საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით არმიღებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/15/1700 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ტუღუში |
თარიღი | 25 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 დეკემბერი 2022 22:01 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით არმიღებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2022 წლის 25 ნოემბრის №3/15/1700 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიეღო არსებითად განსახილველად №1700 კონსტიტუციური სარჩელი, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით.
2. №1700 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ თვლიდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და მისი საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილება. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ ორი მესამედის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საპირწონე გადაწყვეტილება (მოსამართლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება და საქმეთა განხილვისგან ჩამოცილება) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ანალოგიური კვორუმით იყოს მიღებული, არსებული მოწესრიგება კი ვერ პასუხობს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
3. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეჟიმსა და საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების გასაჩივრებულ წესზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიუთითა, რომ სადავოდ გამხდარი ნორმების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს ე.წ. შუალედურ გადაწყვეტილებას, რაც საკითხის ინიცირების ტოლფასია და, თავისთავად, არ იწვევს მოსამართლის საქმიდან ჩამოცილებას ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენ შედეგს. ამდენად, სადავოდ გამხდარი ნორმების რეგულირების სფეროში არ ექცევა მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის ან შეჩერების საკითხის საბოლოო, შედეგის მომტანი გადაწყვეტა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის №3/15/1700 საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 18-22 პუნქტები).
4. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, არ ვიზიარებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმარტებას, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ სადისციპლინო პასუხისმგებლობის საკითხზე და საქმიდან ჩამოცილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები, კონსტიტუციის მიზნებისთვის, ჩაითვალა შუალედურ გადაწყვეტილებებად და, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში იყო დაუსაბუთებელი. მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არასწორად შეაფასა მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების სამართლებრივი ბუნება, მისი კონსტიტუციური მნიშვნელობა და, საბოლოოდ, მიიღო მცდარი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით.
5. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სათანადო საფუძვლების არსებობისას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ სადისციპლინო საკითხზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ სწორედ ზემოხსენებული გადაწყვეტილება წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საბოლოო პოზიციას მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულის მიღმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამატებით აღარ მსჯელობს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა თუ მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების აუცილებლობაზე. ამდენად, აღნიშნულ საკითხებზე ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც კონსტიტუციური ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება.
6. საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით, იქმნება საერთო სასამართლოების სისტემის ორგანო - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს კონსტიტუცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შექმნის მიზანთა ჩამოთვლისას ექსპლიციტურად მიუთითებს ამ ორგანოს ერთ-ერთ ძირითად უფლებამოსილებაზე - მოსამართლეთა გათავისუფლების პროცესში მის მონაწილეობაზე. სწორედ კონსტიტუციის მიზანმიმართული გადაწყვეტაა, რომ მოსამართლის გათავისუფლების პროცესში ჩართული უნდა იყოს კონკრეტული კონსტიტუციური ორგანო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
7. საქართველოს კონსტიტუცია, მოსამართლის ფუნქციური დატვირთვისა და მისი როლის გათვალისწინებით ადგენს სპეციალურ მოწესრიგებებს მის თანამდებობაზე განწესების, დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებისა და გათავისუფლების განმარტება უნდა მოხდეს არა იზოლირებულად, არამედ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციით დადგენილი შესაბამისი სტანდარტები. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების მარეგულირებელი ნორმების კონსტიტუციურობა, ამ თვალსაზრისით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის ფარგლების განმარტება უნდა მოხდეს სისტემურად, სხვადასხვა რელევანტურ კონსტიტუციურ დებულებასთან, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლთან კავშირში, რათა შესაძლებელი გახდეს ძირითადი უფლებების დამდგენი და ინსტიტუციური კონსტიტუციური დებულებების საერთო სულისკვეთების აღქმა (mutatis mutandis იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის №2/5/658 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17). ამასთანავე, „კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის N3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
8. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციური კომპეტენციის, უფლებამოსილების განხორციელების წესისა და ფარგლების დადგენა გავლენას ახდენს, მათ შორის, მოსამართლის უფლებათა დაცვაზე. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება მოიაზრებს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12,13). საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კვალიფიკაციური ნიშნით დაკომპლექტებული კოლეგიური კონსტიტუციური ორგანოს მიერ საქმის განხილვაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება უნდა ჩაითვალოს იმ ოპტიმალურ წესად, თუმცა არსებობს საკითხები, რომელთა შესახებაც არ არის საკმარისი მხოლოდ მაღალი ალბათობით სწორი გადაწყვეტილების მიღება და შესაძლებელია, მოითხოვებოდეს უფრო მკაცრი სტანდარტი. რიგ შემთხვევებში, მისაღები გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისათვის აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება მიიღოს კვალიფიციურმა უმრავლესობამ. ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეეხება მნიშვნელოვანი კონსტიტუციურსამართლებრივი ინსტიტუტების განსაზღვრას, შესაძლოა, დადგინდეს გადაწყვეტილების მიღების უფრო მაღალი უმრავლესობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-112-115).
9. მოსამართლის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციური უფლება თავის თავში მოიცავს, მათ შორის, სამსახურიდან უსაფუძვლოდ, არასათანადო პროცედურითა და წესით გათავისუფლებისგან დაცვას. აღნიშნული გულისხმობს, ერთი მხრივ, მოსამართლის გათავისუფლების საკითხზე სათანადო, კონსტიტუციით განსაზღვრული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო, მეორე მხრივ, ამგვარი გადაწყვეტილების შესაბამისობას კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებთან. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება/საქმეთა განხილვისგან ჩამოცილება მის უფლებებში ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ფორმებს წარმოადგენს და განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასებულიყო, თუ რამდენად არსებობს სადავო ნორმებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული, უფრო მაღალი კვორუმის დადგენის აუცილებლობა საკითხის განსაკუთრებული კონსტიტუციური მნიშვნელობიდან და უფლებაზე ზემოქმედების ეფექტიდან გამომდინარე.
10. ამდენად, მივიჩნევ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს უნდა შეეფასებინა, თუ რა შინაარსი გააჩნია საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველ პუნქტს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების კონტექსტში, მათ შორის, რა მოთხოვნებს უყენებს იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის (რაც შეიძლება ასევე გულისხმობდეს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც) და მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და რა კონსტიტუციურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში, თუკი ჩაითვლება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციის მიზნებისათვის შუალედურია, შეიქმნება მოცემულობა, რომლის ფარგლებშიც, ამ ორგანოს მიერ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო კვორუმთან დაკავშირებით არსებული კონსტიტუციური სტანდარტები და აღნიშნული საკითხი არ ექვემდებარება კონსტიტუციურსამართლებრივ შეფასებას.
11. „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი, რომელსაც ითვალისწინებს კონსტიტუცია მისი (საკონსტიტუციო სასამართლოს) დანიშნულების, ფუნქციის ეფექტურად და ადეკვატურად განსახორციელებლად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის №1/1/549 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და იოსებ მანჯავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).აღნიშნულის საპირისპიროდ, 2022 წლის 25 ნოემბრის №3/15/1700 საოქმო ჩანაწერში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არ უმსჯელია კონსტიტუციური ტერმინების ავტონომიურ მნიშვნელობაზე, მათ შორის, არ შეუფასებია, თუ რა მნიშვნელობა გააჩნია კონსტიტუციით შემოთავაზებულ გადაწყვეტას და მასთან დაკავშირებულ სტანდარტებს მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების კონტექსტში. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა კი არ იძლევა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცესში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის, ფუნქციისა და მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების დაცვის კონსტიტუციური გარანტიების სათანადოდ შეფასების შესაძლებლობას, რაც, საბოლოოდ, უარყოფითად აისახება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების დაცული სფეროსა და უფლების შეზღუდვის სტანდარტების დადგენაზე მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების კონტექსტში.
12. შესაბამისად, ვერ გავიზიარებ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შეფასებას, თითქოსდა, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს მხოლოდ შუალედურ გადაწყვეტილებას. სწორედ ეს გადაწყვეტილება არის/უნდა იქნეს განხილული კონსტიტუციის მიზნებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტად და შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს. აღნიშნულის მიღმა არ გამოირიცხება კანონმდებლის უფლებამოსილება, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შექმნას უფლების დაცვის დამატებითი მექანიზმები მოსამართლის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლების პრევენციისათვის, თუმცაღა ამგვარი მოწესრიგება ვერ ჩაანაცვლებს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ წაყენებულ კონსტიტუციურ მოთხოვნებს.
13. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №1700 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით და არსებითი განხილვის ფორმატში შეეფასებინა, თუ რამდენად აკმაყოფილებს სადავო ნორმებით დადგენილი წესი მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისადმი წაყენებულ კონსტიტუციურ მოთხოვნებს, მათ შორის, ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების წესსა და სათანადო კვორუმს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე:
თეიმურაზ ტუღუში