ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/24/857 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 22 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 დეკემბერი 2016 20:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №857) მიმართა ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 23 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარშე, გაიმართა 2016 წლის 22 დეკემბერს.
2. №857 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა“. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა“. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ჩამოთვლის მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებას, მე-2 პუნქტი ითვალისწინებს პირველი პუნქტიდან გამონაკლის შემთხვევებს, ხოლო მე-3 პუნქტი ადგენს, რომ „მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას”.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა ერთმანეთისგან განასხვავებს პერსონალური მონაცემებისა და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების წესს. „პერსონალურ მონაცმეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში არ მოხდება პერსონალური მონაცემების დამუშავება. მოსარჩელის თქმით, სადავო ნორმები მას უზღუდავს და ხშირ შემთხვევაში საერთოდ ართმევს შესაძლებლობას, გაეცნოს საერთო სასამართლოების იმ აქტებს, რომელთა მიღებაც მოხდა საქმის ღია სხდომაზე განხილვის შედეგად. კერძოდ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების მესამე პირთათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტილებაში არსებულ მონაცემთა დეპერსონალიზაციის შემთხვევაში. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დეპერსონალიზაცია არის „მონაცემთა იმგვარი მოდიფიკაცია, რომ შეუძლებელი იყოს მათი დაკავშირება მონაცემთა სუბიექთან ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებსა და დროს საჭიროებდეს“. მოსარჩელის თქმით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების მისაღებად პირი იყენებს იდენტიფიცირების ინდივიდუალურ ფორმებს (მაგ., გადაწყვეტილების ნომერს, თარიღს, მხარეთა ვინაობას...), პერსონალურ მონაცემთა დაფარვის შემთხვევაშიც კი, არაპირდაპირი გზით, შესაძლებელი ხდება მონაცმეთა სუბიექტის იდენტიფიცირება. ამიტომ საერთო სასამართლოები უარს აცხადებენ გადაწყვეტილების მესამე პირთათვის გადაცემაზე მხარეთა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
6. მოსარჩელის თქმით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი კრძალავს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი სასამართლოს აქტის გასაჯაროვებასა და მესამე პირისათვის გადაცემას მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი არის მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრიანებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლი, სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებებისგან დამოუკიდებლად, განამტკიცებს სასამართლოში საქმის განხილვის საჯაროობის პრინციპს. მისი თქმით, სხდომის საჯაროობა დამოუკიდებელი კონსტიტუციური სიკეთეა, რომელიც სხდომის საჯაროობას პროცესის მხარის საპროცესო უფლებების მიღმა მატერიალურ შინაარსს ანიჭებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სხდომების საჯაროობა, სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობის, ისევე როგორც მართლმსაჯულების ხარისხის შემოწმების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ხოლო მართლმსაჯულების გამჭვირვალობა კი, თავის მხრივ, სასამართლოსადმი ნდობისა და მისდამი ანგარიშვალდებულების უმთავრესი წინა პირობაა.
8. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სხდომის საჯაროობა თავის თავში მოიაზრებს გარკვეული ლეგიტიმური ინტერესების იმთავითვე შეზღუდვას. კერძოდ, საჯარო სხდომის შედეგად შესაძლოა გამჟღავნდეს კონსტიტუციის სხვადასხვა უფლებებით დაცული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საჯაროდ, ამდენად, ზოგიერთი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი თავისთავად არის ღია. საჯარო სხდომაზე ხდება ყველა იმ არგუმენტის, ინფორმაციის გამორკვევა, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება. მეტიც, როგორც წესი, სასამართლოს სხდომაზე მჟღავნდება ბევრად უფრო მოცულობითი ინფორმაცია, ვიდრე ის, რაც ასახულია სასამართლოს შემაჯამებელ აქტში. ამ ფონზე მოსარჩელისთვის გაუგებარია მართლმსაჯულების გამჭვირვალობის სასარგებლოდ დადგენილი კონსტიტუციური ბალანსის შეზღუდული განმარტება და მისი არგავრცელება სასამართლოს აქტების მიმართ.
9. მოსარჩელეთა აზრით, კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს დეტალურ რეგულირებას, თუ რა შემთხვევაში არის სავალდებულო სასამართლო გადაწყვეტილებებში პერსონალური მონაცემების დაფარვა. სასამართლოს გადაწყვეტილების გაცემისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი, აგრეთვე კონკრეტული საქმის მიმართ არსებული საჯარო ინტერესი.
10. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, გასაჩივრებული რეგულაციები ბლანკეტური ხასიათისაა, რაზეც მეტყველებს ის გარემოება, რომ პერსონალური მონაცემების ერთნაირი დაცვის ხარისხით სარგებლობს, ერთი მხრივ, სასამართლოს ის აქტი, რომელიც მიღებულ იქნა საქმის ღია სხდომაზე განხილვის შედეგად და, მეორე მხრივ, ის აქტი, რომელიც სასამართლომ გამოიტანა საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შედეგად. მოსარჩელე პარალელს ავლებს სასამართლო სხდომის მიმდინარეობის მარეგულირებელ ნორმებთან და აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მომეტებული ინტერესის არსებობისას გათვალისწინებულია სასამართლო სხდომის დახურვის შესაძლებლობა. ერთ-ერთ ასეთ ინტერესს შესაძლოა წარმოადგენდეს გარკვეული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაცვა. სწორედ ამიტომ, კონსტიტუცია ადგენს ბალანსის მექანიზმს მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და სხვა კონსტიტუციურ ინტერესებს შორის. აღნიშნულს მოსამართლე ამოწმებს საქმის განხილვისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ან რომელიმე სხვა კონფლიქტური ინტერესის სასარგებლოდ. აღნიშნულის ფონზე გაუგებარია კანონმდებლის ერთგვაროვანი მიდგომა ღია და დახურული სხდომების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების გამჟღავნების საკითხთან დაკავშირებით.
11. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციური იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო სასამართლო სხდომების შედეგად მიღებული აქტის საჯაროობა დეპერსონალიზაციის გარეშე არ წარმოადგენს კონსტიტუციურ გადაწყვეტას. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობა იცნობს სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა, რომლის გავრცელებაზეც რაიმე სახის შეზღუდვა არ არის დაწესებული. აღნიშნული ფაქტორები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ღია სასამართლო სხდომაში მონაწილე პირს ვერ ექნება პერსონალური მონაცემების დაცვის გონივრული ლეგიტიმური მოლოდინი. ამგვარად, სადავო ნორმებით ვერ ხერხდება დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა.
12. კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, მართლმსაჯულების ფარგლებში მიღებული აქტები წარმოადგენს როგორც სახელმწიფოში არსებული მართლმსაჯულების საერთო მდგომარეობის, ისე ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მართლზომიერების შეფასების მთავარ კრიტერიუმს. აღნიშნული აქტების ხელმისაწვდომობა დაკავშირებულია გამჭვირვალობასთან, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სასამართლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ზრდას, ახდენს სხვადასხვა რისკების პრევეცნიას. თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასამართლოს პრაქტიკის ზოგადი განვითარება, არამედ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან მიმართებით.
13. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სასარჩელო მოთხოვნა შემოიფარგლება მხოლოდ საერთო სასამართლოების მიერ მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებში დამუშავებული იმ აქტების ხელმისაწვდომობის საკითხით, რომელთა მიღებაც მოხდა საქმეთა ღია სხდომაზე განხილვის შედეგად, ხოლო სხვა საჯარო დაწესებულებებიდან პერსონალური ინფორმაციის შემცველი მასალის გამოთხოვის წესის კონსტიტუციურობის შემოწმება არ წარმოადგენს მოსარჩელის ინტერესს.
14. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, შესაბამისად, ამგვარი მასალის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზება ხდება საჯარო ინფორმაციის გაცემის მარეგულირებელი ნორმების საფუძვლებზე, რომლებიც მიემართება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტს.
15. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი მოქმედი სამართლებრივი წესრიგი უგულებელყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უფლებას და ადგენს არათანაზომიერ ბალანსს მასთან კონფლიქტურად მყოფი ინტერესების სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის თავისუფლად ხელმისაწვდომობის უფლებასთან.
16. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №857 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების და 33-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №857 („ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. №693 და №857 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა