ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი პოლიტიკური ცენტრი", ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/8/1526 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 30 ივლისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 აგვისტო 2020 13:16 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 13 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1526) მომართეს ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ (შემოკლებული დასახელება - „გირჩი“), ჰერმან საბომ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და ანა ჩიქოვანმა. №1526 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2020 წლის 17 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 ივლისს.
2. №1526 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 311 მუხლი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიის შედგენის წესს. კერძოდ, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს ეკისრებათ ვალდებულება, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგინონ იმგვარად შედგენილი პარტიული სია, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ამასთან, თუკი პარტიული სია არ იქნება შედგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტს ეძლევა შესაძლებლობა, 3 დღის ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.
4. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, 18 წლის ასაკიდან მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე პოლიტიკური პარტიის პარტიული სიის ფორმირება ხორციელდება პარტიის პარტნიორთა მიერ ციფრული პორტალის საშუალებით. კერძოდ, პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა საკუთარი ციფრული ვალუტა - ქართული დოლარი (GeD), რომელიც გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც პარტიის სასარგებლოდ განახორციელებენ გარკვეული სახის მატერიალურ ან არამატერიალურ კონტრიბუციას. აღნიშნულის შემდგომ, პარტიის პარტნიორები მათ მიერ გამომუშავებული ციფრული ვალუტის საფუძველზე იღებენ მონაწილეობას პარტიული სიის შედგენაში. ამდენად, პარტიის პარტიული სიის ფორმირება სრულად დამოკიდებულია პარტნიორთა გადაწყვეტილებაზე და სწორედ ეს ადამიანები განსაზღვრავენ პარტიული სიის რომელ პოზიციას დაიკავებს კონკრეტული პოლიტიკოსი. მოსარჩელე მხარის განცხადებით, მათ საჯაროდ დადეს პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ სწორედ ზემოხსენებული წესით დაკომპლექტებული პარტიული სიით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმა გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას, რადგან დღეს არსებული მდგომარეობით, პარტიის პარტიული სიის პირველ ათეულში წარმოდგენილი პოლიტიკოსები ერთი სქესის წარმომადგენლები არიან. ამდენად, სადავო ნორმა მოსარჩელე მხარეს ავალდებულებს, პარტიის 3 000-ზე მეტი პარტნიორის მიერ შედგენილი პარტიული სია შეიცვალოს და ხელოვნურად, პარტნიორების ნების საწინააღმდეგოდ ჩამოყალიბდეს სხვაგვარად.
6. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, პარტია არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას და მომავალშიც არ აპირებს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებას. პარტიის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მისი პარტნიორების მიერ გაღებული შემოწირულობა. ხოლო პარტნიორები დაფინანსებას ახორციელებენ პარტიის ღირებულებებისა და კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ სხვადასხვა თემებზე დაფიქსირებული პოზიციების გათვალისწინებით. ამდენად, თუკი სადავო ნორმის საფუძველზე პარტია იძულებული გახდება, უგულებელყოს პარტნიორების მიერ ფორმირებული პარტიული სია, შესაძლოა პარტნიორებმა უარი განაცხადონ მის დაფინანსებაზე, რაც პოლიტიკური გაერთიანების ფუნქციონირებას მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის.
7. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს პარლამენტში სქესთა შორის ბალანსის დაცვა არ შეიძლება ჩაითვალოს შეზღუდვის ღირებულ ლეგიტიმურ მიზნად, რადგან ამომრჩეველმა პოლიტიკური პროცესის საფუძველზე თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაიკავებს ამა თუ იმ არჩევით თანამდებობას. ამასთანავე, სადავო ნორმით იზღუდება არა მხოლოდ კონკრეტულ პირთა პასიური საარჩევნო უფლება, არამედ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერთა და პარტნიორთა უფლება, პარტიული სია დააკომპლექტონ საკუთარი სურვილის შესაბამისად, რაც, საბოლოო ჯამში, პარტიის სრულფასოვან ფუნქციონირებასაც საფრთხეს უქმნის. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს მსგავსი საფუძვლით საარჩევნო უფლების შეზღუდვას, მისი ინტენსივობის გათვალისწინებით, იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს მიჩნეული.
8. მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში ისინი ვერ შეძლებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის რეგისტრაციას და, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. გარდა უშუალოდ პარტიულ სიაში განსაზღვრული პოლიტიკოსების პასიური საარჩევნო უფლების შეუქცევადი დარღვევისა, ასევე უგულებელყოფილი იქნება პარტიის პარტნიორთა უფლებები და შესაძლებელი გახდება, საქართველოს პარლამენტის წევრები გახდნენ ისეთი პირები, რომელთაც არ გააჩნიათ პარტიის მხარდამჭერთა ლეგიტიმაცია. მოსარჩელეთა მითითებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს სადავო რეგულირებას პარტიის პარტიული სიის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, ვეღარ მოხერხდება დარღვეული უფლების აღდგენა და სახეზე იქნება გამოუსწორებელი ზიანი. ამასთან, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ გამოიწვევს სხვა პირთა უფლებებისათვის ზიანის მიყენებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1526 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35).
4. საკონსტიტუციო სასამართლო, ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში, აფასებს ხსენებული მექანიზმის დროში მოქმედებისა და მისი ეფექტიანობის საკითხს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეებს სურთ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რისთვისაც აუცილებელი წინაპირობაა პარტიული სიის რეგისტრაცია. მოსარჩელეთა მითითებით, სადავო რეგულირება ზღუდავს მათ უფლებას, პარტიული სია დააკომპლექტონ და დაარეგისტრირონ საკუთარი სურვილის შესაბამისად. ამდენად, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას, ისინი ვერ შეძლებენ მათ მიერ შედგენილი პარტიული სიის რეგისტრაციას, რაც გამოიწვევს პასიური საარჩევნო უფლების შეუქცევადად დარღვევას.
5. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 115-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საარჩევნო სუბიექტმა ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს“. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნები გაიმართება ამავე წლის 31 ოქტომბერს, ხოლო ხსენებულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიის წარდგენა საარჩევნო სუბიექტებს შეეძლებათ 2020 წლის პირველი ოქტომბრის ჩათვლით. ამდენად, გამოუსწორებელი შედეგის დადგომასთან მიმართებით მოსარჩელის არგუმენტაცია რელევანტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეძლებს ხსენებული სარჩელის არსებითად გადაწყვეტას.
6. ასევე აღსანიშნავია, რომ „თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დროის კონკრეტულ მონაკვეთში მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი ზიანი, მას, როგორც აღინიშნა, შეუძლია საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომაც შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის №3/3/813 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება იმის გონივრული შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში (თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის პარტიული სიის წარდგენისათვის განსაზღვრულ ვადაში) გადაწყვიტოს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხი. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტში, ამ თვალსაზრისით, არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შედეგად გამოუსწორებელი შედეგის დადგომის მყისიერი საფრთხე.
7. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისათვის არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, მიიღოს დასაბუთებული საოქმო ჩანაწერი საქმის სხვა საქმეებთან შედარებით პრიორიტეტულად განხილვა/გადაწყვეტის შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია, პრიორიტეტულად განიხილოს საქმეები, რომელთა გადაწყვეტაც ესაჭიროება მოსარჩელეს საკუთარი ფიზიკური თავისუფლების ხელშეუხებლობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად ან/და რომელზეც არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ საქმის პრიორიტეტულად გადაწყვეტის საჭიროებაზე“.
9. ზემოაღნიშნული დანაწესის საფუძველზე დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება საქმის პრიორიტეტულად განხილვის თაობაზე, რომელიც ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მექანიზმის მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის უფლებამოსილების მინიჭება, საკუთარი რესურსი მაქსიმალურად მიმართოს ისეთი საქმეების განხილვა/გადაწყვეტაზე, რომელთა მიმართ არსებობს საქმის შემჭიდროებულ ვადებში გადაწყვეტის განსაკუთრებული ინტერესი, რათა შემცირებულ იქნეს მოსარჩელის უფლებების განგრძობადი და ინტენსიური ხასიათის შეზღუდვის თანმდევი ნეგატიური ეფექტები.
10. განსახილველ შემთხვევაში საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმას, რომლის საფუძველზეც, ახლებურად განისაზღვრა საარჩევნო სუბიექტთა მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის ფორმირების წესი. საქმის პრიორიტეტულად განხილვის თაობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა აწესრიგებს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების ჩატარების წესს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა ვინაობის განსაზღვრასთან. ამავე დროს, გასაჩივრებული ნორმა მიღებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და მისი რეგულირების სფერო ფაქტობრივად შემოიფარგლება მხოლოდ ამ არჩევნებით (გარდა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე გასამართი საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებისა). შესაბამისად, მსგავს შემთხვევებში, კონსტიტუციური კონტროლის ეფექტურობა ფაქტობრივად პირდაპირ არის დამოკიდებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არჩევნებამდე გადაწყვეტასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მსგავსი საქმეების ჩვეულებრივ ვადებში განხილვა ფაქტობრივად კონსტიტუციურ კონტროლს მიღმა დატოვებს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიღებულ კანონმდებლობას, რამაც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს ადამიანის უფლებები და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები.
11. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე არსებული განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს №1526 კონსტიტუციური სარჩელის სხვა საქმეებთან შედარებით პრიორიტეტულად განხილვა/გადაწყვეტის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1526 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანისაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი