საქართველოს მოქალაქეები - გიორგი კეკენაძე, ნინო კვეტენაძე და ბესიკი გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/618 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 26 თებერვალი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 26 თებერვალი 2016 20:50 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - გიორგი კეკენაძე, ნინო კვეტენაძე და ბესიკი გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა“ იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც კრძალავს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას და ამავე კოდექსის 27-ე მუხლის „ა“ პუნქტის სიტყვების „კერძო სამართლის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N618) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - გიორგი კეკენაძემ, ნინო კვეტენაძემ და ბესიკი გვენეტაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2014 წლის 25 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2016 წლის 26 თებერვალს.
2. N618 კონსტიტუციური სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც კრძალავს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას და ამავე კოდექსის 27-ე მუხლის „ა“ პუნქტის სიტყვების „კერძო სამართლის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებას, რომლის თანახმადაც, მასში მოიაზრება ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. 27-ე მუხლის „ა“ პუნქტი კი განმარტავს საჯარო დაწესებულებას და ადგენს, რომ ეს არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში.
5. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“.
6. მოსარჩელეთა მტკიცებით, რადგან რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად არ მოიაზრებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად, ასეთი გაერთიანებები ვერც 27-ე მუხლით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულების განმარტებაში ხვდებიან და, შესაბამისად, იქმნება საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც მოსარჩელეებს ართმევს უფლებას, აღნიშნული დაწესებულებებიდან მიიღონ საჯარო ინფორმაცია, რომელიც შეეხება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ხარჯვას.
7. მოსარჩელეთა განცხადებით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გაცემული თანხის საზოგადოებრივი კონტროლი წარმოადგენს დემოკრატიულ პროცესს, სადავო ნორმებით შექმნილი ბლანკეტური შეზღუდვით კი შეუძლებელი ხდება გამჭვირვალე პროცესის არსებობა.
8. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო დაწესებულება“ უნდა განიმარტოს ფართოდ, რადგან მისი დავიწროებით, ამა თუ იმ ორგანიზაციების სახელმწიფო დაწესებულებათა რიცხვიდან ამორიცხვით მოქალაქეებს წაერთმევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ინფორმაციის თავისუფლების უფლებით. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, უფლების ამგვარი შეზღუდვა, თავის მხრივ, საფრთხის შემცველია დემოკრატიული სახელმწიფოს არსისთვის, რადგან ინფორმაციის საჯაროობა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის საზომია. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „სახელმწიფო დაწესებულებაში“ უნდა მოიაზრებოდეს არა მხოლოდ ის ორგანო, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულია, ახორციელებს საჯარო ფუნქციებს და უფლებამოსილებას , არამედ ის ორგანოებიც, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, „სახელმწიფო დაწესებულების“ ცნებაში უნდა მოიაზრებოდეს სახელმწიფო და თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
9. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათ სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს პოლიტიკური ან რელიგიური გაერთიანებების სრულად დაქვემდებარება ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ დადგენილი რეგულირებისათვის, არამედ ისინი სადავო ნორმის მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც რელიგიურ და პოლიტიკურ ორგანიზაციებში არსებული ინფორმაციის საჯაროობას ზღუდავს.
10. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული არგუმენტაცია შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდგომში სზაკ) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც კრძალავს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას. სზაკ-ის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დეფინიციას. თუმცა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების დაკისრება კანონით უკავშირდება დაწესებულების არა ადმინისტრაციულ ორგანოდ, არამედ საჯარო დაწესებულებად მიჩნევას. კანონის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს დეფინიციას ახდენს, არ არეგულირებს საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის წესს. შესაბამისად, მას არ აქვს რომელიმე დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვის ამკრძალავი ხასიათი, ანუ ის ნორმატიული შინაარსი, რომელსაც მოსარჩელე სადავოდ ხდის, სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს საერთოდ არ გააჩნია.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სზაკ-ის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, N618 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სზაკ-ის 27-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის სიტყვების "კერძო სამართლის" არაკონსტიტუციურად ცნობას. მისი მოსაზრებით, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციები საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში უნდა ექცეოდნენ საჯარო დაწესებულების დეფინიციის ქვეშ და მათზე უნდა ვრცელდებოდეს სზაკ-ის მე-3 თავის მოქმედება. იგი უთითებს, რომ, ვინაიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს, არ ექცევიან სზაკ-ის 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნტით გათვალსიწინებული საჯარო დაწესებულების დეფინიციის ქვეშ.
5. აღნიშნულთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი და მე-4 მუხლებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის დებულებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს“. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები არ იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, შესაბამისად, სადავო ნორმები არ განაპირობებს სზაკ-ის მე-3 თავის გაუვრცელებლობას პოლიტიკურ გაერთიანებებზე და ამ თვალსაზრისით მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვა მიემართება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტს.
7. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის უფლებას, შესაბამისად, უნდა შეფასდეს საბიუჯეტო სახსრებიდან დაფინანსების მიმღები რელიგიური გაერთიანებები წარმოადგენენ თუ არა საჯარო დაწესებულებებს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მიზნებისათვის.
8. კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საჯარო დაწესებულებად უნდა განვიხილოთ ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება სახელმწიფო ამოცანების შესრულებას, ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას. იურიდიული პირი საჯარო დაწესებულებად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ იგი სახელმწიფო ფუნქციებს ასრულებს, საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს კონსტიტუციით ან/და კანონით დადგენილ ფარგლებში ან/და კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით მასზე ხდება ამა თუ იმ სახელმწიფო ფუნქციის დელეგირება, მიუხედავად იმისა, იღებს თუ არა ეს ორგანიზაცია დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს არ გამორცხავს საჯარო დაწესებულებად ისეთი იურიდიული პირის დაკვალიფიცირებას, რომელშიც სახელმწიფო წილობრივად მონაწილეობს, მათ შორის, მისი დაფინანსების გზით.
9. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საპატრიარქო არ ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებებს, სახელმწიფოს მხრიდან მასზე ასევე არ მომხდარა რომელიმე სახელმწიფო ფუნქციის დელეგირება, მათ შორის, მისთვის გადაცემული სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში. მოსარჩელე არ მიუთითებს არც ერთ სამართლებრივ ნორმაზე, რომლის საფუძველზეც რელიგიური დაწესებულების საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებით აღჭურვა ხდება ან/და ამ უფლებამოსილების განხორციელების წესი და ფარგლები განისაზღვრება.
10. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან“. აღნიშნული დანაწესი აღიარებს საქართველოს საპატრიარქოს დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან, რითაც განამტკიცებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სეკულარიზმსა და ურთიერთ საქმეებში ჩაურევლობას. შესაბამისად, კონსტიტუცია მიზნად ისახავს, სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონალურ გამიჯვნას რელიგიური დაწესებულების საქმიანობიდან. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის არსისა და მიზნიდან არ გამომდინარეობს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სახელმწიფო დაწესებულების ქვეშ რელიგიური გაერთიანებების მოაზრება.
11. ამავე დროს გასაზიარებელია მოსარჩელის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ, რაც სახელმწიფო ორგანოთა მიერ ამ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაზე მიუთითებს, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემულ დაფინანსებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპიდან განუყოფელ, ღია მმართველობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს წინა პირობას. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დაცული უფლება მიემართება სახელმწიფოს და მისი რეგულირების ქვეშ ვერ მოვიაზრებთ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი რელიგიური გაერთიანებების ვალდებულებას ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სადავო ნორმების კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელე მიზნად ისახავს, მიაღწიოს რელიგიური დაწესებულებების დავალდებულებას ამა თუ იმ ინფორმაციის გაცემაზე.
13. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სზაკ-ის 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „კერძო სამართლის“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, N618 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, მე–16 და მე–18 მუხლების, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. კონსტიტუციური სარჩელი №618 (საქართველოს მოქალაქეები - გიორგი კეკენაძე, ნინო კვეტენაძე და ბესიკი გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა