საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/6/595 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 25 ივლისი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი (მომხსენებელი მოსამართლე);
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 99-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №595) მომართა საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2014 წლის 2 ივნისს.
2. №595 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 25 ივლისს.
3. №595 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომისათვის საჯარო სამსახურიდან მოხელის გათავისუფლების წესს. ამავე კანონის 79-ე მუხლი ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, ხოლო მისი პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით.
5. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დაცვის უფლება გარანტირებულია.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე ნათია იმნაძე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და, ამგვარად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. 2013 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მიიღო №244 ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით ნათია იმნაძის სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებას წინ უძღოდა 2013 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული ზეპირი სხდომა, რომელსაც დაინტერესებული პირის სახით ესწრებოდნენ მოსარჩელე და მისი მოადგილე.
7. მოსარჩელის მითითებით, მართალია, სხდომაზე სახალხო დამცველმა მოუსმინა იმ დაინტერესებულ პირებს, რომელთა მიმართაც უარყოფითი სამართლებრივი შედეგი დადგა, თუმცა, ამის მიუხედავად, ეს სხდომა შორს იდგა ჯეროვანი პროცესის მოთხოვნებიდან. კერძოდ, მას არ ჰქონდა საკმარისი დრო თავისი პოზიციის მოსამზადებლად. მოსარჩელის მითითებით, დაცვის უფლების არსს წარმოადგენს, რომ წინასწარ დეტალურად ეცნობოს პირს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ჰქონდეს მას გონივრული დრო დაცვის მოსამზადებლად სხდომის ჩატარებამდე.
8. გარდა ამისა, მოსარჩელის აზრით, ჯეროვან პროცესზე უფლებისათვის არსებითია ის, რომ ზეპირ მოსმენაზე მხარეს არა უბრალოდ ჰქონდეს გადაწყვეტილების მიმღებთან უშუალო ვერბალური კომუნიკაციის შესაძლებლობა, არამედ დაცვის უფლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეს უფლება ჰქონდეს, შეამოწმოს იმ მტკიცებულების სანდოობა, რაც მას ამხელს სამართალდარღვევის ჩადენაში. აღნიშნულს შეჯიბრებით პროცესში ყველაზე კარგად მოწმის ჯვარედინი დაკითხვა უზრუნველყოფს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ შეიძლება ზეპირ მოსმენას ეწოდოს დაცვის კონსტიტუციური უფლების შესაბამისი ჯეროვანი პროცესი, თუკი არ ჩატარდება ჯვარედინი დაკითხვა (ანუ ზეპირ სხდომაზე იმ მოწმის დაკითხვა, რომელიც იძლევა დაკითხვის მწარმოებელი პირის საწინააღმდეგო ჩვენებას).
9. ამგვარად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმამ შელახა მისი კონსტიტუციით აღიარებული უფლებები. მის მიმართ უშუალოდ გამოყენებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და 99-ე მუხლი.
10. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ იგი ეჭვქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს ან თვითმმართველობის ორგანოს უფლებას, სამსახურიდან გაათავისუფლოს მოხელე, რომელიც არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას და ადრე დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ასევე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საჯარო სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირს უფლება უნდა ჰქონდეს, პირველივე შემთხვევაში გაათავისუფლოს მოხელე, რომელიც უხეშად არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გათავისუფლების გამოყენება არაკონსტიტუციურია იმის გამო, რომ არ არსებობს მოხელის პროცესუალური დაცვის ადეკვატური საშუალება.
11. მოსარჩელე განმარტავს, რომ პროცესუალური დაცვის საშუალების არსებობის აუცილებლობა გამომდინარეობს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან და გულისხმობს იმას, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ საჯარო მოხელეს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ზეპირ სხდომაზე წარადგინოს არგუმენტები ან მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას. ასევე, ამავე სხდომაზე პასუხისგებაში მიცემულ პირს უნდა ჰქონდეს იმ მოწმის ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა, რომელიც მას ადანაშაულებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში.
12. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სანამ საჯარო მოხელეს არ ექნება დაცვის აღნიშნული საშუალებები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლით და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით მოხელის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლება არაკონსტიტუციურია.
13. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. მოსარჩელე უთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლი არ ითვალისწინებს მოხელის გათავისუფლებისას ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების გამოყენების შესაძლებლობას.
14. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ იგი ვერ სარგებლობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით დადგენილი გარანტიებით. კერძოდ, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების გამოყენების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იქნებოდა: მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი განეხილა ზეპირ სხდომაზე; მოხელეს, როგორც დაინტერესებულ პირს, 7 დღით ადრე ეცნობებოდა ზეპირი მოსმენის თაობაზე, რაც მას შესაძლებლობას მისცემდა, სათანადოდ მომზადებულიყო თავის დასაცავად; საჯარო მოხელეს ზეპირ სხდომაზე ექნებოდა იმ მოწმის ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა, რომელიც მას ამხელდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში.
15. მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით, დაცვის უფლების სუბიექტი ის პირია, ვის მიმართაც უარყოფითი სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით. შესაბამისად, დაცვის პროცესუალური საშუალების არჩევასთან დაკავშირებით, მხარეს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. მოსარჩელის განმარტებით, ასეთი არჩევანის შესაძლებლობა პირს გააჩნია ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შემთხვევაში, როდესაც ზეპირი მოსმენის გამართვა სავალდებულოა.
16. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის უფლების დარღვევა ასევე გამოიწვია სზაკ-ის 107-ე მუხლის პირველმა ნაწილმა, რადგან ეს ნორმა გამორიცხავს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების გამოყენების შესაძლებლობას. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ნორმა დისკრეციას ანიჭებს საქართველოს პარლამენტს, თავისი შეხედულებით განსაზღვროს, რა შემთხვევაშია საჭირო 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაცვის უფლების უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, ამ ნორმით კანონმდებელს შეუძლია, ადამიანს წაართვას ზეპირი განხილვის და მოწმესთან უშუალო დაპირისპირების შესაძლებლობა, მაშინ როცა პირის უფლებების ეფექტური დაცვა, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.
17. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება, 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედების ფარგლები არ შემოისაზღვრება სასამართლო პროცესით. დაცვის უფლება არსებითი ინსტრუმენტია საქმის სასამართლოში განხილვისას, თუმცა ეს საშუალება ასევე წარმატებით გამოიყენება სასამართლოს მიღმა ან იმ დრომდე, ვიდრე საქმე სასამართლოს გადაეცემა. ამგვარად, მოსარჩელის აზრით, 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცული უფლება ასევე მოქმედებს მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანო იღებს ადამიანის უფლებებზე ზემოქმედების მქონე გადაწყვეტილებებს.
18. მოსარჩელის განმარტებით, დაცვის უფლება არ გულისხმობს მხოლოდ ადვოკატის ყოლის უფლებას. ადვოკატი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ადამიანი იცავს თავს მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებისაგან. ხოლო დაცვის უფლება ძალაშია მაშინაც, როდესაც სამართალწარმოებაში ადამიანი ადვოკატის გარეშე მონაწილეობს. დაცვის უფლება, ადვოკატის უფლების გარდა, აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ინდივიდი ისეთი პროცედურით, რითაც მოხდება ამ ინდივიდის უფლებებისათვის არახელსაყრელი შედეგის თავიდან აცილება.
19. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ საჯარო სამსახურიდან დისციპლინური წესით გათავისუფლება არის იმგვარი მნიშვნელობის მოვლენა, როდესაც არსებობს შეცდომის დაშვების დიდი ალბათობა, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მოხელემ, საჯარო სამსახურიდან ე.წ. „მგლის ბილეთით“ გაშვების შემთხვევაში, შემოსავლის დაკარგვასთან ერთად, შესაძლოა სტიგმატიზაციაც განიცადოს, შესაბამისად, მას სჭირდება დაცვის ზუსტად ის გარანტიები, რაც ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით არის დადგენილი.
20. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტი იცავს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაცული იყოს თანამდებობიდან უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და თვითნებური გათავისუფლებისაგან, რაც თავის მხრივ, მოითხოვს ჯეროვანი პროცედურის დაცვას. ამავდროულად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტიდან გამომდინარე, ვინაიდან მაღალია შეცდომის დაშვების და საჯარო მოხელის დაუმსახურებელი სტიგმატიზაციის საფრთხე, დისციპლინური გადაცდომისათვის პირის თანამდებობიდან გადაყენება ზედმიწევნით ცხადი, მკაცრად რეგლამენტირებული პროცედურის საფუძველზე უნდა განხორციელდეს და ინტერესების სამართლიან ბალანსს უნდა ეფუძნებოდეს.
21. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ვერ პასუხობენ აღნიშნულ კონსტიტუციურ სტანდარტებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად უნდა იქნენ ცნობილი.
22. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს სადავო საკითხებთან მიმართებით.
23. იმის გათვალისწინებით, რომ, მოსარჩელის აზრით, ამ სარჩელის დავის საგანი მოიცავს №562 კონსტიტუციური სარჩელის (ლევან სიგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დავის საგანს, მოსარჩელე შუამდგომლობს, საკონსტიტუციო სასამართლომ გააერთიანოს აღნიშნული საქმეები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა“. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9);
2. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რეგულირება, რომელიც ადგენს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობებს, ზღუდავს მის უფლებას, საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების დისციპლინური წარმოების პროცესში ზეპირად წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები და ამ გზით დაიცვას საკუთარი უფლებები. ამგვარად, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც უკავშირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე და 99-ე მუხლებით განსაზღვრულ დისციპლინური წარმოების სამართლებრივ ურთიერთობებს.
3. მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. სადავო ნორმით არ წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე და 99-ე მუხლებით დარეგულირებული დისციპლინური წარმოების საფუძველზე სამსახურიდან განთავისუფლების პროცედურები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური წარმოების საფუძველზე გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით“. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფორმალური წარმოება ტარდება მოსარჩელისთვის მისაღები პროცედურების დაცვით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფორმალური წარმოების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. თუმცა სადავო ნორმით განსაზღვრული წესი, რომლის თანახმადაც, ფორმალური წარმოების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიიღება, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, თავისთავად, არ ადგენს, რომ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების დისციპლინური წარმოება არ უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენით, მეტიც, საერთოდ არ შეეხება ამ საკითხს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოწესრიგების სფეროს არ განეკუთვნება მოსარჩელისთვის პრობლემური სამართლებრივი ურთიერთობები.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია მოსარჩელის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილი ზღუდავს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების პროცესში პირის უფლებას, ზეპირად წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები. როგორც აღინიშნა, იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია შინაარსობრივად არ უკავშირდება სადავო ნორმას, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია. მოცემულ შემთხვევაში, კონსტიტუციის 29–ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას, მოსარჩელე მხარე უთითებს სადავო ნორმის იმგვარ შინაარსზე, რომელიც მას არ გააჩნია. ამგვარად, არგუმენტაცია, რომელიც ამ თვალსაზრისით არის მითითებული სარჩელში, არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. №595 კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და 99-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №595 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და 99-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №595 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი