გიორგი ჩიტიძე და ედუარდ მარიკაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1515 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი |
თარიღი | 22 ივნისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
ბ.საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებება: „იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია.“ 2. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი: “უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, ექვემდებარებიან 14 დღის განმავლობაში კარანტინს.” 3. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი: “კონტაქტირებული პირების დადგენას ახორციელებენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების (სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისი სამსახურები; მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები) უფლებამოსილი პირები (ეპიდემიოლოგები), რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნული პირების იზოლაციის შესახებ.”” 4. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის პირველი წინადადება: „იზოლაციაში პირი თავსდება 14 დღით.“ 5. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლისმე-12 პუნქტი: „ფიზიკური პირის იზოლაციის (კარანტინი, თვითიზოლაცია) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) წერილობით ან ზეპირად. გადაწყვეტილების ზეპირად მიღების შემთხვევაში, არაუმეტეს 5 დღისა გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ ხდება ამ გადაწყვეტილების წერილობითი სახით გაფორმება.“ 6. “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით: “გადაწყვეტილებას ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით.” |
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტები 1. ადამიანის თავისუფლება დაცულია. 2. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. 3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
სადავო ნორმები („საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებება, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4, მე-6, მე-11 და მე-12 პუნქტები და “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი) ერთი მხრივ, უფლების კანონით შეზღდუვის კონსტიტუციურ სამართლებრივი მოთხოვნების დაუცველად, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანის თავისუფლების საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით განსაზღვრული პროცედურული გარანტიების უგულებელყოფით, ქმნის სამართლებრივ სივრცეს და შესაძლებლობას საქართველოში მცხოვრები ადამიანები 14 დღიან იზოლაციაში (თვითიზოლაციასა და კარანტინში) მოთავსდნენ, რაზ ზღუდავს და არღვევს ადამიანის თავისუფლებას.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო გამოცხადებულია პანდემია. საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ყოველდღიურად ვლინდება დაიმფიცირებულთა ახალი შემთხვევები, მათ შორის ეპიდემიოლოგთა განცხადებით საქართველოში არსებობს ვირუსის შიდა გადაცემის (ვირუსის გადაცემის წყაროს დაუდგენელი) შემთხვევები.
აღსანიშნავია, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც კანონში ცვლილების სახით მიმდინარე წლის 22 მაისს შევიდა, აფართოებს საკარანტინო ღონისძიებათა სუბიექტთა წრეს შემდეგგვარად: „ამ მუხლის მიზნებისთვის საკარანტინო ღონისძიებებია: ა) ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც ავად არ არის, მაგრამ ჰქონდა ან შესაძლებელია ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.“ აღნიშნული ჩანაწერით, საკარანტინო ღონისძიების გამოყენება ხდება არა მხოლოდ იმ პირების მიმართ, ვისაც დაავადების შემთხვევასთან კონტაქტი დაუდგინდება, არამედ, ღონისძიების გამოყენება უკვე შესაძლებელია ეჭვის დონეზე გადაწყდეს, ყოველგვარი დადასტურების გარეშე.
მოსარჩელეები არიან საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ზემოთ აღნშნულიდან გამომდინარე, არსებული რეალობის ფარგლებში, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ მათ დაუდგინდეთ კონტაქტი ინფიცირების წყაროსთან, ან ისინი შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა მიიჩნიონ შესძლო შემხებლობაში მყოფად დაავადების შემთხვევასთან და მათ იძულებით მოუწიოთ ყოფნა 14 დღიან იზოლაციაში (თვითიზოლაციაში ან კარანტინში), რა დროსაც არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული მათი თავისუფლების უფლება. მოსარჩელეთა თავისუფლების უფლება შეიზღუდება ფორმალურ კონსტიტუციურსამართლებრივად გაუმართავი სადავო ნორმებით, რაზეც არ განხორციელდება რაიმე სახის სასამართლო კონტროლი.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-14, მე-19 და 26-ე მუხლებით
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სარჩელში სადავოდ არის ქცეული როგორც საკანონმდებლო აქტი, ასევე მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმების შინაარსი და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
14 დღის განმავლობაში იზოლაციაში (კარანტინსა ან თვითიზოლაციაში) მოთავსება - თავისუფლების უფლება
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად:
„იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია.“
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტების მიხედვით:
“უცხოქვეყნიდანჩამოსულიან/დაკორონავირუსისშემთხვევასთანკონტაქტირებულიყველაფიზიკურიპირი, აგრეთვესაქართველოსოკუპირებულიტერიტორიებიდანგადმოსულიპირები, „საქართველოშიახალიკორონავირუსისშესაძლოგავრცელებისაღკვეთისღონისძიებებისადაახალიკორონავირუსითგამოწვეულიდაავადებისშემთხვევებზეოპერატიულირეაგირებისგეგმისდამტკიცებისშესახებ“ საქართველოსმთავრობის2020წლის28იანვრის№164განკარგულებითგანსაზღვრულიგამონაკლისებისგარდა, ექვემდებარებიან14დღისგანმავლობაშიკარანტინს.”
ამავე წესების მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით:
„იზოლაციაში პირი თავსდება 14 დღით.“
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:
“კონტაქტირებულიპირებისდადგენასახორციელებენსაზოგადოებრივიჯანმრთელობისდაცვისსამსახურების (სსიპ – ლ. საყვარელიძისსახელობისდაავადებათაკონტროლისადასაზოგადოებრივიჯანმრთელობისეროვნულიცენტრისშესაბამისისამსახურები; მუნიციპალურისაზოგადოებრივიჯანდაცვისცენტრები) უფლებამოსილიპირები (ეპიდემიოლოგები), რომლებიც იღებენგადაწყვეტილებასაღნიშნულიპირებისიზოლაციისშესახებ.”
ამავე წესების მე-11 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით:
„ფიზიკური პირის იზოლაციის (კარანტინი, თვითიზოლაცია) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახური (სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი) წერილობით ან ზეპირად. გადაწყვეტილების ზეპირად მიღების შემთხვევაში, არაუმეტეს 5 დღისა გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ ხდება ამ გადაწყვეტილების წერილობითი სახით გაფორმება.“
სადავო ნორმები უშვებს შესაძლებლობას მოსარჩელე 14 დღის განმავლობაში, თუკი, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ კორონავირუსის შემთხვევასთან მის კონტაქტირებას, მოთავსდეს იზოლაციაში (კარანტინში ან თვითიზოლაციაში). კარანტინი და თვითიზოლაცია მთელ რიგ ინტესიურ შეზღუდვებს გულისხმობს. კერძოდ, თავად საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიებული წესების მე-12 მუხლის თანახმად, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირს, მათ შორის, ეკრძალება იზოლაციის ადგილის დატოვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს. იზოლაციაში სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება. საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია მინიმუმამდე. დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით. თვითიზოლაციის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური შეზღუდვისგან განსხვავებით სადმე მოთავსება არ ხდება პირის, იმის გამო რომ კანონით მისი ნების გარეშე აქვს ამ ადგილის დატოვების შესაძლებლობა წართმეული, თავისუფლების უფლების შეზღუდვაად უნდა მივიჩნიოთ. თავისუფლების უფლების შეზღუდვა შეიძლება როგორც პირისთვის ფიზიკურად გადაადგილების შესაძლებლობის მოსპობით (ციხეში ჩასმით), არამედ - სამართლებრივი აკრძალვებითაც, როცა პირი სანქციის შიშით ვერ ტოვებს იზოლაციის ადგილს. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს თავისუფლების უფლების დაცულ სფეროს, რომლის მიხედვითაც „ადამიანის თავისუფლება დაცულია“. „რაც შეეხება „ადამიანის თავისუფლებას“, იგი გულისხმობს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, მის უფლებას თავისუფლად გადაადგილდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-2) შესაბამისად, სადავო ნორმის თანახმად, მოსარჩელეს მისი ნების საწინააღმდეგოდ 14 დღის განმავლობაში შესაძლოა შეეზღუდოს უფლება თავისუფლად გადაადგილდეს გარკვეული სივრცის მიღმა, მისი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებოდეს ერთ ადგილზე. აქვე, აღსანიშნავია, რომ იზოლაციის წესების დარღვევა მძიმე პასუხისმგებლობას, 3000 ლარიან ჯარიმას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210-ე მუხლი - იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა), ხოლო, განმეორების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481-ე მუხლი - იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა - იწვევს პასუხისმგებლობას შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე). მოსარჩელე სივრცობრივად და სოციალურად მაქსიმალურად იზოლირებული უნდა იყოს გარე სამყაროსგან. შესაბამისად, სადავო ნორმით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული თავისუფლების უფლება.
სადავო ნორმების მიხედვით გადაწყვეტილებას პირის იზოლაციის (კარანტინი ან/და თვითიზოლაცია) შესახებ იღებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები, მათი წარმომადგენლები ან/და ეპიდემიოლოგები. სადავო ნორმები პირის იზოლაციაში (კარანტინი ან/და თვითიზოლაცია) მოთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას მიანდობს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ისე, რომ არ ითვალისწინებს რაიმე ფორმის სასამართლო კონტროლს. პირთა იზოლაციაში მოთავსებისთვის ხელისუფლება არც წინასწარ იღებს სასამართლოს ნებართვას და მის ამ გადაწყვეტილებაზე, არც მოთავსების შემდგომ სასამართლო კონტროლს ახორციელებს. ადამიანთა ფიზიკური თავისუფლების მსგავსი ინტენსივობით შეზღუდვა ყოველგვარი სასამართლო კონტროლის გარეშე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტს.
“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით:
“გადაწყვეტილებას ადამიანის იზოლაციის ან/და მის მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გამოყენების შესახებ იღებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით.”
მიუხედავად იმისა, რომ ამავე კანონის 453-ე მუხლი მოქმედებს კონრეტულ ვადაზე დადქმით, წინამდებარე სადავო ნორმის მოქმედებაც პარალელურად გრძელდება. შესაბამისად, აღნიშნული ნორმაც იმავე საფრთხეების მატარებელია, რაც სპეციალური ნორმები. აღნიშნული სადავო ნორმაც მოსარჩელის იზოლაციაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას მიანდობს მხოლოდ კონკრეტულ სამსახურებს და არ ითვალისწინებს სასამართლოს ნებართვას თავისუფლების უფლების შეზღუდვისთვის რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტს.
2. კონსტიტუციის მოთხოვნა უფლების კანონით შეზღუდვასთან დაკავშირებით
a. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლში უფლების კანონით შეზღუდვის მოთხოვნა პირდაპირ არ არის მითითებული კონსტიტუციის სისტემური ლოგიკიდან და ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელების ბუნებისგან იმპლიციტურად გამომდინარეობს, რომ თავისუფლების უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით. “ქმედუუნარო პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობის მიზნით, გაცნობიერებული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე მოთავსებას, თან უნდა ახლდეს მოთავსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმება. შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების არარსებობა გულისხმობს/გამოიწვევს სახელმწიფოს აკრძალულ ჩარევას ინდივიდუალური თავისუფლების სფეროში, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი მიზნებისათვის და მხოლოდ კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში.” (საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-201). თავისუფლების უფლების მხოლოდ კანონით აღკვეთის შესაძლებლობაზე უთითებს “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის” მე-5 მუხლის პირველი პუქნტი.
ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით ადამიანის ფიზიკური თვისუფლება აუცილებელია შეიზღუდოს კანონით.
b. უფლების კანონით შეზღუდვის მოთხოვნის შინაარსი
კონსტიტუციური უფლების კანონით შეზღუდვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კონსტიტუციური უფლების კანონით შეზღუდვის მოთხოვნა არ გამორიცხავს პარლამენტის შესაძლებლობას, საკითხის მოწესრიგების დელეგირება მოხდინოს სხვა ორგანოებზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-78). ამასთან, უფლების კანონის საფუძველზე შეზღუდვის მოთხოვნა არ გულისხმობს კანონის მხოლოდ ფორმალურად მიღებას და პარლამენტის ფორმალურ მონაწილეობას საკითხის მოწესრიგების პროცესში. მნიშვნელოვანია, უფლებაშემზღუდველი კანონი როგორც ფორმალური, ისე - მატერიალური თვალსაზრისით შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, საკითხის მოწესრიგების დელეგირება მოახდინოს იმგვარად, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები ყველა პრინციპულ საკითხზე, რომელიც გავლენას ახდენს კონსტიტუციურ უფლებებზე, ხოლო სხვა ორგანოებს გადაანდოს ისეთი ტექნიკური და პროცედურული საკითხების მოწესრიგება, რომლებიც საჭიროებს ცვლად გარემოებებზე მორგებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II, პ.30-34)
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიერ ძირითადი უფლებების შეზღუდვის საკითხის დელეგირებასთან დაკავშირებით მსგავსი პრაქტიკა აქვს გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დადგენილია ე.წ. არსებითობის თეორია. აღნიშნული თეორია გულისხმობს, კანონმდებლის ვალდებულებას, „თავად მიიღოს ყველა არსებითი გადაწყვეტილება ფუძემდებლურ ნორმატიულ სფეროებში“ (BVerfGE 49, 89 (126); 84, 212 (226). ძირითადი უფლებების სფეროში კანონმდებელი, ვალდებულია, მიიღოს ყველა არსებითი გადაწყვეტილება. კანონმდებელს უფლება აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანდოს მხოლოდ მეორეხარისხოვანი საკითხების გადაწყვეტა (BVerfGE 77, 170 (230 f.); 83, 130 (142); 95, 267 (307); 98, 218 (251); 101, 1 (34); 108, 282 (312); 116, 24 (58). აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონმდებელმა თავად უნდა განსაზღვროს ძირითად უფლებაში ჩარევის საგანი, შინაარსი, მიზანი და მოცულობა (BVerfGE 8, 274 (325); 80, 137 (161). იმის დასადგენად, საკითხის მოწესრიგება არსებითია თუ არა, დიდ როლს ასრულებს შესაბამისი რეგულირების მნიშვნელობა ძირითადი უფლების განხორციელებისათვის BVerfGE 95, 267 (308), აგრეთვე, რა ინტენსივობის გავლენას ახდენს რეგულირება ძირითად უფლებაზე BVerfGE 95, 267 (308).
3. სადავო ნორმების შესაბამისობა კანონით შეზღუდვის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან
სადავო ნორმები: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებება, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტები.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილება, რომლითაც, თავის მხრივ იზოლაციისა და კარანტინის წესებია დამტკიცებული, გამოცემულია, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ეს უკანასკნელი, კი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, უთითებს შემდეგზე: „იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია.“
საკარანტინო ღონისძიებების შინაარს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი გარკვეულწილად (თუმცა არასათანადოდ) აზუსტებს. აღნიშნული ნორმის მიხედვით: „ამ კანონით ან/და ამ კანონის შესაბამისად მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.“ ფაქტია, საკარანტინე ღონისძიებების სხვა სახეებისგან განსხვავებით, ადამიანთა თავისუფლების შეზღუდვის საკითხის დელეგირებაზე კანონი არაფერს ამბობს. შესაბამისად, გვაქვს მოცემულობა, როდესაც ადამიანთა თავისუფლების შეზღუდვის (რაც, სადავო ნორმებით -„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლი მე-4 და მე-11 პუნქტი - განსაზღვრული იზოლაციისა და კარანტინის შინაარსში ვლინდება ) დელეგირების შინაარსი მხოლოდ და მხოლოდ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453მუხლის პირველი პუნქტს არის მინდობილი. ეს უკანასკნელი კი გარდა იმისა, რომ კონკრეტულ სუბიექტებს (მთავრობა და მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო) იზოლაციისა ან/და კარანტინის წესების განსაზღვრის უფლებამოსილებას (დელეგირება) ანიჭებს, არაფერს ამბობს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის საკითხზე. ან, თუ მივიჩნევთ, რომ სადავო ნორმები, მათ შორის, კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვის დელეგირებასაც მოიცავს, ის მაინც მეტად ფართო დისკრეციას ანიჭებს საქართველოს მთავრობას და საერთოდ უგულებელყოფს თავისუფლების უფლების შინაარსის შეზღუდვის საკითხებს.
სადავო ნორმები საკმარისი სიცხადით არ განსაზღვრავს თავისუფლების უფლების შინაარსს და ფარგლებს, აგრეთვე არ შეიცავს თავისუფლების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითხებზე გადაწყვეტებს. ხსენებული ნორმიდან არ იკვეთება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა (და შემდგომში პარლამენტმა) მიიღეს გადაწყვეტილება პრინციპულ საკითხებზე. ასევე არ დგინდება, რომ საქართველოს პარლამენტმა შინაარსობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა ისეთ შეზღუდვას, როგორიც სადავო ნორმით დადგენილი. შესაბამისად, დეკრეტით არ მომხდარა თავისუფლების უფლების შეზღუდვის დელეგირება საქართველოს მთავრობაზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. შესაბამისად, სადავო ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურია.
4. გასაჩივრებული ნორმების მატერიალური კონსტიტუციურობა
სადავო ნორმები: „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-11 მუხლის მე-4, მე-6, მე-11 და მე-12 პუნქტები, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის” მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცულ უფლებრივ სფეროში ჩარევა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო გამონაკლის, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის მიერ, თუმცა მსგავსად თავისუფლებააღკვეთილი პირი 48 საათის განმავლობაში განსჯადობის მიხედვით უნდა წარედგინოს სასამართლოს, რაც მიუთითებს უფლების დაცვის პროცედურულ გარანტიაზე- პოსტ სამართლებრივ კონტროლს.
როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პირის კარანტინში მოთავსება, გარკვეული დროის განმავლობაში მისი სრული სივრცობრივ-სოციალური იზოლაცია გარე სამყაროსგან, კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევაა. თუმცა, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს თავისუფლების შეზღუდვის რომელ ფორმას წარმოადგენს პირის იზოლაციაში (თვითიზოლაცია და კარანტინი) მოთავსება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, სასამართლო, პირის იზოლაციაში (თვითიზოლაცია და კარანტინი) 14 დღით მოთვსებას, მიჩნევს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მიზნებისთვის „თავისუფლების შეზღუდვად“, თუ ამავე მუხლის მე-3 პუნქტის განსაზღვრულ დაკავებად, სადავო ნორმებით ორივე შემთხვევაში ირღვევა კონსტიტუციის მე-13 მუხლის პროცედურული გარანტიები თავისუფლების უფლებაზე.
საქმეში, ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირის ფსიქიატრიულ სტაციონარში მკურნალობისთვის მოთავსება, როდესაც პირი მოკლებულია ნების სათანადო სტანდარტებით გამოვლენის უნარს „თავისი ფორმის, ჩარევის ხარისხისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ცალსახად წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თავისუფლების უფლებაში ჩარევას.“ წინამდებარე შემთხვევაში როგორც ზემოთაც აღინიშნა სადავო ნორმა მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ (რაც მისი ნების გამოვლენის შეუძლებლობას უნდა გაუთანაბრდეს) სასამართლოს ნებართვის გარეშე 14 დღე იზოლაციაში მოთავსების შესალებლობას იძლევა და წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებულ თავისუფლების უფლებაში და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების. პროცედურულ გარანტიებს. აქვე, აღსანიშნავია, რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად “ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.” თუმცა, აღსანიშნავია, რომ მე-13 მუხლის ფარგლებში თავისუფლების უფლების შეზღუდვის კანონიერების სასამართლო კონტროლის ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს და თავისუფლებაშეზღუდულ პირზე ამ ტვირთის დაკისრება, არ წარმოადგენს სასამრთლო კონტროლს მე-13 მუხლის მიზნებისთვის.
„იმ პირობებში, როდესაც პირს წართმეული აქვს უნარი, სრულად ან ნაწილობრივ გააცნობიეროს მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის მნიშვნელობა და სამომავლო შედეგები, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე სასამართლო კონტროლი უაღრესად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, მაშინ როდესაც პირს უფლება არ აქვს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულების დატოვების შესახებ, იქმნება იმის გაუმართლებელი რისკი, რომ ნეიტრალური სუბიექტის მხრიდან კონტროლის არარსებობის პირობებში, მეურვემ ან სამკურნალო დაწესებულებამ გადაამეტონ მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.“ (საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სასამართლო სადავო ნორმით გათვალისწინებული თავისუფლების უფლების შეზღუდვის ხასიათი დაკავებადაც, რომ მიიჩნიოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, ისევე როგორც ქემოკლიძის საქმეში „სადავო ნორმით დადგენილი თავისუფლების უფლების შეზღუდვა ბევრად აღემატება კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ 48 საათიან დასაშვებ ზღვარს, რა ვადის განმავლობაშიც შესაძლებელია პირის თავისუფლება შეიზღუდოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. კონსტიტუციის აღნიშნული მოთხოვნა პირის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსთან და შეზღუდვის ვადასთან დაკავშირებით იმპერატიულია. პირის თავისუფლების უფლების დაცვის კონსტიტუციის მე-18 მუხლით განმტკიცებული აღნიშნული კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტი არ იძლევა პირის ამ პროცესუალური გარანტიის შეზღუდვის შესაძლებლობას.“
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პანდემიის არაორდინალურ პირობებში, შესაძლოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დადგეს მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში არსებული ტერმინი „დაკავების“ ავტონომიური განმარტების აუცილებლობის წინაშე. მოსარჩელეც მიიჩნევს, რომ ასეთი განმარტება შესაძლოა უფრო გონივრული იყოს არსებულ მდგომარეობაში ადამიანთა თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე სასამართლო კონტროლის არ არსებობის გადაჭრის პრობლემისთვის.
სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციაში მოხსენიებულ ცნებებს ავტონომიური მნიშვნელობა გააჩნიათ, რაც ნიშნავს იმას რომ კონსტიტუციის მე-13 მუხლში მოხსენიებული ცნება “დაკავება” შეიძლება განიმარტოს ისე, რომ იგი მოიცავს როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის მიმართ სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით იზოლაციასა და კარანტინს დაქვემდებარებულ პირთა მიმართ გატარებულ ღონისძიებებს და , გამომდინარე აქედან, კონსტიტუცია იზოლაციასა და კარანტინს დაქვემდებარებული პირის მიმართ აწესებს პროცედურულ გარანტიას- 48 საათში სასამართლოს წინაშე წარდგენის ვალდებულებას. ხოლო თუკი “დაკავების” ცნება არ უკავშირდება საკარანტინო ღონისძიებების გატარებას, პირის იზოლაცია ან კარანტინში გადაყვანა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს- რაც პირადი თავისუფლების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტია და შესაძლოა პრაქტიკულ დონეზე საჯარო ინტერესების რეალიზების შეუძლებლობის წინაპირობად მოგვევლინოს.
გასაჩივრებული ნორმები პირის 14 დღის განმავლობაში დრო-სივრცით იზოლაციას და კარანტინში მოთავსებას რეგლამენტაციას სასამართლო კონტროლისგან გვერდის ავლით ახორციელებს. სავალდებულო წესით, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მეორე და მესამე პუნქტები მოითხოვს, სასამართლო კონტროლი არ ხორციელდება არც წინასწარ- პირის თავისუფლების უფლების შეზღუდვამდე, ასევე შემდგომი 48 საათის განმავლობაში- უფლებამოსილი პირის მიერ თავისუფლების უფლების მზღუდავი ღონისძიებების გატარების შემდეგ, რაც არღვევს მოსასრჩელის კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებით გარანტირებულ თავისუფლების უფლებასა და მის პროცედურულ გარანტიებს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა