ა(ა)იპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“ და საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/17/1216 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
ავტორ(ებ)ი | 28.12.17, 19:49 |
თარიღი | 28 დეკემბერი 2017 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“და საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს მოქალაქე მარინე მიზანდარის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 34-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით; ბ) ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა“და საქართველოს მოქალაქეების - გიორგი ჩიტიძის და ანა ჯიქურიძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1216) მიმართეს ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა“ და საქართველოს მოქალაქეებმა - მარინე მიზანდარმა, გიორგი ჩიტიძემ და ანა ჯიქურიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2017 წლის 10 მაისს. №1216 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 28 დეკემბერს.
2. №1216 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი გამორიცხავს ამავე კანონის 30-ე და 32-ე მუხლების მოქმედებას „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე. აღნიშნული კანონის 30-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმის სახით, პასუხისმგებლობის დაკისრებას, ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიმართ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) არღვევს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების ან სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობებს, ან ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე ატარებს ძეგლზე რაიმე სამუშაოებს. ასევე, სამინისტრო უფლებამოსილია, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამავე კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, აკრძალულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სახის კულტურული ფასეულობის გასხვისება, ხოლო გარკვეული სახის კულტურულ ფასეულობათა ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მათი მოვლა-პატრონობის პირობით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლით უზრუნველყოფილია კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და კულტურული მემკვიდრეობის კანონით დაცვის ვალდებულება. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი კი მიუთითებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომლებიც კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მარინე მიზანდარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კანონიერი მესაკუთრე (მოსარგებლე), შესაბამისად, ის წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე როგორც კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, ასევე - 34-ე მუხლთან და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“ წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მემკვიდრეობის ღირებულებებისა და მის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ. აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია და საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის საფუძველზე, მასზე ვრცელდება კონსტიტუციის 34-ე და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები. იგი, მოცემული საქმისთვის, წარმოადგენს სამართალწარმოების სუბიექტს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმის კონსტიტუციურობას აღნიშნულ უფლებებთან მიმართებით. საქართველოს მოქალაქეები გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე, ასევე წარმოადგენენ უფლებამოსილ სუბიექტებს, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 34-ე მუხლთან და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
6. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია უშუალოდ კულტურული გარემოს სარგებლობის უფლების შესახებ, თუმცა განხილული აქვს რიგი ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით, ბუნებრივი გარემოთი სარგებლობის უფლების კონტექსტში. სასამართლომ ბუნებრივი გარემოთი სარგებლობის უფლების კონტექსტში ამოიკითხა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და მიუთითა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, შექნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გარემოს დაზიანებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებენ. შესაბამისად, იდენტური სტანდარტი უნდა გავრცელდეს კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლებასთან მიმართებითაც, მით უფრო, რომ კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლება მოქცეულია იმავე მუხლში და აღიარებულია ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებად.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზანს წარმოადგენს: ა) ყველამ იზრუნოს არსებულ კულტურულ გარემოზე; ბ) სახელმწიფოსგან მოითხოვოს მისი დაცვა. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადეკვატური გარანტიები შექმნას, მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოხსენიებული ტერმინი „კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლება“ სხვა ასპექტებთან ერთად, მოიცავს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით სარგებლობის უფლებასაც.
8. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სწორედ ზემოაღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად იქნა მიღებული „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული საკანონმდებლო აქტით განისაზღვრება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა, არქეოლოგიური სამუშაოების სახეები და პირობები, კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა, კლასიფიკაცია, მისთვის სტატუსის მინიჭება და მოხსნა, ძეგლის დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე საკუთრების უფლების საკითხები, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, მათი რეჟიმები და სხვა. დასახელებული კანონი ასევე არეგულირებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრის პასუხისმგებლობის საკითხებსაც. კერძოდ, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრის ან მოსარგებლის მიმართ, თუკი დარღვეულ იქნა ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული წესები.
9. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე ან/და კანონიერი მოსარგებლეა საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ან სხვა ნებისმიერი რელიგიური კონფესია, მისი, როგორც მესაკუთრის (მოსარგებლის) მიმართ სახელმწიფო ვერ ახორციელებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს. კერძოდ, სამინისტროს არ შეუძლია მესაკუთრის ან მოსარგებლისათვის გაფრთხილების მიცემა და დაჯარიმება, როდესაც ის არღვევს ძეგლის მოვლა-პატრონობის წესებს და არ ითვალისწინებს გაფრთხილებას. ასევე, სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა, აუცილებლობის შემთხვევაში, ძეგლზე შეასრულოს გადაუდებელი სამუშაოები. შესაბამისად, სადავო ნორმა გამორიცხავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ადეკვატური დაცვის შესაძლებლობას, მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ ძეგლებზე, რაც საბოლოო ჯამში, ლახავს კულტურული გარემოთი სარგებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.
10. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მესაკუთრეთა პასუხისმგებლობის სამართლებრივი რეჟიმიდან რელიგიური კონფესიების ამორიცხვას არ აქვს საჯარო ლეგიტიმური მიზანი, ვინაიდან იგი სახელმწიფოს ბლანკეტურად, ყოველგვარი კრიტერიუმების და პირობების გარეშე ართმევს ბერკეტს, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, დაიცვას კულტურული გარემო/მემკვიდრეობა, რაც, პირველ რიგში, მისი ვალდებულებაა. ამასთან, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც, სადავო ნორმა წარმოადგენს უფლების შეზღუდვის არაპროპორციულ საშუალებას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლს და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტს.
12. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 39-ე მუხლს.
13. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 39-ე მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია სასამართლომ იმსჯელოს მხოლოდ იმ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით უშუალოდ არ არის გათვალისწინებული, მაგრამ გამომდინარეობს მისი პრინციპებიდან და ზოგადი სულისკვეთებიდან. ამავე დროს, 39-ე მუხლს, საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, შემოჰყავს ის საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება და რომლის მონაწილეც არის საქართველოს სახელმწიფო. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციის 39-ე მუხლთან შესაბამისობაზე უნდა იმსჯელოს იმ შემთხვევაში, თუ იგი არ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას კონსტიტუციის 34-ე მუხლთან და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
14. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რომელიც თავის თავში მოიაზრებს კანონის უზენაესობის პრინციპს. სახელმწიფო კონტროლის არარსებობა მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, წარმოადგენს გაუმართლებელ და სახელმწიფოს თვითმიზნურ რეგულირებას, რადგან აღნიშნულ შეზღუდვას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და სახელმწიფო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას.
15. ამასთანავე, მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს სახელმწიფოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების შექმნის ვალდებულება აღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებით. კერძოდ, საქართველო 1985 წლის ევროპის არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვისა და 1972 წლის „მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციების ხელმომწერი ქვეყანაა, რომლებიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებას. სადავო ნორმის პირობებში, სახელმწიფო ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს.
17. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
18. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა უთანასწოროდ ეპყრობა არსებითად თანასწორ პირებს. კერძოდ, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე არ ვრცელდება სახელმწიფო კონტროლი. ხოლო ყველა სხვა შემთხვევა ექვემდებარება ზემოაღნიშნულ კონტროლს. შესაბამისად, სადავო ნორმა აწესებს დიფერენცირებულ მოპყრობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრის სტატუსის მიხედვით.
19. მოსარჩელის არგუმენტაციით, კულტურული მემკვიდრეობა, ზოგადად, ემსახურება საჯარო ინტერესს. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელობა არ აქვს ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მესაკუთრეების ვინაობას და, პირველ რიგში, სახელმწიფოს ევალება ამ საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა, ამ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე (მოსარგებლე), მასზე უნდა ვრცელდებოდეს ერთგვაროვანი სამართლებრივი რეჟიმი, მათ შორის, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო არსებითად თანასწორ პირებს ეპყრობა უთანასწოროდ.
20. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე უფლებაში ჩარევა ხდება მაღალი ინტენსივობით, რადგან სახელმწიფო საერთოდ, უვადოდ, არ ახორციელებს კონტროლს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე. მეორე მხრივ, გარკვეულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებობს სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფოს მიერ გაწერილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იმავე კანონით გათვალისწინებულია სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაფრთხილების და ჯარიმის სახით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა გამოიყენოს მკაცრი შეფასების ტესტი.
21. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმით დაწესებულ შეზღუდვას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი. სახელმწიფოს ერთნაირად ევალება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით, მიუხედავად მათი მესაკუთრის სტატუსისა. სადავო ნორმის მოქმედების შედეგად კი, მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე სახელმწიფოს კონტროლის არარსებობით მხოლოდ საფრთხე ემუქრება მათი სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნებას და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას. არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც მოახდენს კანონით დადგენილი წესით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასხვისებისა და განადგურების პრევენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია თუ რა ლეგიტიმური მიზანი შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვისთვის.
22. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სახელმწიფოს დაწესებული შეზღუდვის გამამართლებელი დაუძლეველი ინტერესიც არ გააჩნია. სახელმწიფოს მიერ ერთადერთ დაუძლეველ ინტერესად, შესაძლოა, დასახელდეს არასაკმარისი სახელმწიფო რესურსების არსებობა. თუმცა, ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი, პირველ რიგში, ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ რეალიზაციას უნდა მოხმარდეს.
23. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არარსებობის შემთხვევაში, შეუძლებელია თანაზომიერების პრინციპით შეფასდეს სახელმწიფოს მიერ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა. თუმცა, თეორიულად, ჰიპოთეტურად, ამგვარი მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება ვერ ჩაითვლება დიფერენცირებული მოპყრობის გამართლების პროპორციულ საშუალებად.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. აღსანიშნავია, რომ სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის მასში წარმოდგენილი უნდა იყოს სათანადო არგუმენტაცია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მის არსებითად განსახილველად მიღებას გამორიცხავს. მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა დაასაბუთოს სადავო ნორმის კონსტიტუციის ამა თუ იმ დებულებასთან მიმართება, არამედ ასევე უნდა მიუთითოს, რატომ წარმოადგენს ესა თუ ის კონსტიტუციური დებულება მისი უფლების დამდგენ ნორმას. მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ იგი წარმოადგენს მითითებული კონსტიტუციური დებულების სუბიექტს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელედ ფიზიკურ პირებთან ერთად მითითებულია იურიდიული პირი ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“.კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“ წარმოადგენს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიუთითითებს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას და არღვევს აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებებს.
3. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება იურიდიულ პირებზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელე იურიდიულ პირს ყველა შემთხვევაში არ მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ ესა თუ ის უფლება იურიდიულ პირებზეც ვრცელდება. კერძოდ, როდესაც უფლების შინაარსიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვანია და სადავო ვერ გახდება ამ კონკრეტული უფლების იურიდიულ პირებზე გავრცელების საკითხი, მოსარჩელეს არ მოეთხოვება სიღრმისეული დასაბუთება იურიდიული პირის უფლების სუბიექტობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნიდან გამომდინარე, მოსარჩელე იურიდიული პირი ვალდებულია დაასაბუთოს სუბიექტობა ისეთ უფლებებთან მიმართებით, რომელთა იურიდიულ პირებზე გავრცელების საკითხი არ არის თავისთავად ცხადი ან/და ცალსახად განსაზღვრული სასამართლო პრაქტიკით.
4. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იურიდიულ პირებზე ვრცელდება კონსტიტუციით გარანტირებული კულტურული გარემოთი სარგებლობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლებები. აღნიშნული საკითხი არ არის ცალსახა და საჭიროებს მოსარჩელის მხრიდან სათანადო დასაბუთებას. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გავრცელდეს აღნიშნული უფლებები იურიდიულ პირებზე.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N1216 კონსტიტუციური სარჩელი ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. №1216 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო ნორმით სახელმწიფო უარს ამბობს კულტურული მემკვიდრეობის პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში დაცვაზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცულ კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლებას.
7. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლებას. მოსარჩელის განმარტებით, კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლება მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც, რომ დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა.
8. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო იცავს კანონით“. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე სახელმწიფოს ვალდებულება, მისი განხორციელების ფორმები, ფარგლები და შინაარსი სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით არის განმტკიცებული.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
10. ცხადია, გასაზიარებელია მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობით სარგებლობის წინაპირობას, თუმცა, უშუალოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლების ფარგლები სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლით არის განსაზღვრული. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული პრობლემა, უპირველესად, უკავშირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის არასაკმარისი საკანონმდებლო რეგულაციების არსებობას, სადავო საკითხი კონსტიტუციის 34-ე მუხლით დაცულ სფეროს განეკუთვნება და სადავო ნორმის კონსტიტუციურობა სწორედ აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით უნდა შეფასდეს. სხვაგვარად მოხდებოდა კონსტიტუციის განსხვავებული დებულებებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება და უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, რაც საქართველოს კონსტიტუციის მიზანმიმართულებისა და სულისკვეთების საწინააღმდეგოა. ამდენად, სადავო ნორმას არ აქვს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ უფლებასთან.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N1216 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
12. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის მიზანია, უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-22,23).
14. მოსარჩელეებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვთ იგივე არგუმენტაცია, რაც საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლთან და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, ისინი მიუთითებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე.
15. წინამდებარე საოქმო ჩანაწერში უკვე აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის ადეკვატური საკანონმდებლო გარანტიების შექმნის საკითხი მოქცეულია კონსტიტუციის 34-ე მუხლით დაცულ სფეროში. შესაბამისად, აღნიშნული უფლება პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით. აქედან გამომდინარე, არ იკვეთება შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ, თავად კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიუთითებენ, მათი მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნა დაყენებული საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, თუ სასამართლო ვერ დაინახავდა სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებას კონსტიტუციის 34-ე მუხლით ან 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ უფლებებთან.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1216 სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
17. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს კულტურის განვითარებისთვის ხელშეწყობის ზოგადი ხასიათის ვალდებულებას სახელმწიფოს მიმართ.
18. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებულ სადავო ნორმიდან მომდინარე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის არასათანადო დაცვა და მისთვის დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობა. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი არ აწესებს სახელმწიფოს მიმართ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოზიტიურ ვალდებულებას. სახელმწიფოს მიმართ ზემოაღნიშნულ ვალდებულებას ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - შენარჩუნებაზე. კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო იცავს კანონით“. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებულ პრობლემურ საკითხს არეგულირებს საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი. აქედან გამომდინარე, არ იკვეთება შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველ პუნქტს შორის.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1216 სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
20. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1216 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1216 კონსტიტუციური სარჩელი („ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“და საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“): ა) საქართველოს მოქალაქე მარინე მიზანდარის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს მოქალაქეების - გიორგი ჩიტიძისა და ანა ჯიქურიძის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1216 კონსტიტუციური სარჩელი („ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“და საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“): ა) ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის“ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით; ბ) საქართველოს მოქალაქეების - მარინე მიზანდარის, გიორგი ჩიტიძისა და ანა ჯიქურიძის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი