ლიკა საჯაია და ედუარდ მარიკაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/13/1516 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 12 ნოემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ნოემბერი 2020 16:31 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლიკა საჯაია და ედუარდ მარიკაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პირთა მიმოსვლასთან“ და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1516) მომართეს ლიკა საჯაიამ და ედუარდ მარიკაშვილმა. №1516 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2020 წლის 26 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 12 ნოემბერს.
2. №1516 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, „იზოლაციის ან/და კარანტინის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ამ წესის ნაწილია“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი განსაზღვრულია, თუ რა ჩაითვლება ამავე მუხლის მიზნებისათვის საკარანტინო ღონისძიებებად, კერძოდ, საკარანტინო ღონისძიებებია, მათ შორის, „ამ კანონით ან/და ამ კანონის შესაბამისად მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით“.
4. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად კი, „ჩერდება პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია საკუთრების უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს შეკრების თავისუფლებას, ხოლო 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“.
6. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებს. კერძოდ, მათ საფუძველზე, საქართველოს მთავრობას ენიჭება არა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა, არამედ მას ასევე შეუძლია კანონით განსაზღვრული წესებისაგან განსხვავებული რეგულირებების დადგენა. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ უფლებები იზღუდებოდეს საქართველოს პარლამენტის, ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ კანონის მიღებისათვის დამახასიათებელი გამჭვირვალე საკანონმდებლო პროცედურის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პარლამენტს თავად არ მიუღია გადაწყვეტილება უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორებიცაა - უფლების შეზღუდვის შინაარსი და ფარგლები, მისი სახე და ინტენსივობა. ამდენად, ფაქტობრივად, საქართველოს პარლამენტი უარს ამბობს საკუთარი კონსტიტუციური კომპეტენციის განხორციელებაზე და გადაწყვეტილების მიღებას ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ფუნდამენტურ გავლენას ახდენენ კონსტიტუციურ უფლებებზე, სრულიად ანდობს საქართველოს მთავრობას. ამასთან, სადავო რეგულირების შესაბამისად, არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ მის მიერ განსაზღვრულ ცალკეულ სამინისტროებს ენიჭებათ უფლება, დაადგინონ კარანტინისა და იზოლაციის წესები, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის უფლებაში თვითნებურად ჩარევის რისკებს.
7. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, ნებისმიერ კრიტიკულ ვითარებაში, მათ შორის, პანდემიის, ეპიდემიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, თანაბრად არსებობს როგორც ოპერატიული ქმედებების განხორციელების საჭიროება, ისე ამ პროცესების კონტროლისადმი დაქვემდებარების აუცილებლობა. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობაშიც კი, უფლებების შეზღუდვის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული დეკრეტი უნდა დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას გააჩნია უფლებათა ფართო შეზღუდვის უფლებამოსილება. ამასთან, ამ პროცესზე კონტროლს არ ახორციელებს საქართველოს პარლამენტი. მოსარჩელეთა პოზიციით, პარლამენტის მიერ უფლების შეზღუდვის ფარგლების დადგენის უფლებამოსილების სრულად მთავრობაზე დელეგირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის ლოგიკასა და ხელისუფლების შტოებს შორის არსებული კონტროლის მექანიზმებს.
8. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის დასახელებული დებულების თანახმად, უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, შრომის უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირება განხორციელდა არა ორგანული კანონით, არამედ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამდენად, დარღვეულია კონსტიტუციის მოთხოვნა, შრომის უფლებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანული კანონით რეგულირებასთან მიმართებით.
9. №1516 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელეების აღნიშვნით, სადავო ნორმის საფუძველზე უფლების შეზღუდვის საკითხი სრულად მინდობილია აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, რაზეც საქართველოს პარლამენტი აღარ ახორციელებს კონტროლს. ამდენად, მოსარჩელეების პოზიციით, სადავო ნორმა შეიცავს სახელმწიფოს თვითნებობის მომეტებულ რისკებს და არსებობს მათთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1516 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
2. №1516 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების მოქმედების შეჩერებას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ მის მოქმედებას შეუძლია, ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი არის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).
3. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის №1/1/592 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს სადავო ნორმის მოქმედებით მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის შესაძლებლობა.
4. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს მიენიჭა იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დადგენის უფლებამოსილება. ამასთან, ამ წესით, შეიძლება, განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც, აღნიშნულ შემთხვევაში, ამ წესის ნაწილია. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმიდან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დასასაბუთებლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით უფლებების შეზღუდვის საკითხი სრულად მინდობილია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რაზეც საქართველოს პარლამენტი არ ახორციელებს არანაირ კონტროლს. აღნიშნული კი შეიცავს თვითნებობის და უფლებათა არაპროპორციულად შეზღუდვის მომეტებულ რისკებს.
5. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების დასასაბუთებლად, ვერ გამოდგება მოსარჩელე მხარის მიერ მხოლოდ ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე არგუმენტაციის წარმოდგენა. მოსარჩელე მხარემ, დამატებით, უნდა წარმოაჩინოს, თუ რაში გამოიხატება სადავო ნორმის მოქმედებით მისთვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, მხოლოდ „ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის უფლებების შესაძლო დარღვევა ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მიღებიდან საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არსებულ პერიოდში თავისთავად ვერ გამოდგება გამოუსწორებელი შედეგის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად. უფლების შესაძლო შეზღუდვა, როგორც წესი, ყველა იმ საქმეზე არსებობს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს. უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი არ გულისხმობს, რომ არსებობს სადავო ნორმით გამოუსწორებელი შედეგი. ცხადია, შეუძლებელია უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-16). ამდენად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ არაკონსტიტუციურია საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისათვის იზოლაციის ან/და კარანტინის წესის, ასევე საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილების მინიჭება, არ არის საკმარისი მოსარჩელეთათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების წარმოსაჩენად.
6. აღსანიშნავია, რომ, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, გაუქმდება საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტროს უფლებამოსილება, დაადგინოს იზოლაციის ან/და კარანტინის წესი და განსაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სადავო ნორმის საფუძველზე დამდგარი შედეგების აღმოფხვრის სამართლებრივი შესაძლებლობა. მაშასადამე, მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს სადავო ნორმიდან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხეს.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების მოქმედების შეჩერების შესახებ, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1516 კონსტიტუციური სარჩელი („ლიკა საჯაია და ედუარდ მარიკაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. №1505, №1515 და №1516 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი