საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/5/600 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 4 დეკემბერი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 134-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“ , 134-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“, 143-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვების „საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და“ და 167-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №600) მიმართა საქართველოს მოქალაქე კახა კუკავამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 17 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 4 დეკემბერს.
2. №600 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 134-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გასაჩივრებული სიტყვებით დადგენილია მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პირებს. პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“. მე-2 პუნქტი კი ადგენს მოთხოვნებს თვითმმართველი ქალაქის/თემის მერად/გამგებლად არჩევის მსურველ სუბიექტთათვის, კერძოდ, ასეთად შეიძლება აირჩეს „საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 143-ე მუხლი განსაზღვრავს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის წესს, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილია ის ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია, რაც თან უნდა ერთვოდეს პარტიულ სიას. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს, რომ სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე. რაც შეეხება ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველ პუნქტს, ის განსაზღვრავს, რომ „მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში , სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, მე-2 პუნქტის თანახმად კი „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.“
5. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ რეგისტრირებული იყო ქ. თბილისის მერობის კანდიდატად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. მისი აზრით, არჩევნების შეჯამებამდე არსებობდა საშიშროება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მისთვის საარჩევნო რეგისტრაცია გაეუქმებინა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ბოლო ორი წლის მანძილზე რამდენჯერმე გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და გარკვეული პერიოდით იმყოფებოდა სხვადასხვა ქვეყნებში.
6. მოსარჩელის განცხადებით, სახელმწიფოს არა აქვს უფლება, დააწესოს ბინადრობის ცენზი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, ვინაიდან ასეთ ცენზს საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. მოსარჩელე ამ მოსაზრებას ამყარებს ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის №25 ზოგადი კომენტარის მე-15 პარაგრაფით, რომლის თანახმადაც, პირები, რომლებიც სხვაგვარად აკმაყოფილებენ პასიური საარჩევნო უფლებისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, არ უნდა იყვნენ გამოთიშული საარჩევნო პროცესიდან მხოლოდ იმის გამო, რომ არ აკმაყოფილებენ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებულ დისკრიმინაციულ მოთხოვნას.
7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებში მოცემული ტერმინი „მუდმივი ცხოვრება“ ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნას, რის საილუსტრაციოდაც მას მოჰყავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ორი გადაწყვეტილება, სადაც, მოსარჩელის ზრით, მოცემულია ამ ტერმინის ურთიერთწინააღმდეგობრივი განმარტებები. კერძოდ, ერთ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებას, როდესაც სასამართლომ განმარტა საქართველოს სარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლი და აღნიშნა, რომ საარჩევნო სპეციფიკის გათვალისწინებით, საარჩევნო მიზნებისთვის, საქართველოში მუდმივად ცხოვრება გულისხმობს იმას, რომ მერობის/გამგებლობის კანდიდატი არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში ფიზიკურად უნდა იმყოფებოდეს საქართველოში, უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს ქვეყნის ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობაში. ამავდროულად, საქართველოს მოქალაქე აკმამედ იმამკულიევის საქმეზე 2014 წლის 10 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა რამდენიმე დღით ან თუნდაც გარკვეული ვადით საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა სასწავლებლად, დასასვენებლად, მივლინებით, სამკურნალოდ ან სხვა ობიექტური მიზნით, არ ნიშნავს, რომ პირი მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში. მეტიც, სასამართლოს მიაჩნია, რომ მუდმივად ცხოვრება არ გულისხმობს პირის უწყვეტად, 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყოფნას“.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმებით არ ხდება განსხვავება საზღვარგარეთ დროებით მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც მიზნად ისახავენ სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლას. მოსარჩელის მითითებით, პირველი კატეგორიის პირები საზღვარგარეთ შესაძლოა იმყოფებოდნენ ობიექტური გრემოებებიდან გამომდინარე, მაგალითად, სასწავლებლად და არ წყვეტდნენ კავშირს საქართველოსთან, მაშინ, როდესაც შრომითი მიგრანტები თუ საზღვარგარეთ მცხოვრები სხვა პირები ხშირად მოიპოვებენ სხვა ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვას და ამით შორდებიან ქართულ საზოგადოებაში არსებულ რეალობას. მოსარჩელე გაუმართლებლად მიიჩნევს დასახელებულ პირთა მიმართ ერთი და იგივე შეზღუდვის დაწესებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს სადავო ნორმათა დისკრიმინაციულ ხასიათზე და გამოყოფს იმ პირთა ჯგუფებს, რომელთა მიმართაც მათი მოქმედება აწესებს დიფერენცირებულ მოპყრობას. კერძოდ, ერთი მხრივ, პირთა ჯგუფი, რომელსაც განსაზღვრული დროის განმავლობაში, არ უცხოვრია საქართველოში, ხოლო მეორე მხრივ - პირები, რომლებიც არჩევნების დანიშვნამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ნორმები განსხვავებულ მოპყრობას აწესებენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებს გააჩნიათ ლეგიტიმური საჯარო მიზანი, თუმცა შერჩეული მექანიზმი უვარგისია და არ გამოდგება დასახული მიზნის მისაღწევად. ამასთან, მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არ კრძალავს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ერთი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლისათვის სხვა ამგვარ ერთეულში მერობის/გამგებლობის კანდიდატად ყოფნას.
10. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ექცევა პირის უფლება, არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისი ხმების მიღების შემთხვევაში, დაიკავოს შესაბამისი არჩევითი თანამდებობა, თუმცა იქვე განმარტავს, რომ გამარჯვების ეტაპამდე მისაღწევად, პირს ესაჭიროება კენჭისყრაში მონაწილეობა, სადავო ნორმებით კი იზღუდება მისი პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციის საშუალება, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან.
11. მოსარჩელის მითითებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იყოს ადგილობრივ ხელისუფლებაზე მოქალაქეთა რეალური წვდომა, ასევე მერისა თუ სხვა არჩევითი თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, კანონმდებელს ეკისრება ვალდებულება, დააწესოს განსაკუთრებული გარანტიები პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 2 წლიანი ცენზის დაწესება აშკარად არაგონივრულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
12. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
13. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 2014 წლის 15 ივნისს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან შესაძლოა მოიხსნას სწორედ სადავო ნორმებზე დაყრდნობით და არ არსებობს მისი კონსტიტუციური უფლებების შელახვის შემთხვევაში მათი აღდგენის სამართლებრივი მექანიზმი. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება არ გამოიწვევს მესამე პირთა უფლებების შელახვას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ის მოთხოვნები, რაც წაეყენება კონსტიტუციურ სარჩელს მის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური სარჩელი, რომლის არსებითად განსახილველად მიღების საკითხიც განიხილება, შემოწმდეს სწორედ აღნიშნული მოთხოვნების მიხედვით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის განჩინება №1/1/564 საქმეზე „შპს „მაგთიკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის საფუძვლიანობას. ანალოგიური მოთხოვნა მეორდება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში და გულისხმობს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს არა ფორმალური ხასიათის, არამედ საგნობრივი და მიანიშნებდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა იმ მოთხოვნებზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულება. უპირველეს ყოვლისა, “სარჩელში მოყვანილი ... მტკიცებულებები უნდა შეეხებოდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნორმას (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება N2/3/412, II-8). ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა მიანიშნებდეს სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებაზე კონსტიტუციის შესაბამის ნორმებთან” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინება N1/7/561, 568, II-3).
4. მოსარჩელე სადავოდ მიიჩნევს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 134-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგი სიტყვების „და საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“, 143-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვების „საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და“ და 167-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
5. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 134-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გასაჩივრებული სიტყვებით დადგენილია მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პირებს. პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“. მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის/თემის მერად/გამგებლად არჩევის მსურველ სუბიექტთათვის მოთხოვნებს, კერძოდ, ასეთად შეიძლება აირჩეს „საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 143-ე მუხლი განსაზღვრავს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის წესს, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილია ის ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია, რაც თან უნდა ერთვოდეს პარტიულ სიას. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს, რომ სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე. რაც შეეხება ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველ პუნქტს, ის განსაზღვრავს, რომ „მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში“.
6. განსახილველ შემთხვევაში, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებანი და არგუმენტაცია შეეხება გასაჩივრებული ნორმებით გათვალისწინებული მხოლოდ იმ პირობის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას, რომელიც ადგენს საკრებულოს წევრობის, ასევე მერად/გამგებლად არჩევის მსურველ კანდიდატთათვის არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოში 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ვალდებულებას. იმავდროულად, მოსარჩელე არ მიუთითებს არც ერთ მტკიცებულებაზე, გარემოებაზე, რომელიც დაასაბუთებდა, თუ რაში გამოიხატება სადავო ნორმებით დადგენილი კანდიდატთათვის საქართველოში სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების მოთხოვნის არაკონსტიტუციურობა. მოსარჩელეს ასევე არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი სადავო ნორმატიული აქტის 167-ე მუხლის პირველ პუნქტში დადგენილი საარჩევნო ცენზების საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის თაობაზე. მაშასადამე, კონსტიტუციური სარჩელიდან ცხადად იკვეთება, რომ მოსარჩელისთვის პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ არჩევნების დანიშვნამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრების ვალდებულების დამდგენი დებულებები.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №600 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 134-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში“, 143-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვების „5 წლის,“, ამავე კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში“ და 167-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებული რეგულაციები იწვევს საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დიფერენცირებას.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად აუცილებელია, რომ სადავო ნორმა იწვევდეს დიფერენცირებულ მოპყრობას, კერძოდ, ადგენდეს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანაბარ მოპყრობას ან პირიქით.
10. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმების საფუძველზე ხდება საკრებულოს წევრობის, ასევე მერობის/გამგებლობის მსურველ კანდიდატთათვის იმ მოთხოვნების განსაზღვრა, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია შესაბამის არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისთვის. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმებით, არსებითად თანასწორი პირებისთვის - პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის მსურველთათვის, ყველა მათგანისათვის თანაბრად ხდება კონკრეტული პირობის დაკმაყოფილების მოთხოვნის წაყენება. კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილ კრიტერიუმთა დაკმაყოფილება ევალება ყველა იმ პირს, რომელსაც მოსარჩელის მსგავსად, აქვს სურვილი, არჩეულ იქნეს საკრებულოს წევრად, მერად ან გამგებლად. არ ხდება მათგან კონკრეტული კატეგორიის პირებისათვის განსხვავებული და დიფერენცირებული მოთხოვნების ჩამოყალიბება. ნიშანდობლივია, რომ სარჩელშიც არ არის მოყვანილი არც ერთი არგუმენტი თუ გარემოება, რომელიც გამოკვეთდა სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებულ მოპყრობას არსებითად თანასწორი პირების მიმართ. ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმებით, პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციის მსურველი ნებისმიერი სუბიექტისათვის დადგენილია თანაბარი მოთხოვნები.
11. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს სადავო ნორმების ბუნდოვანებაზე და განმარტავს, რომ შესაძლებელია მათი სხვადასხვა ინტერპრეტაციით წაკითხვა, რაც, მოსარჩელის აზრით, თავისთავად იწვევს გაურკვევლობას, თუ რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოეთხოვება კონკრეტულ სუბიექტს იმისთვის, რომ მან მოახდინოს საკუთარი პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაცია. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისაგან დამოუკიდებლად, სადავო ნორმებს გააჩნიათ თუ არა განჭვრეტადობის პრობლემა, რომელიც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს თითოეული უფლების დაცვის თვალსაზრისით, ნებისმიერი ინტერპრეტაციით ნორმის წაკითხვისას, ამ ნორმით დადგენილი მოთხოვნები თანაბარია ნორმის ყოველი ადრესატისათვის და შესაბამისი მოთხოვნები ვრცელდება არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყოველ სუბიექტზე. ამ კონტექსტში თითოეულ სუბიექტს კანონმდებლობით თანაბარი ტვირთი აქვს დაკისრებული, რაც გამორიცხავს მათ მიმართ დიფერენცირებულ მიდგომას. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართების დასანახად აუცილებელია, რომ სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია იწვევდეს დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორი პირების მიმართ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია ნეიტრალური შინაარსისაა და ის არ ადგენს არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებულ კრიტერიუმებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №600 მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
13. №600 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
14. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.
15. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ–ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. სასამართლოს განმარტებით, ეს არის „... საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მორიგი თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე არის რამდენიმე წელი. ამ პერიოდამდე სადავო ნორმებს ობიექტურად არ შეუძლია რაიმე შედეგის, მათ შორის, ნეგატიურის გამოწვევა, რადგან არ არსებობს მათი (ნორმების) გამოყენების საჭიროება. იმავდროულად, მორიგ არჩევნებამდე, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ვადების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საქმეზე, რაც უზრუნველყოფს უფლების სავარაუდო დარღვევის თავიდან აცილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმათა შეჩერების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის 1-3 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №600 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე - კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებასაქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 134-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და საქართველოში მუდმივად უცხოვრია ... მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია ... მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“, 143-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვების „საქართველოში ... მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და“ და ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №600 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე - კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებასაქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 134-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და საქართველოში მუდმივად უცხოვრია ... მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია ... მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“; 143-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვების „საქართველოში ... მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და“ და ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით;
3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №600 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე - კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 134-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში,“; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში,“; 143-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვების „5 წლის,“ და ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი