საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/6/1216 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2018 19:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს მოქალაქე მარინე მიზანდარის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს მოქალაქეების - გიორგი ჩიტიძისა და ანა ჯიქურიძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელეები, ამასთან მოსარჩელე მარინე მიზანდარის წარმომადგენლები - გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თინათინ ერქვანია; მოწმეები - სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი თეა ონიანი და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი დავითი (ირაკლი მახარაძე).
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1216) მომართეს ააიპ „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა“ და საქართველოს მოქალაქეებმა - მარინე მიზანდარმა, გიორგი ჩიტიძემ და ანა ჯიქურიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2017 წლის 10 მაისს. 2017 წლის 28 დეკემბრის №2/17/1216 საოქმო ჩანაწერით №1216 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული: ა) საქართველოს მოქალაქე მარინე მიზანდარის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს მოქალაქეების - გიორგი ჩიტიძისა და ანა ჯიქურიძის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვის სხდომები გაიმართა 2018 წლის 20 მარტს და 2018 წლის პირველ მაისს.
2. №1216 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი გამორიცხავს ამავე კანონის 30-ე და 32-ე მუხლების გავრცელებას „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე. აღნიშნული კანონის 30-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმის სახით, პასუხისმგებლობის დაკისრებას ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიმართ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) არღვევს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების ან სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობებს, ან ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე ატარებს ძეგლზე რაიმე სამუშაოებს. ასევე, სამინისტრო უფლებამოსილია, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამავე კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, აკრძალულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა სახის კულტურული ფასეულობის გასხვისება, ხოლო გარკვეული სახის კულტურულ ფასეულობათა ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მათი მოვლა-პატრონობის პირობით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - შენარჩუნებაზე. კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო იცავს კანონით“.
5. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზანს წარმოადგენს: ა) ყველამ იზრუნოს არსებულ კულტურულ გარემოზე; ბ) სახელმწიფოსგან მოითხოვოს მისი დაცვა. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადეკვატური გარანტიები შექმნას მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში. სწორედ ზემოაღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად იქნა მიღებული „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული საკანონმდებლო აქტით განისაზღვრება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა, არქეოლოგიური სამუშაოების სახეები და პირობები, კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა, კლასიფიკაცია, მისთვის სტატუსის მინიჭება და მოხსნა, ძეგლის დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე საკუთრების უფლების საკითხები, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, მათი რეჟიმები და სხვა. დასახელებული კანონი ასევე არეგულირებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრის პასუხისმგებლობის საკითხებსაც. კერძოდ, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრის ან მოსარგებლის მიმართ, თუკი დარღვეულ იქნა ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული წესები.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე ან/და კანონიერი მოსარგებლეა საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ან სხვა ნებისმიერი რელიგიური კონფესია, მისი, როგორც მესაკუთრის (მოსარგებლის) მიმართ სახელმწიფო ვერ ახორციელებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს. კერძოდ, სამინისტროს არ შეუძლია მესაკუთრის ან მოსარგებლისათვის გაფრთხილების მიცემა და დაჯარიმება, როდესაც ის არღვევს ძეგლის მოვლა-პატრონობის წესებს და არ ითვალისწინებს გაფრთხილებას. ასევე, სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა, აუცილებლობის შემთხვევაში ძეგლზე შეასრულოს გადაუდებელი სამუშაოები. შესაბამისად, სადავო ნორმა გამორიცხავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ადეკვატური დაცვის შესაძლებლობას მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ ძეგლებზე, რაც საბოლოო ჯამში, ლახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.
7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრეთა პასუხისმგებლობის სამართლებრივი რეჟიმიდან რელიგიური კონფესიების ამორიცხვას არ აქვს საჯარო ლეგიტიმური მიზანი, ვინაიდან იგი სახელმწიფოს ბლანკეტურად, ყოველგვარი კრიტერიუმების და პირობების გარეშე ართმევს ბერკეტს, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, დაიცვას კულტურული გარემო/მემკვიდრეობა, რაც, პირველ რიგში, მისი ვალდებულებაა. ამასთან, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც სადავო ნორმა წარმოადგენს უფლების შეზღუდვის არაპროპორციულ საშუალებას.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი სახელმწიფოს უდგენს ვალდებულებას, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა, მიუხედავად იმისა, მის საკუთრებაში იქნება თუ არა ის. შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ადგენს საკუთრების უფლებით სარგებლობის ზღვარს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით.
9. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დეფინიცია არაერთგვაროვანია სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებში, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ცნება საკმარისად ფართოა და სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, შეუძლებელია კულტურული მემკვიდრეობის ცნება ამომწურავად იქნეს განმარტებული სასამართლოს მიერ. თუმცა განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მთავარ მიზანს წარმოადგენს სასამართლოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან მიმართებით ცხადი კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტების ჩამოყალიბება.
10. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმის მიერ ამავე კანონის 32-ე მუხლის მოქმედების გამორიცხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე უნდა განიმარტოს შემდეგნაირად - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე, რომლებიც სარგებლობაში აქვთ გადაცემული რელიგიურ კონფესიებს, არ ვრცელდება სადავო კანონის 32-ე მუხლი. სხვაგვარი გონივრული განმარტება ამ კუთხით ვერ იარსებებს, რადგან, ბუნებრივია, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებული ობიექტები 32-ე მუხლით ვერ დარეგულირდება.
11. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის მიერ 32-ე მუხლის მოქმედების გამორიცხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე ნაკლებად პრობლემურია საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლთან მიმართებით, რადგან აღნიშნული კონსტიტუციური დებულება არ მოითხოვს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები იყოს მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში, არამედ შექმნას ეფექტური მექანიზმები მის დასაცავად, მიუხედავად იმისა, ვის საკუთრებაში იქნება ის. შესაბამისად, ამ კუთხით, პრობლემა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, რადგან დაწესებულია განსხვავებული რეჟიმი რელიგიურ კონფესიებთან და სხვა პირებთან მიმართებით.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
13. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რაც გამოიხატება იმაში, რომ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე არ ვრცელდება სახელმწიფო კონტროლი. ხოლო ყველა სხვა მესაკუთრე (მოსარგებლე), მათ შორის მოსარჩელე მარინე მიზანდარი, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კანონიერი მესაკუთრე (მოსარგებლე), ექვემდებარება ზემოაღნიშნულ კონტროლს. შესაბამისად, სადავო ნორმა აწესებს დიფერენცირებულ მოპყრობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრის სტატუსის მიხედვით.
14. მოსარჩელის არგუმენტაციით, კულტურული მემკვიდრეობა, ზოგადად, ემსახურება საჯარო ინტერესს. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელობა არ აქვს ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მესაკუთრეების ვინაობას და, პირველ რიგში, სახელმწიფოს ევალება ამ საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა, ამ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე (მოსარგებლე), მასზე უნდა ვრცელდებოდეს ერთგვაროვანი სამართლებრივი რეჟიმი, მათ შორის, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო არსებითად თანასწორ პირებს ეპყრობა უთანასწოროდ.
15. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე უფლებაში ჩარევა ხდება მაღალი ინტენსივობით, რადგან სახელმწიფო, საერთოდ, უვადოდ არ ახორციელებს კონტროლს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე. მეორე მხრივ, გარკვეულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებობს სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფოს მიერ გაწერილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იმავე კანონით გათვალისწინებულია სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაფრთხილების და ჯარიმის სახით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს მკაცრი შეფასების ტესტი.
16. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმით დაწესებულ შეზღუდვას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი. სახელმწიფოს ერთნაირად ევალება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით, მიუხედავად მათი მესაკუთრის სტატუსისა. სადავო ნორმის მოქმედების შედეგად კი, მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე სახელმწიფოს კონტროლის არარსებობით მხოლოდ საფრთხე ემუქრება მათი სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნებას და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას. არ არსებობს სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც მოახდენს კანონით დადგენილი წესით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და განადგურების პრევენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია, თუ რა ლეგიტიმური მიზანი შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვისთვის.
17. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სახელმწიფოს დაწესებული შეზღუდვის გამამართლებელი დაუძლეველი ინტერესიც არ გააჩნია. სახელმწიფოს მიერ ერთადერთ დაუძლეველ ინტერესად შესაძლოა დასახელდეს არასაკმარისი სახელმწიფო რესურსების არსებობა. თუმცა ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი, პირველ რიგში, ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ რეალიზაციას უნდა მოხმარდეს.
18. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელია, თანაზომიერების პრინციპით შეფასდეს სახელმწიფოს მიერ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა. თუმცა თეორიულად, ჰიპოთეტურად ამგვარი მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება ვერ ჩაითვლება დიფერენცირებული მოპყრობის გამართლების პროპორციულ საშუალებად.
19. მოსარჩელეთა განმარტებით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი ადგენს კულტურული ძეგლის მოვლა-პატრონობის ზოგად ვალდებულებას ყველა მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიმართ. თუმცა სადავო ნორმა პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს რელიგიურ კონფესიებს მათ მიერ ძეგლის მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევის შემთხვევაში. რელიგიურ კონფესიებზე სადავო კანონის 32-ე მუხლის მოქმედების გამორიცხვით კი მათ შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთრებაში (სარგებლობაში) მიიღონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მაგრამ მათზე არ გავრცელდება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
21. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ძალისხმევის კოორდინაცია და პასუხისმგებლობის გადანაწილება სახელმწიფოსა და რელიგიურ კონფესიებს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. გასათვალისწინებელია საქართველოსათვის დამახასიათებელი სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართება, სამართლებრივი სპეციფიკა და კონტექსტი. კერძოდ, რელიგიურ კონფესიებს მინიჭებული აქვთ განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი. ასევე, ყურადღებას იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ის კატეგორია, რომელთაც საღვთისმსახურო დანიშნულება გააჩნიათ და მათზე სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის გავრცელების აუცილებლობა არსებობს.
22. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ იცნობს ისეთ ცნებას, როგორიც არის რელიგიური დანიშნულების კულტურული ძეგლი. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულია სპეციალური დაცვის რეჟიმი ისეთ ძეგლებთან მიმართებით, რომლებიც ასევე გამოიყენება ღვთისმსახურებაში. ასეთ შემთხვევაში სამართლიანი ბალანსი უნდა იქნეს დაცული ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ინტერესსა და რელიგიური ორგანიზაციების მიერ მათი სარგებლობის კერძო ინტერესს შორის. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის გაუქმება წარმოშობს პრობლემურ საკანონმდებლო რეალობას, სადაც არ იქნება სათანადოდ მოწესრიგებული ზემოაღნიშნული კატეგორიის კულტურული ძეგლების საკითხი.
23. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უზრუნველყოფილია არა მხოლოდ სადავო კანონით, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებით. ხოლო ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადგილი არ აქვს რელიგიური კონფესიების მხრიდან კულტურული ძეგლების განზრახ დაზიანებას, სახელმწიფოს შეუძლია, ზოგადი ვალდებულებების საფუძველზე მოაგვაროს კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობის საკითხები, თუმცა ამგვარი კონკრეტული საკანონმდებლო ჩანაწერი არ არსებობს.
24. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ, როდესაც რელიგიური ორგანიზაცია არაფერს აკეთებს კულტურული ძეგლის დაზიანების აღსაკვეთად, ამგვარი ქმედება შესაძლოა განზრახ დაზიანებადაც იქნეს მიჩნეული და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს. საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ასეთი ფორმით უნდა ჩაერიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა განზრახ დაზიანების ფაქტი. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე არ არის განზრახვა, სახელმწიფო რელიგიური კონფესიების მიმართ გამოხატავს კეთილ ნებას და გააჩნია ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული პრობლემები სამართლებრივი მექანიზმების გარეშე აღმოიფხვრება. ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან მიმართებით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ფარგლები დამოკიდებულია მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეზე.
25. მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო კანონის 32-ე მუხლის მოქმედების გამორიცხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე რეალურად გულისხმობს იმას, რომ 32-ე მუხლით დადგენილი წესი არ მოქმედებს იმ ობიექტებთან მიმართებით, რომლებიც ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, ის რეალურად მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის.
26. სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით შესაბამისობის სამტკიცებლად მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ განსხვავებული მოპყრობა უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტით, რადგან სახეზე არ არის დიფერენცირების კლასიკური ნიშანი. ამასთანავე, ადგილი არ აქვს საკუთრების უფლებაში ჩარევას მაღალი ინტენსივობით. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის მესაკუთრეთა საკუთრების უფლება იზღუდება იმ ხარისხით, რომელიც აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის სათანადოდ დასაცავად. რაციონალური დიფერენციაციის ტესტის მოთხოვნებს კი სადავო რეგულირება სრულად პასუხობს იმ ლეგიტიმური მიზნისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, რაც უკვე წარმოდგენილი იქნა კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით მსჯელობისას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლსა და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
28. განსახილველ საქმეზე მოწმედ მოწვეული იქნა სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი თეა ონიანი. მოწმემ აღნიშნა, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობისას იგეგმებოდა განსხვავებული რეგულაციების შემოღება რელიგიური კონფესიების საკუთრებაში თუ სარგებლობაში არსებულ ობიექტებთან მიმართებით, თუმცა, რადგან კანონი მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, აღნიშნული რეგულაციები არ იქნა მიღებული და შეიქმნა ის საკანონმდებლო რეალობა, რაც დღეს არის სახეზე.
29. მოწმის განცხადებით, არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც რომელიმე რელიგიურ კონფესიას დაეკისრა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული წესით. იმ შემთხვევაში, როდესაც სააგენტო გამოავლენს სამართალდარღვევას რელიგიური ორგანიზაციების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებთან მიმართებით, სააგენტო შემოიფარგლება წერილობითი ან ზეპირი კომუნიკაციით შესაბამის რელიგიურ კონფესიასთან, რათა მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები. თუმცა, თუკი რელიგიური ორგანიზაციის მხრიდან არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები ძეგლის დასაცავად, ადმინისტრაციული კანონმდებლობით სახელმწიფოს თითქმის არანაირი ბერკეტი არ რჩება, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე.
30. მოწმის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებლობა უნდა განაწილდეს სახელმწიფოსა და კერძო პირებზე, რომელთა საკუთრებაშიც (სარგებლობაში) არის ობიექტი, მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციებზე. ამ ორ ინტერესს შორის ბალანსი მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული, რელიგიური დანიშნულების მქონე კულტურული ძეგლებთან მიმართებით უპირატესი უნდა იყოს მათი რელიგიური დანიშნულებით გამოყენების პრინციპი, თუმცა სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ისიც, რომ ძეგლის ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას არ მიადგეს ზიანი.
31. მოწმის მითითებით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მის საკუთრებაში იმ ობიექტების რეგისტრაციის მოთხოვნით, რომლებიც განსაზღვრულია კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით. შესაბამისად, სადავო ნორმის მიერ 32-ე მუხლის მოქმედების გამორიცხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე გულისხმობს იმას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში უნდა დაურეგისტრირდეს ის ობიექტები, რომლებიც კონსტიტუციური შეთანხმებით მათ საკუთრებას წარმოადგენს. ამასთან, ბუნდოვანია 32-ე მუხლის საფუძველზე როგორ შეიძლება დარეგულირდეს მოძრავი ნივთების საკითხი, რაზეც კონსტიტუციურ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი. ასევე ბუნდოვანია აღნიშნული ნორმის სხვა რელიგიურ კონფესიებზე გავრცელების საკითხიც.
32. განსახილველ საქმეზე მოწმედ მოწვეული იქნა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი - მიტროპოლიტი დავითი (ირაკლი მახარაძე). მოწმის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს საყოველთაო ღირებულებას და მისი დაცვა ევალება ყველას. საქართველოს საპატრიარქოს ცალსახა პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისად, აუცილებელია, სახელმწიფომ კონტროლი დააწესოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაზე, მიუხედავად იმისა, ვის საკუთრებაში იქნება ის.
33. მოწმემ აღნიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში შექმნილია სპეციალური საბჭო და ყოველი პირი, რომელიც გადაწყვეტს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რაიმე სახის სამუშაოების ჩატარებას, ვალდებულია, დეტალები შეათანხმოს აღნიშნულ საბჭოსთან. თუმცა საპატრიარქოს არ ჰყოფნის ადამიანური რესურსი, რომ ეფექტურად აკონტროლოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად სწორად ხორციელდება ობიექტზე სამუშაოები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, სახელმწიფოს გააჩნდეს ეფექტური კონტროლის მექანიზმები როგორც პრევენციული, ასევე სადამსჯელო ღონისძიების განხორციელების უფლებამოსილება რელიგიურ კონფესიებთან, ისევე როგორც ყველა სხვა პირთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-14 მუხლთან მიმართებით. შესაბამისად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტა მოითხოვს სადავო ნორმის შესაბამისობის დადგენას არსებითად სხვადასხვა შინაარსის მქონე კონსტიტუციურ უფლებებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას თითოეულ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით ცალ–ცალკე შეაფასებს.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით
უფლების დაცული სფერო
2. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - შენარჩუნებაზე. კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო იცავს კანონით“. დასახელებული კონსტიტუციური დანაწესი ადგენს საქართველოს თითოეული მოქალაქისა და სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს და დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. აღნიშნული პოზიტიური ვალდებულების სახელმწიფოს მიერ ჯეროვნად შესრულება წარმოადგენს აუცილებელ საფუძველს კულტურული გარემოთი სარგებლობის უფლების რეალიზებისათვის. სახელმწიფოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებაში უპირველესად მოიაზრება არსებულ მატერიალურ კულტურულ ფასეულობებზე ზრუნვა და მათი შენარჩუნება. სახელმწიფოს ევალება, გონივრულ ფარგლებში მიმართოს საკუთარი რესურსები, რათა თავიდან იქნეს აცილებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაზიანება და მაქსიმალურად იქნეს შენარჩუნებული მისი თავდაპირველი მდგომარეობა, რაც მის მნიშვნელობასა და ღირებულებას განაპირობებს.
3. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფორმულირებიდან გამომდინარე, გამორიცხულია, რომ ხსენებული კონსტიტუციური დებულება მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ მიმართულ ნორმა-პრინციპად იქნეს განხილული. მისი სულისკვეთება ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ კონსტიტუცია სახელმწიფოს უდგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონკრეტულ ვალდებულებას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კულტურული გარემოს არსებობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადამიანის ძირითად უფლებად აღიარებით, საქართველოს კონსტიტუციამ არაორაზროვნად მიუთითა, რომ კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივ ღირებულებას, რომლის დაცვაც მინდობილი ვერ იქნება სახელმწიფოს კეთილ ნებაზე.
4. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონსტიტუციური დანაწესი სახელმწიფოს უდგენს კულტურული მემკვიდრეობისათვის მიყენებული ზიანის შეძლებისდაგვარად თავიდან აცილების ან/და მისი გამოსწორების ვალდებულებას. ამასთან, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა იმგვარად, რომ ის გადაეცეს მომავალ თაობებს. აღნიშნული მიზანი მიღწეული შეიძლება იქნეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების კონსერვაციითა და რესტავრაციის გზით. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად შექმნას ისეთი პირობები, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს სხვადასხვა გარემო პირობებიდან მომდინარე საფრთხის პრევენციას. ამასთანავე, დაზიანების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად მოახდინოს ძეგლის რესტავრაცია, რაც მიმართული უნდა იყოს ძეგლის თავდაპირველი იერსახის აღდგენისკენ შესაძლებლობის ფარგლებში.
5. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი სახელმწიფოს მიმართ ადგენს ორი სახის ვალდებულებას: 1) სახელმწიფო ვალდებულია, მისი აქტიური ქმედების ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებათა განხორციელებისას მაქსიმალურად აიცილოს თავიდან კულტურული მემკვიდრეობისათვის ზიანის მიყენება; 2) სახელმწიფომ კულტურული მემკვიდრეობა უნდა დაიცვას კერძო პირების მიერ დაზიანებისგან. განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე არ აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმა სახელმწიფოს უქმნის საფუძველს, ისეთი აქტიური ქმედების განხორციელებისათვის, რომელსაც შეიძლება შედეგად მოყვეს კულტურული მემკვიდრეობისათვის ზიანის მიყენება. სადავო ნორმა არეგულირებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებით კერძო პირების ჩადენილი მოქმედების/უმოქმედობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას უნდა დადგინდეს, ასრულებს თუ არა სახელმწიფო მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა კერძო პირების მიერ უარყოფითი ზემოქმედებისგან.
6. სახელმწიფო ვალდებულია, მესამე პირებს არ მისცეს კულტურულ მემკვიდრეობაზე შეუზღუდავი ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა. ეს უნდა გამოიხატოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ადამიანთა გარკვეული ქმედებების აკრძალვაში და ამ ქმედების ჩადენისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესებაში. ამასთან, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის გონივრული მოლოდინის არსებობას, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შემთხვევაში, ნებისმიერი პირის მიმართ გამოყენებული იქნება სამართლებრივი ზემოქმედების ადეკვატური საშუალებები.
7. აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურული მემკვიდრეობის ადეკვატური დაცვა გარანტირებული ვერ იქნება მხოლოდ გარკვეულ ქმედებათა აკრძალვით და პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაწესებით. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადამიანების აქტიური მოქმედება, ასევე მათი უმოქმედობაც. კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღირებულებას ძირითადად განსაზღვრავს მისი სიძველე და ისტორიულობა. შესაბამისად, ისტორიული სიძველის მქონე ობიექტების უნიკალურობის შენარჩუნება საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და მზრუნველობას. აქედან გამომდინარე, თუკი პირი მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას ვერ უვლის სათანადოდ არასაკმარისი რესურსის გამო, სახელმწიფო ვალდებულია, გაატაროს ყველა გონივრული ღონისძიება, რომლებიც აუცილებელია ძეგლის შესანარჩუნებლად.
8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აძლევს სახელმწიფოს შესაძლებლობას, რომ სრულფასოვნად არ შეასრულოს ზემოაღნიშნული ვალდებულებები. კერძოდ, სადავო ნორმიდან გამომდინარე, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული კულტურული ძეგლების მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიმართ სახელმწიფოს არ გააჩნია რეალური მექანიზმი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძეგლის დაზიანება ან განადგურება. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად ასრულებს სახელმწიფო საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვალდებულებებს რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებთან მიმართებით.
სადავო ნორმის არსი/მისგან მომდინარე შეზღუდვა
9. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციაში მოცემული ტერმინები უნდა განიმარტოს მათი ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, რომლებიც შესაძლოა, სულაც არ ემთხვეოდეს კანონმდებლობაში არსებულ განმარტებებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის „კულტურული მემკვიდრეობა“ წარმოადგენს კონსტიტუციურ ტერმინს და მას ავტონომიური მნიშვნელობა გააჩნია. ამ ტერმინის შინაარსი და ფარგლები დამოკიდებული ვერ იქნება კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო დეფინიციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებულ ინსტიტუტებსა და კონსტიტუციის დებულებებს შორის ტერმინოლოგიური მსგავსება, თავისთავად, ვერ განაპირობებს ხსენებული კანონით კულტურ მემკვიდრეობად მიჩნეული ნებისმიერი ობიექტის საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის რეგულირების სფეროში მოხვედრას.
10. ასევე აღსანიშნავია, რომ მოცემული დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონსტიტუციური უფლების ქვეშ მოქცეული ობიექტების ამომწურავად განსაზღვრის საჭიროების წინაშე. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შესაფასებლად საკმარისია, კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე განისაზღვროს, რომელ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შეეხება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი, შემდგომ კი დადგინდეს, რამდენად ექცევა განსახილველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში.
11. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი შეეხება მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. თავის მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ცნება განმარტებულია ამავე კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ან მოძრავი ობიექტი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უძრავი ან მოძრავი ნივთი), რომელსაც ამავე კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ასევე ითვლება კომპლექსური ძეგლი - ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ერთეულია და რომელსაც, ამ კანონით დადგენილი წესით, მიენიჭა ძეგლის სტატუსი. ამასთან, ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან“.
12. როგორც ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, სადავო რეგულირება შეეხება მხოლოდ მატერიალური სახის კულტურულ მემკვიდრეობას, რომელსაც გააჩნია ისტორიული ან კულტურული ღირებულება. ამასთან, ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი სიძველე, უნიკალურობა და ავთენტიკურობა.
13. კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება მრავალი ასპექტისაგან შედგება. იგი საერთაშორისო დონეზე პირველად აისახა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. მოგვიანებით, აღნიშნული უფლება ასევე მოექცა გაეროს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტში. ორივე დოკუმენტის მიზნებისთვის კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებაში თავდაპირველად მოიაზრებოდა, რომ მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო მატერიალური კულტურული ფასეულობები. დღეისათვის აღნიშნული უფლების ფარგლები მნიშვნელოვნად ფართოდ არის აღქმული. თუმცა მისი უმთავრესი მიზანია, მატერიალური სახის ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე კულტურულ მემკვიდრეობაზე წვდომის შესაძლებლობა, რასაც თან სდევს სახელმწიფოს ვალდებულება, ეფექტურად დაიცვას აღნიშნული ობიექტები. ამდენად, კულტურული ან ისტორიული ღირებულების მქონე ობიექტის სიძველე, უნიკალურობა და ავთენტიკურობა წარმოადგენს იმ უმთავრეს კრიტერიუმებს, რომლებიც გამოარჩევს კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის ობიექტებს.
14. ხსენებული კრიტერიუმები ზოგადი ხასიათისაა და, ბუნებრივია, ამა თუ იმ ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას დიდია შემფასებლის სუბიექტური შეხედულების გავლენა. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის შინაარსისა და მისი ფარგლების ცხადად განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქცევა წარმოუდგენლად რთული ამოცანაა. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე თეა ონიანმაც დაადასტურა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დეფინიციის მკაცრი ობიექტური კრიტერიუმებით შემოსაზღვრა შეუძლებელია და სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტში კულტურული მემკვიდრეობის ცნება ასევე ფართოდ არის განმარტებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისტორიული ან კულტურული ღირებულების მქონე ძეგლი, რომელიც მისი სიძველის, უნიკალურობის ან ავთენტიკურობის გათვალისწინებით, სფეროს პროფესიონალების შეფასებით, აკმაყოფილებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიჩნევის კრიტერიუმებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ ობიექტად.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი მიმართულია მატერიალური კულტურული ფასეულობების დასაცავად, რასაც მოითხოვს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი. კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელთა საფუძველზეც ობიექტს ენიჭება კულტურული ძეგლის სტატუსი, არ არსებობს საფუძველი, რომ კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ცნება არ მოექცეს საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში. შესაბამისად, ობიექტები, რომლებზეც ვრცელდება სადავო რეგულირება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციით.
16. სადავო ნორმა გამორიცხავს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე და 32-ე მუხლების გავრცელებას „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე. შესაბამისად, ხსენებული ნორმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლების შემზღუდველი იქნება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სადავო კანონის 30-ე და 32-ე მუხლების მოთხოვნების რელიგიური გაერთიანებებისთვის დაწესება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას წარმოადგენს.
17. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი განსაზღვრავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) ძეგლის მოვლასთან დაკავშირებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმებს. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ძეგლის მესაკუთრე არღვევს სამინისტროსთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის შესახებ ხელშეკრულების ან სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის პირობებს ან ნებართვის გარეშე ატარებს ძეგლზე რაიმე სამუშაოს, სამინისტრო აძლევს მას გაფრთხილებას და განსაზღვრავს ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ წერილობით გაფრთხილებაში გაწერილი ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით მისაღები ზომების უგულებელყოფის შემთხვევაში, ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს) დაეკისრება ფულადი ჯარიმა. ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, ჯარიმის დაკისრებიდან 6 თვის ვადაში, თუკი გაფრთხილებაში მითითებული პირობები კვლავ არ იქნა შესრულებული, მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს) ყოველ ექვს თვეში დაეკისრება წინა ჯარიმით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა.
18. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოს ენიჭება უფლებამოსილება, ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) თანხმობის გარეშე, უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იმ შემთხვევაში, თუ ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დადგენილი პირობების შესრულებას, ხოლო ძეგლის ინტერესები გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) დადგენა ან მიგნება ვერ ხერხდება.
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე გაუვრცელებლობით, სახელმწიფო, ერთი მხრივ, უარს ამბობს ამ ქონების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევისათვის მესაკუთრის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, გამორიცხავს სახელმწიფოს შესაძლებლობას, გადაუდებელი აუცილებლობისას თავად, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, ჩაატაროს გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამდენად, ხსენებული სადავო ნორმით, სახელმწიფო მესაკუთრის გულგრილობის შემთხვევაში უშვებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ალბათობას და ნორმატიულ დონეზე გამორიცხავს გადაუდებელი აუცილებლობისას სახელმწიფოს მოქმედების შესაძლებლობას.
20. ზოგადად, ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობაზე კანონის გაუვრცელებლობა, ადამიანის უფლებებიდან მომდინარე, სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების დარღვევას არ იწვევს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2/11/654 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2-5). ასევე შესაძლებელია, რომ სახელმწიფო პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში სხვადასხვა პირების მიმართ სამართლებრივ ურთიერთობას სხვადასხვა ნორმებით არეგულირებდეს, რომელთაგან თითოეული სრულად დააკმაყოფილებს კონსტიტუციის მოთხოვნებს. თუმცა მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვეთილა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა ნორმებს, რომლებიც არეგულირებს რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს. ამდენად, სადავო ნორმის მიზანია არა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სხვა სამართლებრივი აქტის დარეგულირებაზე მითითება, არამედ იმის დადგენა, რომ ხსენებულ სუბიექტებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებები არ გააჩნიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე სახელმწიფო უარს ამბობს რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის კონსტიტუციური ვალდებულების განხორციელებაზე. შესაბამისად, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მოქმედების გამორიცხვის ნაწილში ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებას.
21. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი არეგულირებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კულტურული ფასეულობების კერძო საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის წესებს. ხსენებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლის, კულტურული ფასეულობის, არქეოლოგიური დაცვის ზონაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება, ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მათი მოვლა-პატრონობის პირობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის გასხვისებას. ამ ძეგლის სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ფლობისა და სარგებლობის უფლებით, მისი მოვლა-პატრონობისა და დაცვის პირობით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით აკრძალულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის (მოძრავი ძეგლის) გასხვისება.
22. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით სადავო კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი საგამონაკლისო წესის გამოყენებას ექსპლიციტურად უკავშირებს „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ობიექტებს. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული“. შესაბამისად, სადავო კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამ ნაწილში მიუთითებს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე. თავის მხრივ, სადავო კანონის 32-ე მუხლი არეგულირებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კერძო საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებს და არა იმ ქონებას, რომელიც უკვე არის ამა თუ იმ პირის კერძო საკუთრებაში. შესაბამისად, სადავო კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული წესი, ფაქტობრივად, მართლმადიდებელი ეკლესიის ზემოაღნიშნულ საკუთრების ობიექტებთან მიმართებით საგამონაკლისოდ ვერ იქნება გამოყენებული. სხვა მხრივ სადავო ნორმა არ ადგენს რაიმე საგამონაკლისო წესს „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ობიექტების გარდა სხვა ქონებაზე, რომელიც შეიძლება იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში ან სარგებლობაში.
23. სადავო კანონის 30-ე მუხლი ასევე მიუთითებს სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე. როგორც აღინიშნა, სადავო კანონის 32-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე და არა იმ ძეგლებზე, რომლებიც უკვე იმყოფება რომელიმე სხვა პირის კერძო საკუთრებაში. ამდენად, სადავო კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული წესი საგამონაკლისოდ გამოყენებული ვერ იქნება იმ ძეგლებთან მიმართებით, რომლებიც უკვე იმყოფება რელიგიური კონფესიების საკუთრებაში. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმა მიემართება მხოლოდ რელიგიური კონფესიების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ქონებას და მისი ეფექტი შემოიფარგლება აღნიშნული ქონების რელიგიური კონფესიებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესში „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვების გამორიცხვით. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ შინაარსით იქნება შესაფასებელი სადავო ნორმის კონსტიტუციურობა.
24. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებას. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის ვალდებულება თავის თავში აუცილებლად არ მოიცავს მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. სახელმწიფოს ვალდებულება მიემართება როგორც მის, ასევე სხვა სუბიექტების საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რის ნათელ მაგალითსაც წარმოადგენს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე-30-ე მუხლები.
25. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც მიუთითებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის მასზე სახელმწიფო საკუთრების შენარჩუნების აუცილებლობაზე. უფრო მეტიც, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას არ წარმოადგენს, რომ სახელმწიფოს დაეკისროს კულტურული ძეგლების მის საკუთრებაში რეგისტრაციის ვალდებულება, არამედ დაიცვას ის, მიუხედავად იმისა, ვინ არის მისი მესაკუთრე. მოსარჩელე მხარის მითითებით, თუ რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე 28-ე მუხლთან ერთად გავრცელდება 30-ე მუხლიც, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან მიმართებით პრობლემა აღარ იარსებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის არგუმენტაციით არ დასტურდება, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის რელიგიური კონფესიების სარგებლობაში არსებულ ობიექტებზე გაუვრცელებლობით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლება.
ჩარევის გამართლება
26. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. სხვა კონსტიტუციური უფლებების მსგავსად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლების რეალიზებასაც მოჰყვება სხვადასხვა კონსტიტუციური უფლებებსა და ლეგიტიმურ სახელმწიფო ინტერესებთან შემხებლობა და ერთგვარი კონკურენცია. სწორედ ასეთ შემთხვევაში დგება სახელმწიფოს მიერ გონივრული ბალანსის დაცვის აუცილებლობა. „კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია გონივრულია, როდესაც მისი ქმედება კოლიზიური უფლებების თანაარსებობის, თანარეალიზების უზრუნველყოფას, უფლებებს შორის გონივრული ბალანსის დადგენას ისახავს მიზნად. ამავე დროს, როდესაც უფლებებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელია და კოლიზიის გადაჭრის მიზნით ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა გარდაუვალი ხდება, უფლების შეზღუდვის ყველაზე ნაკლებად მკაცრი ფორმა უნდა იქნეს გამოყენებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია”, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები - დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32).
27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა მოწმდება თანაზომიერების ტესტის გამოყენებით. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაადგინოს, რა ლეგიტიმურ საჯარო მიზანს ემსახურება სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია, დაწესებული შეზღუდვით რამდენად დაცულია თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები.
ლეგიტიმური მიზანი
28. თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, უფლების შესაზღუდად, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, საჯარო ინტერესი, რომლის დაცვასაც ემსახურება არსებული რეგულირება. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფოსა და რელიგიურ კონფესიებს შორის ძალისხმევის კოორდინაცია და პასუხისმგებლობის გადანაწილება. მოპასუხის მოსაზრებით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის რელიგიურ კონფესიებზე გავრცელება, მნიშვნელოვნად შეზღუდავს მათ მიერ რელიგიური დანიშნულების ობიექტების აღმსარებლობისათვის გამოყენებას. ამდენად, მოპასუხე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ემსახურება აღმსარებლობის თავისუფლად განხორციელების ხელშეწყობას.
29. რელიგიის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. აღმსარებლობის თავისუფლად განხორციელების ხელშეშლა ადამიანის უფლებების შეზღუდვის მძიმე ფორმას წარმოადგენს. შესაბამისად, რელიგიური ჯგუფებისათვის მათი მრწამსის შესაბამისად ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ამდენად, რელიგიის თავისუფალი რეალიზების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ლეგიტიმურ მიზანია, რომლის დასაცავადაც დასაშვებია საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა.
გამოსადეგობა
30. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე და 30-ე მუხლები ითვალისწინებს მნიშვნელოვან შეზღუდვებს საკუთრებით სარგებლობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დიდ ნაწილს ასევე რელიგიური დანიშნულებაც გააჩნია. ამავე დროს, რიგ შემთხვევებში შესაძლებელია რელიგიური ორგანიზაციის საჭიროება არ ემთხვეოდეს სახელმწიფოს ამოცანებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. რელიგიური კონფესიის მიზანია შენობა-ნაგებობების საღვთისმსახურო მიზნებისათვის გამოყენება, მაშინ როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში საჭირო გახდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსერვაცია, ამგვარი ობიექტით სარგებლობის შეზღუდვა და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ტიპის ძეგლების მიმართ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა მკაცრმა კონტროლმა შესაძლოა ხელი შეუშალოს რელიგიური რიტუალების სრულფასოვნად აღსრულებას.
31. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე გაუვრცელებლობა აძლევს მათ საშუალებას, თავისუფლად ისარგებლონ საკუთარი ქონებით, მათ შორის, დაბრკოლების გარეშე გამოიყენონ იგი რელიგიური რიტუალების აღსასრულებლად. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება წარმოადგენს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
აუცილებლობა
32. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უფლების შემზღუდველი ღონისძიება, გამოსადეგობასთან ერთად, უნდა იყოს აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. თანაზომიერების ტესტის ხსენებული კომპონენტის მოთხოვნაა, რომ უფლების შემზღუდველი ღონისძიება წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას.
33. როგორც უკვე აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კულტურული ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მოსარგებლეს) სახელმწიფოს მიერ განესაზღვრება ძეგლის მოვლა-პატრონობის წესები, რაც ობიექტების დაცვის აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს. სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, თუკი რელიგიური კონფესიები არ დაიცავენ მოვლა-პატრონობის წესებს, რის გამოც ობიექტი დაზიანების ან განადგურების რისკის ქვეშ აღმოჩნდება, სახელმწიფოს ერთმევა მესაკუთრისათვის (კანონიერი მოსარგებლისათვის) გაფრთხილების მიცემის, ხოლო მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში დაჯარიმების უფლებამოსილება. გარდა პასუხისმგებლობის გამორიცხვისა, სადავო ნორმა სახელმწიფოს ართმევს შესაძლებლობას, ძეგლზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) ნებართვის გარეშე, თავად ჩაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ძეგლის შესანარჩუნებლად.
34. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, სახელმწიფო უარს ამბობს ზოგადად რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ ძეგლებთან დაკავშირებით კონსტიტუციის 34-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების განხორციელებაზე. ამავე დროს, სადავო ნორმის თანახმად, კულტურული ობიექტების რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებობის ფაქტი თავისთავად საკმარისია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მოთხოვნების გავრცელების გამოსარიცხად. შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს ხსენებულ ობიექტებთან მიმართებით საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პოზიტიურ ვალდებულებებზე უარის თქმა რამდენად არის ყველა შემთხვევაში ნაკარნახევი დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებლობით.
35. როგორც უკვე აღინიშნა, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია რელიგიური ორგანიზაციის საჭიროება არ ემთხვეოდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან მომდინარე სახელმწიფოს ამოცანებს. შესაძლებელია კულტურული დანიშნულების ობიექტის რელიგიური დანიშნულებით გამოყენება ხელს უშლიდეს კულტურული მემკვიდრეობით დაცვის მიზნით ობიექტის კონსერვაციის მოთხოვნებს ან/და აფერხებდეს ობიექტის რეაბილიტაციის პროცესს. თუმცა ხსენებული ორი ფასეულობა ყველა შემთხვევაში თავისთავად კონფლიქტური არ არის. როგორც წესი, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სათანადოდ მოვლა თავად რელიგიური კონფესიის ინტერესებსაც ემსახურება. ხოლო რელიგიის თავისუფლების რეალიზებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებს შორის კონფლიქტი იშვიათ, საგამონაკლისო შემთხვევებშია სახეზე.
36. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოს ამოცანას წარმოადგენს და, შესაბამისად, სწორედ ის არის კომპეტენტური, განსაზღვროს კულტურული ძეგლის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები. ინდივიდების მიერ ძეგლის დაზიანების პრევენცია და მისი მოვლისათვის სათანადო ღონისძიებების განსაზღვრაც სახელმწიფოს და არა რელიგიური კონფესიების კონსტიტუციური ვალდებულებაა. სადავო ნორმიდან გამომდინარე, სახელმწიფო არ ახდენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არასათანადო ზემოქმედების შემთხვევების პრევენციასა და აღმოფხვრას, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც თავად რელიგიური კონფესიები ხედავენ ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ გარკვეული ქმედებების გატარების აუცილებლობას.
37. აღნიშნულს ასევე ადასტურებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით მოწვეული საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი - მიტროპოლიტი დავითის (ირაკლი მახარაძის) პოზიციაც. მოწმემ განმარტა, რომ საქართველოს საპატრიარქოს არ ჰყოფნის ადამიანური რესურსი, რომ ეფექტურად აკონტროლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად სწორად ხორციელდება კულტურულ ძეგლზე სამუშაოები. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ხშირად, შესაძლოა, სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის ნაკლებობით იყოს გამოწვეული და არა რელიგიური კონფესიების სურვილით.
38. ამდენად, სადავო ნორმით, სახელმწიფო კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაზე უარს აცხადებს, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც მათი მოვლა რელიგიური რიტუალების აღსრულებას არ ზღუდავს. დამატებით აღსანიშნავია ისიც, რომ სადავო ნორმა მოქმედებს რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურულ ძეგლებზე, განურჩევლად იმისა, გააჩნია თუ არა მას საღვთისმსახურო დანიშნულება.
39. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო რეგულირებით დადგენილია ბლანკეტური მიდგომა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ნებისმიერ ობიექტთან მიმართებით და ის კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების/განადგურების შესაძლებლობას უშვებს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამას რელიგიური რიტუალების აღსრულება არ მოითხოვს. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმა იმაზე მეტად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებას, ვიდრე საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, შესაბამისად, იგი არ აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნებს.
40. მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად სახელმწიფო უფლებამოსილია, შემოიღოს რელიგიური რიტუალების აღსრულების ხელშეწყობისკენ ვიწროდ მიმართული რეგულაციები. ამავე დროს, რელიგიის თავისუფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით მიღებული თითოეული ღონისძიება უნდა აკმაყოფილებდეს, ვიწრო გაგებით, პროპორციულობის მოთხოვნებს. ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს უფლებისთვის შეზღუდვის შედეგად დამდგარ ზიანს. თუმცა, ვიწრო გაგებით, პროპორციულობის საკითხის შეფასება აქტუალურია მხოლოდ აუცილებელ ღონისძიებებთან მიმართებით, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო რეგულირება, მართალია, ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, მაგრამ არ წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. შესაბამისად, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვები „ეს მუხლი და“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით
უფლების დაცული სფერო/უფლებაში ჩარევა
42. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორ პირთა უთანასწოროდ მოპყრობა და პირიქით. ამასთანავე, „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8).
43. მოსარჩელე მარინე მიზანდარი მიუთითებს, რომ სადავო ნორმა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ კულტურულ ძეგლებზე გამორიცხავს ამავე კანონის 30-ე და 32-ე მუხლებით დადგენილი შეზღუდვების გავრცელებას, რის გამოც რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ქონებაზე არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით დადგენილი შეზღუდვები, მაშინ როდესაც ეს მოთხოვნები სრულად ვრცელდება მასზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრეზე. შესაბამისად, მისი მტკიცებით, სადავო ნორმა მას რელიგიურ კონფესიებთან მიმართებით დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს.
44. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ქონებაზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის გაუვრცელებლობით გამორიცხავს მათდამი სანქციების გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევენ სამინისტროსთან გაფორმებული ძეგლის მოვლა-პატრონობის შესახებ ხელშეკრულების ან სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის პირობებს, ან ნებართვის გარეშე ჩაატარებენ ძეგლზე რაიმე სამუშაოს. ხოლო 32-ე მუხლის რელიგიური კონფესიების სარგებლობაში არსებულ ქონებაზე გაუვრცელებლობით არ ხდება ხსენებულ პირთა საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტების დაცვის ვალდებულების ან/და ამ ვალდებულების დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების გამორიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, რომელიც რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულების გამორიცხვაში გამოიხატება, წარმოადგენს ხსენებულ ობიექტებზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველო კანონის 30-ე მუხლის გაუვრცელებლობის შედეგს. ამავე დროს, აშკარაა, რომ სადავო კანონის 30-ე მუხლის გაუვრცელებლობის შედეგად, მოსარჩელესთან შედარებით რელიგიური კონფესიების მიმართ მოქმედებს ნაკლები შეზღუდვები. შესაბამისად, სადავო ნორმა ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას მოსარჩელესა და რელიგიურ კონფესიებს შორის.
45. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად, საკმარისი არ არის მხოლოდ დიფერენცირების ფაქტის დადგენა. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
46. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, განისაზღვროს, დიფერენცირებული ჯგუფები რამდენად წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. „მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის #2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).
47. მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირება გამოიხატება კულტურული მემკვიდრეობის მოვლის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების (30-ე მუხლის გაუვრცელებლობის შედეგი) განსხვავებული წესის დადგენაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს კულტურული მემკვიდრეობის მოვლის პირობების დარღვევის გამო პასუხისმგელობის ზომების გამოყენების თვალსაზრისით, რამდენად წარმოადგენს მოსარჩელე არსებითად თანასწორ პირს რელიგიურ კონფესიებთან მიმართებით.
48. საქართველოს კონსტიტუცია ყველას თანაბრად უდგენს კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის ვალდებულებას. ამავე დროს, ზოგადად, სამართალდარღვევის ჩადენის მოტივაცია შესაძლოა გავლენას ახდენდეს გასაკიცხაობის ხარისხზე. ქმედებისათვის პასუხისმგებლობის განსაზღვრის პროცესში, შესაძლოა, მხედველობაში იქნეს მიღებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების რწმენის თავისუფლებიდან გამომდინარე ჩადენის ფაქტი. პირი, რომელიც ქმედებას ჩადის რწმენის კარნახით, შესაძლოა, არ იყოს იმ პირის არსებითად თანასწორი, რომლის ქმედებაც არ არის განპირობებული რწმენის თავისუფლებით (mutatis mutandis იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74). თუმცა მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სადავო ნორმა მიმართულია უშუალოდ კულტურული მემკვიდრეობის მოვლის ვალდებულების მხოლოდ აღმსარებლობის გამო დარღვევის შემთხვევებზე. ამავე დროს, სახეზე არ არის რაიმე სხვა გარემოება, რომელიც სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით მოსარჩელისა და რელიგიური კონფესიების არსებითად თანასწორებად მიჩნევას გამორიცხავდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, რელიგიურ კონფესიებზე სადავო კანონის 30-ე მუხლის გაუვრცელებლობა იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვას.
ჩარევის გამართლება
49. არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენება, თავისთავად, არ იწვევს თანასწორობის უფლების დარღვევას. რიგ შემთხვევებში შესაძლოა დიფერენცირება კონსტიტუციურსამართლებრივად გამართლებული იყოს. ამავე დროს, დიფერენცირებულად მოპყრობის კონსტიტუციურობის შეფასების მეთოდი განსხვავებული შეიძლება იყოს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
50. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია გაირკვეს, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ხომ არ ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე ნიშანს ან/და ხომ არ არის მაღალი ინტენსივობის.
51. განსახილველ შემთხვევაში არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის განსაზღვრა უკავშირდება კულტურული ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) სტატუსს. ამავე დროს, პრივილეგირებული მდგომარეობა დადგენილია ზოგადად რელიგიური კონფესიების მიმართ და არ ხდება მათი რომელიმე ნაწილის გამოყოფა. შესაბამისად, დიფერენცირება არ უკავშირდება ამა თუ იმ რელიგიისადმი კუთვნილებას ანდა სხვა კონსტიტუციის მე-14 მუხლით პირდაპირ მითითებულ ნიშანს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის დიფერენცირების შესაფასებლად მკაცრი ტესტის გამოყენების პირველი საფუძველი.
52. ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე კლასიკურ ნიშანს, სასამართლოს მიერ მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენება დამოკიდებულია დიფერენცირების ინტენსივობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენცირების ინტენსივობის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება, II-25). სადავო რეგულირება რელიგიურ კონფესიებს ათავისუფლებს კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებული პასუხისმგებლობისგან. შესაბამისად, დიფერენციაციის ინტენსივობის შესაფასებლად უნდა განისაზღვროს, რელიგიური კონფესიების გათავისუფლება ძეგლის მოვლა-პატრონობის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობისგან, რამდენად განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს მათ სხვა პირებთან შედარებით.
53. როგორც უკვე აღინიშნა, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიმართ, თუკი ის არ შეასრულებს ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, ამავე მუხლით სახელმწიფოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ძეგლზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) ნებართვის გარეშე ჩაატაროს შესაბამისი აუცილებელი ღონისძიებები ძეგლის შესანარჩუნებლად. სწორედ აღნიშნული რეგულირება არ ვრცელდება რელიგიურ კონფესიებთან მიმართებით. თუმცა, გარდა ზემოაღნიშნული ბერკეტებისა, სახელმწიფოს ასევე შეუძლია, სისხლის სამართლის კოდექსის 2592 მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელოს კულტურული მემკვიდრეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების ან განადგურებისათვის, მიუხედავად ძეგლის მესაკუთრის სტატუსისა. შესაბამისად, ამ უკანასკნელი მექანიზმის ამოქმედება სახელმწიფოს შეუძლია რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ ობიექტებთან მიმართებითაც.
54. საკანონმდებლო ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე აშკარაა, რომ რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები სრულად სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არ არის დარჩენილი. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ მიმართული რეგულაციები, როგორიცაა ძეგლის მოვლა-პატრონობის წესების განსაზღვრა და ა.შ. მნიშვნელოვანია და ემსახურება უშუალოდ ძეგლის დაზიანების ან განადგურების პრევენციას. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სისხლისსამართლებრივი მექანიზმები მოქმედებს ყველას მიმართ, სადავო რეგულირებით დადგენილი დიფერენცირება ვერ ჩაითვლება მაღალი ინტენსივობის მქონედ. სისხლისსამართლებრივი წესით კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ან განადგურებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, სადამსჯელო ხასიათის გარდა, თავისთავად გააჩნია პრევენციული ფუნქციაც. შესაბამისად, რელიგიური კონფესიებისა და სხვა პირთა საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ არის არსებითად ისეთ განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცეული, რაც საკმარისი საფუძველი იქნებოდა დიფერენცირების მკაცრი ტესტის საფუძველზე შესაფასებლად. აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში განსხვავებული მოპყრობა უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტით.
55. „რაციონალური დიფერენციაციის ტესტით სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირებისას მოწმდება ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
56. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შესამოწმებლად, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რა მიზანს ემსახურება სადავო ნორმა. ხოლო შემდგომში შემოწმდეს, რამდენად რაციონალურად არის შერჩეული ამ მიზნის მიღწევის საშუალება. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხის მითითებით, სადავო ნორმა ემსახურება რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის, რელიგიური რიტუალების თავისუფლად ჩატარების ხელშეწყობას. ამავე დროს დადგენილია, რომ სადავო ნორმა ამ მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას წარმოადგენს. შესაბამისად, რაციონალური დიფერენცირების ტესტის დასაკმაყოფილებლად უნდა დადგინდეს, რომ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად შერჩეული საშუალება არ არის აშკარად არაგონივრული, არარაციონალური.
57. როგორც უკვე აღინიშნა, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მოთხოვნების რელიგიური კონფესიების ქონებაზე გავრცელებამ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა ხელი შეუშალოს რელიგიის თავისუფლების სრულყოფილად რეალიზებას. თუმცა, ამ ორი სიკეთის კონკურენცია მხოლოდ იშვიათ, გამონაკლის შემთხვევებში ხდება. ამის საპირისპიროდ კი, როგორც წესი, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა რელიგიური კონფესიების, სახელმწიფოს და საზოგადოების საერთო ინტერესებს ემსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იშვიათ შემთხვევებში რელიგიური რიტუალების ჩატარების ხელშეწყობისათვის სახელმწიფის მიერ რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ზოგადი ვალდებულების გამორიცხვა, არა მხოლოდ აუცილებლობის მოთხოვნებს არ პასუხობს, არამედ ასევე არაგონივრულია. რეგულაცია, რომელიც გონივრული მიზეზის არსებობის გარეშე გამორიცხავს რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ქონებაზე სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულებას და ამას დადებითი შედეგები მხოლოდ იშვიათ, საგამონაკლისო შემთხვევებში მოჰყვება, ვერ იქნება მიჩნეული რაციონალურ ღონისძიებად. მოცემულ შემთხვევაში არ არის რაციონალურად ახსნადი, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სახელმწიფომ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად უფრო ვიწროდ მიმართული რეგულირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ აკმაყოფილებს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნებს და, შესაბამისად, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვები „ეს მუხლი და“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1216 („საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) მარინე მიზანდარის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვები „ეს მუხლი და“ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. კონსტიტუციური სარჩელი №1216 („საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გიორგი ჩიტიძის და ანა ჯიქურიძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვები „ეს მუხლი და“ საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. კონსტიტუციური სარჩელი №1216 („საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს მარინე მიზანდარის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვების „... ამ კანონის 32-ე მუხლი არ ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. კონსტიტუციური სარჩელი №1216 („საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს გიორგი ჩიტიძის და ანა ჯიქურიძის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვების „... ამ კანონის 32-ე მუხლი არ ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ ობიექტებზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
5. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
6. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
7. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
9. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი