საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/594 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 14 მაისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №594) მიმართა საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძემ. №594 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 27 მაისს.
2. №594 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 4 დეკემბერს.
3. №594 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, ამავე კანონის 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში მხარის სტატუსით სარგებლობს ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი, გამომძიებელი და პროკურორი, ხოლო ბრალდების მხარეა - გამომძიებელი და პროკურორი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების საფუძველზე“. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა“, ხოლო 57-ე მუხლით განისაზღვრება დაზარალებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2, მე-300 მუხლის მე-2 და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილებით დადგენილია სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შეტანაზე, აგრეთვე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენებაზე უფლებამოსილ პირთა ჩამონათვალი, რომელთა შორისაც არ არის გათვალისწინებული დაზარალებული.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია ყოველი ადამიანის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, დაცვის უფლება გარანტირებულია.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ხათუნა შუბითიძე 2013 წლის 11 სექტემბერს პროკურორის დადგენილებით ცნობილ იქნა დაზარალებულის, კოკა კეკელიას უფლებამონაცვლედ, იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებული გარდაცვლილი იყო, ხოლო მოსარჩელე წარმოადგენდა მის ახლო ნათესავს, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა უშუალო მორალური ზიანი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის განაჩენით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული ირაკლი სულაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. მოსარჩელე არ ეთანხმება დანაშაულის კვალიფიკაციას და გამოყენებული სასჯელის ზომას, ასევე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სათანადოდ ვერ შეძლო საკუთარი პოზიციის წარმოდგენა.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაზარალებული არის სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე, თუმცა იმავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით განისაზღვრება სისხლის სამართლის პროცესში მხარის და ბრალდების მხარის სტატუსის მქონე სუბიექტთა ჩამონათვალი, რომელიც დაზარალებულს ამგვარ სტატუსს არ ანიჭებს. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაზარალებული ვერ სარგებლობს პროცესის მხარისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი უფლებებით, როგორიც არის დამოუკიდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, მტკიცებულებების მოპოვების, წარდგენის და სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების უფლება.
8. მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სპეციალურ პროცესუალურ ჩარჩოებს პროცესის მონაწილეებისთვის. აღნიშნული ნორმით განისაზღვრება პროცესის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, იგი წარმოადგენს დაზარალებულისთვის უფლების შეზღუდვის წინა პირობას, რაც მის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს.
9. მოსარჩელე მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სისხლის სამართლის პროცესის მნიშვნელოვანი სუბიექტი, ვინაიდან დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სწორედ მას ადგება უშუალო ზიანი. შესაბამისად, მოსარჩელის აღნიშვნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის კანონიერი ინტერესების და უფლებების დაცვა, რასაც ვერ უზრუნველყოფს არსებული ნორმატიული რეგულირება, რომელიც თანაბარ უფლებრივ მდგომარეობას ანიჭებს დაზარალებულს და მოწმეს.
10. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი დაზარალებულთათვის განსაზღვრავს გარკვეული საპროცესო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას, თუმცა აღნიშნული უფლებები მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე არასათანადოდ დაიცავს დაზარალებულის კანონიერ ინტერესებს, მოსარჩელის აზრით, არ არსებობს ქმედითი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც დაზარალებული უფლებრივი მდგომარეობის აღდგენას შეძლებს.
11. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც გამორიცხავს დაზარალებულის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შეტანას, აგრეთვე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში არსებული მდგომარეობით, ადვოკატები პროკურორებთან შედარებით გაცილებით უკეთეს პროფესიულ უნარ-ჩვევებს ფლობენ, რაც მხარეთა შეჯიბრებითობის პირობებში არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ბრალდების და დაცვის მხარეს. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, დაზარალებულის მონაწილეობა მხარეთა შორის ბალანსის აღდგენის ერთ-ერთი მექანიზმი იქნებოდა. ამასთან, მოსარჩელის აზრით, დაზარალებულის სისხლის სამართლის პროცესში ჩართვა და მისთვის გასაჩივრების უფლების მინიჭება მინიმუმამდე დაიყვანდა ბრალდების მხარის მიერ არაკომპეტენტურობის, დაუდევრობის, არაპუნქტუალურობის ან რაიმე სხვა მიზეზთა გამო შეცდომის დაშვების შესაძლებლობას. მოსარჩელე ამ არგუმენტის გასამყარებლად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მინიჭებული აქვს ზემდგომ პროკურორს, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, მხარეს საერთოდ არ წარმოადგენს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ჩარევა ვერ იქნება გამართლებული დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით, რადგანაც ამგვარ საზოგადოებაში უპირატესობა ენიჭება დანაშაულებრივი ქმედებებით ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილების ინტერესს, როგორც სამართლებრივი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ასპექტს და დაზარალებულებს, რომელთა მიმართაც განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედება, უნდა ჰქონდეთ ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად და უფლების დასაცავად ქმედითი პროცესუალური მექანიზმები.
13. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებას. მოსარჩელის აზრით, დაცვის უფლება არ ვრცელდება მხოლოდ ბრალდებულ, მსჯავრდებულ ან გამართლებულ პირზე, არამედ დაცვის უფლება გულისხმობს პროცესის ნებისმიერი მონაწილის, მათ შორის, დაზარალებულის უფლებასაც, დაიცვას საკუთარი ინტერესები და უფლებები პროცესის მიმდინარეობისას როგორც თვითონ, ისე - დამცველის მეშვეობით.
14. მოსარჩელე მხარე თავის არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე სადავო საკითხებთან დაკავშირებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ის მოთხოვნები, რაც წაეყენება კონსტიტუციურ სარჩელს მის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური სარჩელი, რომლის არსებითად განსახილველად მიღების საკითხიც განიხილება, შემოწმდეს სწორედ აღნიშნული მოთხოვნების მიხედვით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის განჩინება №1/1/564 საქმეზე „შპს „მაგთიკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის საფუძვლიანობას. ანალოგიური მოთხოვნა მეორდება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში და გულისხმობს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს არა ფორმალური ხასიათის, არამედ საგნობრივი და მიანიშნებდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა იმ მოთხოვნებზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულება. მათ შორის, „მტკიცებულებები უნდა მიანიშნებდეს სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებაზე კონსტიტუციის შესაბამის ნორმებთან” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინება N1/7/561,568, II-3). “კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება). ამასთან, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმას მის მიმართ გააჩნია შემზღუდავი ეფექტი, რომელიც მიემართება კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ რომელიმე უფლებას. სადავო ნორმის შემზღუდავი ხასიათის არსებობა, მისი კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართების წარმოჩენისათვის აუცილებელი წინა პირობაა.
4. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად: „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების საფუძველზე“. სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოსარჩელის პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ დაზარალებულს არ აქვს მინიჭებული გარკვეული საპროცესო უფლებები. ნიშანდობლივია, რომ სსსკ-ის მე-6 მუხლი არ უკავშირდება დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრას და არც რაიმე სახით არ განაპირობებს მის შინაარსს. ის საერთოდ არ არეგულირებს დაზარალებულისთვის რომელიმე საპროცესო უფლების შეზღუდვის საკითხს. მოსარჩელის მიერ პრობლემატურად მიჩნეული პროცესში დაზარალებულის მონაწილეობასთან და საპროცესო აქტების გასაჩივრებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არის განპირობებული აღნიშნული სადავო ნორმით. შესაბამისად, მას არ გააჩნია შემზღუდველი ეფექტი მოსარჩელის მიმართ.
5. სადავო ნორმაში არსებული მითითება, რომ “შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების საფუძველზე“, აღმჭურველი ხასიათის მატარებელია, ვინაიდან ის გამორიცხავს უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის არარსებობის პირობებში. საქართველოს კონსტიტუცია თავად განსაზღვრავს კონსტიტუციური უფლებების შინაარსსა და მოცულობას, შედეგად - უფლების გამართლებული შეზღუდვის ფარგლებს. შესაბამისად, სადავო ნორმაში მითითებული უფლებაშემზღუდველი “სპეციალური ნორმების“ კონსტიტუციურობის საკითხი ცალკე შეფასებადია და სადავო ნორმა მას კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებიდან ვერ გამორიცხავს. სადავო ნორმა მხოლოდ „სპეციალური ნორმების“ არარსებობის პირობებში პროცესის მონაწილეთა უფლებების შეზღუდვის დაუშვებლობას განსაზღვრავს. ამ თვალსაზრისით მას შემზღუდველი ეფექტი არ გააჩნია.
6. სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმის მოსარჩელისთვის მისაღები ფორმულირება იქნებოდა შემდეგი: ”სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების საფუძველზე, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.“ მაშასადამე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სადავო ნორმაში ჩანაწერი „რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“ გადაჭრიდა მოსარჩელის პრობლემას და იგი, მისი აზრით, აღარ იქნებოდა წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ყველა ნორმა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. უფლებაში ჩარევის, მისი შეზღუდვის დამდგენი ნებისმიერი რეგულაციის მიღებისას ხელისუფლება შეზღუდულია მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედების უპირობო ვალდებულებით, რომელიც თავად კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. ასეთ ვალდებულებას ვერ განაპირობებს და, მით უფრო, მის ზედმიწევნით შესრულებას ვერ უზრუნველყოფს მისი კანონში დამატებით ჩაწერა. ეს კონსტიტუციური ვალდებულება თავისთავად და მუდმივად არსებობს მასზე კანონში მითითების გარეშეც. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. 56-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ დაზარალებულს აქვს მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა ვალდებულება. აღნიშნული ნორმა არ შეიცავს მითითებას დაზარალებულის რომელიმე უფლების შეზღუდვის ან ამა თუ იმ უფლებით სარგებლობის აკრძალვის შესახებ. ასევე შეუძლებელია აღნიშნული ნორმის იმგვარი ინტერპრეტირება, რომ ის გამორიცხავს დაზარალებულის მიერ სხვა (ამ ნორმით გაუთვალისწინებელი) საპროცესო გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობას, ასეთი გარანტიების კანონმდებლობაში არსებობას ან მათი შემოღების ალბათობას. მაშასადამე, სადავო ნორმას არ გააჩნია ის შემზღუდავი ეფექტი, რომელსაც მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში პრობლემურად მიიჩნევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი ასევე დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. შედეგად, არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. N594 კონსტიტუციური სარჩელის სასამართლოში შემოტანის შემდეგ აღნიშნული სადავო ნორმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის N2518-რს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ნორმის ახლებურად ჩამოყალიბება ძველი ნორმის ძალადაკარგულად ცნობას თავისთავად გულისხმობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-4). მაშასადამე, დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, №594 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის, სადავო ნორმამ იურიდიული ძალა დაკარგა.
10. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“. აღნიშნულიდან გამომდინარე, „...იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის გაუქმება ხდება სარჩელის არსებითად მიღების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი მაინც გადაწყვიტოს, იმ შემთხვევაში, თუ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. იმ პირობებში, როდესაც სარჩელი არ არის მიღებული არსებითად განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს კანონიდან გამომდინარე, არანაირი დისკრეცია არ რჩება, რათა გააგრძელოს საქმის წარმოება და გადაწყვიტოს საქმე. ასეთ შემთხვევებში კანონი არაორაზროვნად მიუთითებს საქმის წარმოების შეწყვეტის აუცილებლობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №594 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
12. №594 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №594 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების, 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №594 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის და 56-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე №594 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი