„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/8/678 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი პაპუაშვილი, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2015 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №678) მიმართა „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა“ და „შპს ტელეკომპანია საქართველომ“. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 30 ოქტომბერს. პირველი კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის N1-3/2/678 განჩნებით საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 25 ნოემბრის N№3/4-1/678 საოქმო ჩანაწერით საქმე მიღებულ იქნა პლენუმზე განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 25 ნოემბერს.
2.№678 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და ჩამოთვლის იმ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
5. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა ხდება საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უნდა წარმოადგენდეს ერთ-ერთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს საქმისწარმოების განახლების საფუძველი. მოსარჩელეთა აზრით, ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს სადავო ნორმა, ვინაიდან ის ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს გარემოებებისა, რომლებიც შეიძლება დაედოს საფუძვლად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
6. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება, უპირველესად, ხელისუფლების მიერ მიღებული ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებისა და სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას გულისხმობს, რომელიც შეიძლება არღვევდეს ადამიანის უფლებებს. მათი განმარტებით, ზოგადად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სრულყოფილ დაცვას.
7. მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი. მოსარჩელეთა განმარტებით, მართლმსაჯულების განხორციელება სისხლის სამართლის საქმეებზე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც - სამოქალაქო სამართლის საქმეებზე, შესაბამისად, ამგვარი სხვაობა სამართლიანი სასამართლოს უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეების აზრით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სამოქალაქო სამართლის საქმეებზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმატიული აქტი, რომელსაც საერთო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა.
9. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №678 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 211 მუხლის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №678 კონსტიტუციური სარჩელი („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი