საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/11/1736 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 დეკემბერი 2022 16:49 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1736) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1736 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 14 ოქტომბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 დეკემბერს.
2. №1736 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღება“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც პირს წარმოეშობა უფლება, მიიღოს რამდენიმე სარგებელი, მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი სარგებლის მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და ინტერესების რეალიზებისათვის“.
5. №1736 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მარჩენალდაკარგული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ერთდროულად ვერ მიიღებს მარჩენალდაკარგული პირისთვის განკუთვნილ დახმარებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ სოციალურ პაკეტს. მოსარჩელის მითითებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მარჩენალდაკარგული ბავშვები მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური დაუცველობის წინაშე დგანან. შეზღუდული შესაძლებლობის გამო სოციალური პაკეტის მიზანს წარმოადგენს, შესაბამისი პირის იმ სოციალური რესურსით უზრუნველყოფა, რომელიც მას დაეხმარება საზოგადოების მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერების დაძლევაში. მარჩენალდაკარგულისთვის განსაზღვრული დახმარება კი ემსახურება იმ ბავშვთა სოციალურ დაცვას, რომელთაც ერთ-ერთი ან ორივე მშობელი გარდაცვლილი ჰყავთ და ასაკიდან გამომდინარე, საკუთარი საჭიროებების ფინანსური უზრუნველყოფა დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე, სარგებლის არსებობა განპირობებულია იმ წნეხისგან, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებათ საზოგადოების მიერ შექმნილი ბარიერების დაძლევაში. სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე ხარჯებში მონაწილეობა შესაძლებელია, გამოიხატებოდეს თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ფინანსური სარგებლის გაცემაში, ასევე მათთვის სათანადო სერვისების უზრუნველყოფაში. გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კერძო სექტორის წახალისება, რათა მათ საქმიანობაში გაზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერების მიერ გაწეული მზრუნველობითი საქმიანობის კომპენსირება ან შრომით კანონმდებლობაში სათანადო ღონისძიებების გათვალისწინება. მარჩენალდაკარგული პირი სოციალური პაკეტის მიღების უფლებას ინარჩუნებს მხოლოდ 18 წლის ასაკამდე. მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური პაკეტით უზრუნველყოფა კი უბრალო პრივილეგიად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული, რომელსაც სახელმწიფო კეთილი ნების საფუძველზე გასცემს. მარჩენალდაკარგულის სოციალური პაკეტის მიმღებისთვის შესაბამისი სარგებელი გულისხმობს ღირსების უფლების, ჯანმრთელობის უფლების რეალიზებას და აღნიშნული პირების საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას.
7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა მარჩენალდაკარგული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებების და მათ წინაშე არსებული დაბრკოლებების მხოლოდ ნაწილობრივ გადალახვას ისახავს მიზნად და აღნიშნულ პირებს არჩევანის წინაშე აყენებს, ან გადალახონ შესაძლებლობის შეზღუდვიდან გამომდინარე არსებული დაბრკოლებები ან უპასუხონ იმ საჭიროებებს, რაც არასრულწლოვნების ასაკში სარჩოს დაკარგვის გამო მათ წინაშე დგება.
8. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილია თანაბარი მოპყრობა არსებითად უთანასწორო პირებს შორის. მარჩენალდაკარგულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სადავო ნორმა ერთი სარგებლის არჩევის ვალდებულების დაწესებით, უთანაბრებს, ერთი მხრივ, მარჩენალდაკარგულ პირს და, მეორე მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს. დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობა. როდესაც შესადარებელ პირებს წარმოადგენენ მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა ნაწილს გააჩნია შესაძლებლობის შეზღუდვა და მშობლის ან/და მშობლების გარდაცვალება, როდესაც შესადარებელ პირებს წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთა ნაწილი არის მარჩენალდაკარგული. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კლასიკურ ნიშანს და არსებობს დიფერენცირების კლასიკური ნიშნის საფუძვლით მკაცრი ტესტის გამოყენების წინაპირობა. აღნიშნულის გარდა, სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას, რადგან მარჩენალდაკარგული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სრულად კარგავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განკუთვნილი სოციალური პაკეტის მიღების უფლებას.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. მოსარჩელის პოზიციით, საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის ინტერესი ვერ გამოდება თანასწორობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ გამართლებად. ასევე, შეუძლებელია, აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი ჩაითვალოს დაუძლეველ საჯარო ინტერესად.
10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირების აბსოლუტურად აუცილებელი ან/და უფლებაში ამგვარი ჩარევის დაუძლეველი საჯარო ინტერესი, სადავო ნორმა არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
11. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, განსაკუთრებული პირობების უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში, რომელსაც კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, სახელმწიფო განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს, მარჩენალდაკარგული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა გადალახონ ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა. სადავო ნორმით კი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლის გარდაცვალება იწვევს, მისთვის კუთვნილი სოციალური გარანტიების წართმევას, რასაც ცალსახად ნეგატიური გავლენა აქვს მათი მინიმალური პირობებით უზრუნველყოფის პროცესზე. გაზრდილი საჭიროებების ფონზე სახელმწიფომ ადეკვატური პოლიტიკა უნდა გაატაროს, რათა მაქსიმალურად შეძლონ დასახელებულმა პირებმა სოციალური ინტეგრაცია და ინდივიდუალური განვითარება.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1736 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1736 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. №1736 და №1705 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში