სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი-ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac693, 857 |
თარიღი | 27 ივნისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი N693)
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-141 მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას. ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ კონსტიტუციური სარჩელი სადავოდ ხდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც უშვებს კანონიერი ინტერესის არარსებობის მიუხედავად, სასამართლო გადაწყვეტილებაში/განჩინებაში/განაჩენში მონაწილე პირების ვინაობისა და სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის ა პრიორი, განურჩევლად დაფარვას. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 41-ე მუხლის პირველ პუნქტს. EMC მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების ნორმატიული შინაარსი არღვევს პროპორციულობის პრინციპს შემდეგ გარემოებათა გამო: კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას სრულად ზღუდავს არათანაზომიერი სიკეთის (პერსონალური მონაცემების) დაცვის მიზნით და მიზნის მისაღწევად იყენებს არათანაზომიერად შემზღუდველ საშუალებას; პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესს ავტომატურად უპირატესობას ანიჭებს ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებით, მიუხედავად ინფორმაციის მიმართ საჯარო ინტერესის არსებობისა; შეზღუდვით დაცული სიკეთე არ აღემატება დემოკრატიულ სახელმწიფოში ინფორმაციის თავისუფლებით გარანტირებულ სიკეთეს და ინფორმაციის თავისუფლება იმაზე მაღალი ხარისხით იზღუდება, რაც უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის; სადავო ნორმები ეწინააღმდეგება ღიაობისა და საქვეყნოობის იმ სტანდარტს, რაც სასამართლო სხდომების ჩატარებასთან დაკავშირებით არის დადგენილი და გამხელისგან იცავს მედიის მიერ ერთხელ გასაჯაროებულ ფაქტებს, რაც სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია. შესაბამისად, აღნიშნული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. სადავო ნორმების შინაარსი„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. აღნიშნული ნორმები პრაქტიკაში გამოიყენება იმგვარად, რომ შეუძლებელი ხდება სასამართლო გადაწყვეტილებების ასლის მიღება მაშინაც კი, როდესაც საქმის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება შემდეგ საქმეზე: სასამართლოდან მოითხოვეს კონკრეტული ფიზიკური პირების შესახებ (სახელისა და გვარის მითითებით) განაჩენის ასლები და სასამართლომ გასცა ინფორმაცია განცხადებაში მითითებული პირების შესახებ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სასამართლოს განაჩენის ასლში დაშტრიხული იყო მონაცემთა სუბიექტის ვინაობა, ინსპექტორმა არ მიიჩნია დეპერსონალიზებული ფორმით ინფორმაციის გაცემის შემთხვევად, რადგან ინფორმაციის მიმღებს შეეძლო მარტივად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, განაჩენში მითითებული ინიციალის ფიზიკურ პირთან დაკავშირება და ამგვარად - მისი იდენტიფიცირება. ინსპექტორის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას კანონის დარღვევით.[1] პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის განმარტებით, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება საჭიროებს პირის წერილობით თანხმობას და ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას ეს ინფორმაცია გამხელისგან, სანამ თავად ეს პირი არ გამოავლენს ინფორმაციის გაცემის ნებას. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირთა შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მათი თანხმობის გარეშე გასაჯაროების შესაძლებლობას.[2] უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით აღნიშნული მუხლების ნორმატიული შინაარსი შეუსაბამოა იმ სტანდარტთან, რაც სასამართლო სხდომების საქვეყნოობასთან დაკავშირებით არის დადგენილი. კონტექსტის შეფასების კუთხით, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებთა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რომელიც ითვალისწინებს საქმის განხილვის საქვეყნოობასა და სასამართლო გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადებას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ღიაობა არის ზოგად წესი, რომელიც ითვალისწინებს ცალკეულ გამონაკლისებს: მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ დაუშვან დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვანთა ინტერესები ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ან რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როდესაც საქვეყნოობა ზიანს მიაყენებდა მართლმსაჯულების ინტერესებს. აღნიშნული ჩანაწერი ცხადყოფს, რომ პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით, საზოგადოებისათვის სხდომაზე დასწრების შეზღუდვა დასაშვებია არა ყველა შემთხვევაში, არამედ გამონაკლისის სახით. ის ფაქტი, რომ ხდება პროცესის მონაწილე პირების იდენტიფიცირება თავისთავად არ გულისხმობს მათი პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას. აღნიშნულის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლი ეფუძნება სასამართლო სხდომების ღიაობის პრეზუმფციას და აცხადებს, რომ სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ. გარდა ამისა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-131 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებას შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე. გარდა ამისა, სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა. შესაბამისად, თუკი სხდომა ნაწილობრივ ან სრულად დახურული არ არის, პროცესის მონაწილე ყველა პირის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შეგროვება, ჩაწერა, გამჟღავნება, გავრცელება) ნებადართულია და რაც მთავარია, ეს მონაცემები შეიძლება გამჟღავნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა და პროცესის საჯარო ხასიათი მხარეებს იცავს მართლმსაჯულების ფარულად, საზოგადოების კონტროლის გარეშე განხორციელებისაგან, რაც სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა. ორგანული კანონის იგივე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს იმ გამონაკლისებს, როცა პერსონალური მონაცემების დაცვას უპირატესობა ენიჭება: ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობა და დაზარალებულის/მოწმის უსაფრთხოება. ყველა სხვა შემთხვევაში იგულისხმება, რომ საჯაროვდება პროცესის მონაწილე ყველა პირის ვინაობა, გარეგნული ნიშნები და სხვა პერსონალური მონაცემები: თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა უნდა განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე. თუ დაზარალებულის ან/და მოწმის უსაფრთხოების ინტერესები ამას მოითხოვს, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია აკრძალოს დაზარალებულის ან/და მოწმის გადაღება, მისი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელა. აქედან გამომდინარე, ორგანული კანონი განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც პერსონალური მონაცემების დაცვის მიზანი უპირატესია საჯაროობის ინტერესთან შედარებით და ამომწურავად ითვალისწინებს ამ მიზნის მიღწევის საშუალებებს: სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვა, გადაღება პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე და გადაღების აკრძალვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია წინააღმდეგობრივი ნორმატიული რეალობა: ერთი მხრივ, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასამართლო გადაწყვეტილებების ასლის გაცემის ბლანკეტური აკრძალვა და მეორე მხრივ, სასამართლო სხდომების საჯაროობა, მათი გაშუქება მედია-საშუალებების მიერ და პროცესის მონაწილეთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, გარდა მკაცრად განსაზღვრული გამონაკლისებისა. სადავო ნორმების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთანსაქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, რაც უნივერსალური ღირებულების ძირითად უფლებასა და დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვნად ფუნქციონირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ინფორმაციის თავისუფლება კონსტიტუციის 24‑ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებაა აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტი კი ითვალისწინებს გამონაკლისებს, როდესაც ამ უფლებით სარგებლობა შეიძლება კანონით შეიზღუდოს. ინფორმაციის თავისუფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლებასთან - ინფორმაციის თავისუფლება აზრის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია. ინფორმაციის თავისუფლებით პიროვნება და საზოგადოება ინფორმირებულია სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების შესახებ. იგი ყოველი მოქალაქის განვითარებისა და ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების სერიოზული ფაქტორია. სახელმწიფო ვალდებულია განსაზღვროს სამართლებრივი პოლიტიკა და შექმნას შესაბამისი აქტები ამ ძირითადი უფლების განსახორციელებლად. სულ მცირე, მან უნდა შექმნას უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებზე ხელმისაწვდომობის გარანტიები.[3] საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფალი ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება. ეს არის ნორმა, რომელიც კრძალავს საზოგადოებისათვის, ადამიანის გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას, რაც დამახასიათებელი არადემოკრატიული რეჟიმებისათვის. გამოხატვის თავისუფლება ადამიანის არსებობის თანმდევ, განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს. კონსტიტუციის 24-ე მუხლს ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსი აქვს. მისი დაცვის ქვეშ ექცევა ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით, როგორც ზეპირად და წერილობით, ასევე სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით შეგროვება და გავრცელება. თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისმობს“.[4] მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმები ზღუდავს უნიშვნელოვანესი ინფორმაციის - სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას, რადგან პერსონალური მონაცემების დაცვას ავტომატურად უპირატესობას ანიჭებს. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება საზოგადოებაში დისკუსია და აზრთა მიმოცვლა საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზე, სასამართლო გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობაზე, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, რაც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვნად ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციის მიღების უფლების ამგვარი შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არათანაზომიერ საშუალებას წარმოადგენს, რადგან არ ტოვებს შესაძლებლობას, შეფასდეს საჯარო ინტერესის არსებობა ცალკეული სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ. სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემის ამგვარი ბლანკეტური აკრძალვა საფრთხეს უქმნის დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების არსებობას, რადგან შეუძლებელს ხდის საზოგადოების ინფორმირებას, დისკუსიასა და ღია მსჯელობას იმგვარ საკითხებზე, რაც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და იგი შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კონსტიტუციაში მოცემული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით. კანონმდებელი ვალდებულია უფლებაშემზღუდველი ნორმების დადგენისას, დაიცვას გონივრული ბალანსი მისაღწევ მიზანსა და შემზღუდველ უფლებას შორის, რათა ადამიანის უფლება იმაზე მეტად არ შეიზღუდოს, ვიდრე ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური უფლებების არსებობა მხოლოდ ფორმალურ, დეკლარაციულ ხასიათს შეიძენდა. დემოკრატიული სახელმწიფო პატივისცემით უნდა მოეკიდოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, მისი შეზღუდვა უნდა იყოს დასაბუთებული, საჭირო და აუცილებელი თავად დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, ადამიანთა თანაცხოვრებისათვის. უდავოა, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის უფლებამოსილება არსებობს, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ თანაზომიერების პრინციპის მკაცრი დაცვის პირობით. ლეგიტიმური მიზნის არსებობა ყოველთვის არ არის საკმარისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გასამართლებლად. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეზღუდვა არ უნდა იწვევდეს პირის უფლების იმაზე მაღალი ხარისხით შეზღუდვას, რაც უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის“.[5] ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია პირდაპირ არ ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის მიღების უფლებას, თუმცა, ის მოიაზრება მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში: „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.” ზემოაღნიშნული მე-10 მუხლი ითვალისწინებს ბალანსის მექანიზმს და ადგენს გამონაკლის შემთხვევებს: ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო პერიოდის პრაქტიკის მიხედვით, მე-10 მუხლით გარანტირებული ინფორმაციის მიღების უფლება განიმარტება ფართოდ და გულისხმობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასაც. საქმეში Österreichische Vereinigung zur Erhaltung, Stärkung und Schaffung eines wirtschaftlich gesunden land- und forstwirtschaftlichen Grundbesitzes v. Austria ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ინფორმაციის შეგროვება პრესის თავისუფლების ხელშეუვალ ნაწილს წარმოადგენს. თუმცა, საჯარო დისკუსიების ხელშეწყობა არ არის მხოლოდ პრესის ფუნქცია. ეს ფუნქცია შეიძლება ასევე შეასრულონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა აქტივობები ინფორმირებული საჯარო დებატების არსებითი ელემენტია. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც პრესა, შეიძლება განხილულ იქნას როგორც „საზოგადოებრივი გუშაგი.“ შესაბამისად, მათი აქტივობები პრესის მსგავსად არის კონვენციით დაცული. აღნიშნულ საქმეში, ევროპულმა სასამართლომ მე-10 მუხლით დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გავრცელების უფლების დარღვევა დაადგინა, რადგან უძრავი ქონების ტრანზაქციის კომისიის მიერ ინფორმაციის გაცემაზე სრული უარი და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ინფორმაციული მონოპოლიის განხორციელება შეუძლებელს ხდიდა აპლიკანტის მიერ საკუთარი ფუნქციის შესრულებას, შესაბამისად, იყო არაპროპორციული და არ წარმოადგენდა აუცილებელ ზომას დემოკრატიულ საზოგადოებაში.[6] გარდა ამისა, საქმეში Társaság a Szabadságjogokért v. Hungary ევროპულმა სასამართლომ დაადინა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უარი პარლამენტის წევრის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემაზე არღვევდა საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ აპლიკანტი ლეგიტიმურად აგროვებდა ინფორმაციას საჯარო მნიშვნელობის მქონე საკითხზე და ადმინისტრაციული დაბრკოლების შექმნით ხელისუფლება ჩაერია ამ უფლების განხორციელებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს მონოპოლია ინფორმაციაზე წარმოადგენდა ცენზურის ფორმას. იმის გათვალისწინებით, რომ აპლიკანტის მიზანი იყო კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის და ამ გზით საჯარო დისკუსიის ხელშეწყობა, მისი ინფორმაციის გავრცელების უფლება აშკარად შეიზღუდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საბოლოოდ აპლიკანტმა კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვა მისი ავტორის პერსონალური მონაცემების მითითების გარეშე. გარდა ამისა, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია კონსტიტუციური სარჩელის გაცემის გზით პარლამენტის წევრის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამჟღავნება. სასამართლოს განმარტებით, თუ საჯარო ფიგურებს შეეძლებათ პრესისა და საჯარო დისკუსიის ცენზურა მათი პირადი მონაცემების დაცვის სახელით, ეს ფატალურ შედეგს გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლებისათვის. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უფლებაში ჩარევა გამართლებული არ იყო. საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციაზე წვდომის ხელშეშლა გამოიწვევს მედიისა და სხვა მსგავს სფეროებში მომუშავე პირების მიერ ამგვარი საქმიანობის შეწყვეტას. შედეგად, ისინი ვეღარ შეასრულებენ მნიშვნელოვან „საზოგადოებრივი გუშაგის“ როლს. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა არ წარმოადგენდა აუცილებელ ზომას დემოკრატიულ საზოგადოებაში. [7] სადავო ნორმები პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით ითვალისწინებს ინფორმაციის გაცემაზე ბლანკეტურ და უპირობო უარს. პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, ასევე საქართველოს კონსტიტუციაში ცალკე გამოყოფილი არ არის და იგი მოიაზრება პირადი ცხოვრების უფლების ფარგლებში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს პირადი ცხოვრების უფლების დაცვა ავტომატურად გულისხმობს თუ არა ინფორმაციის გაცემაზე უარს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება: „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას“. ამასთან, მე-8 მუხლით გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა შესაძლებელია ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ამგვარი ჩარევა უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად და აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაბალანსების პროცესში უნდა შეფასდეს, გამოხატვა ხელს უწყობს თუ არა საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსიას.[8] კონვენციის მე-8 მუხლის გამოყენების საკითხი დგება მაშინ, როდესაც პირის რეპუტაციაზე შეტევა აღწევს გარკვეული ხარისხის სიმძიმეს იმგვარად, რომ ზიანს აყენებს პირის მიერ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებით სარგებლობას. [9] შესაბამისად, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება ავტომატურად არ გადაწონის ინფორმაციის თავისუფლების დაცვის სამართლებრივ ინტერესს. საქმეში Axel Springer AG v. Germany ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა: მიუხედავად იმისა, რომ პრესამ არ უნდა გადააბიჯოს გარკვეულ ზღვარს და დაიცვას სხვისი რეპუტაცია და უფლებები, მისი მოვალეობაა გაავრცელოს ინფორმაცია საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ყველა საკითხზე. არა მხოლოდ პრესას აქვს ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება, არამედ საზოგადოებას აქვს მისი მიღების უფლება. ამის გარეშე პრესა ვერ შეასრულებს მნიშვნელოვან „საზოგადოებრივი გუშაგის“ როლს. ეს მოვალეობა არსებობს სასამართლო პროცესების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაშიც, რითაც უზრუნველყოფილია პროცესების საჯაროობა კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად. წარმოუდგენელია სასამართლო პროცესების თაობაზე დისკუსიის არარსებობა სპეციალიზებულ ჟურნალებში, პრესაში და ზოგადად საზოგადოებაში. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რეპუტაციის დაცვა კონვენციის მე-8 მუხლით არის დაცული, როგორც პირადი ცხოვრების უფლების ნაწილი. „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართოა და არ არსებობს მისი ამომწურავი დეფინიცია. ის ფარავს პერსონალურ ინფორმაციას, რომლის მიმართაც პირს აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ არ გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. იმისათვის, რომ დადგინდეს მე-8 მუხლის დარღვევა, პიროვნების რეპუტაციაზე შეტევამ უნდა მიაღწიოს სერიოზულობის გარკვეულ ხარისხს და ზიანი მიაყენოს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პირი არ შეიძლება დაეყრდნოს მე-8 მუხლის საფუძველზე რეპუტაციის შელახვას თუ ეს მისი ქმედებების წინასწარ განჭვრეტადი შედეგია, მაგალითად, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა. გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების პატივისცემის დაცვისას ბალანსის მიღწევისას სხვა კრიტერიუმებთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, გამოხატვა ხელს უწყობს თუ არა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე დისკუსიას, ასევე, რამდენად ცნობილია პიროვნება, ვისაც ინფორმაცია ეხება. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს კერძო პირები და საჯარო ფიგურები. თუკი საზოგადოებისათვის უცნობ კერძო პირს შეუძლია მოითხოვოს მისი პირადი ცხოვრების უფლების განსაკუთრებული დაცვა, იგივე არ ითქმის საჯარო ფიგურებზე. ფუნდამენტურად განსხვავდება ინფორმაციის გავრცელება პოლიტიკოსებზე, რომლებიც თავიანთ ოფიციალურ ფუნქციას ახორციელებენ და კერძო პირებზე, რომლებსაც ამგვარი ფუნქციები არ გააჩნიათ. [10] მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს პირადი ცხოვრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, რადგან კანონმდებლის მიერ მიღებულია იმგვარი ზომა, რომლითაც სასამართლო გადაწყვეტილების სახით ინფორმაციის მიღება ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელია, მაშინაც კი, როდესაც საქმის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს. გარდა ამისა, ინფორმაციის მიღების უფლების ამგვარი არათანაზომიერი შეზღუდვა გამოუსადეგარი და არაპროპორციულია, რადგან სასამართლო სხდომების საქვეყნოობა, მედიის მიერ მათი გაშუქება და გადაწყვეტილების საჯარო გამოცხადება პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას გულისხმობს, შესაბამისად, ერთხელ გამჟღავნებული პერსონალური მონაცემების შემდგომში დაფარვის სამართლებრივი ინტერესი არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემის დროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ იქნას განმარტებული ზედმეტად ფართოდ. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია დადგინდეს, რომ პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ზიანს გამოიწვევს, რომელიც ინფორმაციის მიღების საჯარო ინტერესს აღემატება. სადავო ნორმები კი ამგვარი შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, შესაბამისად, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. სადავო ნორმების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლთან საქართველოს კონსტიტუციის 41‑ე მუხლი თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს – ინფორმაციის თავისუფლებას განამტკიცებს, როგორც პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. დემოკრატიული წესწყობილებისათვის დამახასიათებელია სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა. თავისუფალი ინფორმაციის არსი ის არის, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, თუ ისინი არ წარმოადგენენ საიდუმლო ინფორმაციას, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.[11] ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებსა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა. აზრის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია, რომ მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია. ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება კი უზრუნველყოფს, რომ აზრი მივიდეს ავტორიდან ადრესატამდე. გარდა საზოგადოებრივი დატვირთვისა, ინფორმაციის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ცალკეული ინდივიდის პიროვნული და ინტელექტუალური განვითარებისათვის[12]. კონსტიტუციის მიხედვით, ღიაობის პრეზუმფცია სასამართლო სხდომების ჩატარების მსგავსად, საჯარო ინფორმაციის გაცემის შემთხვევაშიც მოქმედებს. 41-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას, ასევე, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან და სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. აღნიშნული მე-2 პუნქტი კავშირშია კონსტიტუციის მე-20 მუხლთან, რომლითაც დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რადგანაც მასში სწორედ ის მონაცემებია მითითებული, რომელიც პირის პრივატულ სფეროს შეეხება.[13] ამასთან, ეს მუხლი არ აკონკრეტებს, თუ რა უნდა ვიგულისხმოთ „კერძო საკითხებში“. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანის ინტიმური ცხოვრების სფეროს მიკუთვნებული ურთიერთობები განსაზღვრავს „კერძო საკითხების“ შინაარსს.[14] საქართველოს კონსტიტუციის 41‑ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის პირველი წინადადება მოქალაქეს აძლევს უფლებას, გაეცნოს ინფორმაციას, რომელიც კონკრეტულად მას ეხება, ხოლო იმავე პუნქტის მეორე წინადადება იძლევა სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული იმ ინფორმაციის მიღების უფლებას, რომელიც კონკრეტულად მას არ ეხება. თუმცა, მათი გაცნობა არ შეიძლება, თუ ისინი შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ყურადღების ცენტრშია სუბიექტი, რომელიც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით ოფიციალური წყაროებიდან. ამ პუნქტით დაცული სიკეთეა პირის უფლება მიიღოს ინფორმაცია ოფიციალური ჩანაწერებიდან. ამავდროულად დადგენილია ამ უფლების შეზღუდვის შემთხვევებიც. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ინფორმაციის თავისუფლებას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნორმა ინფორმაციის თავისუფლების კონკრეტულ შემთხვევას - ოფიციალური წყაროებიდან ინფორმაციის მიღების უფლებას იცავს.[15] ევროპული სასამართლოს ზოგადი პრაქტიკის მიხედვით, იმისათვის, რომ დადგინდეს არის თუ არა უფლებაში ჩარევა გამართლებული, გამოიყენება სამნაწილიანი ტესტი: კანონით გათვალისწინებული. ლეგიტიმური მიზანი. აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.[16] პროპორციულობის პრინციპი, რომელიც ევროპულ კონვენციაში პირდაპირ ნახსენები არ არის, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასამართლო პრაქტიკაში, როდესაც ურთიერთმიმართება სხვადასხვა უფლებებსა და ინტერესებს შორის უნდა დადგინდეს. იმისათვის, რომ შეფასდეს არის თუ არა ჩარევა პროპორციული, შესაბამის უფლებაზე გავლენა, ჩარევის საფუძვლები, შედეგები და კონტექსტი უნდა იქნას მხედველობაში მიღებული.[17] პროპორციულობის პრინციპი ასევე ხაზგასმულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც, კერძოდ: „ძირითადი კონსტიტუციური პრინციპები ერთნაირად მოითხოვს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელი როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესების რეალიზაციის უზრუნველყოფას, მათ შორის გონივრული, თანაზომიერი და პროპორციული ბალანსის დაცვას“.[18] მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვისას ლეგიტიმურ მიზნად მიჩნეულია პირადი ცხოვრების უფლების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვა შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში საფუძვლად დაედოს ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვას, ამგვარი შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად პროპორციულ საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმები არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და არათანაზომიერად ზღუდავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურ უფლებას. თავისთავად ის ფაქტი, რომ დოკუმენტი შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს, არ შეიძლება ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უარის საფუძველი გახდეს. აუცილებელია შეფასდეს, პერსონალური მონაცემების გამჟღავნება გამოიწვევს თუ არა იმგვარ ზიანს, რამაც შეიძლება გაამართლოს ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა. პროპორციულობის პრინციპის გამოყენებით, სასამართლო აქტის მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს არსებობს თუ არა საჯარო ინტერესი, ენიჭება თუ არა მას უპირატესობა პერსონალური მონაცემის დაცვის ინტერესთან მიმართებით და აღნიშნული შეფასების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება პერსონალური მონაცემების მითითებით გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე. სადავო ნორმები კი ამგვარი შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა და არ უშვებს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჯაროების შესაძლებლობას მაშინაც კი, როცა არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. როგორც ზემოთ აღინიშნა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი არ ადგენს საზოგადოების სხდომაზე დაშვების ბლანკეტურ აკრძალვას და სხდომის დახურვას ითვალისწინებს გამონაკლისის სახით მხოლოდ მაშინ, როცა პერსონალური მონაცემების დაცვას უპირატესობა ენიჭება. აქედან გამომდინარე, განსხვავებული სტანდარტის არსებობა სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემასთან დაკავშირებით და მათი გასაჯაროების სრული აკრძალვა სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია. გარდა ამისა, სასამართლო სხდომების ჩატარებისას პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია საპროცესო კანონმდებლობით და სხდომის დახურვა ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებით მედიის მიერ ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის (2003)13 რეკომენდაციის მე-8 პრინციპის თანახმად, „ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მსჯავრდებულის ასევე სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე სხვა პირების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისას დაცული უნდა იყოს მათი პირადი ცხოვრების უფლება კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად. განსაკუთრებული დაცვით სარგებლობენ არასრულწლოვნები და სხვა მოწყვლადი პირები, ასევე დაზარალებულები, მოწმეები და ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მსჯავრდებულის ოჯახის წევრები. ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ინფორმაციის გამჟღავნების გზით იდენტიფიცირების შედეგად რა ზიანი შეიძლება მიადგეს აღნიშნულ პირებს.“ აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, პროცესის მონაწილე პირების იდენტიფიცირება აკრძალული არ არის, მათი პირადი ცხოვრების უფლების დაცვა უნდა განხორციელდეს კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბლანკეტურად არ კრძალავს მათი პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია პირის პერსონალური მონაცემები, არ ნიშნავს მე-8 მუხლის დარღვევას. ზემოაღნიშნული პრინციპი ასევე ითვალისწინებს ზიანის ტესტს, რაც გულისხმობს იმის განსაზღვრას, არსებობს თუ არა ზიანის საფრთხე, რაც პირადი ცხოვრების უფლების დაცვას უპირატესობას ანიჭებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან მიმართებით. ამგვარი მიდგომა ასევე შეესაბამება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. გარდა ამისა, სახელმწიფოთაშორისი ორგანოების (ეუთო, გაერო, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, ადამიანის და ხალხთა უფლებების აფრიკული კომისია) წარმომადგენლების 2013 წლის საერთო დეკლარაციის თანახმად, სასამართლო პროცესები, ისევე როგორც სხვა საჯარო ფუნქციების განხორციელება ექვემდებარება ინფორმაციის მაქსიმალური ღიაობის პრინციპს, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დასაცავად. საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც ადგილობრივ დონეზე უნდა დარეგულირდეს სრულყოფილი კანონმდებლობით და ეფუძნებოდეს მაქსიმალური გამჟღავნების პრინციპს, რომელიც ადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრეზუმფციას. ხელმისაწვდომობის უფლება უნდა ექვემდებარებოდეს ვიწროდ განსაზღვრულ საგამონაკლისო სისტემას, რათა დაიცვას უფრო მნიშვნელოვანი საჯარო და კერძო ინტერესები, მათ შორის პირადი ცხოვრება. გამონაკლისები გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ზიანის არსებითი საფრთხე და როდესაც ზიანი აღემატება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზოგად საჯარო ინტერესს. მტკიცების ტვირთი ეკისრება საჯარო დაწესებულებას, რომელმაც უნდა ამტკიცოს რომ ინფორმაცია, რომლიც გაცემაზე უარს აცხადებს, საგამონაკლისო შემთხვევას მიეკუთვნება.[19] აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას საინტერესოა საერთაშორისო პრაქტიკა სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისას, როგორც წესი, ახდენს პირის იდენტიფიცირებას. თუ აპლიკანტს არ სურს იდენტიფიცირება, მან დასაბუთებული თხოვნით უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელსაც გამონაკლისის სახით შეუძლია უზრუნველყოს აპლიკანტის ანონიმურობა. იგივე პრაქტიკა აქვს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსაც. ცალკეულ ქვეყნებში სასამართლო გადაწყვეტილებები ქვეყნდება პირის იდენტიფიცირების გარეშე (ავსტრია, ჩეხეთი, გერმანია, უნგრეთი, ჰოლანდია, სლოვაკეთი, პოლონეთი). თუმცა, არსებობს სხვაგვარი პრაქტიკაც. დიდ ბრიტანეთსა და ნორვეგიაში ძირითადად ხდება პირების იდენტიფიცირება, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა. ესტონეთში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისას პერსონალური მონაცემები დაფარულია, ხოლო სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია, გამონაკლისს წარმოადგენენ არასრულწლოვნები.[20] ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლო გადაწყვეტილებები ქვეყნდება ვებ-გვერდზე სრული სახით.[21] სლოვენიაში სასამართლო გადაწყვეტილებები პროაქტიულად ქვეყნდება ერთიან მონაცემთა ბაზაში პერსონალური მონაცემების მითითების გარეშე, თუმცა, ეს არ გამორიცხავს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების გამოთხოვას უშუალოდ სასამართლოდან. სლოვენიის კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ. საჯარო ინტერესის უპირატესობის ტესტს, რომლის გამოყენების შემთხვევაში სამართალწარმოების მხარის პერსონალური მონაცემებიც კი შეიძლება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.[22] ღია და გამჭვირვალე მართლმსაჯულების პრინციპი მოიცავს როგორც სხდომების საჯაროობას, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, ის სტანდარტი, რაც სხდომების საჯაროობასთან დაკავშირებით არის დადგენილი, გარანტირებული უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობასთან მიმართებითაც. გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გარეშე შეუძლებელი იქნება სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის ეფექტური გარე კონტროლი საზოგადოების მხრიდან. თუკი თავად სასამართლო სხდომების მიმდინარეობის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი და ნებადართულია პროცესის მონაწილე პირების პერსონალური მონაცემების დამუშავება აუდიო-ვიდეო ჩაწერის გზით, სასამართლო გადაწყვეტილებების მიმართ ეს ინტერესი გაცილებით უფრო მაღალია, ვინაიდან საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია გაეცნოს გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მხარეთა უფლებებსა და ინტერესებზე. საზოგადოებას აქვს უფლება შეაფასოს რამდენად თანმიმდევრულია სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რამდენად დასაბუთებულია გადაწყვეტილება, როგორია სამართლებრივი პრინციპებისა და ნორმების ინტერპრეტაცია და ა.შ. გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ხელს შეუშლის პრეცედენტული სამართლის შეფასებას, აგრეთვე, მართლმსაჯულების პროცესში არსებული ძირითადი ხარვეზების იდენტიფიცირებას. სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხის პირობებში, გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, არსებითად აზიანებს საჯარო ინტერესს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერი ინტერესის არარსებობის მიუხედავად, სასამართლო გადაწყვეტილებაში/განჩინებაში/განაჩენში მონაწილე პირების ვინაობისა და სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის ა პრიორი, განურჩევლად დაფარვას ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 41-ე მუხლის პირველ პუნქტს, რადგან უფლებაში ჩარევის ამგვარი ინტენსივობა არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
[1] ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ, 2015 წელი, გვ. 27. http://manage.personaldata.ge/res/docs/Angarishi%202015/Angarishi_2015_.pdf.pdf [2] ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ, 2015 წელი, გვ. 24. http://manage.personaldata.ge/res/docs/Angarishi%202015/Angarishi_2015_.pdf.pdf [3] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, 2013, გვ. 260-261. [4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის N2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. [5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის N2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. [6] Österreichische Vereinigung zur Erhaltung, Stärkung und Schaffung eines wirtschaftlich gesunden land- und forstwirtschaftlichen Grundbesitzes v. Austria, 2014. [7] Társaság a Szabadságjogokért v. Hungary, 2009. [8] Handbook on European data protection law, 2014. [9] A v. Norway, 2009.; Axel Springer AG v. Germany, 2012. [10] Axel Springer AG v. Germany, 2012. [11] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, 2013, გვ. 498. [12] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. [13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. [14] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, 2013, გვ. 511. [15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის #2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. [16] Österreichische Vereinigung zur Erhaltung, Stärkung und Schaffung eines wirtschaftlich gesunden land- und forstwirtschaftlichen Grundbesitzes v. Austria, 2014; Társaság a Szabadságjogokért v. Hungary, 2009. [17] http://www.echr.coe.int/LibraryDocs/DG2/HRFILES/DG2-EN-HRFILES-17(2000).pdf გვ. 20 [18] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. [19] http://www.osce.org/fom/99558?download=true [20] ექსპერტის, გრეჰემ სუტონის ანგარიში სასამართლო პროცესის მონაწილე პირების საჯარო იდენტიფიცირების შესახებ, 2016 წლის თებერვალი. [21] https://www.pacer.gov/ [22] სლოვენიელი ექსპერტის, ნატაშა პირც მუსარის დასკვნა „პრეცედენტული სამართალი ონლაინ პუბლიკაცია - სლოვენიის მაგალითი“, 2016 წლის თებერვალი. |