ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/4/693,857 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 7 ივნისი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 ივნისი 2019 23:42 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 1 მაისი 2020 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) №693 კონსტიტუციურ სარჩელზე - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
2) №857 კონსტიტუციურ სარჩელზე - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი მარიამ პატარიძე, ხოლო მოსარჩელე ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენლები - ნინო მერებაშვილი, ლევან ავალიშვილი და გიორგი კლდიაშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და თინათინ ერქვანია; მოწმეები - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე ნიკოლოზ ბრეგვაძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სალომე ბახსოლიანი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №693) მიმართა ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდმა“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 24 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №857) მიმართა ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 23 ნოემბერს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის №1/23/693 საოქმო ჩანაწერით №693 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის №1/24/857 საოქმო ჩანაწერით №857 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. ამავე საოქმო ჩანაწერით №693 და №857 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ. საქმის არსებითად განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2017 წლის 27 იანვარს და 24 მარტს.
3. კონსტიტუციურ სარჩელებში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი. №693 კონსტიტუციურ სარჩელში აგრეთვე მითითებულია: „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-15 მუხლი.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, „საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა“. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ადგენს, რომ „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა“. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ჩამოთვლის მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებას, მე-2 პუნქტი ითვალისწინებს პირველი პუნქტიდან გამონაკლის შემთხვევებს, ხოლო მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის „მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება“.
5. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას”. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“.
6. №693 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა 2014 წლის 23 აპრილის №ას-1332-1258-2012 განაჩენი დაუშტრიხავი სახით, რათა მისთვის შესაძლებელი ყოფილიყო აღნიშნული დოკუმენტის დამუშავება და საქმეში მონაწილე პირების იდენტიფიცირება. ამავე წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდს“ გაუგზავნა პასუხი და არ მიაწოდა მოთხოვნილი სახით სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძვლადაც მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სადავო ნორმები. 2015 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა საქალაქო სასამართლოს, ამჯერად განაჩენის დაშტრიხული სახით მისაღებად, რომელზე პასუხიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელეს არ მიეწოდა განაჩენის ასლი, რადგან მიჩნეულ იქნა, რომ ამგვარად გახმაურდებოდა საქმეში მონაწილე პირების პერსონალური მონაცემები. შედეგად, მოსარჩელემ ვერ შეძლო გაცნობოდა სასამართლოს დასაბუთებას, ასევე ვერ გამოარკვია პროცესში ჩართული იმ პირების ვინაობა, რომლებიც წარმოადგენდნენ სახელმწიფოს.
7. მოსარჩელის განმარტებით, დაინტერესებული პირისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუშტრიხავი სახით მიწოდება მართლმსაჯულების საჯაროობისა და საქვეყნოობის პრინციპიდან გამომდინარე უფლების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების განხორციელების გამჭვირვალობით მესამე პირების ინფორმირებას. სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კერძო აქტი, არამედ ის გამოდის სახელმწიფოს სახელით. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა განიხილებოდეს როგორც საქმეში წარმოდგენილი მხარეების საკუთრება. ამავდროულად, სასამართლოს მიერ საქმის საჯაროდ განხილვა საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილია. სასამართლოს სხდომების საჯაროობა უზრუნველყოფს სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობას, მართლმსაჯულების ხარისხის კონტროლს და ქმნის სასამართლოს მიმართ ნდობას. ამასთან, გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის საჯაროობას, სწორედ საქართველოს კონსტიტუცია მოიაზრებს სასამართლოს მიერ საქმის საჯარო სხდომაზე განხილვისა და გადაწყვეტილებათა საჯაროდ გამოცხადების მოთხოვნის დაწესებით.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხდება სასამართლოს აქტების საჯაროობისა და მათში მოცემული პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინტერესებს შორის ბალანსის შეფასება. ამასთან, საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის არ უნდა იყოს დაინტერესებული პირი ვალდებული, დაასაბუთოს მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების მიზანი. პირი საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობს ამგვარი მოტივაციის არსებობის მიუხედავად. გარდა ამისა, ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასამართლოს ის აქტები, რომლებიც ღია სხდომის შედეგად არის მიღებული.
9. მოსარჩელის მოსაზრებით, სასამართლო სხდომის საჯაროდ გამართვა და დოკუმენტის სახით მოცემული სასამართლოს აქტების საჯაროობა მართლმსაჯულების გამჭვირვალობის მოთხოვნაა. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მართლმსაჯულების საქვეყნოობის პრინციპი მოიცავს არა მხოლოდ საჯარო სხდომაზე დასწრების შედეგად ინფორმაციაზე წვდომას, არამედ სრული პროცესის ღიაობას, მათ შორის, სასამართლოს მიერ მიღებულ აქტებზე ხელმისაწვდომობას. სასამართლო განხილვის სხდომაზე ხდება გაცილებით მეტი მოცულობის ინფორმაციის გაჟღერება, ვიდრე ის გადმოცემულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სასამართლოს აქტებში ინფორმაციის დაფარვით ვერ მიიღწევა ამ ინფორმაციის დაცვის მიზანი, რის გამოც ბუნდოვანია, რა ინტერესს ემსახურება ამგვარი შეზღუდვის არსებობა. ამავდროულად, სამართალწარმოების მონაწილეებს საქმის საჯარო სხდომაზე განხილვისას არ წარმოეშობათ პერსონალური მონაცემების დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი.
10. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა მიემართება მხოლოდ ღია სასამართლო სხდომის ფარგლებში მიღებულ სასამართლოს მართლმსაჯულების აქტებს. ამავდროულად, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ინფორმაცია დაიფაროს მხოლოდ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც და რა გარემოების საფუძველზეც მოხდა სხდომის დახურვა. სასამართლოს გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილი უნდა იყოს ხელმისაწვდომი. რაც შეეხება თანამდებობის პირთა პერსონალურ მონაცემებს, მოსარჩელის პოზიციით, ღია უნდა იყოს ამ კატეგორიის პირთა თანამდებობრივი ინფორმაცია და არა პირადი მონაცემები.
11. №857 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, ის ვერ ახერხებს საერთო სასამართლოებში საჯარო სხდომის შედეგად მიღებული მართლმსაჯულების აქტების მოპოვებას. კერძოდ, სასამართლო უარს ამბობს აღნიშნული დოკუმენტების გაცემაზე მათში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, მათ შორის, მათი დაშიფრული ფორმით გაცემის მოთხოვნის დროსაც. ამასთან, სასამართლოები ამ ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ მიუხედავად იმისა, გააჩნია თუ არა მონაცემთა მფლობელს ამ ინფორმაციის დაფარვის გონივრული მოლოდინი და რამდენად მაღალია ამ ინფორმაციის მიმართ საჯარო ინტერესი. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სასარჩელო მოთხოვნა შემოიფარგლება მხოლოდ საერთო სასამართლოების მიერ მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებში დამუშავებული იმ აქტების ხელმისაწვდომობის საკითხით, რომელთა მიღებაც მოხდა საქმეთა ღია სხდომაზე განხილვის შედეგად.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა ერთმანეთისგან განასხვავებს პერსონალური მონაცემებისა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების წესს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში არ მოხდება პერსონალური მონაცემების დამუშავება/გასაჯაროება. რაც შეეხება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, მათი გასაჯაროება მონაცემთა მფლობელის თანხმობის გარეშე სრულიად იკრძალება. მოსარჩელის თქმით, სადავო ნორმები მას უზღუდავს და, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ ართმევს შესაძლებლობას, გაეცნოს საერთო სასამართლოების აქტებს. კერძოდ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების მესამე პირთათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტილებაში არსებულ მონაცემთა დეპერსონალიზაციის შემთხვევაში. თუმცა, მოსარჩელის თქმით, გადაწყვეტილებათა დეპერსონალიზებული ფორმით, ინდივიდუალური ფორმების გამოყენებით (მაგ., გადაწყვეტილების ნომერს, თარიღს, მხარეთა ვინაობას...) მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელი ხდება მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირება. ამიტომ საერთო სასამართლოები უარს აცხადებენ გადაწყვეტილების მესამე პირთათვის გადაცემაზე მხარეთა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
13. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოში საქმის განხილვის საჯაროობა ძირითადი უფლებებისაგან დამოუკიდებელი კონსტიტუციური სიკეთეა, რომელიც სხდომის საჯაროობას პროცესის მხარის საპროცესო უფლებების მიღმა მატერიალურ შინაარსს ანიჭებს. აღნიშნული სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობის, ისევე როგორც მართლმსაჯულების ხარისხის შემოწმების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ხოლო მართლმსაჯულების გამჭვირვალობა, თავის მხრივ, სასამართლოსადმი ნდობისა და მისდამი ანგარიშვალდებულების უმთავრესი წინა პირობაა. სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი მოიცავს საქმის დეტალებს, არგუმენტებს, რომელთაც დაეყრდნო სასამართლო, მხარეთა გაცხადებულ პოზიციებსა და წარდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას. ამგვარი ინფორმაცია აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილებების სრული ანალიზისთვის.
14. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სხდომის საჯაროობა თავის თავში მოიაზრებს გარკვეული ლეგიტიმური ინტერესების იმთავითვე შეზღუდვას. კერძოდ, საჯარო სხდომაზე ხდება ყველა იმ არგუმენტის და ინფორმაციის გამორკვევა, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება. მეტიც, როგორც წესი, სასამართლოს სხდომაზე მჟღავნდება ბევრად უფრო მოცულობითი ინფორმაცია, ვიდრე ის, რაც ასახულია სასამართლოს შემაჯამებელ აქტში. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საჯაროდ, ამდენად, ზოგიერთი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი თავისთავად არის ღია. ამ ფონზე მოსარჩელისთვის გაუგებარია მართლმსაჯულების გამჭვირვალობის სასარგებლოდ დადგენილი კონსტიტუციური ბალანსის შეზღუდული განმარტება და მისი არგავრცელება სასამართლოს აქტებზე.
15. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, გასაჩივრებული ნორმები ბლანკეტური ხასიათისაა, რამდენადაც პერსონალური მონაცემები ერთნაირი დაცვის ხარისხით სარგებლობს როგორც საქმის ღია, ისე დახურული სხდომის შედეგად მიღებული აქტები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მომეტებული ინტერესის არსებობისას გათვალისწინებულია სასამართლო სხდომის დახურვის შესაძლებლობა. ასეთი ინტერესი შესაძლოა იყოს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაცვა. სასამართლოს სხდომის საჯაროდ გამართვასა და ამ სხდომის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საჯაროობას, მართალია, გააჩნია სხვადასხვა ინტენსივობა, თუმცა კანონმდებლობა აძლევს მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს სხდომის დახურვა, რაზეც გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე. ამდენად, როდესაც სხდომის დახურვის თაობაზე არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული და არსებობს მისი მასობრივი მედიის საშუალებებით გავრცელების შესაძლებლობა, გაუგებარია კანონმდებლის ერთგვაროვანი მიდგომა ღია და დახურული სხდომების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების გამჟღავნების საკითხთან დაკავშირებით. ამგვარად, სადავო ნორმებით ვერ ხერხდება დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა.
16. მოპასუხე მხარის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელს ხდის თანამდებობის პირთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებას, თუმცა ეს არ ეხება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. ამ უკანასკნელთა საჯაროობა დაიშვება მხოლოდ პირის თანხმობის არსებობისას. ანალოგიური წესი მოქმედებს მაშინაც, თუკი კონკრეტული ინფორმაციის საჯაროობის მიმართ არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი ან საკითხი ეხება თანამდებობის პირთა მონაცემებს, ვინაიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი არ ითვალისწინებს პირთა თანამდებობის პირის ნიშნით დაყოფას და ყველა პირის მიმართ იდენტურ სამართლებრივ რეჟიმს ავრცელებს.
17. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ, თუკი სასამართლოს აქტები არ შეიცავს პირის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო მე-5 მუხლი ითვალისწინებს მისი მონაცემთა მფლობელის ნების გარეშე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას, როდესაც სახეზეა დასახელებული მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძველი.
18. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, ინფორმაციის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია მისი შეზღუდვა შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში ამგვარი ლეგიტიმური მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვა. ამასთან, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 41-ე მუხლის პირველი პუნქტი არ მოიხსენიებს ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლად პერსონალურ მონაცემებს, თუმცა მისი ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან ერთობლიობაში ანალიზი ცხადყოფს, რომ შესაძლებელია სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით ინფორმაციის თავისუფლების უფლებაში ჩარევა.
19. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ უშუალოდ პროცესის მიმდინარეობისას არ ხდება ყველა წარდგენილი მტკიცებულების გახმოვანება, ამასთან, მხარეებს გააჩნიათ უფლება, პროცესის დასრულების შემდგომ წარუდგინონ სასამართლოს მტკიცებულებები. ამდენად, შესაძლებელია, სასამართლოს გადაწყვეტილებაში აისახოს ინფორმაცია, რომელიც არ ყოფილა საჯარო სხდომაზე გაჟღერებული. ამასთან, სასამართლოს საჯარო სხდომაზე საქმის განხილვა აუცილებლად არ გულისხმობს მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროობას. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს ინტერესთა ბალანსი და მის შედეგად იქნეს მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე. კანონმდებლობა კი პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით იძლევა მათი დამუშავების და, მათ შორის, მესამე პირებისთვის გამჟღავნების შესაძლებლობას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დაცულია ინტერესთა ბალანსი იმდენად, რამდენადაც კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილ პირს აძლევს ინდივიდუალური მიდგომის გამოყენების შესაძლებლობას. რაც შეეხება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, მათი საჯაროობის მიმართ არსებული განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმი სწორედ ამ ინფორმაციის განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარეობს.
20. მოპასუხე მხარის მოსაზრებით, პერსონალური მონაცემების დაცვა ემსახურება როგორც უშუალოდ მისი მფლობელის ინტერესებს, ისე შესაძლებელია, მათი გამჟღავნება უარყოფითად აისახოს მესამე პირთა ინტერესებზე. ამდენად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმებით დადგენილია ინფორმაციის თავისუფლებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებს შორის პროპორციული და გონივრული ბალანსი, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად ცნობილი.
21. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მოწმედ მოწვეულმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენლებმა - ნიკოლოზ ბრეგვაძემ და სალომე ბახსოლიანმა განმარტეს, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება, რაც თავის თავში სხვა მოქმედებებთან ერთად ასევე გულისხმობს მის გასაჯაროებასაც, დაიშვება მხოლოდ შესაბამისი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. ასეთი საფუძვლის არარსებობა გულისხმობს, რომ მონაცემთა დამუშავება აკრძალულია. ამავდროულად, კანონმდებლობა უშვებს ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობას დეპერსონალიზებული ფორმით, მათ შორის, არსებობს ტექნიკური შესაძლებლობა, სამეცნიერო თუ კვლევითი საქმიანობის მიზნით მოპოვებულ იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილებები მათში არსებული პერსონალური მონაცემების გამორიცხვის გზით. ამასთან, სადავო ნორმების საფუძველზე, იმისათვის, რომ სასამართლოს დოკუმენტის გაცემა იყოს დასაშვები, სახეზე არ უნდა იყოს პერსონალური მონაცემები და შეუძლებელი უნდა იყოს პირების იდენტიფიცირება.
22. მოწმეთა მითითებით, კანონმდებლობაში დეკლარირებული სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის პრინციპი ნებისმიერ პირს ანიჭებს მასზე დასწრების შესაძლებლობას, თუმცა იგი არ გულისხმობს ნებისმიერი სახის საქმეში არსებულ დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობას. ეს უკანასკნელი ინფორმაცია, შინაარსობრივი თვალსაზრისით, ხდება უშუალოდ მხარეთა საკუთრება და მათზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა ეწინააღმდეგება ადამიანის პიროვნული განვითარების უფლებას.
23. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენელთა განმარტებით, პერსონალურ მონაცემთა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დაცვის მიზნით, გათვალისწინებულია განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი. კერძოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას შესაძლებელია პერსონალური მონაცემის მესამე პირებისთვის გადაცემა, თუმცა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გასაჯაროება დაიშვება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობის შემთხვევაში. ეს სტანდარტი აგრეთვე ვრცელდება თანამდებობის პირებზეც, რომელთა დამუშავებაც შესაძლებელია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამგვარ კანონისმიერ საფუძველს კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სადავო, 44-ე მუხლის პირველი ნაწილი აყალიბებს. თუმცა დასახელებული ნორმა არ ქმნის თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების საფუძველს.
24. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენელთა მითითებით, ნებისმიერ პირს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია საჯარო იქნება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოცულობითა და შემთხვევებში. მოქმედი კანონმდებლობა კი არ იძლევა სასამართლოს აქტებში მოცემული პერსონალური ინფორმაციის ავტომატურად, საჯაროდ ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას. ამდენად, არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ საჯარო სხდომის ფარგლებში მისი მონაცემები არის ღია, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი ქრება.
25. მოწმეთა განმარტებით, მართალია, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დაცვის უფლება არ არის აბსოლუტურად დაცული სფერო, თუმცა სწორედ ამ კატეგორიის ინფორმაციის მომეტებულად მგრძნობიარე ხასიათის გათვალისწინებით, მათი დაცვა განსაკუთრებულ გარანტიებს მოითხოვს. სწორედ ამ საფუძვლით, კანონმდებელმა გაითვალისწინა მათი დამუშავების შედარებით ნაკლები საფუძვლები. აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა წარმომადგენლები დაეთანხმნენ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში მონაცემების დამუშავების, მათ შორის გასაჯაროების საფუძვლების გაფართოების შესაძლებლობას გარკვეულ პირთა წრის მიმართ, როგორიც არის, თუნდაც თანამდებობის პირი. ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ამზადებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.
26. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე №693 და №857 კონსტიტუციურ სარჩელებზე შპს „თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა“ წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება. სასამართლოს მეგობარი, საქართველოს კონსტიტუციის რელევანტური დებულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე აღნიშნავს, რომ სასამართლოს აქტები ისეთი ტიპის საჯარო ინფორმაციაა, რომელიც ზოგადი წესით არის ღია და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს მასზე ხელმისაწვდომობა. სასამართლოს გადაწყვეტილებათა საჯაროობა არის საზოგადოებისთვის იმის შესაძლებლობა, რომ თვალი ადევნოს და ზედამხედველობა განახორციელოს სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე. ამ კუთხით გასათვალისწინებელია, რომ საქმის საჯარო სხდომაზე განხილვისას გაცილებით მეტი მოცულობითი ინფორმაცია შეიძლება გახდეს საჯარო, ვიდრე სასამართლოს წერილობით აქტში არის მოცემული. შესაბამისად, კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოს საჯარო პროცესის ფონზე არაგონივრულია სასამართლოს აქტებში არსებული პერსონალური მონაცემების დაფარვა.
27. სასამართლოს მეგობარი მიუთითებს, რომ სასამართლოს აქტებზე წვდომა ავტომატურად შეზღუდულია და, გარკვეულ შემთხვევაში, გამორიცხულია, მათში არსებული პერსონალური ინფორმაციის დაცვის მოტივით. კანონმდებლობა არ იძლევა ინტერესთა გონივრულად დაბალანსების შესაძლებლობას, რაც შეუთავსებელია ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიასთან. მოსაზრებაში მიმოხილულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა რელევანტურ საკითხთან მიმართებით, აგრეთვე საერთაშორისო აქტები და შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკა.
28. №693 კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება ასევე წარმოადგინა ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“. სასამართლოს მეგობარი არსებული კანონმდებლობის მიმოხილვის საფუძველზე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მიღება მაშინაც კი, როდესაც ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიმართ არსებობს საზოგადოების მომეტებული ინტერესი.
29. წერილობით მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს სისტემის გამჭვირვალობა და პროცესის საჯარო ხასიათი მხარეებს იცავს მართლმსაჯულების ფარულად, საზოგადოების კონტროლის გარეშე განხორციელებისაგან, რაც სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა. მოქმედი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, გამორიცხავს სასამართლოს აქტებში არსებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს საქმის განხილვის სხდომების საჯაროდ ჩატარებას, სადაც აღნიშნული ინფორმაცია ხდება საჯარო და, მათ შორის, არსებობს ამ ინფორმაციის მედიით გაშუქების შესაძლებლობა.
30. სასამართლოს მეგობარი ყურადღებას ამახვილებს პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების უფლების დაცვის მნიშვნელობაზე, თუმცა, იმავდროულად, მიუთითებს, რომ მარტოოდენ პერსონალური ინფორმაციის არსებობა სასამართლოს აქტებში ვერ გახდება მათზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძველი. შესაბამისად, აუცილებელია, შეფასდეს, გამოიწვევს თუ არა პერსონალური მონაცემების გამჟღავნება იმგვარ ზიანს, რამაც შეიძლება გაამართლოს ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა. ამასთან, სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს ინფორმაციის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების უფლებას შორის და ადგენს არაპროპორციულ შეზღუდვას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციის თავისუფლებას.
31. სასამართლოს მეგობარი თავისი პოზიციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები
1. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და, შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო საჯარო დაწესებულებაში არსებული ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, ინფორმაციის თავისუფლების აღნიშნული უფლებრივი კომპონენტი დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას, ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. სადავო ნორმებში განხორციელებული ცვლილებები
4. №693 და №857 კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვის დასრულების შემდგომ, 2018 წლის 29 ივნისს მიღებული კანონით, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 16 დეკემბრიდან. კერძოდ, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (რეგისტრაციის №2767-IIს) პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსხვავებულად ჩამოყალიბდა დასახელებული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცვლილება განიცადა და განსხვავებული რედაქციით ჩამოყალიბდა კოდექსის 44-ე მუხლი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის რედაქციის ახლებურად ჩამოყალიბება განიხილება მის ძალადაკარგულად ცნობად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“). შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვის დასრულების შემდგომ მითითებული სადავო ნორმების გასაჩივრებული რედაქციები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „როდესაც სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა/გაუქმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, (როდესაც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში), არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი საქმის შეწყვეტისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
6. ამავე დროს, „საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია დავის საგნის ფარგლებით და, შესაბამისად, ვერ იმსჯელებს სადავო ნორმის ახალ რედაქციაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის ძალადაკარგულ რედაქციაზე მსჯელობა წარმოადგენს მოსარჩელის უფლების დაცვის ეფექტურ და პრევენციულ საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების ძალის დაკარგვა ვერ გახდება საქმის შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს სადავოდ გამხდარი, ძალადაკარგული საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციურობას.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან ... აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“. ამ კონსტიტუციური დებულების „ყურადღების ცენტრშია სუბიექტი, რომელიც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით ოფიციალური წყაროებიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს კონსტიტუცია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ანიჭებს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას.
8. საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის გაცნობის უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი ფუნდამენტური და აუცილებელი წინაპირობაა. მისი მნიშვნელობა გაცილებით დიდია, ვიდრე კონკრეტულ ინდივიდთათვის საინტერესო ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა. ამ უფლების სათანადოდ დაცვა „ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5).
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლება საზოგადოების თითოეულ წევრს აძლევს შესაძლებლობას, იყოს ინფორმირებული მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და აქტიურად ჩაერთოს სახელმწიფო თუ ადგილობრივი საკითხების განხილვასა და განხორციელებაში. ეს ყოველივე ემსახურება, საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საზოგადო მიზანს - საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებისა და სახელმწიფო საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი პირებს აძლევს შესაძლებლობას, მოითხოვონ და მიიღონ საჯარო დაწესებულებაში დაცული მათთვის საინტერესო ინფორმაცია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5).
10. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ადრე არსებული პრაქტიკით, ინფორმაციის თავისუფლების დასახელებული კონსტიტუციური დებულებით დაცული სფეროდან გამორიცხული იყო საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რომელიც უკავშირდება პირის კერძო საკითხებს. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საქართველოს კონსტიტუციის დებულება, რომელიც ადგენს უფლებას, რომ მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომი არ გახდეს პირის კერძო საკითხების შესახებ არსებული ინფორმაცია, „არ მოითხოვს, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, სრულად დახურული უნდა იყოს. პირიქით, ამავე კონსტიტუციურ დებულებაში მითითებულია ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობაზე - კანონით დადგენილ შემთხვევებში, როდესაც ეს აუცილებელია „სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“. შესაბამისად, შესაძლებელია, ეს უფლება სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავადაც შეიზღუდოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია პირის უფლება, მიიღოს ოფიციალურ დოკუმენტებში არსებული, მათ შორის, ისეთი ინფორმაციაც, რომელიც უკავშირდება სხვა პირის ჯანმრთელობას, ფინანსებს ან სხვა კერძო საკითხებს.
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევა სახეზეა მაშინ, როდესაც სადავო ნორმები ზღუდავს სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე, მათ შორის, სხვა პირის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.
4. სადავო ნორმების შინაარსი
12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი აწესრიგებს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით საჯარო ინფორმაცია განმარტებულია როგორც ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) არეგულირებს უშუალოდ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის წესს და ადგენს, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაამჟღავნოს დასახელებული ინფორმაცია თავად ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. დასახელებული სადავო ნორმით, ამ წესიდან გამონაკლისი გათვალისწინებულია მხოლოდ თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით.
13. ამავდროულად, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, მათი ცნება, დაცვა და დამუშავება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის თანახმად, წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალურ მონაცემს მიეკუთვნება „ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით“. პერსონალური მონაცემების დამუშავების ზოგად წესს ადგენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ ამავე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლის არსებობისას. კერძოდ, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია თუ: არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად; დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა; დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
14. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალკე გამოყოფს და განსაზღვრავს განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული პერსონალური მონაცემების ცნებას და ადგენს მათი დამუშავების სპეციალურ, მკაცრ რეჟიმს. კერძოდ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებულ კატეგორიას მიეკუთვნება „მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა“. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის დამუშავებას, ხოლო მისი მე-2 პუნქტი ითვალისწინებს დასახელებული მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას საგამონაკლისო შემთხვევებში, თუმცა დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტი ზემოთხსენებულ საგამონაკლისო შემთხვევებშიც კრძალავს მათ გასაჯაროებას ან/და მესამე პირისთვის გადაცემას. ამდენად, ხსენებული სადავო ნორმები ადგენენ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის გასაჯაროების ან მესამე პირისთვის გადაცემის აბსოლუტურ აკრძალვას.
5. სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები
15. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის აუცილებელია, ზუსტად იქნეს იდენტიფიცირებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა და დადგინდეს, რა ფარგლებში ითხოვს მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებული ნორმები აწესრიგებს, ზოგადად, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში არსებულ საჯარო ინფორმაციაზე, მათ შორის, პერსონალური მონაცემების შემცველ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, მათი საჯაროობის საკითხს. განსახილველი საქმის ფარგლებში, სასარჩელო მოთხოვნა არ მიემართება სადავო ნორმებით მოაზრებულ ნებისმიერ ინფორმაციას.
16. №693 და №857 კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის კონკრეტული სახის - საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების (საბოლოო გადაწყვეტილებებისა და შუალედური აქტების) და მათში არსებული პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურობა. ამავდროულად, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ისინი სადავოდ ხდიან გასაჩივრებული ნორმების იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ზღუდავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის კონსტიტუციურობას შეაფასებს მხოლოდ საერთო სასამართლოების მიერ ღია სხდომის ფარგლებში მიღებულ სასამართლოს აქტებზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვა
17. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში ჩარევა სახეზეა მაშინ, როდესაც იზღუდება სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე, მათ შორის, სხვა პირის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.
18. სადავო ნორმების შინაარსის ანალიზი ცხადად მიუთითებს, რომ ნორმები ზღუდავს საჯარო ინფორმაციაზე, მათ შორის, ღია სხდომაზე მიღებულ სასამართლოს აქტებზე ხელმისაწვდომობას იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. ამავდროულად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი მე-5 და მე-6 მუხლები ადგენს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისათვის განსხვავებულ მოთხოვნებს იმის მიხედვით, ეს ინფორმაცია მიეკუთვნება თუ არა განსაკუთრებულ პერსონალურ მონაცემს.
19. ამავე დროს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი იცნობს მონაცემთა დეპერსონალიზაციის ცნებას, რაც გულისხმობს მონაცემთა იმგვარ მოდიფიკაციას, რომ შეუძლებელი იყოს მათი დაკავშირება მონაცემთა სუბიექტთან ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებსა და დროს საჭიროებდეს. ამდენად, როცა პერსონალური მონაცემების დეპერსონალიზაცია შესაძლებელია, კანონი უშვებს სასამართლოს აქტების პერსონალური მონაცემების დაფარვის გზით გაცემას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ გარემოების გამო დეპერსონალიზაცია შეუძლებელია - სასამართლოს აქტის გაცემა საერთოდ არ ხდება.
20. სასამართლოს ღია სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტები, როგორც წესი, დაცულია სასამართლოში. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის თანახმად, საერთო სასამართლოები განეკუთვნებიან სასამართლო ხელისუფლებას და ახორციელებენ მართლმსაჯულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საერთო სასამართლოები უნდა იქნეს განხილული, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „საჯარო დაწესებულებები“, რომლებში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასაც იცავს დასახელებული კონსტიტუციური დებულება.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, სახეზეა ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში.
7. თანაზომიერება
22. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია, დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის მიღების უფლებაში ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
7.1. ლეგიტიმური საჯარო მიზანი
23. სადავო ნორმების თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, უპირველესად, აუცილებელია, შეფასდეს, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება უფლებაშემზღუდველი ღონისძიება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
24. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარემ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვა.
25. ზოგადად, პირადი ცხოვრების უფლების დაცვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულებაა. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია ამ უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო სფეროს. უფლება პირად ცხოვრებაზე კი, ერთი მხრივ, ნიშნავს ინდივიდის შესაძლებლობას, პირადად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად შექმნას და განავითაროს თავისი კერძო ცხოვრება, ხოლო, მეორე მხრივ, იყოს დაცული და უზრუნველყოფილი მის კერძო სფეროში სახელმწიფოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირების ჩარევისგან. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფალ განვითარებას, რადგან საშუალებას აძლევს მას, კერძო სფეროში საზოგადოების ჩარევისა და ყურადღებისაგან თავისუფალ პირობებში მოახდინოს ინფორმაციის, მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების გაცვლა-გაზიარება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/3/407 საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4). პირადი ცხოვრების უფლების ერთ-ერთი კომპონენტია პერსონალური მონაცემების ე.ი. პირის შესახებ ინფორმაციის დაცვა გამჟღავნებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების კომპონენტების, მათ შორის, პირის შესახებ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებისაგან დაცვა ნამდვილად არის ის ღირებული ლეგიტიმური მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც შესაძლებელია, შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება.
7.2. გამოსადეგობა
26. იმისთვის, რომ შეზღუდვამ დააკმაყოფილოს კონსტიტუციის მოთხოვნები და იყოს თანაზომიერი, აუცილებელია, შემზღუდველი ღონისძიების გამოყენებით შესაძლებელი იყოს სახელმწიფოს მიერ დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის მიზანია, პერსონალურ მონაცემთა სუბიექტების პირადი ცხოვრებისა და პირის შესახებ არსებული ინფორმაციის დაცვა. სადავო ნორმები აწესებს შეზღუდვას პერსონალური მონაცემების შემცველი სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჯაროებასა და მესამე პირისთვის გადაცემაზე. ამდენად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა მიმართულია დასახელებულ სასამართლოს აქტებში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვისკენ და ემსახურება მათზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის მიზანს. შესაბამისად, აშკარაა რაციონალური, ლოგიკური კავშირი სადავო ნორმებით გათვალისწინებულ ღონისძიებასა და ლეგიტიმურ მიზანს შორის.
27. ასევე აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრულ ღონისძიებას მიზნის მიღწევისათვის გამოუსადეგარ საშუალებად არ აქცევს ის ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახული ინფორმაციის გაჟღერება ხდება ღია სხდომაზე და საქმის განხილვისას დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ მისი გაცნობის შესაძლებლობა. საქმის ღია სხდომაზე განხილვა თავისთავად არ მიუთითებს, რომ არ არსებობს ამ საქმეზე მიღებულ სასამართლოს აქტებში მოცემული პირადი ხასიათის ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ინტერესი. პირველ რიგში, შესაძლებელია, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც სასამართლოს აქტში გადმოცემულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ გაჟღერებულა სასამართლოს სხდომაზე და რომელიც გაჟღერების შემთხვევაში მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ინტერესს და განაპირობებდა კიდეც სხდომის დახურვას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ განსხვავებულია ღია სასამართლოს სხდომაზე გახმოვანებისა და სასამართლოს აქტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის შედეგად პირადი ცხოვრების უფლების მიმართ დამდგარი ზიანი. სასამართლოს სხდომაზე ინფორმაციის გავრცელებას, როგორც წესი, აქვს იმწუთიერი ეფექტი, ხოლო სასამართლოს აქტის საჯარო ინფორმაციის ფორმით გაცემა განუსაზღვრელი ვადით ხდება. ამასთანავე, განსხვავებულია ინფორმაციის გავრცელების არეალი და აუდიტორია. სასამართლოს სხდომაზე ინფორმაცია, როგორც წესი, ვრცელდება მხოლოდ სხდომაზე მყოფ პირებს შორის, ხოლო - საჯარო ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ასევე დიდია საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული სასამართლოს აქტების ავტომატიზების და ინტერნეტის საშუალებით გავრცელების, მათ შორის, ინტერნეტ-ძებნის საშუალებებით გავრცელების ალბათობაც, რაც კიდევ უფრო ფართოს ხდის ინფორმაციის მიმღებ პირთა წრეს და, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, სასამართლო სხდომის საჯაროობასთან შედარებით უფრო ინტენსიურად ზღუდავდეს პირადი ცხოვრების უფლებას. ამრიგად, ღია სასამართლო სხდომის ჩატარება გადაწყვეტილების კონფიდენციალობაზე პირის ინტერესის არსებობას თავისთავად არ გამორიცხავს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება.
7.3. აუცილებლობა
28. უფლების შეზღუდვა აგრეთვე უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს მიერ შერჩეული მექანიზმი უნდა იყოს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომლითაც არსებულის მსგავსი ეფექტურობით იქნება შესაძლებელი ლეგიტიმური მიზნის მიღწევა. შესაბამისად, უნდა გაირკვეს, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა ხომ არ არის იმაზე ფართო, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის არის აუცილებელი და ხომ არ არსებობს სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
29. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმები ადგენს, რომ სასამართლოს აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემები, აგრეთვე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები არ გაიცემა. მათი მოპოვება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოაჩინოს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა დასახელებული მონაცემების მოპოვებისთვის. ამასთან, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გასაჯაროება არის სრულიად გამორიცხული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასზე თანხმობას აცხადებს უშუალოდ მონაცემთა მფლობელი.
30. სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლებაშემზღუდველი ღონისძიების მიზანია, სასამართლო აქტებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გზით, პირის შესახებ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებისაგან დაცვა. შესაბამისად, შეზღუდვა უკავშირდება სწორედ იმ პირების ინტერესების დაცვას, რომელთა შესახებ ინფორმაციაც არის ასახული ამა თუ იმ სასამართლო აქტში. ამავდროულად, სრულწლოვან პირებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ინფორმირებული, გაცნობიერებული გადაწყვეტილებით უარი თქვან საკუთარი პირადი ცხოვრების დაცვაზე და მოისურვონ ინფორმაციის გასაჯაროება. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი expressis verbis მიუთითებს, რომ პირის შესახებ არსებული ინფორმაცია სხვებისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა გახდეს სწორედ ამ პირის თანხმობის გარეშე. შესაბამისად, კონსტიტუცია თავადვე უშვებს პირის შესაძლებლობას, რომ უარი განაცხადოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვაზე.
31. ამრიგად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ინფორმირებული და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პირს არ აქვს მის შესახებ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვის ინტერესი, არ არსებობს სასამართლოს აქტებში ასახული მისი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის საჭიროება. კერძოდ, ასეთ შემთხვევებში არ დგას იმის საშიშროება, რომ პირის ნების საწინააღმდეგოდ პირადი ინფორმაციის გასაჯაროებით დაირღვეს მისი პირადი ცხოვრების უფლება.
32. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმები ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების მოპოვების შესაძლებლობას სუბიექტის თანხმობის არსებობის შემთხვევაში. თუმცა, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის შესახებ სუბიექტის ინტერესის იდენტიფიცირების მოქნილი მექანიზმი. პირმა, რომელსაც არ აქვს მის შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ინტერესი ან სურვილი აქვს, რომ საზოგადოება გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას, უნდა გასცეს თანხმობა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებულ პირთა წრე განუსაზღვრელია, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში ფაქტობრივად არსებობს შესაძლებლობა, რომ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პერსონალური მონაცემების სუბიექტს არ ჰქონდეს მის შესახებ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვის ინტერესი, თუმცა ამის შესახებ არ იყოს ცნობილი ყველა დაინტერესებული პირისთვის. უფრო მეტიც, სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მიღების მსურველი პირისთვის, როგორც წესი, არ არის ცნობილი სასამართლოს აქტში ასახული პერსონალური მონაცემის სუბიექტის ვინაობა. შესაბამისად, არსებული სისტემის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის მოპოვება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც პერსონალური მონაცემების სუბიექტებს არ გააჩნიათ პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ინტერესი.
33. ამავდროულად, შესაძლებელია, კანონმდებლობით ისეთი მექანიზმების შექმნა, რომელთა ფარგლებშიც, საჯარო დაწესებულების მიერ შეძლებისდაგვარად დადგინდება, რამდენად გააჩნია პირს საკუთარი პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინტერესი. კერძოდ, შეიძლება შეიქმნას სისტემა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებლობის შემთხვევაში სასამართლო თავად გამოარკვევს აქვს თუ არა სუბიექტს პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის სურვილი და შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული პერსონალური მონაცემების დაცვა დამოკიდებული იქნება მონაცემთა სუბიექტის მიერ გამოხატულ ნებაზე. ამგვარი სისტემა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფდა პირადი ინფორმაციის მონაცემთა სუბიექტის ნების საწინააღმდეგოდ გასაჯაროების პრევენციას, ხოლო, მეორე მხრივ, იქნებოდა სასამართლოს აქტებზე ხელმისაწვდომობის უფლების ნაკლებადმზღუდველი საშუალება. ამავე დროს, ასეთი სისტემა არ ქმნის არაგონივრულ ადმინისტრაციულ ტვირთს მონაცემთა დამმუშავებლისათვის.
34. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას იმ შემთხვევაშიც, როდესაც უშუალოდ პირს, ვის შესახებაც არის ეს ინფორმაცია, გაცნობიერებული და ინფორმირებული გადაწყვეტილებით უარი აქვს ნათქვამი მის დაცვაზე, არ გააჩნია ამ ინფორმაციის კონფიდენციალობის ინტერესი და მეტიც - სურვილი აქვს, რომ საზოგადოება გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში სადავო ნორმები საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს იმაზე მეტი ინტენსივობითა და მოცულობით, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამდენად, სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ასეთ შემთხვევებში ზღუდავს სასამართლოს აქტებზე ხელმისაწვდომობას, ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნას, არათანაზომიერია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებას.
35. მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მიემართება სადავო ნორმებით დადგენილი სასამართლოს აქტებში არსებული პერსონალური ინფორმაციის, მონაცემების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის არაკონსტიტუციურად ცნობას, მიუხედავად იმისა, პირს, ვის შესახებაც არის ეს ინფორმაცია, აქვს თუ არა გაცნობიერებული, ინფორმირებული გადაწყვეტილებით, უარი ნათქვამი დასახელებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც იმ პირს, ვის შესახებ ინფორმაციაც არის მოცემული სასამართლოს აქტში, აქვს გამჟღავნებისაგან დაცვის ინტერესი, - სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა მის შესახებ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვის აუცილებელი საშუალებაა. საქმის განხილვის ეტაპზე არ გამოკვეთილა რაიმე ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენებით პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვის გონივრული შესაძლებლობა. კერძოდ, არ იკვეთება რაიმე სხვა ღონისძიება, რომელიც, ერთი მხრივ, ნაკლები ინტენსივობით შეზღუდავდა კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო დაწესებულებებში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული შეზღუდვის მსგავსი ეფექტურობით დაიცავდა სასამართლოს აქტებში მოცემულ სხვა პირების შესახებ არსებულ მონაცემებს. ამდენად, სადავო ნორმებით დადგენილი სასამართლოს აქტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა იმ პირობებში, როდესაც ამ აქტებში მოცემულია სხვა პირის შესახებ ინფორმაცია, რომლის მფლობელს გააჩნია მისი დაფარვის ინტერესი, აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნას და საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს მის პროპორციულობას ვიწრო გაგებით.
7.4. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
36. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. აუცილებელია, უფლებაშემზღუდველი ღონისძიების შემუშავებისას სახელმწიფომ დაადგინოს სამართლიანი ბალანსი იმგვარად, რომ დაცული სიკეთე და მისი დაცვის ინტერესი აღემატებოდეს შეზღუდული უფლების დაცვის ინტერესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28).
37. უპირველესად, როგორც აუცილებლობის ეტაპზე სასამართლომ უკვე დაადგინა, არაკონსტიტუციურია პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა იმ შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ მონაცემთა სუბიექტს არ გააჩნია მათი დაცვის ინტერესი/სურვილი. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ, როდესაც მონაცემთა მფლობელს გააჩნია საკუთარი პერსონალური მონაცემების დაფარვის ინტერესი, ეს არ ქმნის ავტომატურად მათი დაფარვის და საზოგადოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საფუძველს. სწორედ ამ ვითარებაში დგება არსებულ ინტერესთა შორის სწორი და გონივრული, კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად საკითხის დაბალანსების აუცილებლობა. ამდენად, ვიწრო პროპორციულობის ეტაპზე, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურობის თვალსაზრისით შეაფასებს სადავო ნორმების სწორედ იმ შინაარსს, როცა უშუალოდ მონაცემთა სუბიექტს არ სურს, საკუთარი პერსონალური მონაცემები იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.
38. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი ღია სასამართლო სხდომაზე მიღებულ სასამართლოს აქტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. ამავდროულად, მხარე მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, არსებობდეს გარკვეული ინტერესი, რომ დაიფაროს პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, ღია სასამართლო სხდომაზე მიღებულ აქტებში, თუმცა ზოგადი წესით ისინი უნდა იყოს ღია და მხოლოდ მნიშვნელოვანი ინტერესის არსებობის შემთხვევაში იყოს დასაშვები მათი დაფარვა.
39. მოპასუხე მხარის პოზიციით, კანონმდებლობა ადგენს გონივრულ ბალანსს კონსტიტუციურ უფლებებს შორის, ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია შესაბამისი კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. იმავდროულად, ვინაიდან განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები უაღრესად მგრძნობიარე პირად საკითხებს უკავშირდება, კანონმდებლობა მათი გასაჯაროების, მესამე პირისთვის გადაცემის საფუძვლად მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობას ითვალისწინებს.
40. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ითხოვს სხვა პირის პირად საკითხებთან დაკავშირებულ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, ერთმანეთს უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გარანტირებული უფლებები. კერძოდ, ამ შემთხვევაში პირის უფლება, რომ მიიღოს საჯარო დაწესებულებებში არსებული ინფორმაცია, კონფლიქტშია მეორე პირის უფლებასთან, რომ არავისთვის არ გახდეს ხელმისაწვდომი მის შესახებ არსებული ინფორმაცია. დასახელებულ უფლებებს შორის კონფლიქტის საკითხი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ამ უფლებების დაბალანსების გზით, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად უნდა გადაწყდეს (Mutatis Mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლოს უმთავრესი ამოცანაა, პირთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვისა და სასამართლოს აქტებზე ხელმისაწვდომობის ინტერესებს შორის ბალანსის დადგენა. აღნიშნულისთვის, პირველ რიგში, უნდა გაანალიზდეს თითოეული დასახელებული ინტერესის მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში.
41. საჯარო დაწესებულებაში არსებული და დაცული ნებისმიერი სახის ინფორმაციას და საზოგადოებისათვის მის ხელმისაწვდომობას არ აქვს თანაბარი მნიშვნელობა. საჯარო ინფორმაციის გარკვეული კატეგორიის მიმართ შესაძლოა, არსებობდეს ღიაობის მომეტებული ინტერესი. ამგვარ განსაკუთრებულ ინტერესზე უპირველესად მიუთითებს ინფორმაციის არსი, დანიშნულება და ის სიკეთე, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს ამგვარი ინფორმაციის საჯაროობა. ამდენად, საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების „შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ხასიათს და მის მნიშვნელობას ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის თვალსაზრისით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/1/752 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30).
7.4.1. სასამართლოს აქტებზე ხელმისაწვდომობის ინტერესი
42. განსახილველ საქმეზე, სადავოდ გამხდარი ნორმები უკავშირდება სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, სახეზეა მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ინტერესი. სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობისა და მართლმსაჯულების გამჭვირვალობის მნიშვნელობის წარმოსაჩენად აუცილებელია, გაანალიზდეს შესაბამისი კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უკავშირდება სასამართლოს აქტებს და მათ საჯაროობას.
43. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განისაზღვრება, რომ საერთო სასამართლოები მიეკუთვნებიან სასამართლო ხელისუფლებას და ახორციელებენ მართლმსაჯულებას. მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინებაა სასამართლოს გადაწყვეტილებები. მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებში მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დგინდება ამა თუ იმ პირის დამნაშავეობა, წყდება კერძო ქონებრივი და არაქონებრივი ურთიერთობებისას წარმოშობილი დავები, დავები ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო პირებს შორის და სხვა არაერთი უაღრესად მნიშვნელოვანი კერძო თუ საჯარო მნიშვნელობის საქმე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და მისი კონტროლის პროცესში უაღრესად დიდია სასამართლოს გადაწყვეტილებების მნიშვნელობა. შესაბამისად, სასამართლო აქტები საჯარო დაწესებულებებში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციაა, რომლის ღიაობის, გამჭვირვალობის გარანტიას კონსტიტუცია განსაკუთრებულად იცავს.
44. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ“. დასახელებული კონსტიტუციური დებულება სასამართლოში საქმის განხილვის ზოგად წესად ადგენს ღია სხდომას. საქართველოს კონსტიტუცია, საჯარო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი უფლების მიღმა, სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებისას, განცალკევებით გამოჰყოფს სასამართლოს სხდომების საჯაროობის პრინციპს. ამგვარი კონსტიტუციური გადაწყვეტა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მართლმსაჯულების გამჭვირვალობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მას სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის სამოქმედო პრინციპად განიხილავს.
45. მართლმსაჯულების გამჭვირვალობასთან მიმართებით, მსგავსი განსაკუთრებული მოწესრიგება არ არის შემთხვევითი. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგიტიმაციასთან. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დანიშნულება არ არის სასამართლოს გადაწყვეტილების უმნიშვნელო, ფორმალური რეკვიზიტის დადგენა. საქართველოს სახელით გადაწყვეტილების მიღება მიანიშნებს სასამართლოს ხელისუფლების განხორციელების უმთავრესი გამოვლინების - სასამართლოს გადაწყვეტილების უაღრესად მაღალ ლეგიტიმაციაზე. სასამართლოს მიერ ხელისუფლების განხორციელების ლეგიტიმაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყაროა მისი საზოგადოებრივი ნდობა, რაც გამჭვირვალე მართლმსაჯულების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ გამჭვირვალე, ღია მართლმსაჯულებას შესწევს ძალა, ჰქონდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და გადაწყვეტილების საზოგადოების სახელით მიღების შესაძლებლობა.
46. დემოკრატიულ სახელმწიფოში განუზომლად დიდია მართლმსაჯულების განხორციელებაზე და, განსაკუთრებით, სასამართლოს მიერ მიღებულ აქტებზე საზოგადოებრივი ზედამხედველობის მნიშვნელობა. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობას, განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლი. ხალხს უნდა შეეძლოს ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგნად აქციოს და შეაფასოს სასამართლოს თითოეული გადაწყვეტილება, მასში გაკეთებული განმარტება და დადგენილება. საზოგადოებრივი კონტროლი ხელისუფლების იმ შტოს მიმართ, რომელიც სხვა შტოებისგან დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საზოგადოების ინფორმირების საშუალებით შესაძლებელია, თავიდან იქნეს აცილებული დახურულ კარს მიღმა მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღება და სასამართლო, როგორც ხელისუფლების შტო, შესაბამისი კონსტიტუციური ჩარჩოების გათვალისწინებით, ანგარიშვალდებული იყოს საზოგადოების წინაშე.
47. სასამართლოს აქტებზე ხელმისაწვდომობის უფლების ჯეროვანი უზრუნველყოფა ასევე უკავშირდება მართლმსაჯულების სისტემის ანგარიშვალდებულებას, საზოგადოებრივ ზედამხედველობას და სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებას. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომი იყოს სასამართლოს აქტების სრული ტექსტი, მათ შორის, მათში არსებული პერსონალური მონაცემებიც. პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების და საზოგადოების შესაძლებლობას, რომ სათანადოდ განახორციელონ საზოგადოებრივი კონტროლი მართლმსაჯულებაზე. ცალკეულ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების გარეშე შეუძლებელია, სრულყოფილად შეფასდეს, რამდენად ობიექტურად და მიუკერძოებლად მიიღო სასამართლომ ესა თუ ის გადაწყვეტილება. სწორედ პერსონალური მონაცემების, საქმეში მონაწილე პირების ვინაობის დადგენის შედეგად აქვს საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ ჩამოიყალიბოს რწმენა მართლმსაჯულების მიუკერძოებლობისა და შერჩევითი მართლმსაჯულების არარსებობის შესახებ.
48. სასამართლოს აქტების საჯაროობა არ ემსახურება მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებისა და საზოგადოებრივი კონტროლის ინტერესებს. სასამართლოს სხდომების საჯაროდ ჩატარება, სასამართლოს საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა, მათ შორის, სწორედ მისი აქტების საჯარო ხელმისაწვდომობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უმნიშვნელოვანესი უფლებრივი კომპონენტია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია, ჰქონდეს მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული აქტების საზოგადოებისთვის გაცნობის, საზოგადოების მიერ მის საქმეზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ეს უკანასკნელი, გარდა სასამართლო ხელისუფლების კონტროლისა, უზრუნველყოფს საზოგადოების მხრიდან სასამართლოს მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები .... უნდა იწვევდნენ სასამართლოს სამართლიანობის აღქმადობას საზოგადოების მხრიდან. გამჭვირვალე, სრულყოფილი, ადეკვატური და საკმარისი პროცედურები უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებათა ლეგიტიმურობას, მათ საზოგადოებრივ აღიარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია სასამართლოსადმი და, საბოლოო ჯამში, მთლიანად ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებისა და განმტკიცებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
49. მართლმსაჯულების საზოგადოებრივ ზედამხედველობასთან და საზოგადოების ნდობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული სამართლებრივი უსაფრთხოების ინტერესი. ნებისმიერი ნორმატიულად დადგენილი ქცევის წესი სიცოცხლისუნარიანი ხდება სასამართლოს პრაქტიკაში და მისი საშუალებით. სასამართლო ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ორგანოთა არქიტექტურაში არის ის სახელისუფლებო შტო, რომელიც საბოლოო სიტყვას ამბობს კანონმდებლობის განმარტებისა და გამოყენების თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა, სხვა მნიშვნელოვან ინტერესებთან ერთად, უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას, იცოდეს კანონმდებლობის შინაარსი, როგორ ხდება მისი პრაქტიკაში გამოყენება და რას მოითხოვს თითოეული ნორმატიული რეგულაცია მისი ადრესატებისაგან.
50. კანონის ხარისხობრივი მოთხოვნა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარეობს და უზრუნველყოფს, რომ კონკრეტული ნორმატიული წესის ადრესატისთვის იყოს ცხადი და გასაგები, თუ რას მოითხოვს მისგან კანონი. „კანონის განსაზღვრულობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასამართლო ხელისუფლება, ვინაიდან სწორედ ამ უკანასკნელის ფუნქციაა ნორმათა განმარტება და შეფარდება ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობებისთვის, ასევე კანონის გამოყენების სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება, რამაც, საბოლოო ჯამში, კანონის ბუნდოვანების თავიდან აცილება უნდა უზრუნველყოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31). სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცნობისა და გააზრების გარეშე შეუძლებელია, მოქალაქეებმა მიიღონ სათანადო ინფორმაცია სასამართლო პრაქტიკისა და, შესაბამისად, კანონმდებლობის განმარტებასა თუ გამოყენებასთან დაკავშირებით.
51. ამდენად, დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში სასამართლოს აქტების როლის და მათში გადმოცემული ინფორმაციის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ სასამართლოს აქტები განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ტიპის ინფორმაციას, რომლის ხელმისაწვდომობის მიმართაც თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივ საკითხს შეეხება, ვის მიმართ არის მიღებული და რა დატვირთვა აქვს კონკრეტულ დროში თუ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე თითოეულ ინდივიდუალურ საქმეზე მიღებულ სასამართლო აქტს. მართლმსაჯულების ფარგლებში მიღებული აქტები თავისთავად არის საზოგადოების მომეტებული ინტერესის საგანი.
7.4.2. პირის ინტერესი, არავისთვის გახდეს ხელმისაწვდომი სასამართლოს აქტებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია
52. როგორც აღინიშნა, სასამართლოს აქტებზე ხელმისაწვდომობას უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული პირის უფლება, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, დასახელებული დებულება იცავს პირის უფლებას, „მოითხოვოს სახელმწიფოსგან ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული, მის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამხელისაგან დაცვა. ამ უფლებას სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულება შეესატყვისება – არ დაუშვას აღნიშნული მონაცემების ხელმისაწვდომობა, გარდა კონსტიტუციით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა“ (Mutatis Mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/3/406,408 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ „პიროვნების თავისუფალი განვითარება უპირობოდ გულისხმობს ინდივიდის არჩევანს, თავად გადაწყვიტოს, რომელ ინფორმაციას არ გახდის საჯაროს საკუთარ თავთან მიმართებით. თითოეული ადამიანის არჩევანი საჭიროებს სამართლებრივ დაცვას, რაც გარანტირებულია როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური თვალსაზრისით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
53. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი იცავს პირის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალობას - როგორიც შეიძლება იყოს მისი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო მონაცემები, ასაკი, სქესი და ა.შ. ამასთან, საჯარო დაწესებულებებში არსებული პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია და მონაცემი არ სარგებლობს დაცვის თანაბარი გარანტიით. პირის შესახებ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული მონაცემები, იმის გათვალისწინებით, თუ ვინ არის ეს პირი, რა ინფორმაციას შეიცავს ეს მონაცემები, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მონაცემების დაცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვისათვის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, განსხვავდება დატვირთვით და დაცვის საჭიროებით. ამავდროულად, კონფიდენციალობის დაცვის ინტერესი ნებისმიერ ყოფითი დანიშნულების ინფორმაციასთან დაკავშირებით არ არის მაღალი.
54. როგორც არაერთხელ აღინიშნა, პირის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა ემსახურება და ორგანულად უკავშირდება პირადი ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობის გარანტირებას. შესაბამისად, ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ხარისხი იცვლება იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას პირადი ცხოვრების უფლებისათვის. მისი დაცვის ინტერესი იზრდება პირადი ცხოვრების უფლებაზე ინფორმაციის გამჟღავნებით გამოწვეული ნეგატიური გავლენის ზრდასთან ერთად. ნეგატიური გავლენის ინტენსივობა და, შესაბამისად, ინფორმაციის დაცვის მაღალი ინტერესი, შესაძლოა, განაპირობოს ინფორმაციის კატეგორიამ, მიღებასა და გამჟღავნებასთან დაკავშირებულმა გარემოებებმა და სხვა მნიშვნელოვანმა ფაქტორებმა.
55. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებებში ასახული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას, ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, ჰქონდეს უდიდესი მნიშვნელობა ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვისათვის. თუმცა, ხშირ შემთხვევებში, ინფორმაცია შესაძლებელია, უკავშირდებოდეს კერძო პირს, თუმცა მისი გამჟღავნება მინიმალურ გავლენას ახდენდეს პირადი ცხოვრების უფლებაზე. უფრო მეტიც, სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ჩვეულებრივ, ასახულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც საქმის განმხილველმა სასამართლომ არ მიიჩნია იმდენად სენსიტიურად, რომ სხდომა დაეხურა.
7.4.3. სადავო ნორმებით დადგენილი ბალანსის კონსტიტუციურობა
56. როგორც აღინიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილების ღიაობას უკავშირდება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინტერესები, ხოლო მეორე მხარეს დგას პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესი, რომელიც სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებასთან მიმართებით განსხვავებულია. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები მიემართება ღია სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, მათში ასახული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ხარისხი შედარებით დაბალია და ვერ გადაწონის სასამართლოს გადაწყვეტილების ღიაობის აღმატებულ კონსტიტუციურ ინტერესს. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ღია სხდომაზე მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახული იყოს ინფორმაცია, რომლის ნებისმიერ დროს გასაჯაროება ნეგატიურ გავლენას მოახდენს პირადი ცხოვრების უფლებაზე. ამდენად, ცალკეულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია, არსებობდეს იმ პირის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის მომეტებული ინტერესი, რომელსაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ინფორმაცია. ამრიგად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ბალანსის შეფასებისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს აქტებში მოცემული ინფორმაციის ბუნებას, მათი გავრცელებისგან დაცვის ინტერესის შეპირისპირებას მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ინტერესთან.
57. სასამართლოს აქტში შესაძლებელია, ასახული იყოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს პირად ცხოვრებაზე და ზიანსაც კი მიაყენებს მას. მაგალითად, სასამართლოს აქტში, შესაძლოა, მითითებული იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების ამა თუ იმ ინტიმური დეტალის შესახებ და ა.შ. ამგვარ შემთხვევებში, ცხადია, იზრდება მსგავსი ინფორმაციის დაცვის ხარისხი და საჭიროება. ანალოგიურად, სასამართლოს აქტში შესაძლოა, მითითებული იყოს რაიმე ყოფითი ინფორმაცია, მაგალითად, პირის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესრულების, რაიმე სარგებლის მიღების ან გაცემის, კონკრეტულ დროს რომელიმე საჯარო ადგილას ყოფნის ან არყოფნის შესახებ და ა.შ. ცალკეული ყოფითი ფაქტის შესახებ არსებული ინფორმაციის გავრცელება, ჩვეულებრივ, არ ახდენს მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას პირად ცხოვრებაზე და, შესაბამისად, არ სარგებლობს მაღალი კონსტიტუციურსამართლებრივი დაცვის გარანტიით. თუმცა ამა თუ იმ შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლებელია, განსხვავებული იყოს კონკრეტული მონაცემის გავლენა პირადი ცხოვრების უფლებაზე და მისი კონსტიტუციურსამართლებრივი დაცვის ხარისხიც. პირის შესახებ არსებული ინფორმაციის გავრცელების გავლენა პირადი ცხოვრების უფლებაზე შესაძლოა, ასევე განაპირობოს ინფორმაციის გავრცელების ფორმამ, მეთოდმა, ინტენსივობამ და სხვა ფაქტორებმა.
58. ამრიგად, შეპირისპირებულ ინტერესებს შორის ბალანსი თითოეულ შემთხვევაში ინფორმაციის შინაარსსა და ინდივიდუალურ გარემოებებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ამა თუ იმ გადაწყვეტილების ღიაობის საკითხიც თავად ამ გადაწყვეტილებაში ასახული ინფორმაციის ბუნებიდან და ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, იძლევა თუ არა სადავო ნორმები იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი ხელმისაწვდომობის საკითხი სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებაში მითითებული პირადი ინფორმაციის ხასიათისა და ბუნების მიხედვით გადაწყდეს.
59. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმები ადგენს განსხვავებულ რეჟიმს ე.წ. „ჩვეულებრივი“ და „განსაკუთრებული“ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობასთან დაკავშირებით. დასახელებული ნორმები სრულად გამორიცხავს განსაკუთრებული პერსონალური მონაცემის მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე გაცემის შესაძლებლობას,ხოლო, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი უშვებს „ჩვეულებრივი“ პერსონალური მონაცემების გარკვეულ პირობებში გაცემას, მათ შორის, „როდესაც მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი“ ან „მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად“.
60. განსაკუთრებული პერსონალური მონაცემები მოიცავს ინფორმაციის საკმაოდ ფართო წრეს. ასეთ მონაცემებს განეკუთვნება მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
61. დასახელებულ საკანონმდებლო კატეგორიაში მოქცეული „განსაკუთრებული“ პერსონალური მონაცემების გავრცელებამ შესაძლოა, არაერთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა მოახდინოს პირადი ცხოვრების უფლებაზე. აღნიშნულის მიუხედავად, ცალკეული პირის, არსებული კონტექსტის, ინფორმაციის გავრცელების არეალის, ფორმის და სხვა არაერთი გარემოების გათვალისწინებით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ყოველთვის არ ახდენს არსებით გავლენას პირად ცხოვრებაზე და ვერ გადაწონის სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის საზოგადოებრივ ინტერესს.
62. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი მხედველობაში არ იღებს ინფორმაციის გავრცელების უარყოფით გავლენას პირადი ცხოვრების უფლებაზე და კონსტიტუციის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ ზღუდავს ასეთი ტიპის პერსონალური მონაცემების ან მათი შემცველი სასამართლოს აქტების გაცემას. შესაბამისად, განსაკუთრებულ პერსონალურ მონაცემთან მიმართებით, სადავო ნორმა ადგენს ბლანკეტურ შეზღუდვას, რომელიც უფლებას ზღუდავს, მათ შორის, იმ შემთხვევებშიც, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების ღიაობის ინტერესი მნიშვნელოვნად აღემატება პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის ინტერესს.
63. „ჩვეულებრივი“ პერსონალური მონაცემების შემცველი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ინფორმაციის მომთხოვნი პირის კანონიერი ინტერესის დასაცავად ან, თუ კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად. აშკარაა, რომ ხსენებული ნორმა მიემართება საგამონაკლისო შემთხვევებს და მასში მითითებული „კანონიერი ინტერესი“ უფრო ვიწროა, ვიდრე პირის ზოგადი ინტერესი, მიიღოს საჯარო ინფორმაცია. ასევე, არცერთი მოქმედი საკანონმდებლო აქტი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლოს აქტებში მოცემულ პერსონალურ ინფორმაციაზე პირის ხელმისაწვდომობა განხილულ იქნეს მის „კანონიერ ინტერესად“ ან „კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის“ დაცვად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის, ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამდენად, პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებული ინფორმაციის ღიაობა არ არის დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. შესაბამისად, ვერც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავში მოცემული ნორმები განაპირობებს სასამართლოს გადაწყვეტილების ღიაობაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესების არსებობას.
64. ამდენად, „ჩვეულებრივი“ მონაცემების შემცველი სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნისას ინფორმაციის მომთხოვნი მხარე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ მას ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე ხელმისაწვდომობის არა ზოგადი, არამედ გამორჩეული ინტერესი გააჩნია. დასახელებული სადავო ნორმით დადგენილი ბალანსი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას. როგორც უკვე აღინიშნა, არსებობს პირის აღმატებული ინტერესი ნებისმიერი სასამართლო გადაწყვტილების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. კონსტიტუციით დადგენილი ღირებულებათა წესრიგის ფარგლებში, სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია, თუ არ არის მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის დასაბუთებული საჭიროება. სადავო ნორმებით დადგენილი ბალანსი კი აღნიშნულის საპირისპიროა, რადგან სასამართლოს აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემები, როგორც წესი, დახურულია, თუ დაინტერესებული პირი არ დაასაბუთებს, რომ არსებობს აქტის ღიაობის მომეტებული ინტერესი.
65. სადავო ნორმებით დადგენილი ბალანსის კონსტიტუციასთან შეუსაბამობას ვერ გამორიცხავს ის გარემოება, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, მომეტებული ინტერესის დასაბუთების შემთხვევაში შესაძლებელია, სასამართლოს აქტში მოცემული პერსონალური მონაცემების საჯარო ინფორმაციის ფორმით გაცემა. როგორც აღინიშნა, პერსონალური მონაცემების სასარგებლოდ დადგენილი პირველადი ბალანსი არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ღირებულებათა წესრიგთან. ასეთი რეგულაციის პირობებში რამდენადმე მცირდება მართლმსაჯულების საზოგადოებრივი კონტროლისა და, შესაბამისად, საზოგადოებრივი ნდობის ხარისხი. არაერთ შემთხვევაში, დაინტერესებული პირისათვის უშუალოდ პერსონალური მონაცემების გაცნობის გარეშე შეუძლებელია მომეტებული ინტერესის დასაბუთება. თითოეულ შემთხვევაში სასამართლოს აქტში მოცემული პერსონალური მონაცემების გაცემისას ინფორმაციის ღიაობის მომეტებული ინტერესის დასაბუთების მოთხოვნა, გამორიცხავს სასამართლოს გადაწყვეტილებების შემთხვევითი პრინციპით კონტროლს, მათში შესაძლო გადაცდომების, გარკვეული მიკერძოების ტენდენციებისა თუ შერჩევითი მართლმსაჯულების ეფექტიან საზოგადოებრივ ზედამხედველობას. შეზღუდვის ინტენსივობა კიდევ უფრო იზრდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხდება სასამართლოს აქტის დეპერსონალიზებული ფორმით გაცემის უზრუნველყოფა და დაინტერესებული პირებისათვის სრულად ხელმიუწვდომელია სასამართლოს აქტი, რაც არა მხოლოდ შემთხვევით კონტროლს გამორიცხავს, არამედ - უგულებელყოფს სამართლებრივი უსაფრთხოების მოთხოვნას - საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოცემული დასაბუთება - მოქმედი კანონმდებლობის ავტორიტეტული განმარტება.
66. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს კანონმდებლის ლეგიტიმურ შესაძლებლობას, რომ პირის შესახებ არსებული ცალკეული კატეგორიის ინფორმაციასთან დაკავშირებით დაადგინოს იმგვარი ბალანსი, რომლის ფარგლებშიც, როგორც წესი, არ გაიცემა სასამართლო აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემები უშუალოდ სუბიექტის ნების გარეშე. ასეთი რეჟიმი შეიძლება დადგინდეს ინფორმაციის გავრცელების ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება ინფორმაციის შინაარსის, სუბიექტის, გასაჯაროების ფორმის, ვადის, მეთოდის თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ინტენსიურ გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაზე. მაგალითად, ასეთ კატეგორიაში შეიძლება მოექცეს მონაცემები არასრულწლოვანი პირების შესახებ, ინფორმაცია ინტიმურ სფეროებთან დაკავშირებით და ა.შ. ასეთ შემთხვევებში, ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მომეტებულმა ინტერესმა, შესაძლოა, გადაწონოს საზოგადოების ინტერესი, რომ სასამართლოს აქტების გაცნობის გზით განახორციელოს მართლმსაჯულებაზე ზედამხედველობა. ამავდროულად, აუცილებელია, ასეთი კატეგორიის ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მხედველობაში მიიღონ, ხომ არ არსებობს კონკრეტულ საქმეზე მომეტებული/გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც, თავის მხრივ, საქმის კატეგორიის, სამართალწარმოების მონაწილეებისა თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით, გადაწონის მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის ინტერესს. მაგალითისთვის, თუ საქმე შეეხება სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, შესაძლოა, არსებობდეს მის მიმართ მომეტებული/გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოირიცხოს ინფორმაციის დახურვის საფუძველი.
67. აშკარაა, რომ კანონმდებელს აქვს შესაძლებლობა, შექმნას სასამართლოს გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობის უფლებისა და პირადი ცხოვრების დაცვის არსებულზე უკეთესად დაბალანსებული სისტემა. მაგალითად, ნაცვლად არსებული საკანონმდებლო მოდელისა, შესაძლოა, შეიქმნას სისტემა, რომლის ფარგლებშიც ღია სხდომაზე მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული პერსონალური მონაცემების დაცვა დამოკიდებული იქნება იმაზე, აქვს თუ არა მისი კონფიდენციალობის დაცვის ინტერესი უშუალოდ მონაცემთა სუბიექტს. ხოლო, პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის ამგვარი ინტერესის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების ღიაობა ზემოთხსენებული ინტერესებისა (იხ. პარაგრაფები 42-51) და მასში ასახული პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის დაცვის ინტერესების დაბალანსების შედეგად გადაწყდება. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ კანონმდებელმა უნდა შექმნას მოქნილი სისტემა, რომელიც დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას, მოკლე დროში მიიღონ ესა თუ ის სასამართლო აქტი. საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება არაეფექტური გახდება თუ მისი მოთხოვნის შემდეგ, მასში არსებული პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხის გადაწყვეტა არაგონივრულად გაჭიანურდება. მაგალითად შეიძლება შეიქმნას სისტემა, რომლის ფარგლებშიც, სასამართლოს გადაწყვეტილების საჯაროობის საკითხი დაინტერესებული პირის მიერ მის მოთხოვნამდე გადაწყდება. ეს შეიძლება განხორციელდეს თავად საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ ან/და უკვე დასრულებულ საქმეებზე ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის შესახებ პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში ან/და სხვა მოდელის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობის უფლების სწრაფ და ეფექტურ რეალიზებას.
68. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილია არაკონსტიტუციურ ინტერესთა ბალანსი და დარღვეულია თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები. შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
8. გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება
69. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების დაუყოვნებლივ ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობა შექმნის მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანების საფრთხეს. უპირველესად, როგორც წინამდებარე გადაწყვეტილებაში აღინიშნა, სასამართლოს აქტებზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია, შეიზღუდოს მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად, მათ შორის, მაშინ, როდესაც დასახელებულ აქტებში მოცემულია პირის შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს პირადი ცხოვრების უფლებაზე და მისი კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესი გადაწონის სასამართლოს აქტებზე ხელმისაწვდომობის ინტერესს. წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში აღარ იარსებებს პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასამართლოს აქტების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, რის გამოც, შესაძლებელია, დაირღვეს პირების პირადი ცხოვრების უფლება.
70. ამავდროულად, წინამდებარე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითა, რომ ნორმები არ ითვალისწინებდა სათანადო მექანიზმს, რომლის გამოყენებითაც ეფექტურად დადგინდებოდა, აქვს თუ არა პერსონალური მონაცემის სუბიექტს აღნიშნული მონაცემის კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესი. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი უფლებაშემზღუდველი ღონისძიების აუცილებლობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, შემოღებულ იქნეს ამგვარი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სასამართლოს აქტებზე ხელმისაწვდომობა პირის შესახებ არსებული ინფორმაციის დასაცავად შეიზღუდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით გამოხატავს აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ეს სტანდარტი მიემართება როგორც მიმდინარე, ისე უკვე დასრულებულ სამართალწარმოების შედეგად შექმნილ სასამართლოს აქტებს. ამდენად, მნიშვნელოვანია, სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე კანონმდებელს მიეცეს შესაძლებლობა, შემოიღოს გარდამავალი პერიოდის რეგულირება, რომლის ფარგლებშიც, იმ პირებს, ვის შესახებაც არის მოცემული ინფორმაცია ამა თუ იმ სასამართლოს აქტში, მიენიჭოთ ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის ინტერესის გამოხატვის საშუალება.
71. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი 2020 წლის პირველი მაისიდან.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების, 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №693 და №857 კონსტიტუციური სარჩელები („ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს.
2. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას.
3. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2020 წლის პირველი მაისიდან.
4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი