საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/8/570 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 25 ივლისი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის სიტყვა ,,მშობელთა” და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვა ,,მეუღლის” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი – გიორგი გოცირიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №570) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2013 წლის 13 დეკემბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2014 წლის 9 ივნისს.
3. №570 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ”ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. მოსარჩელე სადავოდ ხდის ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის სიტყვას ,,მშობელთა” და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვა ,,მეუღლის” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
5. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლი ადგენს სახელისა და გვარის შეცვლის პირობებს. სადავო ნორმების მიხედვით: ,,პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს მშობელთა შეერთებული გვარი”. ამასთან ერთად, ,,გვარის შეცვლა ასევე შესაძლებელია, თუ პირს სურს მიიღოს საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი ან აღიდგინოს ისტორიული გვარი”.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ,,ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება”, ხოლო 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ,,სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას”.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ, თავისი პირვანდელი სახელით - ნუგზარ ხუნდაძე, 2013 წლის 15 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საკუთარ გვართან თავისი ბებიის გვარის - ჯაყელის მიერთება. 2013 წლის 29 ივლისს სააგენტომ მოსარჩელეს უარი უთხრა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს საკუთარი გვარის აღმავალი შტოს ნათესავის გვართან გაერთიანებას. ამის შემდეგ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა საკუთარი პირვანდელი გვარის შეცვლა ბებიის გვარით ჯაყელი. მისი მოთხოვნა ამჯერად დაკმაყოფილდა. მოსარჩელის აზრით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგლამენტირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, იგი წარმოადგენს პირს, რომელსაც სადავო ნორმებმა უშუალოდ დაურღვიეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, ვინაიდან იგი იძულებული იქნა, საკუთარი გვარი დაეთმო ბებიის გვარის სანაცვლოდ. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს სარჩელი არსებითად განსახილველად.
8. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით ხდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა. ადამიანის უფლება, შეიცვალოს საკუთარი გვარი, ექცევა თავისუფალი განვითარების უფლების დაცვის სფეროში, რომელიც, თავის მხრივ, პირადი ცხოვრების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ოჯახურ კეთილდღეობას. სადავო ნორმები კი იგნორირებას უკეთებს, ერთი მხრივ, ბებია-ბაბუასა და, მეორე მხრივ, შვილიშვილს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობას და არ აძლევს მათ შესაძლებლობას, ოჯახური ერთიანობა გაამყარონ საერთო გვარის ტარების გზით. აღნიშნული, მოსარჩელის მტკიცებით, წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს მიმართ დაკისრებულ ვალდებულებასთან, უზრუნველყოს ოჯახური კეთილდღეობა.
9. მოსარჩელე მხარის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მითითებულ დებულებებს არ აქვს აბსოლუტური ხასიათი და დასაშვებია მათი შეზღუდვა, თუ არსებობს სხვისი უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნები. კერძოდ, სადავო ნორმებით დადგენილი ლეგიტიმური მიზნები გამოიხატება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფაში, სისხლის სამართლის საქმეზე პირის იდენტიფიცირებაში და პირის კონკრეტულ ოჯახთან კავშირის დადგენაში.
10. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს შეფასების ზღვარი არ არის აბსოლუტური და თანაბარზომიერების შეფასებისას სახელმწიფო ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ გვარის შეცვლის მოთხოვნის დაკმაყოფილება რეალურ ზიანს მიაყენებს ლეგიტიმურ მიზანს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, კანონმდებლობაში არსებობს სხვა ნორმები, რომლებიც აღნიშნული მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლებაში ნაკლებად მკაცრი და თანაბარზომიერი ჩარევის გზით.
11. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ ყველა ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელის შეცვლა არ წარმოადგენს იმ უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტის ან შეცვლის საფუძველს, რომელიც შეძენილი იყო ადრინდელი სახელით. პირი მოვალეა, მიიღოს აუცილებელი ზომები სახელის შეცვლის შესახებ კრედიტორებისა და მოვალეების გასაფრთხილებლად. ეს ჩანაწერი, მოსარჩელის აზრით, არის საკმარისი გარანტია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების დაცვისთვის და არ არსებობს გონივრული საფუძველი სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის გასამართლებლად.
12. მოსარჩელე ასევე გაუმართლებლად მიიჩნევს სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შეზღუდვას იმ მიზნით, რომ მოხდეს სისხლის სამართლის საქმეზე პირის იდენტიფიცირება. მოსარჩელის მითითებით, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელისა და გვარის შეცვლა, გვარის კანონიერად აღიარება და გვარის დადგენა დაუშვებელია, თუ პირი ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. შესაბამისად, სადავო ნორმა არ არის აუცილებელი საშუალება იმისთვის, რომ მიღწეული იქნეს პიროვნების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ინტერესი.
13. რაც შეეხება ოჯახთან კავშირის დადგენის ლეგიტიმურ მიზანს, იგი შესაძლოა ერთდროულად წარმოადგენდეს როგორც სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს შეზღუდვის გასამართლებლად, ისე პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ კომპონენტს. მოსარჩელის აზრით, გვარის შერჩევა არ არის მხოლოდ ადამიანის უბრალო ახირების შედეგი. წარმომავლობისა და ნათესაური კავშირის დემონსტრირება არის ადამიანის პიროვნული თვითიდენტიფიკაციის არსებითი ელემენტი. ამასთან, გვარის მეშვეობით არა მხოლოდ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის ნათესაურ კავშირზე ხაზგასმის და ამით თვითგამორკვევის შესაძლებლობა, არამედ ამგვარი კავშირის დანახვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და საზოგადოების იმ სეგმენტს, რომელთანაც ადამიანს პირადი და საქმიანი კავშირები გააჩნია. სადავო ნორმები კი ადამიანს აყენებს არჩევანის წინაშე, უარი თქვას თავის პირვანდელ ან აღმავალი შტოს ნათესაურ გვარზე, რაც პიროვნების თვითგამორკვევის უფლებაში უმძიმესი ფორმით ჩარევას წარმოადგენს.
14. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობაზე ნათლად მიუთითებს ასევე მათი ვიწრო შინაარსი. კერძოდ, ის, რომ გვარის შეერთების შემთხვევა, გარდა ორი გამონაკლისისა, ზოგადად აკრძალულია, ეს უხეშად ლახავს პიროვნების თვითგამორკვევის უფლებას.
15. თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, ასევე ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული სასამართლოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
16. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ ადამიანის გვარი არის მისი ავტონომიურობის ნიშანი, ვინაიდან იგი განასხვავებს მას სხვა ადამიანებისგან. ასევე, გვართან არის დაკავშირებული ადამიანის სოციალური აქტივობა, კავშირები მესამე პირებთან და გარესამყაროსთან. მოსარჩელემ გამოყო გვართან დაკავშირებული ორი მახასიათებელი: ეს არის პიროვნების ავტონომიურობისა და თვითგამორკვევის ნიშნები.
17. მოსარჩელე მხარემ ასევე ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელ განმარტებას, რომლის მიხედვითაც, თუკი პიროვნული განვითარების უფლების ესა თუ ის ასპექტი სხვა სპეციალური მუხლით არ არის გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში, ეს კომპონენტი მოექცევა კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ სფეროში. შესაბამისად, მოსარჩელის ლოგიკით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით მიიღებს სარჩელს არსებითად განსახილველად, მაშინ მან უარი უნდა განაცხადოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე. მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში კარგი იქნება მითითებულ ორ კონსტიტუციურ უფლებას შორის მკაფიო გამიჯვნა საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთოს.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს №570 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად.
19. მოპასუხე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს მოცემული კონსტიტუციური დავის ფარგლებში, ვინაიდან გასაჩივრებული სიტყვები არ იწვევს მისი უფლების უშუალო დარღვევას. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, პირისთვის მშობელთა შეერთებული გვარის მიღების ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების უფლების მინიჭება, არ არის კავშირში მის უფლებასთან, მიიღოს ბებიის და საკუთარი გვარების გაერთიანების უფლება.
20. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სახელის უფლება დაცულია კონსტიტუციის მე-16 მუხლით და არა 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით. შესაბამისად, პირის უფლება, ატაროს მისი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვართან შეერთებული გვარი, ცალსახად წარმოადგენს უფლებას სახელზე და არანაირი მიმართება არ აქვს ადამიანის უფლებასთან, განავითაროს კავშირები ოჯახის წევრებთან და ბიოლოგიურ ნათესავებთან. მოპასუხის აზრით, მართალია, არსებობს ფორმალური მიმართება სადავო სიტყვებსა და კონსტიტუციის მე-16 მუხლს შორის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა არაუფლებამოსილი სუბიექტი, საკონსტიტუციო სასამართლომ არ უნდა მიიღოს სარჩელი არსებითად განსახილველად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, შეამციროს მოთხოვნის მოცულობა. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა ან მოთხოვნის მოცულების შემცირება იწვევს სარჩელის შესაბამის ნაწილზე საქმისწარმოების შეწყვეტას. №570 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვა მშობელთა“ და ამავე მუხლის მეოთხე პუნქტის სიტყვა “მეუღლის” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნტთან შესაბამისობას, სამართალწარმოება უნდა შეწყდეს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მათ შორის „საკონსტიტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტსა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს. აღნიშნული ნორმების თანახმად, სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს, მასში უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს სადავო ნორმებსა და კონსტიტუციის შესაბამის მუხლს შორის მიმართებას. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული არგუმენტაცია შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება, №2/3/412, II-9). „თუ ასეთი არგუმენტაცია არ არსებობს, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინება, № 2/2/438 , II-1).
3. მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ არის გამხდარი „სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის ორი ნორმა. აღნიშნული კანონის 64-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არეგულირებს პირის მიერ მშობელთა შეერთებული გვარის მიღების საკითხებს, ხოლო 64-ე მუხლის მე-4 პუნქტი შეეხება პირის მიერ საკუთარი გვარის მეუღლის გვართან შეერთების წესს. სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ იგი ვერ ახერხებს საკუთარი გვარის ბებიის გვართან შეერთებას. სწორედ ამის გამო ითხოვს მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. შესაბამისად, მშობლების შეერთებული გვარის მიღების მარეგლამენტირებელი ნორმის არაკონსტიტუციურობის მოთხოვნა ემყარება მის მიერ „სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსის არასწორ აღქმას. პირის მიერ საკუთარი გვარის სხვა ნათესავის გვართან შეერთების საკითხებს ხსენებული დანაწესი არ არეგულირებს, სარჩელში მითითებული არგუმენტაცია არ მიემართება აღნიშნულ სადავო ნორმას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. №570 კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვის “მეუღლის” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №570 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მეოთხე პუნქტის სიტყვის “მეუღლის” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №570 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვის „მშობელთა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე №570 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვის „მშობელთა“ და ამავე მუხლის მეოთხე პუნქტის სიტყვის “მეუღლის” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი