საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N3/2/646 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 15 სექტემბერი 2015 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც უშვებს პატიმრობის 9 თვიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც პირს ბრალი ედება პატიმრობის გამოყენებამდე ჩადენილ დანაშაულში, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის, აგრეთვე ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს“, აგრეთვე 205-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – ბექა ბასილაია. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – თამარ მესხია, ზურაბ მაჭარაძე და ზვიად ბრეგაძე.
I.
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №646) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავამ.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვიტა, რომ საქმემ თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა და 2015 წლის 27 მაისის №3/1-1/646 საოქმო ჩანაწერით №646 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო პლენუმზე განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 10 ივნისს. №646 კონსტიტუციური სარჩელი 2015 წლის 26 ივნისoს №3/5/646 საოქმო ჩანაწერით მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2015 წლის 31 ივლისს.
4. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილი განსაზღვრავს დასაბუთებული ვარაუდის ცნებას. აღნიშნული ნორმის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდია ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებულ მტკიცებულებით სტანდარტს.
5. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენების საფუძველი, კერძოდ, „დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს“.
6. აღკვეთის ღონისძიების კერძო სახესთან - პატიმრობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს შეიცავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პატიმრობის გამოყენება დასაშვებია, თუ იგი ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა. ამავე კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს პატიმრობისთვის გათვალისწინებულ ვადას და განსაზღვრავს, რომ „ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების მომენტიდან საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე“.
7. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით განისაზღვრება აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების წესი და პროცედურები. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მე-3 წინადადების თანახმად, „შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, რა ახალი გარემოებები გამოვლინდა, რომლებიც არ იყო ცნობილი აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას და უნდა დაერთოს შესაბამისი მტკიცებულებანი (მასალები) ამ ახალ გარემოებათა შესახებ“. 2015 წლის 8 ივლისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად, აღნიშნული ნორმის მე-3 წინადადება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით: „შუამდგომლობის დასაშვებობის თაობაზე მაგისტრატ მოსამართლეს გამოაქვს განჩინება“.
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლებას, ხოლო მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. ერთ-ერთ საქმეზე 2014 წლის 4 ივლისს მოსარჩელეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო 2015 წლის 15 მარტს, პირველი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე, დაახლოებით ერთი თვით ადრე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განსხვავებულ სისხლის სამართლის საქმეზე მას განმეორებით შეუფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა განსახილველი სისხლის სამართლის საქმეები ხელოვნურად დაანაწევრეს, რათა ბრალდებულისთვის რამდენჯერმე შეეფარდებინათ პატიმრობა.
10. №646 კონსტიტუციურ სარჩელზე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც უშვებს პატიმრობის 9 თვიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც პირს ბრალი ედება პატიმრობის გამოყენებამდე ჩადენილ დანაშაულში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გასაჩივრებული ნორმა მიემართება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის პირველად გამოყენებას, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ნორმა არ შეიცავს პატიმრობის ქვეშ მყოფი პირისთვის იმავე აღკვეთის ღონისძიების განმეორებით გამოყენების გამომრიცხავ სათანადო გარანტიებს, შესაძლებელი ხდება პატიმრობის გამოყენება 9 თვეზე მეტი ვადით. მოსარჩელის განმარტებით, პირისათვის პატიმრობის პირველად გამოყენების შემთხვევაში ამგვარი ჩარევა შესაძლოა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად იქნეს მიჩნეული. თუმცა განმეორებით პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში ჩარევა გაუმართლებელი იქნება, მიუხედავად ლეგიტიმური მიზნისა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩნდება ადამიანის თავისუფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვის რისკი. ამგვარი ქმედება ზრდის სახელმწიფოს მიერ თვითნებობის და ადამიანის უფლებების შემლახავი ქმედების განხორციელების საფრთხეს.
11. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნორმა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს იმისთვის, რომ გამოირიცხოს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ პირის პატიმრობასთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილების მიღების, ხოლო, მეორე მხრივ - პატიმრობის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ხელახალი პატიმრობის განუსაზღვრელი ოდენობით გამოყენების შესაძლებლობა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტით აღიარებულ თავისუფლების პრეზუმფციის ფუძემდებლურ პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც არსებობს განსაზღვრული ლეგიტიმური მიზანი და არჩეული გზა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულია. ამასთან, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტს, რომელიც ადგენს უშუალოდ პატიმრობის გამოყენების დასაშვებ მაქსიმალურ ვადას.
12. მოსარჩელე მხარემ პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია პატიმრობის დასაშვები, მაქსიმალური 9 თვიანი ვადა. შესაძლებელია, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არსებობდეს პირის პატიმრობის 9 თვიანი ვადის გასვლის შემდეგაც, თუმცა კონსტიტუციით ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრულია, რომ ასეთ შემთხვევებშიც კი, პატიმრობის ვადის გახანგრძლივება დაუშვებელია. ამგვარი მიდგომა განპირობებულია პირის თავისუფლების უფლების დაცვის ინტერესით, რომელიც გადაწონის საჯარო ინტერესების ხელყოფის რისკს და დანაშაულთა ეფექტური გამოძიების ვალდებულებას აკისრებს სახელმწიფოს. მოსარჩელის განმარტებით, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი 9 თვიანი ვადა იმპერატიულია და მისი განმეორებით გამოყენება დაუშვებელია არათუ სხვა ნაკლებად მძიმე ან მძიმე, არამედ - განსაკუთრებით მძიმეძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების მიმართაც.
13. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის და ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე. მოსარჩელე გაუმართლებლად მიიჩნევს პატიმრობის და სხვა ისეთი ღონისძიებებისთვის, რომლებიც ადამიანის თავისუფლებაში ნაკლები ხარისხის ჩარევას წარმოადგენენ, საჭიროების დასასაბუთებლად ერთნაირი მტკიცებითი სტანდარტის (დასაბუთებული ვარაუდი) გამოყენებას. მოსარჩელე მხარე პარალელს ავლებს პირის ბრალდებულად ცნობისა და დაკავების ინსტიტუტებთან და მიუთითებს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, თითოეული მათგანის მიმართ ერთნაირად ხდება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის გამოყენება.
14. მოსარჩელე მხარემ მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე ასევე მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი დასაბუთებული ვარაუდის ცნება ზოგადია, ვინაიდან არ მოიცავს მითითებას მკაფიო და გადამოწმებადი ინფორმაციის არსებობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამასთან, „ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა“, რომელიც დასაბუთებულ ვარაუდს ქმნის, არ წარმოადგენს მტკიცებულებას და, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების განხილვის პროცესში ამგვარი ფაქტების და ინფორმაციის დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის საკითხი საერთოდ არ მოწმდება, რის შედეგადაც, სასამართლო ნებისმიერ მოცემულობას იღებს როგორც ინფორმაციას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მექანიზმის არარსებობა განაპირობებს, მათ შორის, კანონის დარღვევით მოპოვებული ინფორმაციის დასაშვებობასაც, რაც გულისხმობს, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი შესაძლოა შექმნას კანონის დარღვევით მოპოვებული ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობამ.
15. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ასევე გასაჩივრებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის მე-3 წინადადება (2015 წლის 8 ივლისამდე არსებული რედაქცია), რომელიც დაცვის მხარეს ავალდებულებს, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს იმგვარი ახალი გარემოებების გამოვლენა, რაც არ იყო ცნობილი აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგულაცია,მტკიცების ტვირთის მასზე გადატანით, გაუმართლებლად ზღუდავს ბრალდებულის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.
16. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობაზე მსჯელობის დროს ყურადღება გაამახვილა 2015 წლის 8 ივლისს იმავე კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად პატიმრობის გადასინჯვის ახალი წესისა, რომელიც ყოველ ორ თვეში ერთხელ სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხის შემოწმებას გულისხმობს, ხოლო მტკიცების ტვირთს ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარეს აკისრებს, ნორმა კვლავ იმავე პრობლემური შინაარსის მატარებელია. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ორთვიანი ვადის განმავლობაში, შესაძლებელია, ნებისმიერ დროს გაუქმდეს პირის პატიმრობის საფუძველი, თუმცა დასაშვებობის ეტაპის გადასალახავად კვლავ დაცვის მხარეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და ახალ გარემოებაზე მითითების ვალდებულება. მტკიცების ტვირთის ამგვარი შებრუნება, მოსარჩელის განმარტებით, ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს.
17. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვებს „ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს“, აგრეთვე 205-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს, რომელთა თანახმად, პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმები არ აკონკრეტებს, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული რომელი დანაშაულის ჩადენის საფრთხის არსებობის შემთხვევაში არის შესაძლებელი ამგვარი ღონისძიების გამოყენება. პატიმრობის გამოყენება დასაშვებია როგორც განზრახ, ისე გაუფრთხილებლობით, ასევე იმ დანაშაულზე მითითებით, რომლისთვისაც გათვალისწინებული არ არის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არღვევს კანონის განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის პრინციპებს და წარმოადგენს არაპროპორციულ ჩარევას პირის თავისუფლებაში.
18. მოსარჩელის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე მოახერხებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დამტკიცებას, რომ პირი ჩაიდენს კონკრეტულ დანაშაულს, ივარაუდება, რომ სახეზეა დანაშაულის მომზადება ან მცდელობა, რაც ახალი ბრალის წარდგენის საფუძველია. გარდა აღნიშნულისა, დაუშვებელია ნებისმიერი დანაშაულის შესაძლო ჩადენის ჰიპოთეტური საფრთხის არსებობის გამო პატიმრობის გამოყენება და სათანადო სტანდარტების დადგენის გარეშე, არსებული რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს.
19. მოსარჩელე მხარემ იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად განსაზღვრავენ ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენას, ასევე აღნიშნა, რომ სადავო ნორმების პრობლემურობას განაპირობებს სათანადო გარანტიების არარსებობა, კერძოდ, სადავო ნორმებით სავალდებულოდ არ არის დადგენილი პირის მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულის მსგავსი ახალი ქმედების ჩადენის კონკრეტული საფრთხის დასაბუთება. მოსარჩელის აზრით, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის დადგენა მხოლოდ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ პირს ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ჯერ კიდევ არ დადასტურებულა, დაუშვებელია. ამ პირობებში შესაძლებელია, მხოლოდ რამდენიმე დანაშაულში ბრალდების ფაქტი აღმოჩნდეს საკმარისი ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის დასასაბუთებლად.
20. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიმოიხილავს საქართველოსა და სხვა ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოთა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
21. მოპასუხის მოსაზრებით კონსტიტუციის მე-18 მუხლში მითითებული ტერმინი „წინასწარი პატიმრობა“ გულისხმობს, პატიმრობას პირის ბრალდებიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებამდე პერიოდში. თუმცა კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი არ მიუთითებს, რომ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური 9 თვიანი ვადა უნდა გამოიყენებოდეს. შესაბამისად, მოპასუხის აზრით, სადავო ნორმა აბსოლუტურად იმეორებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პრინციპს და 9 თვიან ვადას უკავშირებს ბრალდებულის მიმართ მიმდინარე ერთ სისხლის სამართლის საქმეს.
22. მოპასუხე მხარემ აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით ასევე განმარტა, რომ თუ ახალი სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების დროს გამოიკვეთა ის გარემოებები, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების წინა პირობას წარმოადგენს, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის გამოყენების ფაქტი არ უნდა იქცეს ახალი პატიმრობის გამოყენების დამაბრკოლებელ გარემოებად. ახალ დანაშაულზე პატიმრობის გამოყენების დროს სახელმწიფო ორგანოების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პრევენციას ახდენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის კანონით დადგენილი დასაბუთებული ვარაუდის არსებობის მოთხოვნა, ხოლო მეორე მხრივ - სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რომელიც, მოპასუხის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას იძლევა იმ მოხელეების მიმართ, რომლებიც განზრახ აჭიანურებენ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესს. დაუშვებელია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების იმპერატიული აკრძალვის წესი იმ პირის მიმართ, რომელიც სხვა საქმეზე იმყოფებოდა პატიმრობის ქვეშ 9 თვის განმავლობაში, ვინაიდან ამგვარმა წესმა შეიძლება წარმოშვას დანაშაულთან ბრძოლის და ცალკეულ დანაშაულთა გამოძიების სერიოზული პრაქტიკული პრობლემები.
23. მოპასუხე მხარემ მიუთითა იმ ნორმებზე, რომლებიც ითვალისწინებს პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის საფუძველზე და განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული დასაბუთებული ვარაუდის ცნება ადგენს ბრალდებულის ინტერესთა დაცვის საკმარის გარანტიას. ფაქტები და ინფორმაცია, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შეფასების დროს მიიღება მხედველობაში, იმავდროულად, უნდა იყოს საკმარისად სანდო და რეალური, რათა ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდეს მის სინამდვილეში. შესაბამისად, ირიბი ჩვენება ან ნებისმიერი სხვა ნაკლებად სანდო ინფორმაცია საკმარისი ვერ იქნება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობაში ობიექტური პირის დასარწმუნებლად. მოპასუხის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, რომ სასამართლომ ამგვარი არასანდო მტკიცებულებები არ გაითვალისწინოს, რაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
24. მოპასუხემ აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი შინაარსობრივად შეესაბამება როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ისე საერთაშორისო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
25. მოპასუხე მხარემ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის მე-3 წინადადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ნორმის ცვლილების შედეგად, მოქმედი რედაქციით, აღნიშნულ ნორმას სრულიად სხვა შინაარსი გააჩნია. რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში უსაფუძვლოა. ამასთან, იმავე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარეს ეკისრება“. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული დანაწესი გამორიცხავს მტკიცების ტვირთის შებრუნების შესაძლებლობას, რაც დამატებით საპროცესო გარანტიებს ანიჭებს ბრალდებულს.
26. მოპასუხის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს პატიმრობის გადასინჯვის რამდენიმე მექანიზმს, კერძოდ - სასამართლოს განჩინების გასაჩივრების, სასამართლოს მიერ პატიმრობის საფუძვლების საკუთარი ინიციატივით, ყოველ ორ თვეში ერთხელ, გადასინჯვის და დაცვის მხარის მიერ სასამართლოსადმი შუამდგომლობით მიმართვის გზით გადასინჯვას. მოპასუხე მიიჩნევს, რომ დასახელებული საკანონმდებლო მექანიზმები საკმარისია ბრალდებულის ინტერესთა დასაცავად, ხოლო შუამდგომლობის დასაბუთებულობის მოთხოვნა რაიმე ისეთი გარემოების მითითების ვალდებულების გზით, რომელიც მანამდე წარდგენილი არ ყოფილა, ემსახურება აბსოლუტურად იდენტური შინაარსის მქონე შუამდგომლობებით სასამართლოს გადატვირთულობის თავიდან აცილებას.
27. მოპასუხის განმარტებით, ნორმები, რომლებიც უშვებს პირისთვის პატიმრობის გამოყენებას ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის საფუძველზე, უნდა იქნეს განხილული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლებთან ერთად. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნას, ვინაიდან მისი გამოყენება ხდება არა ჰიპოთეზურად, ნებისმიერი ახალი დანაშაულის საფრთხეზე მითითებით, არამედ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის საფუძველზე, რაც გულისხმობს ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნებას პატიმრობის გამოყენებისათვის საკმარისი საფუძვლის არსებობაში. აღნიშნული გარემოება თავისთავად გამორიცხავს, გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე მითითებით, პირისთვის პატიმრობის გამოყენებას, ვინაიდან შეუძლებელია, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის საფუძველზე, ამგვარი დანაშაულის ჩადენის წინასწარი ვარაუდი. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს.
28. განმწესრიგებელ სხდომაზე საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმა, მაია ჯვარშეიშვილმა აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის განმეორებით გამოყენება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა თვისობრივად ახალი დანაშაული, რა დროსაც ხელახლა წარმოიშობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. მოწმე მიიჩნევს, რომ ამგვარი რეგულირება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს გააჩნია სისხლისსამართლებრივი დევნის გაჭიანურების საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების სამართლებრივი მექანიზმი.
29. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, №646 კონსტიტუციურ სარჩელზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარმოადგინა ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამართალშემფარდებელს უფლებას აძლევს, დროში თანხვედრი სისხლის სამართლის საქმეების მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულის პატიმრობის გახანგრძლივება. სასამართლოს მეგობრის აზრით, სადავო ნორმა კონსტიტუციით განსაზღვრული პატიმრობის დასაშვები მაქსიმალური 9 თვიანი ვადის მოთხოვნას შეესაბამება, თუმცა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს იმდენად, რამდენადაც უგულებელყოფს თავისუფლების უფლების მნიშვნელობას, იძლევა ნორმის არაერთგვაროვანი წაკითხვის შესაძლებლობას და ვერ აკმაყოფილებს კანონიერების მოთხოვნას.
30. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს გამოსაყენებელ მტკიცებით სტანდარტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობარი აღნიშნავს, რომ დასაბუთებული ვარაუდი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციით განსაზღვრული „საფუძვლიანი ეჭვის“ იდენტური შინაარსის მატარებელია, რაც ბრალდებისა და პატიმრობის შეფარდებისთვის საკმარის სტანდარტად განიხილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პროცესში დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ხელმძღვანელობა საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
31. სასამართლოს მეგობარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის მე-3 წინადადებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სადავო ნორმით მტკიცების ტვირთის ბრალდებულზე გადატანა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს. სასამართლოს მეგობრის აზრით, დასახელებული წყაროები ერთი მხრივ გამორიცხავენ ბრალდებულის ვალდებულებას, ამტკიცოს უდანაშაულობა, ხოლო მეორე მხრივ, გამოკვეთენ ბრალდების მხარისა და სასამართლოს როლს პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პროცესში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მეგობრის განმარტებით, ახალი გარემოებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება გავლენას ახდენს პირის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაზე და აღნიშნული უფლების არსებობას ფორმალობად აქცევს.
32. სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება ასევე წარმოადგინა ააიპ ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობარმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი 9 თვიანი ვადა არ არის აბსოლუტური შინაარსის მატარებელი და განსაზღვრულ შემთხვევაში ვადის გაგრძელება შესაძლოა გამართლებული იყოს. თუმცა ვადის გახანგრძლივება დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდების მხარეს პატიმრობის პირველი 9 თვიანი ვადის განმავლობაში არ ჰქონდა პატიმრობის ახალი საფუძვლის შესახებ ინფორმაცია. სასამართლოს მეგობარი მიუთითებს სწრაფი მართლმსაჯულების და სპეციალური გულისხმიერების ვალდებულების პრინციპებზე, რომლებიც ბრალდების მხარეს ავალდებულებს, მისთვის ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინოს დაუყოვნებლივ, რათა შემდგომში გამოირიცხოს აღნიშნული გარემოების საფუძველზე საქმის ხელოვნურად დანაწევრება. შესაბამისად, ამგვარი გარანტიების არარსებობის გამო, სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილი გარემოების გარეშე იმ პირის 9 თვეზე მეტი ვადით პატიმრობას, რომელსაც ბრალი ედება იმ დანაშაულში, რომლის ჩადენის დრო წინ უსწრებს პატიმრობის გამოყენებას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებს.
33. სასამართლოს მეგობარი იმავდროულად მიუთითებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტთან დაკავშირებით და პარალელს ავლებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციით“ განსაზღვრულ „გონივრული ეჭვის“ სტანდარტთან. სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ თავდაპირველ ეტაპზე პატიმრობის გამოყენება გონივრული ეჭვის სტანდარტის საფუძველზე საკმარისია, თუმცა პატიმრობის ვადის გახანგრძლივებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. სასამართლოს მეგობრის აზრით, ახალი პატიმრობის გამოყენება იმავე სტანდარტის საფუძველზე უცვლელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში არასაკმარისი იქნება და ვერ დააკმაყოფილებს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
II.
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის სადავო შინაარსის კონსტიტუციურობა
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია“. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იცავს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, მისი მიზანია, არ დაუშვას თავისუფლების უკანონოდ, დაუსაბუთებლად და თვითნებურად შეზღუდვა. კონსტიტუციის მე-18 მუხლი შეიცავს ადამიანის თავისუფლების დაცვის როგორც მატერიალურ ისევე პროცესუალურ გარანტიებს. „...ადამიანის თავისუფლება გარანტირებულია არა მხოლოდ მატერიალური ნორმით, არამედ კონსტიტუციურ რანგში აყვანილი პროცესუალური ნორმების ერთობლიობით...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). შესაბამისად, კონსტიტუციის ხსენებული დებულების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც ერთი მხრივ გამორიცხავს პირის თავისუფლების მყარი, კონსტიტუციურად ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის გარეშე შეზღუდვას, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური უფლებების გარანტირებას.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან“. ერთი შეხედვით, სადავო ნორმა ადგენს პატიმრობის ზღვრულ ვადას, იმავე ხანგრძლივობით, რასაც მოითხოვს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი. თუმცა, მიუხედავად ფორმალური მსგავსებისა, კონსტიტუციური დანაწესის შინაარსი შესაძლებელია განსხვავდებოდეს კანონის ნორმის შინაარსისაგან. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ სადავო ნორმის ფორმალური შესაბამისობა კონსტიტუციის დანაწესთან, არამედ უნდა დაადგინოს, სადავო ნორმა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, რამდენად უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლების არსის დაცვას. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს“. შესაბამისად, მოცემული დავის გადასაწყვეტად სასამართლომ უნდა მოახდინოს სადავო ნორმის შინაარსობრივი შესაბამისობის დადგენა კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან.
3. არსებითი განხილვის დროს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა საერთო სასამართლოების რამდენიმე განჩინება, რომელიც სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის პრაქტიკულ გამოყენებაზე მიუთითებს. განჩინებების თანახმად, მოსარჩელეს, როგორც ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით განმეორებით შეეფარდა პატიმრობა, რის შედეგადაც, წინასწარ პატიმრობაში გატარებულმა ვადამ გადააჭარბა 9 თვეს. საყურადღებოა, რომ მოპასუხეც იზიარებს სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ამგვარ განმარტებას და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი პატიმრობის მაქსიმალური ვადის შეზღუდვა ვრცელდება თითოეული სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით და იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის მიმართ მიმდინარეობს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, თითოეულ საქმეზე შეიძლება იყოს გამოყენებული პატიმრობის 9 თვიანი ვადა. შესაბამისად, სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ამ შინაარსით იხელმძღვანელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო დგას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის განმარტების წინაშე. კერძოდ, სასამართლომ უნდა დაადგინოს ორი საკითხი: 1. სისხლის სამართლებრივი დევნის რა პერიოდს უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული „წინასწარი პატიმრობა“ და რამდენად გულისხმობს იგი პატიმრობის გამოყენებას პირის ბრალდებიდან სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებამდე პერიოდში; 2. დასაშვებია თუ არა კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პატიმრობის 9 თვიანი ვადის განმეორებით გამოყენება ერთი და იმავე პირის მიმართ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული წინასწარი პატიმრობის შინაარსი
4. დაპატიმრება წარმოადგენს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ (ინტენსიურ) ჩარევას. ზოგადად, სისხლის სამართლებრივი დევნა, განსაკუთრებით, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, ბრალდებულისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს. მას უპირისპირდება სახელმწიფო, რომლის ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი მიმართულია პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დასამტკიცებელად. ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა ამარტივებს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებას, შესაბამისად, შესაძლოა, დევნის განმახორციელებელ ორგანოებს პირის პატიმრობის მიმართ გარკვეული ინტერესიც ჰქონდეთ. ამავე დროს, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ვერ გამოირიცხება როგორც უფლების ბოროტად გამოყენების, ასევე შეცდომის შედეგად პირის დაუსაბუთებელი დაპატიმრების ალბათობა. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია მკაფიო პროცესუალურ გარანტიებს აწესებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისას. პროცესუალური გარანტიების კონსტიტუციურ რანგში აყვანა სახელმწიფოს აქცევს მკაცრ ჩარჩოში ადამიანის თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო ნორმების დადგენისას და გამოყენებისას.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული „წინასწარი პატიმრობის“ შინაარსის განსაზღვრისათვის, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციურ ტერმინებს აქვთ ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა (საქართველოს საკონსტიუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-63; საქართველოს საკონსტიუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის N2/4/532,533 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19) და მათი შინაარსი არ განისაზღვრება ქვემდგომ ნორმატიულ აქტებში გამოყენებული განმარტებებით. კონსტიტუცია თავადვე განსაზღვრავს მასში რეგლამენტირებული უფლების შინაარსსა და მოცულობას. კონსტიტუციური უფლებების შინაარსზე, ისევე როგორც კონსტიტუციური უფლების აღსაწერად გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობაზე, ზეგავლენას ვერ მოახდენს ის, თუ როგორ ხდება კანონმდებლობით მათი რეგლამენტაცია. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კანონი შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს და არა კონსტიტუციური სტანდარტების განმსაზღვრელ ინსტრუმენტს. კონსტიტუციური ტერმინის განმარტებისას, სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს უფლების არსით, რომელთან მიმართებაშიც არის გამოყენებული ესა თუ ის ტერმინი, კონსტიტუციური ნორმ(ებ)ის სტრუქტურით, კონსტიტუციის სხვა ნორმებში მოცემული მსგავსი ტერმინების შინაარსის ანალიზით და სხვა.
6. კონსტიტუციური ნორმების (მისი შინაარსის), ტერმინების განმარტებისას ასევე მხედველობაში მიიღება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის N2/3/182,185,191 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშერიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. დასახელებულ საქმეში სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი წყვეტს მხოლოდ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის ვადებს, იგი არ შეიცავს განსასჯელის პატიმრობის ვადას მისთვის სასასამართლოს მიერ კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელის შეფარდებამდე“. აღნიშნული განმარტების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია 2003 წელს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილები, რომელთა თანახმადაც, განსასჯელის (სასამართლო) პატიმრობის ვადა განისაზღვრებოდა 12 თვით და შესაძლებელი იყო ამ ვადის დამატებით 6 თვით გაგრძელება.
7. საკონსტიტუციო სასამართლო გამოხატავს პატივისცემას ხსენებული გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო შემადგენლობის მიმართ, ამასთან ადასურებს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო უდავოდ პროგრესული კონსტიტუციური მართლმსაჯულებისა და სამართლის განვითარების პროცესში. თუმცა, იმავდროულად, მიიჩნევს, რომ არსებობს შესაძლებლობა და საჭიროება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის განსხვავებული, ადამიანის უფლებების სასარგებლო განმარტებისთვის.
8. უნდა აღინიშნოს, რომ მითითებულ გადაწყვეტილებაში არ არის მოყვანლი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარმოადგენდნენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული „ბრალდებული“ და „განსასჯელი“ სხვადასხვა უფლებრივი სტატუსის მქონე სუბიექტებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისათვის. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ გვხვდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ კონსტიტუციური ტერმინი „ბრალდებული“ რატომ არ აერთიანებს ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს „ბრალდებული“ და „განსასჯელი“. რა კრიტერიუმებს დაეყრდნო სასამართლო, როდესაც მიიჩნია, რომ კონსტიტუციის მიზნებისათვის პირი ბრალდებულად ითვლება არა მის დამნაშავედ ცნობამდე, არამედ რომელიმე სხვა ეტაპამდე, ხოლო ამის შემდეგ იგი განსასჯელს წარმოადგენს, რომლის პროცესუალურ სტატუსსა და უფლებებს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს. აშკარაა, რომ 2003 წლის გადაწყვეტილებაში, კონსტიტუციური ტერმინის განმარტებისას, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად დაეყრდნო იმ დროისათვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ რეალობას ამავე საკითხზე. მას შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა, რომ კონსტიტუციური უფლების და ტერმინების მნიშვნელობა, მათი შინაარსის განმარტება უნდა მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო დეფინიციებისგან დამოუკიდებლად, მათგან იზოლირებულად. მოცემული დავის ფარგლებშიც, ის ვერ შეიბოჭება 2003 წელს საკანონმდებლო დეფინიციებზე დაფუძნებული უფლების განმარტებით და, თუ არსებობს რესურსი კონსტიტუციური ნორმის უფლების სასარგელბლო განმარტებისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, სწორედ ასე მოიქცეს.
9. ასევე საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის N1/5/193 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", რომლის თანახმადაც, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 406-ე მუხლის მე-4 ნაწილის სადავო ნორმები, რომლებიც ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ იღებდა ბრალდებულის (დაცვის მხარის) მიერ მასალების გაცნობისათვის გათვალისწინებულ ვადას. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. აღნიშნული დებულება ერთმნიშვნელოვანია და იმპერატიულ ხასიათს ატარებს“.
10. საყურადღებოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი თავისუფლების შეზღუდვის სხვადასხვა ფორმისათვის (დაკავების, დაპატიმრების, თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვისა და თავისუფლების აღკვეთისას) განსხვავებულ პროცესუალურ გარანტიებს ადგენს. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცესუალური გარანტიების შინაარსის დადგენისას მნიშვნელოვანია განიმარტოს ზემოთ ჩამოთვლილი ტერმინების მნიშვნელობა, მათი არსი.
11. როგორც წესი, კონკრეტულ საქმეზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლო არ ახდენს კონსტიტუციური ნორმების ამომწურავ განმარტებას. კონსტიტუციურ ნორმათა შინაარსის განმარტება ყოველი კონკრეტული გადაწყვეტილების კონტექსტში ხდება, ამომწურავი განმარტების გაკეთება, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა შეუძლებელიც და არასწორიც იყოს.
12. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე“. ამდენად, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებელ წინა პირობას წარმოადგენს. ეს არის ძირითადი წესი, რომლისგან გამონაკლისს კონსტიტუცია, თავადვე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტში ადგენს. კერძოდ, მე-3 პუნქტის თანახმად, დაკავება ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა შესაძლებელია განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც, თუმცა ასეთ შემთხვევაში დაკავებული, თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს არა უგვიანეს 48 საათისა. საგულისხმოა, რომ ამგვარი სპეციფიკური წესის დადგენა გადაუდებელ აუცილებლობას უკავშირდება, როდესაც სასამართლო გადაწყვტილების მოპოვება შეუძლებელია ან/და დაყოვნება რეალურ საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ მიზნებს - საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას, სხვათა უფლებების დაცვას ან მართლმსაჯულების განხორციელებას.
13. კონსტიტუცია, ითვალისწინებს რა გადაუდებელი აუცილებლობის შესაძლებლობას, ერთი მხრივ, თავისუფლების შეზღუდვას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც დასაშვებად მიიჩნევს, მაგრამ, ამავე დროს, ასეთ საგამონაკლისო შემთხვევებს დროის მკაცრ ჩარჩოში აქცევს. შესაბამისად, მე-3 პუნქტით დადგენილი გამონაკლისი, ადამიანის თავისუფლების ფიზიკური შეზღუდვის შესაძლებლობას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მხოლოდ დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთში ადგენს. მაშინ როდესაც არსებობს უფლებაში ჩარევის გადაუდებელი აუცილებლობა, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა ერთადერთ და აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს.
14. თავისუფლების უფლებაში არათანაზომიერი ან/და თვითნებური ჩარევის პრევენციის მიზნით, დაკავების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს კონტროლს ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილება თავისუფლების შეზღუდვის წინა პირობას წარმოადგენს, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შეზღუდვა გადაუდებელი აუცილებლობით არის განპირობებული, ის არა უმეტეს 72 საათის განმავლობაში არის დასაშვები.
15. ამდენად, კონსტიტუციის მიზნებისთვის ტერმინი „დაკავება“ უკავშირდება პირის თავისუფლების ფიზიკურ შეზღუდვას, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 72 საათს და სრულდება პირის დაპატიმრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებით ან პირის გათავისუფლებით. ხოლო ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვა შედარებით ფართო შინაარსისაა და მოიცავს არა მხოლოდ „დაკავებას“, არამედ ასევე თავისუფლების სხვაგვარ ფიზიკურ შეზღუდვას, ისეთს, როგორიცაა პირის საპატიმროში (ან სხვა შესაბამის დაწესებულებაში) მოთავსება (დაპატიმრება), ასევე შინაპატიმრობა ან პირის გადაადგილების თავისუფლების სხვაგვარი მკაცრი შეზღუდვა.
16. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი და კონსტიტუციის არც რომელიმე სხვა ნორმა არ გამოყოფს ერთმანეთისგან ბრალდებულისა და განსასჯელის ცნებებს. უფრო მეტიც, კონსტიტუცია საერთოდ არ იცნობს ტერმინ „განსასჯელს“ და ნებისმიერ პირს, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება, დამნაშავედ ცნობამდე ბრალდებულად მოიხსენიებს. მაგალითად, კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით კი, „ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორც აქვთ ბრალდების მოწმეებს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა საქართველოს კონსტიტუციის ნება, რომ ნებისმიერი პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება, დამნაშავედ ცნობამდე ბრალდებულის სტატუსის ქვეშ მოაქციოს. აშკარაა, რომ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტითა და 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაცული უფლება ერთნაირად აქტუალურია სისხლისსამართლებრივი დევნის ნებისმიერ ეტაპზე. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულის სტატუსს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის გარკვეულ, პირველად სტადიას დავუკავშირებდით (ხოლო შემდგომ ეტაპზე პირს განსასჯელად ან რაიმე მსგავსი ცნების ქვეშ მოვიაზრებდით), არა მხოლოდ გაუგებარი იქნებოდა ის, თუ რატომ აღჭურა კონსტიტუციამ ამგვარი უფლებით ბრალდებული მხოლოდ პირველად (გამოძიების) ეტაპზე, არამედ ბრალდებულის კონსტიტუციით გარანტირებულ იმ უფლებებს დავავიწროვებთ, რომლითაც ის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროსაც სარგებლობს. ასევე, აშკარაა, რომ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი საუბროს იმ ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტაზე, რომელიც, მათ შორის, განაჩენის მიღების დროს არსებობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ კონსტიტუცია სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ პირს დამნაშავედ ცნობამდე ან გამართლებამდე ბრალდებულად მოიხსენიებს.
17. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლები მიუთითებს, რომ 2003 წელს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული „ბრალდებულიც“ და განსასჯელიც“ კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზნებისათვის ექცევა კონსტიტუციურ ტერმინ „ბრალდებულის“ ქვეშ. ამასთან, მხოლოდ ის გარემოება რომ 2003 წელს მოქმედი სსსკ-ის თანახმად ბრალდებულის და განსასჯელის სტატუსი სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა სტადიებს უკავშირდებოდა, ვერ ჩაითვლება საკმარის საფუძვლად იმისთვის, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ტერმინი „ბრალდებული“ ვიწროდ იქნეს განმარტებული. სსსკ-ში მოცემული ტერმინები ვერ გახდება კონსტიტუციური ტერმინების განმარტების წყარო. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საპროცესო კანონმდებლობაში გამოყენებული ტერმინოლოგია განიცდის ცვლილებებს. მაგალითად, 2009 წლის საპროცესო კოდექსი აღარ იყენებს ტერმინს „განსასჯელი“.
18. ცხადია, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის მიზანია, პირი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებამდე, არ დაექვემდებაროს თავისუფლების განუსაზღვრელი დროით შეზღუდვას. „ბრალდებულისა“ და „განსასჯელის“ პატიმრობა პირის ფიზიკურ თავისუფლებაში ჩარევის ფორმით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ორივე შემთხვევაში პირის თავისუფლება აღკვეთილია კონკრეტული სტანდარტის ვარაუდის საფუძველზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, რაც უფრო ხანგრძლივია თავისუფლების შეზღუდვა, მით უფრო ინტენსიურია უფლებაში ჩარევა. ამდენად, „განსასჯელის“ პატიმრობა შესაძლოა თავისუფლებაში ჩარევის უფრო ინტენსიურ ფორმას წარმოადგენდეს, ვინაიდან მისი თავისუფლების შეზღდვა უფრო ხანგრძლივ პერიოდს უკავშირდება.
19. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პატიმრობის 9 თვიანი ზღვრული ვადა, კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა პროცესუალურ გარანტიებთან ერთად, წარმოადგენს ფიზიკური თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვის საწინააღმდეგო გარანტიას. სასამართლოს მიერ პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით განაჩენის მიღებამდე, თავისუფლების შეზღუდვა ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს პირის ბრალეულობის თაობაზე. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტმა გაითვალისწინა კონკრეტული პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც პირი აღარ შეიძლება იმყოფებოდეს პატიმრობაში მხოლოდ (დასაბუთებული) ვარაუდის საფუძველზე, რომ მან ჩაიდინა (ან შესაძლოა ჩაიდინოს) დანაშაული, ან შესაძლოა განახორციელოს სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. კონსტიტუცია და მოქმედი სსსკ იმპერატიულად ადგენს, რომ პირის პატიმორბა უნდა დასრულდეს, როდესაც დაპატიმრების მომენტიდან გასულია 9 თვე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პატიმრობაში ყოფნა აუცილებელი სისხლისსამართლებრივი დევნის ინტერესებიდან გამომდინარე.
20. არაგონივრულია იმის დაშვება, რომ „წინასწარ პატიმრობას“ კონსტიტუცია უკავშირებს პერიოდს სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში გადაგზავნის ეტაპამდე. ამაზე არც კონსტიტუციის მე-18 მუხლი და არც რომელიმე სხვა ნორმა არ მიუთითებს. პირის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და მის კონტროლს ექვემდებარება პატიმრობის საჭიროების განსაზღვრა წინასწარი პატიმრობის მთელი პერიოდისათვის. შესაბამისად, არასწორია მსჯელობა, რომ „წინასწარი პატიმრობა“ სრულდება მაშინ, როდესაც საქმე სასამართლოს გადაეცემა, ვინაიდან ამ მომენტიდან საქმე სასამართლოს კონტროლს ექვემდებარება. აღნიშნულ დასკვნას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში ტერმინ „წინასწარის“ გამოყენება. სიტყვა „წინასწარი“ მიუთითებს პატიმრობის დროებით ხასიათზე, განასხვავებს მას პატიმრობისგან, რომელიც პირს სასჯელის ან სახდელის სახით შეიძლება დაეკისროს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო ბრალდებულის დაპატიმრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მაშინ, როდესაც საფრთხე ადგება მართლმსაჯულების განხორციელებას (მოწმეზე ზეწოლა, მტკიცებულებების განადგურება, ბრალდებულის მიმალვა) ან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის არის აუცილებელი. აღნიშნული საფთხ(ეებ)ის არსებობამ შესაძლოა განაპირობოს ბრალდებულის დაპატიმრება იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელი შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი დევნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა აღნიშნული საფრთხე (საფრთხეები) შესაძლოა განაგრძობდეს არსებობას როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის პერიოდში. ასევე საყურადღებოა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა შეიძლება გამოძიების დასრულების შემდეგ წარმოიშვას, მას მერე, რაც საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცემა. სწორედ ამიტომ, აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულის მიმართ პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებლად იმისა, თუ რა ეტაპზე იმყოფება სისხლისსამართლებრივი დევნა. კონსტიტუციის მიზნებისთვის ასეთი პატიმრობა წინასწარ პატიმრობას წარმოადგენს. ამდენად, წინასწარი პატიმრობა (განაჩენამდე პატიმრობა) წარმოადგენს ბრალდებულის თავისუფლების დროებით შეზღუდვას, რომელიც განპირობებულია არა სისხლისსამართლებრივი დევნის რომელიმე ეტაპით, არამედ ბრალდებულის მხრიდან მომდინარე საფრთხით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ ჯერ არ არსებობს სასამართლოს განაჩენი, მისი ბრალეულობა და მისგან მომდინარე საფრთხე შესაძლოა მხოლოდ (დასაბუთებული) ვარაუდის საფუძველზე იყოს დადასტურებული, კონსტიტუციამ წინასწარი პატიმრობის ვადა მკაცრად შემოფარგლა.
21. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცესუალური გარანტია პირს იცავს არა მხოლოდ ბრალდების მხარის თვითნებობის შედეგად დაუსაბუთებელი პატირობისაგან, არამედ იგი ასევე უზრუნველყოფს მოსამართლის შეცდომის, მის მიერ გარემოებების არასწორად შეფასების, საქმის განხილვის გაჭიანურების შედეგად პირის განუსაზღვრელი ვადით წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გამორიცხვას. შესაბამისად, წინასწარი პატიმრობის ვადის შეზღუდვის საჭიროება არსებობს იმ პირობებშიც, როდესაც სისხლის სამართლის საქმეს მოსამართლე არსებითად განიხილავს.
22. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვისას დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ პატიმრობის 9 თვიანი ზღვრული ვადა მიემართება პირის ბრალდებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში გამოყენებულ პატიმრობას. ამ მხრივ, მხარეთა პოზიციები ემთხვევა. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის სტრუქტურიდან, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წინასწარი პატიმრობა მოიცავს პერიოდს, ბრალდებულის დაპატიმრებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებამდე.
23. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზნებისათვის პატიმრობა არის ტერმინი, რომელიც ზოგადად გულისხმობს პირის საპატიმროში (ან სხვა შესაბამის დაწესებულებაში) მოთავსებას. იგი შეიძლება თავის თავში მოიცავდეს როგორც აღკვეთის ღონისძიების, ასევე სასჯელის სახით ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვას. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერმინ პატიმრობის ამ შინაარსით გამოყენება გვხვდება ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო დოკუმენტებშიც. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი ტერმინ პატიმრობას იყენებს როგორც სასამართლოს განაჩენის საფუძველზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის (მე-5 მუხლის პირველი პუნტის „ა“ ქვეპუნქტი), ასევე სასამართლოს განაჩენამდე პირის თავისუფლების შეზღუდვის (მე-5 მუხლის პირველი პუნტის „გ“ ქვეპუნქტი) აღსაწერად. ამდენად, „წინასწარი პატიმრობა“ წარმოადგენს კონსტიტუციურ ტერმინს, რომელიც ითვალისწინებს ბრალდებულის თავისუფლების დროებით შეზღუდვას, რომლის ხანგრძლივობის მაქსიმალური ზღვარი 9 თვიანი ვადით არის განსაზღვრული და რომლის გამოყენებაც ბრალდებულის („ბრალდებულის“, „განსასჯელის“) მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმესთან დაკაშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდეა აუცილებელი. კონსტიტუცია გამორიცხავს პირისთვის ბრალის წარდგენიდან დამნაშავედ ცნობამდე რომელიმე პერიოდის კონსტიტუციური გარანტიების მიღმა დატოვებას. დაუშვებელია, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა საქმის წარმოების/განხილვის რომელიმე ეტაპზე დარჩეს კონსტიტუციით დაცვის მიღმა. ცხადია, ეს განუზომლად გაზრდის სახელმწიფოს თვითნებობის/ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკს.
24. ასევე აშკარაა ინსტიტუციური მსგავსება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით დაცულ სიკეთეს შორის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ისევე როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის პრაქტიკა ცალსახად მიუთითებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებამდე პერიოდში გამოყენებული პატიმრობის შეზღუდვაზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის მსგავსად ადამიანის უფლებათა მარეგლამენტირებელი საერთაშორისო დოკუმენტები ერთმანეთისგან არ მიჯნავს პატიმრობას საქმის სასამართლოსთვის გადაცემამდე ან მას შემდეგ. სისხლისსამართლებრივი დევნის ორივე ეტაპზე პატიმრობა გამოყენებულია ისეთი პირის მიმართ, რომელთან მიმართებითაც უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს და, შესაბამისად, პატიმრობის ვადის შეზღუდვის მიზანი და საჭიროება ერთნაირია. მაგალითად, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 35-ე ზოგადი კომენტარის 37-ე აბზაცის თანახმად, დაპატიმრებულ პირს აქვს გონივრულ ვადაში გასამართლების ან გათავისუფლების უფლება. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით ეხება წინასწარი პატიმრობის (pre-trial detention) პერიოდს, ანუ პატიმრობას (detention) დაკავების მომენტიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე (General comment No. 35 CCPR/C/GC/35). ამდენად, საერთაშორისო ნორმების მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „წინასწარი პატიმრობის“ ცნება მოიცავს პერიოდს პირის დაკავების ან დაპატიმრების მომენტიდან სასამართლოს პირველი ინსტანციის განაჩენამდე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს არსებითი განსხვავება სასამართლოს გამამტყუნებელ/გამამართლებელ განაჩენამდე, საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე გამოყენებულ პატიმრობას შორის. საქართველოს კონსტიტუციაში, სპეციალური მითითების გარეშე, არ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ წინასწარი პატიმრობის ეტაპის დასრულება სისხლის სამართლის საქმის სასამართლოსთვის გადაცემის მომენტს დაუკავშირდეს. შესაბამისად, მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი 9 თვიანი ვადა წარმოადგენს ზღვარს, რომელიც ბრალდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებამდე გამოყენებულ პატიმრობას მიემართება. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის არასწორი განმარტების შედეგი იქნება დასკვნა, რომ პატიმრობა გულისხმობს თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ სასამართლოს მიერ განაჩენის მიღებამდე პერიოდში, ხოლო წინასწარი პატიმრობა მხოლოდ საქმის განხილვის რომელიმე ეტაპამდე არსებულ პერიოდში გამოყენებულ პატიმრობას.
25. უნდა აღინიშნოს, რომ წინასწარი პატიმრობის ვადის ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრა იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. ამავე დროს, კონსტიტუციის დონეზე, ხშირ შემთხვევაში, დაკავების ვადების მკაცრი რეგლამენტირებაც არ გვხდება. არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუცია ბრალდებულის სასამართლოში წარსადგენად კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს (ხშირად ეს ვადა 24 ან 48 საათს შეადგენს), თუმცა არ აწესებს წინასწარი პატიმრობის კონკრეტულ ვადას. როგორც ზემოთ აღინიშნა, ადამიანის თავისუფლების უფლების სათანადოდ დაცვის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციით ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა როგორც დაკავების, ასევე წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადები: დაკავებული პირი უნდა გათავისუფლდეს 72 საათის გასვლისთანავე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ/ვერ მიიღებს მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებას. ხოლო ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს 9 თვის გასვლისთანავე, თუ ამ პერიოდში სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით.
26. ერთი მხრივ, ადამიანის საზოგადოებისგან იზოლირება შეიძლება აუცილებელი იყოს კონკრეტული ლეგიტიმური მიზნებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ლეგიტიმურ მიზნებს უპირისპირდება რა ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთე, როგორიცაა ადამიანის თავისუფლება, კანონმდებელი ვერ გაამართლებს შეუზღუდავი ვადით პატიმრობას. კანონმდებლის კონსტიტუციური ვალდებულებაა ლეგიტიმური მიზნების დაცვა უზრუნველყოს თავისუფლების უფლების უსაფუძვლო, გადამეტებული შეზღუდვის რისკების გამორიცხვით. სახელმწიფოს მიერ ადამიანის დროებით იზოლირება, მისი საპატიმროში მოთავსება (დაკავებითა თუ დაპატიმრებით) შესაძლოა წარმოადგენდეს აუცილებლობას მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა მიუხედავად ამისა, კონსტიტუციამ დაადგინა ზღვარი, რომელიც სახელმწიფომ არ უნდა გადალახოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პატიმრობა ამგვარი აუცილებლობით არის განპირობებული. ერთ-ერთ ასეთ ზღვარს წარმოადგენს პროცესუალური გარანტიები, როგორიცაა დაკავებისა თუ დაპატიმრების კონსტიტუციით განსაზღვრული საერთო ვადები.
პატიმრობის განმეორებით გამოყენების საკითხი
27. როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის, მისი პირადი თავისუფლების უფლებას, ის ფუნდამენტური უფლებების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და, კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო დაცვას ექვემდებარება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ის, ერთი მხრივ, დეკლარაციული ხასიათისაა, თუმცა, მეორე მხრივ, ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ზღუდავს ფიზიკური თავისუფლების უფლების არსს, უნდა შემოწმდეს სწორედ აღნიშნულ პუნქტთან მიმართებით.
28. საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა განიხილებოდეს როგორც ultima ratio“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). სწორედ ამიტომ, „საქართველოს კონსტიტუციამ სახელმწიფოს სამოქმედო არეალი მკაცრად შემოფარგლა, მისი ძალაუფლების საპირწონედ კი ინდივიდი ისეთი პროცესუალური უფლებებით აღჭურა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ თავისუფლების უფლებას გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისაგან დაიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). „კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმების სიმკაცრის ხარისხს ზრდის ის გარემოებაც, რომ ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა და, განსაკუთრებით კი, მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა – თავისუფლების აღკვეთა აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
29. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი შეიცავს კონკრეტულ პროცესუალურ გარანტიას - ადგენს ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის მაქსიმალურ ვადას. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი შეიძლება, გარკვეულ პირობებში, არ კრძალავდეს კონკრეტული პირის მიმართ პატიმრობის 9 თვიანი ვადის განმეორებით შეფარდებას. როგორც თავად მოსარჩელეც აღნიშნავს, მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი არ გამორიცხავს, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, წინასწარი პატიმრობის ხელმეორედ შეფარდებას პირისთვის, რომელსაც ბრალი ედება დაპატიმრების შემდეგ ჩადენილ დანაშაულში. კონსტიტუციამ დასაშვებად ჩათვალა პირის თავისუფლების შეზღუდვა 9 თვის ვადით მანამ, სანამ მის მიმართ გადაწყვეტილებას მიიღებს პირველი ინსტანციის სასამართლო. წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9 თვიანი ვადის დადგენის მიზანია, გამოირიცხოს ბრალდებულის განუსაზღვრელი ან არაპროპორციულად ხანგრძლივი ვადით პატიმრობაში ყოფნა.
30. „სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ამ მიზნის უზრუნველყოფას სახელმწიფო იძულების მექანიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის კანონმდებლობით (მათ შორის, სისხლისსამართლებრივი ნორმებით) მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ახდენს. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის მე-18 მუხლი პროცესუალურ გარანტიებს იმ პირის მიმართ ადგენს, რომელსაც სახელმწიფო სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლწესრიგის უზრუნველყოფის, საზოგადოების ან/და მისი კონკრეტული წევრის დაცვის მიზნით უპირისპირდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
31. ზოგადად, წინასწარი პატიმრობის მიზანია, მოახდინოს მართლმსაჯულების ხელშემშლელი გარემოებების აღმოფხვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი განხილვა. ამავე დროს, როგორც უკვე აღინიშნა, პირის დაპატიმრება წარმოადგენს მის უფლებებში მაღალი ინტენსივობის ჩარევას. შესაბამისად, კონსტიტუცია თავადვე ავლებს ზღვარს, რომლის შემდგომაც მართლმსაჯულების პროცესის ხელშეშლის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით (საბაბით) პირის პატიმრობაში ყოფნა დაუშვებელია. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზნებისათვის იმ პირობებში, როდესაც პირი პატიმრობაში იმყოფება, სახელმწიფო ვალდებულია, 9 თვის განმავლობაში ან უზრუნველყოს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მიღება ან გაათავისუფლოს იგი. ამრიგად, კონსტიტუცია ერთგვარად საკმარისად აცხადებს 9 თვიან ვადას ბრალდებულის მიმართ განაჩენის დასაყენებლად.
32. იმ პირობებში, როდესაც პირს ბრალი ედება რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში, თითოეულ მათგანთან მიმართებით შეიძლება ცალ-ცალკე არსებობდეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელშეშლის მიზნით პატიმრობის გამოყენების ინტერესი. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზანს არ წარმოადგენს პატიმრობის ზღვრული ვადის განსაზღვრა, რომელიც ყოველმხრივ ამოწურავს პირის მიმართ პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას მისი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზანია სახელმწიფოს იძულება, დროულად მოახდინოს ბრალდებულის მიმართ სასამართლოს განაჩენის დაყენება იმ პირობებში, როდესაც იგი პატიმრობაშია.
33. ამავე დროს, წინასწარი პატიმრობის ზღვრული 9 თვიანი ვადის განსაზღვრის მიზანი თითოეულ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით თანაბრად მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიმართ ერთდროულად წარდგენილია რამდენიმე ბრალდება. იმ პირობებში, როდესაც პირი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი თანაბრად ავალდებულებს სახელმწიფოს, განახორციელოს სწრაფი მართლმსაჯულება. ბრალდებულ პირზე ზემოქმედების თვალსაზრისით, პატიმრობას უფლების შეზღუდვის ერთნაირი ეფექტი აქვს, განურჩველად იმისა, თუ რომელ დანაშაულში ბრალდებისათვის არის იგი მოთხოვნილი. შესაბამისად, ერთდროულად წარდგენილი რამდენიმე ბრალდების პირობებში მართლმსაჯულების ინტერესების უზრუნველყოფისას ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადით დაწესების მიზნები თანაბრად მიემართება თითოეულ საქმეზე სისხლის სამართლებრივ დევნას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ დანაშაულში ბრალდებისათვის იმყოფება პირი პატიმრობაში.
34. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობის ზღვრული ვადის განსაზღვრის მიზნებისათვის სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირი უნდა ჩაითვალოს წინასწარ პატიმრობაში მყოფად, თუ ამ ბრალდების პერიოდში მის მიმართ ფაქტობრივად გამოყენებულია პატიმრობა რომელიმე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. ერთდროულად წარდგენილი რამდენიმე ბრალდებიის პირობებში ყოველ კონკრეტულ საქმეზე წინასწარი პატიმრობის ზღვრული ვადის განსაზღვრისას ბრალდებულ პირს უნდა ჩაეთვალოს ის პერიოდი, რომელიც მან ბრალის წარდგენის შემდეგ, თუნდაც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გაატარა წინასწარ პატიმრობაში. შესაბამისად, დაუშვებელია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება იმ მომენტიდან, რომდესაც ამ საქმეზე ბრალის წაყენების შემდეგ მის მიერ წინასწარ პატიმრობაში გატარებული ვადა (ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე) გაუტოლდება 9 თვეს. ცხადია, რომ ასეთი მოთხოვნა არ გამორიცხავს პატიმრობის განმეორებით გამოყენებას იმ დანაშაულთან მიმართებით, რომელიც პირმა პატიმრობის გამოყენების შემდეგ ჩაიდინა. წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადის განმეორებით გამოყენება ასევე შეიძლება კონსტიტუციური იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ პატიმრობამდე ჩადენილ დანაშაულზე პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველი ბრალდების მხარისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ პირველ საქმეზე წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ. თუმცა ამ ორი მაგალითის შემთხვევაშიც, წინასწარი პატიმრობის შეფარდება კონსტიტუციის მოთხოვნათა საწინააღმდეგო იქნება, თუ ბრალის წარდგენა ან/და პატიმრობის მოთხოვნა ხელოვნურად ჭიანურდება და გამოიყენება წინასწარი პატიმრობის ვადის ხელოვნურად გასაგრძელებლად, მაგალითად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც გამოძიებისთივს ცნობილი იყო ის ფაქტები ან/და ინფორმაცია, რომელიც ახალი სისხლსისამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა, და ბრალის წაყენების საკმარის საფუძველს იძლეოდა, თუმცა, ამის და მიუხედავად, არ მოახდინა პირისათვის ბრალის წაყენება.
35. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი, ამავე მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში, დაუშვებლად მიიჩნევს წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადით მანიპულირებას, 9 თვიანი ვადის ხელოვნურად გაგრძელებას სხვადასხვა ფორმალურად კანონიერი მეთოდებითა თუ საფუძვლებით, რადგან ის (გაგრძელება) წინააღმდეგობაში მოდის იმ სიკეთესთან, რის დაცვასაც კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ისახავს მიზნად. სასამართლო სწორედ აღნიშნულ ჭრილში აფასებს სადავო ნორმას.
36. ამ მხრივ, საქმის არსებითი განხილვისას გამოიკვეთა რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, რომელთა გაანალიზება შესაძლებლობას მოგვცემს, ჩამოვაყალიბოთ კრიტერიუმები იმისა, თუ რა შემთხვევაში ექნება ადგილი კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევას. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სსსკ შეიცავს დებულებებს, რომლებიც იძლევიან სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების გაჭიანურების შესაძლებლობას. ასე მაგალითად, პროკურორი უფლებამოსილია, არ წარუდგინოს ბრალი პირს, რომელიც იმყოფება სხვა საქმეზე პატიმრობაში, მიუხედავად იმისა, რომ შეკრებილია ყველა შესაბამისი და საკმარისი მამხილებელი მტკიცებულებები, იმ განზრახვით, რომ შემდგომში ახლად წარდგენილ ბრალს გამოიყენებს პატიმრობის ახალი ვადის მოთხოვნისთვის. ასევე, დასახელდა შემთხვევა, როდესაც შესაბამისი ორგანო სისხლისსამართლებრივ საქმეს ხელოვნურად დაყოფს რამდენიმე საქმედ და შემდეგ საქმეების სიმრავლეს გამოიყენებს პატიმრობის რამდენჯერმე შეფარდებისთვის.
37. აშკარაა, რომ სადავო ნორმა და ზოგადად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არათუ არ გამორიცხავს ზემოთ აღწერილ შესაძლებლობებს, არამედ, როგორც საერთო სასამართლოების არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე დგინდება, ამის კანონიერ საფუძველს ქმნის. ამავე დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურორს აქვს დისკრეცია, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შეარჩიოს დრო, როდესაც, მისი აზრით, ყველაზე ხელსაყრელია ბრალის წარდგენა თუ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ერთი შეხედვით, სსსკ-ში არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების ამკრძალავი ნორმა (სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-9 ნაწილი), რომლის თანახმად, დევნის გაჭიანურების დადასტურება იწვევს გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას. თუმცა ის გავლენას არ ახდენს პატიმრობის განმეორებით შეფარდებაზე. პირის ბრალდებულად ცნობის გაჭიანურების შედეგად განმეორებითი 9 თვიანი პატიმრობის ვადის ათვლის დროში გადაწევა იმ პირობებში, როდესაც ბრალდების საფუძვლის გამოვლენის შემდეგ ბრალდებული უკვე იმყოფება/იმყოფებოდა პატიმრობაში სხვა სისხლისამართლის საქმეზე, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების მიზნებთან და იწვევს წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირის კონსტიტუციური უფლების დარღვევას.
38. ამდენად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტების შეუსაბამოა სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას იმ პირობებში, როდესაც ამ საქმეზე პირისათვის ბრალდების წარსადგენად საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში უკვე აქვს გატარებული 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. კონსტიტუცია არაორაზროვნად მიუთითებს, რომ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს, ამავე დროს, კონსტიტუციური უფლების ეფექტიანობისთვის აუცილებელია, რომ სისხლის სამართლის დევნის მწარმოებელ პირს/ორგანოს არ მიეცეს განუსაზღვრელი დისკრეცია, თავად დაადგინოს როდის ცნობს პირს ბრალდებულად და რა მომენტიდან იმოქმედებს კონსტიტუციური გარანტია. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტთან თავსებადი არ იქნება კანონი, რომელიც დაუშვებს, რომ კონკრეტულ საქმეზე პირი დარჩეს პატიმრობაში მას შემდეგ, რაც ამ საქმეზე ბრალდებულად ცნობის საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას წინასწარ პატირმობაში ფაქტობრივად გაატარებული ექნება 9 თვე (მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში).
39. ერთ საქმეზე შეფარდებული პატიმრობა ფაქტობრივად უზრუნველყოფს მეორე საქმეზე დევნის განხორციელების მიზნებსაც, დამოუკიდებლად იმისა, არსებობს თუ არა მეორე საქმესთან მიმართებით წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძვლები. მისი განსაკუთრებული ბუნების გათვალისწინებით, წინასწარი პატიმრობა წარმოადგენს ყველაზე მკაცრ და ამავე დროს ყველაზე ეფექტურ აღკვეთის ღონისძიებას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ერთ საქმეზე შეფარდებულია წინასწარი პატიმრობა, მას სამართლებრივი და პრაქტიკული ეფექტი აქვს ყველა სხვა ბრალდებასთან/საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ბრალდებულის მიმართ არსებობს.
40. ასევე უნდა აღინოშნოს, რომ არაერთგვაროვანია საერთო სასამართლოების მიდგომა აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების სტანდარტებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ივლისის განჩინებიდან ირკვევა, რომ სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის (გიორგი უგულავას) მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გირაოს პირობების დარღვევის გამო აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. სასამართლომ მიუთითა, რომ მიზანშეუწონელი იყო ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდება, ვინაიდან ის უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში სხვა სისხლისამართლის საქმეზე და არ არსებობდა პატიმრობის განმეორებით გამოყენების აუცილებლობა. აღნიშნულისაგან განსხვავებით, მაგალითად, თბილისი საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ოქტომბრის N10ა/5547-13 განჩინებით, სასამართლომ განმეორებით შეუფარდა პირს პატიმრობა, ვინაიდან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე (რომელზეც ბრალდებული იმყოფებოდა პატიმრობაში) გამამართლებელი განაჩენის დადგომის ან მსჯავდებულის შეწყალების შედეგად, იგი შეიძლება გათავისუფლებულიყო, ხოლო თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, არსებობდა მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა.
41. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება მიუთითებს, რომ ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამავე დროს, საერთო სასამართლოს პრაქტიკის გათვალსიწინებით, აღნიშნული ცხრა თვიანი ზღვარი მიემართება ერთ სისხლისამართლებრივ საქმეს. შესაბამისად, სადავო ნორმა ღიად ტოვებს პატიმრობის მაქსიმალური ვადის საკითხს იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის მიმართ მიმდინარეობს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე. საყურადღებოა, რომ სადავო ნორმით, ერთმნიშვნელოვნად არ არის განსაზღვრული წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადის გამოყენების წესი. არც სასამართლო პრაქტიკა არ მიუთითებს, რამდენიმე ბრალდების (სისხლისსამართლებრივი საქმის)არსებობის პირობებში რამდენი ხნით შეიძლება იქნეს პატიმრობა გამოყენებული ბრალდებულის მიმართ. შესაბამისად, სადავო ნორმა არ იძლევა საშუალებას, პირის მიმართ რამდენიმე ბრალდების არსებობის პირობებში დადგინდეს წინასწარი პატიმრობის ვადის ზღვარი.
42. სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციური უფლებების, მით უფრო თავისუფლების უფლების შეზღუდვა მხოლოდ მკაფიო, არაორაზროვანი ნორმების საფუძველზეა გამართლებული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს, შეიცავს თუ არა სადავო ნორმა ცხადად ფორმულირებულ მითითებებს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ სიცხადის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს არაერთგვაროვანი წაკითხვა და, შედეგად, თავისუფლების უფლების არაპროპოციული შეზღუდვა.
43. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით, წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ზღვრული ვადის განსაზღვრა არაორაზროვნად მიუთითებს ამ ნორმის მიზანსა და სულისკვეთებაზე, არ დაუშვას პატიმრობა განუსაზღვრელი ვადით, მიუხედავად მართლმსაჯულების ინტერესებიდან მომდინარე საჭიროებებისა. ამ ლეგიტიმური მიზნის ფარგლებში შეიძლება გამართლებული იყოს დროში შეზღუდული პატიმრობა, თუმცა იგი ვერ გაამართლებს პატიმრობას ნებისმიერი ვადით. ამავე დროს, პატიმრობის კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ვადაზე უფრო ხანგრძლივი ვადით გამოყენება ასევე განაპირობებს კონსტიტუციის ამავე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევასაც. შესაბამისად, არაკონსტიტუციური იქნება კანონი, რომელიც პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას ადგენს განუსაზღვრელი ვადით. სადავო ნორმიდან გამომდინარე, პატიმრობა შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ დათქმით, რომ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე იგი ცხრა თვეს არ გადააჭარბებს. აღნიშნული ნორმა იძლევა ისეთი განმარტების შესაძლებლობას, რომლიდან გამომდინარეც, რამდენიმე საქმეზე ბრალდებული პირი შეიძლება განუსაზღვრელი ვადით იმყოფებოდეს პატიმრობაში, რაც არ შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს.
44. პატიმრობის ვადების განმსაზღვრელი ბუნდოვანი ნორმების ადამიანის თავისუფლების უფლებასთან არათავსებადი ხასიათი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში. მაგალითად, საქმეზე Šebalj v. Croatia (განცხადების ნომერი - 4429/09, 2011 წლის 28 ივნისი) განმცხადებლის მიმართ მოხდა კანონით დადგენილი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ ახალი ვადით პატიმრობის შეფარდება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული პატიმრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. ხორვატიის კანონმდებლობის ნორმები ადგენდნენ პატიმრობის ზღვრულ ვადას, თუმცა კანონი არ უთითებდა, ეს ვადა გამოიყენებოდა მხოლოდ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე თუ წარმოადგენდა ზღვრულ ვადას დანაშაულთა სიმრავლის პირობებშიც (აბზაცი 160).
45. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ კონვენციით დაცული თავისუფლების უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ საკმარისად ხელმისაწვდომი, განსაზღვრული და განჭვრეტადი კანონის საფუძველზე (აბზაცი 187). სასამართლომ კონვენციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია თავისუფლების შეზღუდვა ისეთი კანონის საფუძველზე, რომელიც არ განსაზღვრავდა პატიმრობის საერთო ვადას ბრალდებულის მიმართ მიმდინარე რამდენიმე სისხლისამართლის საქმის არსებობისას, მიუხედავად იმისა, რომ განსაზღვრული იყო პატიმრობის ვადა თითოეულ საქმესთან მიმართებით (აბზაცი 194). სასამართლომ მიუთითა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუქნტის საწინააღმდეგოა პირის მიმართ პატიმრობის კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადის გასვლის შემდეგ მისი პატიმრობა სხვა საქმეზე მიღებული დაპატიმრების გადაწყვეტილების საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სპეციალური საკანომდებლო ნორმა ან ცალსახა სასამართლო პრაქტიკა, რომელიც პატიმრობის ზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სხვა საქმეზე ბრალდების ფარგლებში პატიმრობის გამოყენების საფუძველს ადგენდა (აბზაცი 197, 198).
46. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელი სადავო ნორმა, უფლების შეზღუდვის ხასიათით და განსაზღვრულობის ხარისხით არის იმ ნორმების მსგავსი, რომელთა საფუძველზე პატიმრობა კონვენციის დარღვევად მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, პატიმრობა ბუნდოვანი, განუსაზღვრელი კანონის საფუძველზე, ფაქტობრივად კანონის გარეშე, თვითნებური პატიმრობის ტოლფასია.
47. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მეექვსე პუნქტების საფუძველზე პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას. სისხლისსამართებრივი დევნა, რომელიც პატიმრობაში მყოფი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს, იმდენად, რამდენადაც ბრალდებულის თავისუფლება შეზღუდულია მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, მოითხოვს დევნის განმახორციელებელი ორგანოს მხრიდან პრიორიტეტულ მიდგომას, იმისთვის რომ დროის გაჭიანურების გარეშე მოხდეს პატიმრობის არსებული საფუძვლების აღმოხვრა ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც პირს წაყენებული აქვს ორი (ან მეტი) ბრალი, პატიმრობა მოთხოვნილია მხოლოდ ერთ-ერთზე, დაუშვებელია მეორე საქმესთან დაკაშირებით ხელახლა 9 თვიანი ვადით პატიმრობის შეფარდება იმდენად, რამდენადაც წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა იწყებს მოქმედებას ორივე ბრალდებასთან/საქმესთან მიმართებით, განურჩევლად იმისა, მოთხოვნილია თუ არა ის ერთ საქმეზე, თუ ორივეზე ერთდროულად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ სადავო ნორმა იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული, რაც ხელყოფს მისი როგორც ბრალდებულის კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე.
48. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი განამტკიცებს ადამიანის უმნიშვნელოვანეს უფლებას, მის ფიზიკურ თავისუფლებას. იგი, ერთი მხრივ, ადგენს ადამიანის თავისუფლების დაცვის როგორც მატერიალურ ასევე პროცესუალურ გარანტიებს, ხოლო მეორე მხრივ თავადვე უშვებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებია მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინტერესების დასაცავად, უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენებით. „ადამიანის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და მასში ჩარევა შესაძლებელია მკაცრი კონსტიტუციურ- სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც იცავს ნებისმიერ ადამიანს შესაძლო სახელისუფლებლო თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
49. სადავო ნორმები განსაზღვრავენ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მტკიცებით სტანდარტს. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის მიზანია, შექმნას სათანადო საფუძვლები სამართლიანი მართლმსაჯულების და სამომავლო დანაშაულის პრევენციის უზრუნველსაყოფად.
50. „უდავოა, რომ ადამიანის პირადი თავისუფლების, მისი ხელშეუხებლობის, საკუთარი ნების შესაბამისად მოქმედების თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, შეუზღუდავი უფლება. თუმცა ის აბსოლუტურად არის დაცული უკანონო, უსაფუძვლო და თვითნებური შეზღუდვისგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის ფიზიკური თავისუფლების მზუდავი ნორმა მიზნად უნდა ისახავდეს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინტერესების დაცვას, იყოს მიზნის მიღწევის თანაზომადი საშუალება და გამორიცხავდეს თვითნებობის შესაძლებლობას. ამა თუ იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება ემსახურება ადამიანის უფლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინტერესების დაცვას. დანაშაულის პრევენცია, ისევე როგორც შესაძლო დამნაშავის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება, მნიშვნელოვან კონსტიტუციურ სიკეთეს წარმოადგენს, რომლის დასაცავადაც, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია ადამიანის ფიზიკური თავისუფლება შეიზღუდოს. ეს ცალსახად გამომდინარეობს კონსტიტუციის მე-18 მუხლის სულისკვეთებიდან, ვინაიდან იგი თავადვე ადგენს ბრალდებულის დაპატიმრების შესაძლებლობას და გარკვეული ვადით შემოფარგლავს მას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის გადასაწყვეტად, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაშვებული პატიმრობის გამოყენების წინა პირობები, ის გარემოებები, რომლებსაც შეიძლება მოსამართლე დაეყრდნოს ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებისას. ხოლო შემდეგ უნდა გადამოწმდეს, რამდენად პასუხობს სადავო ნორმები კონსტიტუციის მოთხოვნებს.
51. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი ბრალდებულის მიმართ უშვებს 9 თვიანი ვადით წინასწარ პატიმრობას. კონსტიტუციის მიზნებისათვის ბრალდებულია ისეთი პირი, რომლის მიმართ, ერთი მხრივ, დანაშაული არ არის დამტკიცებული გონივრულ ეჭვს მიღმა, ანუ ის არ არის დამნაშავედ ცნობილი სასამართლოს მიერ, ხოლო მეორე მხრივ, არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ვარაუდი, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. აშკარაა, კონსტიტუციის ნება, რომ ბრალდებული პირის კავშირი დანაშაულთან ეფუძნება გარკვეული ხარისხის ვარაუდს და არა დამტკიცებულ გარემოებებს. ამავე დროს, კონსტიტუციის მე-18 მუხლის უმთავრესი მიზანია ადამიანის თავისუფლების თვითნებური, დაუსაბუთებული, სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული შეზღუდვის არდაშვება. შესაბამისად, პატიმრობის გამოყენებებისას პირის ბრალდება უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ გარემოებებს, მტკიცებულებებს, რომლებიც არა მხოლოდ კონკრეტული პირისათვის, არამედ ობიექტური დამკვირვებლისათვისაც შექმნიდა დანაშაულის ჩადენის მყარ ვარაუდს. ამასთან, ბრალდებულის მხრიდან მომდინარე სამომავლო საფრთხის ალბათობა რეალური უნდა იყოს, არ შეიძლება ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა ეფუძნებოდეს ბრალდების მხარის, ან მოსამართლის სუბიექტურ ეჭვს.
52. ამავე დროს, კონსტიტუციით გათვალისწინებული ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა არ წარმოადგენს სასჯელს. პატიმრობის ეს ფორმა არ არის გამიზნული იმისათვის, რომ სახელმწიფომ პასუხი მოსთხოვოს ბრალდებულს სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, მოახდინოს მის მიმართ შესაძლოდ გამოსაყენებელი სასჯელის მოხდის წინასწარი აღსრულება და ა.შ. კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ნათლად მიუთითებს, რომ „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“. მე-18 მუხლით გათვალისწინებული პატიმრობა წარმოადგენს არა შესაძლო დანაშაულის ჩადენის შედეგად მისჯილ სასჯელს, არამედ ისეთი ადამიანის მიმართ გამოყენებული ღონისძიებაა, რომლის უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობა, წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების განხორციელება და ბრალდებული პირის მხრიდან მომდინარე საზოგადოებრივი საფრთხეების აღმოფხვრა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ არსებობს დანაშაულის ჩადენაში პირის ბრალდების წინა პირობები, თავისთავად ვერ გამოდგება მის მიმართ პატიმრობის გამოყენების დამოუკიდებელ საფუძვლად. პატიმრობა უნდა ემსახურებოდეს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინტერესების დაცვას და, ამავე დროს, რეალური უნდა იყოს ბრალდებულის მიერ ამ ინტერესების ხელყოფის საფრთხე.
53. პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზანია მისი დამნაშავეობის დადგენა და შესაბამისი სასჯელის გამოყენება ან უდანაშაულოდ ცნობა. “სისხლის სამართლის პროცესში პირისთვის ბრალდებულის სტატუსის მინიჭება ემსახურება, ერთი მხრივ, გამოძიების ორგანოსათვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლების ლეგიტიმაციას და, მეორე მხრივ, ამ პირის აღჭურვას ადეკვატური საპროცესო გარანტიებით. პირის ბრალდებულად ცნობა საფუძვლად ედება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, რამაც საბოლოო ჯამში უნდა განაპირობოს საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის პატიმრობა შესაძლოა წარმოადგენდეს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თანმდევ მოვლენას, რომლის მიზანს მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება, საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ბრალდებულის მიმალვის, მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, ან მტკიცებულებების განადგურების, ისევე როგორც ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის თავიდან აცილება, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვისა და მართლმსაჯულების განხორციელების ლეგიტიმური მიზნების მიღწევას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, დემოკრატიული საზოგადოება პატიმრობის გამოყენების სამ უმთავრეს საფუძველს აღიარებს: პირის შესაძლო მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების (მოწმეებზე ზემოქმედების) და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებს.
54. ლეგიტიმური მიზნების არსებობა თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის აუცილებელ, თუმცა არასკმარის წინა პირობას წარმოადგენს. შეზღუდვა ასევე მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტიელბა საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). ამავე დროს, კანონმდებლობით განსაზღვრული უნდა იყოს მკაფიოდ ფორმულირებული და განჭვრეტადი კრიტერიუმები, რომლებიც პატიმრობას, როგორც აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ ფორმას, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაუშვებს და მას სასამართლოს მკაცრ კონტროლს დაუქვემდებარებს. „კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ერთი მხრივ მოქმედებს როგორც ადამიანის ფიზიკური თავისუფლების დაცვის გარანტი, ხოლო მეორე მხრივ მისი შეზღუდვის უფლებამოსილებით აღჭურვილი ლეგიტიმური ორგანო“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
55. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიერ სადავოდ გამხდარი სსსკ-ის მე-3 პუნქტის მე-11 ნაწილი და სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პატიმრობის გამოყენებას დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე ითვალისწინებს, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და თავისუფლების უფლების არათანაზომიერი შეზღუდვის საფრთხეს ქმნის. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს, შეიცავს თუ არა სადავო ნორმა პატიმრობის შეფარდების მკაფიო და განჭვრეტად კრიტერიუმს და ხომ არ ქმნის უფლების არაპროპორციული შეზღუდვის საფრთხეს.
56. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდი არის ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა დანაშაული. ამასთანავე, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის საფუძველზე, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი (მოსამართლე ან პროკურორი) აფასებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, მის დასაბუთებულობას. ამდენად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობა წარმოადგენს პირის ბრალდებულად ცნობის (ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების) და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინა პირობას.
57. უნდა აღინიშნოს, რომ დასაბუთებული ვარაუდი წარმოადგენს მტკიცებულებათა შემოწმების შედარებით უფრო დაბალ სტანდარტს, ვიდრე სსსკ-ის ამავე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ალბათობის მაღალი ხარისხი (წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის სახელმძღვანელო სტანდარტი, რომელიც ეყრდნობა სხდომაზე წარმოდგენილ ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი) და მე-13 ნაწილით გათვალისწინებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში). შესაბამისად, პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე მის მიერ დანაშაულის ჩადენის ალბათობის შემოწმება დასაბუთებული ვარაუდის, ალბათობის მაღალი ხარისხისა და გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებით ხდება.
58. უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ინტენსიურია თავისუფლების უფლების შეზღუდვა, მით უფრო მკაცრია კონსტიტუციის მოთხოვნები ასეთი შეზღუდვის კონსტიტუციურობის შესაფასებლად. დაკავების სახით თავისუფლების ხანმოკლე შეზღუდვა, ბრალდებულისთვის (არაუმეტეს 9 თვის ვადით) წინასწარი პატიმრობის შეფარდება ან მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ უფლებაში განსხვავებული სიმწვავით ჩარევის მაგალითებს წარმოადგენს.
59. დაკავება ან წინასწარი პატიმრობის შეფარდება წარმოადგენს თავისუფლების დროებით შეზღუდვას, რომლის ხანგრძლივობის მაქსიმალური ზღვარი, შესაბამისად 72 საათიანი ან 9 თვიანი ვადით არის განსაზღვრული. ამდენად, წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას გარკვეული ხარისხის ვარაუდზე და არა ფაქტების გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენაზე დაფუძნებული მტკიცებითი სტანდარტის გამოყენება, თავისთავად არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციის მე-18 მუხლის მოთხოვნებთან. თუმცა, იმის გადასაწყვეტად, თუ რამდენად აკმაყოფილებს სადავო ნორმით განსაზღვრული დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს:
ა) შეიცავს თუ არა აღნიშნული სტანდარტი მკაფიო და ერთმნიშვნელოვან მითითებებს წინასწარი პატიმრობის გამოყენების დასაბუთებულობის შესამოწმებლად.
ბ) არსებობს თუ არა საფრთხე იმისა, რომ სადავო ნორმის პირობებში კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება არაპროპორციულად მკაცრად იქნეს შეზღუდული.
60. იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრობის გამოყენება ეფუძნება როგორც დანაშაულის ჩადენის (რომელზეც პირს ბრალი ედება), ასევე შესაძლო მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების (მოწმეებზე ზემოქმედების) და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის არსებობის მხოლოდ ვარაუდს, ყოველთვის არსებობს მისი არასწორად გამოყენების საფრთხე. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, დაადგინოს ისეთი რეგულირება, რომელიც სასამართლოს მისცემს განსაზღვრულ და არაორაზროვან მითითებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა იყოს გამოყენებული პატიმრობა როგორც აღკვეთის ღონისძიება. ამავე დროს, არაგონივრული და შეუძლებელიც იქნება, რომ საქმის განხილვის პირველივე ეტაპზე, ბრალდების მხარეს ან სასამართლოს მოეთხოვოს ბრალისა თუ პატიმრობის საფუძვლების ყველაზე მკაცრი სტადარტით შემოწმება. კონსტიტუცია უშვებს პატიმრობის გამოყენებას, თუმცა საკანონმდებლო რეგულირება უნდა იყოს რაც შეიძლება ნათლად განსაზღვრული და იძლეოდეს პატიმრობის მაქსიმალურად ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოყენების შესაძლებლობას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ადამიანის თავისუფლების შემზღუდველი კანონი წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის პროპორციულ საშუალებას.
61. კანონი უნდა აძლევდეს მოსამართლეს მკაფიო მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გარემოებებს უნდა დაეყრდნოს პატიმრობის შეფარდებისას. გადაწყვეტილება არ უნდა იყოს დამოკიდებული სრულიად სუბიექტურ შეფასებაზე. შეუძლებელია, ამომწურავად განისაზღვროს ყველა ის ფაქტორი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მოსამართლის დასაბუთებულ ვარაუდს წინასწარი პატიმრობის საფუძვლების არსებობის შესახებ, თუმცა კანონი უნდა მიუთითებდეს, რომ ეს უნდა იყოს ობიექტურ ფაქტორებზე დაფუძნებული ვარაუდი. უნდა გამომდინარეობდეს იმ ფაქტებიდან და ინფორმაციიდან, რომელთა იდენტიფიცირება და გადამოწმება შესაძლებელია, რომლებიც მიუთითებენ ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე. რიგ შემთხვევებში, თავად დანაშაულის ხასიათი, გარემოებები, რომელშიც ის სავარაუდოდ იქნა ჩადენილი, ან ბრალდებულის პიროვნება შეიძლება მიუთითებდეს ბრალდებულის მიმალვის, მისი მხრიდან მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებულ საფრთხეზე. თუმცა, ამავე დროს, პირის ბრალდებულად ცნობა თავისთავად ვერ იქნება საკმარისი დასკვნისათვის, რომ მან შეიძლება სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაც განახორციელოს.
62. მსგავსი მიდგომა უნდა იყოს ახალი დანაშაულის პრევენციის მიზნით აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას. ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის სამტკიცებლად სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს რამდენად არსებობს პირის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რეალური საფრთხე. მაგალითად, ხომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ დანაშაულის მომზადებაზე ან დაუსრულებელი დანაშაულის დასრულების განზრახვაზე. ასევე, ხშირ შემთხვევებში მნიშვნელოვანია განისაზღვრის ისევ არსებობს თუ არა ის გარემოებები, რომელშიც პირმა სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული. მაგალითად, როდესაც სახეზეა საჯარო მოხელის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული, სასამართლომ შეიძლება გაითვალისწინოს ისევ არის თუ არა საჯარო მოხელე თანამდებობაზე. ამავე დროს, გასათვალისწინებელია დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის მოტივაცია, მაგალითად, თუ დანაშაული ჩადენილია აფექტის ან კონკრეტულ შემთხვევაში ისეთი ფაქტორების არსებობის შედეგად, რომლებიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისევ დადგება.
63. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების, მათ შორის პატიმრობის გამოყენების საფუძველია: „დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს“, ხოლო სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდი არის „ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო პატიმრობის გამოსაყენებლად იკვლევს, არსებობს თუ არა ფაქტები ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც ობიექტური პირი დაასკვნიდა, რომ შესაძლოა პირი მიიმალოს, არ გამოცხადდეს სასამართლოში, გაანადგუროს მტკიცებულებები ან/და ახალი დანაშაული ჩაიდინოს. ამავე დროს, სსსკ-ის 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მითითებული სადავო ნორმები ახდენს თუ არა იმის გარანტირებას, რომ პატიმრობის გამოყენება მხოლოდ ობიექტურ გარემოებებზე დაფუძნებული ვარაუდის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ასევე უნდა შეფასდეს, პატიმრობის გამოყენებისას რამდენად უზრუნველყოფს სადავო ნორმები მოსამართლეს საკმარისი მითითებით დასაბუთებული ვარაუდის ჩამოყალიბებისათვის.
64. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისნინებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ორი ტიპის საფუძველს და, მხოლოდ ორივეს არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი სასამართლო მიიღოს პირის დაპატიმრების გადაწყვეტილება. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ არსებობს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც პირის შესაძლო ბრალდებაში ობიექტურ პირს დაარწმუნებდა. აღნიშნული ნორმა ავალდებულებს სასამართლოს, შეაფასოს სისხლის სამართლის საქმის გარემოებები და მხოლოდ იმ შემთხვევში გამოიყენოს წინასწარი პატიმრობა (ან სხვა აღკვეთის ღონისძიება), თუ დარწმუნდება, რომ საქმეში არსებული მასალები სისხლისსამართლებრივი დევნის დასაბუთებულობაზე მიუთითებენ. ამავე დროს, სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო ასევე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით უნდა დარწმუნდეს, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მტკიცებულებების განადგურების ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური ალბათობა/საფრთხე.
65. სადავო ნორმები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ პატიმრობის გადაწყეტილების მიღებისას სახეზე უნდა იყოს ისეთი ფაქტები და ინფორმაცია, რომელთა საფუძველზე ობიექტური პირი დარწმუნდებოდა პატიმრობის გამოყენების საჭიროებაში. შესაბამისად, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, მოსამართლე გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს არა მისი სუბიექტური ეჭვების საფუძველზე, არამედ იგი ვალდებულია შეაფასოს არსებობს თუ არა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ობიექტურად მიუთითებენ, ობიექტურ პირს დაარწმუნებდნენ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას. ამავე დროს, სსსკ-ის 206-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად: „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარეს ეკისრება“. შესაბამისად, სწორედ ბრალდების მხარეა ვალდებული დაასაბუთოს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაზე ობიექტური გარემოებები მიუთითებენ, ხოლო სასამართო ვალდებულია შეამოწმოს, რამდენად დასაბუთებულია ბრალდების პოზიცია.
66. სსსკ-ის 206-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებაში მიუთითოს „მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მოსამართლე დარწმუნდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობაში“. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მოსამართლე განუმარტავს მხარეებს, „თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიყენა მან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და რატომ მიიჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით აღკვეთის ღონისძიების მიზანი ვერ მიიღწეოდა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობა პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის (რომელზეც ბრალი აქვს წარდგენილი) და, ამავე დროს, ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის შესახებ მტკიცებულებებისა და ინფორმაციათა ერთობლიობაზე დაფუძნებული ვარაუდის არსებობის პირობებში, რაც გამორიცხვს პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების შესაძლებლობას.
67. სადავო ნორმები, სსსკ-ის ხსენებულ ნორმებთან კონტექსტში განმარტების პირობებში, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტიელბა უნდა ეფუძნებოდეს ობიექტური გარემოებების არსებობას პირის შესაძლო მიმალვის, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხის შესახებ, რაც გამყარებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილით, ობიექტურ პირზე მითითება აძლევს საკმარის სახლმძღვანელო პრინციპს მოსამართლეს, რათა დაასკვნას, რომ პატიმრობის გამოყენება შესაძლებელია არა სუბიექტური ეჭვის, არამედ მყარი, ობიექტურ გარემოებებზე დაფუძნებული ვარადის არსებობის პირობებში.
68. ამავე დროს, სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების „მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით“. აღნიშნულიდან გამომდინარე, პატიმრობის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ბრალდებულის შესაძლო მიმალვის, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების (მოწმეებზე ზემოქმედების) აღკვეთის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონი პატიმრობის გამოყენებას უშვებს უკიდურესად აუცილებელ შემთხვევებში, როდესაც უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს თავისუფელბის უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას.
69. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერი განმარტებისა და გამოყენების პირობებში, სადავო ნორმები სხვა ნორმებთან კონტექსტში, ერთი მხრივ, გამორიცხავენ პირის მიმართ პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფილია, რომ პატიმრობა იქნება უფლების შეზღუდვის პროპორციული საშუალება. შესაბამისად, სადავო ნორმები პასუხობენ წინასწარი პატიმრობის გამოყენების კონსტიტუციურ მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტს.
70. კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის საწინააღმდეგო იქნებოდა რეგულირება (მისი იმგვარი გამოყენება), რომლის საფუძველზე პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო მხედველობაში მიიღებდა სისხლის სამართლის საქმის იმ ფაქტებს ან ინფორმაციასა და გარემოებებს, რომლებიც ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის ან მტკიცებულებების განადგურების (მოწმეებზე ზემოქმედების) ჰიპოთეტურ საფრთხე(ებ)ზე მიუთითებენ, როდესაც ბრალდებულის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების თეორიული შესაძლებლობა და არა რეალური საფრთხე არსებობს.
71. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი დაკმაყოფილებული არ არის იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, არა პატიმრობის გამოყენების ობიექტურ გარემოებებზე დაფუძნებულ ვარაუდს ქმნის, არამედ უბრალოდ არ გამორიცხავს პატიმრობის გამოყენების საფუძვლების არსებობას.. წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ დაცვის მხარემ ვერ უარყო ბრალდების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და, ამდენად, ვერ გამორიცხა ბრალდებულის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესაძლებლობა. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილი და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ტერმინოლოგიურად მიუთითებს შესაძლო დანაშაულზე, შესაძლო მიმალვაზე და ა.შ. ტერმინში „შესაძლო“ არ მოიაზრება ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის უნარი, ასეთი ქმედების განხორციელების რეალური შესაძლებლობა. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, მთლიანობაში, ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების ვარაუდი ობიექტურ გარემოებებზეა დაფუძნებული, რომელიც ასეთი ქმედების განხორციელების რეალურ საფრთხეზე მიუთითებს.
72. დაუშვებელია წინასწარი პატიმრობის გამოყენება იმ მოტივით, რომ სასამართლომ „ვერ გამორიცხა“ ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის ან/და მტკიცებულებების განადგურების ყველა შესაძლებლობა. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, მცირეოდენი ეჭვიც კი, ბრალდებულის საზიანოდ იმოქმედებს და თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ბრალდებულისგან მომდინარე საფრთხის არაპროპორციულად გაზრდის. არ შეიძლება სასამართლომ პრეზუმირებულად ჩათვალოს აღკვეთის ღონსიძიების, მათ შორის, პატიმრობის საფუძვლის არსებობა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ პირი ბრალდებულია, განურჩევლად იმისა, თუ რა სახის დანაშაულში ედება პირს ბრალი. ვარაუდის „ვერ გამორიცხვის“ სტანდარტი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველს თითქმის ყოველთვის შექმნის. საკონსტიტუციო სასა მართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის (დასაბუთებული ვარაუდის) ამგავრი განმარტება აშკარად არასწორ აღქმაზე, მის არაგონივრულ წაკითხვაზე იქნება დაფუძნებული. როგორც უკვე აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროების მტკიცების ტვითი ეკისრება ბრალდების მხარეს, რაც გულისხმობს ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის ან/და მტკიცებულების განადგურების რეალური შესაძლებლობის ობიექტურ გარემოებებზე დაფუძნებული ვარაუდის არსებობის მტკიცებას. პატიმრობის გამოყენების მიმართ სასამართლოს მხრიდან საწინააღმდეგო მიდგომა ფაქტობრივად ნიშნავს მტკიცების ტვირთის ბრალდებულზე დაკისრებას. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ დაუშვებელია აღკვეთის ღინისძიების გამოყენება მხოლოდ იმ მოტივით, რომ დაცვის მხარემ ვერ უარყო ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები. აღკვეთის ღონისძიების და, მით უფრო, წინასწარი პატიმრობის გამოყენების დასაბუთებულ ვარაუდს ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს. ცხადია, რომ დაცვის მხარე უფლებამოსილია, წარმოადგინოს არგუმენტები, რომლებიც დაეხმარება სასამართლოს, სწორად შეაფასოს სავარაუდო საფრთხის არსებობა, მაგრამ, თუ დაცვის მხარე ვერ შეძლებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძვლების სათანადოდ წარმოჩენას, ეს, თავისთავად, ვერ იქნება პატიმრობის გამოყენების საკმარისი წინა პირობა.
73. სადავო ნორმებიდან გამომდინარე, პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლო ხელმძღვანელობს ისეთი მტკიცებითი სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს აფიქრებინებდა, რომ ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური ალბათობა არსებობს. ნორმის სხვაგვარი განმარტება ქმნის საშიშროებას იმისა, რომ თავისუფლების უფლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის ან/და მტკიცებულებების განადგურების მცირეოდენი ალბათობა, რომელსაც მოსამართლე, ისევე როგორც სხვა გონიერი ადამიანი, ვერ გამორიცხავს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს“, აგრეთვე 205-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა
74. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს“ და 205-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის არსებობა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, მათ შორის პატიმრობის გამოყენების საფუძველს წარმოადგენს. მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ხსენებული საფუძვლით პატიმრობის შეფარდებას კანონი უშვებს იმ პირობებში, როდესაც სათანადო სტანდარტით არ არის დასაბუთებული ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის არსებობა. შესაბამისად, მისი მტკიცებით, კანონი ბრალდებულის დაპატიმრების შესაძლებლობას ადგენს ახალი დანაშაულის ჩადენის აბსტრაქტული საფრთხის პირობებში. იგი ასევე უთითებს, რომ ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენება შეიძლება მოხდეს გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ან ისეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც სასჯელად არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
75. ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, ისევე, როგორც აღკვეთის ღონისძიების სხვა საფუძვლით გამოყენების მტკიცებითი სტანდარტი, დადგენილია სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილითა და 198-ე მუხლით. აღნიშნული ნორმების კონსტიტუციურობა სასამართლომ უკვე შეაფასა და მიიჩნია, რომ ისინი პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებენ მხოლოდ ობიექტურ გარემოებებზე დაფუძნებული ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხის არსებობისას, რაც შესაბამისობაშია კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან. კანონი, ერთი მხრივ, ადგენს საკმარის გარანტიას უსაფუძვლო პატიმრობის გამოსარიცხად, ხოლო მეორე მხრივ, სადავო ნორმა არ უკავშირდება პატიმრობის გამოყენების საფუძვლების არსებობის მტკიცებითი სტანდარტის რეგულირებას. შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტაცია არ გამოდგება სადავო ნორმების ამ თვალსაზრისით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად.
76. ამავე დროს, იმისდა მიუხედავად, შესაძლო/სამომავლო დანაშაული იქნება განზრახი თუ გაუფრთხილებლობითი, პატიმრობის გამოყენებისას სასამართლო ვალდებულია, გადაამოწმოს, არსებობს თუ არა მისი შესაძლო ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი. რაც გულისხმობს, რომ უნდა არსებობდეს ობიექტური ფაქტორები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეზე მიუთითებენ. მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მასალები მიუთითებდნენ გაუფრთხილებელი დანაშაულის შესაძლო ჩადენის რეალურ შესაძლებლობაზე, თუმცა, თუ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი საფრთხე დასაბუთებულია, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა არსებობდეს განსხვავებული მიდგომა განზრახი და გაუფრთხილებლობითი დანაშაულის შესაძლო ჩადენას შორის. დანაშაულის ჩადენის საფრთხის განსაზღვრისას, სასამართლო არ აფასებს მხოლოდ პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას კანონის დარღვევის მიმართ. შესაძლოა, საქმეში არსებობდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენის რეალურ შესაძლებლობაზე. ზოგიერთი გაუფრთხილებლობითი დანაშაული საზოგადოებრივი საფრთხის თვალსაზრისით, შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ზოგიერთ განზრახ დანაშაულს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული ჩაიდენს ახალ დანაშაულს, მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ვერ გამორიცხავს ის ფაქტი, რომ შესაძლო დანაშაული გაუფრთხილებლობითია.
77. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: „სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით“. აღნიშნული ნორმა უნდა განიმარტოს სისხლის სამართლის პროცესის პრინციპების გათვალისწინებით. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „პირი უნდა იყოს თავისუფალი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადასტურდა მისი დაპატიმრების აუცილებლობა“. აშკარაა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა პატიმრობას განიხილავს როგორც უკიდურეს ზომას, რომელიც მიმართული უნდა იყოს მნიშვნელოვანი და რეალური საზოგადოებრივი საფრთხის აღმოსაფხვრელად. ამავე დროს, იმ პირობებში, როდესაც დანაშაული თავისი შინაარსით არ ქმნის ისეთ საზოგადოებრივ საფრთხეს, რომლისთვისაც კანონმდებელი სასჯელად თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, შეუძლებელია, რომ პატიმრობა განხილული იქნეს ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხის აღმოფხვრის აუცილებელ საშუალებად.
78. სსსკ-ის 171-ე მუხლი განსაზღვრავს პირის დაკავების საფუძველს. დაკავება წარმოადგენს პატიმრობასთან შედარებით თავისუფლების ნაკლებად მზღუდავ საშუალებას, რომელიც იგივე მტკიცებითი სტანდარტითა და იმავე მიზნების უზრუნველსაყოფად გამოიყენება. თუმცა კანონი სასამართლოს გადაწყვეტილებით პირის დაკავებას მხოლოდ ისეთი დანაშაულისთვის უშვებს, რომელიც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული ნორმის თანახმად „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე“.
79. იმ დანაშაულთან მიმართებით, რომლისთვისაც სასჯელის სახით არ არის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა, კანონი ბრალდებულის შესაძლო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხის აღმოსაფხვრელად სასამართლოს მიერ პირის ფიზიკური თავისუფლების ხანმოკლე შეზღუდვას, დაკავებას დაუშვებელ, არაპროპორციულ ღონისძიებად მიიჩნევს. აშკარაა კანონის ნება, რომ პატიმრობის აუცილებლობა სახეზე არ იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ისეთი დანაშაულის შესაძლო ჩადენისა, რომელიც თავისუფლების აღკვეთას სასჯელად არ ითვალისწინებს. ამდენად, ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხის აღმოსაფხვრელად, სადავო ნორმების საფუძველზე, სასამართლო პირის მიმართ პატიმრობას ვერ გამოიყენებს. შესაბამისად, ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხის აღმოსაფხვრელად სადავო ნორმების საფუძველზე, სასამართლო პირს პატიმრობას ვერ შეუფარდებს. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების და სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს“ და 205-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა
80. კონსტიტუციურ სარჩელში, მათ შორის, სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის მე-3 წინადადება. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის N3976-რს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძვლზე, სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად გამოცხადება იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
81. წარმოდგენილი ნორმებიდან აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სადავო ნორმის შინაარსი უნდა განისაზღვროს, მათ შორის, მისი სისტემური განმარტებით, აგრეთვე ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას გასათვალისწინებელია ფაქტორები, როგორიცაა შეზღუდვის ინტენსივობა, ფარგლები და სხვა. ყოველივე აღნიშნულზე არსებით გავლენას ახდენს ის სამართლებრივი სივრცე, რომელშიც სადავო ნორმა არსებობს. ამგვარად, ძალადაკარგულად ცნობილი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლო შებოჭილია არა მხოლოდ უშუალოდ გასაჩივრებული ნორმით, არამედ იმ ნორმატიული რეალობით, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების დროს არსებობდა.
82. სადავო ნორმის მიხედვით, სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნით წარდგენილ „შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს, რა ახალი გარემოებები გამოვლინდა, რომლებიც არ იყო ცნობილი აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას და უნდა დაერთოს შესაბამისი მტკიცებულებანი (მასალები) ამ ახალ გარემოებათა შესახებ“. ამავე დროს, სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების დროს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების გადახედვის სხვა წესს, გარდა დაცვის მხარის სადავო ნორმის საფუძველზე შუამდგომლობის წარდგენისა. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ახდენდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან/გაუქმებასთან დაკვშირებით არსებული მტკიცების ტვირთის დაცვის მხარეზე გადატანას, რაც, მისი აზრით, ბრალმდებლის მოვალეობას წარმოადგენს.
83. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, განსხვავებულად ჩამოყალიბდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206 მუხლის მე-9 ნაწილი, კერძოდ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის/გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში დაეკისრა ბრალდების მხარეს. ამასთან, სსსკ-ს დაემატა 2301 მუხლი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სასამართლოს მიერ, არსებითი განხილვის შემდგომ, ორ თვეში ერთხელ პირის დაპატიმრების მართლზომიერების შემოწმების ავტომატური მექანიზმი. გასათვალისწინებელია, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს მიენიჭა უფლებამოსილება, თავისი ინიციატივით განიხილოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი.
84. სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების დროს არსებული და ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული პატიმრობის შესახებ სასამართლოს განჩინების გადახედვასთან დაკავშირებით ბრალდებული პირის უფლებრივი რეჟიმი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს 2 თვეში ერთხელ სასამართლოს მიერ პატიმრობის გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში გადახედვას და პატიმრობის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ მტკიცების ტვირთს სრულად აკისრებს ბრალდების მხარეს. ამავე დროს, ბრალდებულს უფლება აქვს, თავადაც მოითხოვოს პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების გადახედვა ახალ გარემოებებზე მითითებით. ამ შუამდგომლობის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაში, პატიმრობის გაგრძელების საჭიროების მტკიცების ტვირთი ისევ ბრალდების მხარეს ეკისრება. ამდენად, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი არსებითად შეიცვალა, განსხვავებულად არის მოწესრიგებული სადავო ურთიერთობები, რომლებიც პატიმრობის საფუძვლების პერიოდული გადახედვის ვალდებულებას ადგენს და მეტი სიცხადით შეიცავს მითითებას, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარეს ეკისრება. შესაბამისად, არ არსებობს ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
85. ამგვარად, სასარაჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის მე-3 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არსებობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეწყვეტის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III.
სარეზოლუციო ნაწილი
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 212 მუხლის პირველი პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი N646 (საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
3. კონსტიტუციური სარჩელი N646 (საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის, აგრეთვე, ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს“, აგრეთვე 205-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ) შეწყდეს საქმე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების სხდომათა დარბაზში მისი გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
8. გადაწყვეტილება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდეს 15 დღის ვადაში.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა - ხელი არ მოაწერა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი