საქართველოს მოქალაქეები − გიორგი ოკუჯავა, ელენე სხირტლაძე, გიორგი ღლონტი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/5/860 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 7 თებერვალი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 თებერვალი 2017 18:56 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი − სხდომის თავმჯდომარე;
მაია კოლაპეიშვილი − წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი;
მერაბ ტურავა − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი : მარიამ ბარამიძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები − გიორგი ოკუჯავა, ელენე სხირტლაძე, გიორგი ღლონტი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის და მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №860) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა: გიორგი ოკუჯავამ, ელენე სხირტლაძემ, გიორგი ღლონტმა, მამუკა თორღაშვილმა, მასმა გეიდარ-ზადემ, დალი სულხანიშვილმა, სოფიკო ჩხიკვაძემ, მურად გასანოვმა, ჟუჟუნა ჯვარშეიშვილმა და ლუდმილა კოტენკოვამ.
2. №860 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გასასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 5 დეკემბერს.
3. №860 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 7 თებერვალს.
4. №860 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
5. “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი)“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ „თუ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობისათვის მოსარგებლემ მესაკუთრეს გარკვეული საფასური გადაუხადა, სასამართლო უფლებამოსილია, ამ საფასურის ოდენობის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 15 პროცენტამდე შეამციროს. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადება მესაკუთრეს ავალდებულებს, გადაიხადოს კომპენსაცია მისი მოსარგებლის მხრიდან წერილობითი ფორმით მოთხოვნის მიღებიდან 3 წლის ვადაში.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, ხოლო 21-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ პირები, რომელთა საკუთრებაშიც არსებულ საცხოვრებელ სადგომს ფაქტობრივად ფლობენ სხვა პირები, რის საფუძველსაც წარმოადგენს მოსარგებლის მიერ მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება ან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება.
8. მოსარჩელეები პარალელს ავლებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის №1/1/103,117,137,147-48,152-53 გადაწყვეტილებასთან და აღნიშნავენ, რომ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი წარმოადგენს აღნიშნული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას, რადგან სადავო ნორმით, ფორმის დაუცველად დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას ენიჭება იურიდიული ძალა. მოსარჩელე მხარის განცხადებით, მხარეების მიერ წინასწარვე ცნობილი იყო, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ვერ დააყენებდა შესაბამის სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, აღნიშნული გარიგების მიზანს წარმოადგენდა არა მესაკუთრის შეცვლა ნასყიდობის საგანზე, არამედ მხოლოდ აღნიშნული ობიექტის მფლობელობაში გადაცემა მესაკუთრიდან მოსარგებლეზე.
9. მოსარჩელეთა განცხადებით, გასაჩივრებული რეგულაციის მიზანს წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების მონაწილეთა შორის უფლება-მოვალეობათა სამართლიანი გადანაწილება. მათი აზრით, სადავო ნორმით, მესაკუთრეს ერთმნიშვნელოვნად და უპირობოდ ერთმევა საკუთრების უფლება, რაც ვერ ჩაითვლება მხარეთა შორის უფლებათა დაბალანსებულ და სამართლიან გადანაწილებად. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაცია ვერ უზრუნველყოფს დასახელებული მიზნის მიღწევას. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოწესრიგება წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო სამართლის ძირითად პრინციპებთან და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ საკუთრების უფლებას.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ასევე ეწინააღმდეგება საკუთრების თავისუფლად განკარგვის უფლებას. კერძოდ, მოსარჩელეთა განცხადებით, სადავო რეგულაციებით დადგენილი წესით, საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს შეუძლია, მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებლად, მიმართოს სასამართლოს და საკუთრებაში მიიღოს აღნიშნული ობიექტი მისი ღირებულების 15%-დან 25%-მდე მესაკუთრისთვის გადახდის შემთხვევაში. მოსარჩელეები პარალელს ავლებენ აღნიშნული კანონის ცვლილებამდე არსებულ მოწესრიგებასთან და აცხადებენ, რომ უწინდელ შემთხვევაში მესაკუთრეს ჰქონდა აღნიშნული ობიექტის გამოსყიდვის უპირველესი უფლება. საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა მოსარგებლეს შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე უარს განაცხადებდა, ესარგებლა ზემოაღნიშნული უფლებით. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი ახალი რეგულირება არ ადგენს სამართლიან ბალანსს მოსარგებლისა და მესაკუთრის უფლებებს შორის და უგულებელყოფს ამ უკანასკნელის ინტერესებს.
11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის და მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები დისკრიმინაციულია, რადგან ადგენს არათანასწორ მოპყრობას არსებითად თანასწორი პირების მიმართ. კერძოდ, სადავო რეგულაციებით დადგენილი წესი შეეხება მხოლოდ იმ მოსარგებლეებს, რომლებიც საცხოვრებელ სადგომს უწყვეტად ფლობენ არანაკლებ 30 წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი მოსარგებლეებისთვის დაწესებულია ზემოთ განხილული ურთიერთობების განსხვავებული მოწესრიგება. მოსარჩელეთა აზრით, საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე უნდა სარგებლობდეს ერთი და იმავე უფლებით, განურჩევლად იმისა, თუ რა ხნის განმავლობაში ფლობს იგი აღნიშნულ ქონებას.
12. მოსარჩელეთა აზრით, მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს საკუთრების ნიშანი, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობა უნდა შეაფასოს მკაცრი ტესტით. სარჩელის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში არსებულ დიფერენცირებულ მოპყრობას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი, რისთვისაც სადავო ნორმები ატარებენ თვითმიზნურ ხასიათს და ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
13. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ავალდებულებს მესაკუთრეს, გადაიხადოს კომპენსაცია 3 წლის ვადაში იმ დღიდან, რაც მოსარჩელე წერილობით მოითხოვს აღნიშნულს. მესაკუთრის მიერ ზემოხსენებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოსარგებლეს შესაძლებლობა ექნება, თვითონ გახდეს სადავო ქონების მესაკუთრე. მოსარჩელეთა აზრით, დაუშვებელია, მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ვადა საკუთარი საკუთრების გამოსყიდვისთვის. აღნიშნულის გამო ისინი მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობის ზემოხსენებული დანაწესი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ საკუთრების თავისუფლად განკარგვის უფლებასთან.
14. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის და მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედება. მოსარჩელეთა განცხადებით, არსებობს საფრთხე იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საერთო სასამართლოებმა იხელმძღვანელონ სადავო ნორმებით დადგენილი წესით, რაც გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება მოსარჩელე მხარისთვის.
15. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №860 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის და მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.
3. მოსარჩელე მხარე ნორმის დისკრიმინაციულობის მტკიცებისას მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებელი განსხვავებულად არეგულირებს, ერთი მხრივ, იმ ურთიერთობას, რომელიც წარმოიშობა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და იმ მოსარგებლეს შორის, რომელიც საცხოვრებელ სადგომს უწყვეტად ფლობს არანაკლებ 30 წლის განმავლობაში და, მეორე მხრივ, იმ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი საცხოვრებელ სადგომს უწყვეტად ფლობს 30 წელზე ნაკლები ვადით. თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი დასაბუთება, ერთი მხრივ, არანაკლებ 30 წლის განმავლობაში და, მეორე მხრივ, 30 წელზე ნაკლები ვადით (მაგალიათად, ერთი წლით) საცხოვრებელი სადგომის უწყვეტად ფლობა რატომ უნდა იქნეს მიჩნეული ერთმანეთის იდენტურ მდგომარეობად. ხოლო, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული პირები ერთნაირ მდგომარეობაში არ იმყოფებიან, ისინი ვერ ჩაითვლებიან შესადარებელ სუბიექტებად და მათ მიმართ განსხვავებული სამართლებრივი შედეგის მქონე რეგულირების დადგენა ვერ იქნება მიჩნეული როგორც არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში N860 კონსტიტუცირუი სარჩელი დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
4. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, განჩინებით ძალადაკარგულად ცნოს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი. სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა იმავე შინაარსის მატარებელია, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2001 წლის 7 ივნისის №1/1/103.117.137.147-48,152-53 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – (1) ვალიდა დარბაიძე, ნათელა ციმაკურიძე და ნანა მირველაშვილი, (2) ნატალია ოკუჯავა, (3) მაია მელაძე, (4) მარი მიქიაშვილი, (5) დავით ადამიძე, ნანა სარაშვილი, გიორგი ოკუჯავა და სხვები (სულ 54 მოქალაქე), (6) ჟუჟუნა ბერიანიძე და (7) მარია ვარამაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, „„იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას და არც მაინცადამაინც იგივე კანონში ასეთი წესის გამეორებას. საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს არა კონკრეტულ სიტყვებს, ფრაზებს, წინადადებებს, არამედ ის აფასებს ნორმაში ასახულ პრობლემას, საკითხს, რომელიც გამოიხატება ამ სიტყვებში, ფრაზაში თუ წინადადებაში. სასამართლო ამ დროს სწავლობს უფლებაში ამა თუ იმ ფორმით, შინაარსით თუ ინტენსივობით ჩარევა იწვევს თუ არა უფლების დარღვევას. შესაბამისად, თუ უფლებაში ჩარევის შედეგის მიხედვით, ახალი/ან კანონმდებლობაში არსებული სხვა რეგულაციით კონკრეტულ უფლებას დარღვევის არსებითად ან თვისობრივად იგივე საფრთხე ემუქრება, დამოუკიდებლად იმისგან, ასეთი რეგულაცია რომელ ნორმატიულ აქტში გაჩნდება/არსებობს ან იქნება თუ არა ის ტექსტუალურად არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაციის იდენტური, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დასახელებული ნორმა ავალდებულებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ის ძალადაკარგულად ცნოს განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზევე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინება №3/1/708,709,710 საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის და 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო“, II-5).
6. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემულ საქმეში, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოს, სადავო ნორმები წარმოადგენს თუ არა იმავე შინაარსის ნორმას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო 2001 წლის 7 ივნისის №1/1/103.117.137.147-48,152-53 გადაწყვეტილებით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ადგენდა შემდეგს: „თუ მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგებულია წერილობითი დოკუმენტით, რომელიც აღიარებს მათ შორის საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, მაგრამ მისი ფორმა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შემძენი ცნობილ იქნეს მესაკუთრედ“. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ვერ ჩაითვლებოდა ნების გამოვლენის მართებულ და მისაღებ ფორმად. „სასამართლო კოლეგიის აზრით, ასეთი მართლაც „ე.წ.“ ნასყიდობის დოკუმენტი“ ვერ ჩაითვლება ბინის ყიდვა-გაყიდვის ნების გამოვლენის მართებულ, მისაღებ ფორმად. აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია ბინის ყიდვა-გაყიდვის სავალდებულო ფორმის სრული უგულებელყოფა და მის ნაცვლად ისეთი წერილობითი დოკუმენტის დაკანონება, რომლის ფორმაც არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის №1/1/103.117.137.147-48,152-53 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – (1) ვალიდა დარბაიძე, ნათელა ციმაკურიძე და ნანა მირველაშვილი, (2) ნატალია ოკუჯავა, (3) მაია მელაძე, (4) მარი მიქიაშვილი, (5) დავით ადამიძე, ნანა სარაშვილი, გიორგი ოკუჯავა და სხვები (სულ 54 მოქალაქე), (6) ჟუჟუნა ბერიანიძე და (7) მარია ვარამაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
7. №860 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, „მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა“. ამასთან, „ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია“.
8. საყურადღებოა ის გარემოება, რომ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის საფუძველზე, მოსარგებლის უფლებას საცხოვრებელ სადგომზე ადასტურებდა მხოლოდ სანოტარო ფორმის დაუცველად არსებული წერილობითი ნასყიდობის შეთანხმება. სადავო ნორმის თანახმად, იმისათვის, რომ მოსარგებლემ მოიპოვოს საკუთრების უფლება საცხოვრებელ სადგომზე, აუცილებელია ერთდროულად ორი ფაქტორის კუმულაციურად არსებობა. პირველ ასეთ ფაქტორად მიჩნეულია მოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო მეორე ფაქტორად გვევლინება მოსარგებლის მიერ საცხოვრებელი სადგომის 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობის ფაქტი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისგან განსხვავებული მოწესრიგება, რაც გამოიხატება იმაში, რომ საცხოვრებელ სადგომზე მოსარგებლის უფლებას ადასტურებს არა მხოლოდ ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ მის მიერ აღნიშნული ობიექტის 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობის ფაქტი.
9. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა არ შეიცავს იგივე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე განმწესრიგებელ სხდომაზე სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
10. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ №860 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
11. მოსარჩელე ასევე ითხოვს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის და მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო სამართლის საქმეზე სადავო ნორმების საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანის რეალური საფრთხე, რაც მოსარჩელეებისათვის გამოუსწორებელი შედეგების გამომწვევი იქნება.
12. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3).
13. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც. მოცემულ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ნორმა ეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესებს, ამასთან, საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გამორიცხავს სადავო ნორმის შეჩერებით სხვათა კონსტიტუციური უფლებების დარღვევას.
14. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერებისთვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის 41 და მე-5 პუნქტების, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №860 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები − გიორგი ოკუჯავა, ელენე სხირტლაძე, გიორგი ღლონტი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №860 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები − გიორგი ოკუჯავა, ელენე სხირტლაძე, გიორგი ღლონტი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის და მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის და მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
მაია კოპალეიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მერაბ ტურავა