„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/681 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 11 ნოემბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
განსახილველი საკითხი: №681 კონსტიტუციურ სარჩელზე მოპასუხე მხარის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის თამარ მესხიას შუამდგომლობა მოსამართლეების - კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილების შესახებ.
I
1. 2015 წლის 11 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას №681 კონსტიტუციურ სარჩელზე მოპასუხის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა თამარ მესხიამ მიმართა შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ორი წევრის - კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის №681 კონსტიტუციური სარჩელის განხილვაში მონაწილეობიდან აცილების საკითხთან დაკავშირებით.
2. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ მოსამართლეებს - კონსტანტინე ვარძელაშვილსა და მაია კოპალეიშვილს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აკავშირებთ ახლობლური ურთიერთობა „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან. კერძოდ, მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილის მეუღლე, ანა ჟვანია იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი ნიკა გვარამიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ასევე მოსამართლე მაია კოპალეიშვილი იკავებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობებს ბ-ნი ნიკა გვარამიას აღნიშნულ სამინისტროებში მინისტრობის პერიოდში.
3. მოპასუხე მხარის განმარტებით, მართალია, №681 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ წარმოადგენს „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, თუმცა აღნიშნულ სარჩელში სადავოდ მითითებული ნორმები ან ამ ნორმათა მოქმედების შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გავლენას მოახდენს როგორც მოსარჩელე „შპს ტელეკომპანია საქართველოს“, ისე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ უფლებრივ მდგომარეობაზე, ვინაიდან დასახელებული ორგანიზაციები ერთდროულად წარმოადგენენ მოპასუხე მხარეს საერთო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე.
4. მოპასუხის მტკიცებით, მოსამართლეთა მიკერძოებული დამოკიდებულება „შპს ტელეკომპანია საქართველოსა“ და „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ №675 კონსტიტუციური სარჩელის მიღებისა და განხილვის ადრეულ სტადიებზე უკვე გამოვლინდა, რაც მოპასუხისთვის ეჭვის გაჩენის საფუძველია, რომ ამგვარი დამოკიდებულება იქნება გამოვლენილი №681 კონსტიტუციური სარჩელის მიმართაც. მოპასუხის მითითებით, აღნიშნული მიკერძოებული დამოკიდებულება გამოიხატებოდა იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ №673 და №677 კონსტიტუციური სარჩელების განხილვა, რომელ საქმეებშიც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდნენ, შესაბამისად, „შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ და „შპს თიბისი ბანკი“ და რომლებშიც №675 კონსტიტუციური სარჩელის იდენტური კანონმდებლობის ნორმა იყო გასაჩივრებული, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი განმწესრიგებელი სხდომა ჩაინიშნა 2015 წლის 2 ნოემბერს, რის შესახებაც მოპასუხე მხარეს ეცნობა ა.წ. 30 ოქტომბერს, როდესაც სხდომის გამართვამდე მოპასუხე მხარის პოზიციის ჩამოსაყალიბებლად საქართველოს პარლამენტს არ რჩებოდა არც ერთი სამუშაო დღე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობით საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო საკითხს გადაწყვეტდა ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან თავად განსახილველი საქმის სპეციფიკა მოითხოვდა მის უმოკლეს ვადაში შესწავლასა და გადაწყვეტას.
5. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეების მიმართ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხის განხილვასაერთო სასამართლოში თავდაპირველად ჩანიშნული იყო 2015 წლის 30 ოქტომბრისთვის, რომელიც გადაიდო ა.წ. 9 ნოემბერს. საქართველოს პარლამენტისათვის გაუგებარია საკონსტიტუციო სასამართლოს უარი საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობასთან დაკავშირებით იმ გარემოების გამო, რომ საერთო სასამართლოებში სხდომის 30 ოქტომბერს გამართვის შემთხვევაში განმწესრიგებელი სხდომის 2 ნოემბერს ჩატარება ისედაც დაგვიანებული იქნებოდა, ხოლო 9 ნოემბერს განხილვის პირობებში სასამართლოს ობიექტურად ექნებოდა შესაძლებლობა, დამატებით, თუნდაც ერთი დღე მიეცა მოპასუხისათვის საკუთარი სამართლებრივი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
6. შუამდგომლობის თანახმად, №673 და №677 კონსტიტუციური სარჩელების მოსარჩელეთა მიერ საკონსტიტუციო სასამართლოდან გახმობის შემდეგ სასამართლომ №675 კონსტიტუციურ სარჩელზე იმავე დღეს, 2015 წლის 2 ნოემბერს საქმეზე განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით ჩატარების გარეშე გამოაცხადა საოქმო ჩანაწერი. მოპასუხე მხარისათვის გაუგებარია ანალოგიურ სადავო საკითხთან დაკავშირებით ორ კონსტიტუციურ სარჩელზე ზეპირი მოსმენის ჩატარება და საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა რატომ იყო აუცილებელი, მაშინ, როდესაც ამგვარი საჭიროება სასამართლომ ვერ დაინახა მესამე, „შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხის განმარტებით, №675 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ საოქმო ჩანაწერის გამოცხადების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში გამოცხადდა სხდომის დარბაზში, სადაც უკვე მობილიზებული იყვნენ ჟურნალისტები. აღნიშნული გარემოება მოპასუხეს აფიქრებინებს, რომ, ჟურნალისტებთან შედარებით, მოპასუხე მხარეს უფრო გვიან ეცნობა გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ.
7. შუამდგომლობის თანახმად, ბუნდოვანება წარმოიშვა „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ მიერ შეტანილ და რეგისტრირებულ სარჩელთა (რეგისტრაციის №675, №678, №679) სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გაჭიანურების, ისევე როგორც მათ შესახებ სასამართლოს მიერ მოპასუხე საქართველოს პარლამენტისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო.
8. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეალურ მიზანს წარმოადგენდა „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება, თუმცა იმგვარად, რომ ამ უკანასკნელის გვერდის ავლით, სხვა მოსარჩელეების მიმართ განხორციელებულიყო სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება.
9. მოპასუხე მხარე ხაზს უსვამს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში არსებითად განსახილველად მიღებულ საქმეთა სტატისტიკაზე და აღნიშნავს, რომ „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ კონსტიტუციური სარჩელის გარდა, არც ერთი სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტა, რომელზეც შეჩერებულ იქნა სადავო ნორმის მოქმედება, არ მომხდარა ზეპირი მოსმენის გარეშე.
10. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე მიუთითებს, რომ №675 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის ის მონაკვეთი, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას შეეხება, არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მსჯელობა იმ საფრთხეებზე, რაც ნორმის მოქმედების შეჩერებით მესამე პირთათვის წარმოიშობა. ამგვარი მიდგომით საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ფაქტობრივად შეცვალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის განხილვისას მესამე პირთა ინტერესების შეფასების საკითხთან დაკავშირებით.
11. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ორი წევრი №681 კონსტიტუციურ სარჩელთან მიმართებით არ აკმაყოფილებს მოსამართლის მიუკერძოებლობის აღიარებულ სტანდარტებს, რის გამოც, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 37-ე მუხლის საფუძველზე, ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებას.
12. მოპასუხე მხარე საკუთარ შუამდგომლობას ამყარებს საქართველოს საერთო სასამართლოების, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ამერიკის პრეცედენტული სამართლით, ისევე როგორც მოსამართლეთა საყოველთაო ქარტიის მე-5 მუხლით.
II
1. შუამდგომლობაში მოპასუხე მხარე აცილების საფუძვლად მიუთითებს ამავე კოლეგიის მიერ N675 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საოქმო ჩანაწერის (N1/6/675) მიღებისას სასამართლოს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ქმედებებზე, რომელთა შინაარსიც, მისი აზრით, აჩენს განცდას მოსამართლეების არაობიექტურობასა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.
2. შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ განმწესრიგებელი სხდომა, რომელზეც გადაწყდა „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ და „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება, განხორციელდა პროცედურული დარღვევებით, რაც, მოპახუხის აზრით, კოლეგიაში შემავალი ოთხი მოსამართლიდან ორის მიკერძოებულობაზე მიანიშნებდა. მოპასუხე მხარეს ერთ-ერთ ასეთ პროცედურულ დარღვევად მიაჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტს არ ეცნობა ამ კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციისა და განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარების შესახებ.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, როგორც წესი, განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ მაშინ არის უფლებამოსილი, გამართოს საქმის ზეპირი მოსმენა, თუკი სხვანაირად შეუძლებელია საქმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევა. ანუ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო საკითხის გადასაწყვეტად საჭიროდ მიიჩნევს მხარეების, მოწმეების, ექსპერტების ან/და სპეციალისტების პოზიციების მოსმენას. ამასთან, თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კონსტიტუციური სარჩელების აბსოლუტური უმრავლესობა არსებითად განსახილველად მიღებულია ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებული 19 შუამდგომლობიდან მხოლოდ 6 იქნა განხილული ზეპირი მოსმენით.
4. იმავდროულად, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოპასუხე მხარისათვის კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას. კანონმდებლობა ასევე არ განსაზღვრავს და არ ადგენს მოთხოვნებს სარჩელის ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით. პრაქტიკაში არასდროს, სასამართლოს მიერ აქამდე განხილულ არც ერთ საქმეზე, სასამართლოს ოფიციალურად არ მიუწოდებია ინფორმაცია მოპასუხე მხარისთვის სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაურკვეველია, რას ეფუძნება შუამდგომლობის ავტორის მოლოდინი, რომ მის მიერ დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა დაეშვა გამონაკლისი და უზრუნველეყო მისი ინფორმირება აღნიშნული სარჩელის რეგისტრაციის შესახებ.
5. ამავე დროს, სასამართლო ვალდებულია, მიაწოდოს მოპასუხე მხარეს კონსტიტუციური სარჩელი, როდესაც იგი საქმეს ზეპირი მოსმენით იხილავს. სხვა შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, კოლეგიის ან პლენუმის მიერ, მოპასუხეს სარჩელი (საოქმო ჩანაწერთან ერთად) ეგზავნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არსებითად განსახილველად იქნება მიღებული. თუ სასამართლო არ მიიღებს სარჩელს წარმოებაში, ის სარჩელს მოპასუხეს არ უგზავნის. ამ მხრივ კანონმდებლობის მოთხოვნა არაორაზროვანია და სასამართლო პრაქტიკაც ერთგვაროვანი. აღსანიშნავია, რომ კანონის აღნიშნული დანაწესის სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობაზე არც შუამდგომლობის ავტორი არ უთითებს.
6. „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისა“ და „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არ იქნა განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით დანიშნული, შესაბამისად, ბუნებრივია, არ მომხდარა სხდომის თარიღის მოპასუხისთვის შეტყობინება. მას, კანონის თანახმად, ეცნობა მხოლოდ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
7. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით განისაზღვრება სარჩელში მითითებული გარემოებებიდან და არგუმენტებიდან გამომდინარე. როგორც აღინიშნა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოთხოვნას სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით.
8. აღსანიშნავია, რომ ზემოთ დასახელებული სამართლებრივი და სასამართლოს პრაქტიკასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები კარგად არის ცნობილი შუამდგომლობის ავტორისათვის, რაც ასევე დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემებით.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მოყვანილ არგუმენტაციას N675 კონსტიტუციურ სარჩელზე („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საოქმო ჩანაწერის მიღებისას გარკვეული კანონდარღვევების არსებობის შესახებ, სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.
10. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ და „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ N675 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების და სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, ასევე მისი საჯაროდ გამოცხადების პროცესში სრულად იყო დაცული როგორც კანონის ფორმალური მხარე, ასევე მისი არსი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მჭიდრო ვადებში მიღება, გამომდინარეობდა მასზე დაკისრებული კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების ვალდებულებიდან. ამდენად, კანონის მოთხოვნათა დაცვით, საქმის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლება ცალკეულ მოსამართლეთა ან სასამართლო კოლეგიის მიკერძოებულობის დამადასტურებელ არგუმენტად.
11. შუამდგომლობის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამარლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის შუამდგომლობა 673-ე და 677-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვის გადადების შესახებ.
12. საკონსტიტუციო სასამართლო მხარეების მიერ დაყენებულ ყველა შუამდგომლობას განიხილავს და წყვეტს შუამდგომლობაში დაყენებული საკითხისა და კონკრეტულ განსახილველ საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია, დააკმაყოფილოს საქმის გადადების შუამდგომლობა.
13. საქართველოს პარლამენტს, როგორც მოპასუხეს, არაერთხელ დაუყენებია საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის გადადების მოთხოვნა. მოთხოვნის გონივრულობიდან და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი სახის მოთხოვნა ხშირად დაუკმაყოფილებია, თუმცა ასევე ხშირია შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევები (თვალსაჩინოებისათვის შესაძლებელია ვიხილოთ საქმეები - „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N592) და „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები N625 და N640)).
14. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სხდომის თარიღის გადადების შესახებ შუამდგომლობაზე უარს არასდროს გამოუწვევია მოპასუხეში იმის აღქმა, რომ რომელიმე მოსამართლე დაინტერესებული იყო საქმის შედეგით ან მიკერძოებულად იხილავდა მას. ამიტომ გაუგებარია, რას ეფუძნება მოპასუხის ასეთი მოსაზრებები კონკრეტულად მხოლოდ ამ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით.
15. შუამდგომლობის ავტორი ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება N675 სარჩელის, N673 და N677 კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთობლივად, ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ. N673 და N677 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის ერთობლივად განხილვა სასამართლომ გადაწყვიტა ორი მიზეზით: ორივე მოსარჩელე წარმოადგენდა ერთსა და იმავე მხარეს სამოქალაქო დავის ფარგლებში, ანუ ფაქტობრივად ისინი არა მხოლოდ სადავო ნორმის მიხედვით, არამედ რეალური ინტერესის მიხედვითაც ერთნაირ სუბიექტებს წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, ორივე სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გასარკვევი ჰქონდა არაერთი საკითხი, რომლებიც შეეხებოდა სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს, რის გამოც, სასამართლომ, კანონის მოთხოვნებისა და დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საჭიროდ მიიჩნია ამ საქმეებზე ზეპირი განხილვის ჩატარება. იმავდროულად, სასამართლოსთვის გაუგებარია N675 კონსტიტუციური სარჩელის ზემოთ აღნიშნული (N673 და N677) სარჩელებისგან დამოუკიდებლად განხილვა რატომ შეიძლება მიუთითებდეს კოლეგიის ორი მოსამართლის მიკერძოებულობაზე.
16. მოპასუხე აცილების საფუძვლად ასევე მიუთითებს, რომ კოლეგიის ორ წევრს აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის“ გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან. კერძოდ, ნიკა გვარამიას მინისტრობის პერიოდში კონსტანტინე ვარძელაშვილის მეუღლე 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მინისტრის პირველ მოადგილედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში , ხოლო მაია კოპალეიშვილი 2 წლის განმავლობაში იყო მინისტრის მოადგილე საქართველოს იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებში.
17. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლი მოსამართლის აცილების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ ორ შემთხვევაში: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია; ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიკერძოებულობაში.
18. საკონსტიტუციო სასამართლოს უდავოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ამა თუ იმ პიროვნებასთან სამსახურებრივი ურთიერთობა ავტომატურად ვერ მიიჩნევა მოსამართლის აცილების საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ბატონ ნიკა გვარამიასთან მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილის ოჯახის წევრის (მეუღლის) 5 თვით და მოსამართლე მაია კოპალეიშვილის 2 წლით მუშაობის ფაქტი განხილულ უნდა იქნეს თუ არა ისეთ გარემოებად, რომლის გამოც ისინი შეიძლება მიჩნეულ იქნენ საქმის შედეგით პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერსებულ პირებად, ან გამოიწვიოს ეჭვი მათი მიკერძოებულობის შესახებ.
19. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს წევრებს მაია კოპალეიშვილს და კონსტანტინე ვარძელაშვილს, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს, აქვთ მრავალფეროვანი და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება როგორც სამეცნიერო, აკადემიური, ასევე პრაქტიკული, პროფესიული საქმიანობის კუთხით, მათ შორის საჯარო სამსახურში. ბუნებრივია, კარიერის მანძილზე მათ ჰქონდათ სამსახურებივი ურთიერთობა არაერთ პიროვნებასთან, რომლებიც წარსულშიც წარმოადგენდნენ და დღესაც მოღვაწეობენ როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებში, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება წარმოადგენდნენ მოპასუხეებს. ბუნებრივია, პირები, რომლებთანაც საკონსტიტუციო სასამართლოს ამათუ იმ მოსამართლეს წარსულში აკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა, საქმიანობენ ასევე კერძო სექტორში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებში. აღნიშნული გარემოების, ყოველგვარი დამატებითი პირობის გათვალისწინების გარეშე, აცილების საფუძვლად განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას შეუძლებელს, ხოლო კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას არაეფექტურს გახდიდა.
20. ამა თუ იმ პირთან წარსულში სამსახურებრივი ურთიერთობა, ისევე როგორც პირადი ხასიათის ურთიერთობა, თავისთავად არ შეიძლება განხილულ იქნეს იმგვარ გარემოებად, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს მოსამართლის დაინტერესებაზე ან აჩენდეს ეჭვს მისი მიუკერძოებლობის შესახებ. პირველ რიგში თავად მოასამართლემ უნდა შეაფასოს, რამდენად შეძლებს მიუკერძოებლად საქმის გადაწყვეტას და საქმის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის დარწმუნდება ამაში. ეს არის მოსამართლის როგორც უფლება, ასევე ვალდებულება. ამავე დროს, მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება მიზანშეწონილია, როდესაც მისი მონაწილეობა პროცესში ობიექტური დამკვირვებლის მიერ შესაძლოა აღქმული იქნეს როგორც პროცესის მადისკრედიტირებელი გარემოება.
21. იმის გათვალისწინებით, რომ N675 კონსტიტუციური სარჩელი („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არსებითად განსახილველად მიღებული იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია ეჭვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის 2 წევრის (მაია კოპალეიშვილის და კონსტანტინე ვარძელაშვილის) ქმედება, მათი გადაწყვეტილებები, ატარებდა მიკერძოებულ ხასიათს ან/და მომავალში მოახდენს გავლენას საქმისადმი მოსამართლეთა მიუკერძოებელ დამოკიდებულებაზე.
22. მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლეების - კონსტანტინე ვარძელაშვილის და მაია კოპალეიშვილის კავშირი „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის“ გენერელურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან არ წარმოადგენს რაიმე სახის დამაბრკოლებელ გარემოებას საქმის განხილვაში მონაწილეობისათვის და ზეგავლენას ვერ მოახდენს საქმის მიუკერძოებლად და ობიექტურად გადაწყვეტაზე.
23. აცილების შუამდგომლობაში და ასევე შუამდგომლობის ზეპირი განხილვის დროს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ არ ყოფილა მითითებული ისეთი ფაქტების არსებობის შესახებ, რაც სასამართლოს აფიქრებინებდა, რომ შეიძლება არსებობდეს ობიექტური ეჭვი მოსამართლეების კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის მიერ საქმის განხილვის შედეგით დაინტერსებასა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.
24. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ აცილების შუამდგომლობის დასასაბუთებლად მოპასუხე ძირითადად მიუთითებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ N673, N675 და N677 ნომრებით რეგისტრირებულ სარჩლებეთან დაკავშირებით გაკეთებულ მცდარ შეფასებებსა და გადაწყვეტილებებზე. მოპასუხე კითხვის ქვეშ აყენებს სასამართლოს მიერ N673 და N677 სარჩელების გაერთიანების, N675 სარჩელის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისა და სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობას. სამართალწარმოების ნორმების დარღვევაზე. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.“ კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის შინაარსი გადმოცემულია აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის მიხედვითაც, „არავის აქვს უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს მოსთხოვოს ანგარიში ან განმარტება კონკრეტულ საქმეზე“. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, მათ შორის, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ საოქმო ჩანაწერის მართებულობის, მისი დასაბუთებულობის ეჭქვეშ დაყენება და ამ საფუძვლით მოსამართლოს აცილების შუამდგომლობის დაყენება, არსებითად უთანაბრდება ამ საქმეზე მოსამართლისათვის ანგარიშის მოთხოვნას. მოპასუხე არსებითად ითხოვს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გამორკვევას და სასამართლოს მიერ აცილების საკითხის აღნიშნულის შემდეგ გადაწყვეტას. საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოთხოვნის ამ ფორმით დაყენების უფლება მხარეს არ აქვს. ამავე დროს, საქმის მნიშვნელობიდან, მისდამი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია 2015 წლის 2 ნოემბრის N1/6/675 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით ზემოთ ხსენებული განმარტებების გაკეთება. ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს 4 განსხვავებულ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელშიც მოსარჩელეს „შპს ტელეკომპანია საქართველო“ წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლომ ზემოთ ხსენებული განმარტების გაკეთება მიზანშეწონილად ჩათვალა, რათა გამოირიცხოს მოსამართლეთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული შეკითხვების არსებობა თითოეულ ამ საქმესთან მიმართებით.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი მოპასუხე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გარემოებები, რომლებიც მოსამართლეების - კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის მიერ მიკერძოებულად საქმის განხილვის და მისი გადაწყვეტის საფრთხეზე მიუთითებდა.
III
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუქნტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ დაკმაყოფილდეს N681 კონსტიტუციურ სარჩელზე მოპასუხის შუამდგომლობა მოსამართლეების - კონსტიანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილების შესახებ.
2. განჩინება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა