისსამართლებრივ დევნას არ ახორციელებს და, მოცემულ შემთხვევაში, მოხდა მოსარჩელის გამორჩევა რაიმე ნიშნით. ამდენად, საქმის განხილვის შედეგად არ დგინდება, რომ სადავო ნორმების გამოყენების პრაქტიკა იმგვარია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, კანონმდებლობის ზემოხსენებული შინაარსით განმარტების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.
82. შესაძლოა, რიგი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა მოახერხონ მართლმსაჯულების თავიდან აცილება. ხსენებული შეიძლება, მათ შორის, გამოწვეული იყოს გამოძიების სირთულით ან/და საქმეზე არასათანადო გამოძიების ჩატარებით, თუმცა აღნიშნული საკითხი სადავო ნორმების რეგულირების მიღმაა. ის ფაქტი, რომ რიგი ქმედებებისთვის თუნდაც ერთგვაროვან გარემოებებში მყოფი ყველა პირი ერთნაირად არ ისჯება, თავისთავად, პროკურორისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დისკრეციული უფლებამოსილების პრობლემურობაზე არ მიუთითებს. როგორც უკვე აღინიშნა, პროკურორის დისკრეცია ფუნქციონირებას იწყებს მას შემდეგ, როდესაც გამოძიება მოიპოვებს პირისათვის ბრალის წარსადგენად საკმარის მტკიცებულებებს, ხოლო თუ მტკიცებულებების მოგროვება ობიექტური ან სუბიექტური მიზეზებით არ მოხდა, ცხადია, პროკურორი სისხლისსამართლებრივ დევნას ვერ დაიწყებს.
83. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლისსამართლებრივი დევნის პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების მომწესრიგებელი ნორმატიული ბაზის ანალიზი ცხადყოფს, რომ ხსენებული უფლებამოსილება ექვემდებარება განსაზღვრული კრიტერიუმებითა და წინაპირობებით გადაწყვეტილების მიღებას, რომლებიც ემსახურება გასაჩივრებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერი და დაურეგულირებელი გამოყენების რისკების შემცირებას, დისკრეციული უფლებამოსილების შინაარსის, მიზნისათვის რისკის შექმნის გარეშე. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მხარე როგორც კონსტიტუციურ სარჩელში, აგრეთვე საქმის განხილვის მიმდინარეობისას, უმთავრესად, იმ გარემოებაზე აპელირებდა, რომ პროკურორის სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეცია იზღუდება მხოლოდ ისეთი ზოგადი ხასიათის დათქმაზე მითითებით, როგორიცაა „საჯარო ინტერესი“, რაც ვერ უზრუნველყოფს ამგვარი უფლებამოსილების დისკრიმინაციულად გამოყენების რისკების პრევენციას. მოცემულ საქმეზე, არც №740 კონსტიტუციური სარჩელის ავტორს წარმოუდგენია არგუმენტაცია და არც საქმის განხილვის შედეგად გამოკვეთილა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები და სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები არ არის საკმარისი პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების დისკრიმინაციულად გამოყენების რისკების პრევენციისათვის. ამდენად, არ დასტურდება, რომ, სადავო ნორმების საფუძველზე, პროკურორისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება ატარებს დაურეგულირებელ, გაუმართლებლად ფართო, თვითნებურ ხასიათს და წარმოშობს მისი დისკრიმინაციულად გამოყენების იმგვარ რისკებს, რაც სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან არაკონსტიტუციურად ცნობას განაპირობებდა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილშიც, არ არსებობს №740 კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
84. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ორგანულ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. აღნიშნული კონსტიტუციური გარანტიით სრულყოფილ სარგებლობას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება არის ინსტრუმენტული ხასიათის და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სასამართლოს გზით, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფას. „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
85. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლება „ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად – ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
86. ამასთანავე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს, მათ შორის, სამართლიანი და ქმედითი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. თავის მხრივ, სამართლიანი და ქმედითი მართლმსაჯულების პრინციპი, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობით მართული დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებებს, გულისხმობს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის იმგვარი ნორმატიული წესრიგის არსებობას, რომელიც გამორიცხავს/მინიმუმამდე დაიყვანს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, მათთვის მინიჭებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და, კონსტიტუციურად გამართლებული ლეგიტიმური მიზნის გარეშე, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების შეზღუდვას ადგილი იმ შემთხვევაში, როდესაც საკანონმდებლო წესრიგი იძლევა პირის მიმართ მარტოოდენ ან უპირატესად, არასათანადო და კონსტიტუციურად გაუმართლებელი მიზნით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობას.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს შეზღუდვა
87. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი ითვალისწინებს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ განჩინებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ალბათობის მაღალი ხარისხით, არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. №740 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არ განსაზღვრავს მოსამართლის ვალდებულებას, შეამოწმოს სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლო დისკრიმინაციული ბუნება, საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შეაფასოს პირის მიმართ შესაძლო შერჩევითი მოპყრობის ფაქტის არსებობა-არარსებობა და შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ შემთხვევაში, როდესაც იგი განპირობებულია გარკვეული ნიშნით, პირის ცალკეულ ჯგუფებთან კუთვნილებით. მოსარჩელის პოზიციით, მსგავსი მოწესრიგება წარმოშობს შერჩევითი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების, პოლიტიკური შეხედულების გამო ან/და სხვა დისკრიმინაციული მოტივით პირის მსჯავრდების რისკებს.
88. ხსენებულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი, თეორიულადაც კი, ვერ გახდება საკანონმდებლო საფუძველი ვინმეს პოლიტიკური ან სხვა ნიშნით ან მის გარეშე დევნისათვის. ხსენებული ნორმა აღმჭურველი ხასიათისაა და ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეზე არ არსებობს ამგვარი დევნის შემდგომი პროგრესირებისათვის საჭირო მტკიცებულებები. მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს და, შესაბამისად, არც რაიმე ტიპის არგუმენტი არის წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირობებში, როდესაც შეგროვილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ ასაბუთებს პირის დამნაშავეობას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხსენებულ ნაწილშიც №740 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს
1. არ დაკმაყოფილდეს №740 და №764 კონსტიტუციური სარჩელები („გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში