პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/14/1529 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 12 ნოემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ნოემბერი 2020 16:17 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1529) მომართა საქართველოს მოქალაქე პაატა დიასამიძემ. №1529 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2020 წლის 25 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 12 ნოემბერს.
2. №1529 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია. აღნიშნული წესით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ამ წესის აღმასრულებელი უწყებები და თანამდებობის პირები“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი განსაზღვრულია, თუ რა ჩაითვლება ამავე მუხლის მიზნებისათვის საკარანტინო ღონისძიებებად, კერძოდ, საკარანტინო ღონისძიებებია, მათ შორის, „ამ კანონით ან/და ამ კანონის შესაბამისად მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით“.
4. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად კი, „ჩერდება პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“.
6. მოსარჩელის პოზიციით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, შეზღუდოს შრომის თავისუფლება და თავისუფალი გადაადგილების უფლება. ამასთან, საქართველოს მთავრობას შეუძლია შრომისა და მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა ისეთი წესით, რაც არ არის გათვალისწინებული კანონით ან, უფრო მეტიც, განსხვავდება კანონით დადგენილი მოწესრიგებისაგან. უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე კი „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება მიმოსვლის რეგულირებასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები. მოსარჩელე მხარის მითითებით, შინაარსობრივად შესაძლოა, სადავო ნორმები მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდეს და, ამასთან, წარმოადგენდეს ამ მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას. თუმცა მოსარჩელის პოზიციით, დარღვეულია უფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნები. კერძოდ, მათ საფუძველზე, საქართველოს მთავრობას ენიჭება არა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა, არამედ მას ასევე შეუძლია კანონით განსაზღვრული წესებისაგან განსხვავებული რეგულირებების დადგენა.
7. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ კანონის შესაბამისად“. კონსტიტუციური ჩანაწერი მიმოსვლის თავისუფლების „მხოლოდ კანონის შესაბამისად“ შეზღუდვის დასაშვებობასთან დაკავშირებით, გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების საქართველოს მთავრობისათვის დელეგირებას. ამასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირების დასაშვებობის შემთხვევაშიც კი, სადავო ნორმებით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლები ფართოა. კერძოდ, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-2 მუხლის სადავო დებულებებით დადგენილია მიმოსვლის რეგულირებასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები. დასახელებული ნორმების საფუძველზე, აკრძალულია საერთაშორისო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, ამავდროულად, შეჩერებულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები. მოსარჩელის განმარტებით, დადგენილი შეზღუდვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების ეკონომიკურ საქმიანობაზე, მათი სოციალური და კულტურული ცხოვრების სფეროებზე. შესაბამისად, მიმოსვლის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვა არის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი, რომელსაც სჭირდება მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოს - საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება და დაუშვებელია ამ საკითხების საქართველოს მთავრობის მიერ დარეგულირება.
8. მოსარჩელე ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულების შესაბამისად, შრომის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია ორგანული კანონით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, 2021 წლის პირველ იანვრამდე, ნებისმიერ დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შეზღუდოს დასახელებული უფლება. მოსარჩელის პოზიციით, პარლამენტის მიერ შრომის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების საქართველოს მთავრობისათვის დელეგირების დასაშვებობის შემთხვევაშიც კი, სადავო ნორმით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლები ფართოა, კერძოდ, საქართველოს მთავრობას შეუძლია საკუთარი დადგენილებით არა მხოლოდ შრომის თავისუფლებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოწესრიგება, არამედ შინაარსობრივი შეზღუდვების დაწესებაც. ამდენად, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შრომის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს, რის გამოც არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განმტკიცებულ მიმოსვლის თავისუფლებას და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ შრომის თავისუფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია. აღნიშნული წესით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ამ წესის აღმასრულებელი უწყებები და თანამდებობის პირები“. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, სადავო ნორმის საფუძველზე, საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული მიმოსვლის თავისუფლება და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული შრომის თავისუფლება. მოსარჩელის პოზიციით, დასახელებული უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე. აღნიშნულის გამო, ხსენებული უფლებების შეზღუდვის საქართველოს მთავრობისათვის დელეგირება არღვევს უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს.
3. სადავო ნორმა, საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტროსათვის იზოლაციის ან/და კარანტინის წესის, მათ შორის, საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირებასთან ერთად, ასევე ადგენს, რომ აღნიშნული წესით, შესაძლოა, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებულად განისაზღვროს ამ წესის აღმასრულებელი უწყებები და თანამდებობის პირები. ამ მხრივ, სადავო დებულება ახდენს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტროსათვის არა მიმოსვლის თავისუფლებისა და შრომის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის დელეგირებას, არამედ შეეხება მათთვის დადგენილი შეზღუდვების აღმასრულებელი უწყებებისა და თანამდებობის პირების განსაზღვრის უფლებამოსილების მინიჭებას. მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, თუ რა კავშირი აქვს და რა თვალსაზრისით განაპირობებს იზოლაციის ან/და კარანტინის წესის აღმასრულებელი უწყებებისა და თანამდებობის პირების განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული მიმოსვლის თავისუფლებისა და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული შრომის თავისუფლების შეზღუდვას.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1529 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1529 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1529 კონსტიტუციური სარჩელი („პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1529 („პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. №1505, №1515, №1516, №1529 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი