ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/7/1547 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 27 დეკემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 დეკემბერი 2024 17:20 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 1 მაისი 2025 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე, სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის (2022 წლის 18 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - გვანცა კვარაცხელია და ანამარია თავართქილაძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები - ნატო გუჯაბიძე, თენგიზ კალანდაძე, მაკა შუბლაძე; საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი - დემნა ხელაია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1547) მომართეს ვახტანგი მიმინოშვილმა, ინვერი ჩოკორაიამ და ჯემალი მარკოზიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №1547 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის 12 ოქტომბერს და 2023 წლის 25 ოქტომბერს.
2. №1547 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი (2022 წლის 18 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრძალავდა 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემული იყო ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის წესს. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება განამტკიცებს მეწარმეობის თავისუფლებას.
5. №1547 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები წარმოადგენენ მცირე ფერმერებს, რომლებიც საზღვარგარეთ – აზერბაიჯანსა და ირანში ყიდდნენ საქონლის ნამატს. სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის გამო, ისინი ვეღარ ახერხებენ 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მდედრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს. საგულისხმოა ისიც, რომ ადგილობრივ ბაზარზე აღნიშნული საქონლის ფასი ძალიან დაბალია (ორ-სამჯერ უფრო იაფი ვიდრე აზერბაიჯანსა და ირანში). აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ უწევთ დამატებითი ფინანსური ხარჯების გაწევა საქონლის შენახვასა და მოვლაში (საჭირო საკვები – ჩალა და სიმინდი, ვეტერინარული ხარჯები), რათა მან მიაღწიოს 110 კგ-ს, ეს კი ნეგატიურად აისახება მათ მეურნეობაზე.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საკუთრების უფლებით დაცულია პირის შესაძლებლობა, თავისუფლად განკარგავდეს მის საკუთრებას, რაც, მათ შორის, მოიცავს იმის განსაზღვრის უფლებამოსილებას, თუ როდის, ვის ან რა ფასად მიჰყიდის პირი საკუთარ ქონებას. ვინაიდან გასაჩივრებული რეგულაცია კრძალავს 110 კგ-მდე ოდენობის მდედრობითი სქესის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს, ადგილი აქვს ჩარევას საკუთრების უფლებაში. ამასთან, აღნიშნული ჩარევა განხორციელდა არა კანონით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, შესაბამისი საკანონმდებლო დელეგირების გარეშე. კერძოდ, არც „სურსათის/ცხოველის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსიდან“ და არც სხვა რომელიმე საკანონმდებლო აქტიდან არ გამომდინარეობს მთავრობის უფლებამოსილება, აკრძალოს ექსპორტზე გასაყიდი მსხვილფეხა საქონელი, მისი წონის ან/და სქესის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ფორმალურ მოთხოვნებს.
7. მოსარჩელეთა პოზიციით, ისეთი შესაძლო ლეგიტიმური მიზნების მიღწევა, როგორებიცაა ადგილობრივ ბაზარზე რძის ნაწარმისა და ხორცის დეფიციტის შემცირება, შესაძლებელი იყო უფრო ნაკლებად მზღუდველი საშუალებების გამოყენებით. კერძოდ, სახელმწიფოს შეეძლო, შეემცირებინა გადასახადები და გაემარტივებინა ექსპორტთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცედურები. ამგვარი ქმედებები ხელს შეუწყობდა ბიზნესის განვითარებას, ფერმერები შეძლებდნენ, უფრო მეტი მსხვილფეხა საქონლის ყოლას და ზემოხსენებული პრობლემებიც გადაიჭრებოდა.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აზრით, სადავო ნორმის პირობებში, მცირე ფერმერები, მაღალი ხარჯების გამო, ვერ ახერხებენ სამართლიან კონკურენციას იმ ფერმერებთან, რომლებიც ფლობენ დიდ მეურნეობას და მეტად უნარიანები არიან როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტზე გაყიდონ საქონელი, თუნდაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მასის მიღწევის შემდგომ. ექსპორტის ბაზრის ჩაკეტვა ან შეზღუდვა სამეწარმეო საქმიანობასა და ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად აზიანებს და ხელს უშლის მეწარმეობის თავისუფლებას, რადგან მცირე ფერმერები იძულებული ხდებიან, უარი თქვან აღნიშნულ საქმიანობაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით განმტკიცებულ მეწარმეობის თავისუფლებას.
9. საქართველოს მთავრობის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა განპირობებულია შიდა პირველადი წარმოების ხელშეწყობა/გაზრდის და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მცირდება მსხვილფეხა საქონლის, განსაკუთრებით კი ფურების სულადობა. 2013 წელთან შედარებით, ფურების რაოდენობა შემცირდა, თითქმის, 100 000-ით, რამაც გამოიწვია როგორც ნამატის, ასევე რძის წარმოების შემცირება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რძის წარმოებაში დაფიქსირდა 2016 წელს – 510 000 ტონა, ამასთან, საგრძნობლად იმატა ქვეყნიდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტმა. 2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ იქნა მსხვილფეხა პირუტყვის რეკორდული რაოდენობა – 134 000 სულზე მეტი (ძირითადად აზერბაიჯანსა და ირანში), რაც 2.5-ჯერ აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. ანალოგიური ტენდენცია იქნა შენარჩუნებული 2018 წელსაც, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე გავიდა 108 000 სულზე მეტი. ამასთანავე, შემცირდა ქვეყნის შიგნით სასაკლაოზე დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა. კერძოდ, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაკლაოზე დაიკლა 158 000 მეტი მსხვილფეხა საქონელი, 2017 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა 151 000-მდე, ხოლო 2018 წელს – 143 000-მდე. 2016-17 წლებში იმატა სამ თვემდე ასაკის ხბოების ექსპორტმა და, რაც ყველაზე საგანგაშოა, დაფიქსირდა საფურე ხბოების ექსპორტის მატება.
10. მოპასუხე მხარის განმარტებით, ხბოების გაყვანა ხდება მათ გასასუქებლად და ძირითადი მატერიალური და ფინანსური სარგებელი აქვს იმ ქვეყანას, სადაც წარმოებს მათი გასუქება. საფურე ხბოების ქვეყნიდან ექსპორტი იწვევს საქონლის აღწარმოების შემცირებას, რაც, საბოლოო ჯამში, ამცირებს როგორც რძის, ასევე ხორცის წარმოების მოცულობას. წარმოების მოცულობის შემცირება, თავისთავად, განმაპირობებელია ბაზარზე პროდუქტის მასის შემცირებისა, რაც, ასევე, პირდაპირპროპორციულად განაპირობებს აღნიშნულ პროდუქტზე ფასის ზრდას. ყოველივე ზემოხსენებული კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას. ზემოაღნიშნულის თანმდევ შედეგად ასევე მოყვანილია, რომ გამოუყენებელი რჩება ბუნებრივი საკვები სავარგულები, ფერმერულ მეურნეობაში მცირდება სასუქი ცხოველების მომსახურებისთვის საჭირო სამუშაო ადგილები და იზღუდება ხორცის გადამამუშავებელი საწარმოების დატვირთვა, მათი განვითარების პერსპექტივები. სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა 2019 წელს ექსპორტირებული ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, დასტაბილურდა ქვეყანაში სულადობის მაჩვენებელი. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს სულადობის 6%-ით, ხოლო 2021 წელს, 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
11. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმაზე (მათ შორის, „სურსათის/ცხოველის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 75-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებზე) დაყრდნობით მიუთითებენ, რომ სწორედ საქართველოს მთავრობის კომპეტენციაა, უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების დაცვა და რაციონალური გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში, შეზღუდვა ეხება მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს, რომელიც განეკუთვნება ბუნებრივ რესურსს (ფაუნისტურ რესურსს). შესაბამისად, სადავო ნორმა, როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით, შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს.
12. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა, დემნა ხელაიამ განმარტა, რომ სადავო ნორმის მიღების მიზანს წარმოადგენდა სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კერძოდ, 2013 წლიდან ყოველწლიურად მცირდებოდა მსხვილფეხა პირუტყვის, მათ შორის, ფურების სულადობა. 2017 წელს 134 000 პირუტყვი გავიდა საქართველოდან, რაც მთელი სულადობის, დაახლოებით, 13%-ს შეადგენდა. სადავო რეგულაციის შემოღების შედეგად, 2019 წლისთვის ექსპორტზე გაყვანილი მსხვილფეხა საქონლის ოდენობა 92 000-მდე შემცირდა.
13. საჯარო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში მსხვილფეხა საქონლის გამრავლება ხდება აპრილის დასაწყისამდე, რომ შემდგომ, გლეხმა ხბოები გაუშვას ზაფხულის იაფ საძოვარზე. დაახლოებით, 8-10 თვის ასაკში საქონელმა უნდა მიაღწიოს მინიმუმ 140 კგ-ს. ამ პერიოდის შემდგომ, საქონელი შედის სქესობრივი მომწიფების სტადიაში და მეპატრონეს აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს, გამოდგება თუ არა იგი ფურად და უღირს თუ არა მისი დატოვება. სწორედ დასახელებული ფაქტორებითაა განპირობებული სადავო ნორმით დადგენილი წონითი შეზღუდვა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილება
1. №1547 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავოდ ხდის „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის (2022 წლის 18 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. გასაჩივრებული რეგულირება კრძალავს 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემული იყო ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი. „„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 18 ნოემბრის №529 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სადავო ნორმა ამოღებულ იქნა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის გასაჩივრებული რეგულაცია ძალადაკარგულია.
2. „„მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 აგვისტოს №1559 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 სექტემბრის №1253 განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე „მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 აგვისტოს №1559 განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამომხმარებლო ფასების შენარჩუნების მიზნით, 2025 წლის პირველ აპრილამდე აიკრძალოს მდედრი მსხვილფეხა საქონლისა და 160 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი (სეს ესნ კოდი: 0102)“. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეგულაცია აწესებს №1547 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმისგან მომდინარე განსხვავებულ და ამავდროულად უფრო ფართო შეზღუდვებს (ნაცვლად 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მდედრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის აკრძალვისა, მოქმედი ნორმა კრძალავს ნებისმიერი მასის მდედრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს და აწესებს დამატებით შეზღუდვას 160 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრი მსხვილფეხა საქონლის მიმართ), ნათელია ისიც, რომ ის არსებითად იმეორებს იმ სამართლებრივ პრობლემას (მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს), რომელიც სადავოდ იყო გამხდარი №1547 კონსტიტუციური სარჩელით. მოსარჩელეთა მიერ 2021 წლის 21 აპრილს და 2024 წლის 4 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გამოგზავნილი წერილების საფუძველზე დგინდება, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორების ინტერესს წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის მოდიფიცირება, რადგან ისინი სადავოდ ხდიან არა ნორმის რომელიმე ცალკეულ რედაქციას, არამედ იმ ნორმატიულ მოწესრიგებას, რომელიც შეზღუდვებს აწესებს ზოგადად მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე.
3. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელ კანონმდებლობაში არ არსებობს დებულება, რომელიც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობას, გააგრძელოს სამართალწარმოება და იმსჯელოს მოდიფიცირებულ სასარჩელო მოთხოვნაზე, თუკი სახეზეა ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, ხოლო გასაჩივრებული მოწესრიგება მოქმედებს იმავე ნორმატიული შინაარსით, რა შინაარსითაც მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მის კონსტიტუციურობას. ამასთანავე, გასაჩივრებულ დებულებაში განხორციელებული არაარსებითი ცვლილების შემთხვევაში, სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობის შეფასება მიზნად ისახავს უფლების დაცვის ეფექტიანობის უზრუნველყოფასა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის ხელოვნური გაჭიანურების პრევენციას.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადაკარგული ნორმის მსგავსად, მოქმედი ნორმის პირობებშიც, პირის უფლება იდენტურად იზღუდება და ეს შეზღუდვა განგრძობადი ხასიათისაა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას არ გააჩნია რაიმე შინაარსობრივი ან პრაქტიკული რელევანტურობა. მოქმედი ნორმების ნაცვლად, ძალადაკარგული დებულებების კონსტიტუციურობის შეფასების შემთხვევაში, იმისათვის, რათა მხარემ შეძლოს უფლებების დაცვა/აღდგენა, მას შესაძლოა, დასჭირდეს იდენტური შეზღუდვის დამდგენი მოქმედი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ახალი სარჩელით მომართვა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს სამართალწარმოების პროცესის ხელახლა დაწყება და იმ ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რომელთა არაკონსტიტუციურობაც უკვე დადგენილია. სწორედ ამგვარი, გაჭიანურებული პროცედურის შემდგომ დამდგარი შედეგის ანალოგი იქნება მიღწეული ისეთ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს სადავო ნორმების არა ძალადაკარგულ, არამედ - მოქმედ რედაქციას.
5. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ შორის, მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვისა და უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის №1/1/1312 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლოში უფლების დაცვა ეფექტიანად შეიძლება, მივიჩნიოთ, თუკი იგი პასუხობს სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს, იძლევა უფლების დაცვის, მისი დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლების აღდგენის რეალურ და არა - ილუზორულ შესაძლებლობას (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე "ა(ა)იპ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-7). ამდენად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, იდავოს ყველა იმ აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ზღუდავს ან განჭვრეტად მომავალში შეზღუდავს მის ძირითად უფლებებს, ხოლო კონსტიტუცია დამატებით განსაზღვრავს, რომ აღნიშნული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვაზე/შესაძლო შეზღუდვაზე სასამართლოსადმი მიმართვა უნდა იყოს უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალება.
6. უფლების დაცვის ეფექტიანობა, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ, როდესაც განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, სადავო ნორმას ემატება ახალი განსაზღვრება/მოცემულობა, თუმცა იგი შინაარსობრივად არ ცვლის მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ შინაარსს, საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას და აფასებს მოქმედი ნორმის კონსტიტუციურობას (იხ., მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/5/1355,1389 გადაწყვეტილება საქმეზე „სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9-12; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის №1/7/1437 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
7. საქართველოს კანონმდებლობის ანალიზით დგინდება, რომ მასში განხორციელებულმა ცვლილებებმა განსხვავებულად, უფრო ფართო მოცულობით, შეზღუდა მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, თუმცა მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემა არსებითად არ შეცვლილა. ასეთ შემთხვევაში კი, სამართალწარმოება უნდა გაგრძელდეს და შეფასდეს მოქმედი ნორმის კონსტიტუციურობა.
8. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო საკითხის გადაწყვეტისას, შეაფასებს არა ძალადაკარგული, არამედ მოქმედი ნორმის კონსტიტუციურობას.
2. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით
2.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული უფლების სფერო
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32 და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1/370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 ).
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
11. ამავდროულად, საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური თავისუფლება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „„იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
12. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ კონსტიტუციურ სიკეთეს წარმოადგენს აგრეთვე პირის შესაძლებლობა, დაცული იყოს სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან იმგვარი სამართლებრივი წესრიგის ჩამოყალიბებისაგან, რომელიც იწვევს პირისათვის სხვადასხვა სახის გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სახელმწიფოს ქმედება, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს საკუთარ ქონებას ან/და კერძო პირებისაგან ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინოს საქონელი ან/და მომსახურება a priori განიხილება როგორც ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-7). ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2.2. სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობისა და მოსარჩელე მხარის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
13. „მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 აგვისტოს №1559 განკარგულების პირველი პუნქტი 2025 წლის პირველ აპრილამდე, კრძალავს მდედრი მსხვილფეხა საქონლისა და 160 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს. ამდენად, აშკარაა, რომ სახეზეა ჩარევა საკუთრების უფლებაში, რადგან პირი მოკლებულია შესაძლებლობას, თავისუფლად, მისი შეხედულებისამებრ განკარგოს საკუთარი ქონება - გაიტანოს ექსპორტზე მდედრი მსხვილფეხა საქონელი ან/და 160 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრი მსხვილფეხა საქონელი.
2.3. უფლების შეზღუდვის გამართლება
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლება, მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც მესაკუთრის კერძო ინტერესი საჯარო ინტერესებთან მიმართებით აბსოლუტური, უპირობო უპირატესობით სარგებლობს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქოსამართლებრივი წესრიგის შექმნისას აუცილებელია, მიღწეულ იქნეს სწორი ბალანსი საკუთრების უფლებასა და სხვა უფლებებს/საჯარო ინტერესებს შორის. აუცილებელია, „მესაკუთრემ გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგულირებისას უნდა მოხდეს, ერთი მხრივ, ძირითადი უფლებიდან მომდინარე, ხოლო, მეორე მხრივ, საპირისპიროდ არსებული საჯარო ინტერესების სამართლიანი დაბალანსება.
15. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალურ და მატერიალურ საფუძვლებს. დასახელებული კონსტიტუციური დებულების მიხედვით, საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნაა, რომ უფლების შეზღუდვა რეგლამენტირებულ იქნეს კანონით. განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული შეზღუდვა დაწესდა საქართველოს მთავრობის დადგენილების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა შეაფასოს, რამდენად აკმაყოფილებს სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნას.
2.3.1. სადავო ნორმის ფორმალური შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციითა და მისი ძირითადი პრინციპებით სახელმწიფო ხელისუფლების ბოჭვა, მათ შორის, მოიცავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით“ (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. რამდენადაც გასაჩივრებული რეგულაცია წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, იმისათვის, რომ იგი შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის ფორმალურ მოთხოვნებს, აუცილებელია, სახეზე იყოს საკანონმდებლო აქტი, რომელიც მთავრობას ანიჭებს, სადავო ნორმით დადგენილი ფორმით, საკუთრების უფლების შეზღუდვის უფლებამოსილებას. ამდენად, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, რამდენად არის სადავო რეგულირება მიღებული დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე.
17. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 აგვისტოს №1559 განკარგულებაში არ არის მითითებული აღნიშნული განკარგულების გამოცემის საფუძველი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კანონქვემდებარე აქტის მიღების საფუძვლის განსაზღვრა არ გულისხმობს, რომ ესა თუ ის აქტი ექსკლუზიურად მხოლოდ მითითებულ კანონს ან კანონის ნორმას ეფუძნება. კანონქვემდებარე აქტში მიღების საფუძვლების განსაზღვრა, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, ამარტივებს დელეგირების მიმნიჭებელი აქტის მოძიებასა და გადამოწმებას, თუმცა აქტის მიღების საფუძვლების განსაზღვრა ან არგანსაზღვრა ვერ გამორიცხავს მოცემული საკითხის რეგულირების უფლებამოსილების გადაცემას სხვა საკანონმდებლო აქტით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის №1/5/1499 გადაწყვეტილება საქმეზე „მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-17). საქართველოს მთავრობის პოზიციით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის მადელეგირებელ აქტად შეიძლება მოაზრებულ იქნეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნული ნორმის თანახმად, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ“. მოპასუხე მხარის პოზიციით, ტერმინში „ვეტერინარია“, შესაძლებელია მოაზრებულ იქნეს, მათ შორის, მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები. დასახელებული კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვეტერინარია განმარტებულია როგორც საქმიანობა, რომლის მიზანია ცხოველის (მათ შორის, შინაური ცხოველის) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა, უვნებელი ცხოველური პროდუქტის წარმოება, ზოონოზური დაავადებებისგან მოსახლეობის დაცვა და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა. დასახელებული ტერმინის აღნიშნული დეფინიცია მიუთითებს, რომ იგი ორიენტირებულია ცხოველის ჯანმრთელობის დაცვასა და უვნებელი პროდუქტის წარმოებაზე, ხოლო ისეთი საკითხი, როგორიცაა ამა თუ იმ ცხოველის ექსპორტზე გაყვანა, არ მიეკუთვნება მისი რეგულირების სფეროს. შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმა, მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნება განხილული აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების მადელეგირებელ აქტად.
18. მოპასუხე მხარე ასევე აპელირებდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებზე. დასახელებული რეგულირებების თანახმად, მთავრობა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას და ორგანიზებას უწევს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და რაციონალურ გამოყენებას. მოპასუხე მხარის პოზიციით, მსხვილფეხა საქონელი განეკუთვნება ბუნებრივ რესურსს (ფაუნისტურ რესურსს). შესაბამისად, მთავრობა უფლებამოსილია, დააწესოს სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვები აღნიშნული რესურსის ექსპორტზე.
19. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსები – ესაა ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები. ამავე მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, გარემო წარმოადგენს ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს ერთობლიობას, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოლოგიურ ლანდშაფტებს, ხოლო „ბ“ პუნქტი ცალკე გამოყოფს ბუნებრივ გარემოს და ადგენს, რომ ესაა გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებრივ ლანდშაფტებს. შესაბამისად, ბუნებრივი გარემო, არ მოიაზრებს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს.
20. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა გულისხმობს სასარგებლო წიაღისეულის, ტყის რესურსების, ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების გარემოდან ამოღებას, ხოლო „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ცხოველთა სამყარო ესაა ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში. ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ შინაური ცხოველები, მათ შორის, მსხვილფეხა საქონელი არ მიეკუთვნება ბუნებრივ რესურსს საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერც „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ და „ტ“ პუნქტები ვერ ჩაითვლება საქართველოს მთავრობის მიერ საკუთრების უფლების მოცემული ფორმით შეზღუდვის უფლებამოსილების მადელეგირებელ აქტად.
21. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ნათელია, რომ სადავო ნორმა არ არის მიღებული დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ფორმალურ მოთხოვნებს და ის არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
3. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით
22. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას ასევე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. კონსტიტუციის აღნიშნული დებულებით უზრუნველყოფილია მეწარმეობის თავისუფლება. „მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს ... მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II-2).
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება საკუთრების უფლებისა და მეწარმეობის თავისუფლებას შორის მნიშვნელოვან კავშირზე. „ხელშეკრულების, საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს იმ ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ პრინციპულ ფასეულობებს, რაც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვის. ისევე, როგორც საკუთრების უფლება წარმოადგენს საკუთრებითი წესრიგის გამოვლინებას, თავისუფალი მეწარმეობაც შესაძლებელია მხოლოდ სამეწარმეო წესრიგის ფარგლებში. სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ისეთი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც თავისუფალ მეწარმეობასაც ხელს შეუწყობს და ეკონომიკური უსაფრთხოებაც იქნება გარანტირებული. ფასეულობებისადმი ასეთი დამოკიდებულებით სახელმწიფო ახდენს კერძო და საჯარო ინტერესების ერთმანეთისაგან არა გაუცხოებას, არამედ უზრუნველყოფს მათ შორის სამართლიანი ბალანსისა და მშვიდობის დამყარებას. ამით სახელმწიფო ქმნის ისეთ ეკონომიკურ მართლწესრიგს, რომელშიც მეწარმის ინტერესები არათუ წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოების სამართლებრივად ანგარიშგასაწევ ინტერესებთან, არამედ მათ ემსახურება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II-4).
24. მოცემული დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე შეაფასა გასაჩივრებული რეგულაციის კონსტიტუციურობის საკითხი და დაადგინა, რომ იგი ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სადავო ნორმის კონსტიტუციის რომელიმე დებულებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, აღარ შეაფასოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ კონსტიტუციის სხვა დებულებებთან მიმართებით, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ ახდენს არსებით გავლენას მოსარჩელის უფლებების დაცვაზე“. საკუთრების უფლებისა და მეწარმეობის თავისუფლების მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა აღარ საჭიროებს დამოუკიდებლად შეფასებას მეწარმეობის თავისუფლებასთან მიმართებით.
25. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 აგვისტოს №1559 განკარგულების პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, საქმე უნდა შეწყდეს.
26. საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა განაპირობა მისმა შეუსაბამობამ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შეზღუდვისთვის განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი სახის რეგულირება მიღებული იქნება კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნების დაცვით, იგი დაექვემდებარება დამოუკიდებელ შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მატერიალურ მოთხოვნებთან მიმართებით.
4. გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება
27. ზემოთ უკვე არაერთხელ აღინიშნა, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ის არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ფორმალურ მოთხოვნებს. კერძოდ, დაცული არ იყო უფლებამოსილების დელეგირების კონსტიტუციური სტანდარტები. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან გასაჩივრებული რეგულაციის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას სადავო ნორმითვე გათვალისწინებულ ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, როგორებიცაა - ცხოველური წარმოშობის სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამომხმარებლო ფასების შენარჩუნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გადაავადოს დასახელებული სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება 2025 წლის პირველ აპრილამდე, რათა საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული საკითხი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს №1547 კონსტიტუციური სარჩელი (ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) და „მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 აგვისტოს №1559 განკარგულების პირველი პუნქტი არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. №1547 კონსტიტუციურ სარჩელზე (ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) შეწყდეს საქმე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 აგვისტოს №1559 განკარგულების პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. „მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 აგვისტოს №1559 განკარგულების პირველი პუნქტი არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი 2025 წლის პირველი აპრილიდან.
4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში