„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/7/681 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 13 ნოემბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 24-ე მუხლებთან მიმართებით. ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ წარმომადგენლები - თამთა მურადაშვილი, დიმიტრი საძაგლიშვილი, დიმიტრი ძაგნიძე, ზაზა ბიბილაშვილი. მოპასუხის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ მესხია. სპეციალისტი - სამართლის დოქტორი გია ლილუაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №681) მიმართა შპს „ტელეკომპანია საქართველომ“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 6 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2015 წლის 11-13 ნოემბერს.
2. N681 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 24-ე მუხლები, 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლე უფლებამოსილია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამავე კოდექსის XXIII (სარჩელის უზრუნველყოფის) თავით დადგენილი წესის შესაბამისად. 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დაავალდებულოს მოპასუხე მხარე გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (იძულებით მართვა) სახით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, მოსამართლე უფლებამოსილია, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისთვის.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს საკუთრების უფლებას და ადგენს მისი შეზღუდვის წესს. კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, ხოლო 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები განამტკიცებს, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებებს.
5. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 2 ნოემბრის N1/6/675 საოქმო ჩანაწერით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც ადგენდა მოსამართლის უფლებამოსილებას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის განმხილველმა მოსამართლემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე და 198-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და, ამ მიზნით, მოსარჩელის კონტროლს ქვეშ არსებული იურიდიული პირის, „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შეუწყვიტა უფლებამოსილება და დანიშნა დროებითი მმართველი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ პარტნიორს, შესაბამისად, სადავო ნორმები უშუალოდ მას აყენებს ზიანს.
6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე დაყრდნობით, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიყენოს იმგვარი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, მაშინაც კი, თუ უკვე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
7. მოსარჩელის განმარტებით, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, მოპასუხე მხარე დაავალდებულოს, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის სახით. სხვაგვარად, სასამართლო უფლებამოსილია, მესაკუთრეს ჩამოართვას ქონების ფლობის უფლება დავის დასრულებამდე, სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მიუხედავად. მოსარჩელეს პრობლემურად მიაჩნია ის გარემოება, რომ აღნიშნული ნორმა არ შეიცავს გარემოებათა ჩამონათვალს, რა დროსაც შეიძლება აღნიშნული ღონისძიება იქნეს გამოყენებული.
8. მოსარჩელის აზრით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიყენოს უზრუნველყოფის იმგვარი ღონისძიება, რომელიც არ არის განსაზღვრული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, მიუხედავად გამოსაყენებელი ღონისძიების ინტენსივობისა. ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა, წინასწარ განუჭვრეტელი შინაარსით, განუსაზღვრელ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით.
9. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ხელისუფლების შტოების მოქმედება, რომელიც ზეგავლენას ახდენს მასმედიის საქმიანობაზე, ზღუდავს მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასაც, შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობა შემოწმებული უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებზე დაყრდნობით მოსამართლემ დაუსაბუთებლად დანიშნა დროებითი მმართველი, რომელსაც აქვს სრული უფლებამოსილება, ზეგავლენა მოახდინოს როგორც ზოგადად სამაუწყებლო კომპანიის, ისე მასში დასაქმებული ჟურნალისტების საქმიანობაზე.
10. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმები ატარებს ბუნდოვან შინაარსს. კერძოდ, სადავო ნორმები არ შეიცავს კრიტერიუმთა ჩამონათვალს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს დროებითი მმართველი. იგი მიუთითებს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ მაგალითზე და აღნიშნავს, რომ ამ კომპანიის დროებით მმართველებად საერთო სასამართლომ დანიშნა პირები, რომლებსაც კომპანიასთან ინტერესთა კონფლიქტი გააჩნდათ. ინტენსივობასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, დროებით მმართველს შეიძლება გადაეცეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით გათვალისწინებულის სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, მათ შორის, საერთო კრების ფუნქციები.
11. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები შეიძლება განმარტებულ იქნეს სხვადასხვა, მათ შორის, არაკონსტიტუციური შინაარსით. მოსარჩელის აზრით, კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური პრინციპების მიხედვით, ნორმატიული რეგულირება უნდა იყოს განჭვრეტადი, ხოლო სადავო ნორმები აღნიშნულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. მოსარჩელე განმარტავს, რომ ამგვარმა რეგულირებამ შეიძლება გამოიწვიოს იურიდული პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვა, ხოლო თუ საკითხი ეხება სამაუწყებლო კომპანიას, აგრეთვე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა.
12. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა იყოს ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება. მოსარჩელის აზრით, გაურკვეველია ლეგიტიმური მიზნები, რომლის მიღწევასაც სადავო ნორმები ემსახურება, ხოლო ლეგიტიმური მიზნების არსებობის შემთხვევაშიც კი ისინი ვერ დააკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, ვინაიდან ალოგიკურია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, როდესაც სასამართლოს უკვე აქვს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ამგვარად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპს.
13. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 24-ე მუხლებთან მიმართებით.
14. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება არ ამოიწურება მხოლოდ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საკითხებით და მისი მოთხოვნები დაცული უნდა იყოს, მათ შორის, შუალედური საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმები შესაძლებლობას ქმნის, სასამართლოს მიერ დანიშნულმა მმართველმა განახორციელოს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, როგორიცაა სასამართლოში წარმომადგენლობა. მისი აზრით, დროებითი მმართველი ვერ/არ იქნება დაინტერესებული, განახორციელოს წარმომადგენლობა და სხვა ღონისძიებები, რაც აუცილებელია იურიდიული პირის ინტერესების ჯეროვანი დაცვისთვის.
15. ამგვარად, მოსარჩელე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.
16. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმების მოქმედების შედეგად მას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი წარმოადგენს „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ პარტნიორს, რომლის მიმართ უკვე იქნა გამოყენებული სადავო ნორმები. კერძოდ, დაინიშნა დროებითი მმართველი, და უფლებამოსილება შეუწყდა კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს. სასამართლოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით გათვალისწინებული ყველა, მათ შორის საერთო კრების უფლებამოსილებით. დროებით მმართველს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიის ქონების განკარგვის შესახებ, აგრეთვე სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. აღნიშნული იწვევს „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ მართვის ეფექტურობის და შესაბამისად მოგების შემცირებას, რამ ამავე დროს აუფასურებს პარტნიორის წილის ღირებულებასაც. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიყენებულმა ზარალმა შეიძლება მიაღწიოს იმ მოცულობას რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელი იქნება დროებით მმართვლის მიმართ სამოქალაქო დავის წარმოების გზით, შესაბამისად მისთვის ეს ზიანი სადავო ნორმების მოქმედების გამოუსწორებელ შედეგს წარმოადგენს.
17. ამგვარად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
18. მოპასუხის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი, რომლის თანახმად მოსამართლეს შეუძლია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისად, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვეციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებას, რომელიც მოიცავს ასევე სასამართლო გადაწყვეტილების დროული აღსრულების უფლებას მხარისათვის სასიკეთოდ გადაწყვეტის შემთხვევაში. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას, თვითონ შეარჩიოს უზრუნველყოფის ღონისძიება, ვინაიდან სამოქალაქო საქმეები, სხვა დავებისგან განსხვავებით, გამოირჩევიან მრავალფეროვნებით და განსხვავებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საკითხებიდან გამომდინარე, საჭიროებენ ნორმის ზოგად ფორმულირებას, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს ენიჭება დისკრეცია, შეარჩიოს ის სასურველი ღონისძიება, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. მოპასუხის აზრით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ემსახურება სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებას და არ აქვს შემხებლობა კონსტიტუციის 21-ე მუხლთან.
19. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები მოსარჩელის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული, ამასთან, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულებები, რომ გასაჩივრებულმა ნორმებმა მას შეიძლება მიაყენოს პირდაპირი და უშუალო ზიანი.
20. მოპასუხე მხარის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია ტელეკომპანია საქართველოს მიერ, საერთო სასამართლოს რელევანტური განჩინებიდან კი ირკვევა, რომ დროებითი მმართველი დანიშნულ იქნა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის“ და არა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის მიზნით. აქედან გამომდინარე, მოპასუხე განმარტავს, რომ შპს „ტელეკომპანია საქართველო“ არის რუსთავი 2–ის პარტნიორი, ამასთან, არის დამოუკიდებელი მოპასუხეც საერთო სასამართლოში განსახილველ საქმეში, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია ისარგებლოს გასაჩივრების უფლებით და სადავო ნორმის არც ერთი ნორმატიული შინაარსი არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დაცულ უფლებას.
21. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის ღონისძიების მომწესრიგებელი ნორმები ზოგადად ემსახურება სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებას, რომელიც მოიცავს ასევე სასამართლო გადაწყვეტილების დროული აღსრულების უფლებას მხარისათვის სასიკეთოდ გადაწყვეტის შემთხვევაში. სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება შეიძლება მიემართებოდეს როგორც ისეთი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, რომლითაც ხდება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირება, ისე სხვა ნებისმიერი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობებისას, მათ შორის, კონსტიტუციის 24–ე მუხლით დაცულ უფლებას, თუმცა ეს ავტომატურად არ გულისხმობს, რომ იზღუდება ყველა უფლება, რომელთანაც სადავო ნორმებს შემხებლობა გააჩნია. მოპასუხის აზრით, სადავო ნორმების მთავარი დანიშნულება სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაა, ხოლო მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვას დაასაბუთებდა.
22. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით მოპასუხე განმარტავს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული საფუძვლები. მისი აზრით, სადავო ნორმის მთავარი დანიშნულება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაა და არა რომელიმე უფლების ხელყოფა. მოპასუხე მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სამოქალაქო საქმეზე მოპასუხის დაცვის გარანტიებს, მას ენიჭება გასაჩივრების უფლება და აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნებას, რომლის თანახმად, აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა გაუქმებული გადაწყვეტილებით. ამდენად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება.
23. მოპასუხის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ძნელია იმ ურთიერთობების განსაზღვრა, რომლებსაც შეიძლება სადავო ნორმის შეჩერებით ზიანი მიადგეს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტამდე უნდა გაითვალისწინოს, რომ ამგვარმა გადაწყვეტილებამ შეიძლება დააზიანოს მესამე პირთა ინტერესები.
24. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ №681 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
25. სპეციალისტის, სამართლის დოქტორის, გია ლილუაშვილის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის განავრცობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს, ვინაიდან სასამართლოში მიმდინარე დავების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ყველა ღონისძიების ამომწურავად ჩამოთვლა შეუძლებელია. მისი აზრით დროებითი მმართველის დანიშნულებაა საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე უზრუნველყოს ქონების დროებითი მართვა.
26. სპეციალისტის აზრით, დროებითი მმართველის ინსტიტუტი, მათალია პირდაპირ არ არის მოხსენიებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებში, მაგრამ იგი გამომდინარეობს 198-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან. სპეციალისტი განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა მხარეს აძლევს შესაძლებლობას გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს შესაბამისი განჩინება ზემდგომ ინსტანციაში მაგრამ არა საკონსტიტუციო სასამართლოში.
27. სპეციალისტი პარალელს ავლებს გაკოტრების საქმის წარმოებასთან და აღნიშნავს, რომ ასეთ დროს დანიშნულს მმართველს აქვს უფრო მეტი უფლებამოსილებები ვიდრე, ზოგადად, კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. სპეციალისტის აზრით, მოსამართლე უფლებამოსილია დროებით მმართველს მიანიჭოს „მეწარმოეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებამოსილება თუ ეს არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და დარგის პრინციპებს.
28. სპეციალისტი განმარტავს, რომ დროებითი მმართველისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები ემსახურება მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებს, რათა დავის დასრულებამდე ქონება არ განადგურდეს. ამასთან საპროცესო კანონმდებლობა იცნობს მექანიზმებს, რომლის გამოყენება შეუძლია მოპასუხე მხარეს, რათა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არ შეილახოს მისი ინტერესები. სპეციალისტის აზრით, მართალია არსებობს რისკი, რომ დროებით მმართველს შეიძლება მიენიჭოს იმგვარი უფლებამოსილებები, რომელთა საშუალებითაც მას ექნება შესაძლებლობა კომპანიას მიაყენოს ზიანი (მაგალითად ქონების გაყიდვის უფლებამოსილება), მაგრამ ეს რისკი თავიდან აცილებადია კეთილსინდისიერი საქმიანობის პირობებში. სპეციალისტის შეხედულებით, დროებითი მმართველის ნებისმიერი მოქმედება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქონების ღირებულების შემცირება ან/და მისი განადგურება ეწინააღმდეგება, როგორც სადავო ნორმებს ისე საქართველოს კონსტიტუციას.
29. სპეციალისტის აზრით 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, აწესრიგებს ქონების იძულებით მართვის, სეკვესტრთან დაკავშირებულ შემთხვევებს, რომელიც თავის მხრივ, უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 310-ე მუხლს. ამგვარად, აღნიშნულ სადავო ნორმას მოსარჩელის კატეგორიაში მყოფ პირებთან შემხებლობა არ გააჩნიათ.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №681 კონსტიტუციურ სარჩელში, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადებისა და 271-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტს მკვეთრად გამოხატული ფორმალური ნიშნები ახასიათებს. ამ ცნებაში ვერ თავსდება ნებისმიერი შემთხვევა, რაც პირის მიერ, მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების დაკარგვას გულისხმობს. საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ „საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესი ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამას ადგილი აქვს საამისოდ უფლებამოსილი სუბიექტების (სახელმწიფო ორგანოების) მხრიდან საჯარო ამოცანების შესასრულებლად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
3. საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების უფლებით სარგებლობის, საკუთრების შეძენის და განკარგვის წესს და ამ ფორმით ადგენენ საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის რეგულირების სფეროში. კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით კი შეფასებადია იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც საკუთრების ექსპროპრიაციის, სახელმწიფოს მხრიდან კერძო საკუთრებაზე მესაკუთრის უფლების ჩამორთმევის და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის წესს არეგულირებენ. საკუთრების ექსპროპრიაცია სახეზეა მაშინ, როდესაც ხდება კერძო საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა, როდესაც სადავო ნორმების მიზანი საკუთრების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის შემთხვევების განსაზღვრაა და არა საკუთრების უფლებით თავისუფალი სარგებლობის შეზღუდვა, მისი რეგულირება.
4. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმებით დადგენილი წესი განსაზღვრავს სარჩელისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის წესს, კერძოდ, ერთ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს „მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით“, ხოლო მეორე შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისას, მოსამართლეს მინიჭებული აქვს გარკვეული დისკრეცია, მოახდინოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული. სადავო ნორმები განსაზღვრავენ კერძო საკუთრების სარგებლობის, მისი შეზღუდვის წესს. ნორმების მიზანი არ არის განსაზღვროს ის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს სასარგებლოდ ხდება საკუთრების ჩამორთმევა.
5. გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია თავად კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიცია განსახილველ საკითხთან მიმართებით, კერძოდ, მისი არგუმენტაცია სრულიად არის მიმართული სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან შეუსაბამობის მტკიცებისკენ და მას არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, სადავო რეგულაციათა არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
6. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №681 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადებისა და 271-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. №681 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველ წინადადებასა და 271-ე მუხლს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, როგორც სახელმწიფოს, ისე ცალკეულ პირთათვის აკრძალულია მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაცია.
8. სადავო ნორმების მიზანს ან მოქმედების სავარაუდო შედეგს მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაცია არ წარმოადგენს. ამასთან, ამ კუთხით არც მოსარჩელე მხარეს წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი ან/და მტკიცებულება, თუ რა თვალსაზრისით არის შესაძლებელი, სადავო ნორმას გააჩნდეს მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის ეფექტი. კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე სამაუწყებლო კომპანიის მიმართ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებამ, მათ შორის დროებითი მმართველის დანიშვნამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს მედია საშუალებების თავისუფლებაზე. თუმცა ეს, თავისთავად, არ ასაბუთებს, რომ სადავო ნორმები მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონოპოლიზაციისაკენ მიმართული ინსტრუმენტებია.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, №681 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადებისა და 271-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგეს ინსტრუმენტულ უფლებას, რომელიც „ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
12. დაცვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელ ნაწილს. „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის N1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55).
13. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის გამოყენებით, მოსამართლე უფლებამოსილია, დანიშნოს დროებითი მმართველი, რომელსაც, მათ შორის, შეიძლება მიენიჭოს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დროებითი მმართველი არ იქნება დაინტერსებული, ჯეროვნად დაიცვას მისი სამართლებრივი ინტერესი სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს, რამდენად წარმოადგენს დროებითი მმართველის დანიშვნის უფლებამოსილების სასამართლოსათვის მინიჭება სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლების შეზღუდვას.
14. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმები არ არეგულირებს პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის ან სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვის საკითხებს. მის საფუძველზე არ არის შეზღუდული იურიდული პირის უფლება, საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სადავო ნორმის საფუძველზე განხორციელდა საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილება და, შესაბამისად, შეიზღუდა პარტნიორის უფლება, თავად აირჩიოს ის, თუ ვინ იქნება საწარმოს მმართველი. სადავო ნორმის საფუძველზე განხორციელდა საწარმოს მმართველის დანიშვნა, მისი უფლებამოსილებების განსაზღვრვა. ასევე განისაზღვრა პირი ვინც უფლებამოსილია წარმოადგინოს საწარმო მესამე პირებთან ურთიერთიბაში, თუმცა ის სპეციფიურად არ არეგულირებსთავად საწარმოს (იურიდიული პირის) კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებით დაცულ უფლებას.
15. ამავე დროს, სადავო ნორმებით არ იზღუდება იურიდიული პირის პარტნიორის (საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პარტნიორთა ჯგუფის) უფლება, სასამართლოში იდავოს დროებითი მმართველის დანიშვნის კანონიერების შესახებ ან სხვა საკითხებზე. შესაბამისად, სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუვა არ ხდება არც იურიდიული პირის და არც მისი პარტნიორებისათვის. ხოლო საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობას საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 24-ე მუხლის პირველ, მეორე და მე-4 პუნქტებთან მიმართებით შეაფასებს.
16. ამგვარად, N681 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
17. კონსტიტუციური სარჩელი N681 სხვა მხრივ სრულად აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
18. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
19. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებით (საქმე N2/15651-15) „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შეუწყდათ უფლებამოსილება და მათი უფლებამოსილებები მიენიჭა დროებით მმართველს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ხსენებული განჩინების შედეგად იგი მოკლებულია შესაძლებლობას, შეარჩიოს იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ხოლო დროებითი მმართველის ქმედებებმა შესაძლებელია მის მიმართ დააყენოს გამოუსწორებელი შედეგები. მხარის მოსაზრებით, სატელევიზიო მაუწყებლის მართვა კომპლექსურ ცოდნასა და უნარებს მოითხოვს, ხოლო დროებითი მმართველის ქმედებების შედეგად, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს ტელეკომპანიის რეიტინგი, რაც მათ შორის აისახება ტელეკომპანიის სარეკლამო შემოსავლებზე. მხარის მითითებით, მიუღებელმა შემოსავლებმა შესაძლოა მიაღწიოს რამდენიმე მილიონ ლარს, ხოლო ამ მოცულობის ზარალის ანაზღაურება შეუძლებელი გახდება მმართველების პირადი ქონებიდან. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ დროებითმა მმართველმა შეიძლება გაასხვისოს, უფლებრივად დატვირთოს და მართოს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ უძრავი ან/და მოძრავი ქონება, რის შედეგადაც მას მიადგება მატერიალური ზიანი, რომლის ადეკვატური კომპენსაცია ასევე შეუძლებელი იქნება.
20. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
21. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. ... თუმცა ამ ზოგადი წესიდან შეიძლება რამდენიმე გამონაკლისი არსებობდეს, მათ შორის, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდება, რომ ერთი და იგივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებები წინააღმდეგობრივია. ასეთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება, რომ საერთო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შინაარსი საბოლოოდ განისაზღვრა. ნორმის განმარტების არაერთგვაროვანი პრაქტიკა შესაძლოა ასევე ნორმის ბუნდოვანებაზე და მის არაკონსტიტუციურობაზეც მიუთითებდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). მოცემულ შემთხვევაშიც საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, ისევე როგორც მისი მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, იხელმძღვანელებს ნორმის იმ შინაარსით, რომლითაც იგი გამოყენებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებაში (საქმე N2/15651-15) და რომლითაც განისაზღვრა დროებითი მმართველის ინსტიტუტის შინაარსი, მისი უფლებამოსილების ფარგლები. ასევე აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის მტკიცებითაც, სასამართლოს გადაწყვეტილების უზრუნევლყოფის მიზნით, დროებითი მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას აქვს საკანონმდებლო საფუძველი. თუმცა მოსარჩელისაგან განსხვავებით მიიჩნევს, რომ აღნიშნული უფლებამოსილების წყაროს მხოლოდ 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი წარმოადგენს.
22. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების (საქმე N2/15651-15) თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის საფუძველზე და სავარაუდოდ 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის განმარტების შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დროებით მმართველს მიენიჭა „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებები, კერძოდ: ა) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობა, მართვა და წამომადგენლობა, მათ შორის სასამართლოსთან, სახელმწიფო, საგადასახადო და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საბანკო დაწესებულებებთან, საფინანსო ორგანიზაციებთან, ნებისმიერ მესამე პირთან ურთიერთობაში; ბ) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ქონების მოძიება და აღწერა, დროებითი მმართველობის პერიოდში ქონების სათანადოდ დაცვის, მოვლისა და მართვის უზრუნველყოფა; გ) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ სახელით საწარმოს წარმომადგენლობა, მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც გათვალისწინებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით; დ) საკადრო პოლიტიკის მართვა, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ შიდა სტრუქტურული რეორგანიზაცია; ე) შრომითი პოლიტიკისა და შრომითი ანაზღაურების წესის განსაზღვრა, შრომითი ხელშეკრულებების დადება, მოშლა/შეწყვეტა, გაგრძელება, შრომითი ანაზღაურების წესის ოპტიმიზაცია და მისი გაცემა; ვ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების/მინდობილობის გაცემა; ზ) სატელევიზიო კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ნებისმიერი უფლებამოსილების განხორციელება, მათ შორის, სამაუწყებლო ბადის განსაზღვრა (ოპტიმიზაცია); თ) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ დირექტორის (დირექტორატის) მიერ მართვის, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, ასევე, სხვა უფლებების განსახორციელებლად გაცემული უფლებამოსილების/მინდობილობის გადახედვა (დადება, მოშლა/შეწყვეტა, გაგრძელება); ი) ყველა სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც აქვს ან/და შეიძლება ჰქონდეს საწარმოს ხელმძღვანელს, მმართველს და წამომადგენელს, დირექტორს ან/და დირექტორატს ან/და მათ მიერ უფლებამოსილ პირს/პირებს.
23. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებაში (საქმე N2/15651-15), გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, დროებითი მმართველის დანიშვნისა და მისი უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრისას სასამართლო დაეყრდნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლს, სხვა რომელიმე ნორმა განჩინებაში მითითებული არ არის. მხარეები, ისევე როგორც საქმეზე მოწვეული სპეციალისტი, ამავე დროს თანხმდებიან, რომ დროებითი მმართველის დანიშვნა არსებითად უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის უზრუნველყოფის „სხვა ღონისძიებებს“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, „გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით“, რაც, მოსარჩელის აზრით, არსებითად შეიძლება გაუთანაბრდეს 198-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 271-ე მუხლის საფუძველზე დროებითი მმართველის დანიშვნას. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე, 271-ე მუხლთან ერთად, ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის პირველი წინადადების მოქმედების შეჩერებასაც.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ქმნის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საფუძველს, ხოლო 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის პირველი წინადადება ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოსაყენებელი ღონისძიების სახეებს. ამავე დროს, 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი უკავშირდება აღმასრულებლისთვის ნივთის (ქონების) სეკვესტრის სახით გადაცემას. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვას, რაც, შესაბამისად, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის მიღების წინა პირობას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დროებითი მმართველის ინსტიტუტის შემოღებისას სასამართლო სხვა სადავო ნორმებთან ერთად ამ ნორმასაც დაეყრდნო და ამ თვალსაზრისით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები.
25. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოთ ხსენებული განჩინებიდან არ იკვეთება, რომ დროებითი მმართველის დანიშვნისას სასამართლო დაეყრდნო აღნიშნულ სადავო ნორმას. ამასთან, როგორც მოპასუხე, ასევე საქმეზე მოწვეული სპეციალისტი მიიჩნევენ, რომ ხსენებული ნორმის განმარტება უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის და ზოგადად კანონმდებლობის კონტექსტში, რაც გამორიცხავს 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებას იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს სეკვესტრის სახით ქონების გადაცემის საფუძველი. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მომავალში მოსარჩელის მიმართ გამოყენების რისკების არსეობის შემთხვევაშიც კი, ამ ეტაპზე, შეუძლებელია ამ ნორმით გამომწვევადი გამოუსწორებელი შედეგების მტკიცება. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხისა და მოწვეული სპეციალისტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სამოქალაქო დავის ფარგლებში, ამ ეტაპზე, არ არსებობს აღნიშნული ნორმის გამოყენების და მის შედეგად გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალური საფრთხე. სადავო ნორმა ვერ გამოდგება დროებითი მმართველის დანიშვნის ადეკვატურ საფუძვლად, შესაბამისად, უსაფუძვლოა ამგვარი მიმართებით ამ ნორმის შეჩერებასთან მოსარჩელის მიერ მოყვანილი არგუმენტები.
26. როგორც უკვე აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინებიდან (საქმე N2/15651-15), ისევე როგორც მოპასუხის განმარტებებიდან, იკვეთება, რომ დროებითი მმართველის დანიშვნა არსებითად უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის „სხვა ღონისძიებებს“. ამავე დროს, მხარეების და საქმეზე მოწვეული სპეციალისტის განმარტებებიდან გამომდინარეობს, რომ სადავო ნორმები და კანონმდებლობა, ზოგადად, მკაფიოდ არ განსაზღვრავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებების ფარგლებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დროებითი მმართველი აღიჭურვა ფართო უფლებამოსილებებით, რომელიც, მათ შორის, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებით. ამდენად, სასამართლოს მიერ სამოქალაქო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, დროებითი მმართველი შესაძლოა აღჭურვილი იყოს იმ უფლებამოსილებებით, რომელიც გააჩნია იურიდიული პირის დირექტორს. სადავო ნორმის ზოგადი ხასიათის გათვალისწინებით, დროებითი მმართველი შესაძლოა ასევე აღიჭურვოს იურიდიული პირის პარტნიორებისთვის დამახასიათებელი უფლებამოსილებებით. ამასთან, ისიც აღასანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების, ისევე როგორც პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებების თანახმად, დროებითი მმართველის უფლებამოსილებები არ შემოიფარგლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილებები შესაძლოა დამატებით განისაზღვროს სამოქალაქო დავის განმხილველი მოსამართლის მიერ.
27. ამრიგად, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით დროებითი მმართველი უფლებამოსილია, წარმოადგინოს ტელეკომპანია მესამე პირებთან ურთიერთობაში, მართოს ან/და უფლებრივად დატვირთოს იურიდიული პირის („შპს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის“) ქონება. სადავო ნორმა ასევე არ გამორიცხავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებას, გაასხვისოს ქონება. ის ასევე აღჭურვილია, ფართო უფლებამოსილებით „შპს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის“ სახელით დადოს ხელშეკრულება ან უარი თქვას მასზე, აღიაროს მესამე პირის წინაშე არსებული ვალდებულებები ან უარი თქვას მათ აღიარებაზე.აღნიშნულ საფრთხეს ვერ გამორიცხავს ის ფაქტი, რომ „შპს სამაუწყებლო კომპანია საქართველოს“ წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო დავის ფარგლებში, სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნით სასამართლომ გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაადო „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ უძრავ ქონებას, აკრძალა მოძრავი ნივთების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვინაიდან ქონების განკარგვის შეზღუდვის ზემოთ ხსენებული უზრუნველყოფის საშუალება გამოყენებულია სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნით და შესაძლოა გაუქმდეს მისივე ან დრებითი მმართველის მოთხოვნის საფუძველზე.
28. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2 ნოემბრის საოქმო ჩანაწერით შეჩერებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება. საოქმო ჩანაწერში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „...სადავო ნორმა არ შეიცავს ერთმნიშვნელოვან, საკმარის და განჭვრეტად გარანტიებს უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისების, მისთვის სახის შეცვლის ან ფინანსური სახსრების რეალიზების შედეგად მესაკუთრისთვის ქონების დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ამდენად, მოსარჩელეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, არ ექნება ქონების (მოცემულ შემთხვევაში, ტელეკომპანიის) დაბრუნების განჭვრეტადი, მკაფიო ბერკეტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის N1/6/675 საოქმო ჩანაწერი, საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საკუთრების უფლების შეუქცევადი დარღვევის მსგავსი რისკები არსებობს მოცემულ შემთხვევაშიც.
29. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ სამაუწყებლო კომპანიის ეფექტური მართვა მოითხოვს კომპლექსურ ცოდნას, მათ შორის, კონკრეტულად მედიის სპეციფიკის გათვალისწინებას, ხოლო მენეჯმენტის მყისიერი, პარტნიორის ნების საწინააღმდეგო ცვლილებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს კომპანიის მართვის ეფექტურობა. სამაუწყებლო კომპანიის კაპიტალი, გარდა მოძრავი და უძრავი ნივთებისა, შედგება და განისაზღვრება მაუწყებლის მიერ შექმნილი პროდუქტის, მომზადებული გადაცემების ყურებადობით, მაყურებლის მხრიდან მათი მოწონების ხარისხით. შესაბამისად, სამაუწყებლო კომპანიის ეფექტური მართვა, მისი რეიტინგის ზრდაზე ზრუნვა, საზოგადოების მოთხოვნილებებზე მორგებული პროდუქტის შეთავაზებას მოითხოვს. ამ პირობებში საწარმოს მართვის დროებითი მმარველისათვის გადანდობა, რომლის უპირველეს და უმთავრეს დანიშნულებას დავის მიმდინარეობის პერიოდში ქონების დაცვა, მისი შენახვა წარმოადგენს, აჩენს მნიშვნელოვან ეჭვებს მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით.
30. დროებითი მმართველის მიერ კომპანიის მართვის პირობებში (მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც იგი გამოიყენებს მისთვის შესაძლო მაქსიმალურ გულისხმიერებას) რეიტინგის და, შესაბამისად, სარეკლამო შემოსავლების დაკარგვის შემთხვევაში „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ს“ და, შესაბამისად, მის პარტნიორებს შესაძლოა მიადგეთ მნიშვნლეოვანი ზიანი, რომლის ანაზღაურებაც ვერ მოხერხდება დროებითი მმართველის წინააღმდეგ სამოქალაქო დავის წარმოების გზით. ამავე დროს, სამაუწყებლო კომპანიის ეფექტურობის შემცირების აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მოკლე დროში.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის შუამდგომლობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მესამე ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის მოქმედების შეჩერების მოთხოვნის ნაწილში. აშკარაა, რომ დროებითი მმართველისათვის სამაუწყებლო კომპანიის მართვის მინდობამ, შესაძლოა გამოიწვიოს „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ და, შესაბამისიად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის („შპს ტელეკომპანია საქართველოს“) საკუთრებაში არსებული წილის ღირებულების შეცვლა, მისი შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი ზიანი, რომლის ანაზღაურებაც ვერ მოხერხდება დროებითი მმართველის წინააღმდეგ სამოქალაქო დავის წარმოების გზით. ამასთან, კანონმდებლობა არ შეიცავს ეფექტურ სამართლებრივ გარანტიებს, რომელიც უზრუნველყოფს დროებითი მმართველის მიერ მიყენებული ზიანის ადეკვატურ და პროპორციულ კომპენსაციას. ასევე აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქონების გასხვისების ადეკვატური კომპენსირება შეუძლებელი იქნება.
32. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ შეიცავს „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო დავაზე მოსარჩელის ან მესამე პირთა ინტერესებისათვის ზიანის მიყენების მნიშვნელოვან რისკებს. მოცემული სამოქალაქო დავის ფარგლებში სარჩელი უზრუნველყოფილია და დროებითი მმართველის არარსებობის პირობებშიც კი დაცულია სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელე მხარე იმით, რომ დავის საბოლო გადაწყვეტამდე შენარჩუნებული იქნება უძრავი ქონება და მოძრავი ნივთები. სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მისი მოთხოვნის არარსებობის პირობებში მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ აღარ იარსებებს გარემოებები, რომლებიც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად, დროებითი მმართველის დანიშვნის პირობებში „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ქონების გასხვისების რისკები გაცილებით მაღალია, დროებითი მმართველის უფლებამოსილების გაუქმების და „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ მოსარჩელის მიერ დანიშნული მენეჯმენტის მიერ მართვის შემთხვევასთან შედარებით.
33. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე დროებითი მმართველი დანიშნულია რომელიმე სხვა მიმდინარე სამოქალაქო საქმეზე. შესაბამისად, სახეზე არ არის სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მესამე პირთა უფლებებთან შემხებლობის რეალური საფრთხე.
34. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა. მოცემულ შემთხვევაში სადავო პროცესუალური ნორმების შეჩერებისას ისინი ვერ იქნება გამოყენებული მოსარჩელე მხარის მიმართ, სამართლებრივი ურთიერთობის გადაწყვეტა კანონის სხვა მოქმედი ნორმებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამდენად, სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნარიანია, შეცვალოს მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა, რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდება სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელსაც დაეყრდნო თბილისის საქალაქო სასამართლო 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებით (საქმე N2/15651-15).
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მესამე ნაწილის პირველი წინადადებისა და 271-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერება, რომელიც ითვალისწინებს, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, იურიდიული პირის - მედიის როგორც მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილების დროებითი მმართველისათვის მინიჭებას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N681 კონსტიტუციური სარჩელი („შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N681 კონსტიტუციური სარჩელი („შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების და 271-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 24-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საოქმო ჩანაწერის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადების მომენტიდან შეჩერდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადებისა და 271-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომლიც ითვალისწინებს, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, იურიდიული პირის - მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალების ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და 91 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილების დროებითი მმართველისათვის მინიჭებას.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
6. საოქმო ჩანაწერი ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მისი გამოცხადების მომენტიდან.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
9. საოქმო ჩანაწერი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა