საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/7/1274 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:48 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე და 72-ე მუხლების, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 და მე-12 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1274) მომართა საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2017 წლის 7 ნოემბერს. №1274 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
2. №1274 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 82-ე მუხლის პირველი პუნქტი, 83-ე მუხლის პირველი პუნქტი, 88-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლები; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამავე კანონის სადავო, 72-ე მუხლი კი არეგულირებს მოსამართლის დაზღვევის საკითხს.
4. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს. ამავე კანონის მე-7 მუხლის მიხედვით დადგენილია, რომ კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. ამავე კანონის მე-12 მუხლი კი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ“. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის შესაბამისად კი, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე და 86-ე მუხლები განსაზღვრავს მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებს და ადგენს სამართალწარმოების განხორციელების ზოგად წესს.
6. №1274 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. მოსარჩელის პოზიციით, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ვერ უზრუნველყოფს მოსამართლის სათანადო სოციალური გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხზე.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა შეიძლება იყოს 560 ლარი, ხოლო უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის კომპენსაცია განისაზღვრება 1200 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამგვარი მოწესრიგება უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან მიმართებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს. მოსარჩელე მხარე ასევე დისკრიმინაციულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უზენაესი სასამართლოს წევრი სახელმწიფო კომპენსაციას იღებს უფლებამოსილების ამოწურვისთანავე, ხოლო სხვა მოსამართლეები მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემთხვევაში. ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სოციალური გარანტიები მოწესრიგებულია ორგანული კანონით, ხოლო სხვა მოსამართლეების - კანონით.
8. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საერთო სასამართლოების მოსამართლეების სახელმწიფო კომპენსაცია უნდა იყოს ერთგვაროვანი, ამასთან, იგი უნდა ინიშნებოდეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში დაუყონებლივ და მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს მოქმედი მოსამართლის ხელფასთან. გარდა ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მოქმედი მოსამართლეების მსგავსად, ყოფილი მოსამართლეებიც სარგებლობდნენ სახელმწიფო დაზღვევით.
9. მოსარჩელის განმარტებით, პარლამენტმა შესაძლოა, დაარეგულიროს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ამგვარი სოციალური გარანტიებით სარგებლობა დაუკავშიროს გარკვეულ წინაპირობებს, მაგალითად, მოსამართლედ მუშაობის სტაჟს. თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პარლამენტს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ალტერნატივა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში პირის მიერ სახელმწიფო კომპენსაციით სარგებლობასთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, ასეთ შემთხვევაში, ვინაიდან უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოსამართლის ნებისაგან დამოუკიდებლად, მას უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე დაუყოვნებლივ უნდა დაენიშნოს მოქმედი მოსამართლის ხელფასთან მიახლოებული სახელმწიფო პენსია/კომპენსაცია.
10. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ მოსამართლის სათანადო სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობებს მისი სხვადასხვა კონსტიტუციური უფლებების დარღვევას. ამასთან, მოსარჩელე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულება იცავს იმგვარ უფლებებს, რომლებიც უშუალოდ კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, თუმცა თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. მოსარჩელის პოზიციით, მოსამართლის სოციალური გარანტიებით სარგებლობის უფლება კონსტიტუციის პრინციპებიდან და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებიდან გამომდინარეობს. ყოფილი მოსამართლისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიების არარსებობის გამო კი, ირღვევა, მათ შორის, კონსტიტუციის აღნიშნული დებულებაც.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. დასახელებული მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
2. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. ხსენებული ნორმის შესაბამისად, „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით“. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო კომპენსაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის შეადგენს 1200 ლარს, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის - 560 ლარს. ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას, ხოლო საერთო სასამართლოების სხვა მოსამართლეებს - არა. მოსარჩელის პოზიციით, ამგვარი მოპყრობა დისკრიმინაციული ხასიათისაა. იგი მიიჩნევს, რომ საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ უნდა არსებობდეს თანაბარი რეგულირება და ყველა მოსამართლის სახელწმიფო კომპენსაცია უნდა განისაზღვროს მოქმედი მოსამართლის ხელფასის ოდენობით.
3. მაშასადამე, მოსარჩელე მხარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას იმგვარად, რომ რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის თანაბარი ოდენობით და იმავე საფუძვლებით. ამასთან, მოსარჩელე ასევე მოითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს დაავალოს სადავო ნორმების იმგვარად მოდიფიცირება, რომ დანიშნული კომპენსაციის ოდენობა განისაზღვროს მოქმედი მოსამართლის ხელფასის ოდენობით.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა.შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). „საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს ... არ ანიჭებს ნორმატიული შინაარსის აქტების გამოცემის, რეგულაციების დადგენის უფლებამოსილებას. მისი ფუნქცია არსებული საკანონმდებლო სივრცის კონსტიტუციურობის უზრუნველყოფაში პოვებს ასახვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი არსით „ასრულებს ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე – სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (ნორმები) კარგავს იურიდიულ ძალას, მეტიც, კანონმდებელმა, ხშირ შემთხვევაში, უნდა მიიღოს ახალი, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ახალი წესრიგის დადგენას (შექმნას) კი არ ემსახურება, არამედ უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას და ქმედითობას, ხელს უწყობს მის შესრულებას როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხის მიერ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-18). „საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური რეგულაციების, წესებისთვის იურიდიული ძალის გაუქმებისა და მათთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რესურსის გაუქმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს სცდება უფლებამოსილება, ძალადაკარგული სამართლებრივი ნორმების ნაცვლად კანონმდებლობაში დაადგინოს განსხვავებული, თუნდაც კონსტიტუციური წესები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
6. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია არა სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებისკენ, არამედ ახალი ნორმატიული შინაარსის შექმნისკენ. მოსარჩელის არგუმენტაციიდან გამომდინარე, ცხადად ირკვევა, რომ მის მოთხოვნას არ წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის განსაზღვრული კომპენსაციის გაუქმება, უფრო მეტიც, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვევს მოსამართლეთა სოციალური მდგომარეობის გაუარესებას, რაც დაუშვებლად მიაჩნია. მოსარჩელეს სურს, გაფართოვდეს სადავო ნორმის მოქმედების წრე და საერთო სასამართლოების სხვა მოსამართლეებზეც გავრცელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალოს საქართველოს პარლამენტს საერთო სასამართლოების მოსამართლეების კომპენსაციის გათანაბრება და მისი გაზრდა მოქმედი მოსამართლის ხელფასის ოდენობამდე. აღნიშნული მოთხოვნა შინაარსობრივად კანონმდებლობაში პოზიტიური ჩანაწერის გაკეთების იდენტურია, რაც წარმოადგენს კანონშემოქმედებითი პროცესის ნაწილს და არა ნეგატიური კანონმდებლის კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის კომპენსაციის იმავე საფუძვლებით დანიშვნა, რაც გათვალისწინებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შემთხვევაში, სცდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაავალოს საქართველოს პარლამენტს, შექმნას ისეთი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც საერთო სასამართლოს მოსამართლეებისათვის გაითვალისწინებდა მოქმედი მოსამართლის ხელფასის ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1274 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმების შინაარსს.
9. მოსარჩელე მხარე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტს ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მსგავსად, კომპენსაცია უნდა დაენიშნოთ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე, ამასთან, დანიშნული კომპენსაციის ოდენობა მიახლოებული უნდა იყოს მოქმედი მოსამართლის ხელფასის ოდენობასთან. დამატებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოსამართლისათვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს ასევე უნდა წარმოადგენდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობის დატოვება.
10. როგორც უკვე აღინიშნა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლებრივ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლების, წესის და ოდენობის არაკონსტიტუციურობაზე. აღსანიშნავია, რომ საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლეებისათვის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა) სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის საკითხის მოწესრიგება ხსენებული ნორმის რეგულირების მიღმაა. სადავო რეგულაცია შეეხება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის კომპენსაციის დანიშვნას და მისი მოქმედების სფერო აღნიშნული საკითხის მოწესრიგებით შემოიფარგლება. შესაბამისად, სადავო ნორმა ამ თვალსაზრისით ვერ გამოიწვევს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების უფლებების შეზღუდვას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1274 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
12. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ ხდის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე პრობლემურად მიიჩნევს რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესს. ასევე მოსარჩელე დისკრიმინაციულად მიიჩნევს საერთო სასამართლოების მოსამართლის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) კომპენსაციის დანიშვნის წესისა და ოდენობის კანონით მოწესრიგებას იმ პირობებში, როდესაც იგივე საკითხები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში მოწესრიგებულია ორგანული კანონით.
13. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით“. განსახილველი სადავო ნორმა მიმთითებელი ნორმაა და მისი რეგულირების სფერო შემოიფარგლება შესაბამის ნორმატიულ აქტზე მითითებით. სადავო ნორმა მხოლოდ იმის დეკლარირებას ახდენს, თუ რომელ სამართლებრივ აქტშია მოწესრიგებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესი და ოდენობა. მოსარჩელე მხარის მიერ შემოთავაზებული არგუმენტაციიდან გამომდინარე, მისთვის პრობლემურია საერთო სასამართლოს მოსამართლეების (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების წესი და მისი გაცემის საფუძვლები. ხსენებული საკითხების მოწესრიგება კი სადავო ნორმის რეგულირების მიღმაა. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია არა მიმთითებელი ნორმა, არამედ წესი, რომელიც ამგვარ რეგულაციას შეიცავს. სადავო ნორმა კი არ არეგულირებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1274 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
15. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 72-ე მუხლს. სადავო ნორმა შეეხება მოსამართლის დაზღვევის საკითხს. გასაჩივრებულ ნორმასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო დაზღვევით უნდა სარგებლობდნენ ყოფილი მოსამართლეებიც.
16. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა აწესრიგებს მოსამართლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ხსენებული ნორმა არაკონსტიტუციურია, ვინაიდან არ ითვალისწინებს ყოფილი მოსამართლეების სავალდებულო დაზღვევას. სადავო ნორმის საფუძველზე ამა თუ იმ საკითხის არმოწესრიგება, თავისთავად, არ გამოდგება ამ ნორმის საფუძველზე უფლების შეზღუდვის ფაქტის სამტკიცებლად. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო ნეგატიურ კანონმდებელს წარმოადგენს, მისი ფუნქცია შემოიფარგლება კონსტიტუციის საწინააღმდეგო უფლებაშემზღუდველი ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადებით. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, პირის სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე. აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს კონსტიტუციის დარღვევის იმ შემთხვევებზე, რომლებიც სადავო ნორმიდან არ მომდინარეობს. ამდენად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 72-ე მუხლი ვერ გამოიწვევს საქართველოს საერთო სასამართლოს ყოფილი მოსამართლისათვის დაზღვევით სარგებლობის უფლების წართმევას და არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მოსარჩელის უფლების შემზღუდველი ნორმატიული აქტი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1274 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 72-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება კი ადგენს, რომ „საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი“. №1274 კონსტიტუციურ სარჩელზე სადავო იყო როგორც ორგანული კანონის, ასევე კანონის კონსტიტუციურობა. შესაბამისად, ხსენებული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯად საკითხს.
19. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად „... თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, არ მიიღება სასამართლოში არსებითად განსახილველად, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას“. მოცემულ შემთხვევაში „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება კოლეგიის განსჯადი საკითხია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 და მე-12 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით, №1274 კონსტიტუციური სარჩელი უნდა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1274 („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე და 72-ე მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით.
2. სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 და მე-12 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით, №1274 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინებას დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი.
5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ევა გოცირიძის
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/7/1274 განჩინებაზე („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1274) მომართა საქართველოს მოქალაქემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ომარ ჯორბენაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2017 წლის 7 ნოემბერს. №1274 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე და 72-ე მუხლების, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 და მე-12 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე და 72-ე მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით. ხოლო, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7 და მე-12 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულასთან, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-14, 21-ე, 29-ე, 39-ე, 84-ე და 86-ე მუხლებთან მიმართებით, მან კონსტიტუციური სარჩელი გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უარს, სარჩელი არსებითად განსახილველად მიეღო იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის 1-ლი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში, არ ვეთანხმები.
ჩემი განსხვავებული აზრი ემყარება შემდეგ გარემოებებსა და მოსაზრებებს:
მოსარჩელე, რომელიც არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობა დისკრიმინაციულია სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეებისათვის პენსიის ოდენობის განსაზღვრის სფეროში. კერძოდ: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით“; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-7 მუხლის მიხედვით კი დადგენილია, რომ კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. ამგვარად, მოქმედი კანონმდებლობით, პირველი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის განსაზღვრული პენსიის/კომპენსაციის ოდენობა ორჯერ და მეტად ნაკლებია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის განსაზღვრული პენსიის ოდენობასთან შედარებით. მოსარჩელე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პენსია შეიძლება დაენიშნოთ უფლებამოსილების ამოწურვისთანავე, კანონით დადგენილი საპენსიო ასაკის მიღწევამდე, მაშინ როდესაც პირველი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს -მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას. მოსარჩელის არით, განსხვავებული, არათანაბარი მოპრობა იმითაც არის გამოხატული, რომ უზენაესი სასამართლოს წევრების საპენსიო საკითხები დარეგულირებულია ორგანული კანონით, ხოლო დანარჩენი მოსამართლეებისა კი - კანონით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეთა მიმართ ამგვარი დიფერენცირებული მოპყრობა, რომელიც უკავშირდება მხოლოდ იმ სასამართლო ინსტანციას, სადაც მოსამართლე თავის უფლებამოსილებას ახორციელებს, წარმოადგენს საპენსიო საკითხებში მოსამართლეთა ერთი ჯგუფის (კერძოდ, პირველი და სააპელაციო სასამართლოს მოსამარლეები) დისკრიმინაციას მოსამართლეთა მეორე ჯგუფთან (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან) მიმართებაში. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში იმ ორი საკანონმდებლო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებითაც, ერთი მხრივ, უზენაესი სასამართლოს, და მეორე მხრივ, ყველა დანარჩენი მოსამართლის პენსიის ოდენობაა დადგენილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, რომელმაც არსებითად განსახილველად არ მიიღო სარჩელის ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას, თავისი უარი ფაქტობრივად დააფუძნა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ, ნორმის არაკონსტიტუციურად აღიარების მოთხოვნასთან ერთად, სარჩელში წარმოადგინა თავისი მოსაზრება ყველა კატეგორიის მოსამართლეთა პენსიის ოდენობის გათანაბრების აუცილებლობისა და იმის შესახებ, თუ მოსამართლეთა პენსიის გაანგარიშების როგორი წესი ესახებოდა გამართლებულად და საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად; აგრეთვე იმ გარემოებას, რომ სარჩელში დაყენებული იყო მოთხოვნა, საკონსტიტუციო სასამართლოს დაევალებინა პარლამენტისათვის, მიეღო კანონი მოსამართლეთა ერთიანი სოციალური უზრუნველყოფის შესახებ.
პლენუმმა მიუთითა: „ ... მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია არა სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებისკენ, არამედ ახალი ნორმატიული შინაარსის შექმნისკენ. მოსარჩელის არგუმენტაციიდან გამომდინარე ცხადად ირკვევა, რომ მის მოთხოვნას არ წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის განსაზღვრული კომპენსაციის გაუქმება; უფრო მეტიც, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვევს მოსამართლეთა სოციალური მდგომარეობის გაუარესებას, რაც დაუშვებლად მიაჩნია. მოსარჩელეს სურს, გაფართოვდეს სადავო ნორმის მოქმედების წრე და საერთო სასამართლოების სხვა მოსამართლეებზეც გავრცელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალოს საქართველოს პარლამენტს საერთო სასამართლოების მოსამართლეების კომპენსაციის გათანაბრება და მისი გაზრდა მოქმედი მოსამართლის ხელფასის ოდენობამდე. აღნიშნული მოთხოვნა შინაარსობრივად კანონმდებლობაში პოზიტიური ჩანაწერის გაკეთების იდენტურია, რაც წარმოადგენს კანონშემოქმედებითი პროცესის ნაწილს და არა ნეგატიური კანონმდებლის კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს“ (იხ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-6 პუნქტი). იქვე, პლენუმმა მიუთითა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ასევე არ იყო უფლებამოსილი, საქართველოს პარლამენტისათვის დაევალებინა ახალი საკანონმდებლო რეგულირების შემუშავება, რომელიც საერთო სასამართლოს მოსამართლეებისათვის გაითვალისწინებდა მოქმედი მოსამართლის ხელფასის ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას.
ჯერ ერთი, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებაში მოსარჩელის პოზიცია ზუსტად არ არის გადმოცემული. მართალია, მოსარჩელე საუბრობს პენსიების გათანაბრებაზე და იმასაც მიუთითებს, რომ გათანაბრების შემთხვევაში რაიონული/საქალაქო სასამართლოების მოსამართლეების პენსიები უნდა გაუთანაბრდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პენსიას, მაგრამ სწორი არ არის იმის თქმა, თითქოს მოსარჩელე ახალი კანონით სწორედ ამ ოდენობის პენსიის დანიშვნას ითხოვდეს. პირიქით, იგი აპროტესტებს 1200 ლარის ოდენობით პენსიას ყველა მოსამართლესთან მიმართებაში, ვინაიდან, მისი აზრით, ეს არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს მოსამართლის ხელფასის ოდენობით პენსიის დანიშვნის თაობაზე. კერძოდ, იგი მიუთითებს:
„ ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმებით მოპასუხის შესაძლო პოზიციას პენსიის ოდენობის 1200 ლარის განსაზღვრის შესახებ, რადგან იგი ეწინააღმდეგება იგივე მოსამართლეთა სტატუტს რომლის მიხედვითაც დადგენილია მოსამართლის პენსია მიახლოებული უნდა იყოს მოქმედი მოსამართლის ხელფასთან. ხოლო 1200 ლარი არის, არათუ მიახლოებული, არამედ მინიმუმ სამჯერ ნაკლებია პირველი ინსტანციის მოსამართლის ხელფასზე, 4 ჯერ ნაკლებია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ხელფასზე, ხოლო უზენაესისი სასამართლოს მოსამართლის ხელფასზე 5 ჯერ ნაკლები“ (იხ. სარჩელი, გვ.10).
მეორე, მოსარჩელემ მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს დაევალებინა პარლამენტისათვის მიეღო კანონი მოსამართლეთა ერთიანი სოციალური უზრუნველყოფის შესახებ სწორედ იმ პრინციპების დაცვით, რომ მოსამართლეთა პენსიის ოდენობა გაანგარიშებულიყო ხელფასთან მიახლოებული ოდენობით (იხ. სარჩელი, გვ.11). მანვე სარჩელში მიუთითა, რომ დასაშვებად მიაჩნდა პენსიის გაანგარიშება სამოსამართლო სტაჟის მიხედვით (იხ.სარჩელი, გვ. 9).
ამგვარად, მართებულად არ მიმაჩნია პლენუმის მითითება, თითქოს მოსარჩელის მოთხოვნის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პარლამენტისათვის დაევალებინა საერთო სასამართლოების მოსამართლეების კომპენსაციის გათანაბრება და მისი გაზრდა მოქმედი მოსამართლის ხელფასის ოდენობამდე. სარჩელის შინაარსის აღწერისას, უფრო სწორი იქნებოდა თქმულიყო, რომ მოსარჩელემ, თავის ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, სასამართლოს წარმოუდგინა თავისი მოსაზრებები მოსამართლეთა პენსიისა და სოციალური დაცვის სხვა საკითხებზე, მით უფრო იმის მხედველობაში მიღებით, რომ მას გასაჩივრებული აქვს კანონმდებლობის სხვა შესაბამისი ნორმებიც.
თუმცა, მთავარი ის არის, რომ საჩივრის მისაღებობის გადაწყვეტისას, არა აქვს ( მით უფრო, გადამწყვეტი) მნიშვნელობა იმას, მოითხოვა თუ არა მოსარჩელემ იმაზე მეტი, რაც სასამართლოს იურისდიქციაში არ შედის. მოსარჩელემ მკაფიოდ დააყენა თავისი ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე და წარმოადგინა დამაჯერებელი არგუმენტები სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაზე. ამ ნაწილში პლენუმს საქმე უნდა მიეღო არსებითად განსახილველად კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში და არსებით გადაწყვეტილებაში უნდა ეთქვა უარი იმ დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რაც მისი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა.
აშკარაა, რომ ზემოაღნიშნული სადავო ნორმები მართლაც გულისხმობს დიფერენცირებულ მოპყრობას მოსამართლეთა სხვადასხვა კატეგორიის მიმართ ინსტანციურობის ნიშნით; სახეზეა შესადარებელი ჯგუფები - ერთი მხრივ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, და მეორე მხრივ, რაიონული/საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის არსებითი განხილვის დროს უნდა შეეფასებინა, წარმოადგენდა თუ არა სასამართლოს ინსტანციურობა იმგვარ საფუძველს, რომელსაც შეეძლო გაემართლებინა პენსიის საკითხში მათდამი დიფერენცირებული მოპყრობა; იმ შემთხვევაში, თუკი მიიჩნევდა, რომ ინსტანციურობა, პრინციპულად წარმოადგენდა მოსამართლეთა მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის საფუძველს საზოგადოდ (მათი განსხვავებული თანამდებობისა თუ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით), საკითხი უნდა შეესწავლა პროპორციულობის ჭრილში, გაეთვალისწინებინა დიფერენციაციის ხარისხი და შეეფასებინა, არსებობდა თუ არა „ობიექტური და გონივრული გამართლება“ იმისა, რომ პენსიის საკითხში სადავო ნორმები მესამე (საკასაციო) ინსტანციის მოსამართლეებთან შედარებით, პირველი და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს ეპყრობოდა გაცილებით არაკეთილმოსურნედ და მათ ანიჭებდა 2-ჯერ ნაკლებზე მცირე კომპენსაციას, ხოლო, ამ უკანასკნელებს (ორი ინსტანციის, პირველი და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს) კი, ინსტანციურობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, ერთმანეთთან ათანაბრებდა; ასევე, თუკი ინსტანციურობას დიფერენციაციის რელევანტურ ნიშნად მიიჩნევდა, პლენუმს მხედველობაში ისიც უნდა მიეღო, რამდენად ლოგიკურად შესაბამებოდა შესადარებელი ჯგუფების პენსიის იდენობებს შორის განსხვავება მათ ხელფასებს შორის სხვაობის ოდენობას და სხვა.
თავისთავად ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირებული მოპყრობა დადგენილია ორი სხვადასხვა კანონის („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-7 მუხლი) ნორმებით, არ წარმოადგენს საჩივრის მიუღებლობის საფუძველს იმ ხელოვნური არგუმენტით, რომ თითოეული მათგანი, ცალ-ცალკე აღებული, არ ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას. (ამ კონტექსტში, სრულიად უპერსპექტივოა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-7 მუხლის განსახილველად მიღება მე-14 მუხლთან მიმართებაში და საქმის კოლეგიაში დაბრუნება შედეგის თვალსაზრისით, რამდენადაც ეს კანონი მხოლოდ რაიონული/საქალქო და სააპელაციოსასამართლოს მოსამართლეებს შეეხება და მათდამი განსხვავებულ მოპყრობას არ ითვალისწინებს). მთავარი ის არის, რომ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობით, მთლიანობაში, დადგენილია განსხვავებული მოპყრობა შესადარებელი სუბიექტებისადმი. ამიტომ, პრინციპულად, შესაძლებელია, ორი სხვადასხვა ნორმა ერთობლიობაში იყოს დისკრიმინაციული და კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნებთან შეუთავსებადი, მაშინ როდესაც ცალ-ცაკლე, აღებული, დამოუკიდებლად, ისინი არ ადგენდნენ განსხვავებულ მოპყრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო, უარს იტყვის შესატყვის შემთხვევებში, ორი სხვადასხვა ნორმის ერთობლიობაში დისკრიმინაციულობის აღიარებისაგან, საკონსტიტუციო კონტროლი თავის აზრსა და დანიშნულებას დაჰკარგავს, ხოლო თანასწორობის იდეა და დისკრიმინაციისაგან ადამიანთა დაცვა კი გახდება ილუზორული.