„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1/719 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 25 თებერვალი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 თებერვალი 2016 17:57 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 23-ე მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N719) მიმართა „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა“ და „შპს ტელეკომპანია საქართველომ“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ №719 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს ისეთი სპეციფიკური უფლებრივი ასპექტი, როგორიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის სამართლებრივი ზეგავლენის ფარგლები მიმდინარე ან/და დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რაც კონსტიტუციის განმარტების იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს და 2016 წლის 25 თებერვლის №3/1-1/719 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. N719-ე კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 45-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. მოსარჩელე სადავოდ ხდის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 23-ე მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით დადგენილია, რომ „კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებზე, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტსა და მე-2 პუნქტზე და ადგენს, რომ აღნიშნული ნორმებით დადგენილ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან“. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-10 პუნქტი ადგენს, რომ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, „სადავო აქტი ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებს, ისე მის ცალკეულ დებულებებსაც. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საკონსტიტუციო სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე და აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით, არამედ მას აქვს უფლებამოსილება, ნორმატიული აქტი ასევე შეამოწმოს კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებითაც. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპზე და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განსაკუთრებული როლის მატარებელია სასამართლო ხელისუფლების ერთიან სტრუქტურაში. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები, რაც, მათ შორის, გულისხმობს პირის სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შემოწმების უფლებამოსილებას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას თან უნდა სდევდეს ეფექტური სამართლებრივი შედეგები. შესაბამისად, მისი აზრით, სადავო ნორმა, რომელიც გამორიცხავს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი საერთო სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმების შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები დამატებით აღნიშნავენ, რომ, მართალია, საერთო სასამართლოთა აქტების აღსრულება და საბოლოობა, ასევე მესამე პირთა უფლებები დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს, თუმცა, მათი აზრით, დაუშვებელია ამ ფასეულობებმა გადაწონოს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. მოსარჩელე მხარის აზრით, საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს აშკარა პრიმატს ანიჭებს, რაც ნათლად გამოიხატება სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის შეზღუდვაში ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მითითებულია, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს, რომ ქვეყნის სამართალმა უზრუნველყოს ადამიანის ძირითადი უფლება-თავისუფლებების სრული მოცულობით აღიარება და დაცვა ყველა საჭირო გარანტიის შექმნით, რისი რეალიზების უმთავრეს კონსტიტუციურ გარანტს სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ, თუ მართლმსაჯულების განხორციელებისას საერთო სასამართლო იხელმძღვანელებს იმ საკანონმდებლო ნორმით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი ექნება და ვერანაირ შედეგს ვერ გამოიწვევს იმ პირთა მიმართ, რომელთა უფლებების დარღვევა სწორედ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის საფუძველზე მოხდა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის, საერთო სასამართლოს (სასამართლოთა) მიერ.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლითაც დგინდება ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით და, შესაბამისად, დასტურდება ინდივიდის უფლებების შელახვის ფაქტი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულფასოვან რეალიზებას. ამგვარი მოცემულობით კი, პირი იძულებულია, შეეგუოს არაკონსტიტუციური ნორმის მოქმედების პერიოდში გამოტანილი სასამართლო აქტის შედეგებს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ, მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე (№ას-495-471-2013, 25 მარტი, 2014 წელი; №ას-611-837-08, 25 ნოემბერი, 2008 წელი; №ას-611-837-08, 25 ნოემბერი, 2008 წელი; საქმე № ას-611-837-08, 25 ნოემბერი, 2008 წელი) და განმარტავენ, რომ საერთო სასამართლოების მიერ არ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა გამოყენება იმ საქმეებზე, რომლებიც არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მოქმედების პერიოდში გამოიცა.
9. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ არ ირკვევა, თუ რა ლეგიტიმურ მიზნის დაცვას ემსახურება სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა, რაც გაუმართლებლად ანიჭებს უპირატესობას არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის საფუძველზე გამოცემულ საერთო სასამართლოს აქტს საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის ნორმებზე, სადაც დადგენილია როგორც დაინტერესებული მხარისათვის ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანისთვის, ასევე საერთო სასამართლოს უფლებამოსილება, მოახდინოს ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგების გავრცელება სხვადასხვა პერიოდიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე კი მოსარჩელეები ასკვნიან, რომ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, ძირითადი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაცულობის ნაკლები გარანტიით სარგებლობენ, ვიდრე კანონთან წინააღმდეგობის გამო ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატი. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ გარემოებაზე, რომ არსებობს საფრთხე, კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმების საფუძველზე გამოტანილი საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდეს მათი ძირითადი უფლებების ხელყოფა (საკუთრების უფლება, ხელშეკრულების თავისუფლება და ა.შ.), ხოლო სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, შეუძლებელია მოხდეს მოსარჩელეთა დარღვეული უფლებების აღდგენა.
10. მოსარჩელე მხარის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააუქმოს ან შეცვალოს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ კონტექსტში კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რის შედეგადაც ასკვნიან, რომ კონსტიტუცია ცალსახად ადგენს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების (შეცვლის ან შეჩერების) უფლებამოსილებას ზოგადად სასამართლოს მიერ, საკონსტიტუციო სასამართლო კი სწორედ სასამართლო ხელისუფლების ორგანოს წარმოადგენს. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის გარანტიას წარმოადგენს და ის თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილია საკონსტიტუციო სასამართლოს რიგი გადაწყვეტილებები, სადაც განმარტებულია კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისას კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის მნიშვნელობა და არსი. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს დემოკრატიულ საზოგადოებაში ინდივიდის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილ დაცვას, რის გამოც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, უნდა მოხდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, საჯარო და კერძო ინტერესების გონივრული ბალანსის საფუძველზე გააუქმოს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება.
11. კონსტიტუციურ სარჩელის ავტორები ასევე სადავოდ ხდიან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტს და აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტი მხოლოდ მომავალს არ მიემართება და იგი წარსულში არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზეც უნდა გავრცელდეს. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან“ და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კონსტიტუციურ დანაწესს მხოლოდ სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა არ აქვს და მისი განმარტება უფრო ფართოდ უნდა მოხდეს. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელეები იშველიებენ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციურ ტერმინებს ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს და მათი შინაარსი არ განისაზღვრება ქვემდგომ ნორმატიულ აქტებში გამოყენებული განმარტებებით, არამედ „კონსტიტუციური უფლების და ტერმინების მნიშვნელობა, მათი შინაარსის განმარტება უნდა მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო დეფინიციებისაგან დამოუკიდებლად, მათგან იზოლირებულად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 15 სექტემბრის #3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). მოსარჩელე მხარის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობა სწორედ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც უზენაესი და წარუვალი ღირებულების დაცვის კუთხით უნდა იქნეს განხილული და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგებიც სწორედ დარღვეული უფლებების ეფექტური აღდგენის პრინციპის გათვალისწინებით უნდა განიმარტოს. ამ თვალსაზრისით კი, კონსტიტუციის 89-ე მუხლის ზემოაღნიშნული ჩანაწერი აერთიანებს იურიდიული ძალის დაკარგვის სამართლებრივი ეფექტების გავრცელების შესაძლებლობას დროის არა კონკრეტული, არამედ სხვადასხვა მონაკვეთიდან.
12. კონსტიტუციურ სარჩელში ყურადღება გამახვილებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რიგ ნორმებზე, რომლებშიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტი აუცილებლად არ უკავშირდება მისი გამოქვეყნების მომენტს. კერძოდ, აღნიშნული ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ზოგადი წესი განსაზღვრავს, რომ „არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი“. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის თანახმად, არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტის იურიდიული ძალის დაკარგვის სამართლებრივი შედეგები შეიძლება დაუკავშირდეს არა გადაწყვეტილების გამოქვეყნებას, არამედ დროის სხვა მონაკვეთს. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ ხსენებული ორგანული კანონის 23-ე მუხლის შესაბამის ნორმებზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული უფლებამოსილების ფარგლებში არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ძალის დაკარგვა დროის განსხვავებულ მონაკვეთებს უკავშირდება. მაგალითად, სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს კომპეტენციის დამრღვევი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობას მისი ამოქმედებიდან, ხოლო ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის შედეგების მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობას, თუ არაკონსტიტუციურად ცნობილმა ნორმატიულმა აქტმა ან მისმა ნაწილმა არსებითი და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე და არაკონსტიტუციური აქტის ან მისი ნაწილის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა არსებულისაგან განსხვავებული შედეგი. მოსარჩელე მხარის აზრით, ორივე შემთხვევაში ნათელია კანონმდებლის მიზანი, ერთი მხრივ, დაიცვას სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპი და, მეორე მხრივ კი, არ დაუშვას არაკონსტიტუციური ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების გზით ხელისუფლების მოპოვება და განხორციელება.
13. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა, რომელიც არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობის სამართლებრივი შედეგების გავრცელებას ითვალისწინებს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, არ ასახავს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის იმ სტანდარტს, რომლისკენაც მოწოდებულია საკონსტიტუციო სასამართლო და ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოსარჩელეები აქვე მიუთითებენ ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში სამართლებრივი აქტის იურიდიული ძალის დაკარგვის მომწესრიგებელ ნორმებზე. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. ამასთან, ამავე მუხლის მე-7 ნაწილი საერთო სასამართლოს ანიჭებს ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგების გავრცელების უფლებამოსილებას სხვადასხვა პერიოდიდან. მოსარჩელეთა აზრით, ეს პერიოდი შეიძლება დაუკავშირდეს სადავო აქტის ძალაში შევლის დღეს, მისი ბათილად ცნობის დღეს ან კონკრეტულ სამომავლო თარიღს. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ, როდესაც კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სხვადასხვა დროის მონაკვეთიდან, ხოლო არაკონსტიტუციურმა ნორმატიულმა აქტმა ძალა დაკარგოს მხოლოდ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, ეს იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების გაუფასურებას.
14. მოსარჩელე მხარის აზრით, სრულიად გაურკვეველია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადავო ნორმის დანაწესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს ანიჭებს და დაუშვებლად მიიჩნევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობის სამართლებრივი შედეგების გავრცელებას დროის იმ მონაკვეთიდან, რომელიც ყველაზე უფრო მეტად უპასუხებს დარღვეული ძირითადი უფლების აღდგენის თუ უფლების დარღვევის თავიდან აცილების უმთავრეს მოთხოვნას. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეთა მიმართ საერთო სასამართლოებში მიმდინარეობს სამართალწარმოება და არსებობს შესაძლებლობა, რომ, მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისა, სამოქალაქო და სხვა დავის განმხილველმა სასამართლოებმა მაინც გამოიყენონ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. მოსარჩელე მხარის აზრით, აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს და მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, მის მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, გადაწყვიტოს, თუ დროის რა მონაკვეთზე გაავრცელოს ნორმის ძალადაკარგულობის სამართლებრივი შედეგები. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული უფლებამოსილება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის გარანტიაა და უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე დემოკრატიულ საზოგადოებაში კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსების გზით. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი) და ორგანული კანონის ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვისას იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ნორმატიული აქტის კონსტიტუციის მეორე თავთან მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსაბამობის საკითხს) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის სამართლებრივი შედეგების გავრცელებას მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან და ზღუდავს სამართლებრივი შედეგების გავრცელებას უფრო ადრინდელ პერიოდზე, თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, საჯარო და კერძო ინტერესების გონივრული ბალანსის საფუძველზე.
15. „საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-10 პუნქტთან მიმართებით, რაც ამავე კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, იმავე შინაარსის სადავო ნორმის არსებობისას განმწესრიგებელ სხდომაზე გამოიტანოს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ტერმინი „განჩინება“ გულისხმობს „გადაწყვეტილებას“ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის. შესაბამისად, მოსარჩელეების აზრით, ხსენებული სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის დასადასტურებლად თანაბრად ვრცელდება ის არგუმენტაცია, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მიმართ იქნა მათ მიერ მოყვანილი. კერძოდ, ამ შემთხვევაშიც სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებასთან წინააღმდეგობა უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი სადავო აქტის იურიდიული ძალის დაკარგვას შესაბამისი განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-10 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან და ზღუდავს ძალადაკარგულობის სამართლებრივი შედეგების გავრცელებას უფრო ადრინდელ პერიოდზე თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით საჯარო და კერძო ინტერესების გონივრული ბალანსის საფუძველზე იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №719 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 211 მუხლის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №719 კონსტიტუციური სარჩელი („შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 23-ე მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. N678 და N719 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი