საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1-3/1/600 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 10 ნოემბერი 2016 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 134-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და საქართველოში მუდმივად უცხოვრია ... მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები „რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია ... მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“, 143-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვები „საქართველოში ... მათ შორის, ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და“ და ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №600) მიმართა საქართველოს მოქალაქე კახა კუკავამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 17 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 4 დეკემბერს.
2. 2014 წლის 4 დეკემბრის №1/5/600 საოქმო ჩანაწერით №600 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 134-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და საქართველოში მუდმივად უცხოვრია ... მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია ... მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“, 143-ე მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვების „საქართველოში ... მათ შორის, ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და“ და ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. №600 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 134-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გასაჩივრებული სიტყვებით დადგენილია მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პირებს. პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“. მე-2 პუნქტი კი ადგენს მოთხოვნებს თვითმმართველი ქალაქის/თემის მერად/გამგებლად არჩევის მსურველ სუბიექტთათვის, კერძოდ, ასეთად შეიძლება აირჩეს „საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც“. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 143-ე მუხლი განსაზღვრავს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის წესს, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილია ის ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია, რაც თან უნდა ერთვოდეს პარტიულ სიას. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს, რომ სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე. რაც შეეხება ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველ პუნქტს, ის განსაზღვრავს, რომ „მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, მე-2 პუნქტის თანახმად კი, „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.
6. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ რეგისტრირებული იყო ქ. თბილისის მერობის კანდიდატად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. მისი აზრით, არჩევნების შეჯამებამდე არსებობდა საშიშროება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მისთვის საარჩევნო რეგისტრაცია გაეუქმებინა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ბოლო ორი წლის მანძილზე რამდენჯერმე გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და გარკვეული პერიოდით იმყოფებოდა სხვადასხვა ქვეყანაში.
7. მოსარჩელის განცხადებით, სახელმწიფოს არ აქვს უფლება, დააწესოს ბინადრობის ცენზი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, ვინაიდან ასეთ ცენზს საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. მოსარჩელე ამ მოსაზრებას ამყარებს ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის №25 ზოგადი კომენტარის მე-15 პარაგრაფით, რომლის თანახმადაც, პირები, რომლებიც სხვაგვარად აკმაყოფილებენ პასიური საარჩევნო უფლებისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, არ უნდა იყვნენ გამოთიშული საარჩევნო პროცესიდან მხოლოდ იმის გამო, რომ არ აკმაყოფილებენ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებულ დისკრიმინაციულ მოთხოვნას.
8. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებში მოცემული ტერმინი-მუდმივი ცხოვრება ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნას, რის საილუსტრაციოდაც მას მოჰყავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ორი გადაწყვეტილება, რომელშიც, მოსარჩელის აზრით, მოცემულია ამ ტერმინის ურთიერთწინააღმდეგობრივი განმარტებები. კერძოდ, ერთ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებას, როდესაც სასამართლომ განმარტა საქართველოს სარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლი და აღნიშნა, რომ საარჩევნო სპეციფიკის გათვალისწინებით, საარჩევნო მიზნებისთვის საქართველოში მუდმივად ცხოვრება გულისხმობს იმას, რომ მერობის/გამგებლობის კანდიდატი არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში ფიზიკურად უნდა იმყოფებოდეს საქართველოში, უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს ქვეყნის ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობაში. ამავდროულად, საქართველოს მოქალაქე აკმამედ იმამკულიევის საქმეზე 2014 წლის 10 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა რამდენიმე დღით ან თუნდაც გარკვეული ვადით საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა სასწავლებლად, დასასვენებლად, მივლინებით, სამკურნალოდ ან სხვა ობიექტური მიზნით, არ ნიშნავს, რომ პირი მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში. მეტიც, სასამართლოს მიაჩნია, რომ მუდმივად ცხოვრება არ გულისხმობს პირის უწყვეტად, 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყოფნას“.
9. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმებით არ ხდება განსხვავება საზღვარგარეთ დროებით მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც მიზნად ისახავენ სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლას. მოსარჩელის მითითებით, პირველი კატეგორიის პირები საზღვარგარეთ შესაძლოა იმყოფებოდნენ ობიექტური გრემოებებიდან გამომდინარე, მაგალითად, სასწავლებლად და არ წყვეტდნენ კავშირს საქართველოსთან, მაშინ, როდესაც შრომითი მიგრანტები თუ საზღვარგარეთ მცხოვრები სხვა პირები ხშირად მოიპოვებენ სხვა ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვას და ამით შორდებიან ქართულ საზოგადოებაში არსებულ რეალობას. მოსარჩელე გაუმართლებლად მიიჩნევს დასახელებულ პირთა მიმართ ერთი და იგივე შეზღუდვის დაწესებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
10. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ექცევა პირის უფლება, არჩევნებში გამარჯვებისთვის საკმარისი ხმების მიღების შემთხვევაში, დაიკავოს შესაბამისი არჩევითი თანამდებობა, თუმცა იქვე განმარტავს, რომ გამარჯვების ეტაპამდე მისაღწევად პირს ესაჭიროება კენჭისყრაში მონაწილეობა, სადავო ნორმებით კი იზღუდება მისი პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციის საშუალება, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან.
11. მოსარჩელის მითითებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადგილობრივ ხელისუფლებაზე მოქალაქეთა რეალური წვდომა, ასევე მერისა თუ სხვა არჩევითი თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, კანონმდებელს ეკისრება ვალდებულება, დააწესოს განსაკუთრებული გარანტიები პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ორწლიანი ცენზის დაწესება აშკარად არაგონივრულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
12. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ №600 კონსტიტუციური სარჩელის განაწილების დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ხსენებული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის კომპეტენციას. შესაბამისად, №600 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას ჰქონდა გადაცემული.
2. 2016 წლის 3 ივნისის „„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (№5161-რს; 03/06/2016, ვებგვერდი, 04/06,2016) საფუძველზე შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და აღნიშნული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ნორმების კონსტიტუციურობა, №600 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №600 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა