საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 600 |
ავტორ(ებ)ი | კახა კუკავა |
თარიღი | 16 ივნისი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
აღნიშნულ საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენს კახა კუკავა. ეს უკანასკნელი არის ცესკოს მიერ რეგისტრირებული ქ. თბილისის მერობის კანდიდატი (http://www.cesko.ge/ge/mediisatvis-4-ge/pres-relizebi-13-ge/saarchevno-subieqtebis-mier-merobis-gamgeblobis-majoritarobis-kandidatebis-da-partiuli-siebis-wardgenis-vada-amoiwura.page). კახა კუკავამ ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა ქვეყნებში(პასპორტების ასლები თან ერთვის აღნიშნულ სარჩელს). არსებობს იმის საშიშროება, რომ არჩევნების შედეგების შეჯამებამდე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმოს კახა კუკავას მისი სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტის გამო. ვინაიდან სადავო ნორმებმა მომავალში შესაძლოა უშუალოდ შელახოს კახა კუკავას, როგორც ქ. თბილისის მერობის კანდიდატის უფლებები, კახა კუკავა უფლებამოსილია იდავოს ნორმის კონსტიტუციურობაზე .
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საარჩევნო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები უკრძალავენ პირს პასიური საარჩევნო უფლების რეალიზებას, საკრებულოს წევრად, თვითმმართველი ქალაქის/თემის მერად/გამგებლად არჩევას, თუკი კანდიდატი ბოლო 2 წელს მაინც არ ცხოვრობდა საქართველოში. სახელმწიფოს არა აქვს უფლება, დააწესოს ბინადრობის ცენზი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, ვინაიდან ასეთ ცენზს საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის #25 ზოგადი კომენტარის მე-15 პარაგრაფის თანახმად, პირები, რომლებიც სხვაგვარად აკმაყოფილებენ პასიური საარჩევნო უფლებისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, არ უნდა იყვნენ გამოთიშული საარჩევნო პროცესიდან მხოლოდ იმის გამო, რომ არ აკმაყოფილებენ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებულ დისკრიმინაციულ მოთხოვნას. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბინადრობის ცენზი კონსტიტუციურია, ნებისმიერი ასეთი რეგულაცია შესაბამისობაში უნდა მოდიოდის განჭვრეტადობის მოთხოვნებთან. სადავო ნორმა თავისი არისით ბუნდოვანია, არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს, რაც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ნორმის ბუნდოვანება გამოიხატება იმაში, რომ სადავო ნორმა არ განმარტავს იმას, თუ რა იგულისხმება ,,მუდმივ ცხოვრებაში." ეს ცნება სასამართლოს მიერ სხვადასხვა განმარტების საგანი გახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს (მოსამართლე ხატია არდაზიშვილი) 2014 წლის 25 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში ირაკლი ოქრუაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ საქმეზე განაცხადა: ,,სასამართლო თვლის, რომ საარჩევნო სპეციფიკიდან გამომდინარე, საარჩევნო მიზნებისათვის, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 167-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრებასთან დაკავშირებით, გულისხმობს იმას, რომ მერობის/გამგებლობის კანდიდატი არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო ორი წლის განმავლობაში ფიზიკურად უნდა იმყოფებოდეს საქართველოში, უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს ქვეყნის ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში." (იხილეთ დანართი: ,,გადაწყვეტილების მე-8 გვარდი). ეს განმარტება ეხება პირს, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოში (ანუ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა სხვა ქვეყანაში) და იმავდროულად ვრცელდება მოქალაქეზე, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა საქართველოში, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოში სწავლის, საქმიანი ვიზიტის თუ სხვა მიზეზის გამო, სხვა ქვეყანაში ჰქონდა დროებითი ბინადრობის ნებართვა. 2 წლიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოში ფიზიკურად შესაძლოა არ იმყოფებოდეს სტუდენტი, რომელიც სხვა ქვეყანაში გადის მაგისტრატურის პროგრამას. საზღვარგარეთ ცხოვრების ხანგრძლივობის მიუხედავად ასეთი სტუდენტი, უმეტეს შემთხვევაში, მიზნად ისახავს საქართველოში დაბრუნებას და მიღებული ცოდნის სამშობლოში რეალიზებას. საქართველოში დაბრუნება ხშირად ასეთ საგანმანათლებლო პროგრამებში სტუდენტის მონაწილეობის სავალდებულო პირობასაც კი წარმოადგენს. ამ კატეგორიის პირების აშკარა განზრახვაა განსაზღვრული პერიოდის გასვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნება და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობა. სხვა ქვეყანაში დროებით ყოფნის გამო სტუდენტები ინარჩუნებენ მყარ კავშირს საქართველოსთან და არავითარი დასაბუთება არ არსებობს სხვა ქვეყანაში დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის პასიური საარჩევნო უფლების რეალიზებისათვის ბინადრობის ცენზის დასაწესებლად. საზღვარგარეთ დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქე უნდა განვასხვავოთ საქართველოს იმ მოქალაქისაგან, რომელიც მიზნად ისახავს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დაფუძნებას სხვა ქვეყანაში. შრომითი მიგრანტები თუ საზღვრაგარეთ მყოფი სხვა პირები ხშირად მოიპოვებენ სხვა ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვას. ამით ისინი მკაფიოდ გამოხატავენ სხვა ქვეყანაში მუდმივად დაფუძნების ნებას. ამ კატეგორიის მოქალაქეები მტკიცედ ინტეგრირდებიან სხვა ქვეყნის საზოგადოებაში და ამით შორდებიან ქართულ საზოგადოებაში არსებულ რეალობას. სხვა ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღება და იმავე ქვეყანაში ფაქტობრივი უწყვეტი ცხოვრება უკვე წარმოადგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს. ამ კატეგორიის მოქალაქეებს შესაძლოა უფრო სუსტი კავშირი ჰქონდეთ საქართველოსთან, ვიდრე საზღვარგარეთ სასწავლებლად ან ბიზნეს ვიზიტით, ტურისტული მიზნებისათვის წასულ პირს. ნორმის ბუნდოვანების პრობლემა იმაშია, რომ სასამართლოს მიერ ბუნდოვანი ნორმის ინტერპრეტაციის გამო, როგორც სტუდენტი ისევე სხვა ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის მქონე პირი პრაქტიკულად ერთ სამართლებრივ მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს კი ნორმის სხვადასხვაგვარი წაკითხვის გამო მოხდა. 2014 წლის 25 აპრილს მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისაგან განსხვავებით, სადაც ორი წლის განმავლობაში საქართველოში ფიზიკურად არყოფნის გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირი ქვეყანაში მუდმივად არ ცხოვრობდა, სხვაგვარ დასკვნამდე მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლო (მოსამართლე ნათია ჯორბენაძე) 2014 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებაში. ეს საქმე ეხებოდა მარნეულის გამგებლობის კანდიდატს აკმამედი იმამკულიევს, რომელსაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ. ეს განკარგულება ძალაში დატოვა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ცესკოს განკარგულება შემდეგი გარემოების გათვალისწინებით: ,,შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით დასტურდება რომ აკმამედი იმამკულიევი 2012 წლის 14 აპრილიდან 2014 წლის 14 აპრილამდე საქართველოს საზღვრებს გარეთ გავიდა ექვსჯერ და ყოველი გასვლის შემდეგ ბრუნდებოდა საქართველოში." ამასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ განაცხადა: ,,სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა რამდენიმე დღით ან თუნდაც გარკვეული ვადით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა სასწავლებლად, დასასვენებლად, მივლინებით, სამკურნალოდ და სხვა ობიექტური მიზნით, არ ნიშნავს იმას, რომ პირი მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში. მეტიც, სასამართლოს მიაჩნია, რომ მუდმივად ცხოვრება არ გულისხმობს პირის უწყვეტად 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყოფნას (იხილეთ დანართი მე-6 გვერდი)." ამგვარად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 25 აპრილის და ამავე წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებებით სრულიად საწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი მნიშვნელობით წაიკითხა სადავო ნორმები. 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებაში სასამართლომ თქვა ის, რომ კანდიდატი არჩევნების დანიშვნის დღემდე 2 წლის განმავლობაში ფიზიკურად უნდა იმყოფებოდეს საქართველოში, ხოლო 2014 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებაში ნათქვამია სრულიად საპირისპირო, კერძოდ ის, რომ მუდმივად ცხოვრება არ გულისხმობს პირის უწყვეტად 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყოფნას. აღნიშნული მტკიცებულებები მიუთითებს სადავო ნორმის ბუნდოვანებაზე, მისი სხვადასხვაგვარი შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობაზე, რომელთაგან ერთი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 28 და 29-ე მუხლებთან. #3/2/574 საოქმო ჩანაწერის მეორე თავის მე-7 პარაგრაფში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 28–ე მუხლის პირველ პუნქტს, ის იცავს რა საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლებას, ბოჭავს სახელმწიფოს ვალდებულებით, შექმნას შესაბამისი და საკმარისი გარანტიები, რომ ამომრჩეველთა ნებამ ადეკვატური ასახვა პოვოს არჩევნების შედეგებში და პირმა, რომელიც თავისუფალი, საყოველთაო და თანასწორი არჩევნების საფუძველზე რეალურად მიიღებს არჩევნებში გამარჯვებისათვის ხმების საკმარის რაოდენობას, დაიკავოს ეს თანამდებობა." ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ 28-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვის ქვეშ მოაქცია არჩევნებში გამარჯვებისათვის ხმების საკმარისი რაოდენობის მქონე პირის უფლება დაიკავოს არჩევითი თანამდებობა. იმისათვის, რომ პირმა გამარჯვების ეტაპამდე მიაღწიოს, მას სჭირდება კენჭისყრაში მონაწილეობა. სადავო ნორმები კი იმ პირის არჩევნებში მონაწილეობას კრძალავენ, რომელიც არჩევნებამდე 2 წლით ადრე იმყოფებოდა საზღვრაგარეთ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების მე-10 პარაგრაფში განაცხადა: ,,მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში, წარმოადგენს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპს. ამიტომ სახალხო სუვერენიტეტის იდეა ემსახურება რა ხალხის ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობის უზრუნველყოფას და, შედეგად, პირდაპირი, უშუალო დემოკრატიის რეალიზაციას, ის ყველა დონეზე უნდა განხორციელდეს. ბუნებრივია, ეს გულისხმობს მოქალაქეთა ადგილობრივ ხელისუფლებაზე ამ გზით ხელმისაწვდომობასაც. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გარანტირებული შესაძლებლობა, უშუალოდ ან მათი წარმომადგენლების მეშვეობით გადაწყვიტონ საკუთარი პრობლემები, დაიცვან საკუთარი ინტერესები, უზრუნველყონ უფლებების რეალიზაცია. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების განხორციელებაში პირდაპირი, უშუალო მონაწილეობა, მათ შორის, ადგილობრივ დონეზეა ეფექტური. ამიტომ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები და მათზე მოქალაქეთა რეალური წვდომა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია." იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ადგილობრივ ხელისუფლებაზე მოქალაქეთა რეალური წვდომა, კანონმდებელი ვალდებულია, დააწესოს განსაკუთრებული გარანტიები პასიური საარჩევნო უფლების უზრუნველსაყოფად და იმისათვის, რომ მოქალაქეს ჰქონდეს კონსტიტუციის 29-ე მუხლის შესაბამისად, მერის ან სხვა არჩევითი თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა. გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მე-18 პარაგრაფში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: კონსტიტუციის პირველი და მეორე პუნქტები განამტკიცებს ადამიანის უფლებას, დაიკავოს არჩევითი თანამდებობა. ,,კონსტიტუციის 29-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია. სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით, საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის ... უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად." საზღვარგარეთ მყოფ პირებზე 2 წლიანი ცენზის დაწესება აშკარად არაგონივრული პირობაა საქართველოს მოქალაქისათვის არჩევით თანამდებობაზე წვდომის შეზღუდვისათვის, ამიტომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტს. სადავო ნორმა ახდენს დიფერენცირებას პირთა ორ კატეგორიას შორის. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება პირთა ჯგუფი, რომელსაც განსაზღვრული დროის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და მეორე ჯგუფს - პირი რომელსაც საქართველოში უცხოვრია. დიფერენციაცია ხდება კლასიკური ნიშნით - საცხოვრებელი ადგილით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. გარდა ამისა, დიფერენციაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი, პირველი ჯგუფი სრულად არის გამორიცხული საკრებულოსა და მერის/გამგებლის არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, მაშინ როდესაც მეორე ჯგუფს ამის უფლება გააჩნია. აღნიშნული დიფერენციაციის შეფასება უნდა მოხდეს ,,მკაცრი ტესტით." რა შეიძლება წარმოადგენდეს დიფერენციაციის ლეგიტიმურ მიზანს და რამდენად მიღწევადია ეს უკანასკნელი? მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს ის, რომ უცხოეთში ხანგრძლივად მცხოვრები პირი გაუცხოებულია საქართველოს თემების/თვითმმართველი ქალაქების რეალობისაგან. შესაბამისად, კანონმდებელი სავარაუდოდ მიზნად ისახავს საარჩევნო უფლება მიანიჭოს მოქალაქეს რომელიც უფრო ახლოს დგას სათემო პრობლემებთან და პასიურ საარჩევნო უფლებაზე უარი უთხრას პირს, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს ამომრჩეველთა კომუნალურ საჭიროებებზე. აღსანიშნავია, ის გარემოება რომ კანონმდებლობა არ უკრძალავს საქართველოს ერთ თემში/თვითმმართველ ქალაქში მცხოვრებ პირს საქართველოს სხვა თემში/თვითმმართველ ქალაქში საკრებულოს წევრობის ან მერობის/გამგებლობის კანდიდატად რეგისტრაციას. ამ დროსაც სრულიად შესაძლებელია კანდიდატს წარმოდგენა არ ჰქონდეს თემის/თვითმმართველი ქალაქის სპეციფიკაზე და იქ მაცხოვრებელი ამომრჩევლების გამოწვევაზე. ამის გამო სხვა თვითმმართველ ქალაქში/თემში მაცხოვრებელ მოქალაქეს არ ეზღუდება პასიური საარჩევნო უფლება, ეს მაშინ როცა საზღვარგარეთ მაცხოვებელი პირი გამორიცხულია. ამიტომ ამგვარი დიფერენციაციით ლეგიტიმური მიზანი - კანდიდატი იცნობდეს თვითმმართველი ქალაქის/თემის სპეციფიკას - ვერ მიიღწევა. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა