საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/17/1274 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 27 დეკემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 იანვარი 2025 19:37 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 (2017 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), მე-7 (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1274) მომართა ომარ ჯორბენაძემ. №1274 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2017 წლის 7 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/7/1274 განჩინებით, №1274 კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი იყო, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 და მე-12 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით, გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
2. №1274 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 19 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 27 დეკემბერს.
3. №1274 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 82-ე მუხლის პირველი პუნქტი, 83-ე მუხლის პირველი პუნქტი, 88-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლები; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები.
4. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 (2017 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-7 (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) მუხლების მიხედვით, დადგენილია, რომ კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. სადავო კანონის მე-12 მუხლი კი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს.
5. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ“. მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების უფლებას. 29-ე მუხლი იცავს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი ადგენს რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ, თავისთავად, გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე და 86-ე მუხლები განსაზღვრავს მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს და ადგენს სამართალწარმოების განხორციელების ზოგად წესს.
6. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად, „კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი მიხედვით, „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ“. მე-11 მუხლით დაცულია თანასწორობის უფლება. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია საკუთრების უფლება, 25-ე მუხლი იცავს საჯარო თანამდებობის დაკავებისა და სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლი განსაზღვრავს მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს.
7. №1274 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი იყო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოუწია დაეტოვებინა მოსამართლის თანამდებობა. მოსარჩელის პოზიციით, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ვერ უზრუნველყოფს მოსამართლის სათანადო სოციალური გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხზე.
8. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა შეიძლება იყოს 560 ლარი, ხოლო უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის კომპენსაცია განისაზღვრება 1200 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი მოწესრიგება უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან მიმართებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს. მოსარჩელე მხარე ასევე დისკრიმინაციულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უზენაესი სასამართლოს წევრი სახელმწიფო კომპენსაციას იღებს უფლებამოსილების ამოწურვისთანავე, ხოლო სხვა მოსამართლეები მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემთხვევაში. ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სოციალური გარანტიები მოწესრიგებულია ორგანული კანონით, ხოლო სხვა მოსამართლეების - კანონით.
9. მოსარჩელე მხარის მითითებით, საერთო სასამართლოების მოსამართლეების სახელმწიფო კომპენსაცია უნდა იყოს ერთგვაროვანი, ამასთან, იგი უნდა ინიშნებოდეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში, დაუყონებლივ და მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს მოქმედი მოსამართლის ხელფასთან. გარდა ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მოქმედი მოსამართლეების მსგავსად, ყოფილი მოსამართლეებიც სარგებლობდნენ სახელმწიფო დაზღვევით.
10. მოსარჩელის განმარტებით, პარლამენტმა შესაძლოა, დაარეგულიროს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ამგვარი სოციალური გარანტიებით სარგებლობა დაუკავშიროს გარკვეულ წინაპირობებს, მაგალითად, მოსამართლედ მუშაობის სტაჟს. თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პარლამენტს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ალტერნატივა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პირის მიერ სახელმწიფო კომპენსაციით სარგებლობასთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, ასეთ შემთხვევაში, ვინაიდან უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოსამართლის ნებისაგან დამოუკიდებლად, მას უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა დაენიშნოს მოქმედი მოსამართლის ხელფასთან მიახლოებული სახელმწიფო პენსია/კომპენსაცია.
11. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ მოსამართლის სათანადო სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობებს მისი სხვადასხვა კონსტიტუციური უფლებების დარღვევას. ამასთან, მოსარჩელე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულება იცავს უფლებებს, რომლებიც უშუალოდ კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, თუმცა, თავისთავად, გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. მოსარჩელის პოზიციით, მოსამართლის სოციალური გარანტიებით სარგებლობის უფლება კონსტიტუციის პრინციპებიდან და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებიდან გამომდინარეობს. ყოფილი მოსამართლისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიების არარსებობით კი, ირღვევა კონსტიტუციის აღნიშნული დებულებაც.
12. მოსარჩელემ 2022 წლის 4 ივლისს განცხადებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს არა ზოგადად სასამართლოს სისტემის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოსამართლისთვის კომპენსაციის დანიშვნა, თანამდებობიდან გადადგომის დღიდან.
II
სამოტივაციო ნაწილი
კონსტიტუციური ნორმების ცვლილება
1. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14-ე, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებებს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ“. მე-14 მუხლი ადგენდა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, 21-ე მუხლი განამტკიცებდა საკუთრების უფლებას. 29-ე მუხლი იცავდა სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი ადგენდა, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ, თავისთავად, გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე და 86-ე მუხლები განსაზღვრავდა მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს და ადგენდა სამართალწარმოების განხორციელების ზოგად წესს.
3. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად, „კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ“. მე-11 მუხლით დაცულია თანასწორობის უფლება. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულია საკუთრების უფლება, 25-ე მუხლი იცავს საჯარო თანამდებობის დაკავებისა და სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლი განსაზღვრავს მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან, ამავე მუხლის მე-5 პუნქტთან, მე-11, მე-19, 25-ე და 63-ე მუხლებთან მიმართებით.
სადავო ნორმების ძალადაკარგულობა
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
6. №1274 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე ითხოვს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 (2017 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), მე-7 (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან, ამავე მუხლის მე-5 პუნქტთან, მე-11, მე-19, 25-ე და 63-ე მუხლებთან მიმართებით. სადავო ნორმები ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, კომპენსაციის/სახელმწიფო სტიპენდიის მიღების უფლების მქონე სუბიექტებს და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობის 560 ლარიან ზღვარს.
7. კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტიდან, 2017 წლის 2 ნოემბერის შემდეგ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში განხორციელდა 21 ცვლილება (პირველი ცვლილების ამოქმედების თარიღს წარმოადგენს 2017 წლის 14 დეკემბერი), ხოლო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში – 2 ცვლილება (პირველი ცვლილების ამოქმედების თარიღი არის 2019 წლის 1 აგვისტო). სადავო ნორმებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გაფართოვდა და დაზუსტდა კომპენსაციის/სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირთა წრე, კერძოდ, ცვლილებები შეეხო სადავო მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“, „მ“, „ო“, „პ“ ქვეპუნქტებს, სადავო ნორმას ასევე დაემატა „ჟ“ და „ი1“ ქვეპუნქტები. როგორც აღინიშნა, სადავო მე-7 მუხლი ასევე ჩამოყალიბდა ახლებურად. მე-7 მუხლის ახალი რედაქციის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის გასაცემი მაქსიმალური ოდენობა 560 ლარიანი ზღვრის ნაცვლად, ყოველწლიურად ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება. სადავო ნორმას ასევე დაემატა მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები, რომლებიც ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვრის გაანგარიშების წესს და განსაზღვრავს პირთა წრეს, ვის მიმართაც ვრცელდება ან არ ვრცელდება სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ დადგენილი პირობა.
8. ამგვარად, სადავო ნორმები ახლებურად არის ჩამოყალიბებული. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, №1274 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავოდ გამხდარი ზემოაღნიშნული ნორმები ძალადაკარგულია. ამასთან, მათ ძალა დაკარგეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
9. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმისწარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). აღნიშნული პრაქტიკა მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე ნორმა, რომელსაც სადავო ნორმის იდენტურად, გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმისწარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
10. იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური/მსგავსი შინაარსის მქონე დებულება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი საქმისწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიღწევას. ბუნებრივია, აზრს მოკლებულია, მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმისწარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის ხსენებულ ნაწილთან მიმართებით, არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, რამდენად არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი
11. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
12. კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (2017 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-19 და 25-ე მუხლებთან მიმართებით. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, მოსამართლეს დაენიშნოს მოქმედი მოსამართლის ხელფასთან მიახლოებული სახელმწიფო კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მისი ნებისაგან დამოუკიდებლად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
13. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე სუბიექტებს და განსაზღვრავს იმ პირებს, რომელთა გარდაცვალების შემთხვევაში, მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ, აგრეთვე, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.
14. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსამართლის უფლებამოსილების ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში, კომპენსაციის არარსებობისა და დანიშნული კომპენსაციის ოდენობის არასაკმარისობის საკითხი მიემართება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ ნორმებს, რომლებიც ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებსა და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალურ გასაცემ ოდენობას.
15. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ მოუყვანია არგუმენტაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის ზოგადი საფუძვლებისა და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე სუბიექტების დამდგენი წესის არაკონსტიტუციურობასთან და მისგან მომდინარე შეზღუდვასთან დაკავშირებით. მოსამართლისთვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები და კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის განმსაზღვრელი წესი, ხსენებული ნორმის რეგულირების მიღმაა. შესაბამისად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1274 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (2017 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-19 და 25-ე მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
17. კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის მითითებით, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მისი ნებისაგან დამოუკიდებლად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსამართლეს უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე უნდა დაენიშნოს მოქმედი მოსამართლის ხელფასთან მიახლოებული სახელმწიფო პენსია/კომპენსაცია.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, ზოგადად, საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით კი აღიარებულია საკუთრების საყოველთაო უფლება, რომელიც ადამიანის პირადი უფლებაა. იმავდროულად, მას აქვს ეკონომიკური ხასიათი, ამიტომ რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, თავად ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება გავრცელდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის დაცვის ფარგლები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის №3/4/648, 1315, 1369, 1370, 1371, 1372, 1373, 1374, 1375, 1379, 1385, 1386, 1388, 1391, 1397, 1398, 1405, 1406, 1407, 1411, 1413, 1414, 1415 გადაწყვეტილება საქმეზე "ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-9). იმავდროულად, ბუნებრივია, სახელმწიფო უფლებამოსილია, გარკვეულ პირთა ჯგუფს იმაზე მაღალ ეკონომიკურ სარგებელზე წვდომის შესაძლებლობა მიანიჭოს, ვიდრე ეს საკუთრების კონსტიტუციური უფლებით არის მოთხოვნილი. შესაბამისად, კანონმდებლობის დონეზე შესაძლებელია, არსებობდეს სხვადასხვა სახის სამართლებრივი უფლება თუ ინტერესი, რომელსაც ეკონომიკური ბუნება გააჩნია, თუმცა მათი დაწესების ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან არ გამომდინარეობს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის №3/4/648, 1315, 1369, 1370, 1371, 1372, 1373, 1374, 1375, 1379, 1385, 1386, 1388, 1391, 1397, 1398, 1405, 1406, 1407, 1411, 1413, 1414, 1415 გადაწყვეტილება საქმეზე "ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე, II-9) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-8).
19. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, რიგ შემთხვევებში, საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს გარეთ, კანონით დადგენილი სარგებლის მიღება შესაძლებელია, იქცეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ ინტერესად, თუკი არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი მის მიღებასთან დაკავშირებით. მოლოდინი, რომ ლეგიტიმურად და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულად ჩაითვალოს, მას უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი და უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი არ ქმნის სახელმწიფოსგან მატერიალური სარგებლის უპირობოდ მოთხოვნის უფლებას. აქ ნაგულისხმევია შემთხვევა, როდესაც მატერიალური სარგებლის მოთხოვნა ემყარება კონკრეტულ, ნამდვილ სამართლებრივ საფუძველს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსაზრებას, რომ მოსამართლისათვის დანიშნული კომპენსაცია შესაძლოა, წარმოადგენდეს მნიშვნელოვანი სამსახურის სანაცვლოდ შექმნილ მყარ სოციალურ გარანტიას. თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ მოსამართლე დავობს საკუთრების უფლებით დაცულ კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინის არსებობაზე, აუცილებელია, დაადასტუროს, რომ მას კანონმდებლობის საფუძველზე, გარანტირებული ჰქონდა კონკრეტული მატერიალური სარგებლის მიღების უფლება, რომლის რეალიზებაც არ მოხერხდა ან არასრულფასოვნად განხორციელდა სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის/აკადემიური სტიპენდიის ოდენობაზე ზედა ზღვრის დაწესებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/6/1675 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13)
21. №1274 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმის ამოქმედებამდე, მოსარჩელეს ჰქონდა კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურის ვერ გაგრძელების შემთხვევაში, მიიღებდა ხელფასის ოდენობის კომპენსაციას ან მიიღებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ლიმიტზე მეტი ოდენობის კომპენსაციას და აღნიშნული მოლოდინი უგულებელყოფილი იქნა სადავო ნორმის მოქმედებით. აღსანიშნავია, რომ დროის რომელიმე მონაკვეთში, სადავო ნორმის საფუძველზე, არ მომხდარა მოსარჩელისათვის კანონით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის შემცირება და კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინის უგულებელყოფა, რაც გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/8/1527 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1274 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
23. №1274 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდაა გამხდარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
24. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთა მიმართ, არ ვრცელდება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს.
25. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია მიემართება იმ სადავო ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავს კომპენსაციის მაქსიმალურ გასაცემ ოდენობას, მისი დაანგარიშებისა და მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობის საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე გავრცელების საკითხს. ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოსამართლის უფლებამოსილების ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში, კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის არარსებობას. აღნიშნულისგან განსხვავებით, სადავო ნორმები ადგენს წესს, თუ ვის მიმართ არ ვრცელდება კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა და როგორ გამოითვლება მოსამართლისთვის დასანიშნი კომპენსაციის ოდენობა.
26. ამგვარად, №1274 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის (2017 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
27. №1274 კონსტიტუციური სარჩელით, ასევე სადავოდაა გამხდარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
28. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა“.
29. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმები შეეხება სახელმწიფო კომპენსაციის ზღვარს და მისი გაანგარიშების წესს, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებსა და მათ გაანგარიშებას. სადავო ნორმები არ უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების საკითხებს. აქედან გამომდინარე, არ იკვეთება შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტს შორის. შესაბამისად, №1274 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (2017 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლის კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
30. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და საერთო სასამართლოების სხვა მოსამართლეების დიფერენცირება განსხვავებული იერარქიის კანონებით და მათთვის განსახვავებული საპენსიო უზრუნველყოფის დაწესება წარმოადგენს დისკრიმინაციას.
31. როგორც უკვე აღინიშნა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ადგენდა კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. მე-7 მუხლის ახალი რედაქციის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის გასაცემი მაქსიმალური ოდენობა ყოველწლიურად ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება. სადავო ნორმას ასევე დაემატა მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები, რომლებიც ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვრის გაანგარიშების წესს და განსაზღვრავს პირთა წრეს, ვის მიმართაც ვრცელდება ან არ ვრცელდება სტიპენდიის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ დადგენილი პირობა. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს კი მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს.
32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. პირთა არსებითად თანასწორობის/უთანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17).
33. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია, თავისი არსით, წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის, რათა მან მიუკერძოებლად, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში განახორციელოს საქმიანობა. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ჯეროვანი განხორციელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინსტიტუციური, არამედ ფინანსური გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ღირსეული პირობების შექმნას როგორც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, აგრეთვე, მოსამართლის უფლებამოსილების თავისებურებების გათვალისწინებით, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგაც. ამდენად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზანი, ინტერესი წარმოდგება პირის მოსამართლედ ყოფნის ფაქტიდან გამომდინარე. მოსამართლის დამოუკიდებლობის უაღრესად მაღალი ინტერესი არსებობს მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ პერიოდში. ამდენად, სამოსამართლო უფლებამოსილების სხვადასხვა ვადით განხორციელების შემთხვევაშიც, სახეზეა ის მიზნები, რომლებსაც სახელმწიფო კომპენსაციის ინსტიტუტი ემსახურება (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
34. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წინარე პრაქტიკით განმარტა, რომ კომპენსაციის მიღების მიზნებისათვის, არსებითად თანასწორ პირებს წარმოადგენენ სხვადასხვა სამუშაო სტაჟის მქონე პირველი, მეორე და უზენაესი ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის №2/12/1266 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაგული კუნჭულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
35. ასევე აღსანიშნავია, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება ისევე როგორც სხვა სოციალური ბენეფიტები როგორც წესი განსხვავდება მათ შორის სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროს. შესაბამისად იმის და მიუხედავად, რომ მოსამართლის სტატუსი თავისთავად შეიძლება მიუთითებდეს სამსახურის დასრულების შემდეგ სხვა მოსამართლეების მსგავსად კომპენსაციის მიღების ინტერესზე, ცალკე დასაბუთებას საჭიროებს თუ რატომ მოეთხოვება სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეების კომპენსაციის თანაბარი მოცულობით განსაზღვროს. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დასაბუთება, თუ რატომ წარმოადგენს თანასწორობის უფლების მოთხოვნას სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში მომუშავე მოსამართლეთათვის თანაბარი სოციალური სარგებლის დადგენა და ამ ფორმით მათთვის მისაღებ სარგებელში გათანაბრება. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით, ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს შესაბამისი ობიექტური და გონივრული საფუძვლის გარეშე.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1274 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
37. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
38. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დადგენილი თანასწორობის უფლების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ეხება პირთა კონკრეტულ წრეს. აღნიშნულ პუნქტებს, განსხვავებით ამავე მუხლის პირველი პუნქტისგან, გააჩნია სპეციფიკური დაცვის სფერო ისეთ ურთიერთობებში, როგორიცაა სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა, მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის საკითხი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა. ამრიგად, იმისათვის, რომ პირმა იდავოს, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით უმცირესობათა და ცალკეულ ჯგუფთა დასაცავად განმტკიცებული სპეციალური პუნქტების დარღვევაზე, აუცილებელია, წარმოადგინოს არგუმენტაცია დასახელებული კონსტიტუციური დებულებებით დაცული თანასწორობის უფლების განსაკუთრებულ ასპექტებთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო დასაბუთება ხსენებული დებულებებით დაცულ სფეროსთან სადავო ნორმების მიმართებასთან დაკავშირებით.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1274 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
40. №1274 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია ფიზიკური პირი, რომელიც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან, ამავე მუხლის მე-5 პუნქტთან და 63-ე მუხლთან მიმართებით.
41. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნიათ, როდესაც ითხოვენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მოსარჩელე მხარე ითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/7/1465 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №3/7/831 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინება №1/4/644 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება №1/2/541 საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
42. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადება, ამავე მუხლის მე-5 პუნქტი და 63-ე მუხლი არ არის მოქცეული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში. ამგვარად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, რომ მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებებთან მიმართებით.
43. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 (2017 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), მე-7 (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მე-12 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან, ამავე მუხლის მე-5 პუნქტთან და 63-ე მუხლთან მიმართებით, №1274 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან, ამავე მუხლის მე-5 პუნქტთან, მე-11, მე-19, 25-ე და 63-ე მუხლებთან მიმართებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან, ამავე მუხლის მე-5 პუნქტთან, მე-11 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებთან, მე-19, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 63-ე მუხლთან მიმართებით, №1274 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც, არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.
45. ასევე, რამდენადაც არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი და, ამავე დროს, სადავო ნორმები ძალადაკარგულია, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1274 კონსტიტუციურ სარჩელზე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ე1“ (2017 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), „ვ“, „მ“ (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), „ო“ (2019 წლის 10 მაისამდე მოქმედი რედაქცია), „პ“ (2017 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტებისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან, ამავე მუხლის მე-5 პუნქტთან, მე-11, მე-19, 25-ე და 63-ე მუხლებთან მიმართებით, ასევე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან, ამავე მუხლის მე-5 პუნქტთან, მე-11 მუხლთან, მე-19 მუხლთან, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 63-ე მუხლთან მიმართებით, საქმე უნდა შეწყდეს.
46. როგორც უკვე აღინიშნა, განხორციელებული ცვლილებების შემდეგ სადავო ნორმა (მხედველობაშია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი) ტექსტობრივად აღარ არის №1274 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავოდ გამხდარი ნორმის („სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი) იდენტური, რადგან კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, სადავო ნორმამ განიცადა ცვლილებები. თუმცა, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სამართლებრივი საკითხი, მსგავსი შეზღუდვის ფორმით, კვლავ აგრძელებს არსებობას მოქმედ კანონმდებლობაში.
47. მოსარჩელემ 2022 წლის 4 ივლისს განცხადებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რითაც მოსარჩელე მხარე ცხადად ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელზე სამართალწარმოების გაგრძელების თაობაზე თავის დაინტერესებას და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმების არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აღნიშნულ ნორმებთან მიმართებით, საქმისწარმოების გაგრძელების საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტების 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციურობაზე, სამართალწარმოება არ უნდა შეწყდეს და იგი უნდა გაგრძელდეს.
48. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1274 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1274 კონსტიტუციური სარჩელი („ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებისა და მე-12 მუხლის პირველ პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1274 კონსტიტუციური სარჩელი („ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ, „გ“, „დ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტისა და მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან, მე-5 პუნქტთან, მე-11, მე-19, 25-ე და 63-ე მუხლებთან მიმართებით;
ბ) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან, მე-5 პუნქტთან, მე-11 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებთან, მე-19 მუხლთან, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 63-ე მუხლთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე №1274 კონსტიტუციურ სარჩელზე („ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ე1“ (2017 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), „ვ“, „მ“ (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), „ო“ (2019 წლის 10 მაისამდე მოქმედი რედაქცია), „პ“ (2017 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტების და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან, მე-5 პუნქტთან, მე-11, მე-19, 25-ე და 63-ე მუხლებთან მიმართებით;
ბ) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების (2019 წლის პირველ აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან, მე-5 პუნქტთან, მე-11 მუხლთან, მე-19 მუხლთან, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 63-ე მუხლთან მიმართებით.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში