„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/6/675 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 2 ნოემბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №675) მიმართა „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა“ და „შპს ტელეკომპანია საქართველომ“. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 28 ოქტომბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 2 ნოემბერს.
2. №675 კონსტიტუციურ სარჩელში შემოტანის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს სასამართლოს კომპეტენციას, მხარეთა თხოვნის შემთხვევაში, მთლიანად, ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს ამავე მუხლში ჩამოთვლილ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებები. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება“. ამავე კოდექსის 269-ე მუხლი შეეხება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის განხილვის პროცედურას. მისი მე-2 წინადადების მიხედვით, თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ არ იქნა იმავე სხდომაზე რომელზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების უფლებას. 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დაცვის უფლება გარანტირებულია“.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომთბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა მოსარჩელეებს ქიბარ ხალვაშს, შპს „პანორამას“ და მოპასუხეებს „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-სა“ და „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ შორის. საქმეზე ერთ-ერთ დავის საგანს წარმოადგენს „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წილზე საკუთრების უფლება. მოსარჩელეთა განმარტებით, არსებობს საფრთხე, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მოხდება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რაც მათთვის გამოუსწორებელი შედეგების მომტანი იქნება.
6. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივი უსაფრთხოების, სამართლის უზენაესობისა და კანონის განსაზღვრულობის პრინციპებს. მათი აღნიშვნით, სადავო ნორმის განმარტება შესაძლებელია იმგვარად, რომ ის მიემართებოდეს მხოლოდ ფულად ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუმცა არსებობს მისი იმგვარად წაკითხვის შესაძლებლობაც, რომ მისი შინაარსი ნებისმიერი კატეგორიის გადაწყვეტილებაზე გავრცელდეს. შესაბამისად, არსებობს სამართალშემფარდებლის მხრიდან ნორმის არაკონსტიტუციური განმარტების საფრთხე.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს გამონაკლისს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ განჩინების თაობაზე კერძო საჩივრის შეტანა არ წარმოადგენს განჩინების მოქმედების შეჩერების საფუძველს.
8. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მოხდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, ერთმევა სადავო ნივთით სარგებლობის შესაძლებლობა. ამავე დროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოთა მიერ მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მხარეს შეიძლება მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებაც კი ვერ შეაჩერებს დაუყოვნებელი აღსრულებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეულ შედეგს შეუქცევადს გახდის.
9. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების უარყოფითი შედეგები კიდევ უფრო ინტენსიური ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც დავა უკავშირდება ამა თუ იმ მეწარმე სუბიექტის წილების (აქციებს) საკუთრების საკითხებს, ვინაიდან იმ გადაწყვეტილების აღსრულებით, რომელიც ჯერ კიდევ არ შესულა კანონიერ ძალაში, ხდება კონკრეტული იურიდიული პირის საქმიანობის პარალიზება და ქმედუნარიანობის შეზღუდვა, ასევე, მას ადგება გამოუსწორებელი ფინანსური ზიანი. ამ დროს სრულიად ხდება იგნორირება იურიდიული პირის სამართალსუბიექტობისა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მესაკუთრეთა მიმართ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არა მხოლოდ მესაკუთრის დროებით ან მუდმივად ცვლილებას განაპირობებს, არამედ საფრთხეს უქმნის სარედაქციო დამოუკიდებლობასაც. ამ დროს საფრთხე ექმნება დასაქმებულთა შრომით უფლებებსაც.
10. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და, შესაბამისად, ის ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტის მოთხოვნებს. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
11. მოსარჩელე მხარე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის ერთობლივი ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ ყველას გააჩნია მის საქმეზე ზეპირი მოსმენის, ისევე როგორც საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება, რაც საბოლოოდ მოსამართლის მიერ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას უწყობს ხელს.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის აზრით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ საკითხის განხილვას ითვალისწინებს ზეპირი მოსმენის გარეშე, წარმოადგენს არაკონსტიტუციურ რეგულაციას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
13. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
14. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევაში, მას შეიძლება მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამასთან, მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ ნორმის მოქმედების შეჩერება არ შეუშლის ხელს მართლმსაჯულების განხორციელებას, ვინაიდან სასამართლოს უფლება აქვს, საქმეზე გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი N675 სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
2. N675 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ არსებობს რეალური საფრთხე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ არსებულ დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, გადაწყვეტილება შეიძლება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რამაც მის მიმართ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები. შესაბამისად, მოსარჩელეები აყენებენ შუამდგომლობას, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საქმის საბოლოო გადაწყვეტეამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავო 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება.
3. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტლების დაუყოვნებელი აღსრულების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო დავის საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით, მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება.
5. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანი, რამდენადაც კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელის წინააღმდეგ საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შედეგად, მან შესაძლოა დაკარგოს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება. ამასთან, აღნიშნული ქონების ახალ მესაკუთრეს ექნება ამ ქონების დაუყოვნებლივ გასხვისების, უფლებრივად დატვირთვის, ან შეცვლის შესაძლებლობა. გარდა ამისა, სადავო ნორმა არ შეიცავს ერთმნიშვნელოვან, საკმარის და განჭვრეტად გარანტიებს უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისების, მისთვის სახის შეცვლის ან ფინანსური სახსრების რეალიზების შედეგად მესაკუთრისთვის ქონების დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ამდენად, მოსარჩელეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, არ ექნება ქონების (მოცემულ შემთხვევაში, ტელეკომპანიის) დაბრუნების განჭვრეტადი, მკაფიო ბერკეტები.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების მოთხოვნა სადავო ნორმის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის; 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლი პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N675 კონსტიტუციური სარჩელი („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ): ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. შეჩერდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საოქმო ჩანაწერის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადების მომენტიდან.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
7. საოქმო ჩანაწერი “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა