საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/9/1705 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2022 16:23 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1705) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1705 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 20 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 დეკემბერს.
2. №1705 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „დაუშვებელია სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტი) ან სახელმწიფო კომპენსაციის მიღება“, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც პირს წარმოეშობა უფლება, მიიღოს რამდენიმე სარგებელი, მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი სარგებლის მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და ინტერესების რეალიზებისათვის“.
5. №1705 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, საპენსიო ასაკისთვის მიღწევა გამორიცხავს შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის და ასაკობრივი პენსიის თანადროულად მიღების შესაძლებლობას. მოსარჩელის მითითებით, სოციალური პაკეტის მიზანია პირის შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე ხარჯების დაფარვა, უზრუნველყოფა იმ ფინანსური რესურსით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს დაეხმარება გარემოს და საზოგადოების მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერების დაძლევაში. ასაკობრივი პენსია ემსახურება პენსიის მიმღების არსებული შემოსავლის ჩანაცვლებას. შესაბამისად, აღნიშნულ სარგებლებს განსხვავებული მიზნები გააჩნიათ და სადავო ნორმა არ უნდა გამორიცხავდეს სოციალური პაკეტის და ასაკობრივი პენსიის თანადროულად მიღების შესაძლებლობას საპენსიო ასაკს მიღწეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
6. მოსარჩელის განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სარგებელის არსებობა განპირობებულია იმ წნეხისგან, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებათ საზოგადოების მიერ შექმნილი ბარიერების დაძლევაში. ასევე, აღნიშნულ პირებს, უმეტეს შემთხვევაში, ესაჭიროებათ ადამიანური რესურსით დახმარება, მათთვის არ არის უზრუნველყოფილი ინკლუზიური განათლება და აღნიშნულ პირებში დასაქმების მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად დაბალია. ასაკის გამო პენსიის მიზანს წარმოადგენს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზება და მისი მიღება შეიძლება როგორც სოციალური პენსიის ასევე დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის სახით. დაგროვებით საპენსიო სქემა, რომელიც 2018 წელს შეიქმნა სქემაში მონაწილეობიდან გამორიცხავს პირებს, რომელთაც კანონის ამოქმედებიდან შეუსრულდათ 60 წელი (ქალის შემთხვევაში - 55 წელი). ასევე, დასაქმებულისთვის, რომელიც ცვლილების ამოქმედებისას იყო 40 წლის და მეტის, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა იყო ნებაყოფლობითი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკს მიღწეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვერ იღებენ დაგროვებით პენსიას, რადგან არ ჰქონდათ დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვის შესაძლებლობა.
7. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა საპენსიო ასაკს მიღწეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და მასთან არსებითად უთანასწორო პირებისთვის ერთნაირი სოციალური უზრუნველყოფით სარგებელს ადგენს. კერძოდ, საპენსიო ასაკს მიღწეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი თუ მიიღებს ასაკით პენსიას ის დაკარგავს სოციალურ პაკეტს. შესაბამისად, აღნიშნული პირები გათანაბრებული არიან იმ საპენსიო ასაკის პირებთან, რომელთაც არ გააჩნიათ შეზღუდული შესაძლებლობა. ასევე, თუ საპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის პირი მიიღებს სოციალურ პაკეტს, ის დაკარგავს ასაკის გამო პენსიის მიღების უფლებას, რის გამოც იგი უთანაბრდება იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც არ აქვთ საპენსიო ასაკი. აღნიშნულ პირთა ჯგუფებს შესაძლებლობის შეზღუდვიდან და ხანდაზმულობიდან გამომდინარე, გააჩნიათ სრულიად განსხვავებული საჭიროებები და მოცემული სამართალურთიერთობის ფარგლებში განხილული უნდა იქნენ არსებითად უთანასწორო პირებად.
8. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა უნდა ჩაითვალოს არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორ მოპყრობად. პირთა შორის დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს, ერთ შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობები, ხოლო, მეორე შემთხვევაში, საპენსიო ასაკი. შეზღუდული შესაძლებლობები წარმოადგენს დიფერენცირების კლასიკურ ნიშანს და, ამავდროულად, სადავო ნორმით დადგენილია უფლებაში მაღალი ინტენსივობის ჩარევა, ვინაიდან ხანდაზმული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სრულიად კარგავს სოციალური პაკეტის მიღების ან პენსიის უფლებას.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა, რადგან პენსიის, კომპენსაციის და სოციალური პაკეტის ერთდროულად გაცემა გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების მნიშნელოვან ზრდას. მოსარჩელის პოზიციით, საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის ინტერესი ვერ გამოდება თანასწორობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ გამართლებად. ასევე, შეუძლებელია, აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი ჩაითვალოს დაუძლეველ საჯარო ინტერესად.
10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირების აბსოლუტურად აუცილებელი ან/და უფლებაში ამგვარი ჩარევის დაუძლეველი საჯარო ინტერესი, სადავო ნორმა არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
11. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, განსაკუთრებული პირობების უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში, რომელსაც კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ხანდაზმული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, გადალახონ ქმედუნარიანობის შეზღუდვა. სადავო ნორმა კი გაზრდილი საჭიროებების ფონზე, საპენსიო ასაკის მიღწევისას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ართმევს სოციალურ გარანტიას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1705 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1705 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში