მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი პოლიტიკური ცენტრი", ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1526 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | მოქალაქეთა გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ანა ჩიქოვანი |
თარიღი | 13 ივლისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 ნაწილი: საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გასამართ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები ან საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რისთვისაც ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება. |
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ - გირჩი არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომლის საარჩევნო პარტიული სიის ფორმირება ხდება განსხვავებული წესით და სისტემით.
გირჩის პარტიული სიის შედგენა ხდება პარტნიორების მიერ პარტიის ციფრული პორტალის - girchi.com-ის მეშვეობით[1].
იმისათვის, რომ გირჩის პოლიტიკოსობის მსურველი გახდეს პოლიტიკოსი, საჭიროა, დარეგისტრირდეს პორტალზე და მიუთოთოს „მინდა პოლიტიკოსობა“, რის შემდეგაც აისახება გირჩის პოლიტიკოსების სიაში/რეიტინგში[2].
პოლიტიკოსები რეიტინგში კონკრეტული პოზიციის დაკავება დამოკიდებულია გირჩის პარტნიორების მხარდაჭერაზე.
გირჩმა ერთ წელზე მეტია დააარსა საკუთარი ციფრული ვალუტა - ქართული დოლარი (GeD), რომელსაც გასცემს იმ ადამიანებზე, რომლებიც გირჩის მიმართ გაწევენ ფულად ან არაფულად კონტრიბუციას, შემდეგ კი ისინი ხდებიან გირჩის პარტნიორები.
სწორედ გირჩის პარტნიორები გამომუშავებული GeD-ების მეშვებიოთ იღებენ მონაწილეობას პარტიული სიის შედგენაში.
შესაბამისად, გირჩის პარტიული სიის ფორმირება სრულად არის დამოკიდებული პარტიონრებზე, GeD-ების მფლობელებზე. სწორედ GeD-ების მფლობელები განსაზღვრავენ თუ რომელ ადგილს/პოზიციას დაიკავებს მათი რჩეული პოლიტიკოსი.
დღევნდელი მონაცემებით, გირჩს 3600-ზე მეტი რეგისტრირებული პარტნიორი ჰყავს პორტალზე და სწორედ მათი გადაწყვეტილებით არის ის რეიტინგი შედგენილი, რომელიც პორტალზეა ასახული.
ასევე, გირჩი სწორედ პარტნიორების მიერ შედგენილი სიის რეგისტრაციას აპირებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო). გირჩმა ეს პირობა საჯაროდაც აქვს დადებული.
პარტიული სიის ამგვარი ფორმით და სისტემით შედგენა სრულად ჯდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებში და არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელდა ცვლილება და დასკვნით და გარდამავალ დებულებებში დაემატა 203-ე მუხლი. ამავე მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად:
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გასამართ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები ან საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რისთვისაც ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.
ასევე, დაემატა ახალი შინაარსის 196-ე მუხლი, რომლის მე-10 ნაწილის შესაბამისად:
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 120-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის ყოველ კანდიდატს უნდა მიეთითოს წარმდგენი პოლიტიკური პარტიის სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება.
განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოსარჩელეები ვერ გაივლიან პარტიული სიის რეგისტრაციას ცესკოში, თუ 120 ადამიანისგან შედგარი სიაში ყოველი მეოთხე ადამიანი არ იქნება განსხვავებული სქესის.
დღევანდელი მდგომარეობით, გირჩის პარტნიორების მეირ შედგენილი პარტიული სიის ათეული ასე გამოიყურება:
1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
2. ამირან ტორონჯაძე
3. ვახტანგ ზენაიშვილი
4. ვახტანგ მეგრელიშვილი
5. ალექსანდრე რაქვიაშვილი
6. იაგო ხვიჩია
7. ჰერმან საბო
8. ლევან ჯგერენაია
9. იმედა კლდიაშვილი
10. ოთარ ზაკალაშვილი
მოსარჩელე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარტიულ სიაში იკავებს პირველ ადგილს, ჰერმან საბო მე-7 ადგილს, ხოლო ანა ჩიქოვანი მე-16 ადგილს.
განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, გირჩს და გირჩის წევრებს, პოლიტიკოსებს სიის რეგისტრაციისთვის ვალდებულება უჩნდებათ ხელოვნურად შეადგინონ ისეთი პარტიული სია, რომელიც ეწინააღმდეგება გირჩის პარტნიორების მიერ შედგენილ სიას და მათთან შეთანხმებას.
პარტიული სიის შედგენაში მონაწილეობა მიღებული აქვს 3000 პარტნიორზე მეტს.
გირჩს საჯაროდ გაცხადებული აქვს, რომ პარტიული სიისთვის ხმის მიცემის პროცედურა დასრულდება 2020 წლის 30 ივლისს, 16:20 საათზე და ცეკოში სარეგისტრაციოდ სწორედ პარტნიორების მიერ შედგენილი სია უნდა წარადგინოს, სხვა შემთხვევაში გირჩი დაარღვეს როგორც პარტიონებთან დადებული შეთანხმების პირობას, ასევე უარის თქმა მოუწევს პარტიული სიის ფორმის განსხვავებული მოდელის გამოყენებაზე.
გირჩი და პოლიტიკოსები, მოსარჩელეები არ იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას. ასეთი დაფინანსების მომავალში აღებასაც არ აპირებენ.
გირჩის და გირჩის პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს პარტნიორების დაფინანსება. ისინი დაფინანსებას აკეთებენ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ეს ფაქტორებია გირჩის ღირებულება, კონკრეტული პოლიტიკოსების დამოკიდებულება სხვადასხვა თემებისადმი, ასევე ის სისტემა, რომლის მიხედვით გირჩი და გირჩის პოლიტიკოსები ფუნქციორებენ.
იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრებული რეგულაცია სავალდებულო გახდება გირჩისთვის, მან შეიძლება ფაქტობრივად ძირი გამოუთხაროს მოსარჩელეების საქმიანობას და ფუნქციონიებას, რადგან პარტნიორები პარტიის დაფინანსებას მათ შორის იმიტომ აკეთებენ, რომ მათ იციან პარტიული სიის ფორმირება მათზეა დამოკიდებული. თუ მათ ეს კომპეტენცია წაერთმევათ, შესაძლოა მათ გირჩის და გირჩის პოლიტიკოსების დაფინანსებაზე უარი თქვან.
ასეთ შემთხვევაში კი, მოსარჩელეების საქმიანობა შესაძლოა ეჭვის ქვეშ დადგეს.
ნათელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეები არ წარადგენენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შედგენილ პარტიულ სიას, ცესკო უარს ეტყვის რეგისტრაციაზე და ვერ მიიღებენ მონაწილეობას 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რის შედეგადაც დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი წიწინადადებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის თანახმად 28-ე მუხლის პირველი წინადადება) გარანტირებული უფლება, რაც გულისხმობს პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობას.
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად: საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
საყოველთაო არჩევნების წესით თანამდებობის დაკავებას საქართველოს კონსტიტუცია ადგენს ისეთ თანამდებობებთან მიმართებით, რომელთა არჩევაც სრულად არის მინდობილი პოლიტიკურ პროცესზე, ხალხის მიერ გამოხატულ სურვილზე, ფარულ ნებაზე, რომელიც დასაბუთებას არ საჭიროებს. სწორედ ასეთი თანამდებობის პირების პასიური საარჩევნო უფლების გარანტირებას ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი (საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.8).
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება“. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი წინადადება განამტკიცებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.
საარჩევნო უფლების მქონე სუბიექტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს და არჩეულ იქნეს შესაბამის თანამდებობაზე (საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.24).
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია რომ გასაჩივრებული ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი წინადადებით დაცულ უფლებას.
შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. ხოლო, მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები
· წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით;
· შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
· მასში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამსიად;
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ;
· სადავო საკითხს შეეხება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ წინადადებას და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
· აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
[1] გირჩის პორტალი: https://www.girchi.com/
[2] გირჩის პარტიული სია: https://www.girchi.com/ge/2020-parliamentary-list
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
წინამდებარე სარჩელით სადავოდ ვხდით საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 ნაწილი:
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გასამართ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები ან საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რისთვისაც ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.
„არჩევნები, როგორც წარმომადგენლობითი დემოკრატიის განმახორციელებელი მექანიზმი, წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების განსაკუთრებულ და ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
არჩევნების გზით თანამდებობის დაკავება სრულად არის მინდობილი პოლიტიკურ პროცესს და თანამდებობაზე აირჩევა არჩევნებში გამარჯვებული სუბიექტი. ასარჩევ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის საკითხი წყდება ამომრჩევლის ნების და არა კანონმდებლის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად (საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.35).
იმისთვის, რომ კონსტიტუციურად ჩაითვალოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი და ასევე დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი.
თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა უნდა იყოს მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული, ასევე წარმოადგენდეს გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას.
თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ “უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II.60).
მოპასუხე მხარე ლეგიტიმურ მიზნად სავარაუდოდ დაასახელებს წარმომადგენლობით ორგანოში, ქვეყნის მართვის მონაწილეობაში ქალსა და კაცს შორის ბალანსის დაცვას. თუმცა, მოსარჩელეების აზრით ასეთი ლეგიტიმური მიზანი შეუძლებელია არსებობდეს, ის სურვილი შეიძლება იყოს.
გასაჩივრებული ნორმა ზღუდავს პასიური საარჩევნო უფლებით სრულფასოვან სარგებლობას, ასევე გირჩის პარტნიორების და მხარდამჭერებს, გირჩის პორტალზე უკვე რეგისტრირებული 3600-ზე მეტი ადამიანის უფლებას, პარტიული სია იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც მათ წარმოუდგენიათ სწორი.
ასევე შეზღუდვა საფრთხეს უქმნის მოსარჩელეების მსგავსი პოლიტიკოსების და პარტიის ფუნქციონირების საკითხს, რადგან მათი დაფინანსების წყარო ზუსტად ასეთი სისტემის არსებობაზე დგას. ასეთი სისტემის პარტიის და პოლიტიკოსების არსებობის შეზღუდვა კი საბოლოოდ მათ მხარდამჭერებს ართმევს საშუალებას, წარმოადგნოს ისეთმა პარტიამ და პოლიტიკოსმა, რომელიც ყველაზე ახლოს არის მათ ღირებულებებთან.
ასეთი ადამიანი კი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის მიხედვით 36,000-ზე მეტია. სხვადასხვა კვლევების მიხედვით კი, 5%-მდეც არის.
გასაჩივრებული რეგულაცია არ ეხება მხოლოდ პარტიული სიის რეგისტრაციას და ვინ მოხვდება პარლამენტში, ის საფრთხეს უქმნის ზოგადად პარტიას და სხვა მოსარჩელეების ფუნქციონირებას და ეწინააღმდეგება მოსარჩელეების ამომჩევლებისა და მხარდამჭერების ნებას.
ასეთ შემთხევაში, შეუძლებელია დასახული მიზნის მისაღწევად მიღებული შეზღუდვა პროპორციული იყოს.
საქართველოს კონსტიტუცია ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს, თუ ვინ არ შეიძლება იყოს პასიური საარჩენო უფლებით სარგებლობის უფლების მქონე, ორგანული კანონის საარჩენო კოდექსის მიხედვით დაწესებული დაწესებული შეზღუდვა კი, კონსტიტუციის მიღმაა დაწესებული და ასეთი შეზღუდვა არ შეიძლება დაწესებული იყოს თუნდაც ორგანული კანონით.
შეზღუდვა მოქმედებს და ეხებათ ისეთ ადამიანებს, რომელთა ლეგიტიმაცია ხალხისგან მოდის, ხალხისგან რომელიც ხელისუფლების წყაროს წარმოადგენს.
გასაჩივრებული ნორმა ასევე პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობას უკრძალავს მხოლოდ ქალების მიერ ან მხოლოდ კაცემის მიერ დაკომპლექტებულ პარტიას. შეუძლებელია, ასეთი მნიშვნელობის უფლების შეზღუდვა კონსტიტუციის ნაცვლად თუნდაც ორგანული კანონით იყოს დადგენილი.
გასაჩივრებული ნორმა გამოსადეგიც არ არის დასახული მიზნის მისაღწევად.
ასევე, კანონმდებლის მხრიდან დაუსაბუთებელია, რატომ იყო აუცილებელი ასეთი ინტენსივობით მოსარჩელეებისთვის უფლების შეზღუდვა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ წინადადებას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა