ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N693 |
ავტორ(ებ)ი | ააიპ „მედიის განვითარების ფონდი |
თარიღი | 20 ნოემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან: ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქარტველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. ააიპ „მედიის განვითარების ფონდმა“ თბილისის საქალაქო და საქართველოს უზენაესი სასამართლოებისაგან გამოითხოვა განჩინება და გადაწყვეტილება. ორივე შემთხვევაში ორგანიზაციას უარი უთხრეს საჯარო ინფორმაციის სრულად გაცემაზე სადავო ნორმების საფუძველზე. შედეგად, „მედიის განვითარების ფონდს“ შეეზღუდა საჯარო ინფორმაციაზე წვდომა. გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-16 მუხლით და მე-20 მუხლის პირველი პუნქტით. ვ)კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში. ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის ნორმატიული შინაარსის, რომელიც უშვებს - კანონიერი ინტერესის არ არსებობის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილებაში/განჩინებაში/განაჩენში მონაწილე პირების ვინაობისა და მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის აპრიორი განურჩევლად დაფარვა, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.
2015 წლის 2 ნოემბერს, ააიპ „მედიის განვითარების ფონდი“-მა მოითხოვა ყოფილ საჯარო პირთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება დაუშტრიხავი სახით, იმგვარად, რომ ორგანიზაციისათვის იდენტიფიცირებადი გამხდარიყო საქმეში მონაწილე მხარეები (იხ. დანართი I). 2015 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ააიპ „მედიის განვითარების ფონდ“-ს გაუგზავნა პასუხი და არ მიაწოდა მოთხოვნილი სახით სასამართლოს გადაწყვეტილება. რაზეც საფუძვლად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 44-ე მუხლები (იხ.დანართი II). მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება მიიღოს საჯარო ინფორმაცია კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. ააიპ „მედიის განვითარების ფონდ“-მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოდან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის ასლი იმგვარად, რომ არ დაეშტრიხათ საქმეში მონაწილე პირების ვინაობა. 2015 წლის 5 ნოემბერს ააიპ „მედიის განვითარების ფონდმა” კვლავ მიმართა საქალაქო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს გელა ხვედელიძის საქმე მოეწოდებინა დაშტრიხული სახით (დანართი III). 2015 წლის 6 ნოემბერს, უწყების მიერ გამოგზავნილი წერილით არ მოგვეწოდა გადაწყვეტილების ასლი, რადგან მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნულით გახმაურდებოდა პერსონალური მონაცემები (დანართი IV). შედეგად, ააიპ „მედიის განვითარების ფონდმა” ვერ მიიღო სასამართლოს განჩინებაში არსებული დასაბუთება გელა ხვედელიძის მიმართ, ასევე პროცესში ჩართული იმ პირების ვინაობა, რომლებიც სახელმწიფოს წარმოადგენდნენ. მედიიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა მხოლოდ პირის მიმართ წარდგენილი სასჯელი, ხოლო სასამართლოს სრული გადაწყვეტილება ხელმიუწვდომელია. თბილისის საქალაქო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გამცემმა უწყებამ არ მოგვაწოდა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძის სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ასლი არც დაშტრიხული და არც დაუშტრიხავი სახით. უწყების განმარტებით, მათ მიიღეს რეკომენდაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის გამოთხოვა ხდება საქმეში მონაწილე პირის მიხედვით, უწყება საერთოდ არ გასცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას და სამართლებრივ საფუძვლად სადავო ნორმა მიუთითეს. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, როდესაც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა საქმეში მონაწილე პირების მითითებით ხდება. ვინაიდან ჩვენთვის უცნობია საქმის ნომერი, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ გამოვითხოვოთ და გავეცნოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე გავარკვიოთ, საქმის წარმოების სხვა დეტალები. ააიპ „მედიის განვითარების ფონდი“ არის არასამთავრობო, ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს სხვადასხვა საჯარო ინტერესის საქმეზე, მათ შორის, საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის საფუძველზე კვლევებისა და ანგარიშების შედგენა. ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ანალიზი და საზოგადოებისათვის მისი მიწოდება. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მიღების გარეშე ორგანიზაცია პრაქტიკულად შესაძლებლობას არის მოკლებული, რომ შეაფასოს და იგი მიაწოდოს ფართო საზოგადოებას. ამჟამად ორგანიზაცია ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით ახორციელებს ერთწლიან პროექტს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია მთავრობის "2014-2020 წლის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის" გამოხატვის თავისუფლების თავის შესრულების მონიტორინგის განხორციელება. ამ პროქეტის ფარგლებში ჩვენი ორგანიზაციის მიზანია კონტროლი გაუწიოს ხელისუფლების საქმიანობას და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაცია აცნობოს საზოგადოებას პერიოდული ანგარიშების საშუალებით. ამ ფუნქციის ეფექტურად შესასრულებლად აუცილებელია საჯარო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციზე წვდომა, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცნობა და ანალიზი. ჩვენ მიერ განსახორციელებელი პროექტი არის ვადებში განსაზღვრული და ინფორმაციის დროულად მოპოვება გადამწყვეტია ორგანიზაციის ვალდებულებების ეფექტურად შესასრულებლად, რაც თავის მხრივ აისახება საზოგადოებისათვის ინფორმაციის არაჯეროვნად, არასრულად მიწოდებაზე.
საერთო სასამართლოების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი პირები არ განიხილავენ არსებობს თუ არა კანონიერი ინტერესი ან სხვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის შესაძლებლობა, არამედ ყველა გადაწყვეტილებაში ფიზიკური პირის სახელს, გვარს, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ორგანიზაციის დასახელებას ფარავენ და ამგვარად აწოდებენ ინფორმაციას მომთხოვ პირებს. აღნიშნული ინფორმაციის არმიწოდების შედეგად ჩვენთვის უცნობია, როგორც საქმეში მონაწილე საჯარო პირების, ასევე საქმის პროკურორის, საქმეში მონაწილე მოწმეებისა და ექსპერტების ვინაობა. გელა ხვედელიძეს ბრალად ედებოდა ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ამ საქმის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად, რამდენადაც ბრალდებულ პირს წარმოადგენდა საჯარო მოხელე. ამავე დროს, ყოველ სისხლის სამართლის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს პროკურორის ვინაობა, რაც ასევე დაფარულია სასამართლოდან მოთხოვნილ საქმეებში. აღნიშნული საქმე მედიის მიერ იქნა გაშუქებული, სადაც იდენტიფიცირებული იყო ბრალდებულის ვინაობა და სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი.
2015 წლის 3 ნოემბერს, ააიპ „მედიის განვითარების ფონდ“-მა ასევე გამოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის ნომრის მიხედვით. ეს გადაწყვეტილებაც გამოვითხოვეთ იმდაგვარად, რომ საქმეში იდენტიფიცირებული ყოფილიყო საქმეში მონაწილე მხარეები. აღსანიშნავია, რომ ამ საქმის დავის საგანს წარმოადგენდა ადგილი ჰქონდა თუ არა პირის მიმართ ცილისწამებას. საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მოსარჩელე მხარის მიმართ ცილისწამებას. გაზეთში მოსარჩელე მხარე ნახსენები იყო იმდაგავარად, რომ მასზე გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია საზოგადოებისათვის იდენტიფიცირდებოდა მოსარჩელე მხარის მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე მხარეს დაეკისრა, როგორც კომპენსაციის გადახდა, ასევე გაზეთში სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება. 2015 წლის 6 ნოემბრის წერილით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი გვითხრა აღნიშნული საქმის დაუშტრიხავი სახით მოწოდებაზე (დანართი VI). შედეგად ორგანიზაციამ ვერ მიიღო ინფრომაცია საქმეში მონაწილე მხარეების ვინაობის შესახებ. უწყება ამ გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლს და მიიჩნევს, რომ არ უნდა გაახმაუროს პირად საიდუმლობას მიკუთვნებული ინფორმაცია. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ შეიცავდა პირად საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფომრაციას, ან ისეთ ინფორმაციას, რომლის მიმართაც იარსებებდა გასაიდუმლოების კანონიერი ინტერესი. სასამართლოს გადაწყვეტილებების აპრიორი დაშტრიხვა არ აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტს და არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება. აღნიშნულის შესაბამისად, ის ინფორმაცია, რომელიც კანონით მიკუთვნებულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო არ გასცემს მესამე პირებზე, თავად სუბიექტის თანხმობის გარეშე. შესაბამისად, სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიცავს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს არ გაიცემა მესამე პირებზე დაუშტრიხავი სახით, ასევე არ გაიცემა დაშტრიხული სახითაც, თუკი ინფორმაციის გამომთხოვი პირი ინფორმაციას გამოითხოვს საქმეში მონაწილე პირის მიხედვით.
სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით: „აღნიშნული მუხლი (კონსტიტუციის 41-ე მუხლი) ღიად მიიჩნევს სახელმწიფო დაწესებულებებში დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას და ყველა [მოქალაქეობის მიუხედავად] ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აძლევს მათი გაცნობის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის #2/3/364 გადაწყვეტილება). შესაბამისად, კონსტიტუციის 41-ე მუხლის სუბიექტები შეიძლება იყვნენ, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ააიპ „მედიის განვითარების ფონდი“ წარმოადგენს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს. ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეა. კონსტიტუციის 41-ე მუხლით დაცულ სფეროში მოიაზრება მხოლოდ ოფიციალურ წყაროებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. „კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ეხება სუბიექტს, რომელიც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით ოფიციალური წყაროებიდან. ამ პუნქტით დაცული სიკეთეა პირის უფლება მიიღოს ინფორმაცია ოფიციალური ჩანაწერებიდან. ამავდროულად, დადგენილია, ამ უფლების შეზღუდვის შემთხვევებიც. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ინფორმაციის თავისუფლებას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნორმა ინფორმაციის თავისუფლებით სარგებლობის კონკრეტულ სახეს - ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაციის მიღების უფლებას იცავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.3 ). საქართველოს კონსტიტუცია ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მეტ გარანტიას იძლევა და სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს პიროვნებას ინფორმაციის მიღებაში, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას, გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ზღუდავს აღნიშნულ უფლებას, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის #2/3/364 გადაწყვეტილება). „საჯარო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებით პირი სარგებლობს იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მიზეზის მისაღწევად სჭირდება მას აღნიშნული ინფორმაცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის #1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.4.). ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის მოთხოვნისას არ არსებობს საჭიროების დასაბუთების ვალდებულება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომის შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს საჯარო დაწესებულებიდან იყოფა რამდნიმე ჯგუფად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.3). ამ ჯგუფებს შორის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია მათში შემავალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი: 1. 1. ინფორმაცია, რომელიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველ პირს შეეხება. ეს ინფორმაცია კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით პირს მიეწოდება დაუბრკოლებლად. 2. 2. ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ინფორმაციის მიღების მსურველს არ შეეხება. ინფორმაციის ამ ტიპში იგულისხმება საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია, რომელიც მას არ შეეხება. ამ ტიპის ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კანონით დადგენილი წესის დაცვით. კონსტიტუცია არ გვთავაზობს კონკრეტულ წესს, თუმცა კონსტიტუციის 41-ე მუხლი ადგენს სტანდარტს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებელმა, როდესაც მითითებულ წესს შესთავაზებს საკუთარ მოქალაქეებს. 3. 3. ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. ეს წარმოადგენს კონსტიტუციით უმეტესად დახურულ ინფორმაციას, რომლის მიღებაც ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის არ არის შესაძლებელი. თუმცა ამ ინფორმაციის გასაიდუმლოებასაც ავტომატურად არ გულისხმობს კონსტიტუციის 41-ე მუხლი. ინფორმაცია რამდენად წარმოადგენს გასასაიდუმლოებელ სახელმწიფო, პროფესიულ თუ კომერციულ საიდუმლოებას ეს შეფასების საგანს წარმოადგენს. გასაიდუმლოებისათვის საჭიროა კონკრეტული პროცედურების გავლა, რომელიც დადგენილია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქმე გვაქვს მეორე ჯგუფის ინფორმაციასთან, რომელიც უშუალოდ გამომთხოვ პირს არ შეეხება, მაგრამ ამავე დროს არ არის კომერციული, პროფესიული თუ სახელმწიფო საიდუმლოება. საქმე ეხება მართლმსაჯულების საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე საქვეყნოდ გამოცხადებულ გადაწყვეტილებაში მხარეების და იმ ინფორმაციის იდენტიფიცირებას, რომლის გასაჯაროებაც არ ემსახურება პირის კანონიერი ინტერესების შელახვას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, “საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები და ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.” ამ მუხლს საქართველოს საერთო სასამართლოები ეყრდნობიან იმ ნორმატიული შინაარსით, რომ ა პრიორი, განურჩევლად ნებისმიერი პერსონალური მონაცემის შემცველი დოკუმენტის გაცემა დაუშვებელია ამ მონაცემების დაფარვის გარეშე, თუ არ არსებობს პირის თანხმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც თავისთავად წარმოადგენს დაბრკოლებას ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით. იგივე პრობლემა არსებობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში, რადგან უწყებას უკრძალავს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გაცემას მონაცემთა სუბიექტის გარეშე, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა პირის კანონიერი ინტერესი.
გადაწყვეტილების საქვეყნოობა და საჯაროობა ნიშნავს, არა მხოლოდ პროცესზე ფიზიკურად დასწრებას, არამედ ასევე, პირის უფლებას გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ჰქონდეს მატერიელური სახით სრული და ჯეროვანი წვდომა. დაუსაბუთებელია, თუ რატომ შეიძლება დაიფაროს ინფორმაცია, რომელიც ღია პროცესზე არ არის განხილული. საჯაროობის პრინციპს არღვევს სწორედ ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება არ არის ხელმისაწვდომი სხვა მესამე პირებისათვის. სხდომის საჯაროობა კი მიზნად ისახავს მესამე პირების ინფორმირებას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. პროცესის საჯაროობა თავის მხრივ ხელს უწყობს მართლსამჯულების გამჭირვალედ მიმდინარეობას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაუშტრიხავი სახით მიწოდება ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების საჯაროობისა და საქვეყნოობის პრინციპის ნაწილს, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. პერსონალური მონაცემების დაუშტრიხვად გადაწყვეტილების მიწოდება მიზნად ისახავს გამჭირვალე მართლმსაჯულების აღსრულებას და პროცესის საჯაროობის განმტკიცებას, რაც მისი მიზნების გათვალისწინებით წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთ ასპექტს. მართლმსაჯულების საჯაროობა არ გულისხმობს მხოლოდ სასამართლო სხდომის ღიაობას. ეს ნიშნავს მთელი პროცესის და მისი ყველა მონაწილის ქმედებათა გამჭვირვალობას მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობას და მისი გაცნობისა და შეფასების უზრუნველყოფას. სასამართლო არა სხდომაზე, არამედ ხშირ შემთხვევაში სწორედ წერილობით გადაწყვეტილებაში უთითებს მთავარ არგუმენტებსა და დასაბუთებაზე. ხოლო გადაწყვეტილების გაცნობა და შეფასება საზოგადოებისათვის სწორედ მართლმსაჯულების კონრეტული სუბიექტის პერსონიდან გამომდინარე შეიძლება იყოს საინტერესო. ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლო ხშირ შემთხვევაში პრესას ავალდებულებს, რომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს საჯაროდ. აღნიშნული მიზნად ისახახავს, რომ პრესის საშუალებით გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია კონკრეტულ პირზე, რომელსაც შედეგად მიადგა ზიანი, მისი უფლებრივი მდგომარეობა აღდგეს სასამართლო გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნებით. გადაწყვეტილების მესამე პირებისთვის დაფარული სახით გაცნობა არ ემსახურება დარღვეული უფლების ჯეროვნად აღდგენას, რადგან მხარეები არ იქნებიან იდენტიფიცირებული და ინფორმაციას, რომელსაც მესამე პირები მიიღებენ არ მისცემს იმ პირების იდენტიფიცირების საშუალებას ვისი უფლების აღდგენასაც ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილებების დაშტრიხვა თანხვედრაში არ მოდის საქართველოს კანონმდებლობაში სხვა ნორმებთან. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დაშვებულია პროცესის საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე ტელევიზიით გაშუქება. მაგალითად, გელა ხვედელიძის საქმეზე სიუჟეტში მხარეები იყო იდენტიფიცირებული, ხოლო საქმის გამოთხოვის შემთხვევაში იგი არ მოგვეწოდა იმგვარი სახით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია ყოფილიყო იდენტიფიცირებული. ამ პირობებში გაუგებარია რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადავო ნორმა და მისი სასამართლოსეული განმარტება, რამდენადაც დასახელებული მიზანი - იდენტიფიცირების შეუძლებლობა ვერ იქნება მიღწეული თავად სასამართლო სხდომის საჯაროობიდან გამომდინარე.
კანონმდებლობის მოთხოვნები გადაწყვეტილების საქვეყნოობასთან დაკავშირებით: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის თანახმად მართლმსაჯულება ხორციელდება საქვეყნოობის პრინციპის დაცვით. ორგანული კანონის აღნიშნული პრინციპს კონკრეტულად განმარტავს ამავე კანონის მე-13 მუხლში. კერძოდ, საქმის განხილვის საქვეყნოობა ნიშნავს, რომ: (სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე; (2) დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; (3) სასამართლოს გაადწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ; (4) სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის თანახმად სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო, ვიდეო ჩაწერა. საასმართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო, ვიდეო ჩანაწერის მხარეებისათვის ხელმისაწვდომობა. საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე არის დასაშვები სასამართლო პროცესის ტელევიზიით გადაცემაც, რაც ასევე მიმართული არის მესამე პირების მიერ მართლმსაჯულების პროცესის თვალყურის დევნებისათვის. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება. მაუწყებლის მიერ სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიო ჩაწერა არის შესაძლეებლი, გარდა იმ შემთხვევისა თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია სასამართლო პროცესის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ. მაუწყებლებს გადაღების შემდეგ ეკისრებათ ვალდებულება, რომ აღნიშნული მასალა მიაწოდონ სხვა მაუწყებლებსაც („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მეორე, მესამე პუნქტები). გარდა მაუწყებლებისა პროცესის გადაღება შეუძლია სხვა ნებისმიერ პირსაც ((„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მე-4 პუნქტი). სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა. ამასთან, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ითვალისწინებს იმ სუბიექტებს, რომელთა ვინაობაც არ შეიძლება, რომ იქნეს გამჟღავნებული მართლმსაჯულებისა და თვით ამ პირის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო სხოდმის საჯაროობის პრინციპი მოცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომა, როგორც წესი ტარდება საჯაროდ და ზეპირად. სხდომის დახურვა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ. სისხლის სამართლის საპრცესო კოდექსის 182-ე მუხლი განსაზღვრავს კონკრეტულად სასამართლო სხდომის საჯაროობის პრინციპს. სსსკ-ის 182-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლო სხდომა ტარდება ზეპირად და საჯაროდ. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს სასამართლო დახურულ სხდომაზე განიხილავს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ დახურვის შესახებ: (ა) პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით; (ბ) არასრულწლოვანის ინტერესების დაცვის მიზნით; (ბ) პროცესის მონაწილის ან/და მისი ოჯახის წევრის (ახლო ნათესავის) პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ან თუ გამოიყენება პროცესის მონაწილის დაცვის ის სპეციალური ღონისძიება, რომელიც მოითხოვს სასამართლო სხდომის დახურვას; (4) სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით; (5) პირადი მიმოწერის და პირადი შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას, თუ ამაზე თანახმა არ არის პირი. სასამართლო პროცესის საჯაროობის პრინციპის მნიშვნელობა იკვეთება იმაშიც, რომ მოსამართლე ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს სასამართლო სხდომის დახურვის საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობას. სამოქალაქო საქმის განხილვის ფოტო, კინო -ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული. ამ ჩანაწერის არსებობს კარგავს აზრს სასამართლოს მიერ დღეს არსებული პრაქტიკის მიხედვით, როდესაც იშტრიხება სასამართლოს გადაწყვეტილებები. მესამე პირები ვერასდროს ვერ ისარგებელებენ კანონის ამ ჩანაწერით, თუკი საჯაროდ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მხარეები არ იქნებიან იდენტიფიცირებული. გადაწყვეტილებაში დაფარული სახელების პირობებში მხარე ვერასდროს გამოიყენებს უფლებას ცნოს მსგავსი გადაწყვეტილება უკანონოდ, რადგან იგი ვერ მიიღებს ჯეროვან ინფორმაციას საქმეში მონაწილე მხარეების გათვალისწინებით, ეხებოდა თუ არა კონკრეტული საქმე მის უფლებრივ მდგომარეობას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. აღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში გამოიყენება საჯაროობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი და პროპორციულობა სადავო ნორმით და მისი პრაქტიკაში გამოყენებით იზღუდება ინფორმაციის თავისუფლების უფლება. ბუნებრივია, ამ უფლებას უპირისპირდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესი, თუმცა თითოეული შემთხვევა უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, რომელიმე უფლების მეორის ხარჯზე შეზღუდვის სახით. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს დისკრეციას ან დეტალურ რეგულირებას თუ რა შემთხვევაში არის სავალდებულო სასამართლო გადაწყვეტილებებში პერსონალური მონაცემების დაფარვა. თუმცა ნორმის იმგვარად ამოქმედება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პერსონალური მონაცემეების დაცვის სასარგებლოდ გამოიყენებოდეს, ამ ნორმას აქცევს არაპროპორციულად შემზღუდავ ნორმად, როდესაც შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი ბუნდოვანი ხდება. მაგალითად, ასეთი ბუნდოვანია ლეგიტიმური მიზანი გელა ხვედელიძის განაჩენის გაუცემლობის შემთხვევაში დაინტერესებული ორგანიზაციებისა თუ მოქალაქეებისათვის. რამდენადაც ეს საქმე არის საყოველთაოდ ცნობილი და ასევე ცნობილია, როგორც გელა ხვედელიძის ბრალდების არსი ასევე სასამართლოს განაჩენის შინაარსი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირი სახის სენსიტიურ ინფორმაციას უფრო მეტიც, იმ პირობებში, როცა არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გადაწყვეტილებისა და მისი გაცნობის შესაძლებლობა, მთლიანი პროცესის გამჭვირვალობა სასარგებლო იქნებოდა დემოკრატიული პროცესისათვის. ამ შემთხვევაში მოქალაქეებს საშუალება აქვთ თავად დარწმუნდნენ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობასა და კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობაში. კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებებში გარკვეული ინფორმაციის დაფარვის ლეგიტიმური მიზანი, როცა საჯარო პროცესზე ნებისმიერი ეს ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მისი გავრცელება. სწორედ, კონკრეტული მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამო შეიძლება არსებობდეს გადაწყვეტილების მიმართ ლეგიტიმური ინტერესი. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ზოგიერთ გადაწყვეტილებაში, გარკვეული ინფორმაციის დაფარვა არ შეიძლება იყოს გამართლებული და მიზანშეწონილი, თუმცა კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს ამგვარი შემთხვევების განსხვავების შესაძლებლობას და ქმნიდეს შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, ამჟამად არსებული შეზღუდვა და მისი გამოყენება არის არაპროპორციული და გამოყენებული საშუალება არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.
ინფორმაციის თავისუფლების უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპია და იგი გამოხატვის თავისუფლების ნაწილს წარმოადგენს. სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. საკონსტიტუციო სასამართლომ ინფორმაციის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლებას დაუკავშირა, „აზრის გამოხატვის თავისუფლება, საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად, ინფორმაციის მიღების და გავრცელების შესახებ აღიარებულია... აღნიშნული უფლება შეესაბამება საჯარო ხელისუფლების ვალდებულებას, ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია გონივრული შეზღუდვების ფარგლებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის #2/2/359 გადაწყვეტილება საქმეზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.1). არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვასა და მის დამუშავებასთან. სახელმწიფო უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშვების შედეგად ჩვენი ორგანიზაცია ახდენს შეფასებების და დასკვნების გაკეთებას, რასაც გააცნობს ფართო საზოგადოებას. ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის გამოთხოვა ხდება ისეთ საკითხებზე, რომელიც წარმოადგენს მაღალი საჯარო ინტერესის საგანს. შედეგად, ორგანიზაციის მიერ გაკეთებული დასკვნები და შეფასებები მიეწოდება საზოგადოებას ღიად. თუკი ორგანიზაციისათვის მიუწვდომელი იქნება საჯარო ინფორმაცია, მისთვის შეუძლებელი იქნება კვლევებისა და დასკვნების გაკეთება და მისი საზოგადოებაში გამოხატვა. ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა წარმოადგენს იურიდიული თუ ფიზიკური პირის შეზღუდვას საზოგადოებაში ღიად ისაუბროს საჯარო ხელისუფლების დოკუმენტებში არსებული ინფრომაციის შეფასებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემა მჭიდროდ არის დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლებასთან. ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდეგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი დისკუსიისა და აზრთა სხვადასხვაობის არსებობის უზრუნველყოფა. ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება კი უზრუნველყოფს, რომ აზრი მივიდეს ავტორიდან ადრესატამდე. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე განაცხადა, რომ „სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო საასმართლოს 2006 წლის 14 ივლისის #2/3/364 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). მოცემულ საქმეში, ააიპ „მედიის განვითარების ფონდ“-ს მიაჩნდა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი მსჯავრდებულის მიმართ არ იყო სათანადო. შესაბამისად, დავინტერესდით, ვინ იყო აღნიშნული საქმის პროკურორი. სისხლის სამართლის საქმეებში შეჯიბერებითობის პრინციპიდან გამომდინარე მნიშვენლოვანია, თუ რამდენად წარმოადგენს თითოეული მხარე თავის პოზიციას. მოსამართლის მონაწილეობა არის მინიმალური და მთავარ როლს თამაშობს წარმოდგენილი მხარეები. შესაბამისად, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია დაინტერესდა გაეგო, თუ ვინ იყო გელა ხვედელიძის საქმეში პროკურორი. ამ შემთხვევაშიც ინფორმაციის გამომთხოვ პირებს დაშტრიხული სახით მიეწოდებათ პროკურორების სახელი და გვარი, რაც მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ განეკუთვნება სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ თუ პერსონალურ მონაცემებს. ბრალდების მხარე სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობს საქართველოს სახელით, შესაბამისად პროკურორების საქმიანობა სასამართლო პროცესებზე წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს და დაუშვებელია, რომ სახელმწიფომ მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებებში მათი დაფარვა.
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულია გამოხატვის თავისუფლების ზოგადი უფლება. “დემოკრატიის პრინციპს უკავშირდება ინფომრაციისა და აზრის თავისუფლება, რადგანაც ინფორმაციული ვაკუუმისა და აზრის შეზღუდვის პირობებში, წარმოუდეგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა და დემოკრატიული კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგის სიცოცხლისუნარიანობა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბერი #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. პ.II.4). საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს: “გამოხატვის თავისულფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვნი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #1/1/468 გადაწყვეტილება, II.პ.26). აღნიშნული უფლება პირველ რიგში სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია გონივრული შეზღუდვების ფარგლებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისის #2/2/359 გადაწყვეტილება საქმეზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.1). კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულია, როგორც ინფორმაციის მიღება, ასევე მისი გავრცელება. ვინაიდან საჯარო ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილებების სახით არის მიუწვდომელი მოსარჩელე მხარისათვის, ამით პრაქტიკულად ირღვევა კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლება. ააიპ “მედიის განვითარების ფონდი” ახდენს მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზს, მონიტორინგს უწევს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ქმედებებს და საზოგადოების ინფორმირებისა და ადვოკატირების გზით ცდილობს გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირებას. აღნიშნულ საქმიანობას, ორგანიზაცია კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული უფლების საფუძველზე ახდენს. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს უზღუდავენ სასამართლო გადაწყვეტილებებზე წვდომას, იწვევს მისი უფლების შეზღუდვას გაავრცელოს ინფორმაცია საზოგადოებაში.
საერთაშორისო მიდგომა ევროპული კანონმდებლობის მიხედვით, დოკუმენტებზე საჯარო დაშვების უფლება უნდა იყოს იმდენად ფართო, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ცხადია გამჭვირვალობასაც აქვს თავისი საზღვრები, თუმცა ეს საზღვრები დაფუძნებულია ზიანის პრინციპზე - როცა ინფორმაციის გამჟღავნება დააზიანებს კონკრეტულ საჯარო ან კერძო ინტერესს. თუმცა შეიძლება ინფორმაციის მიღების საჯარო ინტერესი აღემატებოდეს პოტენციურად დაზიანებულ ინტერესს და ინფორმაციაზე წვდომის საშუალება მაინც მიეცეს დაინტერესებულ მხარეს. ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვები უნდა დადგინდეს ინდივიდუალურ შემთხვევებში. შეზღუდვა ასევე შეიძლება იყოს დროებითი და მოქმედებდეს იმ დრომდე, სანამ ეს გამართლებულია.[[1] (Article 4(7) of Regulation 1049)] დოკუმენტის სრულად გაცემის შეზღუდვის საფუძველი შეიძლება იყოს კერძო ინტერესი: პერსონალური მონაცემების დაცვა.[[2] Article 4(1)(b) of the Regulation,] 1049/2001 რეგულაცია ადგენს დოქტრინას, რომ არ არსებობს პერსონალური მონაცემის შემცველი დოკუმენტის გაუცემლობის პრეზუმფცია და ყოველი დოკუმენტი უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს ინდივიდუალურად. ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულია ინფორმაციის თავისუფლება. ამ მუხლის ფარგლებში დაცულია არამარტო ინფორმაციის გავრცელების, ასევე მისი მიღების თავისუფლება. სახელმწიფოს გამჭვირვალობის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. ასევე საჯარო სამსახურში დაცული დოკუმენტების გამოთხოვის უფლება აღიარებულია, როგორც ევროკავშირის მოქალაქეების უმნიშვნელოვანესი უფლება. ბუნებრივია უფლება შეიძლება კონფლიქტში მოვიდეს სხვა მონაცემთა დაცვის უფლებასთან, თუ დოკუმენტთან დაშვება გამოამჟღავნებს პერსონალურ მონაცემს, შესაბამისად, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ინტერესების დაბალანსება. საქმეში Társaság a Szabadságjogokért v. Hungary [[3] ECtHR, Társaság a Szabadságjogokért v. Hungary, No. 37374/05, 14 April 2009; see paras. 27, 36–38. მოსარჩელეს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოითხოვა მიმდინარე საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია. პარლამენტის იმ წევრთან კონსულტაციის გარეშე, რომელმაც შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა ინფორმაციის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ამ შემთხვევაში გამჟღავნდებოდა მოსარჩელის პერსონალური მონაცემები, რისი ნებართვაც მისი მხრიდან არ არსებობდა. საერთო სასამართლოებმა გაამართლეს უარი, რამდენადაც ჩათვალეს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვა არ შეიძლებოდა გადაეწონა სხვა ლეგიტიმურ ინტერესს, მათ შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე, ვინაიდან წარმოადგენდა არასამთავრობო ორგანიზაციას, თავისი ფუნქციებით წარმოადგენდა ეგრეთ წოდებულ საზოგადოებრივ გუშაგს ( Social watchdog), რომლის საქმიანობაც დაცული იყო იმავე ფარგლებით, როგორც დაცულია მედია და პრესა. პრესასთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თანმიმდევრულად ადასტურებდა, რომ საზოგადოებას აქვს საჯარო ინტერესის ინფორმაციის მიღების უფლება. სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო ინტერესის ინფორმაციის მოპოვებისათვის შექმნილმა დაბრკოლებებმა შეიძლება დაუკარგოს მედიასა და მსგავსს სფეროებში მომუშავე ადამიანებს სტიმული, რომ შეასრულონ ‘საზოგადოებრივი გუშაგის’ სასიცოცხლო ფუნქცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი. განხილული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ პერსონალური მონაცემების დაფარვის ერთგვაროვანი პრაქტიკა გაუმართლებელია და თითოეულ შემთხვევაში ეს მიზანი უნდა შეფასდეს ლეგიტიმური საჯარო ინტერესის საპირწონედ, მათ შორის სასამართლო საქმეებში. ხშირად სასამართლო საქმეების მონაწილე მხარეს წარმოადგენს სწორედ საჯარო პირები, ვის მიმართაც არსებობს საჯარო ინტერესი, ან თავად საქმე წარმოადგენს საჯარო ინტერესის საგანს სწორედ ამ საქმის მხარეებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში ასახული პერსონალური მონაცემები იძლევა იმ მხარეთა იდენტიფიცირების საშუალებას, რომლებიც თავად წარმოადგენენ საჯარო ინტერესის საგანს. აქედან გამომდინარე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა კვლავ ეყრდნობა საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების პრინციპს. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა განვითარებული სახელმწიფოების სამართლებრივი კულტურის არსებითი პირობა, რადგან ის საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, რომ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ქმნის გარანტიებს, რომ საჯარო ხელისუფლებას ჰქონდეს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი, იყოს უფრო ეფექტური და ანგარიშვალდებული მოქალაქეთა მიმართ. დიდ ბრიტანეთში საქმეში Scott v Scott [4] 15 Scott v Scott [1913] AC 417, 463 (Lord Atkinson) qtd.] დადგინდა კონსტიტუციური მნიშვნელობის ზოგადი პრინციპი - მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ღიად, გამჭვირვალედ. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა იქნეს დაცული საიდუმლოება, როდესაც თავად საქმის შინაარსი მოითხოვს გასაიდუმლოებას. მართლმსაჯულების საჯაროობა საერთო სამართლის სისტემაში თავიდანვე მნიშვნელოვან პრინციპად ჩამოყალიბდა. მე-18 საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსის და იურისტის ჯერემი ბენთამის სიტყვებით ‘ღია სასამართლო პროცესი თავად მოსამართლეს ასამართლებს’. მართლმსაჯულების განხორციელებაში მოსამართლეთა პასუხისმგებლობა უდიდესია, ისევე როგორც დაკვირვების საგანს წარმოადგენენ ადვოკატები, მოწმეები, მხარეები, პროკურორები, რათა მათ დაიცვან სამართლებრივი პროცედურები. მათ შორის სასამართლო აქტებთან ხელმისაწვდომობა საშულებას აძლევს საზოგადოებას იხილონ სამართალი მოქმედებაში და ამასთან ემსახურება საგანმანათლებლო მიზნებს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დავა არის კერძოსამართლებრივი და მიმდინარეობს ორ კერძო ინდივიდს შორის, ის განიხილება საჯარო პროცესზე და მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე გახმაურდება, როგორც პერსონალური მონაცემები ასევე სხვა კერძო ინფორმაცია. ამ შემთხვევაშიც კი შეიძლება არსებობდეს საჯარო ინტერესი ამ დავასთან დაკავშირებული სასამართლო აქტების მიმართ. საერთო სამართლის სისტემაში მიიჩნევა, რომ როგორც მატერიალური ასევე პროცედურული მართლმსაჯულება ფასდება მისი საჯაროობით. ბუნებრივია, მართლმსაჯულების გამჭვირვალეობას თავისი საფასური აქვს, რაც შეიძლება იყოს მათ შორის, პერსონალური, პირადი ინფორმაცია, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებაში შეიძლება შეიზღუდოს მართლმსაჯულების საჯაროობა.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი/არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: კი/არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი/არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი/არა