პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/9/1505 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 5 ივნისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ივნისი 2020 18:30 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პირთა მიმოსვლასთან“ და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 (2020 წლის 29 მაისამდე მოქმედი რედაქცია), მე-6 (2020 წლის 29 მაისამდე მოქმედი რედაქცია), მე-7, მე-8 (2020 წლის 29 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
გ) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების პირველი მუხლის სიტყვების „„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის ... საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები.““ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1505) მიმართა საქართველოს მოქალაქე პაატა დიასამიძემ. №1505 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2020 წლის 27 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 5 ივნისს.
2. №1505 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია. აღნიშნული წესით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ამ წესის აღმასრულებელი უწყებები და თანამდებობის პირები“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი განსაზღვრულია, თუ რა ჩაითვლება ამავე მუხლის მიზნებისათვის საკარანტინო ღონისძიებებად, კერძოდ, საკარანტინო ღონისძიებებია, მათ შორის, „ამ კანონით ან/და ამ კანონის შესაბამისად მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით“.
4. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების პირველი მუხლი უთითებს იმ საკანონმდებლო ნორმებზე, რომელთა საფუძველზეც დამტკიცდა თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები“. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის (2020 წლის 29 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად კი, განისაზღვრება მიმოსვლის რეგულირებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“.
6. მოსარჩელის პოზიციით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, შეზღუდოს შრომის თავისუფლება და თავისუფალი გადაადგილების უფლება. ამასთან, საქართველოს მთავრობას შეუძლია შრომისა და მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა ისეთი წესით, რაც არ არის გათვალისწინებული კანონით ან, უფრო მეტიც, განსხვავდება კანონით დადგენილი მოწესრიგებისაგან. უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე კი „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის (2020 წლის 29 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება მიმოსვლის რეგულირებასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები. მოსარჩელე მხარის მითითებით, შინაარსობრივად, შესაძლოა, სადავო ნორმები მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდეს და ამასთან, წარმოადგენდეს ამ მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას. თუმცა, მოსარჩელის პოზიციით, დარღვეულია უფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნები.
7. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ კანონის შესაბამისად“. კონსტიტუციური ჩანაწერი მიმოსვლის თავისუფლების „მხოლოდ კანონის შესაბამისად“ შეზღუდვის დასაშვებობასთან დაკავშირებით, გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების საქართველოს მთავრობისათვის დელეგირებას. ამასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირების დასაშვებობის შემთხვევაშიც კი, სადავო ნორმებით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლები ფართოა. კერძოდ, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილია მიმოსვლის რეგულირებასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები. დასახელებული ნორმის საფუძველზე, აკრძალულია საერთაშორისო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, შეჩერებულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, აკრძალულია საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, ასევე შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება. მოსარჩელის განმარტებით, დადგენილი შეზღუდვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების ეკონომიკურ საქმიანობაზე, მათი სოციალური და კულტურული ცხოვრების სფეროებზე. შესაბამისად, მიმოსვლის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვა არის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი, რომელსაც სჭირდება მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოს - საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება და დაუშვებელია ამ საკითხების საქართველოს მთავრობის მიერ დარეგულირება.
8. მოსარჩელე ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულების შესაბამისად, შრომის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია ორგანული კანონით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, 2020 წლის 15 ივლისამდე ნებისმიერ დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შეზღუდოს დასახელებული უფლება. მოსარჩელის პოზიციით, პარლამენტის მიერ შრომის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების საქართველოს მთავრობისათვის დელეგირების დასაშვებობის შემთხვევაშიც კი, სადავო ნორმით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლები ფართოა, კერძოდ, საქართველოს მთავრობას შეუძლია საკუთარი დადგენილებით არა მხოლოდ შრომის თავისუფლებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოწესრიგება, არამედ შინაარსობრივი შეზღუდვების დაწესებაც. ამდენად, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შრომის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს, რის გამოც არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განმტკიცებულ მიმოსვლის თავისუფლებას და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ შრომის თავისუფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „[…] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1505 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. „„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 მაისის №337 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, ამასთან, ამოღებულ იქნა ამავე მუხლის მე-6 პუნქტი. ხოლო „„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 მაისის №341 დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში განხორციელებული ზემოხსენებული ცვლილებები ამოქმედდა 2020 წლის 29 მაისიდან.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1505 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტები ძალადაკარგულია.
5. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებმა ძალა დაკარგეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.
6. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1505 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
7. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია. აღნიშნული წესით ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულად შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ამ წესის აღმასრულებელი უწყებები და თანამდებობის პირები“. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, სადავო ნორმის საფუძველზე, საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული მიმოსვლის თავისუფლება და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული შრომის თავისუფლება. მოსარჩელის პოზიციით, დასახელებული უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე. აღნიშნულის გამო, ხსენებული უფლებების შეზღუდვის საქართველოს მთავრობისათვის დელეგირება არღვევს უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს.
9. სადავო ნორმა, საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტროსათვის იზოლაციის ან/და კარანტინის წესის, მათ შორის, საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირებასთან ერთად, ასევე ადგენს, რომ აღნიშნული წესით, შესაძლოა, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებულად განისაზღვროს ამ წესის აღმასრულებელი უწყებები და თანამდებობის პირები. ამ მხრივ, სადავო ნორმა ახდენს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტროსათვის არა მიმოსვლის თავისუფლებისა და შრომის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის დელეგირებას, არამედ შეეხება მათთვის დადგენილი შეზღუდვების აღმასრულებელი უწყებებისა და თანამდებობის პირების განსაზღვრის უფლებამოსილების მინიჭებას. მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, თუ რა კავშირი აქვს და რა თვალსაზრისით განაპირობებს იზოლაციის ან/და კარანტინის წესის აღმასრულებელი უწყებებისა და თანამდებობის პირების განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული მიმოსვლის თავისუფლებისა და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული შრომის თავისუფლების შეზღუდვას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1505 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
11. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების პირველი მუხლის სიტყვების „„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის ... საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები““ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. დასახელებულ ნორმასთან კავშირშიც, მოსარჩელე მიუთითებს, რომ დაუშვებელია საქართველოს მთავრობისათვის იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის უფლებამოსილების დელეგირების გზით მიმოსვლის თავისუფლებისა და შრომის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობის მინიჭება. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მიმოსვლის თავისუფლებისა და შრომის თავისუფლების შეზღუდვის ექსკლუზიური კომპეტენცია საქართველოს პარლამენტს ეკუთვნის.
12. განსახილველი სადავო ნორმა მიუთითებს იმ საკანონმდებლო ნორმებზე, რომელთა საფუძველზეც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „იზოლაციისა და კარანტინის წესები“. მათ შორის, ერთ-ერთ ასეთ საკანონმდებლო ნორმად მითითებულია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტი. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისათვის იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის უფლებამოსილების დელეგირებით მიმოსვლის თავისუფლებისა და შრომის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობის მინიჭება. სადავო ნორმა არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობისათვის იზოლაციისა და კარანტინის წესის შემოღების უფლებამოსილების დელეგირების საკანონმდებლო საფუძველს. კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტს არ მოუხდენია საქართველოს მთავრობისათვის კარანტინისა და იზოლაციის წესების განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირება. იგი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმაა, რომელიც იმის დეკლარაციას ახდენს, თუ რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად მოხდა საქართველოს მთავრობის მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცება. ამდენად, ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმა მხოლოდ მიუთითებს იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების კომპეტენციის მიმნიჭებელ ნორმებზე და თავად არ ქმნის დელეგირების საკანონმდებლო საფუძველს.
13. ამასთან, იმის მიღმა, რომ სადავო ნორმით არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისათვის მიმოსვლის თავისუფლებისა და შრომის თავისუფლების შეზღუდვის დელეგირება, იგი არც ამ უფლებების შეზღუდვას განაპირობებს. სადავო ნორმის რეგულირების სფერო შემოიფარგლება მხოლოდ კარანტინისა და იზოლაციის წესების შემოღების საკანონმდებლო საფუძვლებზე მითითების გზით ამ წესის დამტკიცებით და არ ქმნის უფლებაში ჩარევის დამოუკიდებელ, თვითმყოფად საფუძველს. კერძოდ, მის საფუძველზე არ ხდება რაიმე აკრძალვის/შეზღუდვის დაწესება. ბუნებრივია, მიმოსვლისა და შრომის თავისუფლების შეზღუდვის შინაარსის მატარებელი შესაძლოა იყოს ამ წესის სხვადასხვა ნორმა, თუმცა არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების პირველი მუხლის სადავოდ ქცეული სიტყვები, რომლის რეგულირების სფერო შემოიფარგლება მხოლოდ თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ დამტკიცებით.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1505 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების პირველი მუხლის სიტყვების „„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის ... საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები.““ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
15. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების, მე-4, მე-7 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
16. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის მოსარჩელეს მოეთხოვება, მოიყვანოს არგუმენტები იმ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებითაც იგი ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ იდავოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნების დარღვევაზე, პირველ რიგში, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს სადავო ნორმის საფუძველზე უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, პირის სარჩელის საფუძველზე, მხოლოდ უფლებაშემზღუდველი ნორმები ცნოს არაკონსტიტუციურად. პირი ვერ მოითხოვს, თუნდაც კონსტიტუციით დადგენილი ფორმის დარღვევით მიღებული ისეთი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც მის უფლებას არ ზღუდავს.
17. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია ის ლეგიტიმური მიზნები, რომელთა მისაღწევადაც შესაძლოა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თავისუფალი გადაადგილების უფლება პიროვნული ავტონომიისა და თვითგამორკვევის მნიშვნელოვანი კომპონენტია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამ უფლებით დაცულია პირის შესაძლებლობა, საკუთარი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს გადაადგილდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დატოვოს ქვეყნის საზღვრები და თავისუფალი ნების შესაბამისად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რა თვალსაზრისით განაპირობებს მის მიერ სადავოდ ქცეული ნორმები მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას.
18. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები და მე-4 პუნქტი განსაზღვრავს შემთხვევებს, რა დროსაც არ ვრცელდება ამავე მუხლით დადგენილი მიმოსვლის თავისუფლების შემზღუდველი რეგულაციები. კერძოდ, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების თანახმად, პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისების შეჩერების მოთხოვნა არ ვრცელდება „ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც უცხო ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით. შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური დაჯდომის მიზნით განსახორციელებელ, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ და ძებნა-შველის ფრენებზე, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის მცურავი საშუალების ორგანული ვერტმფრენის მიერ საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებში სასწავლო მიზნებით განხორციელებულ ფრენებზე“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შეჩერება არ ეხება „საერთაშორისო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნაოსნობისათვის ღია ნავსადგურებში შემოსვლას“. ამდენად, სადავო ნორმებს არ გააჩნიათ უფლების მზღუდავი ეფექტი და ისინი მხოლოდ ამავე მუხლის სხვა პუნქტებით დადგენილი შეზღუდვებისგან გამონაკლისების განსაზღვრას ემსახურება. შესაბამისად, დასახელებული ნორმები არ განაპირობებს მოსარჩელე მხარის მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას.
19. მოსარჩელე მხარე ასევე ასაჩივრებს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტს. სადავო ნორმის თანახმად, „იკრძალება ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად“.
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „გარკვეულ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები თუ შეზღუდვები შესაძლოა, აბრკოლებდეს გადაადგილების თავისუფლებას, რადგანაც ამგვარი ტრანსპორტის უპირველესი დანიშნულება პირთა ერთი პუნქტიდან მეორეში გადაყვანაა, თუმცა ავტოტრანსპორტთან მიმართებით ნებისმიერი რეგულაციის დაწესება არ ნიშნავს, რომ ეს შეზღუდვა მიმართულია პირთა მიმოსვლის შეზღუდვისაკენ და, რიგ შემთხვევებში, ეს შედეგი წარმოადგენს სხვა კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის გვერდით ეფექტს. მაგალითად, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს სურდეს, რომ უსაფრთხოების ღვედის გარეშე იმგზავროს, თუმცა ღვედის გამოყენების ვალდებულება არ ნიშნავს, რომ პირს ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ შეზღუდვა დაკავშირებულია გადაადგილების ამა თუ იმ საშუალებასთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 20 მაისის №3/7/1503 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-29).
21. განსახილველ შემთხვევაშიც, სადავო ნორმა უზრუნველყოფს, რომ ერთ სივრცეში, კონკრეტულად კი, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არ განთავსდეს 3-ზე მეტი პირი და, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გვერდით სავარძელზე განთავსების აკრძალვით, შემცირდეს პირებს შორის ახლო კონტაქტის შესაძლებლობა. ამგვარმა რეგულაციამ შესაძლოა, გვერდითი ეფექტის სახით, გაართულოს პირთა ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილება ან ამისათვის უფრო მეტი რესურსის გაღება გახდეს საჭირო, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის მიზანია, გამორიცხოს სხვადასხვა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, რითაც შესაძლოა, იზღუდებოდეს სხვა რომელიმე კონსტიტუციური უფლება, თუმცაღა, მოცემულ შემთხვევაში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ სხვა კონსტიტუციური უფლებების შესაძლო შეზღუდვის თანმდევი გვერდითი ეფექტია (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 20 მაისის №3/7/1503 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-30). ამდენად, დასახელებული სადავო ნორმა არ განაპირობებს მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას.
22. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტს, რომლის თანახმადაც, „ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს უცხო ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას, კერძოდ, ავიარეისის ნომრის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემების, თანამგზავრების, საკონტაქტო ინფორმაციისა და დაავადების გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და დაავადების პრევენციისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების შესასრულებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურისთვის გაზიარებას“. დასახელებული ნორმა შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, თუ რა კავშირი არსებობს ამგვარი ინფორმაციის დამუშავებასა და მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას შორის. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ხსენებულ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1505 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების, მე-4, მე-7 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1505 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1505 კონსტიტუციური სარჩელი („პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პირთა მიმოსვლასთან“ და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის პირველი წინადადების და მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1505 („პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების პირველი მუხლის სიტყვების „„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის ... საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები.““ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების, მე-4, მე-7 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე №1505 კონსტიტუციურ სარჩელზე („პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი