ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/1/1693,1700 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 24 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 დეკემბერი 2022 20:40 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
განსახილველი საკითხი: №1693 და №1700 კონსტიტუციურ სარჩელებზე მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილების შესახებ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2022 წლის 14 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოპასუხე მხარემ – საქართველოს პარლამენტმა და მოითხოვა №1693 და №1700 კონსტიტუციური სარჩელების განხილვიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გიორგი კვერენჩხილაძის აცილება.
2. №1693 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი: ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-2 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, 50-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 758 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
3. №1700 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი: ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის 131 პუნქტის, 371 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „სხვა ობიექტური გარემოება“ და მე-2 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 და მე-7 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით; ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
4. №1693 და №1700 კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები აწესრიგებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს. კერძოდ, სადავო ნორმები, ერთი მხრივ, განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობების დაკავების პირობებს იმ შემთხვევაში, თუ პირი ვერ განმწესდება მისთვის სასურველ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, მეორე მხრივ კი, ითვალისწინებს უფლებამოსილების სხვა მოსამართლისთვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესს. სადავო ნორმებით ასევე მოწესრიგებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, სათანადო საფუძვლების არსებობისას, მოსამართლე ჩამოაცილოს საქმეთა განხილვისაგან. აგრეთვე, სადავოდ ქცეული ნორმებით დადგენილია ამგვარი გადაწყვეტილების მიღების წესი, ისევე, როგორც მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინური გადაცდომის სახეები და მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შეფასების წესი.
5. საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ №1693 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელეებს წარმოადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოქმედი მოსამართლეები. ერთ-ერთმა მოსარჩელემ - ქეთევან მესხიშვილმა, აღნიშნულ საქმეებში დავის საგნად ქცეული საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში ინიცირებისთანავე, 2021 წლის 28 დეკემბერს საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც მიუთითებდა, რომ ინიცირებული კანონპროექტი „მოსამართლეების შესუსტების, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის შეზღუდვის მცდელობას ჰგავს“. იქვე დასძინა, რომ „სამწუხაროდ, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი სასამართლოს შექმნის მიზანი ასე არ მიიღწევა“. აღნიშნულ ფეისბუქ-სტატუსზე დადებითი (გულის სახით) რეაქცია გამოხატა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ.
6. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის ქმედება უნდა შეფასდეს როგორც მოსარჩელე ქეთევან მესხიშვილის მიერ გამოხატული უარყოფითი შეფასების გაზიარება და იმ საკანონმდებლო ცვლილებებისადმი ნეგატიური პოზიციის გამოხატვა, რომელიც შემდგომში იქცა კანონად და რომლის კონსტიტუციურობის შეფასებაშიც მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ უნდა მიიღოს მონაწილეობა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა.
7. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს არ ქმნის მისი და მოსარჩელეთა მეგობრობა სოციალურ ქსელში. საქართველოს პარლამენტისათვის პრობლემურია ის გარემოება, რომ მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ ღიად და საჯაროდ, ამჟამად მისი განხილვის საგნად ქცეული საკანონმდებლო აქტის ნორმების მიმართ გამოხატა ცალსახად უარყოფითი პოზიცია, რაც ქმნის დადასტურებულ ეჭვს მისი მიკერძოებულობის შესახებ და რომელიც აისახება მიმდინარე სამართალწარმოების პროცესზე.
8. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის საქმის განხილვაში მონაწილეობიდან აცილების საფუძველი.
9. მოპასუხე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს სხვადასხვა სასამართლოებისა და სამოსამართლო ეთიკის ორგანოების პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოსამართლის აცილების შესაძლებლობას, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს საფუძვლებს, რომელთა დადასტურების დროსაც უნდა მოხდეს კონკრეტული მოსამართლის საქმის განხილვისგან ჩამოცილება. ეს საფუძვლებია, ერთი მხრივ, საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება და, მეორე მხრივ, ნებისმიერი გარემოება, რომელიც მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის.
2. მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ სოციალურ მედიაში გამოხატა ემოცია (გულის სახით) 2021 წლის 28 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ქეთევან მესხიშვილის მიერ გაზიარებულ პოსტზე, რომელიც წარმოადგენდა მოსამართლეთა ნაწილის მოსაზრებას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ინიცირებული ცვლილებების თაობაზე. აღნიშნული მოსაზრება აკრიტიკებდა იმ კანონპროექტს, რომელიც მოგვიანებით, მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ და 2022 წლის 11 აპრილს სადავო გახდა საკონსტიტუციო სასამართლოში.
3. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა, გიორგი კვერენჩხილაძემ სოციალურ მედიაში დადებითი რეაქცია გამოხატა (გულის სახით) მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის საჯარო სტატუსზე იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომ იგივე მოსამართლემ გახადა კონსტიტუციური დავის საგანი. შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის მიერ მოსარჩელის პოსტზე გამოხატული რეაქცია ღიად და საჯაროდ გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას მოცემულ საქმეზე განსახილველი საკითხის მიმართ, რაც ცალსახად ქმნის დადასტურებულ ეჭვს მის მიუკერძოებლობაში და სრულად აცლის ლეგიტიმაციას მიმდინარე სამართალწარმოების პროცესს.
4. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა შეამოწმოს, რამდენად წარმოადგენს შუამდგომლობაში მითითებული ფაქტი იმგვარ გარემოებას, რომელიც მიუთითებს საქმის შედეგით მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებაზე ან/და აღძრავს ეჭვს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში.
5. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მოსამართლეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ევალება იყოს მის საქმიანობაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქმედებდეს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად. ამგვარად, მაღალი პასუხისმგებლობის განმახორციელებელი პირების მიმართ მოქმედებს ვარაუდი, მოლოდინი, რომ ისინი საქმიანობას განახორციელებენ მაღალი პროფესიონალიზმით, რაც, პირველ რიგში, სწორედ სუბიექტური განცდებისა თუ დამოკიდებულებებისგან გათავისუფლებას, და საქმის შეფასებასა თუ გადაწყვეტას გულისხმობს კონსტიტუციის საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის №3/7/679 განჩინება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, მოსამართლის პირადი მიუკერძოებლობა პრეზუმფცირებულია მანამდე, სანამ საპირისპირო მტკიცებულება არ იარსებებს, რომელიც უპირობოდ დაამტკიცებს ან/და საფუძვლიან ეჭვს წარმოშობს მოსამართლის მიკერძოებულობაში.
6. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციური კომპეტენცია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია. ეს უკანასკნელი კი შედგება კონსტიტუციითვე განსაზღვრული რაოდენობის მოსამართლეებისაგან, რომელთა აცილების შემთხვევაში, არ არსებობს სხვა მოსამართლით მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა. ამდენად, მოსამართლის აცილების საფუძველი არ უნდა იყოს იმდენად ფართო, რომ საფრთხე შეუქმნას სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, აცილების ინსტრუმენტის გამოყენება უნდა მოხდეს საკმარისი სიფრთხილით, რათა, ერთი მხრივ, საფრთხე არ შეექმნას სასამართლოს ფუნქციონირებას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ არ დაკარგოს საზოგადოების ის ნდობა, რომელსაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უსათუოდ უნდა ატარებდეს და მის არსებით მახასიათებელს წარმოადგენდეს.
7. მაშასადამე, მოსამართლის აცილებისათვის საჭიროა ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ მოსამართლეს არ შეუძლია საქმის მიუკერძოებლად განხილვა/გადაწყვეტა. ამავდროულად, ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლოა, მოსამართლის საქმიდან ჩამოცილება, თუ, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდებოდა საფუძვლიანი ეჭვი მისი მიუკერძოებლობის შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსამართლის აცილებისათვის „აუცილებელია იმგვარ გარემოებათა არსებობა, რომელიც ობიექტური ადამიანისთვის იქნებოდა მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის №3/5/679 განჩინება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამდენად, შეფასების საგანია, რამდენად დასტურდება მოსამართლის სუბიექტური მიკერძოება ან/და ობიექტურ დამკვირვებელს, რომელსაც გააჩნია საქმის გარემოებების სათანადო ცოდნა, გაუჩნდებოდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი კონკრეტული მოსამართლის მიკერძოებასთან, ფავორიტიზმთან დაკავშირებით.
8. ბუნებრივია, ის, თუ რამდენად წარმოშობს მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადება/ქმედება მისი აცილების საფუძველს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ურთიერთობები ისეთი ხასიათის და ხარისხის, რომ მოსამართლის მიუკერძოებლობა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ პროცესში კი აუცილებელია, შეფასდეს შესაბამისი განცხადების შინაარსი, ფორმა და სტრუქტურა (გამოხატვის ადგილმდებარეობა, ადრესატი), ამ მხრივ, ასევე გასათვალისწინებელია ფაქტობრივი გარემოებები და დროის პერიოდი მიმდინარე პროცესთან მიმართებით.
9. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, შუამდგომლობის ავტორები აპელირებენ მოსამართლის მხრიდან დავის საგანთან მიმართებით პოზიციის წინასწარ დაფიქსირებაზე. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობა განსაზღვრავს მოსამართლის ვალდებულებას, თავი შეიკავოს განსახილველი საკითხების მიმართ პოზიციების გამოხატვისაგან. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს არა აქვს უფლება, საქმის განხილვის დაწყებამდე, აგრეთვე სასამართლოს გარეშე გამოთქვას მოსაზრებები ან გაუწიოს ვინმეს კონსულტაცია განსახილველი კანონების ან სხვა აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ“. ამდენად, კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ გამოთქმული მოსაზრებები თუ გაწეული კონსულტაციები კანონის მოთხოვნებთან არათავსებად ქმედებად შეფასდეს: 1. ეს უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდგომ; 2. უნდა შეეხებოდეს განსახილველი კანონების ან სხვა აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ შემთხვევაში, გამოხატვის შინაარსის, ფორმისა თუ ამა თუ იმ სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით, მოსამართლის მიერ განსახილველი სადავო აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე სარჩელის წარდგენამდე გაკეთებული მოსაზრებაც იქცეს მოსამართლის საქმისგან ჩამოცილების საკმარის საფუძვლად. თუმცა, ვინაიდან უშუალოდ სარჩელის შემოტანის შემდეგ დავის საგნის თაობაზე გაკეთებული განცხადება გაცილებით მეტი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს მოსამართლის მიუკერძოებლობის აღქმადობის კონტექსტში, კანონმდებლობა აღნიშნულ საკითხს განცალკევებით არეგულირებს. ამდენად, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ იმ გარემოებას შეაფასებს, დაირღვა თუ არა მოსამართლის მხრიდან, კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხისადმი - განსახილველი კანონების ან სხვა აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, პოზიციების გამოხატვისაგან თავშეკავების ვალდებულება.
10. სასამართლო ხელისუფლება ვალდებულია, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი განიხილავენ, რათა სათუო არ გახადონ საზოგადოების რწმენა მოსამართლის/სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის თაობაზე. სწორედ მართლმსაჯულების უმაღლესი მოთხოვნები და სასამართლო თანამდებობის ბუნება აკისრებს მას ამ მოვალეობას. მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ საჯარო პოსტზე რეაქცია გამოხატა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარდგენამდე. კერძოდ, იმ დროისათვის, როდესაც მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ სოციალურ მედიაში მოიწონა კოლეგა მოსამართლის პოსტი, არათუ საკონსტიტუციო სასამართლოში არ არსებობდა საკითხთან დაკავშირებული მიმდინარე დავა, არამედ დავის საგანიც კი არ ატარებდა კანონის სახეს და წარმოადგენდა მარტოოდენ საკანონმდებლო ინიციატივას.
11. თავის მხრივ, კრიტიკულ პოსტზე მოსამართლის მიერ გამოხატული რეაქცია (გულის სახით) არ წარმოადგენს იმგვარ ქმედებას, რომელიც a priori მიანიშნებს პოსტში გაკრიტიკებული საკანონმდებლო ინიციატივის კონსტიტუციურობის შესახებ მოსამართლის მოსაზრებაზე. მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, მისი პოზიტიური გზავნილი ასახავდა დადებით დამოკიდებულებას იმ ფაქტისადმი, რომ მოსამართლეები გამოხატავდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა ხელშეუხებლობის იდეისადმი აქტიურ მხარდაჭერას და მათ შემართებას, დაეცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, მათ შორის პრობლემატურ საკითხებზე ღია დისკუსიის მეშვეობით. მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, ზემოაღნიშნული ფაქტისადმი მისი ემოციური დამოკიდებულების გამომხატველ გზავნილს არაფერი აქვს საერთო უშუალოდ კანონპროექტის (მთლიანობაში თუ მისი ცალკეული დებულებების) ავკარგიანობის წინმსწრებ შეფასებასთან, მით უფრო, კონსტიტუციასთან შესაბამისობის ჭრილში.
12. შესაბამისად, ერთი მხრივ, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძეს არ დაუფიქსირებია მოსაზრება №1693 და №1700 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ გამხდარი ნორმების კონსტიტუციურობის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, მის მიერ სოციალურ ქსელში საჯარო პოსტზე რეაქციის გამოხატვა მოხდა არა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის წარმოდგენის შემდეგ, არამედ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ არ იყო მიღებული, მხოლოდ კანონპროექტის სახით არსებობდა და, მაშასადამე, უცნობი იყო, იქნებოდა თუ არა ისინი მიღებული სწორედ იმ ფორმითა და შინაარსით, როგორითაც პროექტის სახით არსებობდა ან იქნებოდა თუ არა საერთოდ მიღებული და გახდებოდა თუ არა კონკრეტული დავის საგანი საკონსტიტუციო სასამართლოში. ამდენად, კანონმდებლობის პირდაპირი მოთხოვნები მოსამართლეს მოცემულ საქმეში არ დაურღვევია.
13. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, დადგინდა, რომ მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძეს კანონმდებლობით expressis verbis დაწესებული მოსაზრებების გამოხატვისაგან თავშეკავების ვალდებულება არ დაურღვევია, თუმცა სასამართლო ამჯერად შეაფასებს, ხომ არ გვაქვს საქმე სწორედ ზემოხსენებულ ისეთ შემთხვევასთან, რომელიც განსხვავებული მიდგომების გამოყენებას მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ქმედება ჩადენილია სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე. კერძოდ, სასამართლომ ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის საფუძველზე უნდა შეაფასოს, მოსამართლის მხრიდან საჯარო პოსტზე რეაქციის გამოხატვა (გულის სახით), ხომ არ წარმოშობს საზოგადოების გონივრულ ეჭვებს მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს იმ შესაძლებლობასაც, რომ გარკვეულ შემთხვევაში, გარემოებების გათვალისწინებით, საქმის სასამართლოში წარმოდგენამდე, მოსამართლის მიერ დავის საგანთან გაკეთებული მოსაზრებები, პოზიციები, საზოგადოებისათვის ქმნიდეს მოსამართლის მიკერძოებულობაში ობიექტური ეჭვის შეტანისა და, ამდენად, მისი აცილების საფუძველს. მნიშვნელოვანია, კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას სასამართლო სარგებლობდეს საზოგადოების სათანადო ნდობით, სასამართლოს/მოსამართლის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ არ უნდა არსებობდეს ობიექტური ეჭვები. მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი ქცევა, როგორც სასამართლოში, ისე მის გარეთ, ინარჩუნებდეს და აძლიერებდეს საზოგადოების, მხარეთა ნდობას მოსამართლისა და სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის მიმართ. მოსამართლე უნდა მოელოდეს, რომ ის იქნება მუდმივი საზოგადოებრივი ყურადღების, დაკვირვების საგანი და, შესაბამისად, უნდა დაეთანხმოს სამოსამართლო ქცევაზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც შეიძლება მძიმე ტვირთად ჩაითვალოს რიგითი მოქალაქისთვის. ამდენად, თავშეკავება აუცილებელია სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, ავტორიტეტისა და პრესტიჟის დასაცავად. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად,„საქმის განმხილველი სასამართლო არა მხოლოდ ფაქტობრივად უნდა იყოს ობიექტური, არამედ, ასევე, ასეთად აღიქმებოდეს საზოგადოების მხრიდან. ამდენად, საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვების გაქარწყლება სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის №3/1/1459 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
14. როგორც უკვე აღინიშნა, საზოგადოების მხრიდან მოსამართლის/სასამართლო სისტემის მიკერძოებულად აღქმის საფუძვლიანობა საქმის ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიღებით, ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან უნდა გადაწყდეს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის (კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთი ავტორის) საჯარო პოსტი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა - გიორგი კვერენჩხილაძემ რეაქცია გამოხატა, შეეხებოდა კანონპროექტის კრიტიკას, რომელსაც არ ჰქონდა კანონის სახე. ამავდროულად, მასზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის მხრიდან რეაქციის გამოხატვა მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის წარმოდგენამდე. საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ, მართალია, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, საჯარო პოსტზე რეაქციის გამოხატვით იგი მიზნად ისახავდა კოლეგა მოსამართლეებისადმი სოლიდარობის გამოხატვას და არა სადავო კანონპროექტის კონსტიტუციურობის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში გამოთქმული მოსაზრება განსჯიდა საკანონმდებლო ინიციატივას როგორც დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამოს. იმ შემთხვევაშიც, თუ საზოგადოების მხრიდან მოსამართლის მიერ გამოხატული რეაქცია (გულის სახით) შინაარსის გაზიარებად, მაშასადამე - კანონპროექტის კრიტიკად იქნება აღქმული, სასამართლო მაინც ვერ მიიჩნევს ამ გარემოებას საქმისგან მოსამართლის ჩამოცილების საფუძვლად. საქმე ისაა, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები სამართლებრივი რეფორმის საკითხებზე, საზოგადოდ და, მით უმეტეს, მართლმსაჯულების სფეროში არსებული გამოწვევებისა თუ ჩასატარებელი რეფორმის თაობაზე გამოხატვის თავისუფლების შედარებით ფართო ფარგლებით სარგებლობენ. მოსამართლეს აქვს და უნდა ჰქონდეს უფლება, თავისუფლად და ღიად, პროფესიულ წრეებში თუ ფართო საჯარო დისკუსიების ფორმატში ისაუბროს მართლმსაჯულების სფეროში არსებულ პრობლემებზე, განსაკუთრებით, თუ ისინი პირდაპირ გავლენას ახდენს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე, მის ეფექტიან ფუნქციონირებასა და მართლმსაჯულების განხორციელების ფუნდამენტურ ასპექტებზე. იმ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკის გამოთქმით, რომელიც უკავშირდება სასამართლო ხელისუფლებას, მოსამართლე შესაძლოა, მიზნად ისახავდეს სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვას და მის უმთავრეს მიზანს, მსგავსი საჯარო მნიშვნელობის საკითხზე დებატებში წვლილის შეტანის გზით, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტის - სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა წარმოადგენდეს. ამდენად, იმ დაშვებითაც კი, თუ მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის ქმედება, გარკვეულწილად, გარე დამკვირვებლის მხრიდან აღქმული იქნება როგორც წინასწარი ნეგატიური დამოკიდებულება სადავო ნორმებთან მიმართებით, საქმის ინდივიდუალური გარემოებების - კერძოდ, გამოხატვის ფორმის, დროის, ვითარების - მხედველობაში მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედება ექცევა მოსამართლის გამოხატვის დასაშვებ ფარგლებში და მოცემულ შემთხვევაში არ ქმნის მისი აცილების საფუძველს.
15. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, გიორგი კვერენჩხილაძის აცილების საფუძველი. მოპასუხე მხარის შიშები, მოსამართლის მიკერძოებულობის შესახებ, არ არის ობიექტურად გამართლებული. კერძოდ, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის მიერ სოციალურ მედიაში მოსარჩელე ქეთევან მესხიშვილის პოსტის ქვეშ გაკეთებული რეაქცია (გულის სახით), ისევე როგორც თავად მოსამართლის სუბიექტური დამოკიდებულება აღნიშნული გარემოებების მიმართ, არ წარმოშობს დასაბუთებულ ეჭვს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის გადაწყვეტის პროცესში მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, მოპასუხე მხარეს შუამდგომლობაში არ მიუთითებია სხვა რაიმე გარემოებაზე, რომელიც მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის მიკერძოებულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მართალია, მოპასუხე მხარე შუამდგომლობაში აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ფეისბუქ-პოსტზე გამოხატული რეაქციის გამო მოსამართლის აცილება მყარად დადგენილი საერთაშორისო პრაქტიკაა, თუმცა არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი არც ერთი რელევანტური სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და საერთაშორისო ავტორიტეტული განმარტება. მოპასუხე მხარის მიერ შუამდგომლობაში მოყვანილი საერთაშორისო პრაქტიკა, არც კონტექსტურად და არც შინაარსობრივად, არ არის კავშირში საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მდგარ გადასაწყვეტ საკითხთან.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის მოთხოვნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - გიორგი კვერენჩხილაძის აცილების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობა№1693 და №1700 კონსტიტუციურ სარჩელებზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილების შესახებ.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში