სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - ა(ა)იპ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და სულხან სალაძე
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac1526 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", სულხან სალაძე |
თარიღი | 1 სექტემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
ა. ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი პოლიტიკური ცენტრი", ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმე N3/8/1526
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
1) ინფორმაცია სასამართლო მეგობრის თაობაზე.
არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,“ წარმოადგენს ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაცია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეიქმნა 1994 წელს. ასოციაციის მიზანს მისი წესდების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;[1] ვინაიდან საქმე N3/8/1526 გავლენას ახდენს პარლამენტში ქალთა მონაწილეობის გაზრდაზე, საბოლოო ჯამში, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, წარმოადგენს სასამართლო მეგობრის წერილობით მოსაზრებას აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2019 წელს გამოსცა კვლევა სახელწოდებით „სავალდებულო გენდერული კვოტა საპარლამენტო არჩევნებისას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ (https://gyla.ge/files/kvota.pdf?fbclid=IwAR2AewzwPMtrdOZLEH4W_oWFHH3CEJoWGnMjodMv-ypEBJ7SNnq-7vmTHTE). კვლევა მიმოიხილავს ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში გენდერული კანონმდებლობის კუთხით არსებულ გამოცდილებას. ამ კვლევის ბეჭდური ვერსია თან ერთვის აღნიშნულ სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. ვფიქრობთ, ეს კვლევა დაეხმარება საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. დამატებით, სასამართლო მეგობრის მოსაზრებით, გვსურს საკონსტიტუციო სასამართლოს მივაწოდოთ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომის თაობაზე გენდერულ კვოტებთან და საკანონმდებლო ორგანოში ქალთა მონაწილეობასთან დაკავშირებით. სასამართლო მეგობრის მოსაზრება სადავო ნორმას აფასებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან მიმართებაში, ასევე არკვევს, რამდენად თავსებადია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა გენდერულ კვოტასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციასთან.
სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ციტირებული იქნება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო უფლების შინაარსთან და ფარგლებთან, ისევე როგორც საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ნორმა პრინციპებთან მიმართებაში.
2) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაუშვებლობის განჩინება საქმეზე Metka ZEVNIK and others against Slovenia (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-199209)
2019 წლის 12 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო პოლიტიკური პარტიის კოალიციის და მასში შემავალი კანდიდატების საჩივარი სლოვენიის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად (manifestly ill-founded) მიიჩნია დაუშვებლობის განჩინებით (decision) და არა არსებითი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით (judgement), მომჩივანი პარტიის სია არ იქნა რეგისტრაციაში გატარებული იმის გამო, რომ მასში ქალების რაოდენობა არ იყო სულ მცირე 35%. გენდერული კვოტის დაუცველობის გამო, პარტიის დისკვალიფიკაცია კონვენციის დარღვევად არ მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ამ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი:
საკანონმდებლო ორგანოს - ეროვნული ასამბლეის - არჩევნების ჩატარების მიზნით სლოვენია იყოფა 8 საარჩევნო ოლქებად. არჩევნებში მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები თითოეული საარჩევნო ოლქის საარჩევნო კომისიას წარუდგენენ სხვადასხვა სიებს. სლოვენიის საარჩევნო კანონის თანახმად, კანდიდატების სიის ფორმირება ხდება ფარული კენჭისყრით. სიაში ერთი სქესის რაოდენობა არ შეიძლება იყოს 35%-ზე ნაკლები. კანდიდატთა სია ოლქის კომისიას უნდა წარედგინოს არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა. საარჩევნო კომისია არ ატარებს სიას რეგისტრაციაში, თუკი სია შედგენილი იქნა კანონის დარღვევით. თუკი ოლქის საარჩევნო კომისია სიაში ფორმალურ უზუსტობებს აღმოაჩენს, ის ითხოვს სიის წარმდგენისაგან სამი დღის ვადაში ხარვეზის გამოსწორებას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდება, საოლქო კომისია არ გაატარებს სიას რეგისტრაციაში. კომისია ან მთლიანად ახდენს სიის უარყოფას ან რეგისტრაციაში გატარებაზე უარს ეუბნება ცალკეულ კანდიდატებს (განჩინების მე-16 პუნქტი).
ევროპულ სასამართლოში საჩივრის შემტანმა ორპარტიულმა კოალიციამ კანდიდატების სია წარადგინა სლოვენიის რვავე საარჩევნო ოლქში (განჩინების მე-3 პუნქტი). 2018 წლის 4 და 7 მაისს მეექვსე და პირველი საარჩევნო ოლქის საარჩევნო კომისიებმა უარი თქვეს, კოალიციის მიერ წარდგენილი კანდიდატების სიის რეგისტრაციაზე. არც ერთ სიაში ქალების რაოდენობა არ აღწევდა კანდიდატთა საერთო რაოდენობის, სულ მცირე 35% (განჩინების მე-4 პუნქტი)
ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სლოვენიის უზენაეს სასამართლოში. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ ქალების რაოდენობა უფრო მეტი იყო სხვა ოლქების საარჩევნო კომისიებში წარდგენილ სიებში. მომჩივანები ასევე ამტკიცებდნენ, რომ საარჩევნო კომისიებს მათთვის დრო უნდა მიეცათ, რათა შეემცირებინათ მამაკაცი კანდიდატების რაოდენობა ან მიეცათ ახალი სიის წარდგენის შესაძლებლობა. ვადების სიმცირის გათვალისწინებით, მომჩივანები სასამართლოსაგან ითხოვდნენ, თავად შეემცირებინა მამაკაცი კანდიდატების რაოდენობა, რათა მომხდარიყო კანონით დადგენილი გენდერული კვოტის მოთხოვნის დაცვა ან გამოეყოთ კოალიციისათვის სამი დღე, რათა ხარვეზები აღმოეფხვრათ (განჩინების მე-5 პუნქტი)
უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული ერთ ოლქში დასახელებული კანდიდატების რიცხვი, ამით სასამართლომ უარყო არგუმენტი, რომ 35% პროცენტის გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული სხვა ოლქებში წარდგენილი კანდიდატებიც. უზენაესმა სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სიაში არსებული ხარვეზი იყო არა ფორმალური, არამედ არსებითი ხასიათის. მომჩივანები ითხოვდნენ კანდიდატთა დასახელების პროცესის თავიდან ჩატარებას, ამიტომ ხარვეზის გამოსწორება ადვილი არ იქნებოდა. დაუშვებელი იყო იმ კანდიდატის თვითნებურად სიიდან ამოშლა, რომელმაც, კანონით დადგენილი წესით, წერილობით გამოხატა თავისი ნება, ყოფილიყო წარდგენილი კანდიდატად. უზენაესმა სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ხარვეზი - გენდერული კვოტის დაუცველობა - მიემართებოდა სიას მთლიანად და არა კონკრეტულ ინდივიდუალურ კანდიდატს. ბოლოს სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ სიის უარყოფა გამოწვეული იყო სიის წარმდგენის მიერ სიფრთხილის ნორმების დაუცველობით. სასამართლომ მიუთითა საარჩევნო პროცესის თავისებურებაზე, შეზღუდულ ვადაზე, რომლის დაუცველობის შემთხვევაში შეუძლებელი იყო მოგვიანებით ხარვეზების აღმოფხვრა. სასამართლოს თქმით, კანდიდატების მიმართ გამოიყენება მკაცრი წესები, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პროცედურის დაცვის ტვირთი ეკისრებათ პოლიტიკურ პარტიებს (განჩინების მე-6 პუნქტი).
ამის შემდეგ, უარყოფილ სიაში მყოფმა კანდიდატებმა კონსტიტუციური საჩივარი შეიტანეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში (რეალური კონტროლი). კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები იმეორებდნენ ზემოთ მითითებულ არგუმენტებს. მომჩივანების თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა არ იყო საკმარისად განჭვრეტადი და მთლიანი სიის არ დარეგისტრირება, გენდერული კვოტის დაუცველობის გამო, წარმოადგენდა არაპროპორციულ სანქციას. მომჩივანები ასევე ითხოვდნენ საარჩევნო კანონი იმ ნორმების კონსტიტუციურობის შესწავლას, რაც გენდერულ კვოტას ადგენდა (აბსტრაქტული კონტროლი) (განჩინების მე-7 პუნქტი).
2018 წლის 17 მაისს შვიდი ხმით ორის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო სარჩელი არსებითად განსახილველად. სასამართლოს თქმით, საარჩევნო კოდექსის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც ადგენდა გენდერული კვოტის დაცვის ვალდებულებას, იყოს კონსტიტუციური. ეს მუხლი ძალაში იყო 2006 წლიდან და იყო ნათელი და გასაგები ყველასთვის. კანდიდატების მიერ ამ მოთხოვნისადმი დაუმორჩილება იყო არაკანონიერი და, საარჩევნო კანონის 56-ე მუხლის საფუძველზე, საარჩევნო კომისიები ვალდებულნი იყვნენ, არ დაერეგისტრირებინათ სია. ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა სცოდნოდა ამ წესის შეუსრულებლობის შემთხვევაში არსებული სანქციის თაობაზე. სასამართლოს თქმით, ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ შემოიღო განსხვავებული ტიპის სანქციები გენდერული კვოტის მოთხოვნების დაუმოჩილებლობის შემთხვევაში, მაგრამ მთელი სიის დარეგისტრირებაზე უარი იყო ყველაზე ეფექტური გზა კონსტიტუციური მოთხოვნის შესასრულებლად (განჩინების მე-8 პუნქტი).
სლოვენიის კონსტიტუციის 43-ე პუნქტით, კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული ღონისძიება, რაც ხელს შეუწყობს ქალებისა და მამაკაცების თანაბარ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ორგანოთა არჩევნებში (განჩინების მე-14 პუნქტი).
მომჩივანები აცხადებენ, რომ კანდიდატთა სიის რეგისტრაციაზე უარით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის მოთხოვნები, სადაც აღნიშნულია: „ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები, გონივრული ინტერვალით, ფარული ბიულეტინის გამოყენებით. ისეთი პირობების დაცვით, რაც უზრუნველყოფს ხალხის მიერ საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას ნების თავისუფლად გამოხატვას (განჩინების 29-ე პუნქტი).
სასამართლო მიუთითებს იმ ძირითად პრინციპებზე, რაც გამოიყენება საჩივრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით განხილვის შემთხვევაში. სასამართლო განსაკუთრებით ხაზს უსვამს, შეფასების ფართო ზღვარს, რითაც მონაწილე სახელმწიფოები სარგებლობენ აღნიშნულ სფეროში. არსებობს საარჩევნო სისტემის ორგანიზებისა და ჩატარების უამრავი გზები, ამ კუთხით დაგროვდა განსხვავებული გამოცდილებები, რაც განპირობებულია ევროპის განსხვავებული ისტორიული განვითარებით, კულტურული მრავალფეროვნებით, პოლიტიკური შეხედულებებით. ამის გამო, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფოს გადასაწყვეტია, შეიმუშაოს დემოკრატიის საკუთარი მოდელი. სასამართლო იმეორებს, რომ მკაცრი მოთხოვნების დაწესება დასაშვებია პასიურ უფლებასთან მიმართებაში. ამის საწინააღმდეგოდ, აქტიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისათვის მოთხოვნები არ უნდა იყოს ასეთივე მკაცრი. ევროპულმა სასამართლომ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, მოხდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის მოთხოვნების შესრულება. სასამართლომ პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი დაცულად უნდა ჩათვალოს, როცა საარჩევნო უფლების შეზღუდვა იმგვარად არ მომხდარა, რომ მომხდარიყო მისი შინაარსისაგან დაცლა და ეფექტურობის დაკარგვა. შეზღუდვა უნდა პასუხობდეს ლეგიტიმურ მიზანს და გამოყენებული საშუალება არ უნდა იყოს არაპროპორციული (განჩინების 31-ე პუნქტი).
ამ საჩივრის შემოწმებისას, პირველ რიგში, ევროპულ სასამართლოს უნდა გაერკვია, რამდენად იყო ევროპული კონვენციით ნებადართული, სახელმწიფოს დაეწესებინა გენდერული კვოტები საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში და ამ მიზნის მისაღწევად შეეზღუდა საარჩევნო უფლება. ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: „რაც შეეხება ლეგიტიმურ მიზანს, სასამართლო მხედველობაში იღებს, იმას, რომ პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეიძლება შეიზღუდოს სხვადასხვა, ერთმანეთისაგან განსხვავებული მიზნის მისაღწევად, ამის მიუხედავად, ეს მიზნები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს კანონის უზენაესობის პრინციპთან და კონვენციის ზოგად მიზნებთან საქმის ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, საარჩევნო სია არ დარეგისტრირდა იმის გამო, რომ ქალები იყვნენ სიაში კანდიდატთა საერთო რაოდენობის 35%-ზე ნაკლები. 35%-იანი გენდერული კვოტა ეფუძნება სლოვენიის კონსტიტუციის 42-ე მუხლს, რომელითაც უზრუნველყოფილია ისეთი ღონისძიების გატარება, რაც მიზნად ისახავს კაცების და ქალების თანაბარ შესაძლებლობას, კენჭი იყარონ არჩევნებში. სასამართლო იმეორებს, რომ სქესთა შორის თანასწორობის წახალისება არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმთავრესი მიზანი თანამედროვე ეპოქაში. ევროპის საბჭოს ინსტიტუტები თვლიან, რომ პოლიტიკაში გენდერული ბალანსის დაუცველობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიული პროცესის ლეგიტიმურობას და გენდერულ თანასწორობას. ამის გამო, სასამართლო თვლის, რომ შეზღუდვა ემსახურება ისეთი მიზნის მიღწევას, როგორიცაა დემოკრატიული პროცესის ლეგიტიმურობა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა (განჩინების 34-ე პუნქტი).
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, თავად არის ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ინსტიტუტი. სასამართლო თავის განჩინებაში უთითებს ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუტების: ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მინისტრთა კომიტეტის სამართლებრივ აქტებზე, რაც გენდერულ კვოტას ეხება. სწორედ ამ სამართლებრივმა ბაზამ დიდი გავლენა იქონია იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი დაუშვებლად სცნო. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზემოხსენებულ განჩინებაში უთითებს:
ვენეციის კომისიის 51-ე და 52-ე სესიაზე მიღებული იქნა საარჩევნო საკითხებზე ქცევის კოდექსი, რომელიც მოიცავს სახელმძღვანელო მითითებებს და განმარტებით ბარათს. სახელმძღვანელო მითითებებში აღნიშნულია:
ევროპული საარჩევნო მემკვიდრეობის პრინციპები
ევროპული საარჩევნო მემკვიდრეობის ხუთი ფუძემდებლური პრინციპია: საყოველთაო, თანასწორი, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი კენჭისყრა.
2. თანასწორი კენჭისყრა:
სქესთა შორის თანასწორობა და პარიტეტი
სამართლებრივი წესები, რაც ითხოვენ თითოეული გენდერის წარმომადგენელი, მინიმალური რაოდენობის პირების კანდიდატად დასახელებას, არ უნდა იქნეს მიჩნეული თანასწორი საარჩევნო უფლების საწინააღმდეგოდ, თუკი ამას კონსტიტუციური საფუძველი გააჩნია (21-ე პუნქტი).
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2010 წლის 27 იანვარს მიიღო #1706 რეზოლუცია საარჩევნო სისტემის მეშვეობით პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის თაობაზე. რეზოლუციაში აღნიშნულია:
საარჩევნო სისტემის შეცვლა, რაც ხელსაყრელი იქნება ქალთა წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი გენდერული კვოტების დაწესებით გზით, ხელს უწყობს უფრო მეტად გენდერულად დაბალანსებული სისტემის შექმნას. ამით პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო მეტად ლეგიტიმურია.
საპარლამენტო ასამბლეა თვლის, რომ ქალებისა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის არარსებობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საფრთხეს უქმნის დემოკრატიული პროცესის ლეგიტიმაციას და არღვევს გენდერულ თანასწორობაზე ადამიანის უფლებას. ამის გამო ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს ეძლევათ რეკომენდაცია, გამოასწორონ სიტუაცია შემდეგი პრიორიტეტების გათვალისწინებით:
შეცვალონ საარჩევნო სისტემა, რაც გააუმჯობესებს ქალთა წარმომადგენლობას პარლამენტში.
სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა, უნდა შეიმუშაონ სამართლებრივი კვოტა, რაც უზრუნველყოფს ქალი კანდიდატების რაოდენობის გაზრდას (სასურველია 40%-მდე), მკაცრი თანმიმდევრობის წესის დადგენას, ეფექტური სანქციის შემუშავებას (სასურველია არა ფინანსური, არამედ კანდიდატების სიის არ დარეგისტრირება) (განჩინების 22-ე პუნქტი).
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2016 წლის 21 აპრილს მიიღო 2111(2016) რეზოლუცია პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაუმჯობესების ღონისძიების ეფექტურობის შეფასებასთან დაკავშირებით. რეზოლუციაში აღნიშნულია:
„საარჩევნო კვოტა არის ყველაზე ეფექტური საშუალება მნიშვნელოვანი, სწრაფი პროგრესის მისაღწევად. კვოტა სწორად უნდა იქნას შემუშავებული და თანმიმდევრულად აღსრულებული. კვოტები უნდა მოერგოს საარჩევნო სისტემას, ჰქონდეს ამბიციური მიზნები და მისმა შეუსრულებლობამ უნდა გამოიწვიოს მკაცრი სანქციის დაკისრება.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ და დამკვირვებელ ქვეყნებს: შეიმუშაონ სანქციები, რაც გამოყენებული იქნება პოზიტიური ღონისძიებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. უნდა იყოს გამოყენებული ისეთი სანქცია, როგორიცაა სიის არ დარეგისტრირება (განჩინების 23-ე პუნქტი).
2003 წლის 12 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო (2003) 3 რეკომენდაცია, სადაც აღნიშნულია:
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალებისა და მამაკაცების დაბალანსებული მონაწილეობა წარმოადგენს სოციალურ სამართლიანობაზე ადამიანის უფლებით სრულად სარგებლობას. ამგვარი თანაბარი მონაწილეობა არის დემოკრატიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი პირობა (24-ე პუნქტი).
ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუტების ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, გამართლებული იყო საარჩევნო უფლებაში ჩარევა. ამასთან სიის რეგისტრაციაზე უარი არის ყველაზე ეფექტური საშუალება ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამ სანქციასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა:
„გენდერული კვოტის დაუმორჩილებლობის გამო მთელი სიის დარეგისტრირებაზე უარი რამდენად იყო პროპორციული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, სასარგებლო სახელმძღვანელო პრინციპების პოვნა შეიძლება ევროპის საბჭოს ინსტიტუტების მიერ მიღებულ დოკუმენტებში. ევროპის საბჭოს ნორმატიული ბაზით, არა მარტო ნებადართულია, არამედ ხდება სახელმწიფოების წახალისება, მათ საარჩევნო სისტემებში დაამკვიდრონ გენდერული კვოტები, რომლის მიმართ დაუმორჩილებლობა გამოიწვევს მკაცრი სანქციის გამოყენებას. სასამართლო ასევე წონად არგუმენტად მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლოს აზრს, რომ გენდერულად დაბალანსებული წარმომადგენლობის გარეშე პარტიებს არ უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. სიების დარეგისტრირებაზე უარი ძალიან ძლიერი მოტივაციაა იმისათვის, რომ პარტიებმა შეავსონ გენდერული კვოტები (განჩინების 35-ე პუნქტი).
ღონისძიების პროპორციულობის შეფასებისას, ევროპული სასამართლოსათვის გადამწყვეტი ფაქტორი გახდა პარტიის ბრალეული მოქმედება, კერძოდ ის, რამდენად განზრახ ან დაუდევრობით აარიდა თავი პარტიამ გენდერული კვოტების შევსების ვალდებულების შესრულებას. ხომ არ იკვეთებოდა, პარტიის გარდა, სხვა სუბიექტის, მაგალითად სახელმწიფოს, ბრალი გენდერული კვოტების შევსების მოთხოვნის დარღვევაში. ევროპულმა სასამართლომ სლოვენიის წინააღმდეგ წარდგენილი განაცხადი დაუშვებლად იმიტომ სცნო, რომ გენდერული კვოტის მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მხოლოდ პარტიის მხრიდან გამოჩენილი დაუდევრობით და ამასთან დაკავშირებით შეუძლებელი იყო სახელმწიფოს რაიმე ფორმით გაკიცხვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: „კანდიდატთა სიის დარეგისტრირების ან მასზე უარის თქმისას, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ მიზეზებს, თუ რატომ არ დაემორჩილა სიის წარმდგენი სუბიექტი კანონის მოთხოვნებს. პასიურ საარჩევნო უფლებასა და გენდერული კვოტის შევსების ინტერესს შორის ბალანსის დამყარებისას გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება პარტიამ სიის შედგენისას და პარტიამ განზრახ ხომ არ დაარღვია გენდერული კვოტის შევსების მოთხოვნები. ამ საქმეში ეროვნულმა სასამართლოებმა უტყუარად დაადასტურეს, რომ სიის წარმდგენმა (პარტიათა კოალიციამ) არ იმოქმედე ჯეროვანი გულისხმიერებით. სიის წარმდგენი ერთადერთი ბრალეული სუბიექტია, რომელმაც დაარღვია გენდერული კვოტის მოთხოვნები და მისი სანქცირება გამართლებულია იმ ქმედების გამო, რომლის განხორციელება მხოლოდ მას შეეძლო.“ (განჩინების 36-ე პუნქტი).
3) რეფორმირებული პროტესტანტების პარტია ნიდერლანდების წინააღმდეგ http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-112340
წინა საქმისაგან განსხვავებით, რეფორმირებული პროტესტანტების საქმე არ ეხებოდა კვოტებს. ეს უკანასკნელი საქმე ეხებოდა პარტიის უფლებას, რელიგიური მოსაზრებების გამო, არ წარედგინა ქალი კანდიდატი არც ერთი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში. საქმე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რეფორმირებული პროტესტანტების პარტიის საჩივარი უარყო იმის გამო, რომ პარტიის უფლება არ ჰყოლოდა ქალი კანდიდატები პარლამენტის ან სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებზე, წინააღმდეგობაში მოდიოდა დემოკრატიული მმართველობის პრინციპთან. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარეობს პარტიის ვალდებულება, უზრუნველყოს ორივე სქესის შესაძლებლობა, თანაბრად მიიღონ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობა. ამ თვალსაზრისით, რეფორმირებული პროტესტანტების საქმე რელევანტურია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ დავასთან.
„რეფორმირებული პროტესტანტების პარტია.“ (შემდგომში პარტია). დაფუძნდა 1918 წელს და 1922 წლიდან სისტემატურად იღებს ერთიდან სამ ადგილს ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატაში (განჩინების მე-3 პუნქტი). პარტია არის რელიგიური ხასიათის. პარტიის პრინციპების დოკუმენტში და წესდებაში აღნიშნულია, რომ პარტია ეფუძნება ბიბლიაში გაცხადებულ ღმერთის შეუმცდარ სიტყვას (განჩინების მე-4 პუნქტი). პარტიის ძირითადი დებულება იყო ის, რომ ქვეყანა უნდა ემართა ღმერთის მსახურს, ღმერთის სიტყვის შესაბამისად. მთავრობა ძალაუფლებას იღებს არა ხალხისაგან, არამედ თავად ღმერთისაგან. ეს მოსაზრება ეფუძნებოდა რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლეს (განჩინების მე-6 პუნქტი).
პარტია ქადაგებს ღმერთის სიტყვების აბსოლუტურ უზენაესობას სოციალურ ცხოვრებაში. პარტია უარყოფს ადამიანებს შორის აბსოლუტური თანასწორობის იდეას. პარტიის პოზიციით, თანასწორობა საფრანგეთის რევოლუციის ცრუ სწავლებაა. არსებითად, პარტიას სჯერა, რომ მართალია ადამიანებს თანაბარი ღირებულება აქვთ, როგორც ღვთის ქმნილებებს, თუმცა მათ გააჩნიათ განსხვავებული ხასიათი, ნიჭი და ადგილი საზოგადებაში. პავლეს ეპისტოლე კორინთელთა მიმართ მიუთითებს, რომ მამაკაცებს და ქალებს საზოგადოებაში განსხვავებული როლი აკისრიათ. ქალი არ დგას მამაკაცზე დაბლა, ამის მიუხედავად, მამაკაცისაგან განსხვავებით, ქალს არ უნდა ჰქონდეს საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება (განჩინების მე-8 პუნქტი). პარტიის პრინციპებში, ბიბლიაზე მითითებით, აღნიშნული იყო, რომ ქალი შეიქმნა მამაკაცისაგან, მამაკაცი იყო ქალის უფროსი, შესაბამისად, ქალს არ უნდა ჰქონოდა პოლიტიკური ხასიათის წარმომადგენლობითი და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა (განჩინების მე-9 პუნქტი).
2006 წლის 24 ივნისს სამოქალაქო საქმეზე რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიცვალა პარტიის პრინციპები, რითაც ქალებს მიეცათ უფლება, გამხდარიყვნენ პარტიის წევრები. 2007 წლიდან პარტიამ თავის რიგებში მიიღო ქალები, თუმცა მათ არ აძლევს არჩევნებზე კანდიდატად რეგისტრაციის უფლებას (განჩინება მე-13 პუნქტი).
ეროვნულ დონეზე წარიმართა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავა პარტიის წინააღმდეგ. სამოქალაქო დავის მონაწილეები იყვნენ ნიდერლანდებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პარტიისათვის დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვდნენ ქალის მიმართ დისკრიმინაციის გამო. 1922 წლიდან სისტემატურად იღებს ერთიდან სამ ადგილს ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატაში (განჩინების მე-3 პუნქტი). შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეფორმირებული პროტესტანტები იღებდნენ დაფინანსებას. პარტიის 2011 წლის ანგარიშით, 2011 წელს პარტიის შემოსავალი იყო 1,536 922 ევრო, აქედან 517,069 ევრო (აქედან, 2010 წელს წარმოშობილი დავალიანების გასტუმრების მიზნით, გამოაკლდა 45 000 ევრო) იყო საბიუჯეტო სუბსიდია (მე-12 პუნქტი).
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე უჩივლეს სახელმწიფოსაც ადმინისტრაციული წესით. პირველი ინსტანციის ჰააგის რეგიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქალაქო სარჩელი, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესები პირდაპირ და უშუალოდ არ ილახებოდა. რეგიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფოს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სარჩელი, ვინაიდან ირღვეოდა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციის მე-7 მუხლი, რომელსაც ნიდერლანდების მიმართ პირდაპირი მოქმედების ძალა ჰქონდა.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ზომებს, რათა აღმოფხვრან ქალების მიმართ დისკრიმინაცია ქვეყნის პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი, უზრუნველყონ ქალის უფლება, მამაკაცთან თანაბარ პირობებში:
ა) მისცეს ხმა არჩევნებში და რეფერენდუმში, ასევე წარდგენილი იყოს საჯარო არჩევით ორგანოებში კანდიდატად;
ბ) მონაწილეობა მიიღოს სამთავრობო პოლიტიკის შემუშავებაში და მის განხორციელებაში, ეკავოს საჯარო თანამდებობა, შეასრულოს ყველა საჯარო ფუნქციები ხელისუფლების ყველა დონეზე;
გ) მონაწილეობა მიიღოს არასამთავრობო ორგანიზაციების და ასოციაციების საქმიანობაში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებასთან.
ჰააგის რეგიონული სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო არღვევდა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის მე-7 მუხლს, როცა აფინანსებდა პარტიას, რომელიც ქალებს უკრძალავდა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას (განჩინების მე-20 პუნქტი).
პარტიამ დაფინანსების მიღებაზე უარის თქმის გამო მიმართა ადმინისტრაციული სამართლის განყოფილებას. ამ უკანასკნელმა პარტიის სარჩელი დააკმაყოფილა, ვინაიდან ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის მე-7 მუხლით ქალისათვის მინიჭებული უფლება გადაიწონა პარტიის რელიგიის, გაერთიანების, გამოხატვის თავისუფლებით (განჩინების 30-ე პუნქტი). ადმინისტრაციული განყოფილების თქმით, პარტიის დავალდებულება, წარედგინა ქალი კანდიდატები არღვევდა ამომრჩევლების უფლებას, თავად გადაეწყვიტათ, ვინ წარმოადგენდა მათ საკანონმდებლო ორგანოში (განჩინების 29-ე პუნქტი), ამასთან ქალებს არ ჰქონდათ შეზღუდული უფლება, გამხდარიყვნენ სხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, რომელიც მათ წარადგენდა წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში კანდიდატად (განჩინების 32-ე პუნქტი). ამასთან ადმინისტრაციული სამართლის განყოფილებამ ხაზი გაუსვა იმას, რომ კანონით, სახელმწიფოს პარტიისათვის დაფინანსების შეწყვეტის უფლება ჰქონდა მაშინ, როცა პარტია ჩაიდენდა დისკრიმინაციულ დანაშაულს (რასაც ამ საქმეში ადგილი არ ჰქონდა). შესაბამისად, არ არსებობდა პარლამენტში მოხვედრილი პარტიისათვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის საფუძველი.
ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ჰააგის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ განაცხადა: პარტია განასხვავებდა ქალსა და მამაკაცს. ქალებს არ ჰქონდათ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის შესაძლებლობა. ობიექტური დასაბუთების გარეშე ამგვარი განსხვავებული მოპყრობა იყო დისკრიმინაცია (განჩინების 37-ე პუნქტი).
სააპელაციო სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ ქალების დისკრიმინაცია ხდება პოლიტიკურ პარტიასთან და არა მაგალითად, სხვა ტიპის საზოგადოებრივ ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებით, რომლებიც საჯარო სფეროს ნაკლებად განეკუთვნება. პოლიტიკური პარტიები ასრულებენ განსაკუთრებულ როლს დემოკრატიის დაცვის საქმეში და ცენტრალური როლი ეკისრებათ ნიდერლანდების საარჩევნო სისტემის ფუნქციონირებაში. მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ კანდიდატების დასახელება. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, დემოკრატია ეფუძნება კანონის უზენაესობას. დემოკრატიაზე უარყოფით გავლენას მოახდენს ის გარემოება, თუკი მისი ფორმირება განხორციელდება გენდერული დისკრიმინაციის ხარჯზე. გენდერული დისკრიმინაცია აღმოფხვრის საფრთხე გადაწონის სხვა ინტერესებს (განჩინების 45-ე პუნქტი).
იმის მიუხედავად, რომ ჰააგის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტია ვალდებული იყო, წარედგინა ქალი კანდიდატები, სააპელაციო სასამართლოს თქმით, სასამართლო ხელისუფლებას არ ჰქონდა უფლება, ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად შეეწყვიტა სახელმწიფო სუბსიდია პოლიტიკური პარტიისათვის. სახელმწიფოს დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა, სააპელაციო სასამართლოს თქმით, სცილდებოდა სასამართლოს უფლებამოსილებას. თუ რა ღონისძიება უნდა გამოყენებულიყო დისკრიმინაციის ჩამდენი პარტიის წინააღმდეგ, ეს კანონმდებელს თავად უნდა გადაეწყვიტა (46-ე პუნქტი).
როგორც სახელმწიფომ, ისე პარტიამ გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში კანონიერების თვალსაზრისით. უზენაესმა სასამართლომ თავის მხრივ, სამივე საჩივარი, რაც წარდგენილი იყო სახელმწიფოს, პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, გამოაცხადა დასაშვებად (48-ე პუნქტი).
ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ მიუთითა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-7 მუხლზე და განაცხადა: ამ დებულების საფუძველზე, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია ადგენს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არა მხოლოდ უნდა მიიღონ ქალები მათ რიგებში, არამედ ქალები უნდა წარადგინონ კანდიდატებად. მხოლოდ ამ გზით აქვს სახელმწიფოს შესაძლებლობა, დაიცვას ქალის უფლება, წარდგენილი იყოს კანდიდატად არჩევნებში, როგორც ამას ითხოვს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია. ეს კონვენცია არ უტოვებს სახელმწიფოს რაიმე შეფასების ზღვარს. აქვე უზენაეს სასამართლოს არ მიაჩნია, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის მე-7 მუხლით გარანტირებული ქალის პასიურ საარჩევნო უფლებას გააჩნია უპირატესობა სხვა ძირითადი უფლებების - რელიგიის, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს ამ უფლებათა აწონ-დაწონვა და ამის საფუძველზე, იმის განსაზღვრა, რომელ მათგანს მიენიჭოს უპირატესობა. უზენაესი სასამართლოს თქმით, წარმომადგენლობითი ორგანო უნდა ასახავდეს ქვეყნის მთელ მოსახლეობას, ყოველგვარი განსხვავების გარეშე. წარმომადგენლობითი ორგანოები არსებით როლს თამაშობენ დემოკრატიის მშენებლობის საქმეში და განსაზღვრავენ სახელმწიფოს დემოკრატიულ შინაარსს. არჩევნებზე ხმის მიცემა და კანდიდატად წარდგენის შესაძლებლობა არის ის, რაც წარმომადგენლობითი ორგანოს დემოკრატიულ შინაარსს განსაზღვრავს. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-7 მუხლით, ყველასთვის გარანტირებულია, გენდერის ნიშნის მიუხედავად, საარჩევნო უფლება. ეს დებულებები ერთნაირად გულისხმობს როგორც ხმის მიცემის უფლებას, ასევე არჩევნებში კანდიდატად წარდგენის უფლებას. ეს ორი ასპექტი სავალდებულოა დემოკრატიისათვის, ვინაიდან ამომრჩევლები წყვეტენ მათ შორის ვინ არის ყველაზე ღირსეული ამა თუ იმ თანამდებობის დასაკავებლად. ვინაიდან არჩევნებზე კანდიდატად დასახელება არის აუცილებელი სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირებისათვის, მიუღებელია, როცა პოლიტიკური პარტია საარჩევნო სიების შედგენისას არღვევს ყველა მოქალაქისათვის გარანტირებულ საარჩევნო უფლებას (განჩინების 50-ე პუნქტი).
იმავდროულად, უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლებას არა აქვს უფლება, დაავალოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, დაფინანსება შეუწყვიტოს პარტიას. ამ საქმეში სახეზეა პარტიის და სახელმწიფოს ურთიერთობა, შესაბამისად, ნაკლებად შესაძლებელია, სასამართლომ დავალება მისცეს სახელმწიფოს, თუ რომელი ღონისძიება უნდა გამოიყენოს, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-7 მუხლით აღებული ვალდებულების შესასრულებლად. ამის მიზეზია ის, რომ სახელმწიფომ შემზღუდველი ღონისძიების მიღებისას ინტერესების დაბალანსების მიზნით უნდა გააკეთოს პოლიტიკური შეფასებები. სასამართლო, სახელმწიფოს ნაცვლად, ვერ გააკეთებს ამგვარ შეფასებებს (იქვე).
მართალია, სასამართლოებმა დაადგინეს, რომ პარტია ვალდებული იყო, ქალი კანდიდატები წარედგინა არჩევნებზე, ამის მიუხედავად, დაფინანსების შეწყვეტა არ მიიჩნია კანონიერ ღონისძიებად. ნიდერლანდების პარლამენტმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე უარი განაცხადა, რეფორმირებული პროტესტანტები პარტიის მიმართა რაიმე იძულებითი ღონისძიების გატარებაზე (განჩინების 58-ე პუნქტი).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეში მიღებულ დაუშვებლობის განჩინების 69-ე პუნქტში განაცხადა: „კონვენციის პრეამბულაში დემოკრატიის მნიშვნელობა აღწერილია შემდეგი ტერმინებით: „ხელმომწერი სახელმწიფოები ადასტურებენ თავის ღრმა რწმენას ძირითადი თავისუფლებების მიმართ, რაც არის სამყაროში სამართლიანობის და მშვიდობის საფუძველი. სამართლიანობის და მშვიდობის დაცვა, ერთი მხრივ, ხდება ეფექტიანი პოლიტიკური დემოკრატიით, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებების საერთო აღიარებით და დაცვით. სწორედ ადამიანის უფლებების დაცვას ეფუძნება დემოკრატია.“
როგორც სასამართლოს არაერთხელ უთქვამს თავის პრეცედენტულ სამართალში, დემოკრატია არა მარტო ევროპული საჯარო წესრიგის მახასიათებელია, არამედ კონვენცია შეიქმნა იმისათვის, რომ წაახალისოს და დაიცვას დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებები. დემოკრატია კონვენციით შეთანხმებული ერთადერთი წყობილებაა. დემოკრატია ერთადერთია, რაც შესაბამისობაში მოდის კონვენციასთან. ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის, ისევე როგორც კონვენციის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლის მეორე პუნქტებშია აღნიშნული, ამ მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევა მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუკი ეს დემოკრატიული საზოგადოების შენარჩუნებისათვის არის აუცილებელი (განჩინების 70-ე პუნქტი).
სასამართლოს ასევე არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ თავიანთი პოლიტიკური ამოცანები განახორცილონ ორი პირობის დაცვით: პირველი, საშუალება, რითაც პარტიები მიზნის მიღწევას ცდილობენ, უნდა იყოს კანონიერი; მეორე, პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილი ცვლილება უნდა იყოს შესაბამისობაში დემოკრატიის საბაზისო პრინციპებთან (განჩინების 71-ე პუნქტი).
ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო იმეორებს, რომ სქესთა შორის თანასწორობის მიღწევა დღეისათვის იქცა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავარ მიზნად. ეს ნიშნავს, რომ წონადი მიზეზი უნდა იქნას დასახელებული იმისათვის, რომ სქესის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა, რომ კონვენციასთან იყოს თავსებადი (განჩინების 72-ე პუნქტი).
უფრო მეტიც, სასამართლომ დაადგინა, რომ თანამედროვე ეპოქაში, სქესთა შორის თანასწორობის წახალისების ინტერესი უკრძალავს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭიროს იდეებს, რომელიც კაცის როლს საზოგადოებაში წარმოაჩენს როგორც უმთავრესს, ხოლო ქალისას მეორეხარისხოვანს (განჩინების 73-ე პუნქტი). ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეში საბოლოოდ განაცხადა: ნიდერლანდების უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ პარტიის პოზიცია არღვევდა ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-7 მუხლს, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-2 და 25-ე მუხლებს, იმის მიუხედავად, რომ ქალის დეპუტატად წარდგენის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა ღრმა რელიგიურ მრწამსს ეფუძნებოდა. თავის მხრივ, ევროპული სასამართლო, კონვენციის პრეამბულის, პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით, ადგენს რომ ასეთივე დასკვნა შეიძლება იქნეს გაკეთებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლიდან კონვენციის მე-14 მუხლთან კავშირში (განჩინების 77-ე პუნქტი). აქედან გამომდინარე, საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია და უარყოფილი უნდა იქნას კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „a“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის საფუძველზე (განჩინების 79-ე პუნქტი).
4) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პრინციპების მიმართება საქმე N3/8/1526-ზე
4.1. უფლებაში ჩარევა
აღნიშნულ საქმეში გასაჩივრებულია საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებასთან მიმართებაში. სადავო ნორმით დადგენილია, 2014 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გასამართ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ვალდებულება, ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილ სიის ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ამ რეგულაციის თანახმად, თუკი სიაში ერთმანეთის მიყოლებით სამი მამაკაცია, მეოთხე მაინც უნდა იყოს ქალი ან პირიქით, თუ სიაში ერთმანეთის მიყოლებით სამი ქალია, მეოთხე უნდა იყოს მამაკაცი.
მოსარჩელეები თვლიან, რომ სადავო ნორმებით, იზღუდება პარტიის პარტნიორების უფლება, დაასახელონ ის კანდიდატი, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევენ. სარჩელში დეტალურად არის ახსნილი ის, უმნიშვნელოვანესი როლი, რასაც პარტნიორები ასრულებენ „გირჩის“ დაფინანსების საკითხში. პარტია არ იღებს სახელმწიფო დაფინანსებას. ამის ნაცვლად, პარტია უშვებს ციფრულ ვალუტა - ქართულ დოლარს GeD-ს. GeD-ი გადაეცემა პარტნიორებს, რომლებიც პარტიას ფულადი ან არაფულადი ფორმით ეხმარებიან. პარტნიორები GeD-ის გამოყენებით ასახელებენ გირჩის დეპუტატობის კანდიდატებს. GeD-ის გამოყენებით, პარტნიორები ადგენენ სიაში კანდიდატთა თანმიმდევრობას.
მოსარჩელე მხარე, ერთი მხრივ, GeD-ის მფლობელი პარტნიორების, კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევად აფასებს სადავო ნორმას, ვინაიდან სადავო ნორმა, პარტნიორების სურვილის საწინააღმდეგოდ, განსაზღვრავს ვინ უნდა იყოს სიის ყოველი მეოთხე ნომერი. შესაძლოა, პარტნიორების ხმების უმრავლესობით მეოთხე ადგილზე გავიდა მამაკაცი კანდიდატი, ამის მიუხედავად, სადავო ნორმა ითხოვს, რომ სიაში მეოთხე უნდა იყოს ქალი, თუკი პირველი სამი კანდიდატი მამაკაცია. მოსარჩელე მხარე, ერთი მხრივ, დავობს პარტნიორების უფლების დარღვევაზე, რომლებიც სადავო ნორმის საფუძველზე, მოკლებულნი არიან იმის შესაძლებლობას, რომ საკუთარი შეხედულებით, წარადგინონ პროპორციული სისტემით ასარჩევი კანდიდატები, მეორე მხრივ, ამომრჩევლების უფლებაზე, არ იყვნენ შეზღუდული, კანონით თუ რომელ კანდიდატს მისცენ ხმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 29-ე პუნქტში განმარტა კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსი (კონსტიტუციის ძველი რედაქციის 28-ე მუხლი). საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, „საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებული საარჩევნო უფლება მოიცავს მოქალაქეთა უფლებას, კენჭი იყარონ და წარადგინონ კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებში.“ ამგვარად, ვინაიდან სადავო ნორმა, ზღუდავს პარტიის პარტნიორების უფლებას, წარადგინონ მათთვის სასურველი კანდიდატები, იმ თანმიმდევრობით, როგორც ამას პარტნიორები გადაწყვეტენ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით მოაზრებულ საპარლამენტო არჩევნებში, სადავო ნორმა ერევა კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროში.
ვინაიდან სახეზეა, კონსტიტუციის 24-ე მუხლში ჩარევა, უნდა გაირკვეს, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ამგვარი ჩარევა.
4.2. ლეგიტიმური მიზანი
მოსარჩელე მხარე, სარჩელის მე-10 გვერდზე მიუთითებს: „მოპასუხე მხარე ლეგიტიმურ მიზნად სავარაუდოდ დაასახელებს წარმომადგენლობით ორგანოში, ქვეყნის მართვის მონაწილეობაში ქალსა და კაცს შორის ბალანსის დაცვას. თუმცა, მოსარჩელეების აზრით ასეთი ლეგიტიმური მიზანი შეუძლებელია არსებობდეს, ის სურვილი შეიძლება იყოს.“
სასამართლო მეგობრის, წერილობით, მოსაზრებაში ციტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ორი განჩინება, სადაც თავისუფალი არჩევნების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სწორედ წარმომადგენლობითი ორგანოში ქალებისა და მამაკაცების თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა დაასახელა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ისევე როგორც ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუტები - ვენეციის კომისია, საპარლამენტო ასამბლეა, მინისტრთა კომიტეტი) არა მარტო ნებას რთავს, არამედ ახალისებს კიდევაც სახელმწიფოებს, საკანონმდებლო ორგანოში სქესთა თანაბარი მონაწილეობის მიღების უზრუნველსაყოფად, შემოიღონ კვოტები (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება საქმეზე Metka ZEVNIK and others against Slovenia 34-ე და 35-ე პუნქტები). უფრო მეტიც, პარტიების მიერ წარმომადგენლობით ორგანოში ქალებისა და მამაკაცების თანაბარ პირობებში წარდგენა, არის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-7 მუხლით დაკისრებული ვალდებულება. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის შესახებ აღმოფხვრის გაეროს კონვენცია საქართველოს მიმართ ძალაშია 1994 წელის 22 სექტემბრიდან. ამგვარად, მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგოდ, უნდა ითქვას, ის, რაც არის საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება, მის შესასრულებლად თავისუფალი არჩევნების უფლების შეზღუდვა უბრალო სურვილი კი არა, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანია.
გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, როგორც მეტკა ზვენიკის, ისე რეფორმირებული პროტესტანტების საქმეში, ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობა ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში მიიჩნია კონვენციის პრეამბულით გათვალისწინებულ დემოკრატიული პრინციპის, ზოგადად დემოკრატიული წესწყობილების მოთხოვნად. ევროპული სასამართლოს პოზიციით, დემოკრატიული პროცესი არ არის ლეგიტიმური, თუკი ხალხის ინტერესების გამომხატველი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - თანაბრად არ გამოხატავს ორივე სქესის ინტერესებს. ეს პრინციპი გათვალისწინებულია როგორც ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულით, ისე კონსტიტუციის მე-3 მუხლით. როგორც პრეამბულა, ისე კონსტიტუციის მე-3 მუხლი ადგენს კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპებს და არა ძირითადი უფლებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-3 პუნქტში აღნიშნა: „საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს.“ ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემთხვევაში, დემოკრატია არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ერთადერთი მოდელი, კონსტიტუციური უფლებების შინაარსის და ფარგლების, ისევე როგორც სამართლებრივი წესრიგის განმაპირობებელი.
კონსტიტუციის პრეამბულის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დემოკრატიული წესწყობილების დამკვიდრება. კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით. დემოკრატიის, როგორც კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია. იმისათვის, რომ შედგეს «ხალხის მმართველობა», ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში და ამის საუკეთესო გზა არჩევნებია. არჩევნები თავისთავად აჩენს განცდას და რწმენას ადამიანებში, რომ ისინი უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში (ირჩევენ რა თავის რჩეულებს ან თავად არიან არჩეული)” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამასთან კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის განმარტებისას საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „წარმომადგენლობითი დემოკრატია ხალხის მიერ წარმომადგენლების არჩევასა და მათი მეშვეობით სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობას, სუვერენული ძალაუფლების განხორციელებას გულისხმობს. ამავე დროს, წარმომადგენლების არჩევასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები აღჭურვილნი არიან უფლებით, უშუალო მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების საქმიანობაში და დაიკავონ სახელმწიფო თანამდებობა. შესაბამისად, მოქალაქეებს უფლება აქვთ, არა მხოლოდ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით განახორციელონ საკუთარი სუვერენული ძალაუფლება, არამედ თავადვე იყვნენ წარმომადგენლები და აქტიური როლი შეასრულონ სახელმწიფო მმართველობის პროცესში. სწორედ ასეთ ურთიერთობებში ხდება ამ ორი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულების თანაკვეთა. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის N3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-8).
ამგვარად, იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე, მისი გენდერული კუთვნილების მიუხედავად, საპირისპირო სქესის მქონე პირთან თანაბარ პირობებში, წარმოდგენილი იყოს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების პროცესში, საჭიროა მას კანონმდებელმა სათანადო პირობები შეუქმნას, არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის კუთხით, პოლიტიკური პარტიისათვის სათანადო ვალდებულების დაკისრების გზით. სხვაგვარად საფრთხე ექმნება ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის არსებობას, როდესაც მოსახლეობის ერთი, განსაკუთრებით კი უმრავლესობაში მყოფი ნაწილი, არაადეკვატურად არის საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე, პირველ ტურში მოსულ ამომრჩეველთა შორის იყო ქალი ‒ 932 576 (51.10%) და კაცი ‒ 892 478 (48.90%) (ცესკოს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ანგარიში გვერდი 12)[2]. მთელი ქვეყნის მასშტაბით, უმრავლესობაში მყოფი ქალი ამომრჩევლის რაოდენობა ამავე არჩევნებში ვერ ითარგმნა ქალი პარლამენტარების სათანადო რაოდენობაში. 2016-2020 წლის მოწვევის, 150 დეპუტატის შემადგენლობის მქონე პარლამენტში ქალი პარლამენტარი არის მხოლოდ 21.[3] როდესაც სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებს შორის არსებობს ამგვარი დისპროპორცია, და სახელმწიფო არ იღებს ზომებს, იმის უზრუნველსაყოფად, უმრავლესობაში მყოფი ჯგუფი რაოდენობა სათანადოდ აისახოს მანდატების რაოდენობაში, საფრთხე ექმნება დემოკრატიული წეს-წყობილების კონსტიტუციურ პრინციპს, რაც ხელისუფლების განხორციელების პროცესში ორივე სქესის მქონე პირების თანაბარ მონაწილეობას გულისხმობს.
დემოკრატიის კონსტიტუციური პრინციპების გაფართოების კუთხით, საყურადღებო ცვლილება შევიდა კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში 2017 წლის 13 ოქტომბერს. ამ კონსტიტუციური დებულების მიხედვით, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მისი სიახლის გამო, არასოდეს ყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებული. ამ დებულების განმარტებისათვის მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება რეფორმირებული პროტესტანტების საქმეზე, სადაც ევროპულმა სასამართლომ გაზიარა ჰააგის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პარტია განსხვავდება სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებისაგან და ქვეყნის დემოკრატიის დაცვის საქმეში პარტიის განსაკუთრებული როლის გამო, პარტიის თავისუფლების ფარგლები, ისეთივე ვერ იქნება, როგორც სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციას გააჩნია (იხილეთ რეფორმირებული პროტესტანტების საქმეზე განჩინების 45-ე პუნქტი). პარტიები დემოკრატიის პროცესში მონაწილეობენ იმით, რომ ამომრჩევლებს წარუდგენენ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატებს. კანდიდატების წარდგენა, საკუთარი პარტიული იდეოლოგიის შესაბამისად, კანონშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვა არის ის, რითაც პარტიები ახორციელებენ ხალხის ნების ფორმირებას და განხორციელებას. კონსტიტუციის შემქმნელებმა ცალკე გამოჰყვეს პარტიის, როგორც სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციისაგან განსხვავებული როლი, რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოში დემოკრატიის არსებობას. სწორედ ამიტომ პარტიებთან დაკავშირებული ჩანაწერი გაჩნდა დემოკრატიის შესახებ კონსტიტუციის მუხლში. ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებისა და განხორციელების განსაკუთრებული ვალდებულების გათვალისწინებით, პარტიის თავისუფლების ფარგლები, ვერ იქნება ისეთივე როგორც გააჩნია მაგალითად, შპს-ს ან არასამათავრობო ორგანიზაციას. პარტიის თავისუფლების ფარგლები, ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებას და განხორციელების პროცესში, შეზღუდულია ისეთი კონსტიტუციური პრინციპებით, როგორიცაა თანასწორობა (მათ შორის გენდერული თანასწორობა) და შიდაპარტიული დემოკრატია.
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუცია თანასწორობისა და შიდა დემოკრატიის დაცვის მოთხოვნებს არც ერთ სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებას არ სთხოვს. ასეთი მოთხოვნები არ წარედგინება არც ერთ სხვა კომერციულ ან არაკომერციულ იურიდიულ პირს. კონსტიტუცია ასეთ ზღვარს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს უდგენს. მართალია, კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულია პარტიის დამფუძნებლების, მისი წევრების, დამფინანსებლების თუ პარტნიორების უფლება, არჩევნებში, რაც არის ხალხის პოლიტიკური ნების განხორციელების პროცესი, წარადგინოს ის კანდიდატი, რომელიც მათ სურს, თუმცა კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით პარტიის წევრების ეს თავისუფლება ზღვარდადებულია ისეთი მოთხოვნებით, როგორიცაა პარტიის მიერ თანასწორობისა და პარტიული დემოკრატიის დაცვა. სადავო ნორმით დადგენილი ნორმები სწორედ იმას, უზრუნველყოფს, რომ ხალხის ნების ფორმირების და განხორციელების პროცესში (საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისას) პარტიამ დაიცვას შიდა პარტიული დემოკრატია და მის წევრებს წარმომადგენლობით ორგანოში პასიური საარჩევნო უფლების განხორციელებისას მოეპყრას თანაბრად.
კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის განმარტებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-7 მუხლი, რომლითაც ქალისათვის გარანტირებულია პოლიტიკურ პარტიაში, მამაკაცთან თანაბარ პირობებში გაწევრიანების და პარტიის მიერ არჩევით თანამდებობაზე წარდგენის უფლება (უფლების ეს ასპექტი განხილვის საგანი იყო რეფორმირებული პროტესტანტების საქმეზე). როდესაც კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი საუბრობს ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებისას პარტიის მიერ თანასწორობის და შიდაპარტიული დემოკრატიის დაცვასთან დაკავშირებით, ეს მიუთითებს პარტიის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე, არჩევით თანამდებობაზე თავისი წევრების წარდგენისას, დაიცვას გენდერული თანასწორობა. ამგვარად, კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულ პარტიის მიერ კანდიდატის წარდგენის თავისუფლებას აქვს შიდაკონსტიტუციური ზღვარი კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის სახით, რაც გულისხმობს იმას, რომ კანდიდატის წარდგენის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს გენდერული თანასწორობის დაცვის მოთხოვნით.
მეტკა ზვენიკის საქმეში მიღებული განჩინების 34-ე მუხლში აღნიშნული იყო, რომ პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით არ იყო გათვალისწინებული არჩევნების თავისუფლების შემზღუდველი ლეგიტიმური მიზნები, რამაც სასამართლო მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ეს უფლება შეიძლება შეზღუდულიყო ნებისმიერი ისეთი მიზნის მისაღწევად, რაც შესაბამისობაში მოდიოდა კანონის უზენაესობის პრინციპთან. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა კი სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, ამიტომ ამ საქმეში კვოტების დაწესება სწორედ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევით იქნა გამართლებული. ადამიანის უფლებათა პირველი დამატებითი მუხლის მე-3 მუხლის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლიც არ შეიცავს იმ ლეგიტიმური მიზნების ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც დასაშვები იქნება პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა. ეს გულისხმობს იმას, რომ პასიური საარჩევნო უფლება შეიძლება შეიზღუდოს ისეთი მიზნის მისაღწევად, რაც შესაბამისობაში მოდის დემოკრატიასთან და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. წარმომადგენლობით ორგანოში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა უეჭველად არის ასეთი ლეგიტიმური მიზანი
რეფორმირებული პროტესტანტების საქმის 45-ე პუნქტში მოცემულია იმის დასაბუთება, თუ რატომ არის აუცილებელი გენდერული თანასწორობის მოთხოვნით შეიზღუდოს პარტიის თავისუფლება, შეარჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატები. ნიდერლანდების საარჩევნო სისტემა იმგვარად იყო მოწყობილი, რომ თუკი პარტიები არ დაასახელებდნენ, შეუძლებელი იყო ქალების არჩევა საკანონმდებლო ორგანოში. ეს მოსაზრება გარკვეულწილად სიმართლეა ქართული საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით. 150 დეპუტატისაგან შემდგარ პარლამენტში პარტიები და საარჩევნო ბლოკები ასახელებენ 120 დეპუტატს. პარტიის გვერდის ავლით, ქალს აქვს შესაძლებლობა, კენჭი იყაროს 30 მაჟორიტარულ ოლქში, თუკი ქალ კანდიდატს დაასახელებს საინიციატივო ჯგუფი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალები 30-ვე მაჟორიტარულ ოლქს მოიგებენ, პროპორციული სიებში ქალების წარდგენის გარეშე, შესაძლოა ქალთა ბალანსი პარლამენტში არ შეიცვალოს. მეტკა ზვენიკის საქმეში მიღებული განჩინების 22-ე პუნქტში ციტირებულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც კვოტირების სისტემას უკავშირებს სწორედ პროპორციულ სისტემას. ეს სისტემა, ბოლო პერიოდის კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით, აშკარად დომინირებს მაჟორიტარულ სისტემასთან მიმართებაში. ამიტომ პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში კვოტები განსაკუთრებულ როლს ასრულებს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საქმეში. შესაბამისად, თუკი პარტიებს ექნებათ კანდიდატების გენდერული თანასწორობის პრინციპის სრული იგნორირების შესაძლებლობა, შესაძლოა პარლამენტში გენდერული ბალანსი მნიშვნელოვნად იყოს დარღვეული ერთი სქესის საზიანოდ და მეორის სასარგებლოდ. როგორც აღინიშნა ასეთი შედეგი მნიშვნელოვნად დააზიანებს დემოკრატიული წესწყობილების ლეგიტიმურობას.
მეტკა ზვენიკის საქმეში ევროპული სასამართლოსათვის გადამწყვეტი გახდა ის გარემოება, რომ კვოტის დაწესების მოთხოვნა გამომდინარეობდა სლოვენიის კონსტიტუციიდან. ამ საქმეზე მიღებული განჩინების 34-ე პუნქტში ევროპული სასამართლო მიუთითებს სლოვენიის კონსტიტუციის 43-ე მუხლზე, სადაც აღნიშნულია: კანონით გათვალისწინებული უნდა იყოს ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის ერთნაირ შესაძლებლობას, წარდგენილნი იყვნენ კანდიდატად ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს არჩევნებზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. სლოვენიის კონსტიტუციისაგან განსხვავებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი უფრო ზოგადია და მიემართება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს და არა მხოლოდ არჩევნებს. ამის მიუხედავად, როდესაც სახელმწიფო ამა თუ იმ სფეროში ხედავს ფაქტობრივ უთანასწორობას, კონსტიტუცია უფლებას აძლევს სახელმწიფოს, განსაკუთრებულ ზომების, მათ შორის გენდერული კვოტების შემოღების გზით, აღმოფხვრას ამგვარი უთანასწორობა. სავარაუდოდ, პარლამენტისათვის, სადავო ნორმების შემოღების მიზეზი იყო, ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა უმრავლესობა იყო ქალი, მაგრამ ქალ დეპუტატებს 150-დან მხოლოდ 21 მანდატი შეხვდათ.
ამგვარად, კონსტიტუციის პრეამბულიდან, მე-3 მუხლიდან და მე-11 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მოქალაქეების კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებული უფლება, წარადგინონ მათთვის სასურველი კანდიდატი, იზღუდება ისეთი ლეგიტიმური მიზნით, როგორიცაა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის დაცვის ინტერესი. ამის შემდეგ უნდა გაირკვევს, რამდენად არის დაცული თანაზომიერების ტესტი შეზღუდულ უფლებასა და ლეგიტიმურ მიზანს შორის. ასევე, რამდენად არის გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიება ლეგიტიმური მიზნის ვარგისი, ნაკლებად მზღუდავი და ვიწრო გაგებით, პროპორციული საშუალება.
4.3. გამოსადეგობა
გამოყენებული საშუალება გამოსადეგია პარლამენტში გენდერული ბალანსის დასაცავად. სადავო ნორმა ითხოვს, რომ როცა სიაში ყოველი სამი კანდიდატი არის ერთი სქესის წარმომადგენელი, ყოველი მეოთხე უნდა იყოს საპირისპირო სქესის წარმომადგენლი. იმის გათვალისწინებით, რომ პროპორციული სიით ხდება დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევა, პარტიულ სიაში კვოტის დაცვა უზრუნველყოფს სქესთა შედარებით დაბალანსებული რაოდენობის წარმომადგენლობის უზრუნველყოფას პარლამენტში. ამგვარად, თანაზომიერების ტესტის პირველი მოთხოვნა დაცულია.
4.4 აუცილებლობა
ეჭვგარეშეა ისიც, რომ გენდერული კვოტების დაწესება და პარტიის ავტონომიაში ჩარევა არ არის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება. პირიქით, კვოტების დაწესება საკმაოდ სერიოზული ჩარევა იყო პარტიის წევრების ან მისი მხარდამჭერების უფლებაში, გენდერული ნიშნის გარეშე, გადაეწყვიტათ, თუ ვინ იქნებოდა მათი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. რეალურად იქმნება ისეთი ვითარება, როცა არა პარტია, არამედ კანონმდებელი წყვეტს, თუ ვინ წარმოადგენს ამა თუ იმ სეგმენტის ამომრჩევლის ინტერესებს, კანდიდატის გენდერული კუთვნილების განსაზღვრის გზით. ამგვარი სერიოზული ჩარევით სახელმწიფო ზღუდავს არა მხოლოდ პარტიის ავტონომიას, არამედ თავად ამომრჩევლის ნებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა დაიცვას მისი ინტერესი პარლამენტში.
აქვე არც იმის უარყოფა არ შეიძლება, რომ თითქოს პარლამენტმა არ სცადა კვოტის დაწესებაზე, უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენება, რათა მიეღწია პარლამენტში გენდერული ბალანსის დაცვისათვის.
2011 წლის 27 დეკემბერს მიღებულ საარჩევნო კოდექსის 143-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ გენდერული ბალანსის დაცვა უკავშირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას. ამგვარად, გენდერული ბალანსის დაცვის შემთხვევაში, პარტიებს ეზრდებოდათ დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ფინანსური წახალისება არის იმპერატიულ, სავალდებულო გენდერულ კვოტაზე უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალება პარლამენტში გენდერული ბალანსის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. პირველ ეტაპზე ამ ფინანსურმა წახალისებამ გარკვეულწილად იმოქმედა პარლამენტში ქალთა რაოდენობის ზრდაზე. მაგალითად, თუ საარჩევნო კოდექსის 143-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიმღებ 150 დეპუტატისაგან შემდგარ, 2008-2012 წლის მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა იყო 11,[4] 2012-2016 წლის მერვე მოწვევის პარლამენტში ქალი პარლამენტარების რაოდენობა გაიზარდა 22-მდე.[5] თუმცა ამგვარი ფინანსური წახალისების მიუხედავად, 2016-2020 წლების მეცხრე მოწვევის პარლამენტში ქალი დეპუტატების რაოდენობის შემდგომი ზრდა აღარ მომხდარა, რამაც სადავო ნორმის შემოქმედს აფიქრებინა, რომ გენდერული ბალანსის მისაღწევად საარჩევნო კოდექსის 143-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი შეღავათი ვეღარ მუშაობდა, ამიტომ აუცილებელი იყო უფრო მკაცრი ღონისძიების გამოყენება.
სადავო ნორმა არ არის ყველაზე მკაცრი ღონისძიება პარლამენტში გენდერული ბალანსის უზრუნველსაყოფად. სადავო ნორმა არის დროებითი ღონისძიება, მოქმედებს 2024 წლამდე. იმავდროულად, სადავო ნორმა არ ზღუდავს პარტიას იმით, რომ სიაში ყოველი მეორე, პირველისაგან განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს. ამასთან აღნიშნული სისტემა, რომლის მიხედვითაც, სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული წინასაგან სქესის წარმომადგენელი, არაკონსტიტუციურად სცნო გერმანიის ტურინგიის მიწის საკონსტიტუციო სასამართლომ (https://www.loc.gov/law/foreign-news/article/germany-state-constitutional-court-of-thuringia-declares-act-on-gender-parity-in-politics-unconstitutional/?fbclid=IwAR2lJCtFmxuoFxuuVQdDCvAtajd1FSUhPwV80qMPj5tA97S4lBXnLk5Zn6I).
მართალია, კვოტა არ არის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით დადგენილი კვოტა გამოყენებული იქნა როგორც ultima ratio ღონისძიება, როცა ნაკლებად მზღუდავი საშუალება იმავე ეფექტურობით ვერ უზრუნველყოფდა ქალთა რაოდენობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
ამასთან საბიუჯეტო დაფინანსების ზრდა ვერავითარი სტიმული ვერ იქნებოდა ისეთი თანმიმდევრულად მემარჯვენე, ლიბერტარიანული პარტიისათვის, როგორც მოსარჩელეა. მოსარჩელე მხარეს აქვს იდეოლოგიური, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა პარტიის სახელმწიფო დაფინანსების მიმართ, ისევე როგორც სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით ზოგადად. ეს გარემოება საკმაოდ მკაფიოდ არის მითითებული სარჩელში (იხილეთ #1526 სარჩელის მე-7 გვერდზე შემდეგი ჩანაწერი: „გირჩი და პოლიტიკოსები, მოსარჩელეები არ იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას. ასეთი დაფინანსების მომავალში აღებასაც არ აპირებენ.“) ამ გარემოების გათვალისწინებით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ გენდერული ბალანსის დაცვის შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის 143-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსება იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორც ეს სადავო ნორმით დაწესებულ კვოტის შემთხვევაშია შესაძლებელი.
4.5. ვიწრო გაგებით პროპორციულობა
თანაზომიერების ტესტის აღნიშნულ ეტაპზე ხდება უფლების შეზღუდვის ინტერესის შედარება მისაღწევ ლეგიტიმურ მიზანთან. ამ დროს ხდება იმის გარკვევა, თუ რომელ სამართლებრივ სიკეთეს უნდა მიენიჭოს უპირატესობა: შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს თუ კონსტიტუციურ უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის კონკრეტული გარემოებების გამოკვლევით, ხდება იმის დადგენა, რომელი სამართლებრივი ინტერესის დაცვა არის უპირატესი - საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თუ კონსტიტუციური უფლების ხელშეუხებლობის. ამგვარი ანალიზის საფუძველზე ხდება ერთ-ერთი მათგანისათვის უპირატესობის მინიჭება.
ვიწრო გაგებით პროპორციულობის ტესტის გამოყენებისას ხდება ზიანის და სარგებლის ანალიზი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლეგიტიმური მიზნისათვის უპირატესობის მინიჭების შემთხვევაში, ამ მიზნის მიღწევით მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს უფლების შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. იმავდროულად იმ შემთხვევაში თუ სასამართლო უპირატესობას ანიჭებს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ინტერესს, კონსტიტუციური უფლების შეზღუდვით დამდგარი ზიანი არ უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ აზრი დაუკარგოს, შინაარსი გამოაცალოს კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინების 31-ე მეტკა ზვენიკის საქმეში, სადაც აღნიშნულია: „სასამართლომ პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი დაცულად უნდა ჩათვალოს, როცა საარჩევნო უფლების შეზღუდვა იმგვარად არ მომხდარა, რომ ამას მისი შინაარსისაგან დაცლა და ეფექტურობის დაკარგვა მოჰყოლოდა.“ ამგვარად, უნდა განისაზღვროს სადავო ნორმით, დადგენილი კვოტირების სისტემა ხომ არ აცლის შინაარსს და ეფექტურობას პარტიის წევრების, გირჩის პარტნიორების უფლებას, დაასახელონ მათთვის სასურველი კანდიდატები საპარლმენტო არჩევნებზე. ამ საკითხის გასარკვევად უნდა განისაზღვროს, რა დგას სასწორის მეორე მხარეს.
სასწორის მეორე მხარეს დგას, დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესი - ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქალების და მამაკაცების შეძლებისდაგვარად თანაბრად წარმოდგენის ინტერესი. გენდერული თანასწორობის გზით, საქართველოს პარლამენტი შეძლებს ორივე სქესთან დაკავშირებული პრობლემებზე ადეკვატურ რეაგირებას და მათ გადასაწყვეტად ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მეტკა ზვენიკის საქმეში, განჩინების 31-ე პუნქტში განაცხადა: „სქესთა შორის თანასწორობის წახალისება არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმთავრესი მიზანი თანამედროვე ეპოქაში.“გენდერული თანასწორობის მიმართ ევროპის საბჭოს მიერ ამგვარი მნიშვნელობის მინიჭებასთან ერთად, აუცილებელია საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებაც. ქვეყანაში, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობა ქალია, ამ ჯგუფის წარმომადგენლები არაადეკვატურად მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში. დღევანდელი მონაცემებით, 150 დეპუტატისაგან შემდგარ პარლამენტში ქალების რაოდენობა არის 21. იმ პირობებშიც კი, როცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთმა პარტიამ მიიღო კონსტიტუციური უმრავლესობა, უმრავლესობაში და ოპოზიციაში მყოფი ქალების რაოდენობა, ერთად აღებული, უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატების რაოდენობაზე ბევრად ნაკლები. შესაბამისად, ამ რაოდენობით ქალები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, გავლენა მოახდინონ გენდერულად მგრძნობიარე ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაზე.
ვიწრო გაგებით, პროპორციულობის გარკვევის, უნდა დაგინდეს ის, თუ რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს პარლამენტში ქალების რაოდენობის ზრდამ. მრავალფეროვანი პარლამენტი იძლევა ამომრჩეველთა სხვადასხვა სეგმენტის ინტერესების უფრო ეფექტურად დაცვის, კანონმდებლობის შემუშავებისას ამ ინტერესების ასახვის შესაძლებლობას. ქალებს აქვთ მამაკაცებისაგან განსხვავებული გამოცდილება მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, იქნება ეს ოჯახში ძალადობის, სექსუალური შევიწროების, შვილების აღზრდის, ოჯახის დაგეგმვის, შრომით ბაზარზე დისკრიმინაციის და სხვა. რამდენადაც მგრძნობიარე არ უნდა იყოს მამაკაცი გენდერული თემატიკის მიმართ, მას არ გააჩნია გენდერულად სპეციფიკური პრობლემების საკუთარ თავზე გადატანის გამოცდილება. შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკა უფრო დასაბუთებული, სწორი, გამართლებული და ლეგიტიმური გახდება, თუკი მის შემუშავებაში ჩართული იქნება ის, ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა ამ გამოწვევებთან შეჯახების უშუალო გამოცდილება. დემოკრატია გულისხმობს ხალხის მმართველობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანებმა უშუალოდ მიიღონ იმ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობა, რაც ასე ახლოს არის მათთან და რაც მათ უშუალოდ, საკუთარ თავზე გამოსცადეს.
ქალებს შესაძლოა ჰქონდეთ ერთნაირი გამოცდილება სიღარიბის, უმუშევრობის, ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხო გარემოში ცხოვრებასთან დაკავშირებით, ამის მიუხედავად, შესაძლოა განსხვავებული იყოს მათი ხედვები აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა თვლიდეს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა არის, სახელმწიფოს მეტი ჩართულობა, სხვები შესაძლოა თვლიდნენ, რომ გენდერულად მგრძნობიარე პრობლემა მცირე სახელმწიფოს კონცეფციით უკეთ გვარდება. ასეთ პირობებში ქალებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, როგორც ეს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-7 მუხლით არის გათვალისწინებული, გახდნენ დემოკრატიული იდეოლოგიის მქონე პარტიების - მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტული პარტიის წევრები და ამ პარტიების მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში.
გენდერული მრავალფეროვნება ქმნის ხარისხიანი დისკუსიების წარმოების შესაძლებლობას, სადაც ორივე გენდერული ჯგუფის წარმომადგენელს აქვს საკუთარი უნიკალური გამოცდილების, როგორც თანაპარტიელებისათვის, ისე პარლამენტში პოლიტიკური ოპონენტისათვის გაზიარების შესაძლებლობა და ამ გზით სამიზნე ჯგუფებზე მორგებული პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობა.
ამის მიუხედავად, ვითარება არის იმგვარი, რომ ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში არ იძლევა ამ ჯგუფზე სპეციფიკურად ორიენტირებული პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლო მეგობარს საჭიროდ მიაჩნია, სადავო ნორმებით დაწესებულ კვოტების სისტემას უპირატესობა მიენიჭოს პარტიის პარტნიორების თავისუფლებასთან, მიმართებაში, რათა ქალებს ჰქონდეთ გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობა. ამასთან გათვალისწინებული უნდა იყოს ის, გარემოება, რომ კვოტირების სისტემა არ უნდა იყოს იმდენად მკაცრი და მოუქნელი, რომ არარაობად აქციოს, ეფექტურობა დაუკარგოს იმ მოდელს, რაც გირჩმა შეარჩიოს საკუთარი სიის შესადგენად.
მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული მოდელი არ არის იმდენად მოუქნელი, რომ აზრი დაუკარგოს როგორც პარტნიორების არჩევანის თავისუფლებას, ასევე ამომრჩეველთა ნებას, თავისუფლად გადაწყვიტოს, ვინ იქნება პარლამენტშიმისი სახელით წარმოდგენილი. პირველ რიგში, შენარჩუნებულია, პარტნიორების თავისუფლება, სიის სამეულში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც მათ სურთ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედებს 1%-იანი ბარიერი, რაც გულისხმობს, რომ აღარ იარსებებს გადაუნაწილებელი მანდატების საკითხი, 6 კაციანი ფრაქციის შესაქმნელად. პარტია/საარჩევნო ბლოკი პარლამენტში მიიღებს იმდენ მანდატს, რა რაოდენობის ხმასაც აიღებს. პატარა პარტიის შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, მიღებული ხმების შესაბამისად, ეს პარტია წარმოდგენილი იყოს ერთი, ორი ან სამი დეპუტატით. ასეთი სცენარის არსებობის შემთხვევაში, დაცულია როგორც პარტიის პარტნიორების, ისე ამომრჩევლების ინტერესები, თავისუფლად გადაწყვიტონ, ვინ დაიცავს მათ ინტერესებს პარლამენტში. ეს სცენარი გამორიცხავს კვოტით, საარჩევნო უფლებაზე ზემოქმედების შესაძლებლობას. ამგვარი სცენარის შემთხვევაში, შეუძლებელია იმის თქმა, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა იმდენად მძიმეა, რომ საარჩევნო უფლებას უკარგავს ყოველგვარ შინაარსს და ეფექტურობას.
რაც ეხება სცენარს როცა პარტიას 4 ან 4-ზე მეტი დეპუტატი შეჰყავს პარლამენტში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებობს მნიშვნელოვანი ინტერესი, რომ უმრავლესობაში მყოფმა (სულ მცირე 3-მა მამაკაცმა) მოუსმინოს თავის თანაპარტიელ ქალებს, ისევე როგორც პარლამენტში მოხვდეს ქალების იმდენი რაოდენობა, რაც გავლენას მოახდენს გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის ფორმირებაზე. ამის მიუხედავად, ამ სცენარშიც არ ხდება, კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული, პარტნიორების თავისუფალი ნების მნიშვნელოვნად გაუფასურება. სიის უმრავლესობა ფორმირებულია პარტნიორების ნების შესაბამისად: პირველ, მეორე, მესამე, მეხუთე მეექვსე, მეშვიდე, მეცხრე ადგილას ხვდება ის კანდიდატი, რომელმაც ყველაზე მეტი პარტნიორის ხმა მიიღო. ამასთან შესაძლებელია მეოთხე და მერვე ადგილი დაიკავონ იმ ქალებმა, რომლებიც ათეულის გარეთ არიან, თუმცა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. მაგალითად, სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ანა ჩიქოვანმა მიიღო ყველაზე მეტი ხმა და ის მე-16 ადგილზე აღმოჩნდა პარტნიორების ხმებით. ამ გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია ანა ჩიქოვანის მეოთხე ადგილას გადმონაცვლება.
მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია მდგომარეობს იმაში, რომ მას არ სურს არავითარი ტვირთის დაკისრება, მისი პარტნიორების თავისუფლებაზე, სახელმწიფოსაგან თავისუფლად შეარჩიოს საარჩევნო სიაში შემავალი კანდიდატები. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, არაკონსტიტუციური არ არის საარჩევნო უფლების მატარებელი პირისათვის ისეთი ტვირთის დაკისრება, რაც რთული სატარებელი არ არის და აზრს არ დაუკარგავს იმ მოდელს, რაც პარტია „გირჩმა“ შეარჩია. კონსტიტუცია არ კრძალავს საარჩევნო უფლების მინიმალური, პროპორციული შეზღუდვის შესაძლებლობას, თუკი ამით ხდება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევა. მოთხოვნა რომ სიაში ყოველი მეოთხე იყოს, წინა სამისაგან განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, საარჩევნო უფლებაზე ასეთი მინიმალური შეზღუდვაა, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს პარლამენტში ქალთა რაოდენობის ზრდას, მეორე მხრივ, აზრს არ უკარგავს, „გირჩის“ პარტნიორების მიერ გირჩის სიის შედგენის თავისუფლებას. „გირჩის“ პარტნიორების თავისუფლება შესაძლოა უფრო მძიმედ შეზღუდულიყო, კანონმდებლობით, რომ დადგენილიყო, სიაში ყოველი მეორე კანდიდატი, უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესის მატარებელი. ამის ნაცვლად, კანონმდებელმა ადვილად სატარებელი ტვირთი შეარჩია გირჩის პარტნიორებისათვის.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა დროებითია, მოქმედებს 2024 წლამდე ჩატარებული ყველა საპარლამენტო არჩევნებზე. ამით კანონმდებელი იმედოვნებს, რომ მომავალში პარტიებში ჩამოყალიბდება სიაში გენდერული ბალანსის დაცვის ტრადიცია და აღარ იქნება აუცილებელი, კვოტების დაწესებით ამომრჩევლების უფლების შეზღუდვა, რაც მართალია არ არის აბსოლუტური, თუმცა უდავოდ წარმოადგენს დემოკრატიულ პროცესში ჩარევას.
სადავო ნორმის მსგავსი ჩანაწერი განხილული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მეტკა ზვენიკის საქმეში. ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ ჩათვალა, არაპროპორციულად ის რომ გენდერული კვოტის დარღვევით შედგენილი სია არ უბრუნდებოდა უკან პარტიას ხარვეზის შესავსებად. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმა ითვალისწინებს გენდერული კვოტის მოთხოვნის დარღვევით შედგენილი სიის უკან პარტიისათვის დაბრუნებას ხარვეზის აღმსოაფხვრელად. პარტიას აქვს სამდღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად და სიის გენდერული კვოტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. შესაბამისად, სადავო ნორმა იმაზე უკეთ აბალანსებს საარჩევნო ხმის უფლებას გენდერული თანასწორობის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ვიდრე ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მეტკა ზვენიკის საქმეში ითხოვს.
დამატებით აღსანიშნავია, ის, რომ მეტკა ზვენიკის საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საარჩევნო უფლების დარღვევად არ მიიჩნია შემთხვევა, როცა გენდერული კვოტის დარღვევა გამოიწვია, პარტიის გულისხმიერების დარღვევამ, ქმედებამ, რომელზე პასუხისმგებელი მხოლოდ პარტიაა. პარტიას შეუძლია შეიმუშავოს სიის დაკომპლექტების ისეთი მოდელი, როცა პარტიის წევრები და დამფინანსებლები უშუალოდ არიან სიის შედგენაში ჩართული, თუმცა ამ პროცესში როგორც პარტიამ, ისე მისმა წევრებმა და დონორებმა სათანადო გულისხმიერება უნდა გამოიჩინონ, რომ არ დაარღვიონ გენდერული კვოტის მოთხოვნები. იმისათვის, რომ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ მოხდეს გენდერული კვოტის დარღვევა, ცესკოს აქვს უფლებამოსილება, სამი დრის ვადა მისცეს პარტიას/საარჩევნო ბლოკს სიაში,კანონით გათვალისწინებული გენდერული კვოტის შესავსებად. ცესკომ ცხადად განუმარტოს საარჩევნო სუბიექტს, ის თუ როგორ უნდა აღმოფხვრას სიაში გენდერულ კვოტასთან დაკავშირებული ხარვეზი. ივარაუდება, რომ თუკი სამი დრის ვადაში, პარტიას სია არ მოჰყავს შესაბამისობაში გენდერული კვოტის მოთხოვნებთან, განზრახ არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პროპორციულად მიიჩნია საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო პროცესიდან დისკვალიფიკაცია.
5) დასკვნა
ამგვარად, იმის მიუხედავად, რომ სადავო ნორმით დადგენილი კვოტა ერევა საარჩევნო უფლებაში, შეზღუდვა ემსახურება პარლამენტში გენდერული ბალანსის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. შემზღუდველი საშუალება გამოსადეგი, აუცილებელი და ვიწრო გაგებით პროპორციულია. ამის გამო სადავო ნორმა კონსტიტუციურია.
[1]https://docs.google.com/viewerng/viewer?url=https://gyla.ge/files/news/2006/untitled+folder/%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90+-+%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D.pdf
[2] https://cesko.ge/res/docs/Parliament-Web.pdf
[3] http://parliament.ge/ge/parlamentarebi/women/qalebi-parlamentshi-23
[4] http://parliament.ge/ge/parlamentarebi/women/women-mps/women-mps-7
[5] http://parliament.ge/ge/parlamentarebi/women/women-mps/women-mps-8