საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/18/1234,1235 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2017 19:54 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) №1234 კონსტიტუციურ სარჩელზე - ა) 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, ... გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს“, მე-2 ნაწილის პირველი წინადადების და მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს პროკურორის ან გამომძიებლის მიერ გამოძახებული მოწმისათვის გამოუცხადებლობის გამო ფულადი სახდელის დაკისრების შესაძლებლობას, 294-ე მუხლის სიტყვების: „მოწმეებს, დაზარალებულებს ... გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ... ადგილას“, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის, 305-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: „დაკითხვამდე გამომძიებელმა … უნდა ... გააფრთხილოს, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე უნდა გააფრთხილოს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ... სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ...“, 306-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის: „დაიკითხოს“, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის: „დაკითხვა“ და 309-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
2) №1235 კონსტიტუციურ სარჩელზე - 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - გიორგი ჩიტიძე და მარინე კაპანაძე; მოპასუხე მხარის წარმომადგენლები - თინათინ ერქვანია და ქრისტინე კუპრავა.
I
აღწერილობით ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისს კონსტიტუციური სარჩელებით მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა როინ მიქელაძემ (რეგისტრაციის №1234) და გიორგი ბურჯანაძემ (რეგისტრაციის №1235). №1234 და №1235 კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2017 წლის 23 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, №1234 და №1235 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 15 ნოემბერს.
2. №1234 და №1235 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2016 წლის 20 თებერვლამდე, გამოძიებისას, დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის დისტანციური დაკითხვისას, მათ შორის, იმ საქმეებზე, რომელზედაც სისხლისსამართლებრივი დევნა 2009 წლის 9 ოქტომბრის სსსკ-ის ამოქმედებამდე დაიწყო, გამოიყენება ამავე კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი (მოწმის დისტანციური დაკითხვის წესი). 2009 წლის 9 ოქტომბრის სსსკ-ის 332-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამავე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მოწმის დაკითხვის წესის მოქმედებას ავრცელებს 2018 წლის პირველ იანვრამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 1261, 178-ე, 179-ე, 276-ე, 323-ე - 3232, 325-ე - 329-ე და 3782 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიებასთან მიმართებით.
4. 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მოწმის ვალდებულებები, მათ შორის, გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით, სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი დადგენილია საგამოძიებო ორგანოში მოწმის იძულებითი წესით მიყვანის შესაძლებლობა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. აღნიშნული კოდექსის XXXVII თავით (294-313 მუხლებით) გათვალისწინებულია დაკითხვის პროცედურის მარეგლამენტირებელი ნორმები, კერძოდ, მოწმის დაკითხვის ადგილი, დაკითხვის ხანგრძლივობა, დასაკითხის მიერ დოკუმენტებისა და სხვა ჩანაწერების გამოყენების შესაძლებლობა, არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვა, მოწმის დაკითხვის ოქმი, დაზარალებულის დაკითხვა და სხვა.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულია კანონის წინაშე ყველას თანასწორობის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულია ყოველი ადამიანის უფლება, რომ თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.
6. 2017 წლის 15 ნოემბერს, საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე, მხარემ, №1234 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, შეამცირა თავისი სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, №1234 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავოდ აღარ ხდის 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს; არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი თავმჯდომარის ნებართვის გარეშე“, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების, 295-ე-299-ე მუხლების, მე-300 მუხლის პირველი ნაწილის, 301-ე - 304-ე მუხლების, 305-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილების, 306-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 307-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 308-ე მუხლის, 309-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 310-ე-313-ე მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
7. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, ... გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს“, მე-2 ნაწილის პირველი წინადადების და მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს პროკურორის ან გამომძიებლის მიერ გამოძახებული მოწმისათვის გამოუცხადებლობის გამო ფულადი სახდელის დაკისრების შესაძლებლობას, 294-ე მუხლის სიტყვების: „მოწმეებს, დაზარალებულებს ... გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ... ადგილას“, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის, 305-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: „დაკითხვამდე გამომძიებელმა … უნდა ... გააფრთხილოს, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე უნდა გააფრთხილოს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ... სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ...“, 306-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის: „დაიკითხოს“, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის: „დაკითხვა“ და 309-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
8. №1234 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე როინ მიქელაძეს ბრალად ედება 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი დანაშაულის, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში, სსკ) 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ყველა ბრალდებული, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რომელი დანაშაულის ჩადენაში ედებათ მათ ბრალი, წარმოადგენენ თანასწორ სუბიექტებს, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს თანაბარ საპროცესო გარანტიებს. ამის საპირისპიროდ, 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული დანაშაულების გამოძიების დროს, დაკითხვა წარმოებს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ყველა სხვა დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიებისას, პირის დაკითხვა ხდება 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბრალდებულთა შორის განსხვავებულ მოპყრობას განაპირობებს ის ფაქტი, თუ რომელი დანაშაულის ჩადენაში ედებათ მათ ბრალი.
9. მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწმის დაკითხვის წესი საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან. აღნიშნული განსხვავებები საბოლოოდ გავლენას ახდენს ბრალდებულების უფლებებზე და იწვევს მათ დიფერენცირებას. კერძოდ, ძველი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იყო მოწმის ვალდებულება, ჩვენების მისაცემად გამოცხადებულიყო არა მხოლოდ სასამრთლოში, არამედ - გამოძიების ეტაპზე პროკურორთან. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი შესაძლებელი იყო მოწმის იძულებით მიყვანა, მისთვის ფულადი სახდელის დაკისრება. ამრიგად, სადავო ნორმები საგამოძიებო ორგანოს აძლევს საშუალებას, დაკითხოს მოწმე საგამოძიებო ორგანოში მეორე მხარისა და მოსამართლის დასწრების გარეშეც კი.
10. მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აღარ შეიცავს მსგავს რეგულაციას და საგამოძიებო ორგანოს შეუძლია მხოლოდ მოწმის სურვილის შემთხვევაში გამოკითხოს იგი. მოწმის იძულებითი წესით დაკითხვა წარმოადგენს საგამონაკლისო წესს, თუ არსებობს მისი დაკითხვის კანონით გათვალისწინებული საფუძველი. ამასთან, მოწმის დაკითხვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს არა ბრალდების მხარე, არამედ სასამართლო. მოსარჩელე უთითებს, რომ მოწმის დაკითხვის ძველი, 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესი იყო ხარვეზიანი, რამდენადაც უშვებდა შესაძლებლობას, რომ საგამოძიებო ორგანოს მხრიდან მოწმეზე განხორციელებულიყო უკანონო ზემოქმედება. ამისაგან განსხვავებით, მოქმედი კოდექსით გათვალისწინებულია მოსამართლის ჩართულობა მოწმის სავალდებულოდ დაკითხვის პროცესში, რაც შეიცავს ბრალდებულის ინტერესების დაცვის უფრო ქმედით გარანტიას და, შესაბამისად, აუმჯობესებს მის საპროცესო მდგომარეობას.
11. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება და მათი სასამართლოში წარდგენა წარმოადგენს მხარის საშუალებას, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე, მოწმის ჩვენება კი - განსაკუთრებით წონადი მტკიცებულებაა. შესაბამისად, ის გარემოება, თუ რომელი წესი მოქმედებს მოწმის დაკითხვისას და რა უფლებები აქვს ამ პროცესში დაცვის მხარეს, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ბრალდებულის უფლებების რეალიზაციისა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არსებითად თანასწორ პირებს საგრძნობლად აშორებს თანაბარი შესაძლებლობებისაგან: ძველი კოდექსით გათვალისწინებული მოწმის დაკითხვის წესის ფარგლებში დაცვის მხარე სრულადაა ჩამოცილებული დაკითხვის პროცესს, ახალი კოდექსის მოქმედების ფარგლებში კი მას აქვს მეტი შესაძლებლობა ეჭვქვეშ დააყენოს მოწმის სანდოობა და გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.
12. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, არ არსებობს რაიმე დაუძლეველი ინტერესი, რომელიც გაამართლებდა ბრალდებულთა მიმართ სადავო ნორმებით დადგენილ განსხვავებულ მოპყრობას. აღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის სადავო დებულებებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობის ძირითადი უფლება.
13. №1235 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ყველა მოწმის დაკითხვის წესი, მათი ერთნაირი საპროცესო სტატუსიდან გამომდინარე, ერთგვაროვანი უნდა იყოს. ყველა პირი, რომელსაც აქვს მოწმის სტატუსი, მიუხედავად იმისა თუ რა საქმესთან/დანაშაულთან დაკავშირებით იკითხება იგი, არსებითად თანასწორად უნდა იქნეს მიჩნეული. განსახილველ შემთხვევაში, შესადარებელ კატეგორიას განეკუთვნება, ერთი მხრივ, პირი, რომელსაც 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით ენიჭება მოწმის სტატუსი და იკითხება 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო, მეორე მხრივ, პირი, რომელსაც სხვა დანაშაულთან მიმართებით ენიჭება მოწმის სტატუსი და იკითხება 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
14. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით ხორციელდება მოწმეთა მიმართ დიფერენცირებული მოპყრობა. არათანასწორ მოპყრობას განაპირობებს ის გარემოება, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ რა დანაშაულთან მიმართებით ენიჭება პირს მოწმის სტატუსი. დიფერენცირებული მოპყრობა თანასწორ პირებს მნიშვნელოვნად აშორებს თანაბარი შესაძლებლობებიდან, ვინაიდან მოწმეთა გარკვეული ნაწილის მიმართ მოქმედებს საგამოძიებო ორგანოში სავალდებულო დაკითხვის წესი, რომელსაც დაცვის მხარე არ ესწრება. 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოწმეთა დაკითხვის წესი, მათ შორის, ითვალისწინებს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში შესაბამისი იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს, რაც ზრდის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოწმეზე უკანონო ზემოქმედების შესაძლებლობას.
15. ამის საპირისპიროდ, 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მხოლოდ მოწმის გამოკითხვის შესაძლებლობას, რაც ნებაყოფლობითი ხასიათისაა, საგამოძიებო ეტაპზე მოწმის დაკითხვა ხდება სასამართლო პროცესზე, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, რაც მოწმის უფლებების დაცვის მეტად ქმედით გარანტიას წარმოადგენს.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1235 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილი მოწმეების დაკითხვის განსხვავებული წესი დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
17. №1234 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გარკვეულ დანაშაულთა გამოძიებისას მოწმის დაკითხვა ხორციელდება 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, აღნიშნული წესი კი ბრალდების მხარეს აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში მტკიცებულების მოპოვების პროცესში და არღვევს ბრალდებული პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
18. მოსარჩელის არგუმენტაციით, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, ხოლო დაკითხვის ის წესი, რომელიც მოქმედებს 332-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული დანაშაულების გამოძიებისას, წარმოადგენს ინკვიზიციური პროცესის ნაწილს, რაც გულისხმობდა მოსამართლის მეტ ჩართულობას სამართალწარმოების პროცესში. მოქმედ სამართლებრივ რეალობაში, ინკვიზიციური სამართლის სისტემის შემადგენელი ნორმების მოქმედება იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევას. 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების თანახმად, მოწმეს ეკისრებოდა ვალდებულება გამოცხადებულიყო არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ საგამოძიებო ორგანოში პროკურორის/გამომძიებლის მოთხოვნით და მიეცა ჩვენება. ასეთ ვითარებაში, ბრალდების მხარეს გააჩნია შესაძლებლობა, გამოძიების ეტაპზე მოიპოვოს კონკრეტული მტკიცებულება - მოწმის ჩვენება. ამასთანავე, მოწმეს არ აქვს ვალდებულება ჩვენება მისცეს დაცვის მხარეს, ბრალდებული მთლიანად დამოკიდებულია მოწმის ნებელობაზე. შესაბამისად, დაცვის მხარე, მოწმეთა დაკითხვის მსგავსი წესის არარსებობის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას მოიპოვოს სისხლის სამართლის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წონადი მტკიცებულება, მოწმის ჩვენება.
19. მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ სისხლის სამართლის ინკვიზიციურ პროცესში, საგამოძიებო ორგანოების ზემოაღნიშნული პრივილიგირებული მდგომარეობის დამაბალანსებელი გარკვეულწილად მოსამართლე იყო, რომელსაც ჰქონდა ვალდებულება, ხელი შეეწყო მხარისათვის მტკიცებულებათა გამოთხოვაში, თუკი მას უძნელდებოდა მტკიცებულებათა აღმოჩენა და წარდგენა. ამასთან, ის ახორციელებდა სასამართლო კონტროლს გამომძიებლისა და პროკურორის იმ საპროცესო მოქმედებაზე, რომელიც დაკავშირებული იყო მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან. მოქმედი საპროცესო მოდელის პირობებში, მოსამართლეს მსგავსი შესაძლებლობა აღარ გააჩნია. ამავდროულად, საგამოძიებო ორგანოებში მოწმის დაკითხვის წესთან მიმართებით კონტროლის შესაძლებლობებს მოკლებულია დაცვის მხარეც. ამრიგად, ბრალდების მხარის პრივილიგირებული მდგომარეობის დაბალანსება ვერც მოსამართლის და ვერც დაცვის მხარის მიერ ვერ ხდება.
20. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლით გათვალისწინებული მოწმის დაკითხვის სავალდებულო წესი წარმოადგენს დაცვისა და ბრალდების მხარის შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ რეგულაციას. აღნიშნული ნორმა ბრალდების მხარეს აძლევს უფლებამოსილებას დაკითხოს მოწმე სავალდებულო წესით, ხოლო ამგვარ შესაძლებლობას არ ანიჭებს დაცვის მხარეს.
21. მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ მტკიცებულების მოპოვების მსგავსი წესი უარყოფითად აისახება მოპოვებული მტკიცებულების ხარისხზე, ვინაიდან შეიცავს მოწმეზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენის მომეტებულ რისკებს. მესამე ფაქტორი, რაც აღნიშნული ინტიტუტის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს საგამოძიებო ორგანოს პრივილეგირებული მდგომარეობის დამბალანსებელი, კონტროლის მექანიზმების არარსებობაა, იმ თვალსაზრისით, რომ სისხლის სამართლის პროცესის შეჯიბრებითი ხასიათიდან გამომდინარე, მოწმეზე არამართლზომიერი ზეგავლენის აღკვეთის ბერკეტები არ გააჩნია არც დაცვის მხარეს და არც მოსამართლეს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე გაუმართლებლად მიიჩნევს ინკვიზიციური მოდელის ფარგლებში არსებული მოწმის დაკითხვის წესის ინკორპორირებას შეჯიბრებით მოდელზე დაფუძნებულ სისხლის სამართლის პროცესში, რომელიც თვისობრივად განსხვავებულია ძველი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისაგან. ამრიგად, მოქმედ საპროცესო რეალობაში 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებით მოწმეთა დაკითხვის წესების არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებს.
23. მოსარჩელეები საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და შესაბამის საერთაშორისო რეკომენდაციებზე.
24. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მოსაზრებით, №1234 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ ნორმებს აქვს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასთან, რამდენადაც სადავო ნორმები იწვევს დიფერენცირებას არსებითად თანასწორ პირებს - ბრალდებულებს შორის, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ მართალია ყველა ბრალდებული, მოცემული სამართლებრივი ურთიერთობისათვის, წარმოადგენს თანასწორ სუბიექტს, თუმცა მხოლოდ ის ფაქტი, რომ მათ მიმართ ხორციელდება დიფერენცირებული მოპყრობა და ისინი შეიძლება მოექცნენ ორი სხვადასხვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედების ფარგლებში, არ მიუთითებს ნორმების არაკონსტიტუციურობაზე და აუცილებელია მათი შეფასება თანაზომიერების პრინციპის მიხედვით.
25. მოპასუხე მხარის განმარტებით, №1234 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. ამასთანავე, მკაფიოდ არ არის იდენტიფიცირებული სამართლიანი სასამართლოს რა კომპონენტების დარღვევაზე აპელირებს მოსარჩელე მხარე, რამდენადაც სხვადასხვა ბრალდებულზე განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის გავრცელება თავისთავად არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის დარღვევას.
26. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ №1235 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, რადგან მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო ნორმების სუბიექტს და ის არის ნორმის ჰიპოთეტური მსხვერპლი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლების დარღვევის უშუალო საფრთხე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. №1234 და №1235 კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა. აღნიშნული სადავო ნორმის თანახმად, „2016 წლის 20 თებერვლამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (გარდა 305-ე მუხლის მე-6 ნაწილისა) დადგენილი წესით“. მოსარჩელეები 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველ ნაწილს სადავოდ ხდიან იმდენად რამდენადაც მიიჩნევენ, რომ იგი წარმოადგენს მოწმის დაკითხვისათვის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსით დადგენილი წესის გამოყენების საფუძველს. ხოლო დღეს არსებულ სისტემაში, მოწმის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსით დადგენილი წესით დაკითხვა იწვევს დისკრიმინაციასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სადავო ნორმას არ აქვს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული შინაარსი. 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს 2016 წლის 20 თებერვლამდე გამოძიებისას დაკითხვის წესს და არ არეგულირებს ამ თარიღის შემდგომ განვითარებულ ურთიერთობებს. წარმოდგენილი არგუმენტაციის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის შემოტანის მომენტისათვის მოწმის 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაკითხვის საფუძველს. აღნიშნული წესი განსაზღვრულია არა 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, არამედ - ამავე მუხლის მე-4 ნაწილით.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა არ მიემართება ამ ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, №1234 და N1235 კონსტიტუციური სარჩელები სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში რომელიც შეეხება 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. №1234 და №1235 კონსტიტუციური სარჩელებით მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ პირის დაკითხვისას გამოიყენება 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მათ შორის, იმ საქმეზე, რომელზედაც სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო. კონსტიტუციურ სარჩელებში, ისევე როგორც ზეპირი მოსმენით ჩატარებულ განმწესრიგებელ სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაცია, იმასთან დაკავშირებით თუ რაში გამოიხატება დასახელებული ნორმიდან მომდინარე უფლების შეზღუდვა და რა განაპირობებს ამ ნორმის არაკონსტიტუციურობას. ზოგადად, წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის პრობლემურია მოწმის დაკითხვა 1998 წლის 20 თებერვლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და არა პირიქით. შესაბამისად, გაურკვეველია რატომ მიიჩნევს მოსარჩელე არაკონსტიტუციურად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1234 და №1235 კონსტიტუციური სარჩელები სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. №1234 კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა გამხდარი 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის სიტყვების: „მოწმეებს, დაზარალებულებს ... გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ... ადგილას“, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის, 305-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: „დაკითხვამდე გამომძიებელმა … უნდა ... გააფრთხილოს, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე უნდა გააფრთხილოს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ... სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ ...“, 306-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის: „დაიკითხოს“ და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის: „დაკითხვა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
8. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული მუხლები მიუთითებს მოწმის ვალდებულებაზე, გამოცხადდეს გამომძიებელთან და პროკურორთან და მისცეს ჩვენება, რაც სათანადო დაცვითი მექანიზმების არარსებობის გამო ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს.
9. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებულ სადავო ნორმებს არ აქვს ის შინაარსი, რომელზედაც უთითებს მოსარჩელე. ზემოაღნიშნული სადავო ნორმები განსაზღვრავს არა მოწმის მოსარჩელის მიერ მითითებულ ვალდებულებებს, არამედ მის დაკითხვასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურულ საკითხებს.
10. 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლი ადგენს მოწმის დაკითხვის ადგილს, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს გამომძიებლის უფლებას მოითხოვოს დაკითხვის დროს მოწმის მიერ გამოყენებული დოკუმენტები ან სხვა ჩანაწერები. 305-ე მუხლის მე-3 ნაწილი შეეხება გამომძიებლის ვალდებულებას მოწმის დაკითხვამდე განახორციელოს გარკვეული ქმედებები - დაადგინოს მოწმის ვინაობა, მიაწოდოს მას გარკვეული ინფორმაცია და ა.შ. ამავე კოდექსის 306-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს არასრულწლოვანი პირის, ხოლო 307-ე მუხლის პირველი ნაწილი კი - ყრუ-მუნჯის მოწმედ დაკითხვის თავისებურებებს. N1234 კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი სასარჩელო არგუმენტაცია მიმართულია მოწმის გამომძიებელთან/პროკურორთან სავალდებულოდ დაკითხვის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რატომ განსაზღვრავს ხსენებული ნორმები მოწმის გამომძიებელთან, პროკურორთან გამოცხადების და ჩვენების მიცემის ვალდებულებას, ან/და სხვა რა გარემოებების გამო მიიჩნევს იგი არაკონსტიტუციურად ზემოაღნიშნული სადავო ნორმებით განსაზღვრულ მოწმის დაკითხვის პროცედურებს.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1234 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის სიტყვების: „მოწმეებს, დაზარალებულებს ... გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ... ადგილას“, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის, 305-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: „დაკითხვამდე გამომძიებელმა … უნდა ... გააფრთხილოს, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე უნდა გააფრთხილოს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ... სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ...“, 306-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის: „დაიკითხოს“ და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის: „დაკითხვა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1234 და №1235 კონსტიტუციური სარჩელები, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1234 და №1235 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) №1234 კონსტიტუციური სარჩელი: 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით. 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, ... გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს“ და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების და მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს პროკურორის ან გამომძიებლის მიერ გამოძახებული მოწმისათვის გამოუცხადებლობის გამო ფულადი სახდელის დაკისრების შესაძლებლობას და 309-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
ბ) №1235 კონსტიტუციური სარჩელი: 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1234 და №1235 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) №1234 კონსტიტუციური სარჩელი: 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით. 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 294-ე მუხლის სიტყვების: „მოწმეებს, დაზარალებულებს ... გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების ... ადგილას“, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის, 305-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: „დაკითხვამდე გამომძიებელმა … უნდა ... გააფრთხილოს, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის ამ საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე უნდა გააფრთხილოს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ... სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.“, 306-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის: „დაიკითხოს“ და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის: „დაკითხვა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით.
ბ) №1234 კონსტიტუციური სარჩელი: 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი