საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | №2/4/570 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 4 აგვისტო 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 აგვისტო 2016 17:37 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვის „მეუღლის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი – გიორგი გოცირიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N570) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2013 წლის 13 დეკემბერს.
2. N570 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2014 წლის 9 ივნისს. 2014 წლის 25 ივლისის N2/8/570 საოქმო ჩანაწერით N570 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქმის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა 2014 წლის 22 დეკემბერს.
3. N570 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლი ადგენს სახელისა და გვარის შეცვლის პირობებს. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს პირის უფლებას, მიიღოს საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი ან აღიდგინოს ისტორიული გვარი.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ თავისი პირვანდელი სახელით (ნუგზარ ხუნდაძე) 2013 წლის 15 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საკუთარ გვართან თავისი ბებიის გვარის - ჯაყელის მიერთება. 2013 წლის 29 ივლისს სააგენტომ მოსარჩელეს უარი უთხრა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს საკუთარი გვარის აღმავალი შტოს ნათესავის გვართან გაერთიანებას. ამის შემდეგ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა საკუთარი პირვანდელი გვარის შეცვლა ბებიის გვარით ჯაყელი. მისი მოთხოვნა ამჯერად დაკმაყოფილდა. მოსარჩელის აზრით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგლამენტირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, იგი წარმოადგენს პირს, რომელსაც სადავო ნორმამ უშუალოდ დაურღვია კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, ვინაიდან იგი იძულებული იქნა, საკუთარი გვარი დაეთმო ბებიის გვარის სანაცვლოდ.
7. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმით ირღვევა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ადამიანის უფლება, შეიცვალოს საკუთარი გვარი, ექცევა თავისუფალი განვითარების უფლების დაცვის სფეროში, რომელიც, თავის მხრივ, პირადი ცხოვრების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე ნათლად მიუთითებს მისი ვიწრო შინაარსი. კერძოდ, იმგვარი საკანონმდებლო მოწესრიგება, რომლის ფარგლებშიც გვარის შეერთება, გარდა ორი გამონაკლისისა, აკრძალულია, უხეშად ლახავს პიროვნების თვითგამორკვევის უფლებას.
8. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ადამიანისთვის გვარის შეცვლის შეზღუდვას შეიძლება გააჩნდეს კონკრეტული ლეგიტიმური მიზნები. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს პიროვნების იდენტიფიკაცია, პირის კონკრეტულ ოჯახთან კავშირის დადგენის მიზანი ან/და სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმური ინტერესი. თუმცა კანონმდებლობაში არსებობს სხვა ნორმები, რომლებიც აღნიშნული მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლებაში ნაკლებად მკაცრი და თანაზომიერი ჩარევის გზით.
9. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ ყველა ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელის შეცვლა არ წარმოადგენს იმ უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტის ან შეცვლის საფუძველს, რომელიც შეძენილი იყო ადრინდელი სახელით. პირი მოვალეა, მიიღოს აუცილებელი ზომები სახელის შეცვლის შესახებ კრედიტორებისა და მოვალეების გასაფრთხილებლად. ეს ჩანაწერი, მოსარჩელის აზრით, მნიშვნელოვანი გარანტიაა პირის იდენტიფიცირებისთვის, რაც სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების ეფექტურ დაცვას ემსახურება. იდენტიფიცირების ინტერესი შესაძლოა ასევე დაკავშირებული იყოს პირის მიერ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენასთან, თუმცა მოსარჩელე, ასევე გაუმართლებლად მიიჩნევს ამ მიზნით სადავო ნორმებით გათვალისწინებულ შეზღუდვას და მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელისა და გვარის შეცვლა, გვარის კანონიერად აღიარება და გვარის დადგენა დაუშვებელია, თუ პირი ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. შესაბამისად, სადავო ნორმა არ არის აუცილებელი საშუალება იმისთვის, რომ მიღწეულ იქნეს პიროვნების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ინტერესი.
10. რაც შეეხება ოჯახთან კავშირის დადგენის ლეგიტიმურ მიზანს, მოსარჩელის აზრით, იგი შესაძლოა ერთდროულად წარმოადგენდეს როგორც სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს შეზღუდვის გასამართლებლად, ასევე პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ კომპონენტს. მოსარჩელის განმარტებით, გვარის შერჩევა არ არის მხოლოდ ადამიანის უბრალო ახირების შედეგი. წარმომავლობისა და ნათესაური კავშირის დემონსტრირება არის ადამიანის პიროვნული თვითიდენტიფიკაციის არსებითი ელემენტი. ამასთან, გვარის მეშვეობით არა მხოლოდ ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის ნათესაურ კავშირზე ხაზგასმის და ამით თვითგამორკვევის შესაძლებლობა, არამედ ამგვარი კავშირის დანახვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და საზოგადოების იმ სეგმენტს, რომელთანაც ადამიანს პირადი და საქმიანი კავშირები გააჩნია. სადავო ნორმები კი ადამიანს აყენებს არჩევანის წინაშე, უარი თქვას თავის პირვანდელ ან აღმავალი შტოს ნათესაურ გვარზე, რაც პიროვნების თვითგამორკვევის უფლებაში უმძიმესი ფორმით ჩარევას წარმოადგენს.
11. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანის სახელი არ იყოს რთულად აღსაქმელი, დასამახსოვრებელი, რათა ამან თავად საზოგადოების დაბნეულობა და რიგ შემთხვევებში შეცდომაში შეყვანა არ გამოიწვიოს. შესაბამისად, ამ მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან შესაძლოა დაწესდეს კონკრეტული შეზღუდვები. თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ნუგზარ ჯაყელი ითხოვს ორწევრიანი გვარის მიღებას, რაც მოქმედი კანონმდებლობით ისედაც დაშვებულია საკუთარი გვარის, მეუღლის ან მშობლების გვარის გაერთიანების შემთხვევაში. კანონმდებელი არ კრძალავს ორწევრიანი გვარის ტარებას იმის გამო, რომ ეს ძნელად დასამახსოვრებელი ან ძნელად აღსაქმნელი იქნება საზოგადოებისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე მხარისთვის გაუგებარია, თუ რატომ არსებობს შეზღუდვა საკუთარი გვარისა და აღმავალი შტოს ნათესავის გვარის გაერთიანების შემთხვევაში.
12. რაც შეეხება სხვათა უფლებებისა და ინტერესების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ თუკი, მაგალითად, შვილიშვილსა და ბებიას შორის არსებობს კონფლიქტი, შესაძლებელია ამ უკანასკნელს გაუჩნდეს სურვილი, რომ შვილიშვილმა ვერ მიიერთოს მისი გვარი საკუთართან და, ამ მხრივ, ეს ინტერესი უნდა გათვალისწინებული იყოს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობით, შვილიშვილს მაინც რჩება უფლება, უარი თქვას საკუთარ გვარზე და მიიერთოს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის, ამ შემთხვევაში, ბებიის გვარი. შესაბამისად, სადავო ნორმა გამოუსადეგარი საშუალებაა სხვათა უფლებებისა და ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
13. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე.
14. მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმას, რომ პირის უფლება სახელზე დაცულია კონსტიტუციის მე-16 მუხლით, თუმცა მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს და უფლების შეზღუდვის პროპორციული საშუალებაა.
15. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული სიტყვა „მეუღლე“ პირს ანიჭებს უფლებას, მიიღოს საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. მოცემული ნორმა აღნიშნული წარმოადგენს საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციის სამართლებრივ რეგლამენტაციას, აძლევს რა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს საშუალებას, კანონიერად ატარებდეს ერთდროულად საკუთარ და მეუღლის გვარს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ გვარის შეცვლის ზემოაღნიშნული საფუძველი გვხვდება სამოქალაქო აქტებისა და მათი რეგისტრაციის მარეგულირებელ ყველა იმ ნორმატიულ აქტში, რაც წინ უსწრებდა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს. კანონმდებლის მიზანს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვა „მეუღლის“ მითითებისას წარმოადგენდა არა რაიმე შეზღუდვის ან აკრძალვის დაწესება, არამედ სახელმწიფოში დამკვიდრებული ტრადიციებისა და საკანონმდებლო პრაქტიკის გაგრძელება.
16. მოპასუხე მხარე იმის დასასაბუთებლად, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებში გვარის შეცვლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება, თუკი არსებობს გვარის შეცვლის დამაჯერებელი და სპეციფიკური მიზეზები, მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ამ კონკრეტულ განსახილველ სფეროში ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების ფართო ზღვრით. თავის მხრივ, შეფასების ფართო ზღვარი გულისხმობს, რომ ყველა სახელმწიფომ ამა თუ იმ უფლების გარანტირებისას, თავად აირჩიოს მიდგომა თუ რა ფორმით დაიცავს ბალანსს ინდივიდუალურ და საჯარო მიზნებს შორის, ასევე, თუ როგორ გადაწყვეტს განსხვავებული მორალური ღირებულებების საფუძველზე წარმოშობილ კონფლიქტებს.
17. მოპასუხის განმარტებით, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლი მიზნად ისახავს გარკვეული ჩარჩოების შექმნას, რაც ემსახურება ინდივიდის პიროვნული განვითარების თავისუფლებასა და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვას. იმისათვის, რომ პირმა ხაზი გაუსვას მის დამოკიდებულებას პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის მიმართ, აუცილებელი არ არის შეერთებული გვარის მიღება, ამ მიზნის მისაღწევად პირს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ამ ნათესავის გვარი. რაც შეეხება, ზოგადად, გვარების შეერთებას, ტრადიციულად, გვარების შეერთება საზოგადოების მხრიდან აღიქმება როგორც ადამიანის სურვილი, საკუთარ გვართან ერთად ხაზი გაუსვას მისი მეუღლის ან მშობლების გვარს, რაც ასახულია კიდეც მოქმედ კანონმდებლობაში. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ტრადიცია იცნობს მხოლოდ მშობლებისა და მეუღლეების გვარების შეერთების შესაძლებლობას, საკუთარ გვართან ბებიის ან სხვა პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარის მიერთება გამოიწვევს დაბნეულობას საზოგადოებაში, რომელმაც შესაძლოა ვერავითარი კავშირი ვერ დაინახოს პიროვნების ოჯახურ კავშირსა და მის მიერ შერჩეულ გვარს შორის. აღნიშნული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კანონმდებელმა მიზანშეწონილად მიიჩნია გვარების შეერთების მხოლოდ მოქმედი საფუძვლების ასახვა კანონმდებლობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არ არის იმ ინტენსივობის, რომ გამოიწვიოს პიროვნების თავისუფალი განვითარების და, შესაბამისად, კონსტიტუციის მე-16 მუხლის დარღვევა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლი არეგულირებს სახელისა და გვარის შეცვლის პირობებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, მშობელთა შეერთებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი, მშვილებლის გვარი, მეუღლის გვარი და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გვარის შეცვლა ასევე შესაძლებელია, თუ პირს სურს მიიღოს საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი ან აღიდგინოს ისტორიული გვარი.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის აღნიშნული კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვის „მეუღლის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, კონსტიტუციის მე-16 მუხლში გარანტირებული თავისუფალი განვითარების უფლება იცავს პირის შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში შეიცვალოს გვარი, ხოლო სადავო ნორმა წარმოადგენს არაპროპორციულ ჩარევას აღნიშნულ უფლებაში.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება, „რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის არსს, მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-54).
4. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის მე-16 მუხლზე მსჯელობისას გამოყოფს ადამიანის თავისუფლების ორ სასიცოხლო კომპონენტს, რის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანის, როგორც რაციონალური და თავისუფალი ინდივიდის განვითარება. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ „საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას, ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობას, ადამიანთა გარკვეულ წრესთან პერსონალურ კავშირებს იმ ინტენსივობით, რაც აუცილებელია მისი პიროვნული სრულყოფისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-55).
5. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლში ან პირადი ცხოვრების უფლების მარეგლამენტირებელ სხვა მუხლებში არ არსებობს პირდაპირი ჩანაწერი პირის უფლებაზე ჰქონდეს/შეიცვალოს სახელი ან გვარი, პერსონალური იდენტიფიცირებისა და ოჯახთან კავშირის დამყარების უფლება ადამიანის პირადი ცხოვრების განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს და ეს სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში პირები უზრუნველყოფილი არიან ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის, სახელის, პირადი მონაცემების, საცხოვრებლის, ოჯახისა და სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოების, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლებებით. განაპირობებს რა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არსს, თითოეული მათგანი, იმავდროულად, დამოუკიდებელი შინაარსის მატარებელია“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს ოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-4). „პირადი ცხოვრების თავისუფლების ფარგლებში იგულისხმება ინდივიდის ფიზიკური და სოციალური იდენტობის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სახელის, ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობა, ასევე პირის უფლება, დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან და სხვ.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-5). მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო უფლებას სახელზე პირადი ცხოვრების კომპონენტად განიხილავს, ამ დრომდე სასამართლოს არ განუმარტავს, თუ რომელი კონსტიტუციური დებულებიდან იკითხება პირის უფლება, აკონტროლოს/აირჩიოს საკუთარი სახელი.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თავად პირადი ცხოვრების ბუნების კოპლექსურობიდან გამომდინარე შეუძლებელია პირადი ცხოვრების ყველა უფლებრივი კომპონენტის ერთ კონსტიტუციურ ნორმაში ან, ზოგადად, მისი დეტალური გაწერა. „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება უამრავი უფლებრივი კომპონენტისაგან შედგება. ნიშანდობლივია, რომ პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება... შეცდომა იქნებოდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მთელი შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ მე-20 მუხლით შემოფარგვლა. პირად ცხოვრებას განკუთვნილი ცალკეული საკითხები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის არაერთი მუხლით, როგორებიცაა: მე-16, 36-ე, 41-ე და სხვა.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
7. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლის სულისკვეთებას წარმოადგენს, დაიცვას პირადი ცხოვრების ყველა ის უფლებრივი ელემენტი, რომელიც დაცული არ არის პირადი ცხოვრების უფლების მარეგლამენტირებელ სხვა მუხლებში. ამდენად, „კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57).
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ უფლებასთან დაკავშირებით ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ სადავო ნორმით იზღუდება პირის პირადი ცხოვრების უფლების ის კომპონენტი, რომელიც დაცული არ არის სხვა კონსტიტუციური დებულებებით.
9. კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პირის ნებისა და ქმედების თავისუფლება როგორც კერძო, ისე საჯარო სივრცეში. მოსარჩელის სურვილიც პირდაპირ დაკავშირებულია პიროვნების თავისუფალ ნებასთან, სოციალური ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში, მათ შორის, ოფიციალურ დოკუმენტებშიც და სახელმწიფოსთან ნებისმიერ სხვა ურთიერთობაში იწოდებოდეს როგორც ჯაყელი-ხუნდაძე. უფლება სახელის ან/და გვარის შეცვლაზე პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის იდენტობასთან და მის პიროვნულ გრძობებთან. პირის უფლება, ჰქონდეს/შეიცვალოს ან ზოგადად აკონტროლოს სახელი/გვარი პირის ზოგადი თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადამიანის გვარი, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ გვარის, როგორც პირადი ცხოვრების უფლებრივი კომპონენტის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის სახელსა და გვარს შორის არსებობს ხელშესახები საერთო მახასიათებლები.
10. ზოგადად, ადამიანისთვის გვარს შესაძლებელია გააჩნდეს არაერთი ფუნქციური დატვირთვა. ეს შეიძლება იყოს პიროვნების თვითიდენტიფიკაციის, საკუთარ ოჯახთან და წარმომავლობასთან ასოცირების სურვილი. კერძოდ, პირის მიერ კონკრეტული გვარის ტარება შეიძლება განიხილებოდეს როგორც პირის სურვილი, პიროვნულად დაკავშირებული იყოს საკუთარ ოჯახთან. ამასთანავე, პირს შეიძლება გააჩნდეს სურვილი, საზოგადოების მიერ აღქმული და მიღებული იყოს როგორც კონკრეტული გვარის წარმომადგენელი. გარდა ამისა, პიროვნების გვარს შესაძლებელია გააჩნდეს სხვა გამოხატვითი ფუნქციაც, რაც გულისხმობს, პირის შესაძლებლობას, საკუთარი გვარის დემონსტრირებით, ხაზი გაუსვას საკუთარი დაბადების ადგილს, წარმომავლობას, ეთნიკურ თუ ეროვნულ წარმოშობას და ა.შ. აღსანიშნავია, რომ პირს შესაძლოა საერთოდ არ სურდეს საკუთარი გვარი ასოცირდებოდეს მის ოჯახსა თუ წარმომავლობასთან და გააჩნდეს ნება, უარი თქვას მის ტარებაზე. ასევე შესაძლებელია, რომ პირს სურვილი ჰქონდეს, მიიღოს ახალი გვარი რელიგიური ან სხვა მოტივების საფუძველზე.
11. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას, ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამდენად, ვინაიდან სახელისა და გვარის უფლება კონსტიტუციის რომელიმე სხვა პირადი ცხოვრების უფლების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური დებულებიდან არ არის ამოკითხვადი და ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის მიერ კონკრეტული გვარის ტარება, ერთი მხრივ, შეიძლება განიხილებოდეს როგორც პირის თვითიდენტიფიცირების შესაძლებლობად საკუთარ ოჯახთან, ხოლო მეორე მხრივ, პირის იდენტობის საზოგადოებაში პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობად, უდავოა, რომ ამ უკანასკნელის უფლება, აირჩიოს სახელი/გვარი, დაცულია კონსტიტუციის მე-16 მუხლით.
12. სადავო ნორმა პირს არ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარ გვარს შეუერთოს აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ გასაჩივრებული ნორმით კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ უფლებაში ხდება ჩარევა.
13. აღსანიშნავია, რომ პირის თავისუფალი განვითარების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და ამ უფლებით სარგებლობა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ის ზიანს აყენებს სხვათა უფლებებსა და სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, რომელიც ერთი მხრივ, ვალდებულია, შექმნას თავისუფალი სივრცე პიროვნების განვითარებისთვის და უზრუნველყოს ამ უფლების ეფექტური რეალიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, იზრუნოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე. „სახელმწიფომ უნდა აღიაროს, პატივი სცეს და უზრუნველყოს ქცევისა და განვითარების თავისუფლება იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არათანაზომადი და არასათანადო შეზღუდვა, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და ღირებული ლეგიტიმური მიზნების შელახვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-65). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება ექვემდებარება კონსტიტუციურ სამართლებრივ შეზღუდვებს.
14. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური უფლებების უმეტესობა, მათ შორის კონსტიტუციის მე-16 მუხლი, აბსოლუტური არ არის და, შესაბამისად, ექვემდებარება ექსპლიციტურ ან იმპლიციტურ კონსტიტუციურ სამართლებრივ შეზღუდვებს, კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას, რა თქმა უნდა, შებოჭილია ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის პრინციპით, რაც არ აძლევს მას შესაძლებლობას, თვითნებურად ან/და არათანაზომიერად შეზღუდოს ამა თუ იმ პირის კონსტიტუციური უფლებები. ეს იდეა მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლიდან. აღნიშნული მუხლით განმტკიცებულია სახელმწიფოს ვალდებულება, ცნოს და დაიცვას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, ხოლო ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. „ეს ჩანაწერი ძირითად უფლებებს ანიჭებს ხელისუფლების მბოჭავ ძალას, იცავს ადამიანს სახელისუფლებო თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-5).
15. ამდენად, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოების მთავარ მონაპოვარს, ხელისუფლება საჯარო ფუნქციების განხორციელებისას, ყოველთვის შებოჭილია ამ უფლებებით. აქედან გამომდინარე, „დემოკრატიული სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მთავარ არსს, დანიშნულებას და გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფა – ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილად სარგებლობის გზით თავისუფალი თვითრეალიზაციის შესაძლებლობების გარანტირება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის N1/3/534 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
16. ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაშიც კონსტიტუციის მე-16 მუხლის შეზღუდვას შეაფასებს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით, რომელიც „წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
17. მოპასუხის მიერ დასახელებული ნებისმიერი ლეგიტიმური მიზანი ვერ დაედება საფუძვლად პირის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. კონსტიტუციური უფლების ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი ისაა, რომ უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ მიზნის გახორციელებისთვის, რომელსაც აქვს უნარი, გაამართლოს თავად ამ უფლების შეზღუდვა. ხოლო მიზნები, რომლებიც უნარიანია, გაამართლოს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა, მომდინარეობს დემოკრატიული ღირებულებებისგან, რაზეც სახელმწიფო და საზოგადოება არის დაფუძნებული. ამდენად, ლეგიტიმური მიზანი, რომელიც per se ნებას რთავს სახელმწიფოს, შეზღუდოს პირის კონსტიტუციურ უფლებები, ამავე დროს, წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტს, არ მოხდეს ამ უკანასკნელის უფლებების შეზღუდვა არარელევანტური მიზნებისა თუ მიზეზების გამო. თუ არ არსებობს შესაფერისი ღირებული მიზანი, ზედმეტია იმ საშუალებების შეფასება, რითიც ეს მიზანი მიიღწევა ან რამდენად აღმატებულია მიზნიდან გამომდინარე სიკეთე იმ ნეგატიურ ეფექტზე, რომელიც შეზღუდული უფლებიდან გამომდინარეობს.
18. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი, რომელიც ზღუდავს პირის უფლებას, საკუთარ გვარს შეუერთოს მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, დაიცვას სხვა პირთა უფლებები და ინტერესები. კერძოდ, საქართველოში ტრადიციად არის ქცეული, რომ ზოგადად, პირს უფლება გააჩნია, საკუთარი გვარი შეუერთოს მხოლოდ მეუღლის ან მშობლის გვარს, ხოლო მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარის მიერთება გამოიწვევს დაბნეულობას საზოგადოებაში, რომელმაც შესაძლოა ვერანაირი კავშირი ვერ იპოვოს პირის ოჯახურ კავშირსა მის მიერ არჩეულ გვარს შორის.
19. ამასთანავე მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინტერესი, მოახდინოს ამა თუ იმ პირის იდენტიფიკაცია, ამ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნად ვერ გამოდგება, ვინაიდან სახელმწიფო პირის იდენტიფიკაციას პირადობის მოწმობის უნიკალური კოდის საფუძველზე ახდენს. მოპასუხის მხრიდან სხვა ლეგიტიმური მიზანი, რასაც შეიძლება უკავშირდებოდეს სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა, არ ყოფილა დასახელებული.
20. ვინაიდან, სადავო ნორმის არსებობის ერთადერთ ლეგიტიმურ მიზანს სწორედ სხვა პირთა უფლებები და ტრადიციები უდევს საფუძვლად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის პროპორციულობას სწორედ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის კონტექსტში შეაფასებს.
21. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არ არის იმდენად ინტენსიური, რომ გამოიწვიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული პირის უფლების შელახვა.
22. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის აღნიშნულ მოსაზრებას. გაუმართლებელია აპელირება იმის შესახებ, რომ გვარის ტარებასთან თუ შეცვლასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები არ წარმოადგენს იმდენად სერიოზულ ჩარევას ადამიანის თავისუფალი განვითრების უფლებაში, რომელმაც შეიძლება ამ უფლების დარღვევა გამოიწვიოს. ადამიანს მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში უწევს ამა თუ იმ გვარის ტარება. გვარის გამჟღავნებით ადამიანი ცნობადი ხდება საზოგადოებაში, ზოგჯერ ადამიანის გვარი რეპუტაციის სინონიმადაც განიხილება ხოლმე. როგორც ზემოთ აღინიშნა, გვარს გააჩნია ე.წ. გამოხატვითი ფუნქცია, რომელიც პირველ რიგში, ემსახურება ადამიანის იდენტობის გარეგან რეალიზებას, მის გზავნილს საზოგადოებაში, რომელშიც ხაზგასმულია პირის ინდივიდუალურობა, მისი კავშირი ოჯახთან, ეთნიკურ ისტორიასთან, რელიგიურ გრძნობებთან და ა.შ. ამდენად, პირადი განვითარებისთვის ადამიანის გვარს მნიშვნელოვანი შინაარსი და დატვირთვა გააჩნია, ხოლო მასთან დაკავშირებული შეზღუდვები წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში ჩარევას და საჭიროებს კონსტიტუციურ შემოწმებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
23. ყურადსაღებია, ის გარემოება, რომ სახელწიფო განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების იმ კომპონენტის შეზღუდვას, რომლითაც დაცულია პირის იდენტობა, ვინაიდან ნებისმიერ ჩარევას პირადი ცხოვრების აღნიშნულ ელემენტში, ადამიანი განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს. ზემოაღნიშნული უფლებრივი ელემენტის შემზღუდველი რეგულირება შეიცავს ადამიანის პიროვნული განვითარების სტაგნაციის რისკს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოიჩინოს სახელმწიფომ მაქსიმალური სიფრთხილე ამ სფეროს პირდაპირი თუ არაპირდაპირი რეგულირებისას.
24. ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და, უფრო კონკრეტულად, ადამიანის იდენტობის ხელშეუხებლობა, იმდენად დიდი და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონეა თანამედროვე და პლურალისტული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნდა არსებობდეს სერიოზული მიზეზები, რომლებიც დაარწმუნებდა სასამართლოს ამა თუ იმ ნორმის და, შესაბამისად, შეზღუდვის გონივრულობაში.
25. როგორც აღინიშნა, საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მოპასუხე მხარის განმარტებით, პირის შესაძლებლობა, საკუთარ გვარს მიუერთოს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, არ ართულებს სახელმწიფოს მიერ პირის იდენტიფიცირებას. ამ მიზნის მიღწევას სახელმწიფო ყოველი პირისთვის მინიჭებული უნიკალური კოდის მეშვეობით ახდენს. სადავო ნორმის ერთადერთ ლეგიტიმურ მიზანს კი საზოგადოების დაბნეულობაში შეყვანის პრევენცია წარმოადგენს, რომელსაც გაუჭირდება კავშირის დანახვა პირის შერჩეულ გვარსა და მის ოჯახს შორის.
26. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამედროვე და თავისუფალ საზოგადოებაში ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი იდენტობა და თვითმყოფადობა ავტონომიურად განსაზღვროს და მართოს. ეს თავისთავად არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფომ გარკვეული მნიშვნელოვანი მიზეზების გამო, დაადგინოს კონკრეტული წესები, რომლებიც ადამიანის პიროვნული განვითარების თავისუფლებას გარკვეულ ჩარჩოებს შეუქმნის, თუმცა ეს მიზეზები გამართლებული უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ემსახურებოდეს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს, ხოლო საშუალებები მისი მიღწევისა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული.
27. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი, რაც არის საზოგადოების დაბნეულობის პრევენცია, ზოგადად, შეიძლება წარმოადგენდეს ღირებულ საჯარო ინტერესს, თუმცა არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. დაბნეულობას თან უნდა სდევდეს ხელშესახები საფრთხეები, რომლებიც მიზეზობრივად უნდა იყოს დაკავშირებული სხვა პირთა უფლებების შელახვასთან. სრულიად გაუგებარია, თუ რატომ უნდა გამოიწვიოს სხვა პირთა ინტერესების შელახვა იმ ფაქტმა, რომ პირს სურს საკუთარ გვარს მიუერთოს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის, კერძოდ ბებიისა ან ბაბუის გვარი.
28. მოპასუხე მხარე საზოგადოებაში დაბნეულობის გაჩენის მიზეზად ასახელებს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც გვარების შეერთება ხდება მეუღლისა და მშობლის გვარის საკუთარ გვართან მიერთების შემთხვევაში, რის გამოც, საზოგადოებას გაუჭირდება პირის კავშირის დადგენა მის ოჯახთან და შერჩეულ გვართან მიმართებაში.
29. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ინტერესი პირის ოჯახურ ცხოვრებისა და ოჯახის წევრებთან მისი პირადი ურთიერთობების მიმართ ირელევანტური უნდა იყოს, თუ, რა თქმა უნდა, პირის ოჯახური საქმიანობა ან/და ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, თავად ამ ოჯახის წევრებს ან/და მესამე პირებს არ აყენებს ზიანს. ასეთ შემთხევაში სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, ჩაერიოს და აღკვეთოს ადამიანის უფლებების დარღვევა. სხვა შემთხვევებში, როდესაც არ არსებობს რაიმე რელევანტური ახსნა, თუ რატომ უნდა არსებობდეს სახელმწიფოსა თუ საზოგადოების ინტერესი პირის ოჯახურ ურთიერთობებში ინტერვენციისა, პირდაპირ მიუთითებს ღირებული ლეგიტიმური მიზნის არარსებობაზე.
30. მნიშვნელოვანია იმის გათვითცნობიერება, რომ პირის თავისუფალ განვითარებას კანონი არ უნდა უქვემდებარებდეს საზოგადოებრივი განვითარების ერთ-ერთ ეტაპზე ჩამოყალიბებულ ტრადიციას, წეს-ჩვეულებასა თუ ადათს, ვინაიდან აღნიშნული საფრთხის ქვეშ დააყენებდა თავად ადამიანის პიროვნული განვითარების ორ მნიშვნელოვან და სუბსტანციურ პრინციპს - თავისუფლებასა და ინდივიდუალიზმს, რაც რეალურად წარმოადგენს ადამიანის განვითარების საწყისს.
31. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი არ წარმოადგენს უფლების შეზღუდვის სერიოზულ, წონად და მხედველობაში მისაღებ გარემოებას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ზოგადად, ამა თუ იმ ნორმის შემოღების მიზანი შეიძლება იყოს საზოგადოების დაბნეულობის ან/და შეცდომაში შეყვანის პრევენცია, თუმცა გაუგებარი და სრულიად უმიზნოა იმაზე აპელირება, რომ პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარის საკუთარ გვართან შეერთებამ შესაძლოა საზოგადოების დაბნეულობა გამოიწვიოს, რადგან ეს უკანასკნელი ვერ დაინახავს კავშირს პირის ოჯახთან და პირის მიერ არჩეულ გვარს შორის. აღსანიშნავია, რომ თავად „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლში ხაზგასმულია იმ სუბიექტებზე, რომელთა გვარის მიღების შესაძლებლობა პირს გააჩნია სწორედ მათთან ოჯახური ურთიერთობებისა და განსაკუთრებული კავშირების გამო.
32. საკონსტიტუციო სასამართლო, ამავე დროს, იზიარებს იმ გარკვეული ეფექტების წონადობას, რომელიც თავისთავად გაუჩნდება მარეგისტრირებელ ორგანოებს ან/და რომელმაც შესაძლოა საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაბნეულობა გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ საზოგადოების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ მან უნდა აიტანოს გარკვეული უხერხულობები იმისათვის, რომ მისცეს პიროვნებას საკმარისი სივრცე თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრებისთვის.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვა „მეუღლის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს გვარის შეცვლის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ პირს სურს მიიღოს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 29-ე, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. დაკმაყოფილდეს N570 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვა „მეუღლის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს გვარის შეცვლის შესაძლებლობას, თუ პირს სურს მიიღოს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი