საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის N3/3/1526 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/3/1526 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ევა გოცირიძე |
თარიღი | 25 სექტემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 ოქტომბერი 2020 10:41 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
ევა გოცირიძის
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
საქმეზე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. სადავო ნორმით, რომელიც ადგენდა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიის შედგენის წესს, გათვალისწინებულ იქნა ახალი პრინციპი, კერძოდ, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს დაეკისრათ ვალდებულება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარსადგენი პარტიული სია შეედგინათ იმგვარად, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც ყოფილიყო განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, კერძოდ, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენდა, რომ პარტიული საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა ყოფილიყო მამაკაცი, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. ხოლო ამავე ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ პარტიული საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი, ცნობილ იქნა კონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
პატივს მივაგებ ჩემი კოლეგების პოზიციას, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების მიღებით აქტიურად დაუჭირეს მხარი ქალთა უფლებების რეალურ ხელშეწყობას, მაგრამ, ვფიქრობ, გადაწყვეტილების შედეგად ვერ დამყარდა სამართლიანი ღირებულებითი ბალასი. მიმაჩნია, რომ არ არსებობდა სადავო ნორმის და მისი არც ერთი „ნორმატიული შინაარსის“ არაკონსტიტუციურად ცნობის ფაქტობრივი, იურიდიული თუ ლოგიკური საფუძველი. ჩემი აზრით, სადავო ნორმა ნამდვილად ემსახურებოდა შესაბამის სამართალურთიერთობაში სქესთა შორის თანასწორობის მიღწევის ლეგიტიმურ ინტერესს და ამას ახერხებდა საარჩევნო უფლებებში მინიმალური ჩარევით. ქვემოთ განმარტებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობასთან ჩემი დაუთანხმებლობის მიზეზები.
სარჩელის მოთხოვნა და გადაწყვეტილების არსი
მოსარჩელეს საარჩევნო უფლებასთან მიმართებაში საკითხი დაყენებული ჰქონდა სამ კონტექსტში.
პირველი კონტექსტი უკავშირდებოდა საკუთრივ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ პასიურ საარჩევნო უფლებას. მოსარჩელეთა აზრით, სადავო რეგულაცია არღვევდა პოლიტიკური პარტიის პასიურ საარჩევნო უფლებას იმით, რომ მას ართმევდა შესაძლებლობას, თავისი ნება- სურვილისა და შეხედულებების მიხედვით, სახელმწიფოსაგან ჩარევის გარეშე დაეკომპლექტებინა საარჩევნო სია, რაკიღა იძულებული იყო, სიის ყოველ ოთხეულში გაეთვალისწინებინა განსხვავებული სქესის პირი. როგორც მოსარჩელე მხარემ ახსნა, პარტია „გირჩმა“ შემოიღო საარჩევნო სიის დაკომპლექტების განსხვავებული წესი, რომლის მიხედვითაც, პარტიულ სიაში ამა თუ იმ კანდიდატის ადგილი დამოკიდებული იყო მის რეიტინგზე. რეიტინგების სისტემა კი შეუთავსებელი იყო სქესის გათვალისწინების ვალდებულებასთან.
მეორე კონტექსტი უკავშირდებოდა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მხარდამჭერების აქტიურ (მოსარჩელეთა აზრით) საარჩევნო უფლებას, მონაწილეობა მიეღოთ პარტიული სიის შედგენაში. პარტიის წარმომადგენლების სასამართლოსათვის მიცემული განმარტებებით, საარჩევნო კანდიდატების რეიტინგების განსაზღვრას სწორედ ისინი ახორციელებდნენ და რომ ასეთი უფლება მათ მოიპოვეს პარტიის სასარგებლოდ გაწეული ფინანსური და სხვაგვარი კონტრიბუციით.
მესამე კონტექსტი საარჩევნო უფლებაში ჩარევისა მოსარჩელეებმა დაუკავშირეს იმ პირებს, რომელთაც სადავო რეგულაციის გამო, შესაძლოა, საარჩევნო პარტიულ სიაში დაეკავებინათ იმაზე შორეული რიგითი ნომერი, ვიდრე, რომელსაც დაიკავებდნენ ამ რეგულაციის არარსებობისას. ეს კი, შესაბამისად, ამცირებდა პარლამენტში მათი მოხვედრის შესაძლებლობას. აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება: მართალია, მოსარჩელისათვის პრინციპულად იყო მიუღებელი გარკვეული კვოტირების დაწესება სქესის ნიშნით, თუმცა, რეალური პრობლემა, რაც მათ წინაშე დადგა, ის იყო, რომ სადავო ნორმა მათ აიძულებდა, საარჩევნო სიის მოწინავე პოზიციებზე პირველ ოთხეულებში ჰყოლოდათ გაცილებით დაბალი რეიტინგის მქონე ქალი კანდიდატები უფრო მაღალი რეიტინგის მქონე მამაკაცი კანდიდატების ნაცვლად. სწორედ ეს მაღალი რეიტინგის მქონე მამაკაცები მიაჩნდათ მათ პასიური სარჩევნო უფლების დარღვევის პოტენციურ მსხვერპლად.
დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო ერთი გარემოების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს ზემოაღნიშნული სამივე კონტექსტი იქნა სასამართლოს მიერ გამოკვლეული მხარეთა მონაწილეობით, მეორე კონტექსტის თაობაზე გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი. არადა, სარჩელის პრეტენზია და „გირჩის“ წარმომადგენლების მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი არგუმენტაციის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მათი მხარდამჭერებისათვის იმ უფლების აღკვეთის კონსტიტუციურობას ეხებოდა, კანდიდატებისათვის გარკვეული რეიტინგების მინიჭებით, მონაწილეობა მიეღოთ პარტიული სიის შედგენაში. ძალზე საინტერესო იქნებოდა, სასამართლოს ეპასუხა ამ საკითხზე და განემარტა, მოიცავს თუ არა, საზოგადოდ, აქტიური საარჩევნო უფლება პარტიის მხარდამჭერისა თუ კონტრიბუტორის „უფლებას“, გავლენა მოახდინოს მის მიერ მხარდაჭერილი პარტიის საარჩევნო პარტიული სიის ფორმირებაზე. დასანანია, რომ სასამართლომ ეს საკითხი უპასუხოდ დატოვა.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ მამაკაცათა კვოტირების ნაწილში ცნო სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად. ამ გადაწყვეტილების დასაბუთება და უმთავრესი არგუმენტები უკავშირდება სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებს და სადავო რეგულაციის ამ მიზნებთან მიმართებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პარტიული სიის ყოველ ოთხეულში მამაკაცის არსებობის ვალდებულებასაც აწესებდა, არ ემსახურებოდა სადავო რეგულაციის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას - ქალთა წამომადგენლობის გაზრდას საქართველოს პარლამენტში. სასამართლომ ვერ დაინახა მამაკაცთა სასარგებლოდ კვოტირების წესის რაციონალური და ლოგიკური კავშირი ლეგიტიმურ მიზანთან - ქალთა წარმომადგენლობის გაზრდასთან პარლამენტში.
კერძოდ, ცნო რა მამაკაცების სასარგებლოდ კვოტირება არაკონსტიტუციურად, სასამართლომ მიუთითა: „საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში უნდა იყოს, მინიმუმ, ერთი კაცი, არ არის რაციონალურ და ლოგიკურ კავშირში საქართველოს პარლამენტის მიერ მითითებულ ლეგიტიმურ მიზანთან“ (იხ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 45-ე პუნქტი).
გადაწყვეტილებასთან დაუთანხმებლობის მიზეზები
ა) სადავო ნორმის ანალიზი
იმისათვის, რათა მართებულად შევაფასოთ სადავო ნორმის კონსტიტუციურობა შესაბამისი სარჩელის ფარგლებში, ცხადია, ჯეროვნად უნდა გავაანალიზოთ ნორმის შინაარსი, შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები და ის, თუ რა კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებაშია იგი გასაჩივრებული.
ნორმის შინაარსი. სადავო ნორმა გულისხმობს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად პასიურ საარჩევნო უფლებაში ჩარევას სქესის ნიშნით შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმით, ანუ თანასწორობის უფლებაში ჩაურევლად. კერძოდ, სადავო ნორმის მიხედვით, პარტიული სია, რომელიც ყოველ ოთხეულში არ ითვალისწინებს განსხვავებული სქესის პირს, ვერ გატარდება საარჩევნო რეგისტრაციაში. ლეგიტიმურ მიზნად დასახელდა სქესთა შორის ბალანსის აღდგენის ხელშეწყობა პარლამენტში ქალთა ნაკლები წარმომადგენლობისა და, საერთოდ, პოლიტიკაში ქალთა ნაკლები ჩართულობის გამო. ამგვარად, სადავო ნორმის მიხედვით, პასიურ საარჩევნო უფლებაში ჩარევა დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ხორციელდება თანასწორობის უფლებაში პირდაპირი ჩარევის გარეშე.
ნორმის სპეციფიკა და, ჩემი აზრით, მისი მთავარი ღირსება სწორედ ისაა, რომ იგი შინაარსობრივად ნეიტრალურია სქესის ნიშნით, მაგრამ პრაქტიკაში, იგი მაინც იმუშავებდა „დაჩაგრული“ სქესის სასარგებლოდ. კერძოდ, ნორმა შინაარსობრივად ნეიტრალურია თანასწორობის უფლებასთან მიმართებაში, რამდენადაც სიის ყოველ ოთხეულში განსხვავებული სქესის ჩართვის ვალდებულებას ადგენს და, იმავდროულად, ემსახურება თანასწორობის აღდგენის ხელშეწყობას ქალთა და მამაკაცთა საარჩევნო უფლებების რეალიზაციის სფეროებში. შესაბამისად, ნორმას გააჩნია პოტენციალი, „იმუშაოს“ იმ სქესის სასარგებლოდ, რომელიც რეალურ ვითარებაში აღმოჩნდება მოწყვლად მდგომარეობაში. დღეს, პარტიულ სიებში მამაკაცთა დიდი დომინაციის გამო, სწორედ ქალთა სქესია მოწყვლადი და დაჩაგრული, ამიტომ კვოტირების სისტემა სადავო ნორმით დადგენილი წესით იმუშავებდა მათ სასარგებლოდ. თუ მომავალში, ოდესმე, ქალთა დომინაცია გახდებოდაა პრობლემური (თუმცა ძნელად დასაჯერებელია, რომ ეს განჭვრეტად მომავალში მოხდეს საქართველოში), ნორმა კვლავ მოემსახურებოდა თანასწორობის აღდგენას სქესთა შორის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სადავო ნორმა მოწოდებულია, დაეხმაროს, პირობითად, შესაბამის სამართალურთიერთობაში დაჩაგრულ სქესს და არა კონკრეტულად ქალს ან კონკრეტულად მამაკაცს. ეს კი პირდაპირ შეესაბამება კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პრინციპებს, რომელთა მიხედვით, „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“. საყურადღებოა, რომ სწორედ ამ დებულებაში ამოიკითხა საკონსტიტუციო სასამართლომ, სავსებით მართებულად, სახელმწიფოს განსაკუთრებული პოზიტიური ვალდებულებები ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფასთან მიმართებაში.
ბ) მიმართება საარჩევნო უფლებასთან და მასში ჩარევის ხარისხი.
სადავო ნორმა გულისხმობს საარჩევნო უფლებაში მინიმალურ ჩარევას, იგი მოითხოვს, მხოლოდ ყოველ ოთხეულში, განსხვავებული სქესის ერთი წარმომადგენლის ჩართვას. მთლიანობაში, ეს არის მოთხოვნა, რომ პარტიული სიის სულ მცირე 25% წარმოადგენდეს განსხვავებული სქესის პირს და, ამასთან, უზრუნველყოფილ იქნეს ამ 25% განსხვავებული სქესის კანდიდატის თანაბრად გადანაწილება პარტიული სიის თანმიმდევრობაში, რათა აზრი არ დაკარგოს კვოტირების სისტემამ და უმცირესობის სქესის წარმომადგენლები არ აღმოჩნდნენ ამ სიის ბოლოს, მხოლოდ ნაკლებად პერსპექტიულ პოზიციებზე. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ საქართველომ, განსხვავებით სხვა არაერთი ქვეყნისაგან, უარი თქვა, დაედგინა უფრო მაღალი, 30%, 40% ან 50%-იანი კვოტა ქალებისათვის. ლეგიტიმური მიზანი რომ ყოველგვარი ჩარევის გამამართლებელი იყოს, მაშინ საარჩევნო კანონმდებლობა დაადგენდა ქალი კანდიდატების გაცილებით მეტი ხვედრითი წილით ჩართვის ვალდებულებას. მაგრამ ასეთ დროს მეტად დაზარალდებოდა სხვა კანონიერი ინტერესი - მოცემულ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიის ინტერესი - მხოლოდ საკუთარი შეხედულებით შეედგინა პარტიული საარჩევნო სია ისე, როგორც მას ეს ყველაზე მომგებიანად და წარმატების მომტანად ესახებოდა.
ამგვარად, საარჩევნო უფლებაში სადავო ნორმით გათვალისწინებული ჩარევა არ იყო დიდი მასშტაბისა და არ ხასიათდებოდა დიდი ინტენსიურობით, რამდენადაც საკმაო მიხედულების თავისუფლებას უტოვებდა პოლიტიკურ პარტიებს, თავიანთი პრეფერენციების მიხედვით შეედგინათ პარტიული სია. უფრო მეტიც, თვით განსხვავებული სქესის სავალდებულო ჩართულობის ნაწილშიც არ არის გაუქმებული ან ძლიერ შეზღუდული პარტიის მიხედულების თავისუფლება. კერძოდ, ის, თუ განსხვავებული სქესის რომელი წარმომადგენლები მოხვდებიან პარტიული სიის პირველ, მეორე, მესამე და მომდევნო ოთხეულებში, ესეც მთლიანად რჩება პარტიაზე დამოკიდებული. არც უშუალოდ პარტიული სიის კანდიდატებთან მიმართებაშია ჩარევა ინტენსიური, რამდენადაც, საარჩევნო სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენელთა კვოტირებული ჩართვის შედეგად, რადიკალურად არ შეიცვლებოდა იმ რეიტინგული კანდიდატების პოზიცია და წარმატების პერსპექტიულობა, რომელნიც შესაძლოა, საპირისპირო სქესის ნაკლებად რეიტინგული კანდიდატების შემდეგ მოხვედრილიყვნენ სიაში.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ სადავო ნორმა გულისხმობდა საარჩევნო უფლებაში მცირე ჩარევას სქესის ნიშნით შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმით და ემსახურებოდა პასიურ საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობაში „დაჩაგრული“ სქესის ხელეშეწყობას. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ სადავო ნორმა არ არღვევდა ბალანსს ორ ლეგიტიმურ ინტერესს შორის, კერძოდ, პოლიტიკური პარტიის ინტერესს, თავისი შეხედულებისამებრ დაეკომპლექტებინა პარტიული საარჩევნო სია და საჯარო ინტერესს შორის - უზრუნველყოფილიყო ორივე სქესის ჯეროვანი წარმომადგენლობა პარლამენტში. ამასთან, სადავო ნორმა არ გულისხმობდა უშუალოდ თანასწორობის უფლებაში პირდაპირ ჩარევას.
ბ) მამაკაცთა კვოტირების არაკონსტიტუციურობის „დასაბუთება“
საკონსტიტუციო სასამართლომ შემდეგნაირად დაასაბუთა საარჩევნო უფლებასთან მიმართებაში მამაკაცთა კვოტირების არაკონსტიტუციურობა. მან მიუთითა:
„ ...ლოგიკურ ახსნას არის მოკლებული, თუ რატომ იზღუდება სრულად ან უმეტესად ქალებით დაკომპლექტებული საარჩევნო სიის ფორმირება. ამგვარი რეგულაცია არათუ ვერ აღწევს საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზანს, არამედ ხელსაც კი უშლის მას. მაშინ, როდესაც სადავო რეგულაციის გარეშე, ამგვარი სიის წარმდგენი პოლიტიკური პარტიისა თუ საარჩევნო ბლოკის მიერ წარმატების მოპოვების შემთხვევაში, პარლამენტის შემადგენლობაში იქნებოდა რაოდენობრივად მეტი ქალი, სადავო ნორმა მათ ავალდებულებს, მათ შორის, მამაკაცების გათვალისწინებას საარჩევნო სიაში“.
ასევე აღსანიშნავია, რომ არც მოპასუხეს მიუთითებია, თუ რა ფორმით შეიძლება ემსახურებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ან სხვა დებულებიდან მომდინარე კონსტიტუციური მიზნების მიღწევას კაცების სასარგებლოდ კვოტირების განხორციელება. იგი ცალსახად მიუთითებდა, რომ სადავო ნორმის მიღება ნაკარნახევი იყო საქართველოს პარლამენტში არჩეული ქალების სიმცირით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში უნდა იყოს, მინიმუმ, ერთი კაცი, არ არის რაციონალურ და ლოგიკურ კავშირში საქართველოს პარლამენტის მიერ მითითებულ ლეგიტიმურ მიზანთან. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს რეგულირება, რომელიც ახდენს კვოტირებას მამაკაცების სასარგებლოდ და, სანაცვლოდ, პოტენციურად ამცირებს ქალების წარმომადგენლობას პარლამენტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს მამაკაცი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას.“ (იხილეთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 42-ე - 44-ე პუნქტები)
სამწუხაროდ, სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობები ემყარება სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზნის/ მიზნების ცალმხრივ, ვიწრო გაგებას. კერძოდ, როგორც ჩანს, ჩემს კოლეგებს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიზნები - ერთი მხრივ, „ქალთა და მამაკაცთა არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა და უთანასწორობის აღმოფხვრა“ და, მეორე მხრივ, „პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა“ ერთმანეთთან შეუთავსებელ ლეგიტიმურ მიზნებად წარმოუდგენიათ, რაკი მათთვის გაუგებარი დარჩა, თუ „რა ფორმით შეიძლება ემსახურებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მიზნების მიღწევას კაცთა სასარგებლოდ კვოტირების დაწესება“ მაშინ, როდესაც მოსარჩელის მითითებით, „სადავო ნორმის მიღება ნაკარნახევი იყო საქართველოს პარლამენტში არჩეული ქალების სიმცირით“ (იხ. გადაწყვეტილების 44-ე პუნქტი). საქმეც ესაა: თუ ლეგიტიმური მიზნების არსი ვიწროდ, სიტყვასიტყვით უნდა გავიგოთ, მაშინ საკითხავია, რატომ არის გაუგებარი, რომ მამკაცთა სასარგებლოდ კვოტირება, ქალთა სასარგებლოდ კვოტირებასთან ერთად ემსახურებოდეს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიზნების მიღწევას, სადაც სახელდებით სწორედ ქალთა და მამაკაცთა არსებით თანასწორობაზეა საუბარი და არა უშუალოდ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდაზე პარლამენტში. გარდა ამისა, მართალია, პარლამენტმა მართლაც დაასახელა ლეგიტიმურ მიზნად პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, მაგრამ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის კონკრეტულ მიზანთან ერთად დასახელებული იყო კონსტიტუციის მე-11 მუხლში მითითებული საერთო, ზოგადი ლეგიტიმური მიზნებიც - „ქალთა და მამაკაცთა შორის არსებითი თანასწრობის უზრუნველყოფა და „უთანასწორობის აღმოფხვრა“, საიდანაც გამომდინარეობს კიდეც უფრო კონკრეტული მიზნები და საშუალებები ამ საერთო მიზნების მისაღწევად.
კონსტიტუციის მე-11 მუხლში დასახელებული საერთო, ზოგადი ლეგიტიმური მიზნები - „ქალთა და მამაკაცთა შორის არსებითი თანასწრობის უზრუნველყოფა“, „უთანასწორობის აღმოფხვრა“და „ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა პარლამენტში“ არ არის ერთმანეთთან დაპირისპირებული ან შეუთავსებელი მიზნები, როგორც ეს ჩემს კოლეგებს, ვფიქრობ, რომ წარმოუდგენიათ. პირიქით, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა არის სწორედ სქესთა შორის ბალანსის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება. იგი სხვა არაფერია, თუ არა სწორედ სქესთა შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრის გზა პარლამენტში. ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, ერთი მხრივ, თვითკმარი ლეგიტიმური მიზანია, ხოლო, მეორე მხრივ, გზა, საშუალება უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და ბალანსის აღსადგენად. უმთავრესი მიზანი სადავო ნორმის ის გახლავთ, რომ ორივე სქესი მეტ-ნაკლებად თანაბრად იყოს პარლამენტში წარმოდგენილი, ანუ ფაქტობრივად სწორედ ის, რაც კონსტიტუციის მე-11 მუხლშია მითითებული - „ქალთა და მამაკაცთა არსებითი თანასწორობა“, „უთანასწორობის აღმოფხვრა“. შესაბამისად, პარტიული საარჩევნო სიების კონტექსტში როგორც ქალების, ისე მამაკაცებისათვის თანაბრი კვოტირების დაწესება (განსხვავებული სქესი ყოველ ოთხეულში) არათუ არ ეწინააღმდეგება თანასწორობის იდეას, არამედ ყველაზე უფრო პირდაპირ და ნათლად გამოხატავს მას.
შესაბამისად, თუ სქემაში - ემსახურება თუ არა მამაკაცთა კვოტირება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, „ლეგიტიმურ მიზნებში“ ვიგულისხმებთ არა უშუალოდ „პარლამენტში ქალთა რაოდენობის გაზრდას“, არამედ, „უთანასწორობის აღმოფხვრას“ ანდა „ქალთა და მამაკაცთა არსებით თანასწორობას“, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ვეღარ ვიტყვით, რომ მამაკაცთა კვოტირება არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და, მათ შორის, არ არის გონივრული და რაციონალური კავშირი. სწორედ ამიტომ მივუთითე ზემოთ, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზნის ცალმხრივმა, მხოლოდ ერთი რაკურსით დანახვამ განაპირობა შემზღუდველ ღონისძიებასთან მისი კავშირის ვერდანახვა.
ზემოთ აღვნიშნე სადავო ნორმის ბუნების თაობაზე. იგი მოწოდებულია სწორედ თანაბრობის უზრუნველყოფისაკენ და შეიცავს ორივე სქესის ხელშეწყობის პოტენციალს, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მათგანი აღმოჩნდება დაჩაგრულის მდგომარეობაში. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარი დარჩა ჩემი კოლეგების ის მოსაზრებაც, თითქოს, „კაცთა სავალდებულო კვოტირება ქალთა რაოდენობას შეამცირებს პარლამენტში“. განა ამისი რეალური, თანაც ისეთი სერიოზული საფრთხე დგას, რომ სასწრაფოდ მისი განეიტრალება უნდა მომხდარიყო? დღესდღეობით ისედაც ძლიერია მამაკაცთა დომინაცია პარლამენტში და განჭვრეტად მომავალში ძნელია წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ პოლიტიკის სფეროში ქალებმა მოიპოვონ მნიშვნელოვანი რაოდენობრივი და ხარისხობრივი უპირატესობა და, მამაკაცებთან შედარებით, ისეთი მოწინავე პოზიციები დაიმკვიდრონ პოლიტიკურ პარტიებში, რომ პარლამენტში სწორედ მამაკაცების რაოდენობის გაზრდა გახდეს გამოწვევა და მათი კვოტირების აქტუალურობამ წამოიწიოს წინ, ამან კი პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა შეამციროს... თუმცა ასეც რომ მოხდეს, სადავო ნორმა დამატებით პრობლემას კი არ შექმნიდა თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხში, არამედ, პირიქით, შეამცირებდა მას. თუ ქალები მართლაც მოიპოვებენ ძლიერ დომინაციას პოლიტიკის სფეროში, მაშინ მამაკაცების კვოტირების საჭიროება ისეთივე ხარისხით იარსებებს, როგორითაც დღეს ქალების კვოტირების საჭიროება არსებობს. ასეთ დროს მამაკაცთა კვოტირებაც ისეთივე სარგებლობას მოუტანდა თანასწორობის იდეას, როგორიც დღეს ქალთა კვოტირებას მოაქვს და სადავო ნორმა ამ შემთხვევაშიც შეასრულებდა უთანასწორობის აღმოფხვრის ამოცანას. საგულისხმოა, რომ სასამართლომ თავადვე მიუთითა შემდეგი გარემოება: „არ არსებობს რაციონალური მოლოდინი, რომ, თუნდაც სავალდებულო კვოტირების შემდეგ, უახლოეს მომავალში პარლამენტში ქალების რაოდენობა გაასწრებს კაცების რაოდენობას და შეიქმნება მამკაცთა სასარგებლოდ კვოტირების განხორციელების საჭიროება“ (იხ. გადაწყვეტილების 42-ე პუნქტი). ვფიქრობ, სწორედ სასამართლოს ეს დებულება მეტყველებს კარგად იმაზე, რომ სადავო ნორმა არც დღეს არ არის და ვერც მომავალში გახდებოდა ზიანის მიმყენებელი ქალთა უფლებებისათვის და ვერ შეამცირებდა ქალთა რაოდენობას პარლამენტში. სადავო ნორმა არ შეიცავს ქალთა უფლებების ხელშეწყობისათვის რაიმე ზიანის მიყენების თუნდაც ჰიპოთეტიურ რისკს, მით უფრო ისეთს, რომელიც საარჩევნო უფლებასთან მიმართებაში მისი არაკონსტიტუციურობის საფუძვლად გამომდგარიყო. სადავო ნორმა, რომელიც შინაარსობრივად ნეიტრალურია, ორივე სქესის, და მაშასადამე, მამაკაცთა კვოტირებასაც გულისხმობს, ერთგვარი დამცავი, დამზღვევი ნორმაა, რომელიც ყველანაირ მოცემულობას ერგება და ყოველთვის თანასწორობის უფლების სამსახურშია.
ასეთ ფონზე საფუძველმოკლებულად გვესახება სასამართლოს დასკვნები იმის თაობაზე, თითქოს მამაკაცთა კვოტირება არ არის ლეგიტმურ მიზნებთან ლოგიკურ და რაციონალურ კავშირში; რომ თითქოს, პირიქით, კაცთა კვოტირება „პოტენციურად ამცირებს ქალთა წარმომადგენლობას პარლამენტში“; და რომ თითქოს გაუგებარია, რა ფორმით შეიძლება ემსახურებოდეს სქესთა შორის არსებითი თანასწორობის იდეას მათთვის ერთგვაროვანი კვოტების დაწესება. ამგვარად, ჩემთვის საფუძველმოკლებულია საარჩევნო უფლებასთან მიმართებაში მამკაცთა კვოტირების არაკონსტიტუციურად მიჩნევა თანასწორობის ლეგიტიმურ მიზნებთან ლოგიკური და რაციონალური კავშირის არარსებობის მოტივით.
გ) იურიდიული მოცემულობა, რაც გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა
დამაფიქრებელია ნორმატიული მოცემულობა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა. ის საკმაო რისკების შემცველია. სასამართლომ სადავო ნეიტრალური რეგულაციიდან, რომელიც ორივე სქესის თანაბარ კვოტირებას გულისხმობდა, ერთ-ერთი სქესის, კერძოდ, მამაკაცთა კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობით, შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულაცია გახადა მიკერძოებული. ფაქტობრივად, მან დაადგინა განსხვავებული მოპყრობა და ჩაერია სქესთა თანასწორობის უფლებაში. მან აშკარა პრიორიტეტი დაადგინა ქალებისათვის. პრაქტიკულად, სასამართლომ ის დაუწუნა კანონმდებელს, რომ მან საარჩევნო სფეროში თანასწორობის აღდგენისაკენ მიმართული ღონისძიების შერჩევისას გამოიყენა სქესის ნიშნით შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმა. სასამართლომ სწორედ შინაარსობრივად ნეიტრალურობის გამო ცნო ნორმა ნაწილობრივ არაკონსტიტუცირად. სადავო ნორმის ნაწილობრივ არაკონსტიტუციურად ცნობით, სასამართლომ თავად განახორციელა თანასწორობის უფლებაში ჩარევა და დაადგინა მოცემულობა, რომლის მიხედვით, მოთხოვნა - პარტიული სიის ყოველ ოთხეულში იყოს, სულ მცირე, ერთი ქალი, კონსტიტუციურია, მაგრამ მოთხოვნა - სიის ყოველ ოთხეულში იყოს, სულ მცირე, ერთი მამაკაცი, არ არის კონსტიტუციური.
ამგვარად, სასამართლომ სწორედ განსხვავებული მოპყრობის ამსახველი სამართლებრივი მოცემულობა შექმნა, რადგან შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმა, რომელსაც პრობლემა არ ჰქონდა თანასწორობის უფლებასთან, გახადა განსხვავებული მოპყრობის ამსახველი და ამით თავად განახორციელა თანასწორობის უფლებაში ჩარევა. შედეგობრივად ეს შემდეგს ნიშნავს: პარტიული სია, სადაც ქალი არ იქნება წარმოდგენილი პირველ და ყოველ მომდევნო ოთხეულში, ვერ დარეგისტრირდება, ხოლო, სადაც ყოველ ოთხეულში მამაკაცი არ იქნება წარმოდგენილი, ის, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, დარეგისტრირდება. ეს არის ქალთა და მამაკაცთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა და უცნობია, აქვს თუ არა მას ობიექტური და გონივრული გამართლება დღევანდელ რეალობაში.
უფრო მეტიც. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა, ყოველ შემთხვევაში, არ გამორიცხა მხოლოდ ქალთა პარტიების არსებობა, ხოლო მხოლოდ მამაკაცთა პარტიების არსებობა - უარყო. პრაქტიკულად, მან ეს პირდაპირ თქვა: „ლოგიკურ ახსნას არის მოკლებული, თუ რატომ იზღუდება სრულად ან უმეტესად ქალებით დაკომპლექტებული სიის ფორმირება“ (იხ. გადაწყვეტილების 43-ე პუნქტი). ამგვარად, სასამართლოსათვის მისაღებია ვითარება, როდესაც მამაკაცების სასარგებლოდ ყოველგვარი კვოტირება დაუშვებელია, ხოლო პარტიული სია, რომელიც მხოლოდ ქალებით იქნება დაკომპლექტებული, დასაშვებია. ამ „განსხვავებული აზრის“ ფორმატში არ ვაპირებ რაიმე მოსაზრების გამოთქმას მხოლოდ ქალების და, ზოგადად, მხოლოდ ერთი სქესით დაკომპლექტებული პარტიული სიის დასაშვებობის გამართლებულობაზე, ანდა იმაზე, გაუხსნის თუ არა კარს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ქალთა სქესის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული პარტიული საარჩევნო სიის რეგისტრაციას იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა წონა და მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გამოთქმული მოსაზრებებს და გადაწყვეტილების ძირითად სამართლებრივ არგუმენტებს. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, თუ რაოდენ სერიოზულ ხასიათს იღებს ასეთ შემთხვევაში თანასწორობის უფლებაში ჩარევა. როგორც ვხედავთ, სასამართლო უშვებს არა მარტო მხოლოდ ქალთა სასარგებლო კვოტირებას, არამედ „სრულად ან უმეტესად ქალებით დაკომპლექტებული სიის ფორმირებასაც“ იმ ფონზე, როდესაც მამაკაცების სასარგებლო კვოტირებაც კი (რომელიც მხოლოდ ქალთა სასარგებლოდ კვოტირების პარალელურად იყო დაწესებული) არაკონსტიტუციურად არის გამოცხადებული. ამგვარად, განსხვავებული მოპყრობა, რომელიც მამაკაცთა კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობით დადგინდა, სასამართლოს ზემოაღნიშნულმა დებულებამ (რომ „სრულად და უმეტესად ქალებით დაკომპლექტებული სიის ფორმირებაც“ დასაშვებია) კიდევ უფრო განსხვავებული, მეტად დიფერენცირებული გახადა.
არა მგონია, ასეთი დიდი პრიორიტეტის დაწესება ქალთა სასარგებლოდ და თანასწორობის პრინციპის საზიანოდ, იოლად გამართლდეს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნით და არ მგონია, რომ ასეთი სამართლებრივი მოცემულობის შექმნა დღეს აუცილებელი იყო როგორც სქესთა შორის თანასწორობის, ისე, ზოგადად დემოკრატიის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით.
რა თქმა უნდა, დე-ფაქტო უთანასწორობის ვითარება სახელმწიფოსათვის ძლიერ პოზიტიურ ვალდებულებებს წარმოშობს. ეს ვალდებულებები კი შესაბამის სამართალურთიერთობაში დაჩაგრული სუბიექტების მიმართ მეტად კეთილმოსურნე და, მაშასადამე, განსხვავებული მოპყრობის გამოყენებას გულისხმობს, რადგან სწორედ ამ გზით ხორციელდება უთანასწორობის აღმოფხვრა, მაგრამ, პოზიტიური ზომების ექსცესიურმა გამოყენებამ შესაძლოა, უკუდისკრიმინაცია ან სხვა უფლებების დარღვევა გამოიწვიოს. ამიტომ ამგვარი გამაწონასწორებელი ზომების მიღება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რათა ბალანსი მეორე მხარის საზიანოდ არ გადაიხაროს.
კიდევ ერთი გარემოებაა მხედველობაში მისაღები. საზოგადოდ, სრული დე-ფაქტო თანასწორობის მიღწევა ამა თუ იმ სამართალურთიერთობაში, იქნება ეს სქესთა შორის თანასწორობისა თუ სხვა კონტექსტი, ყოველთვის შესაძლებელი არ არის. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ის კი არ არის, ასეთი სრული დე-ფაქტო ვითარება უზრუნველყოს ყველგან და ყველაფერში, არამედ ის, რომ გაატაროს აქტიური, რელევანტური და საკმარისი ღონისძიებები რეალური თანასწორობის მისაღწევად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ამასთან, ცხადია, სხვა ლეგიტიმური ინტერესების დაუზიანებლად და მათი გათვალისწინებით. თუ ამგვარი მიდგომა პრინციპულად მართებულია, მაშინ ძნელია დავასკვნათ, რომ ქალთა და მამაკაცთა საარჩევნო უფლებების რეალიზაციის სფეროში არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის დასაძლევად სახელმწიფოს იმაზე მეტი პოზიტიური ვალდებულებები წარმოეშვა, ვიდრე ეს მან გააკეთა პარტიულ სიებში ორივე სქესის სავალდებულო კვოტირების დაწესებით და რომ, თითქოს, მხოლოდ ქალთა მიმართ აშკარა პრიორიტეტის დაწესება იყო გამართლებული თანასწორობის ნორმა-პრინციპთან მიმართებაში.
დ) პოზიციის არაორდინარულობა
ზემოთ მითითებულმა დებულებამ -„ლოგიკურ ახსნას არის მოკლებული, თუ რატომ იზღუდება სრულად ან უმეტესად ქალებით დაკომპლექტებული სიის ფორმირება“ - კიდევ ერთი თვალსაზრისით მიიპყრო ჩემი ყურადღება. ამის თქმით სასამართლომ გამოხატა თავისი აზრი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო კანონი, რათა მას სრულად შესძლებოდა ლეგიტიმური მიზნის განხორციელება.
ჩვეულებრივ, ორდინარულ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლო შემოიფარგლება უფლებაში ჩარევის გამართლებულობის, კერძოდ, იმის შეფასებით, ხომ არ ჰქონდა საქმე ისეთ ვითარებასთან, როდესაც უფლებაში ჩარევა დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ იყო აუცილებელი, გამოსადეგი ანდა მისი მიღწევა უფრო ნაკლები ჩარევითაც იყო შესაძლებელი. განსახილველ შემთხვევაში კი თითქოს სხვაგვარადაა, ერთგვარად შეცვლილია ფოკუსი. მართალია, ფორმალური სისტემა დასაბუთებისა დაცულია, მაგრამ სინამდვილეში ისე გამოვიდა, რომ სასამართლო ლეგიტიმური მიზნის რეალურად მისაღწევად უფლებებში უფრო მეტი ჩარევის მომხრე აღმოჩნდა. იმას ვგულისხმობ, რომ სადავო ნორმა საერთოდ არ ითვალისწინებდა თანასწორობის უფლებაში ჩარევას, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად კი თანასწორობის უფლებაში საკმაოდ სერიოზული ჩარევა განხორციელდა. საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთავარი საკითხი საქმეში ის კი არ იყო, არღვევდა თუ არა სადავო რეგულაცია საარჩევნო უფლებას, არამედ იმის განსაზღვრა, როგორი უნდა ყოფილიყო რეგულაცია, რათა მას ლეგიტიმური მიზანი - პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა შეესრულებინა. ვფიქრობ, ამ მიმართებაში სასამართლო ძალიან დაუახლოვდა პოზიტიური კანონმდებლის როლს. თავისი გადაწყვეტილებით, სასამართლომ არა მარტო გამოხატა თავისი აზრი, თუ როგორი კანონი იქნებოდა უკეთესი დასახული მიზნის მისაღწევად, არამედ, პრაქტიკულად, გააკეთა კიდეც ის, რაც, მისი აზრით, პარლამენტს უნდა გაეკეთებინა.
არაორდინარულობა, ჩემი აზრით, კიდევ იმაში აისახა, რომ სასამართლომ, რომელმაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელის მოთხოვნა, სინამდვილეში მოსარჩელეებს ვერ გადაუჭრა იურიდიული თუ პოლიტიკური ხასიათის ვერც პრინციპული და ვერც პრაქტიკული პრობლემები. „გირჩი“ პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა კვოტირების სავალდებულობას, საარჩევნო პარტიული სიის ფორმირებაში გარედან ჩარევას და პარტიის თავისუფლებისა და ნება-სურვილის შეზღუდვას, რამდენადაც კვოტირება ანგრევდა რეიტინგების მეშვეობით სიის შედგენის იმ მეთოდს, რომელიც მათ დანერგეს თავიანთ საქმიანობაში და რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდათ თავიანთ მომხრეებთან ურთიერთობისა და ურთიერთნდობის შენარჩუნების თვალსაზრისით. პრაქტიკულ ასპექტში კი მათ სწორედ ქალთა კვოტირება უშლიდა ხელს, ვინაიდან, როგორც პროცესზე განმარტეს, ყველაზე რეიტინგული ქალი კანდიდატი მათ სარეიტინგო სიაში მხოლოდ მე-12 ადგილს იკავებდა და სადავო ნორმის გამო მაღალრეიტინგულ მამაკაცებს დაბალრეიტინგული ქალებისათვის უნდა დაეთმოთ ადგილები საარჩევნო პარტიულ სიაში, რაც ნაკლებ მიმზიდველს ხდიდა ამ სიას ამომრჩევლების თვალში. შესაბამისად, ქალთა კვოტირების კონსტიტუციურობის დადასტურებით, „გირჩისთვის“ ეს პრაქტიკული დილემა, რისთვისაც სინამდვილეში გააპროტესტეს მისმა წარმომადგენლებმა ეს ახალი რეგულაცია საკონსტიტუციო სასამართლოში, ძალაში დარჩა. მართალია, ისინი მამაკაცთა კვოტირებასაც არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ეს მათ რეალურ პრობლემას უქმნიდა საარჩევნო სიის საკუთარი შეხედულებით ჩამოყალიბების საქმეში, არამედ მას ეწინააღმდეგებოდნენ, საზოგადოდ, კვოტირების სისტემისადმი პრინციპული წინააღმდეგობის გამო. შესაბამისად, რაკი ქალთა კვოტირება ძალაში დარჩა, სასამართლოს გადაწყვეტილებამ ვერ უპასუხა მათ სამდურავს ვერც პრინციპულად კვოტირების საწინააღმდეგო საერთო კონტექსტში და ვერც ქალთა კვოტირების პრაქტიკულ კონტექსტში. სწორედ ამიტომ მიჭირს ჩავთავალო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „გირჩის“ სარჩელის თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილებას წარმოადგენდეს.
კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც აძლიერებს ჩემს ეჭვებს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, იმის გააზრებას უკავშირდება, თუ რა განსხვავებულ ნორმატიულ შინაარსებს მოიცავს სადავო ნორმა. კერძოდ: ის, რაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა, არის თუ არა მართლაც სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მას ნამდვილად გააჩნდა; რა ურთიერთმიმართებაა სადავო ნორმის შინაარსსა და კონსტიტუციურად და არაკონსტიტუციურად ცნობილ მის ორ სხვადასხვა „ნორმატიულ შინაარსს“ შორის და შეიძლება თუ არა, საერთოდ, მოცემული ნორმა მისი ორი დასახელებული ნორმატიული შინაარსის მექანიკურ, არითმეტიკულ ჯამად წარმოვიდგინოთ.
როგორც ჩანს, ჩემი კოლეგები ამ საკითხს სხვაგვარად უყურებენ. მათთვის სადავო ნორმას, რომელიც ითვალისწინებს პარტიული საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში განსხვავებული სქესის კანდიდატის ჩართვის აუცილებლობას, ორი ნორმატიული შინაარსი აქვს, რომელთაგან ერთი მათგანი გულისხმობს ქალთა კვოტირების, ხოლო მეორე მათგანი - მამაკაცების კვოტირების ვალდებულებას. შესაბამისად, გამოდის, რომ არავითარი პრობლემა არ არის, თუ ნორმის ერთ-ერთი ნორმატიული შინაარსი (კერძოდ, მამაკაცების კვოტირების ნაწილში) გამოცხადდება არაკონსტიტუციურად.
მიჭირს დავეთანხმო ამგვარ სქემატურ ხედვას. ჩემთვის არ არის ბოლომდე გასაგები, თუ რა ურთიერთმიმართება არსებობს ან უნდა არსებობდეს ასეთ დროს მთლიან ნორმასა და მის „ნორმატიულ შინაარსებს“ შორის და შეგვიძლია თუ არა, მართლაც წარმოვიდგინოთ, რომ ქალთა კვოტირების ვალდებულებისა და მამაკაცთა კვოტირების ვალდებულების ჯამი უდრის სადავო ნორმის მთლიან შინაარსს. არა მგონია, ასე მარტივად იყოს საქმე და სადავო ნორმა მისი ორი ნორმატიული შინაარსის უბრალო კონიუქციას, „და“ კავშირით გადაბმულ ორ შინაარსს წარმოადგენდეს.
ასე დავსვამ კითხვას: შეიძლება თუ არა ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგებოდეს მთლიანი ნორმის შინაარსს? საქმე ისაა, რომ სადავო ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა განსხვავებული სქესის ჩართვის ვალდებულებას, შინაარსობრივად ნეიტრალური იყო, რომელიც არ აწესებდა განსხვავებულ მოპყრობას. სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად კი მასში დარჩა მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ქალთა კვოტირების ვალდებულებას და, მაშასადამე, აღარ არის შინაარსობრივად ნეიტრალური და აწესებს განსხვავებულ მოპყრობას. ამგვარად, გამოდის, რომ საწყისი მთლიანი ნორმა მოიცავდა მისგან დიამეტრალურად განსხვავებულ ნორმატიულ შინაარსს. პრაქტიკულადაც ასე მოხდა: გადაწყვეტილების შედეგად, სქესის ნიშნით ნეიტრალური ნორმიდან, მისგან „არაკონსტიტუციური“ ნაწილის ამორიცხვის გზით, მივიღეთ სქესის ნიშნით განსხვავებული მიდგომის დამამკვიდრებელი რეგულაცია. სწორედ ასეთი - განსხვავებული მიდგომის დამამკვიდრებელი - ნორმატიული შინაარსი მიჩნეულ იქნა კონსტიტუციურად. ამგვარად, გამოდის, რომ შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმის სწორედ ის გაგება /ნორმატიული შინაარსი ყოფილა კონსტიტუციური, რომელიც განსხვავებულ მოპყრობას გულისხმობს. ვფიქრობ, არის ამაში გარკვეული შეუსაბამობა.
ეს კონტრადიქცია სხვაგვარადაც შეიძლება აღვწეროთ: ალბათ დავას არ გამოიწვევს ის თეზა, რომ ნორმის ესა თუ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კონსტიტუციურად ან არაკონსტიტუციურად ცხადდება, თავიდანვე აქვს ამ ნორმას, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია. ჩვენ მიერ განსახილველ მაგალითზე ზემოაღნიშნული იმას გულისხმობს, რომ შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულაცია, რომელიც არ გულისხმობდა თანასწორობის უფლებაში ჩარევას, თავის თავში ატარებდა განსხვავებული მოპყრობის ნორმატიულ შინაარსს, რომელიც, მისგან საპირისპიროდ, გულისხმობს თანასწორობის უფლებაში პირდაპირ ჩარევას. ამგვარად, გამოდის, რომ თანასწორი მოპყრობა მოიცავს/გულისხმობს უთანასწორო მოპყრობას და ისინი ერთმანეთთან შეთავსებადია.
შეგვიძლია კიდევ უფრო გავართულოთ საქმე და მეორე, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული შინაარსიც ჩავრთოთ ამ სქემაში. თუ სადავო ნორმას ორი ნორამტიული შინაარსი აქვს და ისინი, თითოეული ცალ-ცალკე, განსხვავებულ მოპყრობას გულისხმობენ (ერთი მათგანი ქალთა კვოტირებას და მეორე მათგანი - მამაკაცებისა), გამოდის, რომ შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულაცია ორი ნორმატიული შინაარსისაგან შედგება და ორივე მათგანი მისგან რადიკალურად განსხვავებულია, მისი საპირისპიროა.
ზემოაღწერილი თეორიული ანალიზი იმას აჩვენებს, რომ სადავო ნორმასა და მის ორ (ნაგულვებ) „ნორმატიულ შინაარსს“ შორის არ არის ნაწილისა და მთელის მარტივი ურთიერთმიმართება, ისეთი, როდესაც თითქოს შესაძლებელია, იოლად ჩამოვაცილოთ ნორმას არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი და დავტოვით კონსტიტუციური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიჭირს წარმოვიდგინო, რომ სადავო ნორმას სწორედ ის ორი ნორმატიული შინაარსი აქვს, რომელთაგანაც ჩემმა კოლეგებმა ერთ-ერთი მათგანი კონსტიტუციურად მიიჩნიეს და მეორე - არაკონსტიტუციურად. ჩემი აზრით, სადავო ნორმას მხოლოდ ერთი ნორმატიული შინაარსი აქვს და გულისხმობს პარტიულ სიებში ორივე სქესის სავალდებულო კვოტირებას. სწორედ „ორივე სქესის კვოტირება“ ქმნის ერთ ნორმატიულ მოცემულობას, იგი ერთ მთლიან სამართლებრივ გარსშია მოქცეული და მისი ხელოვნურად გახლეჩვა ორ, ერთმანეთისგან სრულად დამოუკიდებელ ნაწილად, სწორი არ არის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ან მთლიანად კონსტიტუციურად უნდა ეცნო სადავო ნორმა ან მთლიანად არაკონსტიტუციურად. ამის მაგივრად, სასამართლომ სხვა, მესამე გადაწყვეტა აირჩია, რა დროსაც, სინამდვილეში, სადავო ნორმის ბაზაზე ახალი ნორმა შექმნა. ამიტომაც მგონია, რომ სასამართლომ, ნებსით თუ უნებლიედ, პოზიტიური კანონმდებლის როლი შეასრულა.
ამ ტიპის პრობლემა - „ნორმატიულ შინაარსებად“ ნორმის ხელოვნური დანაწევრება - შეიძლება კიდევ არაერთხელ დადგეს დღის წესრიგში. ამიტომ ღირს ამ საქმის მაგალითზე მასზე დაფიქრება.
ე) წარმოშობილი ნორმატიული მოცემულობის გაპროტესტების შეუძლებლობა
გაურკვეველია, როგორ უნდა გააპროტესტოს მამაკაცთა სქესის წარმომადგენელმა ის სამართლებრივი მოცემულობა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიქმნა: განსახვავებული მოპყრობა ქალებისა და მამაკაცების მიმართ, კერძოდ ის, რომ ქალის არსებობა ყოველი პოლიტიკური პარტიის სიის ოთხეულში საჭიროა, ხოლო მამაკაცისა - არა. ეს რომ კანონი იყოს და არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავადა დაინტერესებული პირი თანასწორობის უფლების ჭრილში მის შესაფასებლად. მაგრამ სად და როგორ უნდა გაპროტესტდეს ასეთი განსხვავებული სამართლებრივი მოპყრობა, რომელიც თავად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა? უცნობია, ვინ, სად და რა პროცედურით უნდა გაარკვიოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პირდაპირი შედეგის - სქესის მიხედვით განსხვავებული მოპყრობის - ობიექტური და გონივრული გამართლება, რაც, საზოგადოდ, ყოველთვის უნდა ექვემდებარებოდეს შემოწმებას დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე და შესაბამისი პროცედურის დაცვით. საქმეც ისაა, რომ, ფაქტობრივად აღარ არსებობს ინსტანცია, სადაც ამ კითხვაზე პასუხს მიიღებდა პირი, რომელიც თავს განსხვავებული მოპყრობის „მსხვერპლად“ მიიჩნევს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეიძლება და ის საბოლოოა.
ზოგიერთმა ოპონენტმა შესაძლოა სწორედ ზემოთ მითითებული არგუმენტი გამოიყენოს ჩემი მოსაზრების დასაძლევად და თქვას, რომ დიახ, არც უნდა გასაჩივრდეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა ამ საკითხზე და გამოთქვა კიდეც თავისი პოზიცია. მისი გადაწყვეტილება კი საბოლოოა. დავეთანხმებოდი მას, რომ არა ერთი გარემოება. საქმე ისაა, რომ ახალი სამართლებრივი მოცემულობა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიქმნა, კერძოდ, განსხვავებული მოპყრობა (რომ პარტიული სია, თუ მის ყოველ ოთხეულში არ არის ქალი, ვერ დარეგისტრირდება, ხოლო, თუ მამაკაცი არ არის ყოველ ოთხეულში დარეგისტრირდება) სასამართლოს არ შეუფასებია თანასწორობის უფლებასთან მიმართებაში და ის ჯერ არავის მიერ არ არის შეფასებული. წინამდებარე სარჩელი, რაკი სადავო ნორმა ნეიტრალური შინაარსის რეგულაციას წარმოადგენდა, საერთოდ არ აყენებდა თანასწორობის უფლების სავარაუდო დარღვევის საკითხს და კონვენციის მე--11 მუხლის ჭრილში ეს საკითხი შეფასებული ვერ იქნებოდა. ასე რომ, წინამდებარე სარჩელის ფარგლებში სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რამდენად არის ასეთი განსხვავებული მოპყრობა კონსტიტუციის მე-11 მუხლის საფუძველზე გამართლებული და ვერც იმსჯელებდა, რამდენადაც „განსხვავებული მოპყრობა“ წინამდებარე სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი კი არ იყო, არამედ სამართლებრივი შედეგი, რომელიც სადავო ნორმის საარჩევნო უფლებასთან მიმართებაში შეფასებას და ნორმის ერთი-ერთი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოჰყვა.
ამგვარად, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, სახეზე გვაქვს ახალი დილემა - სქესის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა საარჩევნო უფლებასთან მიმართებაში, რომლის თანასწორობის უფლებასთან კონსტიტუციური შეფასების სამართლებრივი გზა პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ იგი როგორ ნორმატიული მოცემულობა არსებობს და სავალდებულოა შესასრულებლად მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო ამ გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას არ მიიღებს. ეს, დამატებით, კიდევ იმ უფლების დარღვევას ჰგავს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლით რომ არის გათვალისწინებული - ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც მაშინ ირღვევა, როდესაც არ არსებობს სამართლებრივი გზა, პროცესუალური საშუალება დარღვეულად ნაგულვები რომელიმე ძირითადი უფლების აღდგენისა და გამოსწორებისათვის. სწორედ ასეთი ვითარება წარმოიქმნა ახლა მამაკაცებისათვის, რომელთა მიმართაც საარჩევნო უფლებასთან მიმართებაში დადგინდა ნაკლებად კეთილმოსურნე მოპყრობა, მათ კი არ გააჩნიათ შესაძლებლობა, თანასწორობის უფლების ჭრილში მოითხოვონ მისი კონსტიტუციურობის გადამოწმება. აი, კიდევ ამიტომაც არ იყო სწორი ის გადაწყვეტა, რაც ჩემმა კოლეგებმა აირჩიეს.