ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობა“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/607 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობა“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის და „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 17 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №607) მიმართა ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობამ“. №607 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 18 სექტემბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 25 ნოემბერს.
3. №607 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი.
4. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტს. სადავო ნორმით განსაზღვრულია პოლიციის უფლებამოსილება, პირის მიერ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, უზრუნველყოს აღნიშნული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №747 ბრძანებით კი განისაზღვრება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არავის არ აქვს უფლება, შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში, მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში გათვალისწინებულია საკუთრების ძირითად უფლებაში შესაძლო ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმები პოლიციას შესაძლებლობას აძლევს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, სახელმწიფო (საპოლიციო) იძულების წესით შეაწყვეტინოს უძრავი ნივთის მფლობელობა პირს, რომელსაც არ გააჩნია ამ ნივთის მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი დოკუმენტი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის განხორციელების ფორმა და მეთოდები გადამეტებულია და ლახავს ადამიანის უფლებებს, შესაბამისად, დადგენილი სახელმწიფო რეგულირება არაეფექტურია.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთზე მფლობელობის უფლება არ უკავშირდება ექსკლუზიურად წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებას. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, უძრავ ნივთზე მფლობელობის უფლების წარმომშობი არც ერთი გარიგების სავალდებულო წინა პირობა არ არის გარიგების წერილობითი ფორმით დადება. შესაბამისად, ზეპირი გარიგება სამართლებრივად ნამდვილია და იმავე იურიდიულ შედეგებს წარმოშობს, რასაც წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. ამ პირობებში შესაძლებელია საპოლიციო გამოსახლების ინსიტუტი შეეხოს იმ პირებს, რომლებიც უძრავ ნივთს ფლობენ ნამდვილი გარიგების საფუძველზე, რაც წერილობით არ არის გაფორმებული.
8. მოსარჩელის განმარტებით, საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი შეიცავს არა მხოლოდ მფლობელობის, არამედ საკუთრების უფლების ხელყოფის საფრთხესაც. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება წარმოიშობა გარკვეული იურიდიული ფაქტის შედეგად და მხოლოდ ამის შემდეგ რეგისტრირდება შესაბამის ორგანოში. ასეთ ვითარებაში, მოსარჩელის აზრით, საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის არსებობის პირობებში შეიძლება დაზარალდნენ პირები, რომლებსაც, მართალია, ობიექტურად გააჩნიათ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება, თუმცა გამოსახლების დროისთვის არ აქვთ ამ უფლების დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს შესაძლებლობა, საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი გავრცელდეს უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელზე, მესაკუთრეზე, თანამესაკუთრეზე, რომელთაც, მართალია, გააჩნიათ შესაბამისი უფლება უძრავ ქონებაზე, მაგრამ არ აქვთ ამ უფლების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი.
10. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს, ვინაიდან ითვალისწინებენ სასამართლოს გადაწყვეტილების ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე ბინაში ან სხვა მფლობელობაში შესვლას მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის, ფიზიკური იძულების სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება, გამომდინარე იქიდან, რომ მათი მოქმედების ფარგლებში მნიშვნელოვანი მატერიალური, მორალური და ფიზიკური ზიანი ადგება მოსარჩელეს, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება უკვე მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან ერთად მოსარჩელე მხარე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომლითაც ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უშუალოდ მისი უფლებები და თავისუფლებები. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ უნდა მიუთითოს მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს, ვინაიდან „ნორმატიული აქტი, რომელიც აღარ მოქმედებს, ვერ შეფასდება როგორც ადამიანის უფლების შემზღუდველი ნორმა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის №1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. მოსარჩელე მხარე, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ ხდის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული ნორმატიული აქტის ტექსტის და სადავო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის შესაბამის ნორმას, რომელმაც ძალა დაკარგა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონის მიღების შედეგად (ამ კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე), ხოლო „პოლიციის შესახებ“ 2013 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს „ფ“ ქვეპუნქტი არ აქვს.
3. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტი ძალას კარგავს, თუ „მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს“. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 4 ოქტომბრის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. ამდენად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი არ წარმოადგენს მოქმედ ნორმას.
4. №607 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანების კონსტიტუციურობის საკითხი. მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს აღნიშნული ბრძანების 2012 წლის 5 დეკემბრამდე მოქმედ რედაქციას, რაც დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული ნორმატიული აქტის ტექსტის შესწავლის საფუძველზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 5 დეკემბრის №944, 2013 წლის 18 მარტის №184, 2013 წლის 6 ივნისის №440 და 2013 წლის 5 ივლისის №508 ბრძანებებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, აღნიშნული ნორმატიული აქტის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ნორმის ახლებურად ჩამოყალიბება ძველი ნორმის ძალადაკარგულად ცნობას თავისთავად გულისხმობს“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-4), შესაბამისად, დასახელებული ნორმები ძალადაკარგულია.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის მომენტისათვის (2014 წლის 17 სექტემბერი) სადავოდ გამხდარი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი და „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგული იყო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხს, რაც ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამ ნაწილში სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველია.
6. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ „სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის“. „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანება წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, შესაბამისად, არსებითად განსახილველად მისაღებად მის არაკონსტიტუციურობაზე სრულყოფილი მსჯელობა შესაძლებელი უნდა იყოს ზემდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასების გარეშე.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასახელებს იმ გარემოებებს, რომელიც მისი შეფასებით, სადავო აქტის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს, კერძოდ - მისთვის პრობლემურია სადავო ნორმების ის შინაარსი, რომელიც უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას მხოლოდ ამ უფლების დამდგენი წერილობითი დოკუმენტის არსებობას უკავშირებს. იმავდროულად, მოსარჩელის განმარტებით, სადავო აქტი უშვებს სასამართლოს გადაწყვეტილების ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მისი უფლებების ხელყოფის შესაძლებლობას. იგი ასევე პრობლემურად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უძრავი ნივთის მფლობელმა, მფლობელობის კანონიერების ფაქტის დასადასტურებლად მხოლოდ წერილობით დოკუმენტი შეიძლება წარადგინოს, მაშინ როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უშვებს ფლობის უფლების წარმოშობას ზეპირი გარიგების საფუძველზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს მთლიანად საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის პოლიციის მიერ აღკვეთის ინსტიტუტს.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №747 ბრძანებით განისაზღვრება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი, კერძოდ - შესაბამისი ორგანოების მიერ განსახორციელებელი პროცედურები და პირობები, ასევე აღნიშნულ პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები. აღნიშნული ბრძანების პრეამბულის თანახმად, ბრძანების მიზანია ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესრულება. დამოუკიდებლად აღნიშნული კანონქვემდებარე აქტის ძირითად არსს არ წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ინსტიტუტის დადგენა და ლეგიტიმაცია, არამედ აღნიშნული აქტი მხოლოდ სხვა აქტით დადგენილი ინსტიტუტის განხორციელებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ რეგულირებებს განსაზღვრავს.
9. „საპოლიციო გამოსახლების“ ინსტიტუტი განისაზღვრება 2013 წლის 4 ოქტომბრის „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც „პოლიციის შესახებ“ 1993 წლის 27 ივლისის კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის შინაარსობრივად იდენტურ რეგულირებას ადგენს. მსგავსი შინაარსის მატარებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესი. თითოეული მათგანი განსაზღვრავს სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოახდინოს უძრავი ნივთის ხელმყოფი ქმედების აღკვეთა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავარაუდო ხელმყოფი წარმოადგენს ნივთის ფლობის უფლების დამადასტურებელ წერილობით დოკუმენტს.
10. აშკარაა, რომ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის უფლებამოსილებას, ისევე როგორც თითოეულ იმ ასპექტს, რომელსაც მოსარჩელე პრობლემატურად მიიჩნევს (წერილობითი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება, საკუთრების საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურება და ა.შ.) ადგენს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები. სადავოდ გამხდარი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ახდენს მხოლოდ იმ წესის დაკონკრეტებას, რომელიც განისაზღვრება ზემდგომი ნორმატიული აქტებით. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი მსჯელობა ეხება მთლიანად ინსტიტუტის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს. თითოეული ის გარემოება, რომელზეც მოსარჩელე სადავო აქტის არაკონსტიტუციურობის დასასაბუთებლად მიუთითებს, გამომდინარეობს სწორედ ნორმატიული აქტების იერარქაში უფრო მაღლა მდგომი აქტებიდან. ხსენებული კანონქვემდებარე აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებისას შეუძლებელია სრულფასოვანი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კონსტიტუციურია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საკუთრების ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა, ნივთზე უფლებამოსილების დადასტურების შესაძლებლობა მხოლოდ წერილობითი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ასევე, რამდენად კონსტიტუციურია ზოგადად ინსტიტუტი იმ პირობებში, როდესაც თითოეული მათგანის განხორციელების უფლებამოსილების დამდგენი ნორმები მოცემულია ზემდგომ ნორმატიულ აქტში. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სრულფასოვნად იმსჯელოს სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე იერარქიულად მასზე მაღლა მდგომ ნორმატიულ აქტზე მსჯელობის გარეშე.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, №607 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-2 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების, ასევე №1 და №2 დანართების კონსტიტუციურობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მეორე პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №607 კონსტიტუციური სარჩელი (ა(ა)იპ „თანადგომა და სამართლიანობა“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო ქეთევან ერემაძე
სასამართლოს მდივანი