ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/23/693 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 22 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 დეკემბერი 2016 20:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე,
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №693) მიმართა ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდმა“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 24 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 22 დეკემბერს.
2. №693 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა“. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება. მე-2 პუნქტი კი თავის მხრივ განსაზღვრავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი მონაცემთა დამუშავება.
4. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია პირის გამოხატვის თავისუფლება. 41-ე მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“.
5. მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას საჯარო ინფორმაციის საფუძველზე კვლევებისა და ანგარიშების შედგენა, ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ პერიოდული ანგარიშების საშუალებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდისთვის“ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საჯარო დაწესებულებებში დაცულ საჯარო ინფორმაციაზე წვდომას.
6. №693 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა 2014 წლის 23 აპრილის №ას-1332-1258-2012 განაჩენი დაუშტრიხავი სახით, რათა მისთვის შესაძლო ყოფილიყო აღნიშნული დოკუმენტის დამუშავება და საქმეში მონაწილე პირების იდენტიფიცირება. ხსენებული განაჩენი შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის სისხლის სამართლის საქმეს, შესაბამისად, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი მსჯავრდებულის მიმართ არ იყო პროპორციული და დაინტერესდა საქმის პროკურორის ვინაობით. აღნიშნული ინფორმაცია არ განეკუთვნება სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ თუ პერსონალურ მონაცემებს. ბრალდების მხარე სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობს საქართველოს სახელით, შესაბამისად, პროკურორების საქმიანობა სასამართლო პროცესებზე წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს და დაუშვებელია, რომ სახელმწიფომ ის დაფარა. ამავე წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდს“ გაუგზავნა პასუხი და არ მიაწოდა მოთხოვნილი სახით სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძვლადაც მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 44-ე მუხლები. 5 ნოემბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა საქალაქო სასამართლოს, ამჯერად განაჩენის დაშტრიხული სახით მისაღებად. 6 ნოემბერის წერილით ირკვევა, რომ მოსარჩელეს არ მიეწოდა განაჩენის ასლი, რადგან მიჩნეულ იქნა, რომ ამგვარად გახმაურდებოდა საქმეში მონაწილე პირების პერსონალური მონაცემები. შედეგად, მოსარჩელემ ვერ შეძლო გაცნობოდა სასამართლოს დასაბუთებას, ასევე ვერ გამოარკვია პროცესში ჩართული იმ პირების ვინაობა, რომლებიც წარმოადგენდნენ სახელმწიფოს.
7. ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ მტკიცებით, გადაწყვეტილების გაცნობა და შეფასება საზოგადოებისათვის მართლმსაჯულების კონკრეტული სუბიექტის პერსონიდან გამომდინარე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. მოსარჩელის განმარტებით, საერთო სასამართლოები გადაწყვეტილებების დაშიფრვის კანონიერი ინტერესის ან სხვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის შესაძლებლობაზე მსჯელობის გარეშე, ყველა გადაწყვეტილებაში ფარავენ ფიზიკური თუ იურიდიული პირის სახელს, გვარს და სახელწოდებას შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის გამომთხოვი პირისთვის უცნობი რჩება როგორც საქმეში მონაწილე საჯარო პირების, ასევე პროკურორის, მონაწილე მოწმეებისა და ექსპერტების ვინაობა. გარდა ამისა, სასამართლო არა სხდომაზე, არამედ წერილობითი ფორმით, თავის გადაწყვეტილებაში ხსნის ამა თუ იმ შედეგამდე მისვლის არგუმენტებსა და დასაბუთებას.
8. მოსარჩელის განმარტებით, ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაუშტრიხავი სახით მიწოდება წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების საჯაროობისა და საქვეყნოობის პრინციპიდან გამომდინარე უფლების ნაწილს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომის საჯაროობა მიზნად ისახავს მართლმსაჯულების განხორციელების გამჭვირვალობით მესამე პირების ინფორმირებას და აღნიშნული პრინციპები არა მხოლოდ პროცესზე ფიზიკურად დასწრების შესაძლებლობას გულისხმობს, არამედ პირის უფლებასაც, გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ჰქონდეს სრული და ჯეროვანი წვდომა. გარდა ამისა, საჯაროობა მთელი პროცესის გამჭვირვალობას მოიცავს. მოსარჩელის მტკიცებით, აზრს მოკლებულია იმ ინფორმაციის დამალვა, რომელიც ღია პროცესზეა განხილული.
9. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების დაშტრიხვა საქართველოს კანონმდებლობის სხვა ნორმებთან თანხვედრაში არ მოდის და მიუთითებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6, მე-13, 131 მუხლებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10, 182-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 და 394-ე მუხლებზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველ მუხლზე.
10. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სადავო ნორმით და მისი პრაქტიკაში გამოყენებით იზღუდება ინფორმაციის თავისუფლება. მისი განმარტებით, ბუნებრივია, რომ ამ უფლებას უპირისპირდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესი, თუმცა თითოეული შემთხვევა უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს დისკრეციას ან დეტალურ რეგულირებას, თუ რა შემთხვევაში არის სავალდებულო სასამართლო გადაწყვეტილებებში პერსონალური მონაცემების დაფარვა. ბუნდოვანია ზემოთ დასახელებული განაჩენის გაუცემლობის ლეგიტიმური მიზანი, რამდენადაც მედიამ ისედაც გააშუქა როგორც ბრალდებულის ვინაობა, ასევე სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირი სახის სენსიტიურ ინფორმაციას. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა არის არაპროპორციული და გამოყენებული საშუალება არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.
11. ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდს“ მიაჩნია, რომ, თუკი მისთვის მიუწვდომელი იქნება საჯარო ინფორმაცია, შეუძლებელი იქნება კვლევებისა და დასკვნების მომზადება და შეიზღუდება მისი როგორც ორგანიზაციის გამოხატვის თავისუფლება, რადგან ამგვარი შეზღუდვა წარმოადგენს იურიდიული თუ ფიზიკური პირის შეზღუდვას საზოგადოებაში, ღიად ისაუბროს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე. ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი დისკუსიისა და აზრთა სხვადასხვაობის არსებობის უზრუნველყოფა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსები, რომლებიც კანონიერი ინტერესის არარსებობის მიუხედავად, უშვებს სასამართლოს გადაწყვეტილებაში/განჩინებაში/განაჩენში მონაწილე პირების ვინაობისა და სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის განურჩევლად დაფარვას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 41-ე მუხლის პირველ პუნქტს.
13. მოსარჩელეს საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოჰყავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1.კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2.№693 კონსტიტუციური სარჩელის ავტორს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 41-ე მუხლის პირველ პუნქტს. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია პირის გამოხატვის თავისუფლება. 41-ე მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლისაგან განსხვავებით, რომლითაც გარანტირებულია ინფორმაციის „თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ინფორმაციის მატარებლებიდან, რომლებიც გამოსადეგია ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-398 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-14), საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი არ აწესრიგებს ინფორმაციის მოპოვებას საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან. სახელმწიფო დაწესებულებები არ წარმოადგენენ ამგვარ წყაროებს. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის ყურადღების ცენტრში მოქცეულია სწორედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურსამართლებრივი რეჟიმი, რა თქმა უნდა, განსხვავდება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის წყაროებიდან ინფორმაციის მიღების სამართლებრივი რეჟიმისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
4. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის პროპლემურია ინფორმაციის მიღება არა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებიდან, კერძოდ, საერთო სასამართლოებიდან. ზემოთ მოყვანილი საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელის უფლება, გამოითხოვოს ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებიდან, არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლიდან.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №693 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №693 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 და 33-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №693 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №693 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა