„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N678 |
ავტორ(ებ)ი | შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „ტელეკომპანია საქართველო“ |
თარიღი | 30 ოქტომბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს: 1. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს; 2. შემოტანილია უფლებამოსილი პირების მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო ; 3. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია; 4. სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება; 5. სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით; 6. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით. აქედან გამომდინარე, არ არსებობს მისი სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, რომელთა არსებობისას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. კერძოდ, ხსენებული მუხლის თანახმად: მუხლი 423. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ 1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ყოველ ადამიანს აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, როგორც სისხლისსამართლებრივ, ისე სამოქალაქოსამართლებრივ საქმეებზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სამართლიანი სასამართლოს უფლების არსის შეფასებისას, აღნიშნა, რომ „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). საკონსტიტუციო სასამართლომ შეფასებით, „ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/1/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II. პ.57). საქართველოს საკონსტიტუციო სამართლიანი სასამართლოს უფლება, უპირველესად, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებისა და სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. ამ თვალსაზრისით, სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს უკავშირდება და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის არსს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). „სასამართლო ხელისუფლების ... უფლებამოსილება უნდა წარმოადგენდეს 42-ე მუხლის რეალიზაციის ეფექტურ შესაძლებლობას და, იმავდროულად, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით სრულყოფილად სარგებლობის კონსტიტუციურ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება № 1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 14). ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული სიკეთეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით „ზოგადად, საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, შესაბამისი საფუძვლების, პირობების არსებობისას, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს ინსტიტუტი უდავოდ ემსახურება სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის ლეგიტიმურ მიზანს, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებების სრულყოფილ რეალიზაციას და ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით იყოს შექმნილი ამ ინსტიტუტის ეფექტურად გამოყენებისთვის ადეკვატური და საკმარისი გარანტიები. მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, სადავო ნორმა, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ხომ არ იწვევს ამ უფლებრივი კომპონენტით სარგებლობის არათანაზომიერ შეზღუდვას და, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას? (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-14). საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულებისა და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოს - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს ნორმატიულ აქტს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით, უნდა წარმოადგენდეს სამოქალაქოსამართლებრივი საქმის წარმოების განახლების საფუძელს, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, რაც შესაძლებელია საქმეზე მხოლოდ სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების გზით. მართლმსაჯულების შედეგი სამართლიანობის მიღწევა, აღდგენა, უზრუნველყოფა უნდა იყოს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). მართლმსაჯულების განხორციელება გულისხმობს იმას, რომ დავა გადაწყდება სამართლიანად, რაც თავის მხრივ გულისხმობს დავის მონაწილისადმი სამართლიან მოპყრობას. „ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება № 1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3.). „ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებები სწორედ ამის უზრუნველყოფისკენ უნდა იყოს მიმართული. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება სამართლიანი სასამართლოს უფლების არაერთი პროცესუალური გარანტია, უფლებრივი კომპონენტი, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის, გასაჩივრების, დავის ხელახლა წარმოების უფლება საამისოდ შესაბამისი საფუძვლების, პირობების არსებობის შემთხვევაში.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-20). აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სადავო ნორმა, არსებითად განსხვავდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის რეგულაციისაგან, რომელიც ადგენს, რომ განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი. ცხადია, რომ მართლმსაჯულების განხორციელება სისხლის სამართლის საქმეებზე ისევე მნიშნელოვანია, როგორც სამოქალაქო საქმეებზე. შესაბამისად, გაურკვეველია თუ რა ლეგიტიმურ მიზნას ისახავს სადავო ნორმა და ასევე სამართლიანი სასამართლოს ამგვარი შეზღუდვა არაპროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს საკუთარ გადაწყვეტილებებში, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება № 1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 15). „შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და დაცული უნდა იყოს გონივრული თანაზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება № 1/3/393,397 საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). აღნიშნულ გარემოებათა გამო, მიგვაჩნია, რომ არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სამოქალაქო საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ნორმატიული აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი/არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: კი/არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი/არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი/არა